„გალაადი“ აგზავნის მისიონერებს „ქვეყნის კიდემდე“
ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადი“ მისიონერებს ამზადებს. 1999 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა 107-ე კლასის გამოსაშვები საღამო. ეს კლასი შედგებოდა 11 ქვეყნიდან ჩამოსული 48 სტუდენტისგან, რომლებმაც 24 სხვადასხვა ქვეყანაში მსახურების დანიშნულება მიიღეს. ისინი შეუერთდებიან ათასობით სხვა მისიონერს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ იესოს ზეცად ამაღლების წინ ნათქვამი ბოლო სიტყვების შესრულებაში. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ თავისი მოწაფეები ‘იქნებოდნენ [მისი] მოწმენი. . . ქვეყნის კიდემდე’ (საქმეები 1:8).
გამოსაშვები საღამოს პროგრამა, რომელიც პატერსონში (ნიუ-იორკი), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, ჩატარდა, მართლაც რომ დიდებული მოვლენა იყო ამ მშვენიერ შემოგარენში. კურსდამთავრებულებს ძალიან უხაროდათ, რომ დამსწრეთა შორის იყვნენ მათი ნათესავები, ახლო მეგობრები და სტუმრები. ბრუკლინსა და უოლკილის ბეთელში მსმენელთა ჩათვლით, რომლებიც პირდაპირ ეთერში უყურებდნენ და უსმენდნენ პროგრამას, დამსწრეთა რიცხვი 4 992 შეადგენდა.
იეჰოვასა და მოყვასისადმი ერთგულად მსახურება
„ვინ არის იეჰოვას მხარეს?“ ეს იყო პროგრამის შესავალი ნაწილის თემა, რომელიც წარმოადგინა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და გამოსაშვები პროგრამის თავმჯდომარემ კერი ბარბერმა. მან ახსნა, რომ მოსეს დროს ეს ყველაზე დიდი საკამათო საკითხი იყო ისრაელებში. კურსდამთავრებულებსა და სხვა დამსწრეებს შეახსენა, რომ ბევრი ისრაელი დაიღუპა უდაბნოში, რადგან ისინი ერთგულად არ დარჩნენ იეჰოვას მხარეს. კერპისადმი თაყვანისცემის დაწყების შემდეგ, „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს“ (გამოსვლა 32:1—29). იესომ იგივე საშიშროების შესახებ გააფრთხილა ქრისტიანები: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად“ (ლუკა 21:34—36).
მომდევნო მომხსენებელი, სამწერლო განყოფილების წევრი, გინ სმალი, კურსდამთავრებულებს შეეკითხა: „იქნებით ნუგეშისმცემელნი (ბერძნულად პარეორია)?“. მან ახსნა, რომ ამ ბერძნულ სიტყვას ინგლისურ ენაზე დამაწყნარებელი მიქსტურის აღმნიშვნელად იყენებდნენ. მოციქულმა პავლემ კი ეს მრავლისმეტყველი ბერძნული სიტყვა თანამშრომლების აღსაწერად გამოიყენა კოლასელთა 4:11-ში. ქართულ ბიბლიაში ეს სიტყვა „მანუგეშებლად“ არის გადმოთარგმნილი.
კურსდამთავრებულები დღესაც შეიძლება იყვნენ ნუგეშისმცემელნი იმით, რომ თავიანთი დანიშნულებით დროულ და თავმდაბლურ დახმარებას გაუწევენ ძმებსა და დებს მსახურებაში განსამტკიცებლად, გარდა ამისა სიყვარულისა და თანამშრომლობის სულს გამოავლენენ თანამისიონერებთან მსახურებისას.
შემდეგი მომხსენებლის, დენიელ სიდლიკის, ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, მოხსენების თემა იყო „ოქროს წესის მიხედვით ცხოვრება“. მან აღნიშნა, რომ მათეს 7:12-ში ჩაწერილი ამაღლებული პრინციპი, „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“, გულისხმობს სხვებისადმი სიკეთის კეთებას და არა, უბრალოდ, ცუდის კეთებისგან თავის შეკავებას.
ამის კარგად გასაკეთებლად სამი რამ არის საჭირო: მხედველი თვალი, თანამგრძნობი გული და დასახმარებლად მზადმყოფი ხელი. დასკვნისას მან თქვა: „თუ ძლიერ გვსურს დახმარება, მაშინვე უნდა გავაკეთოთ ეს. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ სხვებისთვის იმის გაკეთებას, რასაც ვისურვებდით, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ“. ეს განსაკუთრებით იმ მისიონერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც სხვა ქვეყნებში წასვლას აპირებენ, რომ ხალხს ჭეშმარიტ ქრისტიანებად გახდომაში დაეხმარონ.
მასწავლებლების გულთბილი შეხსენებები
„გალაადის“ სკოლის მასწავლებელმა, კარლ ადამსმა, კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ „განეგრძოთ ზრდა“. რა მხრივ? პირველი, შემეცნებასა და მისი ეფექტურად გამოყენების უნარში. „გალაადის“ სკოლაში სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ უნდა ჩაატარონ გამოკვლევა, რათა გაერკვნენ, რა ისტორიულ ფონზე და რა ვითარებაში მიმდინარეობდა ესა თუ ის ბიბლიური მოვლენა. მათ მოუწოდეს, ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა თითოეული მოვლენიდან ნასწავლის პირად ცხოვრებაში გამოყენება. მათ მოუწოდეს, რომ ყოველთვის ასე მოქცეულიყვნენ.
„მეორე, გაიზარდეთ სიყვარულში. თუ სიყვარულს ვასაზრდოებთ, ის იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება დავკარგოთ“, — თქვა ძმა ადამსმა (ფილიპელთა 1:9). ახლა, როგორც მისიონერები, ისინი სხვადასხვაგვარ პირობებში უნდა გაიზარდონ სიყვარულში. და მესამე: უნდა ‘აღიზარდონ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით’ (2 პეტრე 3:18). „ეს არის საოცარი სიკეთე, რომელიც იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით გამოავლინა, — თქვა მომხსენებელმა — ამ დაუმსახურებელი სიკეთის მიმართ მადლიერების გრძნობის გაღრმავებით, უფრო მეტად ვპოვებთ სიამოვნებას ღვთის ნებისა და მისი დავალების შესრულებაში“.
„გალაადის“ სკოლის სხვა მასწავლებელი, მარკ ნიუმარი, გამოვიდა თემით „მოეკიდე სიყვარულით და შეძლებ“. „ისწავლეთ მისიონერულ მსახურებაში ის, რომ სიძნელეებს სიყვარულით მოეკიდოთ და თქვენ შეძლებთ მათ გადალახვას. იეჰოვა მხოლოდ მათ წვრთნის, ვინც უყვარს. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ გარკვეული რჩევა-დარიგება არ არის გონივრული, აკვიატებულია ან უმართებულო, იეჰოვასადმი სიყვარული და მასთან თქვენი ურთიერთობა დაგეხმარებათ ამასთან შერიგებაში“, — ურჩია მან კურსდამთავრებულებს.
ძმა ნიუმარმა აღნიშნა, რომ მისონერულ მსახურებაში ბევრი მოვალეობა შედის. «მაგრამ მოვალეობა სიყვარულის გარეშე კმაყოფილებას ვერ მოგგვრის. სიყვარულის გარეშე ოჯახური მოვალეობები — საჭმლის მომზადება, საყიდლებზე წასვლა, ხილის გასუფთავება, წყლის ადუღება — მოსაბეზრებელი გახდება. თქვენ უნდა შეჩერდეთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რატომ ვაკეთებ ამას“? თუ საკუთარ თავს ეტყვი: „ვცდილობ, ხელი შევუწყო თამამისიონერების ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, მაშინ ამის გაკეთება ძნელი არ იქნება». შემდეგ მან ასე შეაჯამა: «რაც უნდა იყოს — იქნება ეს წვრთნა, თქვენი მისიონერული მოვალეობების შესრულება თუ გაუგებრობების მოგვარება — თქვენი დანიშნულებით მსახურების გაგრძელებაში სიყვარულით მიდგომა დაგეხმარებათ. „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ » (1 კორინთელთა 13:8).
„გალაადის“ სკოლის მასწავლებლის, უოლას ლივერენსის, ხელმძღვანელობით კურსდამთავრებულებმა რამდენიმე შესანიშნავი შემთხვევა წარმოადგინეს, რომლებიც ადგილობრივ კრებასთან თანამშრომლობისას შეემთხვათ. გარდა კარდაკარ მსახურებისა, თავიანთ მისიონერულ ხელოვნებას ისინი სატვირთო ავტომობილების სადგომებზე, სამრეცხაოებში, რკინიგზის სადგურებსა და სხვა ადგილებში ქადაგებისას იყენებდნენ.
გამოცდილი მისიონერების გამამხნევებელი სიტყვები
როდესაც ახალი მისიონერები სხვა ქვეყანაში მიდიან, აქვთ წუხილის მიზეზი? შეიძლება შეხვდნენ სიძნელეებს სხვა ქვეყანაში თავიანთი დავალების შესრულებისას? რა კეთდება ადგილობრივი ფილიალების მიერ ახალჩამოსულთა დასახმარებლად, რომ მათი მსახურება წარმატებული იყოს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად სამსახურებრივი განყოფილებიდან სტივენ ლეტმა და სამწერლო განყოფილებიდან დეივიდ სპლეინმა ინტერვიუ აიღეს ძმებისგან, რომლებიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის ჩატარებულ სკოლას ესწრებოდნენ. ეს ძმები ესპანეთის, ჰონკონგის, ლიბერიის, ბენინის, მადაგასკარის, ბრაზილიისა და იაპონიის ფილიალების კომიტეტებში მსახურობენ.
იეჰოვას ამ გამოცდილმა მსახურებმა, რომელთაგანაც ბევრი ათწლეულების მანძილზე მისიონერად მსახურობდა, გაამხნევეს კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და ნათესავები. თავიანთ და სხვა მისიონერების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მათ აჩვენეს, რომ პრობლემებსა და სიძნელეებს შეიძლება წარმატებით გაუმკლავდე. პრობლემა, რომელსაც ისინი ხვდებიან, შეიძლება დიდია, „მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია და ჩვენი საზოგადოება გვეხმარება ამაში“, — თქვა მადაგასკარში მომსახურე მისიონერმა რაიმო კუოკანენმა. „დავალებას ჩვენი სურვილით არ ვირჩევთ, არამედ ვიღებთ, — თქვა ოსტენ გუსტავსონმა, რომელიც ახლა ბრაზილიაში მსახურობს. — ასე რომ, მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ“. ჯეიმს ლინტონმა, რომელიც იაპონიაში მსახურობს, თქვა: „მე დამეხმარა იმ ძმებთან ყოფნა, რომლებიც უკვე მსახურობდნენ მისიონერებად“. მისიონერობა სასიხარულოა და იეჰოვასადმი მსახურებისა და მის ცხვრებზე ზრუნვის სრული გზაა.
სულიერობის გამანადგურებელი ჭირის არიდება
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თეოდორ იარაჩი, რომელმაც 1946 წელს თვითონაც „გალაადის“ სკოლა დაამთავრა, გამოვიდა დასკვნითი მოხსენებით „სულიერობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სიძნელეები“. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მომხდარ მხეცურ მოქმედებათა მოხსენიების შემდეგ მან თქვა, რომ კაცობრიობას სინამდვილეში თავს უფრო უარესი უბედურებები ატყდება.
90-ე ფსალმუნის დამოწმებით, ძმა იარაჩმა დაასახელა ის „ჭირი“ და „სენი“, რომელმაც სულიერად დაასნეულა და გაანადგურა ჩვენს ირგვლივ მყოფი მილიონები. სატანა და მისი ბოროტი სისტემა სულიერად დასასუსტებლად და მოსაკლავად იყენებს ჭირის მსგავს პროპაგანდას, რომელიც ინტელექტუალიზმსა და მატერიალიზმზეა დაფუძნებული. მაგრამ იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ეს ჭირი ახლოს ვერ გაეკარება ‘უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებულთ’ (ფსალმუნი 90:1—7).
«დიდი ძალისხმევაა საჭირო, — თქვა ძმა იარაჩმა, — რათა ჯანსაღი რწმენა შეინარჩუნო და დარჩე საფარქვეშ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით ‘სულის [სულიერობის, აქ] არამქონე’ მკიცხავთ, რომლებიც დღეს სერიოზულ პრობლემას ქმნიან. ეს ის არის, რაც ორგანიზაციაში მყოფ ყველა ჩვენგანს ხვდება. ის შეიძლება თქვენც შეგხვდეთ, თქვენი მისიონერული მსახურებისას» (იუდა 18, 19). მან უთხრა კურსდამთავრებულებს, რომ ისინი წარმატებით შეძლებდნენ თავიანთი სულიერობის შენარჩუნებას დავალების შესრულებისას. მან მოუწოდა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ, მაგალითად, როგორ ინარჩუნებენ სიმტკიცეს ჩვენი ძმები რუსეთში, აზიასა და აფრიკის ქვეყნებში აკრძალვების, საშინელი წინააღმდეგობის, გაკიცხვის, ათეისტური პროპაგანდისა და ცრუ ბრალდებების მიუხედავად. და ბევრჯერ ამას ხორციელი გასაჭირიც ემატება, რომელიც ეთნიკურ კონფლიქტებსა და უსახსრობას მოსდევს.
როდესაც სულიერობა სუსტდება, „აუცილებელია პრობლემის მიგნება და შემდეგ მასზე მუშაობა ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევა-დარიგების გამოყენებით“. მოყვანილი იყო ამის ბიბლიური მაგალითი. იესო ნავეს ძეს ყოველდღე უნდა ეკითხა რჯული (იესო ნავეს ძე 1:8). როდესაც რჯულის წიგნი იპოვეს მეფე იოშიას დღეებში, იეჰოვამ აკურთხა მისი მითითებების ერთგულად შემსრულებლების მიერ გატარებული ღონისძიებები (მეოთხე მეფეთა 23:2, 3). ტიმოთემ „საღვთო წერილები“ ბავშვობიდანვე იცოდა (2 ტიმოთე 3:14, 15). ბერეელები მხოლოდ მოსმენილით არ კმაყოფილდებოდნენ; მათ ‘კეთილშობილებად’ მიიჩნევდნენ, რადგან ყოველდღე განიხილავდნენ საღვთო წერილს (საქმეები 17:10, 11). დაბოლოს იესო ქრისტე, ყველაზე დიდი მაგალითი, რომელმაც იცოდა და იყენებდა ღვთის სიტყვას (მათე 4:1—11).
დასასრულ ძმა იარაჩმა გულთბილი რჩევა მისცა ახალ მისიონერებს: „ახლა თქვენ მზად ხართ, რომ შეუდგეთ თქვენი მისიონერული დავალების შესრულებას. თქვენ აპირებთ საზღვარგარეთ წასვლას, პირდაპირი გაგებით დედამიწის მრავალ სხვადასხვა კუთხეში. თუ სულიერობის შენარჩუნებაში სიძნელეებს ვხვდებით, არაფერს დავრთოთ ნება, რომ ჩამოგვაშოროს მას, რისი გაკეთებაც გადავწყვიტეთ. თქვენ აპირებთ გულმოდგინედ ქადაგებასა და სხვების აღძვრას თქვენი რწმენის მისაბაძად. ჩვენ ვილოცებთ თქვენთან ერთად, რომ ვისაც ასწავლით, იეჰოვამ მათაც ისევე შთაბეროს სულიერი სიცოცხლე, როგორც ჩვენ. ამგვარად, ჯერ კიდევ ბევრს ექნება სურვილი, გაექცეს იმ სულიერ კატასტროფას, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მრავალი მათგანი შემოგვიერთდება იეჰოვას ნების შესრულებაში. დაე იეჰოვამ გაკურთხოთ ამ მხრივ“.
თავმჯდომარის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მილოცვების წაკითხვის შემდეგ კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის დროც დადგა. შემდეგ ამას მოჰყვა სითბოთი აღსავსე წერილის წაკითხვა, რომელიც კურსდამთავრებულთა მადლიერებას გამოხატავდა. რაოდენ მადლიერნი იყვნენ იეჰოვასი და მისი ორგანიზაციის ამ განსაკუთრებული სწავლებისთვის და ღირსეული მისიონერული დავალებისთვის, რომლისთვისაც მზად არიან, თვით „ქვეყნის კიდემდე“ წავიდნენ (საქმეები 1:8).
[ჩარჩო 29 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 11
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 24
სტუდენტების რაოდენობა: 48
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა: 24
საშუალო ასაკი: 34
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12
[სურათი 26 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 107-ე გამოსაშვები კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) კ. პეირალტა, ბ. ჰოლენბეკი, რ. შო, ნ. ჰასანი, დ. მარტინი, ა. ხატჩინსონი. 2) ლ. ედუარდზი, ტ. ვიზერი, ქ. სერიუთი, ჟ. ენცზმინგერი, ლ. დალოუიზი, ლ. ბალიერი. 3) პ. ნაითი, ა. კრაუზე, დ. კაზასკი, მ. როუზი, კ. ფრიდელი, რ. ნიეტოუ. 4) ე. როუზი, ტ. ბაკუზი, ს. ტალი, დ. ჰამბერტი, ა. ბერნჰარტი, მ. პეირალტა. 5) ა. დალოუიზი, დ. ჰამბერტი, ჰ. დანი, გ. გეთლინგი, ჯ. შო, მ. სერიუთი. 6) ს. ბალიერი, ი. კრაუზე, ტ. ჰოლენბეკი, მ. მარტინი, ჯ. ბერნჰარტი, მ. ხატჩინსონი. 7) ა. ბაკუზი, ო. დანი, ტ. გეთლინგი, რ. ვიზერი, ფ. ნაითი, ო. ჰასანი. 8) ს. ნიეტოუ, მ. ტალი, დ. ფრიდელი, ა. კაზასკი, ჯ. ედუარდზი, მ. ენცზმინგერი.