საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მადლიერნი იყავით ღვთის წყალობისთვის
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივლისი
    • 1. საავადმყოფოში ქმრის საწოლთან ჩაფიქრებული და; 2. ქრისტიანი და ბავშვით ხელში მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა სახლი დაუნგრია

      მადლიერნი იყავით ღვთის წყალობისთვის

      „ჩვენ ყველამ . . . მივიღეთ წყალობა წყალობაზე“ (იოან. 1:16).

      სიმღერები: 95, 13

      როგორ უპასუხებთ?

      • რა არის კაცობრიობის მიმართ იეჰოვას წყალობის უდიდესი გამოვლინება?

      • როგორ ცხადვყოფთ, რომ ჩვენზე ცოდვა კი არა, წყალობა მეფობს?

      • რა კურთხევები მოაქვს ჩვენთვის იეჰოვას წყალობას?

      1, 2. ა) მოკლედ მოყევით იესოს იგავი მევენახის შესახებ. ბ) როგორ ესმება ხაზი ამ იგავში ხელგაშლილობასა და წყალობას?

      ერთ დილას მევენახე ქალაქის მოედანზე გავიდა, რათა ვენახში სამუშაოდ ხალხი დაექირავებინა. ის მოედანზე მყოფ კაცებს გასამრჯელოზე მოურიგდა და სამუშაოდ გაუშვა. მაგრამ მას მეტი მუშახელი სჭირდებოდა. ამიტომ მათ დასაქირავებლად დღის განმავლობაში არაერთხელ გავიდა მოედანზე. ის დღის ბოლოს დაქირავებულებსაც კარგ გასამრჯელოს დაჰპირდა. საღამოს მევენახემ შეკრიბა მუშები, რათა კუთვნილი თანხა მიეცა მათთვის. დღის ბოლოს დაქირავებულებსაც იმდენი მისცა, რამდენიც დილით დაქირავებულებს. ეს უკანასკნელნი ამის გამო წუწუნს მოჰყვნენ. მაგრამ მევენახემ შეახსენა მათ, რომ ისინი უკვე მორიგდნენ გასამრჯელოზე. მას უფლება ჰქონდა, მუშებისთვის იმდენი გადაეხადა, რამდენიც სურდა. მისი ხელგაშლილობა შურის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო (მათ. 20:1—15).

      2 იესოს ეს იგავი შეგვახსენებს იეჰოვას ერთ-ერთ თვისებას, წყალობას[1], რომელიც ბიბლიაში ხშირად მოიხსენიება (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:1). ერთი შეხედვით, მუშები, რომლებმაც მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს, არ იმსახურებდნენ სრულ გასამრჯელოს, მაგრამ მევენახემ მათ მიმართ განსაკუთრებული სიკეთე ანუ წყალობა გამოავლინა. სიტყვა „წყალობასთან“ დაკავშირებით, რომელიც ბიბლიის ბევრ თარგმანში „მადლად“ ითარგმნა, ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ეს სიტყვა ძირითადად ნიშნავს უსასყიდლო და დაუმსახურებელ ძღვენს“.

      იეჰოვას გულუხვი ძღვენი

      3, 4. რატომ და როგორ გამოავლინა იეჰოვამ წყალობა კაცობრიობის მიმართ?

      3 ბიბლიაში საუბარია ღვთის „წყალობით ბოძებულ უსასყიდლო ძღვენზე“ (ეფეს. 3:7). რატომ და როგორ გვაძლევს იეჰოვა ამ „უსასყიდლო ძღვენს“? იეჰოვას მოთხოვნებს რომ სრულყოფილად შევესაბამებოდეთ, მის სიკეთეს დავიმსახურებდით. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენც გვეხება ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლ. 7:20). მსგავსი აზრები თქვა მოციქულმა პავლემაც: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“; „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომ. 3:23; 6:23ა). ჩვენ სწორედ ამას ვიმსახურებთ.

      4 მაგრამ იეჰოვამ თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ცოდვილი კაცობრიობის მიმართ შეუდარებელი წყალობა გამოავლინა. მან უდიდესი ძღვენი გაიღო — დედამიწაზე გამოგზავნა „თავისი მხოლოდშობილი ძე“, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო (იოან. 3:16). პავლემ იესოს შესახებ დაწერა: „[მან] პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ებრ. 2:9). დიახ, „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, [არის] მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომ. 6:23ბ).

      5, 6. რა არის ჩვენზე ა) ცოდვის მეფობის შედეგი? ბ) წყალობის მეფობის შედეგი?

      5 როგორ დაექვემდებარა კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს, რომელსაც ვერც ერთი ვერ გავექცევით? ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის [ადამის] შეცოდების გამო სიკვდილი მეფობდა“ ყველა მის შთამომავალზე (რომ. 5:12, 14, 17). საბედნიეროდ, ჩვენზეა დამოკიდებული, იბატონებს თუ არა ცოდვა ჩვენზე. ვინც იესოს გამოსასყიდის მიმართ რწმენას ავლენს, იეჰოვას წყალობას ექვემდებარება. ამას ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სადაც ცოდვა გამრავლდა, იქ წყალობა უფრო მეტად გამრავლდა. რა მიზნით? როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად, ისევე რომ ემეფა წყალობას სიმართლის საშუალებით მარადიული სიცოცხლისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომ. 5:20, 21).

      6 მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ცოდვილები ვართ, არ უნდა დავნებდეთ ცოდვას. მაგრამ, თუ ცოდვამ გვძლია, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ პატიება. პავლე მოციქული აფრთხილებდა ქრისტიანებს: „ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას“ (რომ. 6:14). რა არის შედეგი იმისა, რომ ღვთის წყალობას ვექვემდებარებით? პავლე გვიხსნის: „ღვთის წყალობა . . . გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11, 12).

      „მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“

      7, 8. რას ნიშნავს იეჰოვას „მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“? (იხილეთ სურათები 21-ე გვერდზე)

      7 მოციქული პეტრე წერდა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტ. 4:10). ეს ნიშნავს, რომ იეჰოვა ნებისმიერ განსაცდელთან გამკლავებაში დაგვეხმარება და მისი წყალობა ყოველთვის საჭიროებისამებრ გამოვლინდება (1 პეტ. 1:6).

      8 მართლაც, იეჰოვას წყალობა მრავალმხრივ ვლინდება. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჩვენ ყველამ მისი სისავსიდან მივიღეთ წყალობა წყალობაზე“ (იოან. 1:16). იეჰოვას მრავალმხრივ გამოვლენილ წყალობას ბევრი კურთხევა მოაქვს ჩვენთვის. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

      9. რა კურთხევა მოაქვს ჩვენთვის ღვთის წყალობას და როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა?

      9 ცოდვების პატიება. იეჰოვა თავისი წყალობით გვპატიობს ცოდვებს, თუ ვინანიებთ და ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლას არ ვწყვეტთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:8, 9). ღვთის გულმოწყალებამ ჩვენში მადლიერების გრძნობა უნდა აღძრას და იეჰოვას განდიდებისკენ უნდა გვიბიძგოს. პავლე მოციქულმა ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „[იეჰოვამ] დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლ. 1:13, 14). ცოდვების პატიება საფუძველს ქმნის უამრავი კურთხევის მისაღებად.

      10. რა გახადა შესაძლებელი ღვთის წყალობამ?

      10 ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ცოდვილი მდგომარეობის გამო დაბადებიდანვე ღვთის მტრები ვიყავით. ეს მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (რომ. 5:10). შერიგება ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს. პავლე ამას იეჰოვას წყალობას უკავშირებს: „ახლა, როცა რწმენის გამო [ქრისტეს ცხებული ძმები] მართლებად ვართ აღიარებულნი, მშვიდობა შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. მისი მეშვეობით რწმენით მოვიპოვეთ მისასვლელი იმ წყალობასთან, რომელშიც ვდგავართ“ (რომ. 5:1, 2). მართლაც რამხელა პატივი და კურთხევაა ეს!

      იეჰოვას მოწმე ქადაგებს მამაკაცთან

      ღვთის წყალობის გამოვლინებები: სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა (იხილეთ აბზაცი 11)

      11. როგორ მიჰყავთ ცხებულებს „სხვა ცხვარი“ სიმართლემდე?

      11 მართლებად მიჩნეულნი. ყველანი უმართლოები ვართ. მაგრამ დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში „წვდომის უნარიანნი“, დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები, „მრავალ ადამიანს სიმართლემდე“ მიიყვანდნენ (წაიკითხეთ დანიელის 12:3). მსოფლიო სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობის მეშვეობით ისინი მილიონობით ადამიანს, „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, იეჰოვას თვალში მართლებად ჩათვლილიყვნენ (იოან. 10:16). თუმცა ესეც იეჰოვას წყალობამ გახადა შესაძლებელი. ამას ნათელს ჰფენს პავლეს სიტყვები: „მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ [ღვთის] წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი“ (რომ. 3:23, 24).

      დამწუხრებული და საავადმყოფოში ქმრის საწოლთან ლოცულობს

      ლოცვის შესაძლებლობა (იხილეთ აბზაცი 12)

      12. როგორ უკავშირდება ლოცვა ღვთის წყალობას?

      12 ლოცვით ღმერთთან მიახლოება. იეჰოვას წყალობა შესაძლებლობას გვაძლევს, ლოცვით მივუახლოვდეთ მის ზეციერ ტახტს. პავლე „წყალობის ტახტად“ მოიხსენიებს იეჰოვას ტახტს და მოგვიწოდებს, „სიტყვაში სითამამით“ მივუახლოვდეთ მას (ებრ. 4:16ა). იეჰოვამ ეს თავისი ძის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, „ვისი მეშვეობითაც გვაქვს . . . სითამამე სიტყვაში და ნდობით მისასვლელი მისდამი რწმენით“ (ეფეს. 3:12). იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების შესაძლებლობა მისი წყალობის საოცარი გამოვლინებაა.

      დამ სადილზე დაპატიჟა სხვები

      დროული დახმარება (იხილეთ აბზაცი 13)

      13. როგორ ვიღებთ „დროულ დახმარებას“ ღვთის წყალობის შედეგად?

      13 დროული დახმარება. პავლე მოგვიწოდებს, თავისუფლად მივმართოთ იეჰოვას ლოცვით, „რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:16ბ). როცა განსაცდელში ან საგონებელში ვართ, შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ იეჰოვას დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უღირსები ვართ, ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და ხშირად ჩვენ დასახმარებლად თანამორწმუნეებს იყენებს. «ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრ. 13:6).

      14. რა არის იეჰოვას წყალობის კიდევ ერთი შედეგი?

      14 ნუგეში. იეჰოვას წყალობის შედეგად მიღებული კიდევ ერთი კურთხევა არის ნუგეში, რომელიც დამწუხრებულ გულს მალამოდ ედება (ფსალმ. 51:17). თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, პავლემ მისწერა: „დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში და კარგი იმედი მოგვცა, ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ“ (2 თეს. 2:16, 17). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავისი უხვი წყალობით ზრუნვას არ გვაკლებს!

      15. იეჰოვას წყალობის შედეგად, რა იმედი გვაქვს?

      15 მარადიული სიცოცხლის იმედი. ცოდვილი ადამიანები ღვთის გარეშე უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7, 8). მაგრამ იეჰოვამ საოცარი იმედი მოგვცა. იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა: „მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 6:40). მარადიული სიცოცხლის იმედი არის ძღვენი, ღვთის წყალობის საოცარი გამოვლინება. პავლე, რომელიც ამისთვის მადლიერი იყო, წერდა: „ცხადი გახდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის“ (ტიტ. 2:11).

      ბოროტად ნუ გამოიყენებთ ღვთის წყალობას

      16. როგორ იყენებდა ზოგი ადრინდელი ქრისტიანი ბოროტად ღვთის წყალობას?

      16 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას წყალობის შედეგად უამრავი კურთხევა გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ყველანაირ საქციელს შეიწყნარებს. ადრინდელი ქრისტიანებიდან ზოგი ცდილობდა, „ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად“ გამოეყენებინა (იუდ. 4). როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ცოდვა ჩაედინათ და ღვთის პატიების იმედი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობდნენ, რომ თანაქრისტიანებიც გაეხვიათ ცოდვაში. ასე მოქმედნი დღესაც შეურაცხყოფენ „წყალობის სულს“ (ებრ. 10:29).

      17. რა პირდაპირი რჩევა მოგვცა პეტრემ?

      17 დღეს სატანამ შეცდომაში შეიყვანა ზოგი ქრისტიანი და დააჯერა, რომ შეუძლიათ შესცოდონ და დაუსჯელები დარჩნენ, რადგან ღმერთი გულმოწყალეა. თუმცა იეჰოვა მზად არის, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველებს, ის მოელის, რომ შევებრძოლებით ცოდვილ მიდრეკილებებს. ღვთივშთაგონებით პეტრე წერდა: „საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე. პირიქით, კვლავაც იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში“ (2 პეტ. 3:17, 18).

      ღვთის წყალობა პასუხისმგებლობას გვაკისრებს

      18. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს იეჰოვას წყალობა?

      18 იეჰოვას წყალობა ჩვენში მადლიერებას აღძრავს და გვავალდებულებს, რომ ნებისმიერი ძღვენი ღვთის განსადიდებლად და მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. პავლე მოციქული გვეუბნება, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება: „ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობით სხვადასხვა ძღვენი გვაქვს . . . თუ მსახურება გვაქვს, ვიმსახუროთ; ვინც ასწავლის, ასწავლოს; ვინც შეაგონებს, შეაგონოს . . . ვინც შეიწყალებს, ხალისით შეიწყალოს“ (რომ. 12:6—8). იეჰოვას მიერ ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობა გვავალდებულებს, ჩავებათ მსახურებაში, ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ სხვებს, გავამხნეოთ თანაქრისტიანები და ვაპატიოთ მწყენინებელს.

      19. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში?

      19 ღვთის გულუხვი სიყვარულისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, ძალისხმევა არ დავაკლოთ და საფუძვლიანად დავამოწმოთ „სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24). ამ პასუხისმგებლობაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

      ^ [1] (აბზაცი 2) იხილეთ „საკვლევ ცნობარში“ სტატია „სიკეთე“, ქვესათაური „წყალობა“.

  • იქადაგეთ სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ
    საგუშაგო კოშკი — 2016 | ივლისი
    • პავლე მოციქული ქადაგებს მამაკაცთან

      იქადაგეთ სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ

      „საფუძვლიანად დავამოწმო[თ] სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24).

      სიმღერები: 101, 84

      როგორ უპასუხებთ?

      • რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას წყალობამ?

      • როგორ მოწმობს „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ ღვთის წყალობაზე?

      • როგორ გამოავლენს იეჰოვა თავის წყალობას ახალ ქვეყნიერებაში?

      1, 2. როგორ ცხადყო პავლე მოციქულმა, რომ მადლიერი იყო მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობისთვის?

      მოციქულ პავლეს თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობა „ფუჭი არ ყოფილა“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:9, 10). პავლეს კარგად ესმოდა, რომ მას არ დაუმსახურებია ღვთის გულმოწყალება, რადგან ადრე ქრისტიანებს დევნიდა.

      2 თავისი მსახურების დასასრულ პავლემ ტიმოთეს მისწერა: „მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მსახურებისთვის დამნიშნა“ (1 ტიმ. 1:12—14). თუ რა იგულისხმებოდა ამ მსახურებაში, ჩანს ეფესოს კრების უხუცესებისთვის პავლეს ნათქვამი სიტყვებიდან: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24).

      3. რა დაევალა პავლეს? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)

      3 რა იყო „სასიხარულო ცნობა“, რომელსაც პავლე ქადაგებდა და როგორ მოწმობს ის ღვთის წყალობაზე? პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს უთხრა: „თქვენ გსმენიათ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობის მმართველობის შესახებ, რომელიც თქვენ სასარგებლოდ მომეცა“ (ეფეს. 3:1, 2). პავლეს დაევალა, არაიუდეველებისთვის ექადაგა სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ მესიანური სამეფოს მმართველობის დროს ისინიც ქრისტესთან ერთად იმმართველებდნენ (წაიკითხეთ ეფესოელების 3:5—8). მან გულმოდგინედ შეასრულა თავისი მსახურება, რითაც კარგი მაგალითი მოგვცა ქრისტიანებს, და დაამტკიცა, რომ მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობა ფუჭი არ იყო.

      თქვენც აღგძრავთ ღვთის წყალობა?

      4, 5. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ იგივეა, რაც სასიხარულო ცნობა „ღვთის წყალობის შესახებ“?

      4 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხს ევალება, იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). ეს ცნობა არის „სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“, რადგან ყველა კურთხევა, რომელთა მიღების იმედიც სამეფოს მმართველობის დროს გვაქვს, იეჰოვას მიერ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილი წყალობა იქნება (ეფეს. 1:3). ვბაძავთ პავლეს და გამოვხატავთ იეჰოვას წყალობისთვის მადლიერებას იმით, რომ ყველანი გულმოდგინედ ვმსახურობთ? (წაიკითხეთ რომაელების 1:14—16).

      5 წინა სტატიიდან გავიგეთ, თუ ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, როგორ ვსარგებლობთ მრავალმხრივ იეჰოვას მიერ გამოვლენილი წყალობით. შესაბამისად, ჩვენ მოვალენი ვართ სხვების წინაშე, რომ მათაც გავაგებინოთ, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულს და როგორ შეუძლიათ პირადად ისარგებლონ მისი სიკეთით. რომელია ღვთის წყალობის ის მხარეები, რომელთა დანახვაშიც სხვებს უნდა დავეხმაროთ?

      იქადაგეთ სასიხარულო ცნობა გამოსასყიდის შესახებ

      6, 7. რა გაგებით არის ხალხთან გამოსასყიდზე საუბარი ღვთის წყალობის შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება?

      6 დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი მისაღები გახდა და ცოდვა სირცხვილად აღარ ითვლება, ამიტომ ბევრი ადამიანი ვერ ხედავს გამოსასყიდის აუცილებლობას. ამავე დროს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ ცხოვრებას ბედნიერება არ მოაქვს. იეჰოვას მოწმეებთან საუბრამდე ბევრმა არც კი იცის, რა არის ცოდვა, რა გავლენას ახდენს ჩვენზე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავაღწიოთ მას. გულმართალ ადამიანებს შვებას ჰგვრის იმის გაგება, რომ იეჰოვამ უდიდესი სიყვარულისა და წყალობის გამო დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ (1 იოან. 4:9, 10).

      7 იეჰოვას საყვარელ ძეზე პავლემ დაწერა: „მისი [იესოს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები მისი [იეჰოვას] წყალობის სიუხვით“ (ეფეს. 1:7). ქრისტეს გამოსასყიდი ჩვენდამი ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა და მისი წყალობის სიუხვეს ცხადყოფს. რამხელა შვებაა იმის გაგება, რომ ცოდვები გვეპატიება და სინდისი სუფთა გვექნება, თუ იესოს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენას გამოვავლენთ! (ებრ. 9:14). ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რომელიც სხვებსაც უნდა გავუზიაროთ!

      დაეხმარეთ ხალხს, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ღმერთთან

      8. რატომ სჭირდებათ ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან შერიგება?

      8 ჩვენი მოვალეობაა, გავაგებინოთ მოყვასს, რომ თავიანთ შემოქმედთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება შეუძლიათ. ვიდრე ადამიანები რწმენას გამოავლენენ იესოს მსხვერპლის მიმართ, ღმერთი მათ მტრებად მიიჩნევს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). საბედნიეროდ, ქრისტეს მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა ღმერთთან შერიგება. პავლემ თქვა: „თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული, ღმერთმა ახლა შეგირიგათ მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით“ (კოლ. 1:21, 22).

      9, 10. ა) რა დაავალა ქრისტემ თავის ცხებულ ძმებს? ბ) როგორ ეხმარება „სხვა ცხვარი“ ცხებულებს?

      9 როგორც პავლემ თქვა, ქრისტემ თავის ცხებულ ძმებს დედამიწაზე „შერიგების მსახურება“ მიანდო. ამ საკითხზე პავლემ პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება, კერძოდ კი, ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება, შეცოდებები არ ჩაუთვალა და შერიგების სიტყვა ჩვენ ჩაგვაბარა. ამიტომ ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად, თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გეხვეწებათ. ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორ. 5:18—20).

      10 „სხვა ცხვარი“ დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ ცხებულ ძმებს ამ მსახურების შესრულებაში ეხმარება (იოან. 10:16). როგორც ქრისტეს დესპანებს, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ, რომ ხალხს ჭეშმარიტება ასწავლონ და იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარონ. ეს ღვთის წყალობის შესახებ სასიხარულო ცნობის საფუძვლიანად დამოწმების მნიშვნელოვანი მხარეა.

      იქადაგეთ სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ ღმერთი ისმენს ლოცვებს

      11, 12. რატომ არის ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ის, რომ შეუძლიათ იეჰოვას მიმართონ ლოცვით?

      11 ბევრი ადამიანი იმიტომ ლოცულობს, რომ ლოცვის შემდეგ კარგად გრძნობს თავს, მაგრამ არ სწამთ, რომ ღმერთი ისმენს მათ ლოცვებს. მათ სჭირდებათ იმის გაგება, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი. ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი დანაშაული. შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს“ (ფსალმ. 65:2, 3).

      12 იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოან. 14:14). ცხადია, ის გულისხმობდა ისეთი რამის თხოვნას, რაც იეჰოვას ნებას შეესაბამებოდა. იოანე ამბობს: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). რა კარგია სხვებისთვის იმის სწავლება, რომ ლოცვა უბრალოდ გუნება-განწყობის ასამაღლებელი საშუალება კი არ არის, არამედ იეჰოვას „წყალობის ტახტთან“ მიახლოების შესანიშნავი საშუალებაა! (ებრ. 4:16). როცა ვასწავლით მათ, როგორ ილოცონ, ვის მიმართონ ლოცვით და რაზე ილოცონ, ვეხმარებით, დაუახლოვდნენ იეჰოვას და ნუგეში პოვონ გასაჭირის დროს (ფსალმ. 4:1; 145:18).

      ღვთის წყალობა მომავალში

      13, 14. ა) რა საოცარი პატივი ხვდებათ წილად ცხებულებს მომავალში? ბ) რა შესანიშნავ საქმეებს მოიმოქმედებენ ცხებულები ადამიანთა სასარგებლოდ?

      13 იეჰოვა თავის წყალობას ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგაც გამოავლენს. პავლე გულისხმობდა იმ უპირატესობას, რომელსაც ღმერთი ზეციერ სამეფოში ქრისტეს 144 000 თანამმართველს უბოძებს, როცა წერდა: „გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში (წყალობით ხართ გადარჩენილნი), ერთად აღგვადგინა და დაგვსხა ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში, რათა მომავალში აჩვენოს თავისი წყალობის განუზომელი სიმდიდრე ჩვენ მიმართ გამოვლენილი სიკეთით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფეს. 2:4—7).

      14 რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მოამზადა იეჰოვამ ცხებული ქრისტიანებისთვის, როცა ისინი ზეცაში დასხდებიან ტახტებზე, რათა ქრისტესთან ერთად იმმართველონ (ლუკ. 22:28—30; ფილ. 3:20, 21; 1 იოან. 3:2). იეჰოვა განსაკუთრებით მათდამი გამოავლენს „თავისი წყალობის განუზომელ სიმდიდრეს“. მათგან შეიქმნება „ახალი იერუსალიმი“, ქრისტეს პატარძალი (გამოცხ. 3:12; 17:14; 21:2, 9, 10). ისინი იესოსთან ერთად განკურნავენ ხალხებს — მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებიან და სრულყოფილებამდე მიიყვანენ მათ (წაიკითხეთ გამოცხადების 22:1, 2, 17).

      15, 16. როგორ გამოავლენს იეჰოვა მომავალში თავის წყალობას „სხვა ცხვრის“ მიმართ?

      15 ეფესოელების 2:7-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მომავალშიც გამოავლენს თავის წყალობას. უეჭველია, ახალ ქვეყნიერებაში ცხადი გახდება „იეჰოვას წყალობის განუზომელი სიმდიდრე“ (ლუკ. 18:29, 30). დედამიწაზე იეჰოვას წყალობის უდიდესი გამოვლინება ადამიანთა მკვდრეთით აღდგენა იქნება (იობ. 14:13—15; იოან. 5:28, 29). ის ერთგული მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტეს მიერ გამოსასყიდის გაღებამდე დაიხოცნენ, და „სხვა ცხვარი“, რომლებიც ქვეყნიერების ბოლო დღეებში სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან, გაცოცხლდებიან და კვლავაც გააგრძელებენ იეჰოვას მსახურებას.

      16 მკვდრეთით აღდგება მილიონობით სხვა ადამიანიც, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, იეჰოვას უზენაეს მმართველობას დაემორჩილონ. იოანე მოციქული წერდა: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხ. 20:12, 13). რა თქმა უნდა, მკვდრეთით აღდგენილებს მოეთხოვებათ, რომ ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება ისწავლონ. გარდა ამისა, ისინი უნდა მიჰყვნენ „გრაგნილებში“ ჩაწერილ სასარგებლო მითითებებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის არის საჭირო. ამ გრაგნილებში ჩაწერილი ინფორმაცია იეჰოვას წყალობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

      ნუ შეწყვეტთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას

      17. რა არ უნდა დაგვავიწყდეს ქადაგების დროს?

      17 ვინაიდან ამ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოსაა, ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ! (მარ. 13:10). უდავოა, სასიხარულო ცნობა წარმოაჩენს იეჰოვას წყალობას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ქადაგების დროს და ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. ამას შევძლებთ, თუ ხალხს დავანახვებთ, რომ ყველა კურთხევა, რომელთაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ, იეჰოვას წყალობაა.

      ძმა ახალგაზრდასთან ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ

      იმსახურეთ გულმოდგინედ „როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგმა მმართველებმა“ (1 პეტ. 4:10) (იხილეთ აბზაცები 17—19)

      18, 19. როგორ განვადიდებთ იეჰოვას წყალობას?

      18 სხვებთან საუბრისას შეგვიძლია ავუხსნათ მათ, რომ ქრისტეს მმართველობის დროს კაცობრიობა სრულად ისარგებლებს გამოსასყიდით და თანდათანობით გასრულყოფილდება. ბიბლიაში ნათქვამია: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). ეს მხოლოდ იეჰოვას განუზომელი წყალობის შედეგად იქნება შესაძლებელი.

      19 ჩვენ შეგვიძლია ყველა მომსმენ ადამიანს გავუზიაროთ გამოცხადების 21:4, 5-ში ჩაწერილი ამაღელვებელი დაპირება: „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ტახტზე მჯდომი იეჰოვა გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ დასძენს: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. ჩვენ იეჰოვას წყალობას განვადიდებთ, როცა გულმოდგინედ ვუზიარებთ სხვებს სასიხარულო ცნობას!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება