-
რისთვის არის საჭირო პოლიცია?გამოიღვიძეთ! — 2002 | ივლისი 8
-
-
სტივენი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია შეერთებული შტატებიდან. იგი ამბობს: „როგორც პოლიციელს, საიმისო დროც გაქვს და შესაძლებლობაც, რომ საუკეთესო დახმარება აღმოუჩინო ხალხს, როდესაც ისინი გულწრფელად მოგმართავენ დახმარებისთვის. აი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. მინდოდა ხალხს დავხმარებოდი და მათთვის ტვირთი შემემსუბუქებინა. ვფიქრობ, რომ მეც რაღაც წვლილი მიმიძღვის ბოროტმოქმედთა ხელიდან ადამიანთა დაცვაში. ხუთი წლის განმავლობაში 1 000-ზე მეტი დამნაშავე მყავს დაკავებული. მაგრამ ჩემთვის უდიდესი კმაყოფილება დაკარგული ბავშვების პოვნას, ალცჰეიმერით დაავადებული, გზააბნეული ავადმყოფების დახმარებასა და გატაცებული მანქანების დაბრუნებას მოჰქონდა. დანაშაულში ეჭვმიტანილთა დევნა და დაკავებაც არანაკლებ საინტერესო იყო“.
-
-
პოლიცია საზოგადოების სადარაჯოზე — იმედები და ეჭვებიგამოიღვიძეთ! — 2002 | ივლისი 8
-
-
ასპარეზზე გამოდიან ამერიკელი პოლიციელები
შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პირველად ქალაქ ნიუ-იორკში გამოჩნდა პროფესიული პოლიცია. რაც უფრო მეტი სიმდიდრე გროვდებოდა ქალაქში, დამნაშავეობაც მით უფრო მატულობდა. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ყველა ოჯახს შეეძლო ახლადგამომცხვარ, იაფფასიან ბულვარულ პრესაში გამოქვეყნებული შემზარავი კრიმინალური ისტორიების წაკითხვა. საზოგადოების პროტესტი სულ უფრო და უფრო მატულობდა და ბოლოს, 1845 წელს, ნიუ-იორკში პოლიციის პირველი დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, ნიუ-იორკელები და ლონდონელები აღტაცებული იყვნენ თავიანთი პოლიციით.
თუმცა, ინგლისელებისა არ იყოს, ამერიკელებსაც არ აძლევდა მოსვენებას ის ფაქტი, რომ შეიარაღებულ ძალებს მთავრობა აკონტროლებდა. მაგრამ ამ ორმა ერმა სხვადასხვანაირად გადაჭრა ეს პრობლემატური საკითხი. ინგლისელებმა არჩიეს, რომ ცილინდრიანი, მუქ ლურჯ ფორმის ტანსაცმელში გამოწყობილი ეგრეთ წოდებული „ჯენტლმენური“ პოლიცია ჰყოლოდათ. ეს პოლიციელები მხოლოდ მომცრო ხელკეტებს ატარებდნენ, თანაც თვალისთვის შეუმჩნევლად. ინგლისელი ბობები, თუ კრიტიკული სიტუაცია არ შეიქმნა, დღემდე არ ატარებენ იარაღს. მაგრამ, როგორც ერთი წყარო იტყობინება, „უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ. . . დიდი ბრიტანეთის პოლიციის სრული შეიარაღება გარდაუვალი პროცესია და ეს მხოლოდ დროის ამბავია“.
ამერიკელებმა კი, იმის შიშით, რომ ვაითუ მთავრობამ თავის ხელში არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოსო, შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შესწორება (ეს უკვე მეორედ) შეიტანეს, რაც უზრუნველყოფდა „ადამიანის უფლებას, ჰქონოდა და ეტარებინა იარაღი“. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, რომ პოლიციასაც ეტარებინა იარაღი. რა იყო შედეგი? ის, რომ ქუჩებში წამდაუწუმ იმართებოდა სროლა და, სხვა თუ არაფერი, ამერიკელ პოლიციელებსა და ბოროტმოქმედებს შორის გამართული „კატა-თაგვობანას თამაში“ ყველასთვის ცნობილი გახდა. ამერიკელთა შეხედულებას იარაღის ტარების თაობაზე სხვა მიზეზიც უწყობდა ხელს, კერძოდ ის, რომ შეერთებული შტატების პირველი პოლიცია ლონდონისგან ძალიან განსხვავებულ სამყაროში ჩამოყალიბდა. ნიუ-იორკის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, რის გამოც ქალაქში ქაოსი ისადგურებდა. ამერიკას ათასობით ემიგრანტი მოაწყდა, ძირითადად ევროპასა და აფრიკიდან, რამაც, 1861—1865 წლების სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, რასობრივი ძალადობის გაღვივება გამოიწვია. პოლიციელების აზრით უფრო მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო.
ამიტომაც, პოლიციას ხშირად ისე უყურებდნენ, როგორც რაღაც უსიამოვნოს, რომელიც, გინდოდა თუ არ გინდოდა, უნდა აგეტანა. ხალხი მზად იყო, შეგუებოდა შემთხვევით ექსცესებს იმ იმედით, რომ მათ გარშემო, მეტ-ნაკლებად, წესრიგი და უსაფრთხოება დამყარდებოდა.
-