ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?
მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კაბადონი უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანთა მზერას ატყვევებს და საგონებელში აგდებს მათ. განუმეორებელი სამყაროს უსასრულობა და მოწიწების მომგვრელი სიდიადე ყოველგვარი აღქმის უნარს აღემატება. ვინ ან რამ შექმნა ეს ყველაფერი? რატომ არსებობს? ყოველთვის არსებობდა თუ დასაწყისი ჰქონდა?
ასტრონომიის პროფესორი დეივიდ ბლოკი შენიშნავს: „ის აზრი, რომ სამყარო მუდამ კი არ არსებობდა, არამედ დასაწყისი ჰქონდა, ყოველთვის არ სარგებლობდა დიდი მოწონებით“. მაგრამ ბოლო ათწლეულებში სამყაროს შემსწავლელ მეცნიერთა უმეტესობა დაგროვილმა ფაქტებმა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მას მართლა უნდა ჰქონოდა დასაწყისი. «დღეს თითქმის ყველა ასტროფიზიკოსი მიიჩნევს, [რომ] სამყაროს საწყისი მისცა „დიდმა აფეთქებამ“, რომელმაც მატერია ყველა მიმართულებით გატყორცნა», — იუწყებოდა „იუ. ეს. ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“ 1997 წელს.
ამ საყოველთაოდ მიღებული შეხედულების შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოლოგიის პროფესორი რობერტ იასტროვი ამბობს: „მხოლოდ რამდენიმე ასტრონომს თუ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს მოვლენა — სამყაროს უეცარი გაჩენა — დამტკიცებული მეცნიერული ფაქტი გახდებოდა, მაგრამ ტელესკოპებით ცაზე დაკვირვებამ მრავალი მიიყვანა ამ დასკვნამდე“.
მართლა „დამტკიცებული მეცნიერული ფაქტია სამყაროს უეცარი გაჩენა“? ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია ისტორიულ ცნობებს გადავავლოთ თვალი.
ფაქტები, რომლებიც დასაწყისზე მეტყველებს
1916 წელს ალბერტ აინშტაინის მიერ გამოქვეყნებული ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით ძალაუნებურად გამოდიოდა, რომ სამყარო ან ფართოვდებოდა, ან იკუმშებოდა. მაგრამ ეს აზრი სავსებით ეწინააღმდეგებოდა იმხანად გაბატონებულ შეხედულებას, რომ სამყარო სტატიკური (უმოძრაო) იყო, რაც მაშინ აინშტაინსაც სჯეროდა. ამგვარად, ის იძულებული გახდა, თავის გამოთვლებში ახალი სიდიდე შემოეტანა, რასაც „კოსმოლოგიური კონსტანტა“ უწოდა. ამგვარი ცვლილებების შეტანით ის ცდილობდა, თავისი თეორია მოერგო იმ გაბატონებული მრწამსისთვის, რომ სამყარო სტატიკური და უცვლელი იყო.
მაგრამ 20-იანი წლებისთვის დაგროვილმა უტყუარმა ფაქტებმა აინშტაინი გამოტეხა, რომ ფარდობითობის თეორიაში შეტანილი ცვლილება მისი „ყველაზე უხეში შეცდომა“ იყო. ამ უტყუარი მონაცემების მოპოვება კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კალიფორნიაში, მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში 254 სმ დიამეტრის სარკის მქონე გიგანტური ტელესკოპი დაამონტაჟეს. 20-იან წლებში ამ ტელესკოპით მოხდენილმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ სამყარო ფართოვდებოდა!
მანამდე კი, თვით უდიდესი ტელესკოპებითაც, მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავების გარჩევა შეეძლოთ ჩვენსავე გალაქტიკაში — ირმის ნახტომში. თუმცა მეცნიერები ნისლეულებად წოდებულ მკრთალად მნათ ლაქებსაც ამჩნევდნენ, მათ, უმეტესწილად, ჩვენსავე გალაქტიკაში არსებულ გაზოვან ღრუბლებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ზემოხსენებული გაცილებით მძლავრი ტელესკოპის მეშვეობით ედუინ ჰაბლმა ამ ნისლეულებში ცალკეული ვარსკვლავები გაარჩია. ამგვარად, გამოირკვა, რომ მკრთალად მნათი ლაქები სხვა არაფერი იყო, თუ არა ირმის ნახტომის მსგავსი სხვა გალაქტიკები. დღევანდელი მონაცემებით, სამყაროში 50-დან 125 მილიარდამდე გალაქტიკაა, თითოეული თავისი ასეულ მილიარდობით ვარსკვლავითურთ.
20-იანი წლების მიწურულს ჰაბლმა ისიც აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები გვცილდებიან; და რაც უფრო შორს არიან ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გვცილდებიან. დაცილების სიჩქარეს ასტრონომები სპექტროგრაფის მეშვეობით ადგენენ, რომელიც ციური სხეულების სინათლიდან მიღებული სპექტრის ანალიზს ახდენს. შორეული ვარსკვლავებიდან მოღწეულ სინათლეს პრიზმაში ატარებენ, რის შედეგადაც ის სპექტრის სხვადასხვა ფერის კომპონენტად იშლება.
დაშორებადი სხეულიდან მიღებული სპექტრის ხაზები სპექტრის წითელი ბოლოსკენ არის წანაცვლებული. ამ მოვლენას წითელი წანაცვლება ეწოდება. ხოლო მოახლოებადი სხეულის სპექტრის ხაზები ლურჯი ბოლოსკენ წაინაცვლებს, რასაც ლურჯი წანაცვლება ეწოდება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე მახლობელი გალაქტიკის გარდა, ყველა სხვა ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკა სპექტროგრაფში წითელ წანაცვლებას ამჟღავნებს. მეცნიერები ამდაგვარად ადგენენ, რომ სამყარო მოწესრიგებულად ფართოვდება. შესაძლებელია გაფართოების ტემპის განსაზღვრაც, იმისდა მიხედვით, რამდენად არის სპექტრის ხაზები სპექტრის წითელი ბოლოსკენ წანაცვლებული.
და მაინც, რაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ სამყარო ფართოვდება? მოდი, როგორც ერთი მეცნიერი გვირჩევს, წარმოვიდგინოთ გაფართოების უკუპროცესი, ანუ ის კადრი, რომელზეც გაფართოებადი სამყაროა აღბეჭდილი, გონებაში უკან დავატრიალოთ. ჩვენს წინაშე სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპი გადაიშლება. გაფართოების ნაცვლად სამყარო შემჭიდროვდება, შეიკუმშება. ბოლოს კი ერთ საწყის წერტილს დაუბრუნდება.
გამოჩენილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი თავის წიგნში, რომელიც 1993 წელს გამოაქვეყნა, წერდა: „მეცნიერებას გაბედულად შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა“ (Black Holes and baby Universes and Other Essays).
მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ბევრი არ იზიარებდა შეხედულებას, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა. მაგალითად, სახელოვანი მეცნიერი ფრედ ჰოილი არ ეთანხმებოდა წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ სამყარო წარმოიქმნა ისეთი მოვლენის წყალობით, რასაც ის ირონიულად უწოდებდა „დიდ აფეთქებას“. სხვა ყველაფერთან ერთად ჰოილი იმასაც ამტკიცებდა, რომ, თუ სამყაროს ასეთი დინამიკური დასაწყისი ექნებოდა, მაშინ ამ მოვლენის კვალი სადღაც მაინც უნდა შემონახულიყო კოსმოსში. სადღაც მაინც უნდა შემორჩენილიყო სუსტი გამოსხივება. რა შედეგით დასრულდა ასეთი რელიქტური გამოსხივების ძიება?
„ნიუ-იორკ ტაიმზის“ 1998 წლის 8 მარტის ნომერი იუწყებოდა, რომ 1965 წლისთვის „ასტრონომებმა არნო პენზიასმა და რობერტ უილსონმა ყველგან არსებული რელიქტური გამოსხივება აღმოაჩინეს — ნაშთი თავდაპირველი აფეთქების თანმხლები ძლიერი სითბური გამოსხივებისა“. სტატია დასძენდა: «[„დიდი აფეთქების“] თეორია შეურყეველი აღმოჩნდა».
მაგრამ ამ აღმოჩენიდან მომდევნო წლებში ზოგმა ეჭვი გამოთქვა, რომ, თუ „დიდი აფეთქების“ თეორია უტყუარი იყო, მაშინ რატომ არ შეინიშნებოდა უმნიშვნელო გადახრები გამოსხივების რადიოდიაპაზონში. ასეთი არაერთგვაროვნება გამოწვეული უნდა ყოფილიყო სამყაროში შედარებით გრილი და შემკვრივებული უბნების არსებობით, სადაც მატერიის შეკავშირება იქნებოდა შესაძლებელი, და რის გარეშეც გალაქტიკების ფორმირება შეუძლებელი იქნებოდა. პენზიასმა და უილსონმა დედამიწის ზედაპირიდან წარმოებული ექსპერიმენტების მეშვეობით მსგავსი არაერთგვაროვნების გამოვლენა ვერ მოახერხეს.
ამიტომ 1989 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რელიქტური გამოსხივების საკვლევი სპეციალური თანამგზავრი (COBE) გაიყვანა ორბიტაზე. როგორც ამბობენ, მის მიერ გაკეთებული აღმოჩენები განსაცვიფრებელი იყო. პროფესორი ბლოკი განმარტავს: „[თანამგზავრის] ბორტზე არსებული დიფერენციალური სანტიმეტრული დიაპაზონის რადიომეტრის მიერ დაფიქსირებული გამოსხივების სუსტი ნაკადი კოსმოსურ სივრცეში ღრმად ჩაბეჭდილი სწორედ ის არაერთგვაროვანი რადიოსიგნალებია, რომლებიც მილიარდობით წლის წინათ გალაქტიკათა ფორმირების შედეგია“.
რა უნდა დავასკვნათ?
რა შეიძლება დავასკვნათ იმ ფაქტიდან, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა? რობერტ იასტროვი ამბობს: «შეგვეძლო თუნდაც „დიდი აფეთქება“ დაგვერქმია ამ პროცესისთვის, მაგრამ არ შევცდებოდით, თუ მას შემოქმედების მომენტს ვუწოდებდით». პენზიასი, რომელიც სამყაროში რელიქტური გამოსხივების აღმოჩენაში მონაწილეობდა, შენიშნავს: „ასტრონომია უნიკალური მოვლენის წინაშე გვაყენებს — სამყარო არაფრისგან იყო შექმნილი“. ხოლო ჯორჯ სმუტი, იმ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ზემოხსენებული თანამგზავრის მუშაობას აკონტროლებდა, ამბობს: „რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, სამყაროს წარმოშობას ადასტურებს“.
გონივრულია დავასკვნათ, თუ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა ან შექმნილი იყო, მაშინ მას უნდა ჰყოლოდა საწყისის მიმცემი, ანუ შემოქმედი? ბევრი ფიქრობს, რომ ეს ასეა. თანამგზავრის მიერ გაკეთებულ აღმოჩენებთან დაკავშირებით სმუტმა განაცხადა: „ეს ისეა, თითქოსდა ღმერთს გავუსწორეთ თვალი“.
რაღა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულებში მეცნიერების მიერ ზემოთ განხილულ საკითხებზე სინათლის მოფენის გარეშეც, მილიონობით ადამიანს ისედაც ღრმად სწამს ბიბლიის პირველი სიტყვების: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1).
მაგრამ ყველას როდი სურს ბიბლიის ამ უბრალო სიტყვების ჭეშმარიტება აღიაროს. „ბევრი მეცნიერი ვერ იტანდა იმ აზრს, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, ესე იგი ვიღაცამ შექმნა“, — შენიშნავს ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი. ისინი „ვერ იტანდნენ არამეცნიერულ საფუძველზე აგებულ თეორიებს, — გვიამბობს მაიკლ ბიჰი, — და სხვა ვარიანტების მოსაძებნად ყოველ ღონეს ხმარობდნენ“.
ამრიგად, გვაინტერესებს: მართლა თავისით შეიქმნა სამყარო? შემთხვევით გაჩნდა თუ გონიერმა შემოქმედმა შექმნა? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში გავაშუქებთ.
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა დაგვანახვა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა.
[საავტორო უფლება]
The Observatories of the Carnegie Institution of Washington