ანგელოზები ერევიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
ზეციერი ოჯახის ხილვის შემდეგ წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „ათასი ათასეული [ანგელოზი] ემსახურებოდა მას [ღმერთს] და ათი ათასეული იდგა მის წინაშე“ (დანიელი 7:10). როგორც ამ მუხლშია ნაჩვენები, ღმერთმა იმ მიზნით შექმნა ანგელოზები, რათა მას ემსახურონ და ყოველთვის მზად იყვნენ მისი მითითებების შესასრულებლად.
ანგელოზები ღვთის სხვადასხვა დავალებას ასრულებენ. განვიხილოთ, თუ როგორ იყენებს ღმერთი ანგელოზებს თავისი ხალხის გასაძლიერებლად და დასაცავად, მათთვის ცნობების გადასაცემად და ბოროტთა წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.
ანგელოზები აძლიერებენ და იცავენ ადამიანებს
სულიერი ქმნილებები დედამიწისა და ადამიანების შექმნის მოწმენი იყვნენ; იმ დროიდან მოყოლებული ისინი დაინტერესებულნი არიან ადამიანთა კეთილდღეობით. იესო ქრისტემ, გაპიროვნებულმა სიბრძნემ, დედამიწაზე მოსვლამდე თქვა: „იყო ჩემი სიხარული ადამის ძეთა მიმართ“ (იგავები 8:31). ბიბლია გვაუწყებს, რომ ანგელოზებს სურთ, ‘თვალყური ადევნონ’, თუ როგორ შესრულდება ქრისტესთან და მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები (1 პეტრე 1:11, 12).
დროთა განმავლობაში ანგელოზები იმის მოწმენიც გახდნენ, რომ ადამიანთა უმრავლესობამ არ ისურვა მოსიყვარულე შემოქმედისადმი მსახურება. ეს მართლაც რომ დაამწუხრებდა ერთგულ ანგელოზებს! იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე ცოდვილი ადამიანი ინანიებს და იეჰოვას უბრუნდება, „ხარობენ ღვთის ანგელოზები“ (ლუკა 15:10). რამდენადაც ანგელოზები დაინტერესებულნი არიან ადამიანებით, იეჰოვა მათი მეშვეობით არაერთხელ აძლიერებდა და იცავდა თავის ერთგულ მსახურებს დედამიწაზე (ებრაელები 1:14). ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.
ორმა ანგელოზმა ღვთისმოშიში ლოტი და მისი ქალიშვილები ბოროტებით სავსე ქალაქების — სოდომისა და გომორას — განადგურებამდე უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა და დაღუპვას გადაარჩინაa (დაბადება 19:1, 15—26). საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ ის ცოცხალი დარჩა. როგორ? ამის მიზეზი მან შემდეგი სიტყვებით ახსნა: „ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, [და] ლომებს პირები აუკრა“ (დანიელი 6:22). ანგელოზები იესოს მოემსახურნენ დედამიწაზე მსახურების დაწყებისას (მარკოზი 1:13). სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, ანგელოზი მოევლინა იესოს და „განამტკიცა იგი“ (ლუკა 22:43). რამდენად მანუგეშებელი იქნებოდა ეს იესოსთვის ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან წუთებში! აგრეთვე ანგელოზმა მოციქული პეტრე საპყრობილედან გაათავისუფლა (საქმეები 12:6—11).
გვიცავენ ანგელოზები დღეს? თუ თაყვანს ვცემთ იეჰოვას თავისი სიტყვის თანახმად, დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ მისი უხილავი, ძლიერი ქმნილებები — ანგელოზები — დაგვიცავენ. ბიბლია გვპირდება: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“ (ფსალმუნები 33:8).
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მთავარი დანიშნულება ღვთის მსახურებაა და არა ადამიანის (ფსალმუნები 102:20, 21). ისინი ღვთის ნებას ასრულებენ და არა ადამიანების თხოვნას. ასე რომ, დახმარებისთვის იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ და არა ანგელოზებს (მათე 26:53). ვინაიდან არ შეგვიძლია ანგელოზების დანახვა, ვერ განვსაზღვრავთ, თუ რამდენად იყენებს მათ ღმერთი ადამიანთა დასახმარებლად. თუმცა ვიცით, რომ იეჰოვა ‘მხარს უჭერს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი’ (2 ნეშტთა 16:9; ფსალმუნები 90:11). და დარწმუნებულნი ვართ, რომ „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [ღმერთი] გვისმენს“ (1 იოანე 5:14).
საღვთო წერილი აგრეთვე ამბობს, რომ ლოცვით მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ და მას ვცეთ თაყვანი (გამოსვლა 20:3—5; ფსალმუნები 5:2, 3; მათე 6:9). ერთგული ანგელოზებიც ამისკენ მოგვიწოდებენ. მაგალითად, როდესაც მოციქულ იოანეს ანგელოზისთვის უნდა ეცა თაყვანი, მან მკაცრად უთხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ!. . ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 19:10).
ანგელოზები ღვთის ცნობას გადასცემენ
სიტყვა „ანგელოზი“ ნიშნავს „მაცნეს“, ანუ ანგელოზები ღვთის ცნობას გადასცემენ ადამიანებს. მაგალითად, ღმერთმა „ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში“. რატომ? რათა ემცნო ქალწული მარიამისთვის, რომ მას სასწაულებრივად ჩაესახებოდა ბავშვი, რომელსაც იესოს დაარქმევდნენ (ლუკა 1:26—31). აგრეთვე, ანგელოზი გამოეცხადა მწყემსებს მინდორში და შეატყობინა, რომ „ქრისტე უფალი“ დაიბადა (ლუკა 2:8—11). ანგელოზები გადასცემდნენ ცნობებს აბრაამს, მოსეს, იესოს და სხვა ბიბლიურ პერსონაჟებს (დაბადება 18:1—5, 10; გამოსვლა 3:1, 2; ლუკა 22:39—43).
როგორ მსახურობენ ანგელოზები დღეს ღვთის მაცნეებად? დავფიქრდეთ იმ დავალებაზე, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, მის მსახურებს ამ სისტემის აღსასრულამდე უნდა შეესრულებინათ. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:3, 14). ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები მილიარდზე მეტ საათს უთმობენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. იცოდით, რომ ანგელოზებიც მონაწილეობენ ამ საქმეში? მოციქულმა იოანემ ხილვის შემდეგ თქვა: „ვიხილე სხვა ანგელოზი . . . მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მცხოვრებთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6, 7). საღვთო წერილი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან დავალებას, რასაც დღეს ანგელოზები ასრულებენ ადამიანთა სასარგებლოდ.
იეჰოვას მოწმეები გრძნობენ, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ანგელოზები მათ კარდაკარ მსახურების დროს. მოწმეები ხშირად ხვდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სწორედ მათ მისვლამდე ლოცულობდნენ, რომ ვინმე დახმარებოდათ ღვთის განზრახვების გაგებაში. ანგელოზების ხელმძღვანელობის წყალობით და მოწმეების ინიციატივის გამოვლენით, ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ეცნობა იეჰოვას. დაე თქვენც მიიღეთ სარგებლობა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიდან, რომელსაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ.
ანგელოზებს სისრულეში მოჰყავთ ღვთის განაჩენი
ანგელოზებს არა აქვთ მიცემული უფლება, გაასამართლონ ადამიანები, თუმცა ისინი უბრალოდ მეთვალყურეები როდი არიან (იოანე 5:22; ებრაელები 12:22, 23). იეჰოვას განაჩენის სისრულეში მოყვანის მიზნით, წარსულში ისინი ჯალათებად მსახურობდნენ. მაგალითად, ღმერთმა ანგელოზები ეგვიპტელების წინააღმდეგ გამოიყენა, ვის ტყვეობაშიც იმყოფებოდნენ ისრაელები (ფსალმუნები 77:49). ერთ ღამეში „უფლის ანგელოზმა“ 185 000 ჯარისკაცი გაანადგურა ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეთა ბანაკში (4 მეფეთა 19:35).
ანგელოზები მომავალშიც სისრულეში მოიყვანენ ღვთის განაჩენს. იესო „თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და მათზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას“ (2 თესალონიკელები 1:7, 8). განადგურდებიან მხოლოდ ისინი, ვინც არ ეხმაურება ცნობას, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება ანგელოზების დახმარებით. ისინი, რომლებიც ეძებენ ღმერთს და მიჰყვებიან ბიბლიურ სწავლებებს, გადარჩებიან (სოფონია 2:3).
რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ ერთგული ანგელოზების, რომლებიც ყოველთვის ასრულებენ ღვთის მითითებებს! იეჰოვა მათ იყენებს დედამიწაზე თავისი ერთგული მსახურების დასახმარებლად და დასაცავად. ეს განსაკუთრებით გვანუგეშებს, რადგან არსებობენ საშიში სულიერი ქმნილებები, დემონები, რომლებსაც სურთ, ზიანი მოგვაყენონ.
დემონები — ვინ არიან ისინი?
მას შემდეგ, რაც სატანამ მოატყუა ევა, ანგელოზებისგან შემდგარი ზეციერი ოჯახი ხედავდა, თუ როგორ აღწევდა სატანა წარმატებებს 15 საუკუნის განმავლობაში, რომ ღვთისგან ჩამოეშორებინა ადამიანები. თუმცა აბელმა, ენოქმა და ნოემ შეძლეს ერთგულების შენარჩუნება (დაბადება 3:1—7; ებრაელები 11:4, 5, 7). ზოგი ანგელოზი სატანას შეუერთდა. ბიბლიაში მათ ეწოდებათ სულები, რომლებიც ურჩები აღმოჩნდნენ „ნოეს დროს“ (1 პეტრე 3:19, 20). როგორ გამოავლინეს მათ ურჩობა?
იმ პერიოდში, როდესაც ნოე ცხოვრობდა, ურჩმა ანგელოზებმა დატოვეს ზეციერი ოჯახი, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ხორცი შეისხეს. რა მიზნით? მათ მოისურვეს, რომ ქალებთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონოდათ. შედეგად გაჩნდნენ მოძალადე გოლიათები — ნეფილიმები. უფრო მეტიც, „გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო“. მაგრამ იეჰოვა ღმერთი არ დაუშვებდა კაცობრიობის ზნეობრივად გადაგვარებას. მან დედამიწაზე წარღვნა მოავლინა, რათა ყველა ბოროტი ადამიანი ნეფილიმებთან ერთად გაენადგურებინა. გადარჩნენ მხოლოდ ღვთის ერთგული მსახურები (დაბადება 6:1—7, 17; 7:23).
ურჩი ანგელოზები წარღვნას გადაურჩნენ; მათ დატოვეს ხორციელი სხეულები და, როგორც სულიერი ქმნილებები, ზეცაში დაბრუნდნენ. მას შემდეგ, ამ ქმნილებებს დემონები ეწოდებათ. მათ სატანა ეშმაკის — ‘თავიანთი მმართველის’ — მხარე დაიკავეს (მათე 12:24—27). სატანის მსგავსად, დემონებს სურთ, რომ ადამიანებმა მათ სცენ თაყვანი.
დემონები საშიშნი არიან, მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს. მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. როცა ურჩი ანგელოზები ზეცაში დაბრუნდნენ, ღმერთმა ისინი აღარ მიიღო ზეციერ ოჯახში, რომელიც ერთგული ანგელოზებისგან შედგება. ისინი ჩამოშორებულნი იქნენ ღვთის სულიერ სინათლეს; მათ სამუდამო განადგურება ელით. დიახ, ისინი ჩაყრილ იქნენ სულიერ წყვდიადში, რომელსაც „ტარტაროზი“ ჰქვია (2 პეტრე 2:4). იეჰოვა მათ „უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში“ ინახავს. გარდა ამისა, დღეს მათ აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა (იუდა 6).
რა უნდა გააკეთოთ?
კვლავაც ცდილობენ დემონები ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას? დიახ, ისინი თავიანთი მმართველის მსგავსად იყენებენ „ხრიკებს“ ანუ მზაკვრულ მეთოდებს (ეფესოელები 6:11, 12). ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევების გამოყენებით შევძლებთ მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ დემონებს. უფრო მეტიც, თუ გვიყვარს ღმერთი, ერთგული ანგელოზების მეშვეობით დაცულნი ვიქნებით.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ღვთის მოთხოვნები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი, და ცხოვრებაში გამოიყენოთ ისინი. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ბიბლიური სწავლებების შესახებ, თუ დაუკავშირდებით თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერთ ამ ჟურნალის გამომცემლებს. იეჰოვას მოწმეები მოხარულნი იქნებიან, შემოგთავაზონ ბიბლიის უფასო შესწავლა თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
[სქოლიოები]
a ბიბლიის თანახმად, ანგელოზები ადამიანებს ყოველთვის სრულწლოვანი მამაკაცის სახით ევლინებოდნენ.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ანგელოზები — როგორ არიან ორგანიზებულნი?
იეჰოვას მრავალრიცხოვანი ზეციერი ოჯახი შედგება:
ძალაუფლების მქონე მიქაელ მთავარანგელოზისგან ანუ იესო ქრისტესგან (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9); სერაფიმებისგან, ქერუბიმებისგან და სხვა ანგელოზებისგან, რომლებიც იესოს ემორჩილებიან.
სერაფიმებს ძალიან მაღალი მდგომარეობა უკავიათ ღვთის ორგანიზაციაში; ისინი მსახურობენ ღვთის ტახტთან. მათი მოვალეობაა, ღვთის სიწმინდის შესახებ განაცხადონ და დაეხმარონ მის ხალხს სულიერი სიწმინდის შენარჩუნებაში (ესაია 6:1—3, 6, 7).
ქერუბიმებიც ღვთის ტახტთან მსახურობენ და მხარს უჭერენ იეჰოვას სიდიადეს (ფსალმუნები 79:2; 98:1; ეზეკიელი 10:1, 2).
სხვა ანგელოზები კი იეჰოვას წარმომადგენლებად მსახურობენ და მის ნებას ასრულებენ.
[სურათი 4 გვერდზე]
ლოტი და მისი ქალიშვილები ანგელოზებმა დაიცვეს.
[სურათი 5 გვერდზე]
როდესაც მოციქულ იოანეს თაყვანი უნდა ეცა ანგელოზისთვის, მან უთხრა: „ამას ნუ იზამ!“
[სურათი 6 გვერდზე]
ანგელოზებს სისრულეში მოჰყავთ ღვთის განაჩენი.
[სურათი 7 გვერდზე]
თქვენც იღებთ სარგებლობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიდან, რომელსაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ?