საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘ვუქადაგოთ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ’
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • ყოფილი ნარკომანები ქრისტიანები ხდებიან

      38 წლის სერგეიმa 20 წელი ციხის გისოსებს მიღმა გაატარა. წარმოიდგინეთ, სკოლის დამთავრებაც კი ციხეში მოუწია. ის ამბობს: „ციხეში მკვლელობის გამო წლების წინ მოვხვდი და სასჯელს დღემდე ვიხდი. პატიმრებს ჩემი ეშინოდათ, რადგან ნამდვილი ტირანივით ვიქცეოდი“. საინტერესოა, გრძნობდა თუ არა ის თავს თავისუფალ ადამიანად? არა. მრავალი წელი სერგეი ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მონა იყო.

      შემდეგ ერთმა პატიმარმა მას ბიბლიური ჭეშმარიტება გაუზიარა. ბნელი ნათელმა შეცვალა. რამდენიმე თვეში ის გათავისუფლდა ცუდი ჩვევებისგან, გახდა სასიხარულო ცნობის მქადაგებელი და მოინათლა. ახლა სერგეი ბევრს შრომობს ციხეში, რადგან სრული დროით ემსახურება იეჰოვას. ის შვიდ დამნაშავეს დაეხმარა ცხოვრების წესის შეცვლასა და ქრისტიანებად გახდომაში. ექვსი მათგანი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო სერგეი ჯერ ისევ ციხეშია. სერგეი სულაც არ წუხს ამის გამო; ის ბედნიერია, რომ შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს სხვებს, გათავისუფლდნენ სულიერი ტყვეობიდან (საქმეები 20:35).

      ერთ–ერთი მათგანი, ვისაც სერგეი ციხეში ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, ვიქტორი იყო, ყოფილი ნარკომანი და ნარკოტიკების გამსაღებელი. ციხის დატოვების შემდეგ მან განაგრძო სულიერი წინსვლა და უკრაინაში მსახურებაში დახელოვნების სკოლაც კი დაამთავრა. ახლა ის სპეციალურ პიონერად მსახურობს მოლდავეთში. ვიქტორი ყვება: «მოწევა 8 წლის ასაკში დავიწყე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება — 12 წლის ასაკში, ხოლო 14 წლისამ ნარკოტიკებს გავუსინჯე გემო. ყოველთვის მინდოდა ცხოვრების წესის შეცვლა, მაგრამ ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო იყო. შემდეგ, 1995 წელს, მე და ჩემმა მეუღლემ ცუდ საზოგადოებასთან კავშირის გაწყვეტა დავაპირეთ. სწორედ მაშინ მეუღლემ, რომელიც ჰომოციდომანიით (ფსიქოზური დაავადება, რომელიც თავის მოკვლის ძლიერ სურვილში ვლინდება) იყო დაავადებული, თავი მოიკლა. ცხოვრების ხალისი დავკარგე. „ნეტავ, სად არის ახლა ჩემი მეუღლე? რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?“ — უამრავი კითხვა მაწუხებდა, თუმცა მათზე პასუხს ვერ ვღებულობდი. შინაგანი სიცარიელის შესავსებად ნარკოტიკების მიღებას მოვუხშირე. შემდეგ ნარკოტიკების გასაღებისთვის დამაკავეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სწორედ იქ დამეხმარა სერგეი ჩემს კითხვებზე პასუხების პოვნაში. ადრე არაერთხელ ვცადე ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა, მაგრამ წარმატებას მხოლოდ ახლა მივაღწიე ბიბლიის დახმარებით. ღვთის სიტყვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა!» (ებრაელები 4:12).

      საშიში დამნაშავეები იცვლებიან

      ვასილს არასოდეს გამოუყენებია ნარკოტიკები, თუმცა ციხე არ ასცდა. ის იხსენებს: „კიკბოქსინგი ჩემი გატაცება იყო. ვვარჯიშობდი, რათა ისე მეცემა ადამიანები, რომ კვალი არ დამჩნეოდათ“. ვასილი ძალადობას მიმართავდა ადამიანების გასაძარცვად. „სამჯერ მოვხვდი ციხეში, რის გამოც მეუღლე გამშორდა. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას ვკითხულობდი. ამან აღმძრა წამეკითხა ბიბლია, თუმცა მაინც იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა — კიკბოქსინგით ვიყავი გატაცებული.

      ბიბლიის კითხვის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ჩემში ცვლილება ვიგრძენი. ეს სპორტი აღარ მანიჭებდა ისეთ სიამოვნებას, როგორსაც ადრე განვიცდიდი. ესაიას 2:4–ში ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა, ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრებულიყავი. მივხვდი, რომ აზროვნებას თუ არ შევიცვლიდი, ცხოვრების დარჩენილ წლებს ციხეში გავატარებდი. ასე რომ, მთელი სპორტული აღჭურვილობა გადავყარე და ჩემს პიროვნებაზე მუშაობა დავიწყე. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ფიქრი და ლოცვა თანდათანობით ცუდი ჩვევების დაძლევაში დამეხმარა. დროდადრო იეჰოვას ცრემლებით ვთხოვდი ძალა მოეცა, რომ გავთავისუფლებულიყავი ჩემი გატაცებისაგან. საბოლოოდ ეს შევძელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლეს შევურიგდი. ახლა ქვანახშირის მაღაროში ვმუშაობ. საკმარისი დრო მრჩება, რომ მეუღლესთან ერთად ვიქადაგო და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობები შევასრულო“.

      მიკოლამ და მისმა მეგობრებმა უკრაინაში რამდენიმე ბანკი გაქურდეს, რასაც შედეგად მისი ათწლიანი პატიმრობა მოჰყვა. სანამ ციხეში ჩასვამდნენ, ის მხოლოდ ერთხელ ეწვია ეკლესიას და ისიც იმ მიზნით, რომ დაეზვერა, რადგან მის გაქურდვას აპირებდა. მართალია, მისი გეგმა ჩაიფუშა, მაგრამ ამ ვიზიტმა მიკოლა დაარწმუნა, რომ ბიბლიაში მოსაწყენი ისტორიები უნდა ყოფილიყო მართლმადიდებელი მღვდლების, სანთლებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ. ის ამბობს: „ზუსტად ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ბიბლიის კითხვა დავიწყე. ძალიან გავოცდი, როცა საპირისპირო აღმოვაჩინე“. მან ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა და 1999 წელს მოინათლა. ახლა როცა მას ვუყურებთ, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ეს თავმდაბალი ძმა, რომელიც კრებაში მომსახურედ არის დანიშნული, ერთ დროს ბანკის შეიარაღებული მძარცველი იყო.

      ვლადიმერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასჯელის აღსრულების მოლოდინში მყოფმა ილოცა და ღმერთს პირობა მისცა, რომ სიკვდილს თუ გადაურჩებოდა, მისი მსახური გახდებოდა. ამასობაში კი კანონი შეიცვალა და მას სასჯელი შეუმსუბუქეს; სიკვდილით დასჯის ნაცვლად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ღვთისთვის მიცემული პირობა რომ შეესრულებინა, ვლადიმერმა ჭეშმარიტი რელიგიის ძებნა დაიწყო. მან მიმოწერით სწავლების კურსი გაიარა ადვენტისტებთან და მათგან დიპლომი მიიღო, თუმცა მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა.

      მას შემდეგ, რაც ციხის ბიბლიოთეკაში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“–ი წაიკითხა, ვლადიმერმა იეჰოვას მოწმეების უკრაინის ფილიალს წერილი მისწერა თხოვნით, მოენახულებინათ ის. როცა ადგილობრივმა ძმებმა მოინახულეს, ის უკვე მოწმედ თვლიდა თავს და ციხეში ქადაგებდა. მას დაეხმარნენ, სამეფოს შესახებ კარგი მქადაგებელი გამხდარიყო. როცა ეს სტატია მზადდებოდა, ვლადიმერი და მასთან ერთად სხვა შვიდი მქადაგებელი მონათვლის მოლოდინში იყო. მაგრამ მათ ერთი პრობლემა ჰქონდათ. ერთი რწმენის ადამიანები ერთად მოათავსეს; ასე რომ, ვლადიმერი თავისი რწმენის ადამიანებთან მოხვდა. საინტერესოა, ვისთვის უნდა ექადაგათ? ისინი ციხის მცველებთან ქადაგებენ, ხოლო სხვებს სასიხარულო ცნობას წერილების საშუალებით უზიარებენ.

  • ‘ვუქადაგოთ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ’
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • ერთი უკრაინული გაზეთი იუწყებოდა დეპრესიაში მყოფი მსჯავრდებულის შესახებ. ის თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ იეჰოვას მოწმეების დახმარებით დღეს ცოცხალია. როგორც გაზეთი იუწყება, „ამჟამად ამ ადამიანის ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება. ის ემორჩილება ციხის წესებს და სამაგალითოა პატიმრებისთვის“.

  • ‘ვუქადაგოთ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ’
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 დეკემბერი
    • ციხის თანამშრომლებიც ღებულობენ სარგებლობას იეჰოვას მოწმეების მიერ შემოთავაზებული ბიბლიის საგანმანათლებლო პროგრამიდან. მაგალითად, რომანს მაიორის წოდება აქვს. ის ფსიქოლოგი იყო უკრაინის ციხეში. როცა მოწმეები მის სახლს ეწვივნენ, ის დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ იქ, სადაც მუშაობდა, იკრძალებოდა მოწმეების ვიზიტები პატიმრებთან. ამდენად, მან ციხის ზედამხედველისგან ნებართვა აიღო, რათა პატიმრებთან ბიბლია გამოეყენებინა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და დაახლოებით ათმა პატიმარმა ინტერესი გამოავლინა. რომანი რეგულარულად უზიარებდა თავის ცოდნას ამ პატიმრებს და მისმა ძალისხმევამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა განაგრძო სულიერი წინსვლა და მოინათლა. როცა რომანმა დაინახა, თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის სიტყვას, თავის შესწავლას მეტი სერიოზულობით მოეკიდა. მან მიატოვა სამხედრო საქმე და განაგრძო ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობა. ახლა ის ყოფილ პატიმართან ერთად ქადაგებს.

      „აქ ჩვენ ბიბლიითა და ბიბლიური პუბლიკაციებით ვსაზრდოობთ“, — დაწერა ერთმა პატიმარმა. ეს სიტყვები კარგად აღწერს იმას, თუ რამდენად საჭიროებენ ციხეებში ბიბლიურ პუბლიკაციებს. უკრაინის ერთი კრება ციხეში მიმდინარე ბიბლიის საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ იუწყება: «ციხის ადმინისტრაცია მადლობას გვიხდის ლიტერატურისთვის. ჩვენ მათ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“–ის ყოველი ნომრის 60 ეგზემპლარს ვაწვდით». სხვა კრება კი წერს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ ციხის 20 პატარა ბიბლიოთეკას ჩვენი ძირითადი პუბლიკაციებით. მათი რაოდენობა დაახლოებით 20 ყუთია“. ერთი ციხის ბიბლიოთეკაში მცველები ჩვენი ჟურნალების ყველა ნომერს ინახავენ, რათა პატიმრებმა თითოეული გამოცემიდან მიიღონ სარგებლობა.

      2002 წელს უკრაინის ფილიალმა დაარსა სპეციალური განყოფილება, რომელიც ზრუნავს პატიმართა სულიერ საჭიროებებზე. ეს განყოფილება დღემდე თანამშრომლობს დაახლოებით სასჯელაღსრულების 120 დაწესებულებასთან და მათზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ კრებებს აკისრებს. ყოველთვიურად პატიმრებისგან ფილიალში დაახლოებით 50 წერილი შედის. წერილებში ისინი, ძირითადად, ლიტერატურას ან ბიბლიის შესწავლას ითხოვენ. ფილიალი მათ წიგნებს, ჟურნალებსა და ბროშურებს უგზავნის მანამ, სანამ ადგილობრივი ძმები არ მიაკითხავენ მათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება