ქადაგების უფლების მოსაპოვებლად ვიბრძოდით
მოგვითხრო გრეის მარშმა
რამდენიმე წლის წინ პროფესორმა ნიუტონმა, რომელიც მაშინ მონტგომერის (ალაბამა, აშშ) ჰანტინგდონის უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, ჩემგან ინტერვიუ აიღო იმ ამბების შესახებ, რომლებიც 50-ზე მეტი წლის წინ მოხდა. 1946 წელს ჩემი, როგორც იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის, საქმე შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ განიხილა. პროფესორ ნიუტონის ინტერესმა, წარსული გამახსენა. ნება მიბოძეთ, ყველაფერი ჩემი ბავშვობის დროიდან გიამბოთ.
დავიბადე 1906 წელს რანდოლფში (ალაბამა, აშშ) და ოჯახში ბიბლიის მკვლევართა, როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ეწოდებოდათ, მეოთხე თაობა ვიყავი. დიდი პაპა, ლუის უოლდროპი და პაპა, სიმ უოლდროპი, XIX საუკუნის ბოლოს მონათლული ბიბლიის მკვლევარები იყვნენ.
სიმ უოლდროპის შვილი, ჯოზეფი, მამაჩემი იყო. ერთხელ ჯოზეფმა გოგონას, სახელად ბელს, მისცა ტრაქტატი, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ საეკლესიო სწავლებას ამხელდა, რითაც გოგონაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გოგონა აღაფრთოვანა წაკითხულმა და ტრაქტატი მამასაც აჩვენა, რომელიც ასევე დაინტერესდა. მოგვიანებით ჯოზეფი და ბელი დაქორწინდნენ და ექვსი შვილი შეეძინათ. მე მათი მეორე შვილი ვარ.
საღამოობით მამა მთელ ოჯახს ბუხართან გვკრებდა და ბიბლიასა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ გვიკითხავდა. ბოლოს ყველანი ვიჩოქებდით და მამა გულმხურვალე ლოცვას ამბობდა. ყოველკვირეულად კი ეტლით რამდენიმე კილომეტრს გავდიოდით, რომ პაპა სიმის სახლში ბიბლიის მკვლევართა შეხვედრას დავსწრებოდით.
სკოლაში თანაკლასელები ხშირად დაგვცინოდნენ და რასელისტებს გვეძახდნენ. ეს სულაც არ იყო შეურაცხყოფა, როგორც თვითონ ეგონათ, რადგანაც დიდად ვაფასებდი ჩარლზ ტეიზ რასელს, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველ პრეზიდენტს. ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მან ჩემზე ბირმინგემში (ალაბამა, აშშ) 1914 წელს გამართულ კონგრესზე! დღესაც მახსოვს, როგორ გვიხსნიდა სლაიდებს, „შემოქმედების ფოტოდრამას“, კათედრიდან.
ჩვენი ოჯახი 1920 წელს მობილის (ალაბამა, აშშ) აღმოსავლეთით მდებარე ერთ პატარა ქალაქ რობერტსდეილში გადავიდა საცხოვრებლად. ხუთი წლის შემდეგ ჰერბერტ მარშს გავყევი ცოლად. მე და ჰერბერტი ჩიკაგოში (ილინოისი, აშშ) გადავედით და სულ მალე ვაჟიშვილი, ჯოზეფ ჰაროლდი, შეგვეძინა. სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის რელიგიას ჩამოვშორდი, მაგრამ ის მაინც ჩემს გულში რჩებოდა.
ბიბლიურ ჭეშმარიტებაში დგომა
ერთ დღეს, 1930 წელს, უეცრად თითქოს გამოვფხიზლდი, როდესაც შევესწარი, თუ როგორ დააგორა კიბეზე ერთი ბიბლიის მკვლევარი ჩვენი სახლის გამძვინვარებულმა პატრონმა. ძალიან აღვშფოთდი და სახლის პატრონს მის საქციელზე დაველაპარაკე. ის კი დამემუქრა, რომ, თუ ამ კაცს ბინაში შევიპატიჟებდი, მე და ჩემი მეუღლე იქ ცხოვრებას მეტად ვეღარ შევძლებდით. რაღა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ შევიპატიჟე ბიბლიის მკვლევარი ფინჯან ჩაიზე.
შემდეგ კვირას მე და ჩემი მეუღლე ბიბლიის მკვლევართა შეხვედრას დავესწარით და უზომოდ აღფრთოვანებულები დავრჩით ჯოზეფ ფ. რუტერფორდის ნახვით, რომელიც რასელის სიკვდილის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი გახდა. ისე მოხდა, რომ იმ დროს რუტერფორდი ჩიკაგოში სტუმრად იყო ჩამოსული. ამ მოვლენებმა აღმძრა, რომ ქრისტიანულ მსახურებაში ისევ აქტიური გავმხდარიყავი. სულ მალე ისევ რობერტსდეილში დავბრუნდით საცხოვრებლად.
კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) 1937 წელს ჩატარებულ კონგრესზე გადავწყვიტე, პიონერი (იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახური) გავმხდარიყავი. მოგვიანებით ჩემი მეუღლე, ჰერბერტი, მოინათლა და მალე რობერტსდეილის კრებაში თავმჯდომარე ზედამხედველად მსახურება დაიწყო. ჩვენი ვაჟი, ჰაროლდი, ხშირად მიწევდა პარტნიორობას კარდაკარ მსახურებისას.
სპეციალურ პიონერად 1941 წელს ბრუკჰავენში (მისისიპი, აშშ) მიმიწვიეს. ჩემი პარტნიორი ვიოლეტ ბაბინი, ახალ-ორლეანელი ქრისტიანი და, იყო. ორივენი კეთილგანწყობილებით შევხვდით მიწვევას, ბრუკჰავენში ტრეილერი ჩავიტანეთ და ჩვენს შვილებთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედით. მეუღლეები მოგვიანებით უნდა ჩამოსულიყვნენ.
პირველ ხანებში მსახურების საქმე კარგად მიდიოდა და ვიოლეტის გოგონა და ჰაროლდი სკოლაში კარგად სწავლობდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1941 წლის დეკემბერში იაპონელებმა პერლ-ჰარბორი დაბომბეს და შეერთებულმა შტატებმა ომი გამოაცხადა, ჩვენი საქმიანობისადმი ხალხის დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა. ქვეყანაში პატრიოტული სულისკვეთება და საიდუმლო ორგანიზაციების შიში იყო გაბატონებული. იმის გამო, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურები ვიყავით, ადამიანები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ და გერმანიის ჯაშუშობასაც კი გვაბრალებდნენ.
ჰაროლდი სკოლიდან გარიცხეს, რადგანაც დროშისადმი სალმის მიცემაზე უარს ამბობდა. მასწავლებელი მესაუბრა, რომ ჰაროლდი გონიერი და კარგად აღზრდილი ბავშვი იყო, მაგრამ, დირექტორის აზრით, დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმით ის ცუდ მაგალითს იძლეოდა. ჩვენი უბნის სკოლების მეთვალყურე იმდენად აღაშფოთა დირექტორისა და სკოლის საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ სამსახური მიატოვა და შემოგვთავაზა, ჰაროლდისთვის კერძო სკოლაში სწავლის საფასური თვითონ გადაეხადა!
ყოველდღიურად ბრბოს თავდასხმა გვემუქრებოდა. ერთხელ, პოლიციელებმა ერთი-ერთი ქალის სახლის კარიდან გამოგვაგდეს, ჩვენი ფონოგრაფები ხეზე მიამსხვრიეს, ფირფიტები, რომლებზეც ბიბლიური ლექციები იყო ჩაწერილი დაგვიმტვრიეს, ბიბლიები და ლიტერატურა ნაფლეთებად აქციეს და ბოლოს ყველაფერს, რაც კი ჩამოგვართვეს, ცეცხლი მოუკიდეს. გვითხრეს, რომ დაღამებამდე ქალაქი დაგვეტოვებინა, თორემ ხალხი გაგვაძევებდა. სასწრაფოდ წერილები დავწერეთ, რომლებშიც დაცვას ვითხოვდით და ქალაქის ოფიციალურ პირებს გადავეცით. მაგრამ ისინი უარზე იყვნენ, ჩვენთვის მფარველობა გაეწიათ. დახმარებისთვის ჯექსონის (მისისიპი, აშშ) გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც კი მივმართე. მათაც ქალაქის დატოვება გვირჩიეს.
იმ ღამეს ჩვენს ტრეილერს დაახლოებით ასმა გამძვინვარებულმა კაცმა ალყა შემოარტყა. სახლში მარტო ორი ქალი და ჩვენი შვილები ვიყავით. კარი ჩავკეტეთ, შუქი ჩავაქრეთ და იეჰოვასადმი მთელი გულით ვილოცეთ. საბოლოოდ, ბრბო ისე გაიფანტა, რომ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია.
ამ ამბების გამო ჰერბერტმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ ჩამოსულიყო ბრუკჰავენში. ჰაროლდი რობერტსდეილში, ჩემს მშობლებთან, წავიყვანეთ, სადაც ადგილობრივი სკოლის დირექტორმა გარანტია მოგვცა, რომ ჰაროლდი განათლებას მიიღებდა. ბრუკჰავენში რომ დავბრუნდით, ტრეილერი დარბეული დაგვხვდა, შიგნით კი კედელზე მილურსმული ჩვენი დასაპატიმრებელი ორდერი ვიპოვეთ. ამგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მტკიცედ ვიდექით და მსახურებას განვაგრძობდით.
დაპატიმრებულნი და შეურაცხყოფილნი
მე და ჰერბერტი 1942 წლის თებერვალში დაგვაპატიმრეს, როდესაც ერთ პატარა სახლში ბიბლიის შესწავლას ვატარებდით. ოჯახის უფროსი იმდენად აღაშფოთა ჩვენდამი ასეთმა მოპყრობამ, რომ კედელზე ჩამოკიდებულ თოფს ხელი დაავლო და პოლიციელებს დაემუქრა! მეორე დღეს, სასამართლო პროცესზე, კერძო საკუთრების ხელყოფაში ბრალი დაგვდეს და დამნაშავედ გვცნეს.
თერთმეტი დღის მანძილზე ბინძურ, ცივ საკანში ვისხედით. იქ ყოფნისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბაპტისტმა მღვდელმა მოგვაკითხა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ, თუ ქალაქის დატოვებაზე თანახმა ვიქნებოდით, ჩვენს გასათავისუფლებლად თავის ავტორიტეტს გამოიყენებდა. მისი სიტყვები ირონიად ჩავთვალეთ, რადგანაც პირველ რიგში მისი ავტორიტეტით ვიყავით მოხვედრილი იქ.
საკანის ერთი კუთხე, ჩანდა, საპირფარეშოს ფუნქციას ასრულებდა. მთელი ის ადგილი ბაღლინჯოებით იყო სავსე. საჭმელი გასარეცხი, ბინძური თუნუქის ქვაბებით მოჰქონდათ. ასეთი პირობების გამო, ფილტვების ანთებით დავვაადდი. ჩემს გასასინჯად ექიმი მოიყვანეს და ორივენი გაგვათავისუფლეს. იმავე ღამეს ჩვენს ტრეილერთან ბრბო შეგროვდა, ამიტომ რობერტსდეილში წავედით და სასამართლო პროცესამდე იქ დავრჩით.
სასამართლო პროცესი
მთელი შტატის ბაპტისტები მოგროვდნენ ბრუკჰავენში ბაპტისტი მღვდლის მხარდასაჭერად, ვისი მიზეზითაც ვიყავით დაპატიმრებულები. ამის გამო სურვილი გამიჩნდა, წერილი მიმეწერა ჩემი სიძისთვის, ოსკარ სკუგლანდისთვის, რომელიც თავისი რწმენის ერთგული ბაპტისტი დიაკვანი იყო. წერილი ცხელ გულზე დავწერე და დიდი ტაქტი არ გამომიჩენია. მაგრამ იმას, რაც მე ჩემდამი მოპყრობის შესახებ შევატყობინე, სასიკეთოდ უნდა ემოქმედა მასზე, რადგანაც მცირე ხანში ის იეჰოვას ერთგული მოწმე გახდა.
ჩვენი ადვოკატები, ჯ. ს. კლარკი და ვიქტორ ბლეკველი, იეჰოვას მოწმეები, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბრუკჰავენის სასამართლო განაჩენს ობიექტურად არ გამოიტანდა. ამიტომაც გადაწყვიტეს, არ დაეშვათ საქმის განხილვა. ყოველთვის, როდესაც ბრალმდებელი რაიმეს იტყოდა, ჩვენი ერთ-ერთი დამცველი წინააღმდეგ გამოდიოდა. ისინი, სულ ცოტა, ორმოცდაათჯერ იყვნენ წინააღმდეგნი. საბოლოოდ, მოსამართლემ ყველა ბრალდება უარყო.
სამქადაგებლო მსახურებისთვის ახალი დანიშვნა
ძალების აღდგენისა და ჯანმრთელობის დაბრუნების შემდეგ, ჩემს ვაჟთან, ჰაროლდთან, ერთად კვლავ პიონერობა დავიწყე. 1943 წელს სახლთან უფრო ახლოს, მობილის (ალაბამა) მახლობლად მდებარე პატარა დასახლებებში, უისტლერსა და ჩიკესოში დაგვნიშნეს. ვფიქრობდი, რომ ამ ახალ უბნებზე ნაკლები საფრთხე გველოდა, რადგან ბოლო ხანებში უზენაეს სასამართლოს უამრავი დადგენილება ჰქონდა მიღებული, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ინტერესებს ითვალისწინებდა, და ჩვენი საქმიანობის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაც უმჯობესდებოდა.
მალე უისტლერში ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოყალიბდა და შეხვედრების ჩასატარებლად საკუთარი ადგილი გვჭირდებოდა. ყველანი, ვისაც კი ხელში ინსტრუმენტების დაჭერა შეგვეძლო, ჩვენი პატარა სამეფო დარბაზის მშენებლობაზე ვმუშაობდით და მასში ჩატარებულ პირველ შეხვედრას 16 პიროვნება დავესწარით. მაგრამ ჩიკესოში განსხვავებული მდგომარეობა იყო, რადგანაც ის ერთ-ერთი კომპანიის, გემთმშენებელი კორპორაციის, კუთვნილი ქალაქი იყო. თუმცა, თავისი საქმიანი უბნით, ფოსტითა და სავაჭრო ცენტრით, სხვა პატარა ქალაქებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
ერთხელ, 1943 წლის დეკემბერში, პიონერი და, აილინ სტეფენსი, და მე გამვლელებს ბიბლიური ჟურნალების უახლეს ნომრებს ვთავაზობდით ქალაქ ჩიკესოში, როდესაც შერიფის თანაშემწე ჩათემმა გვითხრა, რომ ქადაგების უფლება არ გვქონდა, რადგანაც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით. ჩვენ ავუხსენით, რომ არ ვვაჭრობდით და ჩვენი საქმიანობა რელიგიური იყო, რომელსაც ამერიკის კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორება იცავდა.
ისევ პატიმრობა
მომდევნო კვირას მე და აილინი ი. ბ. ფიბელსს, გემთმშენებლობის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, შევხვდით და ავუხსენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რელიგიური საქმიანობა. მან გაგვაფრთხილა, რომ იეჰოვას მოწმეებს ჩიკესოში ამის ნებას არ მისცემდნენ. ავუხსენით, რომ ადამიანები სახლებში სიხარულით გვღებულობდნენ. შეეძლო მას ხალხისთვის ბიბლიის სწავლის უფლების ჩამორთმევა? ის მტრულად განეწყო და დაგვემუქრა, რომ კერძო საკუთრების ხელყოფისთვის ციხეში ჩაგვსვამდა.
ჩიკესოში კვლავ და კვლავ ჩავდიოდი და თითოეულ ჩასვლაზე მაპატიმრებდნენ. მაგრამ ყოველთვის ჯარიმას ვიხდიდით და მათავისუფლებდნენ. ბოლოს გადასახადი უზომოდ გაიზარდა და ციხეში ჯდომა უფრო და უფრო მეტ ხანს მიწევდა, ვიდრე ფულის საჭირო რაოდენობას ვიშოვიდით. ციხეში სანიტარიული წესრიგი დაცული არ იყო — საპირფარეშო არ არსებობდა, ლეიბს ზეწარი არ ეფარა და საბანი ჭუჭყიანი იყო. შედეგად ჩემი ჯანმრთელობა ისევ გაუარესდა.
ექვსი მოწმის საქმე, რომლებიც 1943 წლის 24 დეკემბერს დაგვაპატიმრეს, 1944 წლის 27 იანვარს სასამართლომ ერთად განიხილა და ჩემი ჩვენება დანარჩენი ბრალდებულების ჩვენებადაც ჩაითვალა. თუმცა სასამართლო პროცესმა იეჰოვას მოწმეთა აშკარა დისკრიმინაცია ცხადყო, მაინც დამნაშავედ მცნეს. ჩვენ გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ.
სააპელაციო სასამართლომ 1945 წლის 15 იანვარს თავისი განაჩენი გამოიტანა: კერძო საკუთრების ხელყოფისთვის დამნაშავე ვიყავი. გარდა ამისა, ალაბამის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა, განეხილა ჩემი საქმე. 1945 წლის 3 მაისს ჰეიდენ კევინგტონმა, იეჰოვას მოწმე გაბედულმა და ძლიერმა ადვოკატმა, აპელაცია შეიტანა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში.
სანამ მე და აილინი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდით, საქმის სხვაგვარად შეტრიალება შევძელით, ადამიანის უფლებების შელახვისთვის ი. ბ. ფიბლსისა და მისი მომხრეების, შერიფის ხალხის, წინააღმდეგ საქმე აღვძარით და კომპენსირება მოვითხოვეთ. ბრალმდებლები ცდილობდნენ, რომ ჩვენ წინააღმდეგ წამოყენებული კერძო საკუთრების ხელყოფის ბრალდება მოძრაობისთვის დაბრკოლების შექმნის ბრალდებით შეეცვალათ, მაგრამ ციხიდან ჩუმად გამოტანილი მქონდა დოკუმენტი შერიფის თანაშემწის ჩათემის ხელმოწერით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრალი კერძო საკუთრების ხელყოფაში გვედებოდა. როდესაც ეს მტკიცება სასამართლოზე წარვადგინეთ შერიფი ჰოლკუმი ფეხზე წამოხტა და თითქმის გადაყლაპა თავისი სიგარა! 1945 წლის თებერვლის სასამართლო პროცესი იმით დამთავრდა, რომ მსაჯულები ჩიხში მოვაქციეთ.
უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს
შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ჩემი საქმით დაინტერესდა, რადგანაც კერძო საკუთრების ხელყოფის ბრალდებამ რელიგიური თავისუფლების საკითხი ხელახლა წამოჭრა. კევინგტონმა დაამტკიცა, რომ ჩიკესოში მოქმედი წესები თავისუფლებას ართმევდა არა მარტო ბრალდებულებს, არამედ მთელ საზოგადოებას.
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 1946 წლის 7 იანვარს გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება და ჩვენს სასარგებლოდ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ბლექის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „რამდენადაც [ალაბამას] შტატმა კომპანიის კუთვნილ ქალაქში რელიგიური ლიტერატურის გავრცელებისთვის აპელანტი [გრეის მარში] მცდარად სცნო დამნაშავედ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში არ რჩება“.
ბრძოლა, რომელიც კვლავაც გრძელდება
საბოლოოდ მე და ჰერბერტი ფერჰოფში (ალაბამა, აშშ) დავსახლდით და წლების მანძილზე ვაგრძელებდით სამეფოს ინტერესებში მსახურებას. 1981 წელს ჰერბერტი დამეღუპა, მაგრამ ჩვენს ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალი ლამაზი მოგონება დამრჩა. ჩემმა ვაჟმა, ჰაროლდმა, იეჰოვასადმი მსახურება მიატოვა და მცირე ხნის გასვლის შემდეგ, 1984 წელს, დაიღუპა. ამან ჩემს სიცოცხლეში ყველაზე დიდი სულიერი ტკივილი მომაყენა.
მაინც მადლობელი ვარ, რომ ჰაროლდმა და მისმა მეუღლემ, ელსიმ, სამი შესანიშნავი ქალიშვილი მაჩუქეს და ახლა მე შვილთაშვილებიც მყავს, რომლებიც იეჰოვას მონათლული მოწმეები არიან. ჩემი სამი და, მარგარეტი, ელენ ჯო და კრისტელი, ცოცხლები არიან და იეჰოვას კვლავაც ერთგულად ემსახურებიან. კრისტელი ცოლად ლაიმენ სვინგელს გაჰყვა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. ისინი ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, მსახურობენ. უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, კრისტელი კვლავაც საუკეთესო მაგალითს მაძლევს და მამხნევებს.
განვლილი ოთხმოცდაათზე მეტი წლის მანძილზე ვისწავლე, რომ არასდროს მეშინოდეს ადამიანის, რადგან იეჰოვა ნებისმიერ შერიფსა და მოსამართლეზე, ნებისმიერ პიროვნებაზე ძლიერია. როდესაც წარსულის ამ მოვლენებზე ვფიქრდები, დიდად ვაფასებ უპირატესობას, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ‘სახარების დაცვასა და განმტკიცებაში’ (ფილიპელთა 1:7).
[ჩარჩო 22 გვერდზე]
„კონსტიტუციით აღჭურვილნი“
მერლინ ოუენ ნიუტონმა 1995 წელს დაწერა წიგნი „კონსტიტუციით აღჭურვილნი“, სადაც ფაქტებით ნაჩვენებია, თუ რა წვლილი შეიტანეს იეჰოვას მოწმეებმა, რითაც ნათელი მოეფინა შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი პირველი შესწორების გამოყენებას. ქ-ნი ნიუტონი, მაშინ მონტგომერის (ალაბამა) ჰანტინგდონის უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ისტორიულ-პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობდა. მის მიერ საფუძვლიანად გამოკვლეული, შესანიშნავი დოკუმენტებით შედგენილი წიგნი მიმოიხილავს ალაბამის სასამართლოს მიერ განხილულ ორ საქმეს, რომლებიც ზედიზედ იყო გასაჩივრებული შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში.
უზენაეს სასამართლოში განხილული ერთ-ერთი საქმე გრეის მარშს ეხებოდა, ვისი ავტობიოგრაფიაც თანმხლებ სტატიაშია მოცემული. მეორე კი ჯონსის მიერ ქალაქ ოპელიკის წინააღმდეგ აღძრული საქმე იყო, რომელიც ლიტერატურის საშუალებით რელიგიური მრწამსის გავრცელების საკითხს მოიცავდა. რასკო და თელმა ჯონსები, შავკანიანი ცოლ-ქმარი, იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურები იყვნენ.
პროფესორმა ნიუტონმა თავის წიგნს საფუძვლად დაუდო თანამედროვე პერიოდული პუბლიკაციები და იურიდიული ჟურნალები; იეჰოვას მოწმეების მოგონებები და წერილები; მათგან აღებული ინტერვიუები და მოწმეების მიერ გამოცემული მასალა; და მოწმეების საქმიანობის შესახებ მეცნიერული ნაშრომები. ბრალდებულების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მიერ ნაამბობმა საინტერესო წვრილმანებმა და მათმა პირადმა შეხედულებებმა წიგნის „კონსტიტუციით აღჭურვილნი“ საშუალებით, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული ისტორიის რამდენიმე ფურცელი გააცოცხლეს.
[სურათი 20 გვერდზე]
მე და პაპა, სიმ უოლდროპი.
[სურათი 23 გვერდზე]
გრეის მარში დღეს.