ფიქრობთ დაქორწინებაზე?
განქორწინებები მსოფლიო მასშტაბით მიწისძვრასთან რომ შეგვედარებინა, ეპიცენტრი შეერთებულ შტატებში აღმოჩნდებოდა. გასულ წელს ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი განქორწინება მოხდა — წუთში საშუალოდ ორი. მაგრამ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ შეერთებულ შტატებში არ გვხვდება.
გამოკვლევის თანახმად, 1970 წლიდან კანადაში, ინგლისსა და უელსში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და ნიდერლანდებში განქორწინების რიცხვი გაორმაგდა.
ყოველგვარი საფუძველი გვაქვს გვჯეროდეს, რომ წყვილთა უმრავლესობის დაქორწინებას მათ შორის არსებული სიყვარული და მთელი დარჩენილი სიცოცხლის ერთად გატარების სურვილი განაპირობებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ბედნიერი ცოლქმრობის ძლიერი სურვილი ხშირად მხოლოდ ოცნებად რჩება. მრავალი, როცა სინამდვილეს აწყდება, ამბობს, რომ იჩქარა ან შეცდა მეუღლის არჩევაში, ან ორივე მიზეზს ასახელებს.
რატომ ინგრევა მრავალი ოჯახი? ერთი წიგნის ავტორი, რომელშიც საუბარია შეყვარებულობის პერიოდის შესახებ, ამბობს: „ამის ძირითადი მიზეზი დაქორწინებისთვის მოუმზადებლობაა. როდესაც ოჯახური პრობლემებით გაწამებულ მეუღლეებთან მაქვს საქმე, ორი გრძნობა მეუფლება: სიბრალული და გულისწყრომა. მებრალებიან იმის გამო, რომ ვერ მიაღწიეს ოცნებას — ჰქონოდათ სასიამოვნო ურთიერობა. გულისწყრომა მეუფლება, რადგან არ ესმით ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სირთულეები“.
მართლაც, ბევრი ისე ქორწინდება, რომ თითქმის არაფერი იცის, რა არის საჭირო წარმატებული ცოლქმრობისთვის. თუმცა ეს არც არის გასაკვირი. ერთმა პედაგოგმა აღნიშნა: „რამდენი ახალგაზრდა სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში ვირთხებისა და ხვლიკების ქცევას, მაგრამ არაფერს სწავლობენ ორ ადამიანზე, რომლებსაც ცოლი და ქმარი ეწოდებათ?“
ფიქრობთ დაქორწინებაზე მომავალში ან უკვე დაქორწინებული ხართ? მაშინ უნდა გესმოდეთ, რომ ნამდვილი ცხოვრება ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და რომანებში ვხვდებით. ამავე დროს, იმ ორი მოწიფული ადამიანის ცოლქმრობა, რომელთაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, შეგვიძლია უფლისგან კურთხეულად ჩავთვალოთ (იგავნი 18:22; 19:14). მაშ, როგორ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მზად ხართ ცოლქმრობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესახვედრად? რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ მეუღლის ამორჩევისას? ან, თუ უკვე დაქორწინებული ხართ, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ცოლქმრობაში უსასრულო ბედნიერების პოვნის შესაძლებლობა?