-
ძალმომრეობითი დანაშაული რატომ მწვავდება სიტუაცია?გამოიღვიძეთ! — 2003 | ივლისი 8
-
-
ძალმომრეობითი დანაშაული რატომ მწვავდება სიტუაცია?
ორეგონის შტატში (აშშ) მცხოვრები ფრენკი და გაბრიელა ზღვის სანაპიროზე სეირნობდნენ დილით და მზის ამოსვლას უყურებდნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა მოხდებოდა მალე. რამდენიმე წუთში ორივე მკვდარი იყო — მკვლელმა ორივეს ახლო მანძილიდან თავში დაახალა ტყვია. რა იყო ეს: შურისძიება თუ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული? არც ერთი და არც მეორე. უცნობმა, რომელმაც ისინი მოკლა, ნატვრა აისრულა — მას აინტერესებდა, რას იგრძნობდა, თუ ვინმეს მოკლავდა.
„კვირა დღეს, 1996 წლის 28 აპრილს, მარტინ ბრაიენტმა უსაზღვრო თავნებობითა და სისასტიკით მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო. იგი პორტ-არტურის (ტასმანია) ქუჩებში დადიოდა და ნებისმიერ შემხვედრს ესროდა ცეცხლსასროლი იარაღით. ეს მას გამარჯვებისა და ძალაუფლების ენით აუწერელ განცდას ანიჭებდა“ („ადამიანთა ზნეობრივი დეგრადაციის ანალიზი“, ავტორი ფილიპ ატკინსონი). ბრაიენტმა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!
65 წლის კანადელი პენსიონერი მამაკაცი, ჩვეულებისამებრ, ველოსიპედით სეირნობდა დილით. მოულოდნელად მას მანქანა დაეჯახა უკნიდან. მოხუცი ადგილზევე გარდაიცვალა, მძღოლი კი სასწრაფოდ მიიმალა. მისი ველოსიპედი თითქმის 700 მეტრზე იყო ნათრევი. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს მორიგი უბედური შემთხვევა იყო და შეშინებული მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგრამ გამოძიებამ აჩვენა, რომ საჭესთან იჯდა ადამიანი, რომელმაც მანქანა გართობის მიზნით გაიტაცა და ველოსიპედისტის გატანა, როგორც ჩანს, ამ „გართობის“ ნაწილი იყო.
სხვა სახის დანაშაული?
უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანები სხვადასხვა სახის დანაშაულს სჩადიან, მაგრამ ისეთი შემთხვევები, როგორიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ხალხს საგონებელში აგდებს. მათ ებადებათ კითხვა: რატომ ხდება ასეთი რამ? როგორ შეიძლება, მსგავსი რამ, საერთოდ, აზრად მოსვლოდა ვინმეს? დამნაშავეობის ფართოდ გავრცელებული ისეთი ფორმები, როგორიცაა ქურდობა და თაღლითობა, შეიძლება აღარავის აკვირვებს, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გახშირდა ბოროტმოქმედების ისეთი შემთხვევები, რომლებიც მასმედიის ყურადღებას იპყრობს და ხალხს აღაშფოთებს. ბევრი ფიქრობს: ეს ხომ უაზრობაა! რა ემართება მსოფლიოს?
დანაშაულთა ეს კატეგორია სრულიად განსხვავებულია. ისინი თავზარდამცემია და განსაკუთრებული სისასტიკითა და ბოროტებით გამოირჩევა. როგორც ზემოხსენებული შემთხვევებიდანაც ჩანს, მსხვერპლი, ჩვეულებრივ, ხდება უდანაშაულო ადამიანი, რომელიც არც კი იცნობდა თავდამსხმელს. გარდა ამისა, დამნაშავის მოტივები ხშირად გაურკვეველია. აზრს მოკლებულ დანაშაულთა სიას განუწყვეტლივ ემატება ახალ-ახალი შემთხვევები.
1999 წლის აპრილში, კოლორადოს შტატის (აშშ) ერთ სკოლაში, ორმა ახალგაზრდამ 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა, რის შემდეგაც მათ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. 1982 წელს კალიფორნიაში ერთი მამაკაცი აფთიაქში ნაყიდი წამლის დალევის შემდეგ გარდაიცვალა — პრეპარატისთვის ვიღაცას სტრიქნინი დაემატებინა. 1993 წელს ქალაქ ბუტლში (მერზისაიდის საგრაფო, ინგლისი) ორი წლის ჯეიმს ბალგერი მაღაზიაში წაიყვანა დედამისმა, რომელსაც ხორცი უნდა ეყიდა. ორმა ათი წლის ბიჭმა ჯეიმსი იმ ადგილას გაიტყუა, სადაც რკინიგზა გადიოდა და ჯოხით იქამდე ურტყეს, სანამ სული არ ამოხადეს.
ზოგიერთი ქმედება — როგორიცაა, მაგალითად, 1995 წელს ტოკიოს მეტროში მომხდარი შემთხვევა — შეიძლება ტერორიზმად შეფასდეს. იაპონიის მოსახლეობას თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ რელიგიური სექტის წევრებმა მომწამლავი გაზი გაუშვეს ტოკიოს მეტროში, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ბევრს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობაზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც დაახლოებით 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; ასევე გასულ წელს ბალში (ინდონეზია) მომხდარი აფეთქებები, რასაც თითქმის 200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
ნათელია, რომ ძალმომრეობითმა დანაშაულმა ფართოდ გაიდგა ფესვები. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს მრავალ ქვეყანასა და საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე.
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბოროტმოქმედებს შეჯიბრი გაუმართავთ და ერთმანეთს ეცილებიან ყველაზე შემზარავი დანაშაულის ჩადენაში. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მატულობს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი. სიძულვილით აღვსილი ექსტრემისტები სადისტურად უსწორდებიან იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ სხვა რასას, რელიგიას თუ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან. სწორედ მსგავსი სისასტიკე ჩაიდინეს რუანდაში, სადაც 1994 წელს 800 000 ადამიანი მოკლეს ტუტსის ტომიდან.
ამის შემხედვარე მრავალ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს მსგავსი კითხვები: რა ხდება მსოფლიოში? ადრეც ასე იყო თუ არა? რა უწყობს ხელს ასეთი საშინელი დანაშაულების გახშირებას? შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი შემცირდება ან მთლიანად აღმოიფხვრება? შემდეგი სტატიები ამ და სხვა კითხვებზე გაგვცემს პასუხს.
[ჩანართი 4 გვერდზე]
ძალმომრეობითი დანაშაულის მსხვერპლი, ხშირად, ალალბედზე შერჩეული ადამიანი ხდება, ხოლო ბოროტმოქმედის მოტივები ხშირ შემთხვევაში გაუგებარია.
-
-
რატომ ხდება ამდენი ძალმომრეობითი დანაშაული?გამოიღვიძეთ! — 2003 | ივლისი 8
-
-
რატომ ხდება ამდენი ძალმომრეობითი დანაშაული?
ნებისმიერი დანაშაული, რა თქმა უნდა, ბოროტებაა, მაგრამ უმიზნო და ყოველგვარ აზრს მოკლებული დანაშაულისთვის ახსნის მოძებნა გაცილებით ძნელია. მათი ჩადენის მოტივები ხშირად ნათელი არ არის, რაც დამატებით თავსატეხს უჩენს გამომძიებლებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომელთა ეფექტურობაც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევების შესახებ სულ რაღაც რამდენიმე საათში ამცნობს მილიონობით და მილიარდობით ადამიანსაც კი. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, „ძალადობა გვხვდება ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში და თითქმის ყველა დასახლებაში“.
იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ, ბოლო წლებში საკმაოდ გახშირდა უმიზნო ძალადობის შემთხვევები. მაგალითად, იაპონიაში, სადაც წლების განმავლობაში ძალმომრეობითი დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი იყო, 2001 წლის ივნისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცი, რომელსაც ხელში ყასბის დანა ეჭირა, ქალაქ იკედას ერთ-ერთ სკოლაში შევიდა და მოსწავლეების ხოცვა დაიწყო. 15 წუთში მან 8 ბავშვი მოკლა და 15 დაჭრა. იაპონიიდან ძალადობის ისეთ შემთხვევებზეც იუწყებიან, როცა ახალგაზრდები სრულიად უცნობ ადამიანებს, უბრალოდ, მძაფრი განცდების გულისთვის კლავენ. ეს ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ მდგომარეობა მართლაც შეიცვალა.
იქაც კი, სადაც დამნაშავეობის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, ზოგიერთი უაზრო დანაშაული ხალხში ზიზღს იწვევს. ასე იყო 2001 წლის 11 სექტემბერს, როცა ტერორისტებმა ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განახორციელეს თავდასხმა. აი, რა თქვა ფსიქოლოგმა ჯერარდ ბეილსმა ამ ტერაქტთან დაკავშირებით: „ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო უცხო და სახიფათო ადგილად აქცია, სადაც კაციშვილმა არ იცის, ხვალ რა მოხდება“.
რატომ სჩადიან ისინი ამას?
უმიზნო ძალადობის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას შეუძლებელია ერთი კონკრეტული ახსნა მოუძებნო. ზოგიერთი დანაშაულის გაგებას ძალიან ართულებს ისიც, რომ მასში ლოგიკურობის არანაირი მარცვალი არ არის. მაგალითად, რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ იმას, როცა ბოროტგანმზრახველი ქუჩაში სრულიად უცნობებს ესხმის თავს და დანით სასიკვდილო დარტყმებს აყენებს, ან როცა ვიღაცა მანქანიდან ნებისმიერ გამვლელს ცხრილავს?
ზოგი ირწმუნება, რომ ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა ძალადობისკენ მიდრეკილება. სხვებს კი საწინააღმდეგო აზრი აქვთ. მათი თქმით, აზრს მოკლებული დანაშაულის არსებობას არ უნდა ვამართლებდეთ იმით, ვითომც ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი იყოს (იხილეთ ჩარჩო „ნუთუ განწირულნი ვართ ძალადობისთვის?“).
სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები და გარემოებები, რომლებიც ადამიანს უაზრო და სისასტიკით გამორჩეული დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაბეჯითებითაა ნათქვამი: „შეუძლებელია, მკვლელობა საღად მოაზროვნე, ფსიქიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაიდინოს“. ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამგვარ ფორმულირებას, მაგრამ ბევრი სრულებით იზიარებს იმ აზრს, რაც ამ სიტყვებშია ჩადებული — უაზრო დანაშაულის ჩამდენი ადამიანის აზროვნება, ამა თუ იმ მიზეზის გამო, დამახინჯებულია. რაღაცამ იმდენად შეცვალა მისი განსჯის უნარი, რომ წარმოუდგენელ სისასტიკეზეც კი არ იხევს უკან. რა უბიძგებს ადამიანებს ასეთი ბოროტებისკენ? ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას.
ოჯახის დანგრევა
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის კითხვას, თუ როგორი წარსულის მქონე ადამიანები სჩადიან მძიმე დანაშაულს, მარიანტო პანგანიბანმა — ფილიპინების გამოძიების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა — უპასუხა: „ეს ადამიანები დანგრეული ოჯახებიდან არიან გამოსული და მზრუნველობა და სიყვარული აკლიათ. მათ არავინ უწევს სათანადო ხელმძღვანელობას, რის გამოც ზნეობრივად კნინდებიან და სწორ გზას სცდებიან“. მრავალი მკვლევარი ამბობს, რომ აგრესიული დამნაშავეები, ჩვეულებრივ, ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილი, სადაც მშობლებსა და შვილებს შორის ცუდი ურთიერთდამოკიდებულება იყო და ძალადობას მიმართავდნენ.
აშშ-ის ძალმომრეობით დანაშაულთა ანალიზის ეროვნულმა ცენტრმა ამას წინათ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ჩამოთვლილი ფაქტორები ისეთი ახალგაზრდების ამოცნობაში გვეხმარება, რომლებმაც შეიძლება ამა თუ იმ სახის მკვლელობა ჩაიდინონ სკოლაში. ამ ჩამონათვალში შემდეგი ოჯახური ფაქტორებიც შედიოდა: მშობლებსა და შვილებს შორის ცუდი ურთიერთდამოკიდებულება; მშობლების მხრიდან შვილების პრობლემების განჭვრეტის უუნარობა; სითბოსა და სიახლოვის ნაკლებობა; ბავშვისადმი გადამეტებული ლმობიერება, როცა ზერელედ, ან საერთოდ არ აკონტროლებენ მის საქციელს; და ბავშვის მეტისმეტი კარჩაკეტილობა, როცა ის გაორებულ ცხოვრებას ეწევა და მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან.
ოჯახის დანგრევა მრავალი ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს საზიანოდ. ზოგი მშობელი მუდამ რაღაცით არის დაკავებული და შვილისთვის თითქმის ვერ იცლის. ათასობით ახალგაზრდა ისე გაიზარდა, რომ ზნეობრივ და სხვა საკითხებზე სწორი მიმართულება არავის მიუცია. სპეციალისტების აზრით, ასეთ გარემოში გაზრდილმა ბავშვმა შეიძლება ვერ განავითაროს სხვებთან ახლო და თბილი ურთიერთობა, რის გამოც ის ადვილად გაბედავს სხვა ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას ისე, რომ ხშირად სინდისიც არ შეაწუხებს.
ექსტრემისტული დაჯგუფებები და საშიში სექტები
ზოგიერთ დანაშაულს ადამიანები ექსტრემისტული დაჯგუფებებისა თუ საშიში სექტების ზემოქმედებით სჩადიან. ინდიანას შტატში (აშშ) 19 წლის შავკანიანი ბიჭი სავაჭრო ცენტრიდან სახლში ბრუნდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ტყვიით თავგახვრეტილი ეგდო ტროტუარზე. მას ესროლა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც მსხვერპლი ალალბედზე შეარჩია. რატომ ჩაიდინა ეს? მკვლელს ძალიან უნდოდა რასისტული ორგანიზაციის წევრად გახდომა და აბლაბუდის ფორმის ტატუირების გაკეთება, რაზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავდნენ ნებას, თუ შავკანიანს მოკლავდა.
1995 წელს ნერვულ-პარალიზური გაზის გაშვება ტოკიოს მეტროში; მასობრივი თვითმკვლელობა ჯონზტაუნში (გაიანა); შვეიცარიაში, კანადასა და საფრანგეთში „მზის ტაძრის ორდენის“ სექტის 69 წევრის სიკვდილი — ყველა ეს დანაშაული სექტების შთაგონებით მოხდა. ეს შემთხვევები კარგად აჩვენებს, თუ რა ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ზოგიერთ დაჯგუფებას ხალხის აზროვნებაზე. მაცდური დაპირებებით მოზიდულ ხალხს ქარიზმატული ლიდერები „ყოვლად წარმოუდგენელ“ საქმეებს აკეთებინებენ.
მასმედია და ძალადობა
ზოგს მოჰყავს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ კომუნიკაციის ზოგიერთი თანამედროვე საშუალება შეიძლება აგრესიულ ქცევას უწყობდეს ხელს. ფიქრობენ, რომ სატელევიზიო გადაცემებში, კინოფილმებში, ვიდეოთამაშებსა და ინტერნეტში ასახული ძალადობის სცენების სისტემატური ყურება სინდისს აჩლუნგებს და ადამიანებს ძალმომრეობითი დანაშაულისკენ უბიძგებს. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი დენიელ ბორენშტაინი ამბობს: „დღესდღეობით უკვე არსებობს 30-წლიან კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მასმედიაში არსებულ ძალადობასა და ზოგიერთი ბავშვის აგრესიულობას შორის უშუალო კავშირი არსებობს“. შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთი კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ექიმმა ბორენშტაინმა განაცხადა: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გართობის ინდუსტრიაში წარმოდგენილი ძალადობის ნებისმიერი ფორმის სისტემატური ყურება საკმაოდ უარყოფითად აისახება ხალხის ჯანმრთელობაზე“ (იხილეთ ჩარჩო „ძალადობა კომპიუტერულ თამაშებში — ექიმის თვალსაზრისი“).
ზემოთ ნათქვამში დასარწმუნებლად, ხშირად, კონკრეტული მაგალითები მოჰყავთ. ალბათ გახსოვთ წინა სტატიაში მოხსენიებული შემთხვევა, ბოროტმოქმედმა შეუბრალებლად რომ მოკლა ცოლ-ქმარი, რომელიც ზღვის სანაპიროზე მზის ამოსვლას უყურებდა. ბრალმდებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მკვლელს ძალადობის ამსახველი ფილმის ხშირმა ყურებამ ჩააგონა ამ დანაშაულის ჩადენა — მას მძაფრი განცდების მიღება სურდა. გაიხსენეთ, აგრეთვე, სკოლაში მომხდარი შემთხვევა, ორმა მოსწავლემ 13 ადამიანი რომ მოკლა, მერე კი თავი მოიკლეს. როგორც ამბობენ, ეს ორი ახალგაზრდა ყოველდღიურად საათობით ეჯდა ძალადობის შემცველ ვიდეოთამაშებს. გარდა ამისა, ისინი ისეთ ფილმებსაც უყურებდნენ, რომლებშიც ძალადობა და მკვლელობაა განდიდებული.
ნარკოტიკები
შეერთებულ შტატებში უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში თინეიჯერების მიერ ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გასამმაგდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ბანდების არსებობას — განსაკუთრებით კი ისეთი ბანდებისა, რომლის წევრებიც კრეკ-კოკაინს ეწევიან. როგორც პოლიცია იტყობინება, ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი) ბოლო დროს მომხდარი 500 მკვლელობიდან „75 პროცენტი ბანდებთან იყო დაკავშირებული“.
გფბ-ის აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ: „ნარკოტიკების გავლენით მეტისმეტად ბევრი მკვლელობა ხდება“. ზოგი ადამიანი, ვისი აზროვნებაც ნარკოტიკების მიღებითაა დამახინჯებული, ამ ძლიერმოქმედი საშუალებებით გონებაგაბრუებული სჩადის მკვლელობას. ნარკოტიკებით მოვაჭრეები კი თავიანთი ბიზნესის დასაცავად ძალადობას მიმართავენ. ნათელია, რომ ნარკოტიკები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შემზარავი დანაშაულისკენ უბიძგებს.
იარაღი, რომლის შოვნაც ადვილია
როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ტასმანიაში (ავსტრალია) ერთმა ბოროტმოქმედმა 35 ადამიანი მოკლა და 19 დაჭრა. იგი სამხედრო სტილის ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული. ბევრმა დაასკვნა, რომ ამგვარი იარაღის ადვილად შოვნის შესაძლებლობა ძალმომრეობითი დანაშაულის გავრცელების ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორია.
ერთი წყაროს თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით იაპონიაში 1995 წელს სულ 32 მკვლელობა მოხდა. უმრავლეს შემთხვევაში მკვლელიცა და მისი მსხვერპლიც დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. შეერთებულ შტატებში კი იმავე პერიოდში 15 000-ზე მეტი მკვლელობა მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით. რით უნდა აიხსნას ასეთი სხვაობა? ამას ზოგი იმით ხსნის, რომ იაპონიაში საკმაოდ მკაცრი კანონებია ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებით.
ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავების უუნარობა
რაიმე შემზარავი დანაშაულის შესახებ როცა იგებს, ზოგი შეიძლება ამბობს: ასეთ რამეს მხოლოდ შეშლილი თუ ჩაიდენდა! მაგრამ, მსგავსი დანაშაულის ჩამდენთაგან ყველა არ არის ფსიქიკურად დაავადებული. სამაგიეროდ, ბევრ მათგანს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება უჭირს. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ზოგიერთ პირადულ პრობლემაზე, რომლებმაც ადამიანი შეიძლება ძალადობის ჩადენამდე მიიყვანოს. ეს შეიძლება იყოს შემდეგი: სწავლისა და ათვისების ცუდი უნარი, სიძნელეები ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში, ფიზიკური თუ სქესობრივი ძალადობის შედეგად მიყენებული ემოციური ჭრილობა, ანტისაზოგადოებრივი განწყობა, სიძულვილი ადამიანთა გარკვეული ჯგუფისადმი (მაგალითად, ქალებისადმი), სინდისის არქენჯნა არასწორი საქციელის ჩადენისას, და პირადი მიზნებისთვის სხვების მანიპულირების სურვილი.
ზოგს იმდენად შთანთქავს ესა თუ ის პრობლემა, რომ მათ აზროვნებაში ცვლილებები ხდება და შეიძლება სრულიად გაუგებარი რამ ჩაიდინონ. მაგალითად მოვიყვანთ ერთი მედდის შემთხვევას, რომელსაც უზომოდ სწყუროდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. პატარა ბავშვების სხეულში მას შპრიცით შეჰყავდა კუნთების მომადუნებელი საშუალება, რაც სუნთქვის შეწყვეტას იწვევდა. შემდეგ კი სუნთქვის აღდგენაში ეხმარებოდა პატარებს და ტკბებოდა იმ აღიარებით, რომელსაც ის თითოეული ბავშვის „გადარჩენისას“ იმსახურებდა. სამწუხაროდ, მან ყველა ბავშვს ვერ აღუდგინა სუნთქვა და, საბოლოოდ, მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ზემოთ განხილულიდან ცხადია, რომ ძალმომრეობითი დანაშაულის ჩადენისკენ ადამიანებს მთელი რიგი ფაქტორები აღძრავს. ჩვენი ჩამონათვალი დაუსრულებელი დარჩებოდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ არ განგვეხილა.
ბიბლიაში მოცემული ახსნა
ბიბლია ჩვენს ეპოქაში მიმდინარე მოვლენებისა და იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რატომ გამოირჩევა ადამიანთა საქციელი სხვადასხვა უკიდურესობით. საღვთო წერილი ზუსტად აღწერს ადამიანთა დამოკიდებულებას, რომელსაც დღეს ყველგან ვხვდებით. მაგალითად, 2 ტიმოთეს 3:3, 4-ში ნათქვამია, რომ ადამიანები იქნებოდნენ „მოძულენი . . . შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი“ და „თავნებები“ (აქ). ბიბლიის სხვა წიგნში კი იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „მრავალს გაუნელდება სიყვარული“ (მათე 24:12).
ბიბლია ამბობს: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“ (2 ტიმოთე 3:1). ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები ნათელყოფს, რომ თანამედროვე მსოფლიო სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ. საერთო მდგომარეობა და ხალხის დამოკიდებულება დღითიდღე უარესდება. უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სიტუაცია დღესვე მოგვარდება? ბიბლიაში ნათქვამია: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები . . . წინ წაიწევენ უარესისაკენ“ (2 ტიმოთე 3:13).
ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კაცობრიობა ვერასდროს დააღწევს თავს შემაძრწუნებელი ძალადობისა და მზარდი დამნაშავეობის მარწუხებს? ამ შეკითხვას მომდევნო სტატია უპასუხებს.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ნუთუ განწირულნი ვართ ძალადობისთვის?
ზოგი ირწმუნება, რომ ადამიანებს დაბადებიდანვე თანდაყოლილი აქვთ ძალადობისა და მკვლელობისკენ მიდრეკილება. ევოლუციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ცხოველებისგან წარმოვიშვით და ძალმომრეობისკენ სწრაფვა მათგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა. თუ მსგავსი თეორიები სწორია, მაშინ ძალადობა ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი ყოფილა და მის მარწუხებს ვერასოდეს დავაღწევთ თავს.
სინამდვილეში კი, ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ზემოხსენებული თეორიები ვერ ხსნის ერთ მნიშვნელოვან მომენტს — კერძოდ იმას, თუ რატომ ვლინდება ძალადობა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ფორმითა და სიხშირით. ან რატომაა, რომ დედამიწის ზოგიერთ კუთხეში ძალადობით რეაგირება ნორმალურ მოვლენად ითვლება, მაშინ როცა სხვა მხარეებში უმნიშვნელო ძალმომრეობა შეინიშნება და მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის ნულს უდრის. ფსიქოანალიტიკოსმა ერიხ ფრომმა სერიოზული შეუსაბამობები გამოააშკარავა თეორიაში, რომლის თანახმადაც აგრესიულობა პრიმატებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით. როგორც მან აღნიშნა, თუმცა ზოგი პრიმატი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ან თავდაცვის მიზნით მიმართავს ძალადობას, ადამიანი ერთადერთი ქმნილებაა, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გამეტება უბრალოდ მძაფრი განცდების მიღების გულისთვის შეუძლია.
წიგნში „მოკვლის ჟინი — უმიზნო მკვლელობის ახსნა“ პროფესორები ჯეიმს ალან ფოქსი და ჯეკ ლევინი ასეთ აზრს გამოთქვამენ: „ზოგ ადამიანს უფრო მეტად აქვს მიდრეკილება ძალადობისკენ, მაგრამ, ამასთანავე, მას ნების თავისუფლებაც აქვს. თუმცა მკვლელობისკენ ადამიანს შეიძლება მთელმა რიგმა შინაგანმა თუ გარეგანმა ფაქტორებმა უბიძგოს, იგი მაინც საკუთარი ნებით აკეთებს არჩევანს და, მაშასადამე, თავის საქციელზე პასუხისმგებლობაც უშუალოდ მას ეკისრება“.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
ძალადობა კომპიუტერულ თამაშებში — ექიმის თვალსაზრისი
ამერიკის სამედიცინო საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, ექიმმა რიჩარდ კორლინმა, ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი, აშშ) ექიმთა ჯგუფის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ კომპიუტერულ თამაშებზე, რომლებიც ძალადობისკენ უბიძგებს ხალხს. ზოგიერთი ასეთი თამაშის დროს მოთამაშეს ქულები იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ მოწინააღმდეგეს დაჭრის. თუ სხეულში მოარტყამს ტყვიას, უფრო მეტ ქულას მიიღებს, ხოლო თუ თავში დაუმიზნებს და არ ააცდენს, უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებს. მსხვერპლს სისხლი თქრიალით მოსდის და ტვინის ნაფლეთები აქეთ-იქით ცვივა.
კორლინმა დამსწრეებს შეახსენა, რომ ბავშვებს ავტომანქანის მართვის, ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისა და სიგარეტის მოწევის ნებას არ რთავენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი მცირეწლოვანები არიან. შემდეგ მან დასძინა: „ჩვენ კი მათ ნებას ვრთავთ, სროლა ისწავლონ იმ ასაკში, როცა არც საკუთარი ემოციების გაკონტროლება შეუძლიათ და არც იმდენად მოწიფულები და გამოცდილები არიან, რომ უსაფრთხოდ გამოიყენონ იარაღი, რომელსაც ისინი ეთამაშებიან . . . ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ჩავაგონოთ, რომ ძალადობა უკვალოდ არასოდეს ჩაივლის — მას ყოველთვის მოჰყვება სერიოზული შედეგები“.
დამნაშავეობას რომ სერიოზული შედეგები მოსდევს, ბავშვებს ამას, სამწუხაროდ, ნაკლებად ასწავლიან. ბავშვები საკმაოდ ხშირად ხდებიან ძალმომრეობითი დანაშაულის უდანაშაულო მსხვერპლი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად ათი ბავშვი კვდება. ექიმი კორლინი ამბობს: „მსოფლიო მასშტაბით, შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით ბავშვთა მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“. რა დაასკვნა მან? „იარაღით ჩადენილი ძალადობა დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას. ეს უტყუარი ფაქტია“.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ძალმომრეობითი დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები
მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ უმიზნო დანაშაულს ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ოჯახის დანგრევა
ექსტრემისტული დაჯგუფებები
საშიში სექტები
ძალადობის შემცველი გართობა
ძალადობის რეალური სცენების ხშირი ყურება
ნარკომანია
პრობლემებთან გამკლავების უუნარობა
იარაღის ადვილად შოვნის შესაძლებლობა
სხვადასხვა სახის ფსიქიკური მოშლილობა
[სურათი 8 გვერდზე]
ერთ-ერთი იმ ხუთი აფეთქებიდან, რომლებსაც, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 80-ზე მეტის დაშავება მოჰყვა (კესონ-სიტი, ფილიპინები).
[საავტორო უფლება]
AP Photo/Aaron Favila 30 დეკემბერი, 2000
[სურათი 8 გვერდზე]
კოლამბაინის საშუალო სკოლაში ორმა მოსწავლემ ერთი მასწავლებელი და 12 მოსწავლე მოკლა, რის შემდეგაც მათ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე (კოლორადოს შტატი, აშშ).
[საავტორო უფლება]
AP Photo/Jefferson County Sheriff’s Department 20 აპრილი, 1999
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
მანქანაში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ღამის კლუბში მყოფი, სულ მცირე, 182 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 132 დაშავდა (ბალი, ინდონეზია).
[საავტორო უფლება]
Maldonado Roberto/GAMMA 12 ოქტომბერი, 2002
-
-
არსებობს რეალური გამოსავალი?გამოიღვიძეთ! — 2003 | ივლისი 8
-
-
არსებობს რეალური გამოსავალი?
დამნაშავეობამ თანამედროვე საზოგადოებაში მყარად მოიკიდა ფეხი და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალური სფეროს მუშაკების, სამართალდამცავი ორგანოებისა და დამნაშავეთა გამოსასწორებელი დაწესებულებების კეთილი განზრახვისა და მცდელობების მიუხედავად ცხოვრება დღითი დღე საშიში ხდება. არსებობს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე დიდი ცვლილება მოხდება, მაგრამ ეს ადამიანთა მთავრობების დამსახურება როდი იქნება. რამდენად კეთილშობილურიც უნდა იყოს დღევანდელი მმართველების მიზნები, მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. მათ საიმისო არც ძალა შესწევთ და არც უნარი, რომ მთლიანად აღმოფხვრან დამნაშავეობის გამომწვევი მიზეზები და შექმნან ისეთი მსოფლიო სისტემა, სადაც ადამიანები მუდამ უსაფრთხოდ იცხოვრებენ.
ცვლილებას, რომლის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი, ჩვენი ზეციერი მამა მოახდენს. მას, როგორც სამყაროს შემოქმედს, ძალაც აქვს და უფლებაც, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ადამიანებმა ვერ შეძლეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის . . . იგი დიდ ძალას ფლობს და ძლევამოსილია’ (ესაია 40:23—26). რა ცვლილებებს გვპირდება ღმერთი და საიდან ვიცით, რომ ეს უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს?
ფსალმუნების 36:10-ში ვკითხულობთ ღვთის დანაპირებს: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“. ღმერთს განზრახული აქვს იმ გამოუსწორებელი ბოროტი ადამიანების განადგურება, რომლებიც არც კი ფიქრობენ უკეთესობისკენ შეცვლას. მაგრამ ის ყველა ადამიანს როდი მოსპობს. მათ შესახებ, ვისაც სურს თვინიერი, თავმდაბალი და მშვიდობისმოყვარე გახდეს, ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა. და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“. მას შემდეგ, რაც ბოროტები განადგურდებიან, გადარჩენილები გაიხარებენ „დიდი მშვიდობით“, ანუ ისეთ მსოფლიოში იცხოვრებენ, სადაც არანაირი დამნაშავეობა აღარ იქნება (ფსალმუნები 36:11, 34).
საჭიროა გულისა და გონების შეცვლა
დამნაშავეობის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად საკმარისი არ არის, მხოლოდ ბოროტების განადგურება და კარგი ადამიანების გადარჩენა. დამნაშავეობა, ხშირად, ადამიანის გულისა და გონების არასწორი აღზრდის შედეგია. ღვთის მთავრობა სწორედ ამ მხრივ გააკეთებს შეუძლებელს — იმას, რის გაკეთებაც ადამიანთა მმართველობებმა ვერ შეძლეს. იგი პრაქტიკულ ხელმძღვანელობას გაუწევს და შესაბამის განათლებას მისცემს ხალხს, რათა მათ სიმართლე შეიყვარონ. ესაიას 54:13-ში ვკითხულობთ: „შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა“.
ეს ცვლილებები ყველას სიხარულით აუვსებს გულს! ბიბლია სიმბოლური ენით აღწერს იმ ადამიანების გულსა და გონებაში მომხდარ ცვლილებას, რომლებიც ერთ დროს თავიანთი თვისებებით მხეცებს წააგავდნენ: „მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან“. რას უნდა მივაწეროთ ეს ძირეული გარდატეხა? კვლავაც ბიბლია გვპასუხობს: „რადგან ქვეყანა სავსე იქნება უფლის ცოდნით, როგორც ზღვაა დაფარული წყლებით“ (ესაია 11:6, 9). მაგრამ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მსგავსი ცვლილებების ნახვა არა მარტო მომავალში, არამედ ახლავე შეგიძლიათ. როგორ?
სასიკეთო ცვლილებები დღესვე მოგიტანთ სარგებლობას
ზოგი ახლავე ახდენს სათანადო ცვლილებებს ცხოვრებაში, რითაც დამნაშავეობისგან თავისუფალ მსოფლიოში საცხოვრებლად ემზადებიან. ისინი უკვე იმოსებიან ახალ კაცად, ანუ ავითარებენ ღვთისმოსაწონ თვისებებს, რომელთა გარეშეც ვერავინ იცხოვრებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13). როგორ აკეთებენ ამას? ისინი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბიბლიაში ყურადსაღები მოწოდებაა: ‘განიახლეთ თქვენი გონების სული და შეიმოსეთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:23, 24).
კოლასელთა 3:12—14-ში აღწერილია ის დადებითი თვისებები, რომლებსაც დღეს მრავალი გულწრფელი ადამიანი ავითარებს: „ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“.
ხომ არ გსურთ ახალი ქრისტიანული პიროვნებით შემოსვაში დაგეხმარონ? იეჰოვას მოწმეების დახმარებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღეს მილიონობით ადამიანი „იმოსება“ ღვთისმოსაწონი თვისებებით. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება სამეფო დარბაზებში თუ დიდ კონგრესებზე, ყოფილმა ბოროტმოქმედებმაც კი ისწავლეს მშვიდობისმოყვარეობაa. თუ თქვენც გსურთ ამ ბრწყინვალე ბიბლიურ-საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა, ნუღარ დააყოვნებთ და დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან, რათა თქვენც იყოთ იმ ბედნიერ ადამიანთა შორის, რომლებიც დღესვე ემზადებიან დამნაშავეობისგან თავისუფალ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად.
[სქოლიოები]
a იხილეთ, მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 8 მაისის ნომერი, გვ. 8—10 (რუს.).
[სურათები 10 გვერდზე]
დღეს მილიონობით ადამიანი იღებს განათლებას, რომელიც მათ დამნაშავეობისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებისთვის ამზადებს.
-