საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველგან ძალადობა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ყველგან ძალადობა

      მსოფლიო შეძრა ძალადობამ და ბოროტმოქმედებამ. საინფორმაციო საშუალებები სავსეა საზარელი ფაქტებით. ირგვლივ ყველგან ძალადობაა! ძალადობა ქუჩაში, ძალადობა სამსახურში, ძალადობა სკოლაში. საკუთარ სახლშიც კი, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად უნდა გრძნობდეს თავს დაცულად, ათასები და მილიონები შიშში ცხოვრობენ, განსაკუთრებით ქალები. არის ქვეყნები, სადაც ქალების 70 % საკუთარ ოჯახში ხდება ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი.

      ბევრ ქვეყანაში სისხლიანი პოლიტიკური და სოციალური დაპირისპირების შემხედვარე, ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი. ბევრს სიტყვა ტერაქტის გაგონებაზეც კი შიშის ჟრუანტელი უვლის. ზოგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ტერორისტების პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს, მიმდინარეობს გაძლიერებული ვიდეოკონტროლი ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

      გასაგებია, რატომ არის დღეს ამგვარ აუდიო-ვიდეო ტექნიკაზე ასეთი ბუმი, და ეს იმის ფონზე, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ვისი ჯიბიდან მიდის ეს თანხები? ისევ და ისევ ჩვენი — ჩვენი გადახდილი გადასახადების სახით. და რაკი უსაფრთხოების დაცვის ამ ახალ ზომებზე მოთხოვნილება დღითი დღე იზრდება, და თან მისი შეძენა და მოხმარება უფრო და უფრო ძვირი ხდება, არ არის გამორიცხული გადასახადებმაც მოიმატოს.

      ზოგადად ძალადობამ, შესაძლოა, ჩვენს ეთიკურ ნორმებსა და მრწამსზეც იქონიოს გავლენა. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: რა როლს ასრულებს მასმედია ძალადობის გავრცელებაში? რამ შეიძლება დაუმახინჯოს ადამიანს შეხედულება ძალადობაზე? რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებივით ჩვენც არ ჩამოგვიყალიბდეს არასწორი შეხედულება ამ საკითხზე?

  • ძალადობაზე შეყვარებულები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ძალადობაზე შეყვარებულები

      დღევანდელი მსოფლიო ძალადობაზეა შეყვარებული. ძალადობა ოდითგანვე ხიბლავდა გართობის მოყვარულთ. თუმცაღა, როგორც „Media Awareness Network“-ის ვებ-გვერდზე იყო აღნიშნული, „ბოლო წლებში მედიის მიდგომა ძალადობის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. ერთი მხრივ, იმატა ძალადობის ამსახველმა კადრებმა, ხოლო მეორე მხრივ, ასეთ კადრებში სცენები უფრო დეტალურად, სექსუალურად და სადისტურადაა ასახული“. შევეხოთ რამდენიმე სფეროს.

      მუსიკა: ამავე წყაროს თანახმად, მუსიკის სფეროში არნახულად იზრდება ისეთი სიმღერების რიცხვი, რომელთა ტექსტებიც გაჯერებულია ძალადობის გამომხატველი სიტყვებით. ზოგიერთ სიმღერას უხამსი და ბილწი სიტყვებით დიდების ზენიტში აჰყავს მკვლელობა და გაუპატიურება, თუნდაც საკუთარი ცოლისა და დედის.

      ვიდეოთამაშები: „შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ვიდეოთამაშები მთლიანად ძალადობაზე და სისხლისღვრაზეა აგებული“, — აცხადებს ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის განკუთვნილი ბრიტანეთში გამომავალი ერთ-ერთი ჟურნალი. „თუ ძალადობა არ გიყვარს, ფაქტობრივად, ვიდეოთამაშებს ვერ შეიყვარებ“, — დასძენს იგივე ჟურნალი. მაგალითად, ერთ პოპულარულ თამაშში მოთამაშეს შეუძლია ბეისბოლის ჯოხით ცემით მოკლას ქალი. ზოგი ექსპერტი აცხადებს, რომ ბავშვებზე ვიდეოთამაშებს უფრო მეტი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზორს.

      ფილმები: მრავალი აღნიშნავს, რომ ფილმებში გახშირდა ბილწსიტყვაობა; იმატა ძალადობისა და უზნეობის ამსახველმა კადრებმა. რეიტინგით უკვე ვეღარ განსაზღვრავ ფილმის ავკარგიანობას. უფრო მეტიც, ერთი წყაროს თანახმად, ფილმის მოძალადე და მოჩხუბარი გმირები ყოველთვის „ცუდი ბიჭები“ არ არიან. ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებში ასახული ძალადობის თითქმის 50%-ს „კარგი ბიჭები“ სჩადიან.

      ახალი ამბები: დასავლეთის ქვეყნებში მასმედიაში ასეთი გამონათქვამი არსებობს: „სადაც მეტი სისხლია, იქ მეტი მაყურებელია“. ახალი ამბები მსხვილი ბიზნესია, ამიტომ მისმა შემქმნელებმა იციან, რომ ძალადობის შემცველ ინფორმაციას უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს; ეს ფაქტი კარგად უწყიან რეკლამის მწარმოებლებმაც და შესაბამისად, დიდ თანხებსაც დებენ ასეთ გადაცემებში.

      ვებ-გვერდები: ინტერნეტში ყველას თავისუფლად შეუძლია ნახოს ადამიანის წამებისა და დასახიჩრების ვირტუალური თუ ცოცხალი კადრები. ასეთ საიტებს ბავშვებიც ხშირად სტუმრობენ.

      ახდენს გავლენას საზოგადოებაზე?

      შეიძლება რომ ფილმებში, წიგნებში, სიმღერებსა თუ გართობის სხვადასხვა სფეროში გადმოცემულმა ძალადობამ გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე? საინტერესოა, რომ ისინი, ვინც ასეთი საშუალებებით ითბობენ ხელს, ხშირად აცხადებენ, რომ მათი პროდუქცია არავის ვნებს. მაგრამ მოდი, ერთ რამეზე დავფიქრდეთ: მასების აზროვნებაზე რომ იმოქმედოს, კომერციული სამყარო მილიარდებს ხარჯავს რეკლამაზე — რეკლამაზე, რომელიც შესაძლოა სულ რაღაც 30 წამი გაგრძელდეს. ნუთუ შეიძლება იმის თქმა, რომ საათნახევრიანი ფილმი, რომლის გმირებიც უზნეობასა და ძალადობას ყველასგან დაუფარავად სჩადიან, გავლენას არ მოახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით გულუბრყვილო ბავშვებზე?!

      ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვამ ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი ბუნება. რას ამბობს ღმერთი მოძალადე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, მათ შორის ფილმებისა და პოპულარული სატელევიზიო გადაცემების გმირებთან ჩვენს ურთიერთობაზე? გთავაზობთ, რამდენიმე ბიბლიურ რჩევას:

      ● „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5).

      ● „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო“ (იგავები 22:24, 25).

      რა თქმა უნდა, ცუდი გავლენისგან თავს ბოლომდე ვერავინ დაიცავს; მაგრამ იმის გაკეთება კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ავირჩიოთ, ვისთან და როგორ გავერთოთ. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: როგორი ადამიანი მინდა ვიყო? შემდეგ შეეცადეთ ისეთ ხალხთან იქონიოთ ურთიერთობა, ვისაც თქვენნაირი შეხედულებები და მიზნები აღმოაჩნდება (იგავები 13:20).

      როგორც გამოჩნდა, ძალადობაზე ჩვენს შეხედულებას აყალიბებს ის, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა და რით ვერთობით. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც . . .

      [სურათი 4 გვერდზე]

      ჩვენ მიერ არჩეული გართობის სახეობა გარკვეულ შეხედულებას გვიყალიბებს ძალადობაზე

  • მიზეზები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • მიზეზები

      ძალადობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ძალადობას მხოლოდ ერთი ფაქტორი არ განაპირობებს. მაგალითად, მარტო გარემო, გართობის სახეობა ან ის, თუ ვისთან ურთიერთობ, არ შეიძლება იყოს ძალადობის გამომწვევი მიზეზი. მას ხელს სხვა უამრავი ფაქტორიც უწყობს. მაგალითად:

      გულგატეხილობა და უიმედობა. როცა ადამიანს ჩაგრავენ ან საზოგადოებაში იგნორირებას უკეთებენ, მან შეიძლება ძალადობით ამჯობინოს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ეკონომიკურმა გაჭირვებამაც შეიძლება უბიძგოს ადამიანს ძალადობისკენ. მოძალადე შეიძლება ისიც გახდეს, ვისაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული.

      შმაგი მასები. შეიმჩნევა, რომ სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრებს ხშირად უჭირთ თავის შეკავება და ადვილად ხდებიან აგრესიულები და მოძალადეები. რატომ? „ასეთ დროს ისინი არას დაგიდევენ საკუთარ მორალურ სტანდარტებს და აგრესიას აგრესიითვე პასუხობენ“, — აღნიშნულია წიგნში „სოციალური ფსიქოლოგია“. სხვა სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება უჭკუო მარიონეტები გახდნენ და „დაკარგონ ყველანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა“.

      შური და სიძულვილი. უძველესი წერილობითი წყარო ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვლელობა ჩაიდინა კაცმა, სახელად კაენმა (დაბადება 4:1—8). შურითა და სიძულვილით აღვსილმა კაენმა საკუთარი ძმა მოკლა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა გააფრთხილა, გაეკონტროლებინა თავისი ემოციები. ღმერთმა მას ისიც უთხრა, რომ თუ სძლევდა საკუთარ ემოციებს, დიდად აკურთხებდა. რა ჭეშმარიტია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება“! (იაკობი 3:16).

      ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება არა მარტო ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ აფერხებს ტვინის იმ უბნის ფუნქციონირებას, რომელიც ორგანიზმის კონტროლზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანმა შეიძლება ადვილად მიმართოს ძალადობას და უფრო მეტი აგრესიულობით უპასუხოს პროვოკაციულ გამოხტომებს.

      უსამართლო სასამართლო სისტემა. „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 8:11-ში. სუსტი, არაკომპეტენტური და კორუმპირებული სასამართლო სისტემა პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ძალადობას.

      ცრუ რელიგია. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მიღმა რელიგია დგას. სხვადასხვა კონფესიის ადამიანებს შორის დაპირისპირება და ტერორისტული აქტები ამის უტყუარი დასტურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამაში მხოლოდ რელიგიური ფანატიკოსებისა და ექსტრემისტების ხელი არ ურევია. I და II მსოფლიო ომების დროს წამყვანი რელიგიების მიმდევრები, ქრისტიანები თუ სხვები, ერთმანეთს ხოცავდნენ და ხშირად ამას თავიანთი სულიერი ლიდერების ლოცვა-კურთხევით აკეთებდნენ. ასეთი საქციელი სძულს ღმერთს (ტიტე 1:16; გამოცხადება 17:5, 6; 18:24).

      მაშინ, როცა დღევანდელი მსოფლიო მხარს უჭერს და განადიდებს ძალადობას, ნუთუ შესაძლებელია, ადამიანმა მშვიდობიანი და წყნარი თვისებები გამოიმუშაოს და მშვიდად იცხოვროს? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      ეს ხომ ადამიანის შიგნიდან მოდის

      მართალია, ძალადობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც ადამიანის შინაგანი პიროვნებაა. გულთამხილველმა იესო ქრისტემ თქვა: „შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვები: სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, სხვისი რამის სურვილი, ბოროტი საქმეები, ცბიერება, თავაშვებულობა, შურიანი თვალი, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება“ (მარკოზი 7:21, 22). ჩვენც განგვივითარდება ასეთი მავნე და მიუღებელი თვისებები, თუ ვუყურებთ და ვუსმენთ იმას, რაც არასწორია ან ვფიქრობთ მასზე (იაკობი 1:14, 15).

      მეორე მხრივ, თუ გონებას ისეთი კარგი რამეებით ვკვებავთ, რაზეც მე-8 გვერდზე მოცემულ სტატიაში იქნება საუბარი, ჩავკლავთ არასწორ სურვილებს და გზას მივცემთ ჩვენში კარგ ჩვევებს (კოლოსელები 3:5; ფილიპელები 4:8). შემდეგ კი ღმერთი დაგვეხმარება „რომ [ჩვენი] შინაგანი ადამიანი გაძლიერდეს“ (ეფესოელები 3:16).

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      ექსპერტები გაუგებრობაში არიან

      რატომ არის ზოგ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით მკვლელობის მაჩვენებელი 60-ჯერ მაღალი? რატომ არის კაცობრიობის ისტორია სავსე ომებითა და ძალადობით? კითხვა ბევრია, პასუხი კი — ძალიან ცოტა.

      ზოგი მკვლევრის აზრით, ძალადობის გამომწვევი მიზეზი სიღარიბე და უთანასწორობაა. ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემით, ძალადობისა და მკვლელობის 90%, თვითმკვლელობების ჩათვლით, მოდის ნაკლებად შეძლებულ ქვეყნებზე; ამავე მონაცემების თანახმად, ასეთ ქვეყნებში ყველაზე მეტი დანაშაული ქალაქის ღარიბ უბნებში ხდება. მაგრამ, მართლა ღარიბები არიან ყველაზე მოძალადე ხალხი? ან მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ღარიბ ქვეყნებში სათანადოდ არ ფუნქციონირებენ სამართალდამცავი ორგანოები? მაშ, რის თქმა შეიძლება ისეთ ქალაქებზე, სადაც მილიონები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ? მაგალითად, რას ვიტყვით ინდოეთის ქალაქ კალკუტაზე? ეს არის ქალაქი, სადაც მკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

      არსებობს კიდევ სხვა მოსაზრება: რაც უფრო ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის იარაღი, მით უფრო მეტია ბოროტმოქმედებისა და ძალადობის ფაქტები. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღი კიდევ უფრო საშიშს ხდის მოძალადე ადამიანს. მაგრამ მთავარი კითხვა კითხვად რჩება: რატომ არის ზოგ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყანაში? ექსპერტები ამ საკითხშიც ვერ თანხმდებიან.

  • როგორ გავხდეთ მშვიდობიანები
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • როგორ გავხდეთ მშვიდობიანები

      მართალია, დაბადებიდან თან დაგვყვება ცუდი მიდრეკილებები, მაგრამ ძალადობის გამოვლენას მაინც მერე სწავლობს ადამიანი. იმავეს თქმა შეიძლება მშვიდობაზეც. მაგრამ ისმის კითხვა: ვის შეუძლია გვასწავლოს ნამდვილი მშვიდობა? სადავო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ ამ საკითხში შეუდარებელი და უნიკალურია ჩვენი შემქმნელი და გამომსახველი, რომლის სიბრძნეც განუზომლად დიდია. განვიხილოთ ხუთი ფაქტორი და მათთან დაკავშირებული ძვირფასი ბიბლიური რჩევები.

      1 „მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება“ (იგავები 3:31). მჯობნის მჯობნი არ დაილევა, ამიტომ ძლიერი ის კი არ არის, ვინც სხვას ჩაგრავს, არამედ ის, ვინც საკუთარ თავს ერევა და რბილ ხასიათს ავლენს. „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“, — ნათქვამია იგავების 16:32-ში. როგორც კაშხლის ძლიერი კედელი უძლებს და აკავებს დიდ წყალს, ასევე უძლებს რისხვაში ნელი კაცი ნებისმიერ გამოწვევას და არ ჰყვება პროვოკაციას. ის მშვიდად რეაგირებს სხვის რისხვაზე და ამგვარად „სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). მეორე მხრივ, ფიცხი ადამიანი უმნიშვნელო რამეზეც კი მძაფრად რეაგირებს (იგავები 25:28).

      2 დააკვირდი, ვისთან გაქვს ურთიერთობა. „მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს“, — ნათქვამია იგავების 16:29-ში. ის კი, ვინც „ბრძენებთან მოსიარულეა, თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20). დიახ, ასეა, თუ ურთიერთობა გვექნება მშვიდობიან ხალხთან, რომლებიც თავშეკავებასა და რბილ ხასიათს ავლენენ, ჩვენც გაგვიჩნდება სურვილი, მივბაძოთ მათ ამ თვისებების გამოვლენაში.

      3 განივითარე ნამდვილი სიყვარული სხვების მიმართ. არავის არასოდეს ისე დიდებულად არ აღუწერია სიყვარული, როგორც ეს პავლე მოციქულმა 1 კორინთელების 13:4—7-ში. ის წერს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის . . . ყველაფერს იტანს . . . ყველაფერს ითმენს“. იესომ კი თქვა, რომ ღვთიური სიყვარული მტრების სიყვარულსაც მოიცავს (მათე 5:44, 45).

      4 მიენდე ღმერთს და სძლევ ბოროტებას. «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:17—19). ის, ვინც ენდობა ღმერთს და სწამს მისი დაპირებების, გრძნობს შინაგან სულის სიმშვიდეს, რაც ვერ გაუგიათ მათ, ვისაც არა აქვთ საკმარისი რწმენა ღვთის მიმართ (ფსალმუნი 7:14—16; ფილიპელები 4:6, 7).

      5 იფიქრეთ ღვთის სამეფოზე, რომელიც ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს დედამიწაზე. ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც ძირფესვიანად აღმოფხვრის ყოველგვარ ბოროტებას და სრულ კონტროლს დაამყარებს დედამიწაზე (ფსალმუნი 37:8—11; დანიელი 2:44). ამ სამეფოს მმართველობის დროს „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 72:7).

      ამგვარი ბიბლიური სწავლებები მილიონებს დაეხმარა, შეცვლილიყვნენ და მშვიდი და მოსიყვარულე ადამიანები გამხდარიყვნენ, მათ შორის ისეთებსაც, ვინც მთელი ცხოვრება საქმეებს მუშტი-კრივით აგვარებდა. მომდევნო გვერდზე სალვადორ გარსას პატარა ისტორიას მოგიყვებით.

  • ძალადობა მიყვარდა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | აგვისტო
    • ძალადობა მიყვარდა

      მოგვითხრო სალვადორ გარსამ

      ახალგაზრდობაში ძალიან თავშეუკავებელი ვიყავი, ზედმეტ სიტყვას არავის ვარჩენდი, სულ ვჩხუბობდი. ჩვენს მხარეში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა მოკრივემ შეამჩნია ჩემში ასეთი აგრესიული თვისებები, თავისთან წამიყვანა და კრივში მავარჯიშებდა. ცოტა ხანში უკვე მთელ შეერთებულ შტატებში დავდიოდი შეჯიბრებებზე, როგორც პროფესიონალი მოკრივე. მოგვიანებით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაურმა პირად მცველად ამიყვანა.

      გავიდა დრო, დავქორწინდი და ექვსი შვილის მამა გავხდი, თუმცა ვერც ამან შემცვალა. იმ პერიოდში ღამის კლუბის მეპატრონე ვიყავი. ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოკვლა; თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ, ცოტა არ იყოს, მსიამოვნებდა ასეთი ცხოვრება. ერთხელ ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ორი კაცი მძიმედ დავჭერი. რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ცნობილი პოლიტიკოსის გატაცებასაც ვგეგმავდი; მაგრამ საიდანღაც პოლიციამ შეიტყო ჩვენი გეგმის შესახებ და ცხელ კვალზე ამიყვანეს. მოგვიანებით, დანარჩენების აყვანისას, ჩემი ყველა მეგობარი ადგილზევე დახოცეს. მე მხოლოდ იმის წყალობით გადავრჩი, რომ იმ დროს უკვე ციხეში ვიჯექი.

      წლების შემდეგ გამოვედი ციხიდან და მუშაობა დავიწყე. ერთხელ, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი. ისე ცუდად გავხდი, რომ ლოცვა დავიწყე. ჩემი ცოლისგან, დოლორესისგან ვიცოდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა (ფსალმუნი 83:18). ამიტომ ლოცვით პირდაპირ იეჰოვას მივმართე. დოლორესი იმ დროს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა.

      ერთხელ დოლორესმა მთხოვა, რომ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრებას მასთან ერთად დავსწრებოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამატირა იმ დიდმა სიკეთემ და გულწრფელმა ინტერესმა, რაც იქ გამოავლინა ხალხმა ჩემ მიმართ. დავიწყე ბიბლიის შესწავლა და ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა. ვსწავლობდი ბიბლიას და თან ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი.

      ვცდილობდი ხასიათის შეცვლას, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირდა. ერთხელ, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ანტონიო კარდაკარ ვქადაგებდით, ერთმა კაცმა ლანძღვა დაგვიწყო. თავი ვეღარ შევიკავე და მისკენ გავიწიე; მაგრამ ანტონიომ შემაჩერა. როცა წამოვედით, ანტონიომ რბილად გამიმახვილა ყურადღება იესოს მოთმინებაზე, მითხრა, რომ ის ბევრად უარეს დაცინვას და შეურაცხყოფას ითმენდა. მომიყვანა იესოს ახლო მეგობრის, მოციქულ პეტრეს სიტყვები, რომელიც იესოზე წერდა: „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2:23). ამ სიტყვებმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში.

      უკან ვიხედები და ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ვიყავი და როგორი გავხდი. მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ მაძლევდა წმინდა სულს და მეხმარებოდა თავშეკავებისა და სიმშვიდის განვითარებაში (გალატელები 5:22, 23). ჩემს ოჯახში ერთობა და სიხარულია, მთელი ოჯახი მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ. მე დღეს სრული დროით ვემსახურები იეჰოვას და სხვებს ვეხმარები, იპოვონ ღვთის მშვიდობა.

      [სურათი 9 გვერდზე]

      ბიბლიის შესწავლამ სალვადორის ცხოვრება მთლიანად შეცვალა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება