საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • «ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ » (გამოცხადება 6:10). როგორღა ღაღადებენ მათი სულები ანუ სისხლი შურისძიებისთვის, თუკი ბიბლიაში წერია, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან? (ეკლესიასტე 9:5). მართალი აბელის სისხლიც ხომ აღაღადდა მას შემდეგ, რაც კაენმა მოკლა იგი?! მაშინ იეჰოვამ კაენს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დაბადება 4:10, 11; ებრაელები 12:24). ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბელის სისხლი პირდაპირი გაგებით ლაპარაკობდა. აბელი უდანაშაულო მსხვერპლი იყო და სამართლიანობა მისი მკვლელის დასჯას მოითხოვდა. ქრისტიანი წამებულებიც უდანაშაულოები არიან და მათი მკვლელებიც უნდა დაისაჯონ (ლუკა 18:7, 8). ისინი ხმამაღლა ითხოვენ შურისძიებას, რადგან მათი რიცხვი მრავალი ათასია (შეადარეთ იერემიას 15:15, 16).

      6. ძვ. წ. 607 წელს როგორ აგო პასუხი იუდამ უდანაშაულო სისხლის ღვრისთვის?

      6 ამან შეიძლება გაგვახსენოს განდგომილი იუდას მდგომარეობა, როცა ძვ. წ. 716 წელს მენაშე სამეფო ტახტზე ავიდა. მან არაერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველი ესაია სწორედ მისი ბრძანებით გადახერხეს (ებრაელები 11:37; 2 მეფეები 21:16). მართალია, მენაშემ მოგვიანებით მოინანია და გამოსწორდა, მაგრამ დაღვრილი სისხლი არ შერჩენია. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა მიწასთან გაასწორეს იუდას სამეფო. „ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა ის მენაშეს ცოდვების გამო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის გამო, რითაც აავსო იერუსალიმი; არ ინდომა იეჰოვამ პატიება“ (2 მეფეები 24:3, 4).

      7. უმთავრესად ვინ არის დამნაშავე წმინდების სისხლის ღვრაში?

      7 როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს, ღვთის მოწმეების მრავალი მკვლელი უკვე დიდი ხნის მკვდარია. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის ხოცვაში ბრალდებული ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს და დღემდე დამნაშავეა სისხლის ღვრაში. ეს სატანის მიწიერი ორგანიზაციაა, მისი მიწიერი შთამომავლობა. ამ ორგანიზაციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიურ სამყაროსa. ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ ის წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლითაა მთვრალი. სწორედ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 17:5, 6; 18:24; ეფესოელები 4:11; 1 კორინთელები 12:28). მართლაც მძიმეა მისი დანაშაული! დიდი ბაბილონის მსხვერპლთა სისხლი მანამ იღაღადებს სამართლის აღსასრულებლად, სანამ დიდი ბაბილონი არ მოისპობა (გამოცხადება 19:1, 2).

      8. ა) რა სისხლის ღვრის მოწმე გახდა იოანე? ბ) როგორ დევნიდნენ ქრისტიანებს რომის იმპერატორთა წაქეზებით?

      8 პირველ საუკუნეში იოანე თვითონ გახდა ღვთის ერთგულ მსახურთა სისხლის ღვრის მოწმე, როდესაც ულმობელმა გველმა და მისმა მიწიერმა შთამომავლობამ ბრძოლა გამოუცხადა ცხებული ქრისტიანების მზარდ კრებას. იოანემ საკუთარი თვალით იხილა, როგორ გააკრეს ძელზე უფალი და როგორ მოუკლეს ძმა იაკობი, როგორ დახოცეს სტეფანე, პეტრე, პავლე და სხვები (იოანე 19:26, 27; 21:15, 18, 19; საქმეები 7:59, 60; 8:2; 12:2; 2 ტიმოთე 1:1; 4:6, 7). ახ. წ. 64 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა ქრისტიანები განტევების ვაცად აქცია და ქალაქის გადაწვა გადააბრალა, რათა ხალხს თვითონ ნერონი აღარ დაედანაშაულებინა. მემატიანე ტაციტუსი იტყობინება: „ქრისტიანებს ამასხარავებდნენ და ისე კლავდნენ. ზოგს მხეცების ტყავებს აცმევდნენ და მერე ძაღლებს აგლეჯინებდნენ; ზოგს [ბოძზე აკრავდნენ]b, ზოგს კი წვავდნენ, რომ ღამით ჩირაღდნებივით ენათებინათ“. დევნის შემდეგი ტალღა იმპერატორ დომიციანეს (ახ. წ. 81—96 წწ.) მმართველობის დროს აგორდა. სწორედ მაშინ გადაასახლეს იოანე კუნძულ პატმოსზე. მაშინ შესრულდა იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20; მათე 10:22).

      9. ა) მზაკვრული ხელოვნების რა „შედევრი“ შექმნა სატანამ ახ. წ. IV საუკუნისთვის და რისი მთავარი ნაწილია ის? ბ) როგორ ეპყრობოდა ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთი მმართველი იეჰოვას მოწმეებს ორივე მსოფლიო ომის დროს?

      9 ახ. წ. IV საუკუნისთვის ძველ გველს, სატანა ეშმაკს უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი მზაკვრული ხელოვნების „შედევრი“ — განდგომილი ქრისტიანული სამყარო, ბაბილონური რელიგია, რომელიც ქრისტიანობის სახელით იყო შენიღბული. გველის შთამომავლობის ეს ძირითადი ნაწილი ერთმანეთის მოქიშპე უამრავ სექტად იყო დაყოფილი. ძველი დროის ორგული იუდას მსგავსად ქრისტიანულ სამყაროსაც დიდი ბრალი მიუძღვის სისხლის ღვრაში; მისი წევრები ხომ ორივე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთმა პოლიტიკურმა მმართველმა ორივე ომი ღვთის ცხებული მსახურების დახოცვის საბაბად გამოიყენა. ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომელიც მიეძღვნა ფრიდრიხ ციპფელის წიგნს „ეკლესიათა ბრძოლა გერმანიაში“, ჰიტლერის მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის შესახებ აღნიშნული იყო: „[მოწმეების] ერთი მესამედი დახოცეს: ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი მხეცურად მოკლეს, ზოგს კი შიმშილმა, ავადმყოფობამ და მძიმე შრომამ ამოხადა სული. მათ სასტიკად ავიწროებდნენ მათი უკომპრომისო რწმენის გამო, რაც ვერ ეთანხმებოდა ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიას“ („Kirchenkampf in Deutschland“). სწორედ ქრისტიანულ სამყაროსა და მის სამღვდელოებაზე შეიძლება ითქვას: „შენი ტანსაცმლის კალთებზე უდანაშაულო ღარიბი ხალხის სისხლია“ (იერემია 2:34)c.

      10. ბევრ ქვეყანაში როგორ ხდებოდნენ უამრავი ხალხის წარმომადგენელი ერთგული ქრისტიანები დევნის მთავარი ობიექტები?

      10 უამრავი ხალხის წარმომადგენელი ახალგაზრდა ერთგული ქრისტიანები 1935 წლიდან მოყოლებული ბევრ ქვეყანაში დევნის მთავარი ობიექტები ხდებოდნენ (გამოცხადება 7:9). მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში 14 იეჰოვას მოწმე ჩამოახრჩვეს. რაში სდებდნენ მათ ბრალს? იმაში, რომ აღარ სწავლობდნენ ომს (ესაია 2:4). აზიასა და აფრიკაში კი არაერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცემით მოკლეს, ზოგიც — დახვრიტეს. ეს წამებულები, იესოს ცხებული ძმების ღირსეული მხარდამჭერები, უეჭველად აღდგებიან აღთქმულ „ახალ დედამიწაზე“ (2 პეტრე 3:13; შეადარეთ ფსალმუნის 110:3; მათეს 25:34—40; ლუკას 20:37, 38).

  • ‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • საბოლოოდ ბაბილონსა და მის პოლიტიკურ საყვარლებს მოეკითხებათ დაღვრილი მართალი სისხლი. ვიდრე ეს მოხდება, აღდგენილები, უეჭველია, დაკისრებულ საქმეს ასრულებენ ზეცაში. ისინი იმ გაგებით კი არ ისვენებენ, რომ განცხრომას ეძლევიან, არამედ მოთმინებით ელიან იეჰოვას შურისგების დღეს (ესაია 34:8; რომაელები 12:19). მათი დასვენება მაშინ დასრულდება, როდესაც ცრუ რელიგიის განადგურების მოწმენი გახდებიან, და როგორც „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ უფალ იესო ქრისტესთან ერთად აღასრულებენ განაჩენს სატანის ბოროტი მიწიერი შთამომავლობის დარჩენილ ნაწილზე (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; რომაელები 16:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება