საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა

      „გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12).

      1. როგორ ირეკლავს ცოცხალი ქმნილებები ღვთის სიბრძნეს?

      „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“, — ეს სიტყვები იეჰოვას შემოქმედებით მოხიბლულმა ფსალმუნმომღერალმა წარმოთქვა (ფსალმ. 104:24). ღვთის სიბრძნეს თვალსაჩინოდ ირეკლავს დედამიწის ბიოსფერო ანუ ურთიერთდამოკიდებული მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი — მცენარეები, მწერები, ცხოველები თუ პაწაწინა ბაქტერიები, რომლებიც ერთ, რთულ სასიცოცხლო ჯაჭვს ქმნიან. ჩვენს სხეულში სხვადასხვა ორგანოებისა თუ ცალკეული უჯრედების სრულფასოვანი ფუნქციონირება ორგანიზმში არსებული ათასობით რთული მექანიზმის დამსახურებაა, რაც გვინარჩუნებს ჯანმრთელობას.

      2. რატომ იყო, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი პირველი საუკუნის კრების წევრების ერთიანობა, როგორც მე-13 გვერდზე სურათზეა ნაჩვენები?

      2 იეჰოვამ ისე შექმნა ადამიანები, რომ ერთმანეთი სჭირდებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ყველას განსხვავებული გარეგნობა, ხასიათი და უნარი აქვს. ღმერთმა პირველი წყვილი თავის ანარეკლად შექმნა. მათ ისეთი თვისებები ჰქონდათ, რომ შეეძლოთ ერთმანეთთან ეთანამშრომლათ და ერთმანეთზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული (დაბ. 1:27; 2:18). მაგრამ დღეს მთელი კაცობრიობა ღვთისგანაა გაუცხოებული და ამიტომ არ არის მათ შორის ერთსულოვნება (1 იოან. 5:19) პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები — ეფესოელი მონები, ცნობილი ბერძენი ქალები, განათლებული იუდეველი მამაკაცები და ყოფილი კერპთაყვანისმცემლები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჩანდა, რომ ასეთ განსხვავებულ ხალხს შორის ერთიანობა არსებობდა (საქ. 13:1; 17:4; 1 თეს. 1:9; 1 ტიმ. 6:1).

      3. როგორ აღწერს ბიბლია ქრისტიანულ ერთობას, და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, როგორც ერთი სხეულის ნაწილი, ღმერთს ერთსულოვნად ემსახურებიან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:12, 13). ამ სტატიაში განვიხილავთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს: როგორ აერთიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ხალხს? რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას, გააერთიანოს მილიონები ყველა ერიდან? ერთობისთვის ხელის შემშლელი რომელი ფაქტორების დაძლევაში გვეხმარება იეჰოვა? ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიებისგან განსხვავებით, როგორ ცხადყოფენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ ესმით ერთიანობის ფასი?

      როგორ აერთიანებს ხალხს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

      4. როგორ აერთიანებს ხალხს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

      4 ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას აღიარებენ სამყაროს უზენაეს მმართველად, რადგან მან შექმნა ყველაფერი (გამოცხ. 4:11). მართალია, ქრისტიანებს სხვადასხვა გარემოსა და პირობებში უხდებათ ცხოვრება, მაგრამ ყველა ემორჩილება ღვთის კანონებს და მიჰყვება ბიბლიურ პრინციპებს. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას მამას უწოდებენ (ეს. 64:8; მათ. 6:9). ისინი სულიერი და-ძმები არიან და ტკბებიან ერთობით, რაც ფსალმუნმომღერალმა ასე აღწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1).

      5. რა განაპირობებს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთობას?

      5 ქრისტიანები არასრულყოფილები არიან, მაგრამ მათ უყვართ ერთმანეთი და სწორედ ამიტომ სცემენ ღმერთს თაყვანს ერთსულოვნად. ასეთი სიყვარული მათ იეჰოვამ ასწავლა, რასაც მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8). ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები. მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14). გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი — სიყვარული — ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანია. ალბათ, თავადაც გამხდარხართ იმის მოწმე, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის განსაკუთრებული ერთსულოვნებაა (იოან. 13:35).

      6. როგორ უწყობს ხელს ღვთის სამეფოს მოსვლის იმედი იეჰოვას ხალხს შორის ერთობას?

      6 ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს კაცობრიობის ხსნის ერთადერთ იმედად ღვთის სამეფო მიაჩნიათ. სწორედ ეს არის მათი ერთიანობის ერთ-ერთი მიზეზი. მათ იციან, რომ ადამიანურ მთავრობებს მალე ღვთის სამეფო შეცვლის და ღვთის ერთგულები მარადიული მშვიდობით გაიხარებენ (ეს. 11:4—9; დან. 2:44). ქრისტიანები ყურად იღებენ იესოს მოწოდებას: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16). ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ მსოფლიო კონფლიქტების დროს და შეუძლიათ გაიხარონ ერთობით მაშინაც კი, როცა მათ გარშემო ყველა ომშია ჩაბმული.

      სულიერი განათლების ერთადერთი წყარო

      7, 8. როგორ უწყობს ხელს ბიბლიიდან მიღებული სულიერი განათლება ერთობას?

      7 პირველი საუკუნის ქრისტიანებიც ხარობდნენ ერთობით, რადგან ყველა ერთი და იმავე წყაროდან იღებდა სულიერ განათლებას. მათ ესმოდათ, რომ იესო კრებას იერუსალიმში არსებული ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ასწავლიდა. ხელმძღვანელი საბჭო მოციქულებისა და უხუცესებისგან შედგებოდა. ეს ერთგული მამაკაცები გადაწყვეტილებებს ღვთის სიტყვის საფუძველზე იღებდნენ. ისინი მიმომსვლელი ზედამხედველების მეშვეობით მოძღვრავდნენ კრებებს სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამ ზედამხედველების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ“ (საქ. 15:6, 19—22; 16:4).

      8 დღესაც სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო ხელს უწყობს მსოფლიო საძმოს ერთობას. ხელმძღვანელი საბჭო კრებებს ამარაგებს ლიტერატურით, რომელიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. ეს სულიერი საზრდო ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული. ამიტომ, რასაც დღეს ვსწავლობთ, ღვთისგანაა და არა კაცთაგან (ეს. 54:13).

      9. როგორ გვაერთიანებს ღვთის მიერ მონდობილი სამქადაგებლო საქმე?

      9 ქრისტიანი ზედამხედველებიც ხელს უწყობენ ერთობას იმით, რომ ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმეს. ღვთის ყველა მსახურს თანამშრომლობის სული აერთიანებს; მათი ურთიერთობა ქვეყნიერების ხალხს შორის არსებულ ნებისმიერ ურთიერთობას აღემატება. ქრისტიანული კრება მხოლოდ იმ მიზნით კი არ დაარსდა, რომ ხალხს ერთმანეთთან ჰქონოდა ურთიერთობა, არამედ პატივი მიეგოთ იეჰოვასთვის და მისი საქმე შეესრულებინათ —ექადაგათ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და გაემხნევებინათ ქრისტიანული კრება (რომ. 1:11, 12; 1 თეს. 5:11; ებრ. 10:24, 25). მოციქულმა პავლემ მართებულად შენიშნა ქრისტიანებზე: „მტკიცედ დგახართ ერთ სულში, ერთსულოვნად იბრძვით მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის“ (ფილ. 1:27).

      10. როგორ გვაერთიანებს იეჰოვა?

      10 იეჰოვას ხალხი გაერთიანებული ვართ, რადგან ყველა ვაღიარებთ იეჰოვას უზენაესობას, გვიყვარს და-ძმები, ხსნის იმედად ღვთის სამეფოს მივიჩნევთ და ვაფასებთ კრებაში დანიშნულ ხელმძღვანელ ძმებს. იეჰოვა გვეხმარება, არასრულყოფილების მიუხედავად, მოვერიდოთ ისეთ აზროვნებას, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს ერთობას (რომ. 12:2).

      სიამაყისა და შურის დაძლევა

      11. როგორ ყოფს სიამაყე ხალხს და როგორ გვეხმარება იეჰოვა სიამაყის დაძლევაში?

      11 სიამაყე ყოფს ხალხს. ამაყი ადამიანი სხვას ზემოდან დაჰყურებს და უყვარს ტრაბახი. ასეთი აზროვნება ხშირად არღვევს ერთობას, რადგან ვინც ისმენს სხვის ტრაბახს, შესაძლოა შეშურდეს მისი. მოციქულმა იაკობმა პირდაპირ თქვა: „ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა“ (იაკ. 4:16). თუ დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვები არ გიყვართ. თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითს თავად იეჰოვა გვაძლევს, რადგან ჩვენნაირ არასრულყოფილ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. დავითმა დაწერა: „[ღვთის] თავმდაბლობა განმადიდებს“ (2 სამ. 22:36). იეჰოვას სიტყვა სიამაყის დაძლევასა და სწორი აზროვნების შეძენაში გვეხმარება. პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? და თუ მიიღე, რატომღა იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?“ (1 კორ. 4:7).

      12, 13. ა) რატომ შეიძლება სხვების შეგვშურდეს? ბ) რატომ არის კარგი ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს სხვებზე, როგორიც იეჰოვას აქვს?

      12 შურიც ძირს უთხრის ერთობას. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ყველა შურისკენ ვართ მიდრეკილი და შესაძლოა მათაც კი, ვინც წლებია ემსახურება იეჰოვას, შეშურდეს სხვისი მდგომარეობის, ქონების, პასუხისმგებლობისა თუ გამორჩეული უნარის (იაკ. 4:5). მაგალითად, დაოჯახებულ ძმას შეიძლება შეშურდეს დაუქორწინებელი ძმის, რომელიც სრული დროით მსახურობს და მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მაგრამ დაოჯახებულ ძმას მხედველობიდან რჩება ის, რომ დაუქორწინებელ ძმასაც შეიძლება შეშურდეს მისი იმის გამო, რომ შვილები ჰყავს. როგორ შეგვიძლია დავძლიოთ შური, რაც ჩვენს ერთობას არღვევს?

      13 ბიბლიაში ქრისტიანული კრების ცხებული წევრები სხეულის ნაწილებს არიან შედარებული (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:14—18). მაგალითად, ადამიანის თვალი ჩანს, გული კი — არა, მაგრამ შენთვის ხომ ორივე ძვირფასია?! მსგავსად ამისა, იეჰოვა კრების ყოველ წევრს აფასებს, მაშინაც კი, თუ ვინმე სხვებთან შედარებით ნაკლებად ჩანს. ჩვენ იეჰოვას თვალით უნდა ვუყუროთ ძმებს. ნაცვლად იმისა, რომ შეგვშურდეს სხვების, თითოეულზე უნდა ვიზრუნოთ. თუ ასე მოვიქცევით, სხვები ადვილად დაინახავენ სხვაობას ჩვენსა და ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს შორის.

      დაქსაქსული ქრისტიანული სამყარო

      14, 15. როგორ დაიყო ქრისტიანული სამყარო განდგომილების შედეგად?

      14 როგორც აღვნიშნეთ, ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის ერთობაა, ქრისტიანულ სამყაროში კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. მეოთხე საუკუნიდან განდგომილებამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ ქრისტიანული ეკლესია რომის წარმართი იმპერატორის დაქვემდებარებაში გადავიდა. შედეგად, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიის ფორმირება მოხდა. ამას მოჰყვა ქრისტიანული სამყაროს დანაწევრება — ბევრი ქრისტიანული ქვეყანა რომს გამოეყო და სახელმწიფო რელიგიას თავად ჩაუყარა საფუძველი.

      15 ქრისტიანული სამყაროს ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. მე-17 და მე-18 საუკუნეებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხს პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდნენ, ამიტომ ნაციონალიზმი რელიგიასთან გაიგივდა. მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმმა მსოფლიოს დიდი ნაწილი მოიცვა. საბოლოოდ, ქრისტიანული სამყაროს რელიგიები უამრავ სექტად დაიყო, რომელთა უმრავლესობა ნაციონალიზმს იწყნარებდა. ერთი ქვეყნის ქრისტიანები სხვა ქვეყნის ქრისტიანების წინააღმდეგაც კი იბრძოდნენ. ასე რომ, დღეს ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს სექტანტური სწავლებები და ნაციონალიზმი ყოფს.

      16. რა იწვევს ქრისტიანული სამყაროს დაყოფას?

      16 მე-20 საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს ასობით სექტის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ეკუმენიკურ მოძრაობას, რომლის მიზანი იყო ყველა ქრისტიანული რელიგიის გაერთიანება. მაგრამ არაერთი ათწლეულის მცდელობის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე რელიგიის გაერთიანება გახდა შესაძლებელი. თუმცა მრევლს დღემდე განსხვავებული აზრი აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევოლუცია, აბორტი, ჰომოსექსუალიზმი და ქალების მღვდელმსახურება. ქრისტიანული რელიგიების ზოგი წინამძღოლი სხვადასხვა სექტიდან ხალხის შემოკრებას იმით ცდილობს, რომ თვალს ხუჭავს ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებზე, რამაც ადრე ქრისტიანული რელიგიების სექტებად დაყოფა გამოიწვია. შედეგად, ხალხს კიდევ უფრო უსუსტდება რწმენა და სწორედ ამის გამო ვერ ერთიანდება ქრისტიანული რელიგიები.

      ნაციონალიზმზე გამარჯვება

      17. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ აერთიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ხალხს „უკანასკნელ დღეებში“?

      17 მსოფლიო დღეს ისეა დაყოფილი, როგორც არასდროს. დაქსაქსული მსოფლიოს ფონზე ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა უფრო მეტად იკვეთება. ღვთის წინასწარმეტყველმა მიქამ იწინასწარმეტყველა: „გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12). მიქას წინასწარმეტყველების თანახმად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ნებისმიერი ფორმის თაყვანისმცემლობაზე აღმატებულია, იქნება ეს ცრუ ღმერთების თაყვანისცემა თუ სამშობლოს გაღმერთება. მიქამ დაწერა: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები . . . ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით“ (მიქ. 4:1, 5).

      18. როგორ ცვლის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ადამიანებს?

      18 მიქამ აგრეთვე აღწერა, როგორ გააერთიანებდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ყოფილ მტრებს: «წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ . . . ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს» (მიქ. 4:2, 3). იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც ერთ დროს ადამიანის ხელით ნაკეთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და სამშობლოს აღმერთებდნენ, დღეს მსოფლიო საძმოს ნაწილი არიან და ერთობით ხარობენ. ღმერთი მათ ნამდვილ სიყვარულს ასწავლის.

      19. რაზე მოწმობს მილიონობით ადამიანის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანება?

      19 დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ერთიანობა მართლაც უნიკალური მოვლენაა! ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა მათ თავისი სულით ხელმძღვანელობს. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ამდენი ეროვნების ადამიანი არასდროს ყოფილა გაერთიანებული! დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება გამოცხადების 7:9, 14-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლის თანახმადაც მალე ღვთის ანგელოზები ხელს გაუშვებენ „ოთხ ქარს“, რასაც ბოროტი სისტემის განადგურება მოჰყვება (წაიკითხეთ გამოცხადების 7:1—4, 9, 10, 14). უდავოა, ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიო საძმოს შორის ყოფნა! როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, ხელი შევუწყოთ ერთობას? ეს განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

  • ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
    • ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს

      „გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას“ (ეფეს. 4:3).

      1. როგორ განადიდებდნენ პირველი საუკუნის ეფესოელი ქრისტიანები ღმერთს?

      ეფესოს ქრისტიანული კრების ერთობა ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას განადიდებდა. ეფესოში, რომელიც დიდ სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა, ზოგი ქრისტიანი იმდენად მდიდარი იყო, რომ მონებიც ჰყავდა, სხვები კი თავად იყვნენ მონები და ხელმოკლედ ცხოვრობდნენ (ეფეს. 6:5, 9). მათ შორის ზოგი იუდეველი იყო, რომლებიც სამი თვის მანძილზე პავლე მოციქულის ქადაგებას ისმენდნენ სინაგოგაში. ბევრი წარსულში არტემიდას თაყვანისმცემელი იყო და ჯადოქრობას მისდევდა (საქ. 19:8, 19, 26). როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტებამ გააერთიანა სხვადასხვა წარმომავლობისა თუ მრწამსის ადამიანები. პავლემ კარგად იცოდა, რომ კრებების ერთიანობა იეჰოვას განადიდებდა. მან დაწერა: „მას [ღმერთს] დიდება კრების . . . მეშვეობით“ (ეფეს. 3:21).

      2. რა საფრთხე შეექმნა ეფესოს კრების ერთიანობას?

      2 მიუხედავად ამისა, ეფესოს კრების ერთობას საფრთხე დაემუქრა. პავლემ გააფრთხილა ამ კრების უხუცესები: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:30). ზოგი ძმა კვლავ განხეთქილებას თესავდა კრებაში და აღვივებდა ისეთ სულს, რაც პავლეს სიტყვების თანახმად, „ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფეს. 2:2; 4:22).

      პავლე ეფესოელებს ერთობისკენ მოუწოდებს

      3, 4. როგორ ამახვილებს ყურადღებას ეფესოელების მიმართ მიწერილი პავლეს წერილი ერთობაზე?

      3 პავლეს ესმოდა, რომ ქრისტიანებს ერთობის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაეშურებინათ. ღვთის შთაგონებით პავლემ ეფესოელებს მისწერა წერილი, რომელშიც ძირითად ყურადღებას ქრისტიანულ ერთობაზე ამახვილებდა. პავლემ ეფესოელების საყურადღებოდ თქვა, რომ ღმერთი ‘ქრისტეში კვლავ მოუყრიდა თავს ყველაფერს’ (ეფეს. 1:10). მან ქრისტიანები შეადარა სხვადასხვა ქვას, რომელსაც შენობის ასაგებად იყენებენ: „მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის“ (ეფეს. 2:20, 21). გარდა ამისა, პავლემ იუდეველებისა და უცხოტომელების ერთობაზე გაამახვილა ყურადღება და შეახსენა მათ, რომ ყველა ღვთის შვილები იყვნენ. მან იეჰოვას უწოდა „მამა, ვის წინაშეც ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფეს. 3:5, 6, 14, 15).

      4 ეფესოელების მე-4 თავიდან დავინახავთ, რატომ არის საჭირო ძალისხმევა ერთობის შესანარჩუნებლად, როგორ გვეხმარება ამ მხრივ იეჰოვა და რა თვისებები უწყობს ხელს ერთსულოვნებას. ამ სტატიის პრაქტიკული ღირებულება რომ დაინახოთ, თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ეფესოელების მე-4 თავი.

      რატომ არის საჭირო ერთიანობისთვის ძალისხმევა?

      5. როგორ ემსახურებიან ღვთის ანგელოზები ღმერთს ერთსულოვნად, და რატომ არის ჩვენთვის უფრო რთული ერთობის შენარჩუნება?

      5 პავლე ევედრებოდა ძმებს, ‘გულმოდგინედ დაეცვათ სულის ერთიანობა’ (ეფეს. 4:3). განვიხილოთ ღვთის ანგელოზების მაგალითი, საიდანაც დავინახავთ, რაოდენ აუცილებელია ერთიანობისთვის ძალისხმევა. ორი აბსოლუტურად მსგავსი ქმნილება არ არსებობს. იეჰოვამ მილიონობით ანგელოზი შექმნა. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და პიროვნული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა (დან. 7:10). მიუხედავად ამისა, ისინი ერთსულოვნად ემსახურებიან იეჰოვას, რადგან ყველა უსმენს და ემორჩილება მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:20, 21 ). ადამიანებიც ანგელოზების მსგავსად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ ერთობის შენარჩუნებაში ცოდვილი მიდრეკილებებიც უშლით ხელს.

      6. რომელი თვისებები დაეხმარება თანაქრისტიანებს, თავიანთი სისუსტეების მიუხედავად, სიხარულით ითანამშრომლონ ერთმანეთთან?

      6 ხშირად არასრულყოფილ ადამიანებს ერთმანეთთან თანამშრომლობა უჭირთ. მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ მშვიდი ძმა, რომელიც ფიცხ ძმასთან მსახურობს, ხშირად აგვიანებს და ამის გამო საყვედურს იღებს? ალბათ, ორივე გაღიზიანდება ერთმანეთზე, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ არც ერთი არ იქცევა სწორად. მათ შეიძლება გაუჭირდეთ მსახურებაში თანამშრომლობა. პავლე გვირჩევს, როგორი თვისებები უნდა გამოვიმუშაოთ, რომ თავად შევუწყოთ ხელი ერთობას: „გევედრებით, იმ მოწოდების ღირსად იაროთ, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:1—3).

      7. რატომ არის აუცილებელი არასრულყოფილ და-ძმებთან ერთსულოვნად მსახურება?

      7 არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ და-ძმებთან ერთსულოვნად მსახურება, რადგან ყველანი ერთი სხეული ვართ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთია სხეული, ერთია სული და ერთია იმედი, რომლისკენაც ხართ მოწოდებულნი. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლობა. ერთია ყველას ღმერთი და მამა“ (ეფეს. 4:4—6). თუ გვინდა, რომ იეჰოვამ თავისი სული მოგვცეს და კურთხევებიც არ მოგვაკლოს, ერთ მუშტად უნდა ვიყოთ შეკრული. უნდა დავტოვოთ კრება იმის გამო, რომ ვიღაცამ გვაწყენინა? სხვაგან სად მოვისმენთ „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“? (იოან. 6:68).

      როგორ უწყობს ხელს ერთობას „ძღვენი ადამიანთა სახით“

      8. რას აკეთებს იესო კრების ერთობის შესანარჩუნებლად?

      8 პავლემ მოიყვანა ყველასთვის კარგად ცნობილი მეომრის მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყენებს იესო ‘ძღვენს ადამიანთა სახით’ კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად. გამარჯვებულ მეომარს შეეძლო წამოეყვანა ტყვე სახლში, რომ ცოლისთვის შეემსუბუქებინა საოჯახო საქმეები (ფსალმ. 68:1, 12, 18). მსგავსად ამისა, ქვეყნიერებაზე გამარჯვებულმა იესომ, ასე ვთქვათ, წაასხა კრებაში ტყვეები, რომლებიც თავიანთი სურვილით გაჰყვნენ იესოს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:7, 8). როგორ იყენებს იესო ამ ტყვეებს? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „მოგვცა ზოგი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად, წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენაში“ (ეფეს. 4:11—13).

      9. ა) როგორ გვეხმარება „ძღვენი ადამიანთა სახით“ ერთობის შენარჩუნებაში? ბ) რატომ უნდა შეიტანოს კრების ერთობაში თითოეულმა თავისი წვლილი?

      9 ეს მოსიყვარულე მწყემსები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, კრების ერთობას უწყობენ ხელს. მაგალითად, თუ უხუცესი ხედავს, რომ ორ ძმას ერთმანეთში უთანხმოება აქვს, ის ‘რბილად უნდა მიუდგეს და გამოასწოროს’ ისინი, რომ კრების ერთიანობა არ დაირღვეს (გალ. 5:26—6:1). უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, ბიბლიის საფუძველზე გვასწავლიან და რწმენას გვიმტკიცებენ. ამგვარად, ისინი ერთობას უწყობენ ხელს და თითოეულს მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. პავლემ დაწერა, რომ „აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც თითქოს არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუით“ (ეფეს. 4:13, 14). როგორც სხეულის თითოეული ნაწილი ავსებს ერთმანეთს, ასევე ქრისტიანული საძმოც ერთსულოვანი უნდა გახდეს, რაშიც ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:15, 16 ).

      შეიძინეთ ღვთისმოსაწონი თვისებები

      10. რა საფრთხეს უქმნის უზნეობა ჩვენს ერთობას?

      10 ალბათ შენიშნავდით, რომ ეფესოელების მე-4 თავში მოწიფული ქრისტიანების საყურადღებოდ ხაზგასმულია, რომ ერთობის შესანარჩუნებლად ყველაზე მთავარი სიყვარულია. ამავე თავში საუბარია იმაზე, თუ რას მოიცავს სიყვარული. თუ სხვები გვიყვარს, თავს ავარიდებთ სიძვას და თავაშვებულობას. პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, რომ „აღარ ევლოთ ისე, როგორც უცხოტომელები დადიან“. ეს ხალხი ერთ დროს „ყველანაირად ზნედაცემული და თავაშვებული“ იყო (ეფეს. 4:17—19). ჩვენ ვცხოვრობთ ზნეობრივად დაცემულ ქვეყნიერებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ერთობას. დღეს უზნეობაზე ხუმრობენ, მღერიან და ასეთი შინაარსის ვიდეომასალას გართობის მიზნითაც კი უყურებენ. ზოგი ფარულად ჩადის უზნეობას, ზოგი კი დაუფარავად აკეთებს ამას. თუ ვინმეზე დაქორწინებას არ აპირებ და მასთან მხოლოდ ფლირტი გაქვს, ასეთი საქციელი იეჰოვას და ქრისტიანულ კრებას ჩამოგაშორებს. ეს სახიფათოა, რადგან ამ დროს სიძვამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. გარდა ამისა, ფლირტმა დაქორწინებული შეიძლება მრუშობამდე მიიყვანოს, რაც მარტო დარჩენილ მშობელსა და შვილებზე უარყოფითად აისახება. ოჯახების ნგრევა ძირს უთხრის კრების ერთობას. სწორედ ამიტომ დაწერა პავლემ: „ასეთად არ გისწავლიათ ქრისტე“ (ეფეს. 4:20, 21).

      11. რისკენ მოუწოდებს ბიბლია ქრისტიანებს?

      11 პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოვიშოროთ არასწორი აზროვნება და შევიძინოთ ისეთი თვისებები, რაც ჩვენს ერთსულოვნებას შეუწყობს ხელს: „მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:22—24). როგორ „განვიახლოთ გონება?“ თუ ღვთის სიტყვიდან ნასწავლზე დავფიქრდებით და მოწიფული ქრისტიანების მაგალითს მივყვებით, შევძლებთ „ღვთის ნების თანახმად“ ახალ პიროვნებად შემოსვას.

      გაისუფთავეთ ბაგეები

      12. როგორ უწყობს ხელს მშვიდობას სიმართლის ლაპარაკი, და რატომ უჭირს სხვებს სიმართლის თქმა?

      12 ოჯახსა თუ კრებაში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. გულახდილი და თავაზიანი საუბარი ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს (იოან. 15:15). თუ ვინმე ატყუებს თავის ძმას, მათ შორის ნდობა იკარგება. პავლე მართებულად ამბობს: „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“ (ეფეს. 4:25). შესაძლოა ზოგი ბავშვობიდან შეეჩვია ტყუილის თქმას, რის გამოც უჭირს სიმართლის ლაპარაკი. მაგრამ თუ ასეთი ადამიანი შეეცდება ამ მავნე ჩვევის მოშორებას, იეჰოვა დააფასებს მის მცდელობას და ყოველმხრივ დაეხმარება.

      13. როგორ შეგვიძლია გადავეჩვიოთ უხეშად ლაპარაკს?

      13 იეჰოვა გვასწავლის, რომ დავაფასოთ ყველა კრებასა თუ ოჯახში და ხელი შევუწყოთ ერთობას. ამას იმით მივაღწევთ, თუ ენას გავაკონტროლებთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა . . . მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფეს. 4:29, 31). უხეშად ლაპარაკს რომ გადავეჩვიოთ, სხვების დაფასება და პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. მაგალითად, თუ ქმარი ცოლს უხეშად ელაპარაკება, ის უნდა შეეცადოს, ცოლის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს განსაკუთრებით იმიტომ, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს ქალებს. ღმერთმა ზოგი ქალი წმინდა სულითაც კი სცხო, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეცაში (გალ. 3:28; 1 პეტ. 3:7). ქალებიც, რომლებიც ხშირად უყვირიან ქმრებს, უნდა შეიცვალონ და გაიხსენონ, როგორ იკავებდა იესო თავს მაშინაც კი, როცა ჰქონდა გაბრაზების მიზეზი (1 პეტ. 2:21—23).

      14. რატომ არის სახიფათო განრისხება?

      14 გარდა იმისა, რომ ქრისტიანებმა უხეშად ლაპარაკის ჩვევა უნდა მოიშორონ, აუცილებელია, რისხვის დაოკება ისწავლონ. რისხვაც უშლის ხელს კარგ ურთიერთობებს. ის ცეცხლის მსგავსია, რომელიც ადვილად ედება ყველაფერს და ანადგურებს (იგავ. 29:22). შეიძლება ვინმე თვლის, რომ უკმაყოფილება უნდა გამოთქვას, მაგრამ ამ დროს იგი უნდა შეეცადოს თავი ხელში აიყვანოს და რისხვა არ გადმოანთხიოს, რომ ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. ქრისტიანებმა უნდა ისწავლონ მიტევება, წყენა გულში არ ჩაიდონ და აღარასდროს გაიხსენონ (ფსალმ. 37:8; 103:8, 9; იგავ. 17:9). პავლემ ურჩია ეფესოელებს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). ვინც არ იოკებს რისხვას, ადგილს აძლევს ეშმაკს, რომ კრებაში განხეთქილება შეიტანოს და ერთობა დაარღვიოს.

      15. რა მოხდება, თუ ისეთ რამეს მივითვისებთ, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის?

      15 კრებაში ერთობას ისიც შეუწყობს ხელს, თუ სხვის საკუთრებას არ მივითვისებთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“ (ეფეს. 4:28). იეჰოვას ხალხს შორის ურთიერთნდობაა, მაგრამ თუ ვინმე მიისაკუთრებს ისეთ რამეს, რაც მას არ ეკუთვნის, ეს დაარღვევს ერთობას.

      ღვთის სიყვარული გვაერთიანებს

      16. როგორ შეგვიძლია აღმშენებლური საუბრებით ხელი შევუწყოთ ერთობას?

      16 ქრისტიანული კრების ერთიანობა იმის შედეგია, რომ ყველას გვიყვარს ღმერთი, რაც აღგვძრავს სხვებს სიყვარულით მოვექცეთ. ჩვენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც ჩვენდამი სიკეთეს ავლენს. ეს გვიბიძგებს, გავითვალისწინოთ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევა: „თქვენი პირიდან . . . მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს . . . კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:29, 32). იეჰოვა გვპატიობს არასრულყოფილ ადამიანებს ცოდვებს, ამიტომ ჩვენც გვმართებს ვაპატიოთ სხვებს შეცდომები.

      17. რატომ უნდა ვცდილობდეთ ერთიანობის მთელი გულით შენარჩუნებას?

      17 ღვთის ხალხის ერთობა განადიდებს იეჰოვას. ღვთის სული სხვადასხვაგვარად გვეხმარება, ხელი შევუწყოთ ერთობას. ჩვენ არ გვსურს, შევეწინააღმდეგოთ ამ სულს. პავლემ დაწერა: „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს“ (ეფეს. 4:30). ერთიანობა ძღვენია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ხარობს, ვინც ერთობას ინარჩუნებს და განადიდებს იეჰოვას. „ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფეს. 5:1, 2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება