საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იფხიზლეთ, როგორც არასდროს!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
    • იფხიზლეთ, როგორც არასდროს!

      „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6).

      1, 2. ა) როგორი ქალაქები იყო პომპეი და ჰერკულანეუმი? ბ) რა გაფრთხილება უგულებელყვეს ამ ქალაქების მკვიდრებმა და რა იყო ამის შედეგი?

      მთა ვეზუვის ძირას ახ. წ. პირველ საუკუნეში ორი მდიდარი რომაული ქალაქი, პომპეი და ჰერკულანეუმი, იყო გაშენებული. შეძლებული რომაელებისთვის ეს ორი ქალაქი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. მათი თეატრები ათასზე მეტ დამსწრეს იტევდა; ხოლო პომპეის უზარმაზარ ამფითეატრში ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა ეტეოდა. პომპეის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 118 დუქანი. ზოგიერთ მათგანში აზარტული თამაშების ოთახები და საროსკიპოები იყო გახსნილი. უზნეობა და გამდიდრებისკენ სწრაფვა ძალიან იყო გავრცელებული, რაზეც ფრესკები და არქეოლოგიური ექსპონატები მოწმობს.

      2 ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს მთა ვეზუვმა ამოფრქვევა დაიწყო. ვულკანოლოგების აზრით, პირველ ამოფრქვევას, რომლის შემდეგაც მთელი ქალაქი მსუბუქი პემზითა და ფერფლით დაიფარა, როგორც ჩანს, გაქცევისთვის დაბრკოლება არ უნდა შეექმნა. ცხადია, მრავალი ასეც მოიქცა. სხვებმა კი სათანადოდ ვერ შეაფასეს საფრთხე ან უბრალოდ უგულებელყვეს გამაფრთხილებელი ნიშნები და დარჩენა არჩიეს. მოგვიანებით, დაახლოებით შუაღამისას, ზვავივით წამოსული გავარვარებული აირების, პემზისა და ქვების ნაკადი გრუხუნით დაატყდა თავს ჰერკულანეუმს და ქალაქის მთელი მოსახლეობა გაგუდა. მეორე დღეს, დილაადრიან, პომპეის მკვიდრთაც იგივე უბედურება დაატყდათ. რამდენად ძვირად დაუჯდათ მათ გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა!

      იუდეველთა სისტემის დასასრული

      3. რა მსგავსებაა იერუსალიმის დაცემასა და პომპეისა და ჰერკულანეუმის განადგურებას შორის?

      3 რამდენად შემაძრწუნებლიც უნდა ყოფილიყო პომპეისა და ჰერკულანეუმის ბოლო, ცხრა წლით ადრე იერუსალიმის განადგურება ბევრად უფრო ტრაგიკული იყო, თუმცა ეს განადგურება ადამიანების ხელით მოხდა. ამ შემთხვევას „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ალყა“ ეწოდა და, ცნობების თანახმად, მან მილიონზე მეტი იუდეველის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ, ისევე როგორც პომპეისა და ჰერკულანეუმის შემთხვევაში, იერუსალიმის განადგურება სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა.

      4. ამ სისტემის აღსასრულის მოახლოების რა ნიშნები იწინასწარმეტყველა იესომ და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში?

      4 იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმის განადგურება და აღწერა შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებდა მას — ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და უკანონობა. იმ დროს უნდა გამოჩენილიყო მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი, მაგრამ ჯერ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები (მათე 24:4—7, 11—14). თუმცა იესოს სიტყვები დიდი მასშტაბით ჩვენს დღეებში სრულდება, მცირე მასშტაბით ის პირველ საუკუნეშიც შესრულდა. ისტორიის თანახმად, იუდეაში საშინელი შიმშილობა დაიწყო (საქმეები 11:28). იუდეველი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი იუწყება იერუსალიმის დაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე მომხდარი მიწისძვრის შესახებ. რაც უფრო ახლოვდებოდა განადგურება, მით უფრო მეტი აჯანყება ხდებოდა. ერთმანეთს ებრძოდა სხვადასხვა იუდაური პოლიტიკური დაჯგუფება და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა იმართებოდა ქალაქებში, სადაც იუდეველებთან ერთად არაიუდეველებიც ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

      5, 6. ა) იესოს რომელი წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა ახ. წ. 66 წელს? ბ) რატომ იყო დაღუპულთა რიცხვი ასე დიდი, როდესაც იერუსალიმი საბოლოოდ დაეცა ახ. წ. 70 წელს?

      5 ბოლოს კი, ახ. წ. 66 წელს იუდეველები რომის წინააღმდეგ აჯანყდნენ. როდესაც ცესტიუს გალუსის არმიამ ალყა შემოარტყა იერუსალიმს, ქრისტიანებს გაახსენდათ იესოს სიტყვები: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). დადგა იერუსალიმის დატოვების დრო. მაგრამ როგორ? გალუსმა მოულოდნელად მოხსნა ალყა. ამით მან იუდეასა და იერუსალიმში მცხოვრებ ქრისტიანებს საშუალება მისცა, დამორჩილებოდნენ იესოს მითითებას და მთებში გაქცეულიყვნენ (მათე 24:15, 16).

      6 ოთხი წლის შემდეგ, დაახლოებით პასექის დროს, რომაელი ჯარისკაცები კვლავ დაბრუნდნენ, ამჯერად გენერალ ტიტუსის ხელმძღვანელობით. ტიტუსს იუდეველთა აჯანყების ჩახშობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მათ ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და აღმართეს „ზვინული“, რამაც შეუძლებელი გახადა გაქცევა (ლუკა 19:43, 44). ომის საშიშროების მიუხედავად, იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იუდევლები მთელი რომის იმპერიიდან მოგროვდნენ. ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. იოსებ ფლავიუსის თანახმად, რომაელთა ალყის დროს დაღუპულთა უმრავლესობა ეს სტუმრები იყვნენa. იერუსალიმის საბოლოო დაცემისას რომის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების ერთი მეშვიდედი განადგურდა. იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება იუდეველთა სახელმწიფოსა და მოსეს რჯულზე დაფუძნებული რელიგიური სისტემის დასასრულს ნიშნავდაb (მარკოზი 13:1, 2).

      7. რატომ გადაურჩნენ იერუსალიმის განადგურებას ერთგული ქრისტიანები?

      7 ახ. წ. 70 წელს იერუსალიმში მოკლულთა ან ტყვეთა შორის შეიძლება იუდეველი ქრისტიანებიც კი ყოფილიყვნენ. მაგრამ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, მათ ყურად იღეს იესოს მიერ 37 წლის წინათ წარმოთქმული გაფრთხილება. მათ დატოვეს ქალაქი და უკან აღარ დაბრუნებულან.

      მოციქულების დროული გაფრთხილება

      8. რის აუცილებლობას ხედავდა პეტრე და იესოს რომელი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში?

      8 დღეს მოველით ბევრად უფრო დიდ განადგურებას, რომელიც მთელ ამ სისტემას მოუღებს ბოლოს. იერუსალიმის განადგურებამდე ექვსი წლით ადრე, მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს მნიშვნელოვანი და დროული რჩევა მისცა: „იფხიზლეთ!“. ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პეტრე ხედავდა, რომ ქრისტიანებმა აუცილებლად უნდა გააღვიძონ „ნათელი გონება“, რათა არ უგულებელყონ „უფლის [იესო ქრისტეს] მცნება“ (2 პეტრე 3:1, 2, აქ). როდესაც პეტრე ქრისტიანებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა მოციქულებისთვის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნათქვამი იესოს სიტყვები: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი“ (მარკოზი 13:33).

      9. ა) როგორი სახიფათო თვალსაზრისი შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთს? ბ) რატომ არის უნდობლობა სახიფათო?

      9 დღესდღეობით ზოგი დაცინვით კითხულობს: „სად არის მისი მოსვლის აღთქმაო?“ (2 პეტრე 3:3, 4). როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სინამდვილეში არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ეს სამყაროს შექმნიდანვე იყო. ასეთი უნდობლობა საკმაოდ სახიფათოა. ეჭვები მოგვადუნებს და დაგვავიწყებს, რა დროში ვცხოვრობთ და გვიბიძგებს, რომ ჩვენს სურვილებს დავემონოთ (ლუკა 21:34). გარდა ამისა, ასეთი დამცინავები ივიწყებენ ნოეს დროინდელ წარღვნას, რომელმაც მაშინდელი ქვეყნიერება გაანადგურა. მართლაც, რა დიდი ცვლილებები მოხდა! (დაბადება 6:13, 17; 2 პეტრე 3:5, 6).

      10. როგორი სიტყვებით ამხნევებდა პეტრე მათ, რომლებმაც შესაძლოა მოთმინება დაკარგეს?

      10 პეტრე გვეხმარება მოთმინების განვითარებაში იმის შეხსენებით, რომ ღმერთი ხშირად დაუყოვნებლივ არ მოქმედებს. პირველ რიგში, პეტრემ თქვა: „ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“ (2 პეტრე 3:8). ვინაიდან იეჰოვა მარადიულია, მას შეუძლია ყველა ფაქტორი გაითვალისწინოს და მოქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. გარდა ამისა, პეტრე აღნიშნავს, რომ იეჰოვას სურვილია, ყველა ადამიანმა მოინანიოს. მრავლისთვის ღვთის მოთმინება გადარჩენას ნიშნავს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებოდნენ (1 ტიმოთე 2:3, 4; 2 პეტრე 3:9). მაგრამ იეჰოვას მოთმინება იმას როდი ნიშნავს, რომ ის არასდროს იმოქმედებს. „უფლის დღე ქურდივით მოვა“, — თქვა პეტრემ (2 პეტრე 3:10).

      11. რა დაგვეხმარება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში და როგორ შეგვიძლია „დავაჩქაროთ“ იეჰოვას დღის მოსვლა?

      11 პეტრეს მიერ მოყვანილი შედარება ნამდვილად ყურადსაღებია. ქურდის დაჭერა არც თუ ისე ადვილია, მაგრამ გუშაგი, რომელიც ყოველ ღამე ფხიზლობს, უფრო ადვილად შენიშნავს მას ვიდრე ის, ვინც დროდადრო თვლემს. როგორ უნდა შეინარჩუნოს გუშაგმა სიფხიზლე? სიარულისას უფრო ნაკლებია ჩაძინების შესაძლებლობა, ვიდრე მთელი ღამე ჯდომისას. მსგავსადვე, როგორც ქრისტიანებს, სულიერ საქმეებში აქტიური მონაწილეობა სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ამიტომ მოგვიწოდებს პეტრე, რომ დაკავებული ვიყოთ „წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში“ (2 პეტრე 3:11). ასეთი აქტიურობა დაგვეხმარება, ‘ველოდოთ და ვესწრაფოთ ღვთის მოსვლის დღეს’. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც „სწრაფვა“, პირდაპირი მნიშვნელობით „დაჩქარებას“ ნიშნავს (2 პეტრე 3:12). ფაქტია, ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ იეჰოვას განრიგი. მისი დღე დანიშნულ დროს მოვა. მაგრამ დრო უფრო მალე გავა, თუ მის მსახურებაში დავკავდებით (1 კორინთელთა 15:58).

      12. როგორ შეგვიძლია თითოეულმა ვისარგებლოთ იეჰოვას მოთმინებით?

      12 კარგი იქნებოდა, თუ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ იეჰოვას დღე იგვიანებს, გაითვალისწინებდა პეტრეს რჩევას და მოთმინებით დაელოდებოდა იეჰოვას დანიშნულ დროს. მართლაცდა, ჩვენ შეგვიძლია ბრძნულად გამოვიყენოთ ის განსაკუთრებული დრო, რომელიც ღვთის მოთმინების წყალობით გვაქვს. მაგალითად, შეგვიძლია განვავითაროთ მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებები და სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. თუ ვფხიზლობთ ამ სისტემის აღსასრულისას, შევძლებთ „უმანკონი და მშვიდობის მქონენი“ წარვდგეთ იეჰოვას წინაშე (2 პეტრე 3:14, 15, აქ). მართლაც, რამხელა კურთხევა იქნება ეს!

      13. თესალონიკელი ქრისტიანებისთვის მიწერილი რომელი სიტყვებია დღეისათვის განსაკუთრებით დროული?

      13 თესალონიკელი ქრისტიანებისადმი მიწერილ პირველ წერილში პავლეც სიფხიზლეზე ამახვილებდა ყურადღებას. ის ურჩევდა: „ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 6). რამდენად უფრო გვჭირდება სიფხიზლე დღეს, როდესაც მთელი ამ სისტემის განადგურება გვიახლოვდება! იეჰოვას თაყვანისმცემლები ცხოვრობენ მსოფლიოში, სადაც უმეტესობა სულიერი საკითხებისადმი გულგრილია და ამან შეიძლება ქრისტიანებზეც იმოქმედოს. ამიტომ, პავლე გვირჩევს: „ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8). ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და კრების შეხვედრებზე ძმებთან ურთიერთობა დაგვეხმარება, მივყვეთ პავლეს რჩევას და ვიფხიზლოთ (მათე 16:1—3).

      მილიონები ფხიზლობენ

      14. როგორ მოწმობს სტატისტიკა, რომ დღეს მრავალი მისდევს პეტრეს რჩევას და ფხიზლობს?

      14 ბევრია ისეთი, ვინც ყურად იღებს სიფხიზლისკენ მოწოდებას? დიახ. 2002 სამსახურებრივი წლის განმავლობაში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი იყო 6 304 645, რაც 2001 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია. ისინი სულიერად ფხიზლობენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სხვებთან საუბარს მათ 1 202 381 302 საათი დაუთმეს. ისინი გულგრილად არ ეკიდებიან ამ საქმეს. მსახურება მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მრავალი ისე უყურებს ამ საქმეს, როგორც სალვადორელი ედუარდო და ნოემი.

      15. როგორ გვიჩვენებს სალვადორელი ქრისტიანების მაგალითი, რომ მრავალი ინარჩუნებს სიფხიზლეს?

      15 რამდენიმე წლის წინათ, ედუარდომ და ნოემიმ ყურად იღეს პავლეს სიტყვები: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31). მათ გაიმარტივეს ცხოვრება და პიონერად მსახურებას შეუდგნენ. დროთა განმავლობაში მრავალი კურთხევა მოიმკეს და სარაიონო და საოლქო მსახურებაშიც კი მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ედუარდო და ნოემი დარწმუნებული არიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც მატერიალურ კეთილდღეობას სრული დროით მსახურება არჩიეს. 29269 სალვადორელი მაუწყებელი და მათ შორის 2454 პიონერი მსგავსი თავგანწირვის სულს ავლენს და ამიტომაც არის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელთა რიცხვი 2 პროცენტით გაიზარდა.

      16. მსახურებისადმი როგორი დამოკიდებულება გამოავლინა ერთმა კოტ-დ’ივუარელმა ახალგაზრდა ძმამ?

      16 კოტ-დ’ივუარში ასეთივე განწყობა ჰქონდა ერთ ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცს, რომელმაც ფილიალს მისწერა: „მე თანაშემწედ ვმსახურობ. მაგრამ არ შემეძლო ძმების აღძვრა პიონერობისკენ, თუ თავად არ მივცემდი ამის კარგ მაგალითს. ამიტომ დავტოვე მაღალანაზღაურებადი სამსახური და ახლა ჩემი საქმე წამოვიწყე. ამან მსახურებისთვის უფრო მეტი დრო მომცა“. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთია 983 პიონერიდან კოტ-დ’ივუარში, სადაც გასულ წელს 6 701 მაუწყებელი მსახურობდა, რაც 5 პროცენტით მეტია.

      17. როგორ დაამტკიცა ახალგაზრდა ბელგიელმა დამ, რომ არ შეუშინდა წინასწარშექმნილ არასწორ აზრს?

      17 ბელგიაში მცხოვრები 24 961 სამეფოს შესახებ მაუწყებელი განუწყვეტლივ განიცდის გარეშეების მხრიდან შეუწყნარებლობას, წინასწარშექმნილი აზრის გამო წარმოქმნილი პრობლემების შედეგებსა და დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, ისინი ენთუზიაზმით აღსავსენი და უშიშარნი არიან. როდესაც სკოლაში, ეთიკის გაკვეთილზე, იეჰოვას მოწმეები დაახასიათეს როგორც სექტა, 16 წლის მოწმემ ნებართვა ითხოვა, რომ თანაკლასელებისთვის დაენახვებინა ამ საკითხზე თავად იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი. ამ გოგონამ ვიდეო-ფილმით „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“ და ბროშურით „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან?“ აუხსნა, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში მოწმეები. ეს ინფორმაცია კარგად იქნა მიღებული და მომდევნო კვირის ტესტებში ყველა კითხვა იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ რელიგიას ეხებოდა.

      18. საიდან ჩანს, რომ ეკონომიკურ პრობლემებს არ შეუძლია არგენტინელი და მოზამბიკელი მაუწყებლების ჩამოშორება იეჰოვას მსახურებისგან?

      18 ამ ბოლო დღეებში ქრისტიანების უმეტესობა სერიოზულ პრობლემებს ხვდება. მაგრამ, ისინი ცდილობენ, არ მოცდნენ უმთავრესი საქმიანობიდან. მიუხედავად კარგად ცნობილი ეკონომიკური პრობლემებისა, გასულ წელს არგენტინაში მიღწეულ იქნა მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 126 709. მოზამბიკიც საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობდა 37 563 მაუწყებელი, რაც 4 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით. მრავალი ალბანელი ხვდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაუწყებელთა რიცხვი 12 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია 2 708-ს. აშკარაა, რომ როდესაც ღვთის მსახურები სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ, მძიმე ცხოვრებისეული პირობები ვერ აბრკოლებს იეჰოვას სულს (მათე 6:33).

      19. ა) რა გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ არის მრავალი ცხვრისმაგვარი ადამიანი, რომელსაც ბიბლიური ჭეშმარიტება სწყურია? ბ) კიდევ რა აჩვენებს წლიური ანგარიშიდან, რომ იეჰოვას მსახურები სულიერად ფხიზლობენ? (იხილეთ ჩარჩო 12—15 გვერდებზე).

      19 გასულ წელს, მთელ მსოფლიოში ბიბლიის 5 309 289 შესწავლა ტარდებოდა, რაც უჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მრავალი ცხვრისმაგვარი ადამიანია ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული. უფლის გახსენების საღამოს არასოდეს დასწრებია ამდენი ადამიანი, რამდენიც შარშან — 15597746; და მათგან უმეტესობა ჯერ აქტიურად არ ემსახურება იეჰოვას. დაე ისინი არა მარტო შემეცნებაში, არამედ იეჰოვასა და ძმების სიყვარულშიც გაიზარდონ. რა სასიხარულოა „სხვა ცხვრებიდან“ „უამრავი ხალხის“ ხილვა. მათ გამუდმებით მოაქვთ ნაყოფი და „დღე და ღამე მის ტაძარში“ ემსახურებიან შემოქმედს სულითცხებულ ძმებთან ერთად (გამოცხადება 7:9, 15; იოანე 10:16).

      რას ვსწავლობთ ლოტის შემთხვევიდან

      20. რას ვსწავლობთ ლოტისა და მისი ცოლის შემთხვევიდან?

      20 რა თქმა უნდა, ღვთის ერთგულმა მსახურებმაც კი შეიძლება დროდადრო დაკარგონ სიფხიზლე. გაიხსენეთ აბრაამის ძმისშვილი ლოტი. მასთან მისულმა ორმა ანგელოზმა გააფრთხილა, რომ ღმერთი სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. ეს არ უნდა გაკვირვებოდა ლოტს, ვინაიდან „ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით [იყო] დაჩაგრული“ (2 პეტრე 2:7). თუმცა სოდომიდან ლოტის გამოსაყვანად მოსული ორი ანგელოზი აჩქარებდა მას, ის „აყოვნებდა“. ანგელოზებმა ლამის ძალით გაიყვანეს ლოტი და მისი ოჯახი ქალაქიდან. მაგრამ ლოტის ცოლმა უგულებელყო ანგელოზის გაფრთხილება და უკან მიიხედა. გაფრთხილებისადმი ასეთი უყურადღებობა მას ძვირად დაუჯდა (დაბადება 19:14—17, 26). „გაიხსენეთ ლოტის ცოლი“, — გვაფრთხილებს იესო (ლუკა 17:32).

      21. რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა უფრო მეტი სიფხიზლის გამოჩენა, ვიდრე უწინ?

      21 პომპეისა და ჰერკულანეუმის განადგურება, იერუსალიმის დაცემა, ნოეს დროინდელი წარღვნა და ლოტის შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რაოდენ სერიოზულად უნდა ვეკიდებოდეთ გაფრთხილებებს. ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვხედავთ უკანასკნელი ჟამის ნიშნებს (მათე 24:3). ჩვენ გამოვეყავით ცრუ რელიგიას (გამოცხადება 18:4). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, გვმართებს, ‘ველოდოთ და ვესწრაფოთ ღვთის მოსვლის დღეს’ (2 პეტრე 3:12). დიახ, ახლა უნდა ვიფხიზლოთ, როგორც არასდროს! რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რა თვისებები უნდა განვივითაროთ, რომ შევძლოთ სიფხიზლის შენარჩუნება? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

      [სქოლიოები]

      a ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი საუკუნის იერუსალიმის მოსახლეობა 120 000-ზე მეტი ყოფილიყო. ევსები კესარიელის გამოთვლით, ახ. წ. 70 წლის პასექს იერუსალიმში იუდეის ოლქის 300 000 მცხოვრები ესწრებოდა. დაღუპულთაგან დანარჩენი რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან იყო.

      b რა თქმა უნდა, იეჰოვამ მოსეს რჯული ახ. წ. 33 წელს ახალი კავშირით შეცვალა (ეფესელთა 2:15).

  • „იფხიზლეთ“!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
    • „იფხიზლეთ“!

      „რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:37).

      1, 2. ა) რა ისწავლა ერთმა კაცმა პირადი საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით? ბ) რას ვსწავლობთ სიფხიზლესთან დაკავშირებით იესოს მიერ ქურდის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან?

      ხუანი მთელ თავის ძვირფასეულობას სახლში ინახავდა. ყოველივე ეს საწოლის ქვეშ, მისი აზრით ყველაზე საიმედო ადგილას, ჰქონდა დამალული. მაგრამ, ერთ ღამეს, როდესაც მას და მის ცოლს ტკბილად ეძინათ, საძინებელში ქურდი შეიპარა. როგორც ჩანს, მან იცოდა, სად უნდა ეძებნა. ქურდმა უხმოდ გამოიღო საწოლის ქვემოდან მთელი ძვირფასეულობა და იქვე მდგარ პატარა კარადაში შენახული ფულიც გააყოლა ხელს. ხუანი დილითვე მიხვდა, რომ გაქურდეს. მან ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრა მწარე გაკვეთილი: მძინარე კაცს არ შეუძლია თავისი საკუთრების დაცვა.

      2 იმავეს თქმა შეიძლება სულიერ საკითხებთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ იმედსა და რწმენას, თუ დავიძინებთ. ამასთან დაკავშირებით პავლე მოგვიწოდებს: „ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6). იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფხიზლე, იესომ ქურდის მაგალითი მოიყვანა. მან აღწერა მოვლენები, რომლებიც დაუკავშირა თავის, როგორც მსაჯულის, მოსვლას და გაგვაფრთხილა: „ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:42—44). ქურდი არასდროს ატყობინებს მსხვერპლს, თუ როდის აპირებს მისვლას. ის ცდილობს, მივიდეს მაშინ, როდესაც არავინ ელის. მსგავსადვე, როგორც იესომ თქვა, ამ სისტემის დასასრული „რომელ საათზეც არ ფიქრობთ“, მაშინ მოვა.

      „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში“

      3. როგორ გვიჩვენებს სიფხიზლის აუცილებლობას იესოს მაგალითი მონებზე, რომლებიც ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელოდებიან?

      3 ლუკას სახარების თანახმად, იესომ ქრისტიანები შეადარა მონებს, რომლებიც ქორწილიდან დაბრუნებულ ბატონს ელოდებიან. მათ სიფხიზლე მართებთ, რომ მისი მოსვლისას არ ეძინოთ და მზად იყვნენ დასახვედრად. მსგავსადვე, იესომ თქვა: „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). ზოგმა, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან იეჰოვას, შეიძლება დაკარგონ სიფხიზლე და დაავიწყდეთ, თუ რა დროში ვცხოვრობთ. ისინი შეიძლება ისეთ დასკვნამდეც კი მივიდნენ, რომ ამ სისტემის ბოლო ჯერ კიდევ შორსაა. მაგრამ, ასეთ აზროვნებას შეუძლია ჩვენი ყურადღების სულიერი საკითხებიდან მატერიალურ მიზნებზე გადართვა და სულიერად მიძინება (ლუკა 8:14; 21:34, 35).

      4. რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში და როგორ ცხადყო ეს იესომ?

      4 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან სხვა რამის სწავლაც შეგვიძლია. თუმცა მონებმა არ იცოდნენ, რომელ საათზე მოვიდოდა მათი ბატონი, როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომელ დღეს დაბრუნდებოდა ის. მათთვის რთული იქნებოდა, ეფხიზლათ მთელი ღამე, თუ იფიქრებდნენ, რომ ის შეიძლება სხვა რომელიმე ღამეს მოსულიყო. მაგრამ არა, მათ იცოდნენ, რომ სწორედ ამ ღამეს მოვიდოდა მათი ბატონი და ეს სიფხიზლისთვის დიდ სტიმულს აძლევდათ. მსგავსადვე, ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადად მოწმობს, რომ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ, თუმცა არ გვატყობინებს აღსასრულის დღესა და საათს (მათე 24:36). იმის რწმენა, რომ ამ სისტემის ბოლო მოახლოებულია, სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება; მაგრამ მტკიცე დარწმუნება იმაში, რომ იეჰოვას დღე მართლაც ახლოსაა, უფრო მეტად აღგვძრავს სიფხიზლისკენ (სოფონია 1:14).

      5. როგორ შეგვიძლია გამოვეხმაუროთ პავლეს მოწოდებას — „იფხიზლეთ“?

      5 პავლე კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში“ (1 კორინთელთა 16:13). დიახ, ჩვენი სიფხიზლე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ ვდგავართ ქრისტიანულ რწმენაში. როგორ შეგვიძლია ვიფხიზლოთ? უნდა შევიძინოთ ღვთის სიტყვის ღრმა შემეცნება (2 ტიმოთე 3:14, 15). კარგი პირადი შესწავლა და კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დაგვეხმარება რწმენის გაძლიერებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმაში, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე. ამიტომ, თუ დროდადრო გადავხედავთ ბიბლიურ მტკიცებებს, რომ ნამდვილად უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, ეს დაგვეხმარება, არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება — ამ სისტემის აღსასრული ახლოსააa. სასარგებლოა აგრეთვე თვალის მიდევნება მსოფლიოს იმ მოვლენებისადმი, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა ძმამ დაწერა: „ყოველთვის, როდესაც ახალი ამბებიდან ვიგებ ომების, მიწისძვრების, ძალადობისა და დედამიწის დაბინძურების შესახებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბოლო ახლოსაა“.

      6. როგორი მაგალითი მოიყვანა იესომ იმის საჩვენებლად, რომ დროთა განმავლობაში სულიერი სიფხიზლის დაკარგვა შეიძლება?

      6 მარკოზის მე-13 თავში ვკითხულობთ, თუ კიდევ როგორ მოუწოდებს იესო თავის მიმდევრებს, რომ იფხიზლონ. იესომ მათი მდგომარეობა შეადარა მეკარეს, რომელიც უცდის მოგზაურობიდან ბატონის დაბრუნებას. მეკარემ არ იცის, როდის მოვა ბატონი. მას ისღა დარჩენია, რომ იფხიზლოს. იესო მოიხსენიებს ოთხ გუშაგობას, როდესაც შეიძლება ბატონი მოვიდეს. მეოთხე გუშაგობა ღამის სამი საათიდან მზის ამოსვლამდე გრძელდება. მეკარეს შეიძლება ამ დროს ადვილად ჩასძინებოდა. როგორც ცნობილია, მეომრები რიჟრაჟს თვლიდნენ საუკეთესო დროდ, როდესაც მტერზე მოულოდნელი თავდასხმის განხორციელება შეიძლებოდა. მსგავსადვე, უკანასკნელი ჟამის მიწურულს, როდესაც სულიერი გაგებით მთელ მსოფლიოს ღრმად სძინავს, განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ ვიფხიზლოთ (რომაელთა 13:11, 12). ამიტომაც იესო არაერთხელ მოგვიწოდებს: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ... ამიტომ ფხიზლად იყავით... რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:32—37).

      7. რა დიდი საშიშროება არსებობს და ამიტომ, ხშირად, რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია?

      7 თავისი მსახურების განმავლობაში და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც კი, იესო ხშირად მოუწოდებდა სიფხიზლისკენ. თითქმის ყოველთვის, როდესაც ბიბლია ამ სისტემის დასასრულს ეხება, იქვე მოიხსენიებს სიფხიზლის აუცილებლობასb (ლუკა 12:38, 40; გამოცხადება 3:2; 16:14—16). მართლაც, სულიერი თვლემა ძალიან საშიშია. ყველა ჩვენგანი საჭიროებს ამ შეხსენებებს! (1 კორინთელთა 10:12; 1 თესალონიკელთა 5:2, 6).

      სამი მოციქული, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე

      8. როგორ გამოეხმაურნენ მოციქულები იესოს თხოვნას, რომ ეფხიზლათ გეთსიმანიის ბაღში?

      8 როგორც დავინახავთ პეტრეს, იაკობისა და იოანეს მაგალითიდან, სიფხიზლისთვის მხოლოდ კარგი განზრახვები არ კმარა. სამივე სულიერი მამაკაცი და იესოს ერთგული მიმდევარი იყო. მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მოძღვარი. მიუხედავად ამისა, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს მათ ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე. ამ სამმა მოციქულმა იესოსთან ერთად დატოვა ზედა ოთახი, სადაც პასექი იზეიმეს და გეთსიმანიის ბაღში გაჰყვნენ მას. იესომ უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“ (მათე 26:38). იესომ სამჯერ ილოცა მხურვალედ ზეციერი მამისადმი და ყოველი ლოცვის შემდეგ თავისი მეგობრები მძინარე იპოვა (მათე 26:40, 43, 45).

      9. შესაძლოა, რატომ ჩაეძინათ მოციქულებს?

      9 რატომ ვერ შეასრულეს ამ ერთგულმა მამაკაცებმა იესოს თხოვნა? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დაღლილობა ყოფილიყო. საკმაოდ გვიანი იყო, შესაძლოა შუაღამეს გადაცილებული, და ძილისგან „თვალები დამძიმებოდათ“ (მათე 26:43). მიუხედავად ამისა, იესომ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41).

      10, 11. ა) დაღლილობის მიუხედავად, რა დაეხმარა იესოს, ეფხიზლა გეთსიმანიის ბაღში? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ სამი მოციქულის შემთხვევიდან, რომლებსაც იესომ სთხოვა, ეფხიზლათ?

      10 იმ მნიშვნელოვან ღამეს, უეჭველად, იესოც გრძნობდა დაღლილობას. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაეძინა, მან თავისუფლების ეს ძვირფასი ბოლო წუთები მხურვალე ლოცვაში გაატარა. რამდენიმე დღით ადრე, მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, ელოცათ და უთხრა: „მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:36; ეფესელთა 6:18). თუ ყურად ვიღებთ იესოს რჩევას და მივყვებით მის ბრწყინვალე მაგალითს ლოცვასთან დაკავშირებით, იეჰოვასადმი მიმართული ჩვენი გულწრფელი ლოცვები დაგვეხმარება, რომ სულიერად მღვიძარენი დავრჩეთ.

      11 მოწაფეებისგან განსხვავებით, იესო ხვდებოდა, რომ სულ მალე დააპატიმრებდნენ და მოკლავდნენ. მან იცოდა, რომ მძიმე განსაცდელი და წამების ძელზე ტანჯვით სიკვდილი ელოდა. იესო აფრთხილებდა თავის მოციქულებს ამის შესახებ, მაგრამ მათ არ ესმოდათ მისი სიტყვების მნიშვნელობა. აი, რატომ ჩაეძინათ მათ იმ დროს, როცა იესო ფხიზლობდა და ლოცულობდა (მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:15—18). მოციქულების მსგავსად, ჩვენი სხეულიც სუსტია და ჩვენც ჯერ არ ვიცით ყველაფერი. მაგრამ, თუ მხედველობიდან გვრჩება, რა დროში ვცხოვრობთ, შეიძლება სულიერად ჩავთვლიმოთ. არ დავიძინებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიფხიზლებთ.

      სამი მნიშვნელოვანი თვისება

      12. რომელ სამ თვისებაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება?

      12 რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში? ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლოცვა და იეჰოვას დღის არდავიწყება. გარდა ამისა, პავლემ მოიხსენია სამი მნიშვნელოვანი თვისება, რომლებიც უნდა განვივითაროთ. მან თქვა: „ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8). მოდი მოკლედ განვიხილოთ, თუ როგორ გვეხმარება რწმენა, იმედი და სიყვარული სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში.

      13. როგორ გვეხმარება რწმენა სიფხიზლის შენარჩუნებაში?

      13 ჩვენ უნდა გვქონდეს ურყევი რწმენა იმისა, რომ იეჰოვა არსებობს და „აჯილდოებს თავის გულმოდგინე მძებნელს“ (ებრაელთა 11:6, აქ). უკანასკნელი ჟამის შესახებ იესოს წინასწარმეტყველების პირველ საუკუნეში შესრულება რწმენას გვიმტკიცებს, რომ ის უფრო დიდი მასშტაბით შესრულდება ჩვენს დღეებში. ეს რწმენა აღგვძრავს, რომ მთელი გულით ველოდოთ იეჰოვას დღეს იმაში დარწმუნებულებმა, რომ „[წინასწარმეტყველური ხილვა] უსათუოდ მოვა [„შესრულდება“, აქ], არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).

      14. რატომ არის მნიშვნელოვანი იმედი იმისათვის, რომ ვიფხიზლოთ?

      14 მტკიცე იმედი „ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“ და გვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს მაშინაც კი, თუ ღვთის აღთქმების შესრულების ლოდინი გვიწევს (ებრაელთა 6:18, 19). 90 წელს გადაცილებული სულითცხებული და, მარგარეტი, რომელიც 70-ზე მეტი წლის წინათ მოინათლა, აღიარებს: „როდესაც 1963 წელს ჩემი ქმარი კიბოთი კვდებოდა, ვფიქრობდი: რა კარგი იქნება, ამ სისტემის ბოლო მალე რომ მოვიდოდეს-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, ასე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვფიქრობდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ჩვენი საქმიანობა. ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც მსახურებისთვის ახლა იხსნება კარები. ამიტომ მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ მოთმინება გამოავლინა“. მოციქული პავლე გვარწმუნებს: „მოთმინება [წარმოშობს] სიმტკიცეს, სიმტკიცე — იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი“ (რომაელთა 5:3—5).

      15. როგორ აღგვძრავს სიყვარული მოქმედებისკენ, თუნდაც ვფიქრობდეთ, რომ უკვე საკმარისად ვითმენთ?

      15 სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, ვინაიდან ის საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. იეჰოვას ვემსახურებით იმიტომ, რომ გვიყვარს ის მიუხედავად იმისა, თუ როდის შესრულდება მისი განზრახვები. მოყვასისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ; და მნიშვნელობა არა აქვს, კიდევ რამდენ ხანს მოგვთხოვს იეჰოვა ამის კეთებას და რამდენჯერ მოგვიწევს ერთსა და იმავე კარზე დაკაკუნება. როგორც პავლემ დაწერა: „რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული — ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი“ (1 კორინთელთა 13:13). სიყვარული გვეხმარება მოთმინებისა და სიფხიზლის შენარჩუნებაში. „[სიყვარულს] ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:7, 8).

      „ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“

      16. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ხელების ჩამოშვების ნაცვლად?

      16 ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც მსოფლიო მოვლენები განუწყვეტლივ გვახსენებს, რომ უკანასკნელი დღეები თავის დასასრულს უახლოვდება (2 ტიმოთე 3:1—5). ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო, არამედ უნდა ‘ჩავეჭიდოთ იმას, რაც გვაქვს’ (გამოცხადება 3:11, აქ). თუ ვართ „ფხიზელნი ლოცვაში“ და ვავითარებთ რწმენას, იმედსა და სიყვარულს, მაშინ მზად ვიქნებით განსაცდელების გადასატანადაც (1 პეტრე 4:7). ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლის საქმეში. თუ ღვთისმოსაწონი საქმეებით ვიქნებით დაკავებული, სიფხიზლესაც შევინარჩუნებთ (2 პეტრე 3:11).

      17. ა) რატომ არ უნდა გვიკარგავდეს ხალისს ის, რომ დროდადრო გულგატეხილობა გვეუფლება? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე). ბ) როგორ მივბაძოთ იეჰოვას და რა კურთხევებს მოიმკის ასე მოქმედი?

      17 იერემია წერდა: „ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას. კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას“ (გოდება იერემიასი 3:24—26). ზოგ ჩვენგანს არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ლოდინი უწევს. სხვები მრავალი წლის განმავლობაში ელიან იეჰოვასგან ხსნას. მაგრამ, რამდენად მოკლედ მოგვეჩვენება ამ მოლოდინის დრო მომავალ მარადიულობასთან შედარებით! (2 კორინთელთა 4:16—18). და სანამ ველით იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, შეგვიძლია განვივითაროთ მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებები და დავეხმაროთ სხვებს, ისარგებლონ იეჰოვას მოთმინებით და მიიღონ ჭეშმარიტება. ამიტომ, მოდი ყოველმა ჩვენგანმა ვიფხიზლოთ. მივბაძოთ იეჰოვას, ვიყოთ მომთმენნი და გამოვავლინოთ მადლიერება იმ იმედისთვის, რომელიც მან მოგვცა. დაე მტკიცედ ჩავეჭიდოთ მარადიული სიცოცხლის იმედს და ერთგულად შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ასეთ შემთხვევაში ჩვენზეც შესრულდება ეს წინასწარმეტყველური დაპირება: „[იეჰოვა] აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“ (ფსალმუნი 36:34).

      [სქოლიოები]

      a კარგი იქნებოდა, თუ გადახედავდით 2000 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, მე-12 და მე-13 გვერდებზე მოცემულ ექვს მტკიცებას, რომ ნამდვილად უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).

      b ბერძნული სიტყვის შესახებ საუბრისას, რომელიც ითარგმნება როგორც „იფხიზლეთ“, ლექსიკოგრაფი უ. ვაინი განმარტავს, რომ სიტყვასიტყვით ის ნიშნავს „ძილის განდევნას“ და „მიუთითებს არა უძილობაზე, არამედ სიფხიზლის შენარჩუნებაზე, როდესაც რაღაცით ძალიან ხარ დაკავებული“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება