-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
„ძველ დღეთას“ განაჩენი გამოაქვს
33. ა) ვინ არის „ძველი დღეთა“? ბ) რას ნიშნავს ზეციერი სამსჯავროს წინაშე ‘გადაშლილი წიგნები’?
33 ოთხივე მხეცის გამოჩენის შემდეგ დანიელი ზეცისკენ აღაპყრობს თვალს. მან იხილა, როგორ დაჯდა დიდებულ ტახტზე განაჩენის გამოსატანად „ძველი დღეთა“, რომელიც სხვა არავინ იყო თუ არა იეჰოვა ღმერთი (ფსალმუნი 89:2). მან აგრეთვე იხილა, როგორ „გადაიშალა წიგნები“ ზეციერი სამსჯავროს წინაშე (დანიელი 7:9, 10). რადგან იეჰოვას დასაწყისი არ ჰქონია, მის წინაშე კაცობრიობის მთელი ისტორია წიგნივით არის გადაშლილი. იეჰოვამ თვითონვე იხილა ოთხი სიმბოლური მხეცის მოქმედება, რის საფუძველზეც შეუძლია განაჩენი გამოუტანოს მათ.
34, 35. რა დაემართება „მომცრო“ რქასა და მხეცებით წარმოდგენილ სხვა მსოფლიო მპყრობელებს?
34 დანიელი განაგრძობს: „მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ“ (დანიელი 7:11, 12). ანგელოზმა დანიელს უთხრა: „დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დანიელი 7:26).
35 უზენაესი მოსამართლის, იეჰოვა ღმერთის, განაჩენით ღვთისმგმობელსა და „წმიდანების“ მდევნელ რქას იგივე უნდა დაემართოს, რაც პირველი ქრისტიანების მდევნელ რომის იმპერიას. მის მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს. იგივე დაემართება რომის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილ მცირე რქისმაგვარ „მეფეებს“. მაგრამ რა ელოდება წინამორბედი მსოფლიო მპყრობელების ადგილზე წარმოქმნილ სახელმწიფოებს? წინასწარმეტყველების თანახმად, ამ სიმბოლურ მხეცებს სიცოცხლე ‘დროებითა და ვადით უნდა გახანგრძლივებოდათ’. მათი ტერიტორიები დღემდე დასახლებულია. მაგალითად, ერაყს ძველი ბაბილონის ტერიტორია უკავია. სპარსეთი (ირანი) და საბერძნეთი დღემდე არსებობს. სახელმწიფოები, რომლებსაც ეს მსოფლიო მპყრობელები მოიცავდა, დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები არიან. ეს სახელმწიფოებიც უკანასკნელ მსოფლიო მპყრობელთან ერთად განადგურდებიან. ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული ყოველგვარი მმართველობა აღმოიფხვრება ‘ომში ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’ (გამოცხადება 16:14, 16). მაგრამ წამოიჭრება კითხვა: ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?
მარადიული მმართველობა
36, 37. ა) ვინ არის „კაცის ძის მსგავსი“ და როდის და რა მიზნით წარსდგა ის ზეციერი სამსჯავროს წინაშე? ბ) რა მოხდა 1914 წელს?
36 „ჩემს ღამის ხილვაში ვნახე, — ამბობს დანიელი, — აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე“ (დანიელი 7:13). დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტე თავს „კაცის ძეს“ უწოდებდა, რაც კაცობრიობასთან მის სიახლოვეზე მეტყველებდა (მათე 16:13; 25:31). სინედრიონის ანუ იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე იესომ განაცხადა: „იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მათე 26:64). ასე რომ, დანიელის ხილვაში ცის ღრუბლებზე მომავალი და ღვთის წინაშე ადამიანის თვალთათვის უხილავად წარმდგარი „კაცის ძის მსგავსი“ მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული იესო ქრისტე იყო. მაგრამ როდის შესრულდა ეს წინასწარმეტყველური ხილვა?
37 ღმერთმა სამეფოს კავშირი დადო იესო ქრისტესთან, ისევე როგორც დავით მეფის შემთხვევაში გააკეთა ეს (მეორე მეფეთა 7:11—16; ლუკა 22:28—30). „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წელს, იესო ქრისტეს, როგორც დავით მეფის მემკვიდრეს, სამეფო ძალაუფლების ხელში აღების სრული უფლება ჰქონდა. დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:14). ამგვარად, 1914 წელს ზეცაში მესიანურმა სამეფომ დაიწყო მმართველობა. მაგრამ იესო ქრისტე ერთპიროვნულად არ მართავს ამ სამეფოს.
38, 39. ვინ უნდა მართოს მსოფლიო მარადიულად?
38 „უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს“, — თქვა ანგელოზმა (დანიელი 7:18, 22, 27). იესო ქრისტე პირველია ამ წმიდათაგან (საქმეები 3:14; 4:27, 30). სხვა „წმიდანებს“ ანუ ქრისტეს თანამმართველებს 144 000 სულითცხებული ქრისტიანი წარმოადგენს (რომაელთა 1:7; 8:17; 2 თესალონიკელთა 1:5; 1 პეტრე 2:9). ისინი სულიერ ქმნილებებად არიან მკვდრეთით აღდგენილი, რომ ქრისტესთან ერთად იმეფონ ზეციერი სიონის მთაზე (გამოცხადება 2:10; 14:1, სსგ; 20:6). ასე რომ, კაცობრიობა იესო ქრისტემ და მკვდრეთით აღდგენილმა ცხებულმა ქრისტიანებმა უნდა მართონ.
39 კაცის ძისა და მკვდრეთით აღდგენილი „წმიდანების“ მმართველობის შესახებ ღვთის ანგელოზმა თქვა: „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება“ (დანიელი 7:27). რა დიდებულ კურთხევებს მოუტანს ეს სამეფო მორჩილ ადამიანებს!
-
-
ვინ იქნება მსოფლიოს მმართველი?ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
[მთელი 147 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
-