საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
    • იესო პონტიუს პილატეს წინაშე დგას; იესოს ხელში უჭირავს მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდიდნენ; იესო კიცხავს პეტრეს მალქეს ყურის ჩამოთლისთვის

      „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“

      „იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოან. 18:37).

      სიმღერები: 15, 74

      როგორ უპასუხებთ?

      • როგორ ცხადყო იესომ, რომ არ სურდა პოლიტიკაში ჩარევა?

      • რა თქვა იესომ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით და რატომ იყო ეს გონივრული?

      • რა დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანებს ძალადობის მიმართ?

      1, 2. ა) როგორ იქსაქსება მსოფლიო უფრო და უფრო? ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

      „ბავშვობიდან მხოლოდ უსამართლობას ვხედავდი, ამიტომ არ მომწონდა ჩემი ქვეყნის პოლიტიკური კურსი და ისეთ შეხედულებებს ვიზიარებდი, რომელთაც ბევრი რადიკალისტურად მიიჩნევდა. ჩემი მეგობარი მამაკაცი, რომელთანაც მრავალი წლის მანძილზე მქონდა ურთიერთობა, ტერორისტი იყო“, — იხსენებს სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი და. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძმაც ამართლებდა ძალადობას. „ვფიქრობდი, რომ ჩემი ტომი სხვა ყველა ტომზე აღმატებული იყო. ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას შევუერთდი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ მოწინააღმდეგეები შუბით უნდა დაგვეხოცა, ისინიც კი, ვინც ჩვენს ტომს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ სხვა პოლიტიკურ პარტიებს უჭერდნენ მხარს“, — ამბობს ეს ძმა. ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ერთი და კი აღნიშნავს: „წინასწარშექმნილი აზრი მქონდა და მძულდა ყველა, ვინც სხვა ეროვნებასა და სარწმუნოებას მიეკუთვნებოდა“.

      2 მსგავსი ტენდენცია სულ უფრო შესამჩნევია დღევანდელ მსოფლიოში. თავისუფლების მოსაპოვებლად ბევრი პოლიტიკური გაერთიანება ძალადობას მიმართავს; საზოგადოება უფრო და უფრო დაყოფილი ხდება პოლიტიკურად; ბევრ ქვეყანაში მატულობს უცხოელების მიმართ სიძულვილი. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო დღეებში შეუძლებელი იქნებოდა ადამიანებთან მორიგება (2 ტიმ. 3:1, 3). როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ერთობის შენარჩუნება ამ დაქსაქსულ მსოფლიოში? ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იესოსგან, რომლის დროსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ხალხში არეულობას იწვევდა. ამ სტატიაში პასუხი გაეცემა სამ ძირითად კითხვას: რატომ არ უჭერდა მხარს იესო სეპარატისტულ მოძრაობებს? როგორ ცხადყო მან, რომ ღვთის მსახურები ნეიტრალურები უნდა დარჩენილიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში? და როგორ გვასწავლა იესომ, რომ ძალადობას გამართლება არა აქვს?

      უჭერდა იესო მხარს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთ?

      3, 4. ა) რა იმედს ამყარებდნენ იუდეველები მესიაზე? ბ) რა გავლენა მოახდინა ხალხის მოლოდინმა იესოს მოწაფეებზე?

      3 ბევრი ებრაელი, ვისთანაც იესო ქადაგებდა, რომისგან დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ებრაელი ზელოტები ხალხში ნაციონალისტურ სულისკვეთებას აღვივებდნენ. პირველ საუკუნეში ამ ექსტრემისტული დაჯგუფებიდან ბევრი იზიარებდა გალილეელი იუდას მოსაზრებებს, რომელიც თავს მესიად აცხადებდა და მრავალი შეჰყავდა შეცდომაში. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იუდაზე ამბობდა, რომ „ის ლაჩრებს უწოდებდა თანამემამულეებს, რომლებიც ხარკს უხდიდნენ რომაელებს, და ამგვარად მათ აჯანყებისკენ აქეზებდა“. რომაელებმა გალილეელი იუდა სიკვდილით დასაჯეს (საქ. 5:37). ზოგიერთი ზელოტი თავისი მიზნის მისაღწევად ძალადობასაც კი მიმართავდა.

      4 ამ ექსტრემისტების გარდა, სხვა ებრაელებიც მოუთმენლად ელოდნენ მესიის მოსვლას, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა, ანუ ისრაელ ერს დიდებას მოუტანდა და რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა (ლუკ. 2:38; 3:15). ბევრს სჯეროდა, რომ მესია სამეფოს დედამიწაზე, ისრაელის ტერიტორიაზე დააარსებდა, რის შემდეგაც ქვეყნის გარეთ მიმოფანტულ მილიონობით ებრაელს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა. ერთხელ იოანე ნათლისმცემელმაც კი ჰკითხა იესოს: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (მათ. 11:2, 3). ალბათ, იოანეს აინტერესებდა, სხვა ხომ არ უნდა მოსულიყო, რომელიც იუდეველთა ყველა იმედს გაამართლებდა. მკვდრეთით აღმდგარ იესოს ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ორი მოწაფე შეხვდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მესიამ მათი იმედი ვერ გაამართლა (წაიკითხეთ ლუკას 24:21). ამ შემთხვევიდან მალევე მოციქულებმა იესოს ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ (საქ. 1:6).

      5. ა) რატომ სურდათ გალილეელებს იესოს გამეფება? ბ) როგორ შეუსწორა მათ იესომ აზროვნება?

      5 ეჭვგარეშეა, მესიაზე სწორედ ასეთი მოლოდინის გამო მოინდომეს გალილეელებმა იესოს გამეფება. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო იდეალური წინამძღოლი იქნებოდა, რადგან ის შესანიშნავი ორატორი იყო, შეეძლო ავადმყოფების განკურნება და მშიერი ხალხის გამოკვებაც კი. დაახლოებით 5 000 კაცის დაპურების შემდეგ იესო მიხვდა, რა ჰქონდა ხალხს ჩაფიქრებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოან. 6:10—15). მომდევნო დღეს, როცა ხალხში ვნებათაღელვა ჩაცხრა, გალილეის ზღვის მეორე ნაპირზე შეკრებილებს იესომ თავისი საქმიანობის მთავარი მიზანი აუხსნა და დაანახვა, რომ დედამიწაზე ისრაელი ერისთვის მატერიალური კი არა, სულიერი კეთილდღეობის მოსატანად მოვიდა. მან უთხრა მათ: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოან. 6:25—27).

      იესო პონტიუს პილატეს წინაშე დგას

      6. როგორ ცხადყო იესომ, რომ არ აპირებდა დედამიწაზე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

      6 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შენიშნა, რომ ზოგიერთი მოწაფე მისგან დედამიწაზე სამეფოს დამყარებას ელოდა, რომლის სატახტო ქალაქიც იერუსალიმი იქნებოდა. იესომ მათ აზროვნება მინებზე მოყვანილი მაგალითით შეუსწორა. მაგალითიდან ჩანდა, რომ დიდგვაროვანი, რომელიც იესოს განასახიერებდა, შორს წავიდოდა და მის დაბრუნებამდე დიდი დრო გავიდოდა (ლუკ. 19:11—13, 15). იესომ რომაელი მმართველების წინაშეც დააფიქსირა თავისი ნეიტრალური პოზიცია. პონტიუს პილატემ იესოს ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ (იოან. 18:33). შესაძლოა ის წუხდა, რომ იესო პოლიტიკურ არეულობას გამოიწვევდა, რისიც მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ეშინოდა. იესომ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 18:36). ის არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, რადგან მისი სამეფო ზეცაში უნდა დამყარებულიყო. მან პილატეს დაანახვა, რომ მისი საქმე დედამიწაზე ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო (წაიკითხეთ იოანეს 18:37).

      ოჯახი შეწუხებული უყურებს საპროტესტო მსვლელობას, მაგრამ ბიბლიური წინასწარმეტყველებების განხილვის შემდეგ მშვიდდება

      მსოფლიო პრობლემებზე ხართ კონცენტრირებულნი თუ ღვთის სამეფოზე? (იხილეთ აბზაცი 7)

      7. რატომ არის ძნელი, რომ გულშიც კი არ დავუჭიროთ მხარი ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას?

      7 როცა იესოს მსგავსად კარგად გვესმის, რა გვაქვს დავალებული, გულშიც კი არ დავუჭერთ მხარს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას. ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი აღნიშნავს: „ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანები უფრო და უფრო რადიკალისტები და ნაციონალისტები ხდებიან. ბევრს სჯერა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. საბედნიეროდ, ძმები ქრისტიანულ ერთობას ინარჩუნებენ იმით, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაზე არიან კონცენტრირებულნი. მათ იმედი აქვთ, რომ ღმერთი აღმოფხვრის უსამართლობას და გადაჭრის ყველა პრობლემას“.

      როგორ ინარჩუნებდა იესო ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებში?

      8. რა ტვირთი აწვათ იუდეველებს პირველ საუკუნეში?

      8 უსამართლობა ხშირად პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს. მაგალითად, გადასახადების საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა იესოს დროს. ფაქტობრივად, ზემოხსენებული გალილეელი იუდას ამბოხების მიზეზიც ის იყო, რომ რომაელებმა ხალხის აღწერა დაიწყეს, რათა მათთვის გადასახადები დაეკისრებინათ. რომის მოქალაქეებს, მათ შორის იესოს მსმენელებს, ბევრი გადასახადი აწვათ კისერზე, მაგალითად უძრავ-მოძრავი ქონების. გარდა ამისა, ხალხს ტვირთს კორუმპირებული გადასახადების ამკრეფებიც უმძიმებდნენ. ამ თანამდებობას ზოგჯერ ისინი საჯარო აუქციონზე ყიდულობდნენ, რათა ხალხის ფულით გამდიდრებულიყვნენ. მაგალითად, გადასახადების ამკრეფთა უფროსი ზაქე ხალხს ფულს სძალავდა, რითაც დიდი სიმდიდრე დააგროვა (ლუკ. 19:2, 8). როგორც ჩანს, იმ დროს ბევრი გადასახადების ამკრეფი იქცეოდა ასე.

      იესოს ხელში უჭირავს მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდიდნენ და პასუხობს ფარისევლების ცბიერულ კითხვებს

      9, 10. ა) როგორ ცდილობდნენ მტრები იესოს პოლიტიკურ საკითხებში ჩაბმას? ბ) რას ვსწავლობთ იესოს პასუხიდან? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

      9 იესოს მტრები ცდილობდნენ, ისიც ჩაებათ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში და ამგვარად მახეში გაებათ იგი. მათ იესოს კითხვა დაუსვეს სულადობრივ გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც რომის ქვეშევრდომებისთვის ერთ დინარს შეადგენდა (წაიკითხეთ მათეს 22:16—18). სულადობრივი გადასახადის გადახდა განსაკუთრებით იუდეველებში იწვევდა აგრესიას, რადგან ეს მათ შეახსენებდა, რომ რომის უღელი ედგათ. „ჰეროდეს მომხრეები“, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს, ფიქრობდნენ, რომ, თუ იესო ამ გადასახადის წინააღმდეგი იქნებოდა, მას რომის მტრად გამოაცხადებდნენ, ხოლო თუ იტყოდა, რომ აუცილებელი იყო სულადობრივი გადასახადის გადახდა, მიმდევრებს დაკარგავდა.

      10 იესო დიდ სიფრთხილეს იჩენდა, რადგან სურდა, რომ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხში ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა. მან თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათ. 22:21). ცხადია, იესომ იცოდა, რომ გადასახადების ამკრეფები კორუმპირებულები იყვნენ, მაგრამ მას არ სურდა, რომ ყურადღება გადაეტანა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხიდან — ღვთის სამეფოდან, რომელიც ადამიანებს ნამდვილად გაათავისუფლებდა პრობლემებისგან. ამ მხრივ მან კარგი მაგალითი დაუტოვა თავის მიმდევრებს. რაც არ უნდა სწორი და სამართლიანი ჰგონებოდათ ესა თუ ის კურსი, ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში. ქრისტიანებს არც მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და არც ხმას იმაღლებენ უსამართლობის წინააღმდეგ. ნაცვლად ამისა, ისინი ეძებენ „სამეფოს და მამის სიმართლეს“ (მათ. 6:33).

      11. როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ ჩვენში მოჭარბებული სამართლიანობის გრძნობა?

      11 ბევრმა იეჰოვას მსახურმა შეძლო, რომ გათავისუფლებულიყო მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებებისგან. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ერთი და გვიამბობს: „უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ რადიკალისტური აზროვნება განმივითარდა. მინდოდა, შავკანიანთა უფლებები დამეცვა, რადგან ბევრ უსამართლობას ვაწყდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ კამათის დროს თითქმის ვერავინ მჯობნიდა, მაინც იმედგაცრუება მეუფლებოდა. ვერ ვხვდებოდი, რომ რასობრივი უსამართლობის მიზეზები ადამიანის გულიდან უნდა აღმოფხვრილიყო. თუმცა ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაკეთება ჩემი გულიდან უნდა დამეწყო. ამაში ერთი თეთრკანიანი და დამეხმარა. დღეს ჟესტურენოვან კრებაში პიონერად ვმსახურობ და ვცდილობ, რომ ყველანაირ ადამიანს ვუქადაგო“.

      „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას“

      12. რა სახის „საფუარს“ უნდა მორიდებოდნენ იესოს მოწაფეები?

      12 იესოს დროს რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში იყო აღრეული. ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ იუდეველები დაყოფილნი იყვნენ რელიგიურ ჯგუფებად, რომლებიც ძალიან ჰგავს დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს (Daily Life in Palestine at the Time of Christ). ამიტომ იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“ (მარ. 8:15). „ჰეროდეს საფუარში“ მან, როგორც ჩანს, ჰეროდეს მომხრეები იგულისხმა. პოლიტიკური თვალსაზრისით ფარისევლები იუდეველთა დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. მათეს სახარებიდან ჩანს, რომ იესომ ამ საუბრის დროს სადუკეველებიც მოიხსენია, რომელთაც არსებული პოლიტიკური წყობის შენარჩუნება სურდათ. რომის მმართველობის დროს ბევრ სადუკეველს პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდა. იესომ კატეგორიულად გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ მორიდებოდნენ ამ სამი ჯგუფის „საფუარს“, ანუ სწავლებებს (მათ. 16:6, 12). აღსანიშნავია, რომ ეს საუბარი მას შემდეგ მალევე შედგა, რაც ხალხს იესოს გამეფება უნდოდა.

      იესო კიცხავს პეტრეს მალქეს ყურის ჩამოთლისთვის

      13, 14. ა) როგორ მიჰყავდა პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს ხალხი ძალადობამდე და უსამართლობამდე? ბ) რატომ არ ამართლებს უსამართლობა ძალადობას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

      13 როცა რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში ირევა, ძალადობა ადვილად იჩენს თავს. იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ამ დროს ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა იესოს მოკვლა განიზრახეს. ისინი მასში პოლიტიკურ და რელიგიურ მეტოქეს ხედავდნენ, რომელსაც შეიძლებოდა მათი ადგილი დაეკავებინა. „თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“, — ამბობდნენ ისინი (იოან. 11:48). ამიტომ მღვდელმთავარმა კაიაფამ იესოს მოკვლა დაგეგმა (იოან. 11:49—53; 18:14).

      14 კაიაფამ ჯარისკაცები გაგზავნა, რომ იესო ღამით შეეპყროთ. იესომ იცოდა ამ სამარცხვინო განზრახვის შესახებ, ამიტომ მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს სთხოვა მათ, რომ რამდენიმე მახვილი წაეღოთ თან. ორი მახვილი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მოციქულებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა (ლუკ. 22:36—38). მოგვიანებით, იმავე საღამოს, პეტრე მახვილით დაესხა თავს ბრბოდან ერთ კაცს. ეჭვგარეშეა, ის განარისხა შუაღამისას იესოს უსამართლოდ დაპატიმრებამ (იოან. 18:10). მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52, 53). ეს დაუვიწყარი გაკვეთილი კარგად შეესაბამებოდა იმავე საღამოს იესოს მიერ ცოტა ხნით ადრე წარმოთქმულ ლოცვას, რომელშიც მან თქვა, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (წაიკითხეთ იოანეს 17:16). უსამართლობასთან ბრძოლა მათ ღვთისთვის უნდა მიენდოთ.

      15, 16. ა) როგორ ეხმარება ქრისტიანებს ღვთის სიტყვა კონფლიქტების თავიდან არიდებაში? ბ) რა განსხვავებას ხედავს იეჰოვა, როცა დღევანდელ მსოფლიოს აკვირდება?

      15 სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა სამხრეთ ევროპაში მცხოვრები და, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ძალადობით სამართალს ვერ აღადგენ. ვხედავდი, რომ ისინი, ვინც ძალადობას მიმართავდნენ, ხშირად სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდნენ, ზოგი კი ბოროტდებოდა. ბიბლიიდან გავიგე, რომ ნამდვილ სამართლიანობას დედამიწაზე მხოლოდ ღმერთი დაამყარებს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო 25 წელია, სწორედ ამას ვქადაგებ“. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებმა ძმამ თავისი შუბი „სულის მახვილით“ ანუ ღვთის სიტყვით შეცვალა. ახლა მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ტომს მიეკუთვნება ადამიანი — ის განურჩევლად ყველასთან ქადაგებს მშვიდობის ცნობას (ეფეს. 6:17). ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები და კი მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა, ცოლად გაჰყვა ძმას, რომელიც მისთვის ერთ დროს საძულველ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. სამივე მათგანს აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლაში ქრისტეს მიბაძვის ძლიერი სურვილი დაეხმარა.

      16 ასეთი ცვლილებების მოხდენა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია! ბიბლია კაცობრიობას აღელვებულ ზღვას ადარებს, რომელიც ვერ წყნარდება (ეს. 17:12; 57:20, 21; გამოცხ. 13:1). მაშინ როცა პოლიტიკურ საკითხებს ხალხში განხეთქილება შეაქვს, ყოფს მათ და ძალადობისკენ უბიძგებს, ჩვენ მშვიდობასა და ერთობას ვინარჩუნებთ. როცა იეჰოვა აკვირდება ამ დაქსაქსულ მსოფლიოს, გულს უთბობს მის ხალხს შორის არსებული ერთობა (წაიკითხეთ სოფონიას 3:17).

      17. ა) რა სამი საშუალებით ვუწყობთ ხელს ერთობას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      17 ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტიანულ ერთობას სამი საშუალებით ვუწყობთ ხელს: 1) იმედი გვაქვს, რომ ღვთის ზეციერი სამეფო აღმოფხვრის უსამართლობას, 2) ნეიტრალურები ვრჩებით პოლიტიკურ საკითხებში და 3) ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ძალადობა. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ჩვენს ერთობას საფრთხე შეუქმნას წინასწარშექმნილმა აზრმა. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად წარმატებით გავუმკლავდეთ ამ სირთულეს.

  • გვქონდეს ისეთივე ერთობა, როგორიც იეჰოვას და იესოს აქვთ!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
    • კეთილი სამარიელი უახლოვდება ნაცემ იუდეველს; იესო სამარიელ ქალს ესაუბრება ჭასთან; პეტრე შედის კორნელიუსის სახლში

      გვქონდეს ისეთივე ერთობა, როგორიც იეჰოვას და იესოს აქვთ!

      „გთხოვ . . . ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში“ (იოან. 17:20, 21).

      სიმღერები: 24, 99

      როგორ უპასუხებთ?

      • რომელი წინასწარშექმნილი აზრები უნდა მოეშორებინათ ქრისტეს მიმდევრებს?

      • როგორ ცხადყვეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა, რომ შესაძლებელია წინასწარშექმნილი აზრის მოშორება და ერთობის შენარჩუნება?

      • რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ღვთის ხალხს შორის მეტი ერთობა იყოს?

      1, 2. ა) რა სთხოვა იესომ ღმერთს მოციქულებთან ერთად ბოლო ლოცვის დროს? ბ) რატომ აფიქრებდა იესოს თავისი მიმდევრების ერთობა?

      მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს იესოს აფიქრებდა, შეძლებდნენ თუ არა მისი მიმდევრები ერთობის შენარჩუნებას. მათთან ერთად ლოცვის დროს მან გამოხატა სურვილი, რომ მის მოწაფეებს ისეთივე ერთობა ჰქონოდათ, როგორიც მას და მამას ჰქონდათ (წაიკითხეთ იოანეს 17:20, 21). მათი ერთობა იმის ძლიერი მტკიცება იქნებოდა, რომ იესო დედამიწაზე იეჰოვამ გამოგზავნა თავისი ნების შესასრულებლად. იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს სიყვარული გამოარჩევდათ, რაც მათ ერთობას შეუწყობდა ხელს (იოან. 13:34, 35).

      2 იესოს ჰქონდა მიზეზი, რომ ერთობის შენარჩუნებაზე გაემახვილებინა ყურადღება. მან შენიშნა, რომ მის მოციქულებს ერთსულოვნება აკლდათ. ეს უკანასკნელი ვახშმის დროსაც გამოჩნდა, როცა მათ იმაზე დაიწყეს კამათი, „თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკ. 22:24—27; მარ. 9:33, 34). სხვა შემთხვევაში იაკობმა და იოანემ იესოს სთხოვეს, რომ თავის სამეფოში მათთვის საპატიო ადგილები მიეცა (მარ. 10:35—40).

      3. რას შეიძლებოდა შეეშალა ხელი ქრისტეს მოწაფეების ერთობისთვის და რა კითხვებს განვიხილავთ?

      3 თუმცა ქრისტეს მოწაფეების ერთობას მხოლოდ პირველობის სული არ უქმნიდა საფრთხეს. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს სიძულვილი და წინასწარშექმნილი აზრი საზოგადოების დაყოფას იწვევდა. ამიტომ იესოს მოწაფეებს უნდა მოეშორებინათ ასეთი უარყოფითი გრძნობები და დამოკიდებულება. ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი? როგორ დაეხმარა ის თავის მიმდევრებს, რომ მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ და ნამდვილი ერთობა ჰქონოდათ? და როგორ დაგვეხმარება იესოს სწავლებები, რომ ჩვენც შევინარჩუნოთ ერთობა?

      წინასწარშექმნილი აზრი იესოსა და მის მიმდევრებზე

      4. რა წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ იესოს მიმართ?

      4 იესო თავადაც გახდა წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლი. როცა ფილიპემ ნათანაელს უთხრა, რომ მესია იპოვა, მან მიუგო: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“ (იოან. 1:46). როგორც ჩანს, ნათანაელმა იცოდა მიქას 5:2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. შესაძლოა ამიტომაც ფიქრობდა, რომ ნაზარეთი საკმაოდ უმნიშვნელო ქალაქი იყო იმისთვის, რომ იქიდან მესია მოსულიყო. გამოჩენილი იუდეველებიც იმიტომ უყურებდნენ იესოს ზიზღით, რომ ის გალილეელი იყო (იოან. 7:52). ბევრი იუდეველი გალილეელებს დაბალ ფენად მიიჩნევდა, სხვები კი დასამცირებლად იესოს სამარიელს ეძახდნენ (იოან. 8:48). სამარიელები იუდეველებისგან ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავდებოდნენ. იუდეველებიც და გალილეელებიც არაფრად აგდებდნენ სამარიელებს და ერიდებოდნენ მათ (იოან. 4:9).

      5. რა წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლი გახდნენ იესოს მოწაფეები?

      5 იუდეველი წინამძღოლებიც არარაობად მიიჩნევდნენ იესოს მიმდევრებს, ფარისევლები კი მათ დაწყევლილ ხალხად თვლიდნენ (იოან. 7:47—49). ყველა, ვისაც რაბინულ სკოლაში არ უსწავლია ან მათ ტრადიციებს არ იცავდა, მათ თვალში უღირსი და მდაბიო ადამიანი იყო (საქ. 4:13). იესოსა და მის მოწაფეებზე წინასწარშექმნილი აზრი იმიტომ ჰქონდათ, რომ ხალხი ამაყობდა თავიანთი რელიგიით, სოციალური სტატუსითა და წარმოშობით. ასეთი წინასწარშექმნილი აზრი იესოს მოწაფეებზეც ახდენდა გავლენას, ამიტომ ერთობის შესანარჩუნებლად მათ აზროვნება უნდა შეეცვალათ.

      6. როგორ შეიძლება იმოქმედოს წინასწარშექმნილმა აზრმა ჩვენზე?

      6 დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს წინასწარშექმნილი აზრი. შეიძლება ან ჩვენ გავხდეთ მისი მსხვერპლი, ან თავად გვქონდეს სხვების მიმართ წინასწარჩამოყალიბებული შეხედულება. „რაც უფრო ხშირად ვფიქრობდი იმ უსამართლობაზე, რომელსაც აბორიგენები დღემდე ხვდებიან, მით უფრო მიმძაფრდებოდა თეთრკანიანების მიმართ სიძულვილი“, — ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები პიონერი და. „ამ სიძულვილს აძლიერებდა ისიც, რომ პირადად შემეხო ეს უსამართლობა“, — დასძენს ის. ერთი კანადელი ძმა აღნიშნავს, რომ ერთ დროს სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდა. „ვფიქრობდი, რომ ფრანგულად მოლაპარაკეები სხვებზე უკეთესები იყვნენ, ამიტომ ინგლისურენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება განმივითარდა“.

      7. საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი?

      7 სხვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანს შეიძლება დღესაც ჰქონდეს ძვალსა და რბილში გამჯდარი, როგორც ეს იესოს დროს იყო. საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი? პირველი, ის მიუკერძოებლობას ავლენდა იმით, რომ ქადაგებდა განურჩევლად ყველასთან — მდიდრებთან თუ ღარიბებთან, ფარისევლებთან თუ სამარიელებთან, გადასახადების ამკრეფებთან თუ ცოდვილებთან. მეორე, სიტყვითა და საქმით მან თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ უნდა მოეშორებინათ სხვების მიმართ უნდობლობა და არაშემწყნარებლური დამოკიდებულება.

      წინასწარშექმნილ აზრზე სიყვარული და თავმდაბლობა იმარჯვებს

      8. რა პრინციპი უდევს საფუძვლად ქრისტიანულ ერთობას? ახსენით.

      8 იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ჩვენს ერთობას. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — თქვა მან (წაიკითხეთ მათეს 23:8, 9). ჩვენ ძმები იმ გაგებით ვართ, რომ საერთო წინაპარი გვყავს (საქ. 17:26). მაგრამ, როგორც იესომ ახსნა, მისი მიმდევრები იმ გაგებითაც იყვნენ და-ძმები, რომ ისინი იეჰოვას ზეციერ მამად აღიარებდნენ (მათ. 12:50). ამასთანავე, ისინი გახდნენ დიდი სულიერი ოჯახის წევრები, რომელთაც სიყვარული და რწმენა აერთიანებდათ. ამიტომ მოციქულები თავიანთ წერილებში ხშირად მოიხსენიებდნენ თანაქრისტიანებს და-ძმებად (რომ. 1:13; 1 პეტ. 2:17; 1 იოან. 3:13).a

      9, 10. ა) რატომ არ ჰქონდათ იუდეველებს იმის მიზეზი, რომ თავიანთი წარმოშობით ეამაყათ? ბ) როგორ გვასწავლა იესომ, რომ არ უნდა გვქონდეს სხვა ერის ხალხზე წინასწარშექმნილი აზრი? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

      9 მას შემდეგ, რაც ნათლად დაგვანახვა, რომ ერთმანეთს და-ძმებად უნდა მივიჩნევდეთ, იესომ თავმდაბლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (წაიკითხეთ მათეს 23:11, 12). როგორც აღვნიშნეთ, სიამაყე მოციქულებს შორის დაყოფას იწვევდა. პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ ისინი თავიანთი ერის წარმოშობით ამაყობდნენ. მართლა საამაყო იყო იუდეველებისთვის ის, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ? ბევრი იუდეველი ამაყობდა ამით. მაგრამ იოანე ნათლისმცემელმა უთხრა მათ: „ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები“ (ლუკ. 3:8).

      კეთილი სამარიელი უახლოვდება ნაცემ იუდეველს

      10 იესო არ იწონებდა, როცა ადამიანები თავიანთი წარმოშობით ამაყობდნენ და გმობდა ასეთ საქციელს. მან თავისი პოზიცია მაშინ გამოხატა, როცა ერთმა მწიგნობარმა ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. პასუხად იესომ მოიყვანა მაგალითი ერთ სამარიელზე, რომელმაც ყაჩაღებისგან ნაცემ იუდეველზე იზრუნა. გზად ჩავლილმა იუდეველებმა ყურადღება არ მიაქციეს გასაჭირში ჩავარდნილ თანამემამულეს, სამარიელს კი გული დაეწვა მის გამო. მაგალითის ბოლოს იესომ უთხრა მწიგნობარს, რომ ამ სამარიელისთვის მიებაძა (ლუკ. 10:25—37). იესომ ცხადყო, რომ სამარიელებს შეეძლოთ, იუდეველებისთვის მოყვასის სიყვარული ესწავლებინათ.

      11. რატომ უნდა ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები უცხოელების მიმართ მიუკერძოებლები და როგორ დაეხმარა მათ ამ მხრივ იესო?

      11 დავალებული საქმის შესასრულებლად იესოს მოწაფეებს სიამაყისა და წინასწარშექმნილი აზრის მოშორება სჭირდებოდათ. ზეცად ამაღლებამდე მან დაავალა მათ, რომ ექადაგათ „მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იესომ წინასწარ მოამზადა ისინი ასეთი ფართომასშტაბიანი დავალებისთვის. ის ყურადღებას უმახვილებდა უცხოელების კარგ თვისებებზე. მაგალითად, მან შეაქო უცხოელი ასისთავი ძლიერი რწმენისთვის (მათ. 8:5—10). მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იესომ აღნიშნა, როგორ გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება უცხოელების მიმართ, მაგალითად სარეფთაში მცხოვრები ფინიკიელი ქვრივისა და კეთროვანი ნაამანის მიმართ, რომელიც სირიელი იყო (ლუკ. 4:25—27). იესომ უბრალოდ კი არ უქადაგა სამარიელ ქალს, არამედ „ორ დღეს დარჩა“ სამარიელთა ქალაქში, რადგან ხალხს მისი ცნობა აინტერესებდა (იოან. 4:21—24, 40).

      წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა პირველ საუკუნეში

      იესო სამარიელ ქალს ესაუბრება ჭასთან

      12, 13. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს, როცა იესო სამარიელ ქალთან ქადაგებდა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე) ბ) საიდან გამოჩნდა, რომ იაკობი და იოანე ვერ ჩასწვდნენ იესოს გაკვეთილს?

      12 მოციქულებისთვის ადვილი არ იყო წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა. ისინი გააკვირვა იმის დანახვამ, რომ იესო მზად იყო, სამარიელი ქალისთვის ესწავლებინა (იოან. 4:9, 27). იუდეველი წინამძღოლები საზოგადოებაში ქალებს არ ელაპარაკებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სამარიელ ქალზე, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა. როცა მოციქულებმა სთხოვეს, საჭმელი ეჭამა, იესოს ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ სულიერ საკითხებზე მსჯელობაში ჩაბმულს შიმშილი აღარც კი ახსოვდა. ქადაგება, თუნდაც ამ სამარიელ ქალთან, მისი მამის ნება იყო და ეს მისთვის საჭმელივით იყო (იოან. 4:31—34).

      13 იაკობი და იოანე ვერ ჩასწვდნენ ამ გაკვეთილს. როცა იესოსთან ერთად სამარიის გავლით მიდიოდნენ, მოწაფეებმა სამარიის ერთ სოფელში ღამის გასათევის ძებნა დაიწყეს. სამარიელებმა არ მიიღეს ისინი, ამიტომ განრისხებულმა იაკობმა და იოანემ იესოს უთხრეს, ნება მიეცა მათთვის, რომ მთელი სოფელი ციდან ჩამოსული ცეცხლით გაენადგურებინათ. იესო გაუწყრა მათ (ლუკ. 9:51—56). საეჭვოა, იაკობსა და იოანეს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონოდათ, მშობლიურ გალილეაში რომ მოქცეოდნენ მათ არასტუმართმოყვარულად. როგორ ჩანს, მათ მტრულ დამოკიდებულებას წინასწარშექმნილმა აზრმა შეუწყო ხელი. მოგვიანებით სამარიელებთან ქადაგებას კარგი შედეგი მოჰყვა და შეიძლება იოანე მოციქულს რცხვენოდა კიდეც, რომ ერთ დროს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა მათ არასტუმართმოყვარეობაზე (საქ. 8:14, 25).

      14. როგორ გადაიჭრა პრობლემა, რომელიც სხვა ენაზე მოლაპარაკე ქვრივებს ეხებოდა?

      14 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მალევე დისკრიმინაციამ იჩინა თავი. გაჭირვებული ქვრივებისთვის საკვების განაწილების დროს ებრაულენოვან იუდეველებს მხედველობიდან რჩებოდათ ბერძნულენოვანი ქვრივები (საქ. 6:1). მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მათ წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიმართ. მოციქულებმა სწრაფად გამოასწორეს მდგომარეობა და საკვების გასანაწილებლად მოწიფული მამაკაცები დანიშნეს, რომელთაც ბერძნული სახელები ჰქონდათ. ამას შეიძლებოდა დაემშვიდებინა გულმოსული ქვრივები.

      პეტრე შედის კორნელიუსის სახლში

      15. როგორ ისწავლა პეტრემ ყველას მიმართ მიუკერძოებლობის გამოვლენა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

      15 ახ. წ. 36 წელს მოწაფეების მომზადების საქმემ ფართო მასშტაბები მიიღო. მოციქულ პეტრეს მხოლოდ იუდეველებთან ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ, როცა ღმერთმა ნათლად დაანახვა, რომ ქრისტიანები მიკერძოებულები არ უნდა ყოფილიყვნენ, პეტრემ უქადაგა რომაელ ჯარისკაცს, კორნელიუსს (წაიკითხეთ საქმეების 10:28, 34, 35). მას მერე პეტრე სიამოვნებით ურთიერთობდა და მიირთმევდა საკვებს უცხოტომელ თანაქრისტიანებთან. თუმცა წლების შემდეგ, ანტიოქიაში ყოფნის დროს, პეტრემ შეწყვიტა არაიუდეველ ქრისტიანებთან ერთად ჭამა (გალ. 2:11—14). ამის გამო პავლემ სამართლიანი შენიშვნა მისცა პეტრეს, რომელმაც, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ის. როცა პეტრემ თავისი პირველი წერილი მისწერა მცირე აზიაში მცხოვრებ იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს, მან თბილად მოიხსენია მთელი საძმო (1 პეტ. 1:1; 2:17).

      16. რით იყვნენ ცნობილნი პირველი საუკუნის ქრისტიანები?

      16 აშკარაა, მოციქულებმა იესოსგან ისწავლეს, რომ ჰყვარებოდათ „ყველანაირი ადამიანი“ (იოან. 12:32; 1 ტიმ. 4:10). მართალია, დრო დასჭირდათ, მაგრამ მათ შეიცვალეს აზროვნება. პირველი ქრისტიანები ერთმანეთის სიყვარულით იყვნენ ცნობილნი. მეორე საუკუნის მწერალი ტერტულიანე ციტირებდა არაქრისტიანების სიტყვებს: „როგორ უყვართ ერთმანეთი . . . ისინი მზად არიან, სიცოცხლეც კი გაიღონ ერთმანეთისთვის“. „ახალი პიროვნებით“ შემოსვის შემდეგ პირველი საუკუნის ქრისტიანები სხვებს ღვთის თვალით უყურებდნენ და მათთვის ყველა ადამიანი თანასწორი იყო (კოლ. 3:10, 11).

      17. როგორ შეგვიძლია აღმოვფხვრათ წინასწარშექმნილი აზრი ჩვენი გონებიდან და გულიდან? მოიყვანეთ მაგალითი.

      17 დღეს შეიძლება ჩვენც დაგვჭირდეს დრო, რომ აღმოვფხვრათ წინასწარშექმნილი აზრი ჩვენი გონებიდან და გულიდან. საფრანგეთში მცხოვრები და ასე აღწერს ამ ბრძოლას: „იეჰოვამ მასწავლა, რას ნიშნავს სიყვარული, რას ნიშნავს გაზიარება და რას ნიშნავს, გიყვარდეს ყველანაირი ადამიანი. მაგრამ დღემდე ვებრძვი სხვების მიმართ წინასწარშექმნილ აზრს და ეს ყოველთვის ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ ვლოცულობ გამუდმებით“. ესპანეთში მცხოვრებ დასაც მსგავსი პრობლემა აქვს: „ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას დღემდე ვებრძვი და ხშირ შემთხვევაში ეს კარგად გამომდის. მაგრამ ვიცი, რომ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტო. მადლობა იეჰოვას, რომ მის დიდ, გაერთიანებულ ოჯახს მივეკუთვნები“. თითოეულმა გულწრფელად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი. ხომ არ გვჭირდება ამ დების მსგავსად წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა?

      როცა სიყვარული ძლიერდება, წინასწარშექმნილი აზრი უკვალოდ ქრება

      18, 19. ა) რატომ უნდა მივიღოთ სხვები გულთბილად? ბ) როგორ შეგვიძლია ამის საქმით ჩვენება?

      18 კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ერთ დროს ყველანი უცხოები ანუ ღვთისგან გაუცხოებულები ვიყავით (ეფეს. 2:12). მაგრამ იეჰოვამ „სიყვარულის თასმებით“ მიგვიზიდა (ოს. 11:4; იოან. 6:44). ქრისტემ მთელი გულით მიგვიღო და, ასე ვთქვათ, გაგვიხსნა კარი, რომ ღვთის ოჯახის წევრები გავმხდარიყავით (წაიკითხეთ რომაელების 15:7). ვინაიდან იესომ არასრულყოფილების მიუხედავად გულთბილად მიგვიღო, გულშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ ვინმეს ხელი ვკრათ!

      სხვადასხვა რასის სამი ახალგაზრდა და

      იეჰოვას მსახურები ეძებენ ზემოდან მომავალ სიბრძნეს და სიყვარულით არიან გაერთიანებულნი (იხილეთ აბზაცი 19)

      19 რაც უფრო მივუახლოვდებით ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, მით მეტად შესამჩნევი გახდება დაყოფა და მტრობა და მით მეტ ადამიანს ექნება წინასწარშექმნილი აზრი (გალ. 5:19—21; 2 ტიმ. 3:13). როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ ვეძებთ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“, რომელიც მიუკერძოებელია და ხელს უწყობს მშვიდობას (იაკ. 3:17, 18). ჩვენ ვხარობთ უცხოელებთან მეგობრობით, ჩვენთვის მისაღებია მათი კულტურა და უცხო ენებსაც ვსწავლობთ. როცა ასე ვიქცევით, ჩვენი მშვიდობა მდინარესავით არის და სიმართლე — ზღვის ტალღებივით (ეს. 48:17, 18).

      20. რა ხდება, როცა სიყვარული ჩვენს გულსა და გონებას გარდაქმნის?

      20 „ჩემ წინ ჭეშმარიტი ცოდნის კარიბჭე გაიხსნა“, — თქვა ზემოთ მოხსენიებულმა ავსტრალიელმა დამ. მან აგვიხსნა, როგორ იმოქმედა მასზე ბიბლიის შესწავლამ: „ჩემი გული და გონება სრულად გარდაიქმნა. ასე რომ, ღრმად გამჯდარი წინასწარშექმნილი აზრი და სიძულვილი სადღაც უკვალოდ გაქრა“. კანადელი ძმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „რასიზმის ძირითადი მიზეზი უმეცრებაა და ადამიანის თვისებებს მისი დაბადების ადგილი არ განსაზღვრავს“. ის ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე დაზე დაქორწინდა! აზროვნების ასეთი ცვლილება ადასტურებს, რომ ქრისტიანულ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს წინასწარშექმნილი აზრი და აკეთებს კიდეც ამას. ეს გრძნობა ისეთი მტკიცე კავშირით გვაერთიანებს, რომ ჩვენს ერთობას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს (კოლ. 3:14).

      a სიტყვა „ძმებში“ შეიძლება ქრისტიანი დებიც იგულისხმებოდნენ. მართალია, პავლემ წერილი რომაელ „ძმებს“ მისწერა, მაგრამ ის დებსაც გულისხმობდა, რომელთაგან ზოგი სახელითაც მოიხსენია (რომ. 16:3, 6, 12). „საგუშაგო კოშკი“ დიდი ხანია, ქრისტიანებს და-ძმებად მოიხსენიებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება