საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადე
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 14

      იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადე

      ხილვა 2 გამოცხადება 4:1—5:14

      თემა: ღვთის სასამართლო ტახტის წინ განვითარებული შიშის მომგვრელი მოვლენები.

      შესრულების დრო: აღწერილი მოვლენების შესრულება იწყება 1914 წლიდან და გრძელდება ათასწლიანი მეფობის ბოლომდე და მარადიულად, როდესაც ყველა ქმნილება ზეცაში თუ დედამიწაზე იეჰოვას განადიდებს (გამოცხადება 5:13).

      1. რატომ უნდა მოვეკიდოთ დიდი გულისყურით იოანეს ხილვებს?

      იოანე განაგრძობს თხრობას. ახლა ის სხვა ამაღელვებელ ხილვებს გვიყვება. ღვთის შთაგონებით იოანე ისევ უფლის დღეს ხედავს. ჩვენთვის, ვინც უფლის დღის განმავლობაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ის აღწერს. ამ ხილვების მეშვეობით იეჰოვა თითქოს უხილავ ფარდას ხდის ზეციერ მოვლენებს და იმასაც გვიმხელს, თუ როგორ აღასრულებს თავის განაჩენს დედამიწაზე. ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ეს ხილვები გვეხმარება, დავინახოთ, რა ადგილი გვიკავია იეჰოვას ორგანიზაციაში. ამიტომ თითოეული გულისყურით უნდა მოვეკიდოთ იოანეს სიტყვებს: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს“ (გამოცხადება 1:3).

      2. რას ხედავს ახლა იოანე?

      2 იმას, რაც იოანემ იხილა, ვერანაირად ვერ შეედრება ის, რაც თანამედროვე კინემატოგრაფიამ შექმნა. იოანე წერს: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, ღია კარი ცაში. პირველი ხმა, რომელიც მომესმა, საყვირის ხმას ჰგავდა და მეუბნებოდა: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“ » (გამოცხადება 4:1). ხილვაში იოანეს თვალწინ იხსნება უხილავი ზეცა, სადაც თვითონ იეჰოვაა. ეს ზეცა აღმატებულია კოსმონავტების კვლევის საგანზე — ფიზიკურ კოსმოსზე და მატერიალური სამყაროს გალაქტიკებზე. იოანე, რომელიც მოწვევას იღებს, თითქოს ღია კარში შედის. მის თვალწინ საოცარი სურათი იშლება: ის ხედავს სულიერი ზეცის მწვერვალს, სადაც იეჰოვა ზის ტახტზე (ფსალმუნი 11:4; ესაია 66:1). ამის ხილვა უდიდესი პატივი იყო იოანესთვის!

      3. რას გვაგონებს „საყვირის ხმა“ და ვისია ეს ხმა?

      3 ბიბლიაში დაზუსტებით არ არის ნათქვამი, ვის ეკუთვნის ეს „პირველი ხმა“. იესოს მძლავრი ხმის მსგავსად, რომელიც ადრე გაისმოდა, ეს ხმაც მბრძანებლურად ჟღერს, თითქოს საყვირიდან ისმისო (გამოცხადება 1:10, 11). ის წააგავს იმ საყვირის ხმას, რომელიც სინას მთაზე იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო (გამოსვლა 19:18—20). მოწვევა დიდებული ღვთისგან, უსათუოდ, იეჰოვასგან მომდინარეობდა (გამოცხადება 1:1). მან გახსნა კარი და იოანემაც ხილვაში უზენაესი იეჰოვას უკიდეგანო სამეფოს წმინდათაწმინდაში შესვლა შეძლო.

      იეჰოვას ბრწყინვალება

      4. ა) რა მნიშვნელობა აქვს იოანეს ხილვას ცხებული ქრისტიანებისთვის? ბ) რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთათვის?

      4 რას ხედავს იოანე? ყური დავუგდოთ, ახლა ის იეჰოვას ბრწყინვალებაზე საუბრობს: „მაშინვე მომიცვა სულის ძალამ და, აი, ზეცაში ტახტი იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა“ (გამოცხადება 4:2). იოანე წმინდა სულს, ღვთის მოქმედ ძალას, იეჰოვას ტახტთან მიჰყავს. ის სულით ხორცამდეა შეძრული! იოანე თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას ხედავს: ეს არის ზეცა, რომელიც მისთვის და სხვა ცხებული ქრისტიანებისთვის ინახება, როგორც „უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა“ (1 პეტრე 1:3—5; ფილიპელები 3:20). იოანეს ხილვას დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინეთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ხილვის წყალობით მათ ესმით, რამდენად დიდებულია იეჰოვა და მისი ზეციერი მმართველობის სისტემა, რომელსაც იეჰოვა ერების გასასამართლებლად და შემდეგ ადამიანთა სამართავად გამოიყენებს. იეჰოვას მართლაც ყველაზე დიდებული ორგანიზაცია აქვს!

      5. რას ხედავს იოანე, რასაც ადრე შეთანხმების კიდობნის სახურავი განასახიერებდა?

      5 რასაც იოანე ზეცაში ხედავს, ჰგავს უდაბნოში აგებულ კარავს. ეს კარავი იოანემდე დაახლოებით 1 600 წლით ადრე იყო აგებული და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ საწმინდარს წარმოადგენდა. კარვის წმინდათაწმიდაში იყო შეთანხმების კიდობანი, რომელსაც ხალასი ოქროს სახურავი ჰქონდა. ამ სახურავის ზემოდან თვით იეჰოვას ხმა ისმოდა (გამოსვლა 25:17—22; ებრაელები 9:5). კიდობნის სახურავი იეჰოვას ტახტს განასახიერებდა და იოანე სწორედ ამას ხედავს: თვით უზენაესი უფალი იეჰოვა თავის ზეციერ ტახტზე ზის მთელი თავისი დიდებითა და სიდიადით.

      6. როგორ წარმოდგენას გვიქმნის იოანე იეჰოვაზე და რატომ შეეფერება იეჰოვას ასეთი აღწერილობა?

      6 წინათ მცხოვრები წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხილვებში ნანახი ჰქონდათ იეჰოვას ტახტი, იოანეს დაწვრილებით არ აღუწერია ტახტზე მჯდომი წმინდა (ეზეკიელი 1:26, 27; დანიელი 7:9, 10). მაგრამ იოანე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მასზე: „ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გამოცხადება 4:3). რა სიდიადეა! იოანე ხედავს სიმშვიდეს და ისეთ თვალისმომჭრელ სილამაზეს, რომელიც ძვირფასი ქვების ბზინვარებას მოგვაგონებს. ეს აღწერილობა კარგად შეეფერება მოწაფე იაკობის სიტყვებს, რომელმაც იეჰოვა „ციურ მნათობთა მამად“ მოიხსენია (იაკობი 1:17). მალევე „გამოცხადების“ დაწერიდან იოანემ თქვა: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). იეჰოვა მართლაც დიდებული ღმერთია!

      7. რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვას ტახტს გარს ცისარტყელა აკრავს?

      7 ყურადღება მიაქციეთ, რომ იოანე ტახტის ირგვლივ ზურმუხტისფერ ცისარტყელას ხედავს. ცისარტყელად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ირის სრულ სიმრგვალეზე მიუთითებს. ბიბლიაში ცისარტყელა პირველად ნოეს დროის აღწერისას მოიხსენიება. წარღვნის შემდეგ წყლის დონემ რომ დაიწია, იეჰოვამ ცაზე ღრუბელში ცისარტყელა გამოაჩინა და ახსნა მისი მნიშვნელობაც: „ვაფუძნებ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული შეთანხმების ნიშანი. მაშინ გავიხსენებ მე და თქვენ შორის და ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს შორის დადებულ შეთანხმებას; წარღვნით აღარ განადგურდება ყოველი ხორციელი“ (დაბადება 9:13, 15). რას გაახსენებდა იოანეს ეს ზეციური ხილვა? ნანახი ცისარტყელა, როგორც ჩანს, იეჰოვასთან ისეთი მშვიდობიანი ურთიერთობის აუცილებლობას შეახსენებდა, როგორიც დღეს იოანეს კლასს აქვს. იოანეზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იეჰოვასგან მომდინარე მშვიდობა. ამ მშვიდობას შეიგრძნობს ყველა მორჩილი ადამიანი, როდესაც იეჰოვა თავის კარავს გაუშლის დედამიწის ახალ საზოგადოებას (ფსალმუნი 119:165; ფილიპელები 4:7; გამოცხადება 21:1—4).

      ვინ არის 24 უხუცესი

      8. ვის ხედავს იოანე იეჰოვას ტახტის ირგვლივ და ვის განასახიერებენ ისინი?

      8 იოანემ იცოდა, რომ მღვდლებს კარავში მსახურება ჰქონდათ დავალებული. მას, ალბათ, განაცვიფრებდა ის, რომ: „ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, რომლებზეც თეთრებში ჩაცმული ოცდაოთხი უხუცესი იჯდა, თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხადება 4:4). იოანე მღვდლების ნაცვლად 24 უხუცესს ხედავს, რომლებიც სამეფო ტახტებზე სხედან და თავზე გვირგვინები ადგათ. ვინ არიან ეს უხუცესები? ისინი ქრისტიანული კრების ცხებული წევრები არიან, რომლებიც აღდგნენ სიკვდილის შემდეგ და ზეცაში იეჰოვას მიერ აღთქმული ადგილები დაიკავეს. საიდან ვიცით ეს?

      9, 10. საიდან ვიცით, რომ 24 უხუცესი განასახიერებს ცხებულ ქრისტიანებს, რომლებმაც ზეცაში დიდებული ადგილი დაიკავეს?

      9 ოცდაოთხივე უხუცესს სამეფო გვირგვინები ადგას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცხებული ქრისტიანები მიიღებდნენ ‘უხრწნელ გვირგვინსა’ და სამუდამო სიცოცხლეს — უკვდავებას (1 კორინთელები 9:25; 15:53, 54). მაგრამ რაკი ეს 24 უხუცესი ტახტებზე ზის, ოქროს გვირგვინები მათ სამეფო ძალაუფლებაზეც მიუთითებს (შეადარეთ გამოცხადების 6:2; 14:14). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს 24 უხუცესი იესოს ცხებულ მიმდევრებს განასახიერებს. მათ ზეცაში თავიანთთვის განკუთვნილი ადგილები უკავიათ, რადგან იესოს შეთანხმების თანახმად ისინი ტახტებზე უნდა მსხდარიყვნენ მის სამეფოში (ლუკა 22:28—30). მხოლოდ იესო და ეს 24 უხუცესი, და არა ანგელოზები, იმმართველებდნენ ზეცაში იეჰოვას წინაშე.

      10 ეს ხდება იესოს დაპირების თანახმად, რომელიც მან ლაოდიკეელების კრებას მისცა: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე“ (გამოცხადება 3:21). მაგრამ 24 უხუცესის მოვალეობა ზეცაში მხოლოდ მმართველობით არ შემოიფარგლება. „გამოცხადების“ შესავალში იოანემ იესოს შესახებ თქვა: „თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გაგვხადა“ (გამოცხადება 1:5, 6). ისინი მეფეებიც არიან და მღვდლებიც. „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).

      11. რატომ არის უხუცესთა რიცხვი 24 და რისი მაჩვენებელია ეს რიცხვი?

      11 რა მნიშვნელობა აქვს რიცხვ 24-ს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იოანე ტახტის გარშემო 24 უხუცესს ხედავს? ამ უხუცესების პირველსახე, გარკვეულწილად, ძველი ისრაელის ერთგული მღვდლები არიან. მოციქულმა პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ » (1 პეტრე 2:9). საინტერესოა, რომ ძველად ისრაელის სამღვდელოება 24 ჯგუფად იყო დაყოფილი. თითოეული ჯგუფი წელიწადში რამდენიმე კვირას მსახურობდა იეჰოვას წინაშე; წმინდა მსახურება არ წყდებოდა (1 მატიანე 24:5—19). ამიტომ მართებულია 24 უხუცესის გამოჩენა იოანეს ხილვაში, სადაც ზეციერი სამღვდელოებაა აღწერილი, რადგან ეს მღვდლები განუწყვეტლივ ემსახურებიან იეჰოვას. საბოლოოდ შეიქმნება 24 ჯგუფი და თითოეულ მათგანში 6 000 „მძლეველი“ იქნება, რადგან გამოცხადების 14:1—4-ის თანახმად 144 000 (24 x 6 000) „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“, რათა ზეციერი სიონის მთაზე კრავის, იესო ქრისტეს გვერდით მდგარიყვნენ. რიცხვი 12 იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში სრული ჰარმონიაა, გაორმაგებული რიცხვი 24 კი ორგანიზაციის განმტკიცებული მდგომარეობის მაჩვენებელია.

      ელვა, ხმები და ქუხილი

      12. რას ხედავს იოანე, რა ესმის და რას გვახსენებს „ელვა, ხმები და ქუხილი“?

      12 რას ხედავს და რა ესმის იოანეს? „ტახტიდან ელვა, ხმები და ქუხილი გამოდიოდა“ (გამოცხადება 4:5ა). ეს სიტყვები გვახსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც იეჰოვა ზეციურ ძლიერებას ავლენდა. მაგალითად, აი რას ამბობს მოსე, როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“: „მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა. . . საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა“ (გამოსვლა 19:16—19).

      13. რას განასახიერებს იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა?

      13 უფლის დღის განმავლობაში იეჰოვა თავის ძლიერებას განსაკუთრებულად ავლენს. თუმცა ეს პირდაპირი გაგებით ელვას არ ნიშნავს, რადგან იოანე ნიშნებს ხედავს. მაშ, რას ნიშნავს ეს ელვა? ელვას ნათებაც შეუძლია და მოკვლაც. ამგვარად, იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა განასახიერებს სინათლეს, რომელსაც ის განუწყვეტლივ აძლევს თავის ხალხს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იეჰოვას ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (შეადარეთ ფსალმუნების 18:14; 144:5, 6; მათეს 4:14—17; 24:27).

      14. როგორ ისმის დღეს ხმები?

      14 რას განასახიერებს ხმები? როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“, ხმა ესაუბრებოდა მოსეს (გამოსვლა 19:19). „გამოცხადებაში“ არაერთხელაა მოხსენიებული ხმები, რომლებიც ზეციდან იძლეოდა მითითებებს ან რაიმე ცნობას იუწყებოდა (გამოცხადება 4:1; 10:4, 8; 11:12; 12:10; 14:13; 16:1, 17; 18:4; 19:5; 21:3). იეჰოვა დღესაც აძლევს მითითებებს თავის ხალხს, აუწყებს სხვადასხვა ცნობას და ამგვარად ნათელს ჰფენს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და პრინციპებს. სულიერ სინათლეს ეს ხალხი ხშირად საერთაშორისო კონგრესებზე იღებს, მერე კი ეს ბიბლიური ჭეშმარიტება მთელ მსოფლიოს ეუწყება. მოციქულმა პავლემ სასიხარულო ცნობის ერთგულ მქადაგებლებზე თქვა: „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ (რომაელები 10:18).

      15. რა ქუხილის ხმა ისმის ღვთის ტახტიდან უფლის დღეს?

      15 როგორც წესი, ელვას ქუხილი მოსდევს. დავითმა „იეჰოვას ხმა“ ქუხილს შეადარა (ფსალმუნი 29:3, 4). როდესაც დავითის მტრებს ებრძოდა, „ციდან დაიქუხა იეჰოვამ“ (2 სამუელი 22:14; ფსალმუნი 18:13). ელიჰუმაც უთხრა იობს, რომ იეჰოვას ხმა ქუხილივით ისმის, როცა ის „დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს“ (იობი 37:4, 5). იეჰოვამ უფლის დღის დროსაც „დაიქუხა“, რაც იმას მოასწავებდა, რომ ის წარმატებით გაილაშქრებდა თავისი მტრების წინააღმდეგ. ამ სიმბოლური ჭექა-ქუხილის ექო კვლავაც გაისმის მთელ დედამიწაზე. ბედნიერია ის, ვინც ყურს უგდებს ამ მჭექარე ხმას, და გონივრულად იყენებს ენას, რათა უფრო მეტად ისმოდეს ქუხილის ხმა! (ესაია 50:4, 5; 61:1, 2).

      ცეცხლის ლამპრები და მინის ზღვა

      16. რას ნიშნავს „ცეცხლის შვიდი ლამპარი“?

      16 კიდევ რას ხედავს იოანე? „ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს ნიშნავს; ტახტის წინ თითქოს ბროლის მსგავსი მინის ზღვა იყო“ (გამოცხადება 4:5ბ, 6ა). იოანე თვითონვე გვიხსნის, რომ ეს შვიდი ლამპარი „ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“. რიცხვი შვიდი ღვთიური სისრულის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, შვიდი ლამპარი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ წმინდა სული ღვთის ხალხს მთელი სისრულით აძლევს სულიერ სინათლეს. მართლაც მადლიერია იოანეს კლასი, რომ მას მიეცა ეს სინათლე და მთელ დედამიწაზე სულიერად მოშიებული ხალხისთვის ამ სინათლის განაწილების პასუხისმგებლობა მას დაეკისრა! ბედნიერნი ვართ ჩვენც, რომ ყოველწლიურად 150 ენაზე გამომავალი „საგუშაგო კოშკის“ ასობით მილიონი ეგზემპლარი კვლავაც ავრცელებს სულიერ სინათლეს! (ფსალმუნი 43:3).

      17. რას ნიშნავს „ბროლის მსგავსი მინის ზღვა“?

      17 იოანე „ბროლის მსგავს მინის ზღვასაც“ ხედავს. რას ნიშნავს ეს იეჰოვას ზეციერ ეზოში მიწვეულთათვის? პავლეს სიტყვების თანახმად იესომ განწმინდა კრება, ‘გაასუფთავა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით’ (ეფესოელები 5:26). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით“ (იოანე 15:3). ასე რომ, „ბროლის მსგავსი მინის ზღვა“ უნდა ნიშნავდეს ღვთის სიტყვაში მოხსენიებულ განწმენდას. სამეფო სამღვდელოების წევრები, რომლებიც იეჰოვას წინაშე დგებიან, საგულდაგულოდ უნდა იყვნენ განწმენდილნი ღვთის სიტყვით.

      აი „ოთხი ცოცხალი არსება“!

      18. რას ხედავს იოანე ტახტის შუა და მის ირგვლივ?

      18 იოანე შემდეგ სურათს ხედავს: „ტახტის შუა და მის ირგვლივ ოთხი ცოცხალი არსება იყო, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე“ (გამოცხადება 4:6ბ).

      19. რას განასახიერებს ოთხი ცოცხალი არსება და საიდან ვიცით ეს?

      19 რას განასახიერებენ ეს არსებები? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში სხვა წინასწარმეტყველის, ეზეკიელის ხილვა გვეხმარება. ეზეკიელმა იხილა, რომ იეჰოვა თავის ტახტზე იჯდა ზეციერ ეტლში, რომელსაც თან ახლდნენ ცოცხალი არსებები. მათი აღწერილობა იმათი მსგავსი იყო, იოანემ რომ იხილა (ეზეკიელი 1:5—11, 22—28). ეზეკიელმა მოგვიანებით კვლავ იხილა ეს ტახტი, რომელსაც თან ახლდა ოთხი არსება, ოღონდ ამჯერად მან ის ოთხი არსება ქერუბიმებად მოიხსენია (ეზეკიელი 10:9—15). იოანეს ნანახი ოთხი არსება, ღვთის ქერუბიმები, ღვთის სულიერ ორგანიზაციაში მაღალი წოდების არსებებს უნდა განასახიერებდეს. იოანეს უცნაურად არ მოეჩვენებოდა იეჰოვასთან ქერუბიმების ასე ახლოს დგომა, რადგან ძველად ისრაელში კარავში შეთანხმების კიდობნის სახურავზეც, რომელიც იეჰოვას ტახტს განასახიერებდა, ორი ოქროს ქერუბიმის ქანდაკება იყო. სწორედ ქერუბიმების შუაგულიდან ისმოდა იეჰოვას ხმა, რომელიც მითითებებს აძლევდა ისრაელს (გამოსვლა 25:22; ფსალმუნი 80:1).

      20. რას ნიშნავს, რომ ოთხი არსება „ტახტის შუა და მის ირგვლივაა“?

      20 ეს ოთხი ცოცხალი არსება „ტახტის შუა და მის ირგვლივაა“. მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს? შეიძლება იმას, რომ ქერუბიმები ტახტის გარშემო ყოველი მხარის შუაში დგანან. ამიტომ ბერძნული დედნიდან ეს ფრაზა ბიბლიის ერთ-ერთ გამოცემაში, კერძოდ, „თანამედროვე ინგლისურ თარგმანში“ ასეა ნათარგმნი: „გარს ერტყმიან ტახტს ყოველი მხრიდან“. ეს ფრაზა შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ეს ოთხი არსება ზეცის ცენტრში იმყოფება, სადაც ტახტი დგას. ამიტომ, „იერუსალიმის ბიბლიაში“ ეს ფრაზა ასე თარგმნეს: „ცენტრში, ტახტის გარშემო“. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ქერუბიმები იეჰოვას ტახტის ახლოს არიან, როგორც ის ქერუბიმები, ეზეკიელმა რომ იხილა იმ ეტლის ყოველ კუთხეში, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციას განასახიერებს (ეზეკიელი 1:15—22). ეს ყოველივე ეთანხმება ფსალმუნის 99:1-ში ჩაწერილ სიტყვებს: „გამეფდა იეჰოვა. . . ის ქერუბიმებზე ზის“.

      21, 22. ა) როგორ აღწერს იოანე ოთხ ცოცხალ არსებას? ბ) რას განასახიერებს თითოეული მათგანი?

      21 იოანე განაგრძობს: „პირველი ცოცხალი არსება ლომს ჰგავდა, მეორე — მოზვერს, მესამეს ადამიანის სახე ჰქონდა, მეოთხე კი ჰგავდა მფრინავ არწივს“ (გამოცხადება 4:7). რატომ განსხვავდება გარეგნულად ეს ოთხი ცოცხალი არსება? როგორც ჩანს, ისინი ღვთის კონკრეტულ თვისებებს განასახიერებენ. პირველად ლომია მოხსენიებული. ბიბლიაში ლომი სიმამაცის სიმბოლოა, სიმამაცე კი სამართლიანობისა და სიმართლის დასაცავადაა საჭირო (2 სამუელი 17:10; იგავები 28:1). ამგვარად ლომი კარგად განასახიერებს იმას, რომ ღმერთი სიმამაცით იცავს სამართლიანობას (მეორე კანონი 32:4; ფსალმუნი 89:14). მეორე ცოცხალი არსება მოზვერს წააგავს. რისი სიმბოლო შეიძლება იყოს მოზვერი? ისრაელში მოზვერი დიდად ფასობდა ძალის გამო (იგავები 14:4; იხილეთ აგრეთვე იობის 39:9—11). ამგვარად, მოზვერი განასახიერებს ძალას, იეჰოვასგან მომდინარე დინამიკურ ენერგიას (ფსალმუნი 62:11; ესაია 40:26).

      22 მესამე ცოცხალ არსებას ადამიანის სახე აქვს. ეს, როგორც ჩანს, ისეთ სიყვარულს უნდა განასახიერებდეს, როგორსაც ღმერთი ავლენს, რადგან დედამიწაზე მხოლოდ ადამიანია შექმნილი ღვთის ანარეკლად და მხოლოდ მას შეუძლია ამ განსაკუთრებული თვისების — სიყვარულის გამოვლენა (დაბადება 1:26—28; მათე 22:36—40; 1 იოანე 4:8, 16). ეჭვგარეშეა, რომ ქერუბიმები ავლენენ ამ თვისებას იეჰოვას ტახტის ირგვლივ მსახურებისას. მეოთხე ცოცხალი ქმნილება რაღას განასახიერებს? ის მფრინავ არწივს ჰგავს. იეჰოვას ყურადღების მიღმა არ რჩება არწივის მახვილი თვალი: „შორს იყურება მისი თვალი“ (იობი 39:29). ამგვარად, არწივი მართებულად განასახიერებს შორსმჭვრეტელობასა და სიბრძნეს. სიბრძნე იეჰოვასგან მომდინარეობს. სწორედ ღვთიურ სიბრძნეს ავლენენ ქერუბიმები, როდესაც მის ბრძანებებს ემორჩილებიან (იგავები 2:6; იაკობი 3:17).

      ისმის იეჰოვას დიდება

      23. რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცოცხალი არსებების ფრთები სავსეა თვალებით, და რისი მაჩვენებელია მათი სამი წყვილი ფრთა?

      23 იოანე კვლავ განაგრძობს: «ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც გარშემო და ქვემოდან თვალებით იყო სავსე. ისინი დღედაღამ შეუსვენებლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“ » (გამოცხადება 4:8). თვალებით სავსე ფრთები მიუთითებს მახვილ მხედველობაზე, ყველაფრის დანახვის უნარზე, რასაც ეს ოთხი არსება განუწყვეტლივ იყენებს; მათ არა აქვთ ძილის მოთხოვნილება. ისინი ჰბაძავენ მას, ვისზეც წერია: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). ვინაიდან ამდენი თვალი აქვთ, ქერუბიმები ყველაფერს ხედავენ, მათ თვალს არაფერი ეპარება. ამიტომ ისინი მზად არიან, იეჰოვას ემსახურონ სამართლის აღსრულების საქმეში. იეჰოვაზე ნათქვამია: „იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგავები 15:3). ქერუბიმებს სამი წყვილი ფრთა აქვთ (ბიბლიაში რიცხვი სამი ხაზგასმისთვის გამოიყენება) და ისინი ელვის სისწრაფით გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე იეჰოვას განაჩენის საუწყებლად და აღსასრულებლად.

      24. როგორ განადიდებენ ქერუბიმები იეჰოვას და რას ნიშნავს ეს?

      24 ყური დაუგდეთ მელოდიურ და ამაღელვებელ სადიდებელს, რომელსაც ქერუბიმები ასრულებენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“. სამჯერ გამეორება ამჯერადაც ხაზგასმის მაჩვენებელია. ქერუბიმები შემართებით ადასტურებენ იეჰოვა ღმერთის სიწმინდეს. სწორედ ის ადგენს სიწმინდის ნორმებს და ის იძლევა სიწმინდის უდიდეს მაგალითს. იეჰოვა „მარადიულობის მეფეა“, „ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“ (1 ტიმოთე 1:17; გამოცხადება 22:13). ქერუბიმები შეუსვენებლივ აუწყებენ ყველა ქმნილებას იეჰოვას შეუდარებელ თვისებებს.

      25. როგორ განადიდებენ იეჰოვას ცოცხალი ქმნილებები და 24 უხუცესი ერთსულოვნად?

      25 იეჰოვას განდიდების ხმა ზეცათა ზეცაში ისმის! იოანე განაგრძობს: «როცა ცოცხალი არსებები დიდებას, პატივსა და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს, ოცდაოთხი უხუცესი ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ აგდებდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ » (გამოცხადება 4:9—11). მთელ ბიბლიაში ეს იეჰოვას, ჩვენი ღვთისა და უზენაესი უფლისადმი მოწიწების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულებაა!

      26. რატომ ყრის ოცდაოთხივე უხუცესი გვირგვინებს იეჰოვას წინაშე?

      26 ოცდაოთხივე უხუცესს ისეთი განწყობა აქვს, როგორიც იესოს. ისინი თავიანთ გვირგვინებსაც კი ყრიან იეჰოვას წინაშე. მათთვის წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება საკუთარი თავი განადიდონ ღვთის წინაშე. ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ მათი მეფობის მიზანია, პატივი და დიდება ღმერთს მიაგონ, როგორც ამას იესო აკეთებს (ფილიპელები 2:5, 6, 9—11). ისინი მორჩილად აღიარებენ, რომ იეჰოვაზე დაბალი მდგომარეობა უკავიათ. უზენაესი ღვთის, იეჰოვას გარეშე ისინი ვერ იმეფებდნენ. ოცდაოთხივე უხუცესი მთელი გულით უერთდება ქერუბიმებსა და ყველა სხვა ერთგულ ქმნილებას, რომლებიც ხოტბას ასხამენ და განადიდებენ ყოვლისშემქმნელ ღმერთს (ფსალმუნი 150:1—6).

      27, 28. ა) რისკენ უნდა აღგვძრას იოანეს ხილვამ? ბ) რა კითხვები წამოიჭრება იმის საფუძველზე, რასაც ხედავს და ისმენს იოანე?

      27 განა შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს იოანეს დიდებულმა ხილვამ?! ეს ჩვენს აღტაცებას იწვევს! თუ ხილვა ასეთია, რეალობა როგორიღა იქნება! იეჰოვას ბრწყინვალებამ ყველა მადლიერი ადამიანი უნდა აღძრას, შეუერთდეს ოთხ ცოცხალ არსებას და 24 უხუცესს და ლოცვითა და მისი სახელის საჯაროდ გაცხადებით განადიდოს ღმერთი. სწორედ ამ ღვთის მოწმეებად მსახურების პატივი აქვთ დღეს ქრისტიანებს (ესაია 43:10). გვახსოვდეს, რომ იოანეს ხილვა უფლის დღეს, ჩვენს დროს ეხება. „შვიდი სული“ ყოველთვის მზადაა, ხელმძღვანელობა გაგვიწიოს და ძალები შეგვმატოს (გალატელები 5:16—18). დღეს ღვთის სიტყვაც გვეხმარება, რომ წმინდები ვიყოთ და ასე ვემსახუროთ წმინდა ღმერთს (1 პეტრე 1:14—16). ჩვენ მართლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ ამ წინასწარმეტყველებაში ჩაწერილ სიტყვებს (გამოცხადება 1:3). სწორედ ეს სიტყვები აღგვძრავს, დავრჩეთ იეჰოვას ერთგულები და არ დავუშვათ, რომ ქვეყნიერებამ ხელი შეგვიშალოს ღვთის სადიდებელი სიმღერის შესრულებაში! (1 იოანე 2:15—17).

      28 იოანემ აღწერა ის, რაც ზეციერ ღია კარში შებიჯებისას იხილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ იეჰოვა მთელი თავისი სიდიადითა და დიდებულებით ზის თავის ზეციერ ტახტზე. მასთანაა უმძლავრესი ორგანიზაცია, რომლის ბრწყინვალებაც თვალისმომჭრელია. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. ღვთის სასამართლო დაწყებულია (დანიელი 7:9, 10, 18). ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. რა არის ეს და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე? მოდი ვნახოთ!

  • იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადე
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [გვერდი 75 დათმობილი აქვს სურათს]

      [გვერდი 78 დათმობილი აქვს სურათს]

  • „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • თავი 15

      „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“

      1. ამჯერად რას ხედავს იოანე ხილვაში?

      მართლაც დიდებული და შიშის მომგვრელია იეჰოვას ტახტის ამაღელვებელი ხილვა. ტახტის გარშემო ცეცხლის ლამპრები, ქერუბიმები, 24 უხუცესი და მინის ზღვაა! კიდევ რას ხედავს იოანე? იოანეს მზერა მიპყრობილი აქვს ზეცის შუაგულისკენ. ის მოგვითხრობს: «ვიხილე, ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელში გრაგნილი ეჭირა, შიგნიდან და გარედან დაწერილი და შვიდი ბეჭდით საგულდაგულოდ დაბეჭდილი. ვიხილე ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა აუწყებდა: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“ მაგრამ ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ ვერავინ შეძლო ამ გრაგნილის გახსნა და მასში ჩახედვა. ბევრი ვიტირე, რადგან არავინ აღმოჩნდა გრაგნილის გახსნისა და მასში ჩახედვის ღირსი» (გამოცხადება 5:1—4).

      2, 3. ა) რატომ ელის იოანე სულმოუთმენლად გრაგნილის გამხსნელს და რამდენად შესაძლებელია მისი გამოჩენა? ბ) რას ელოდა ღვთის ცხებული ხალხი ჩვენს დროში?

      2 გრაგნილი თვით იეჰოვას, ყველა ქმნილების უზენაეს უფალს უჭირავს გაწვდილ ხელში. მასში, ალბათ, არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ის ორივე მხრიდანაა ნაწერი. ეს ჩვენს ცნობისმოყვარეობას აღძრავს. რა წერია გრაგნილში? გავიხსენოთ, რას სთავაზობდა იეჰოვა იოანეს: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“ (გამოცხადება 4:1). ნეტავ რა უნდა მოხდეს?! სამწუხაროდ, გრაგნილი საგულდაგულოდაა დაბეჭდილი შვიდი ბეჭდით.

      3 იპოვის ძლიერი ანგელოზი მას, ვინც გრაგნილის გახსნის ღირსი იქნება? „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ თანახმად ეს გრაგნილი იეჰოვას „მარჯვენა ხელზე“ უდევს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვა ხელისგულზე დადებულ გრაგნილს ვიღაცას აწვდის. მაგრამ დედამიწაზე თუ ზეცაში თითქოს არავინაა ამ გრაგნილის აღებისა და გახსნის ღირსი. არც მიწის ქვეშ, ღვთის გარდაცვლილ ერთგულ მსახურთა შორის იპოვება ამ საპატიო საქმის შემსრულებელი. გასაკვირი არ არის იოანეს ღრმად დამწუხრების მიზეზი! მან შეიძლება ვერ გაიგოს, „რაც უნდა მოხდეს“. ღვთის ცხებული ხალხი ჩვენს დროშიც სულმოუთმენლად ელოდა იეჰოვას, როდის მოჰფენდა ის შუქს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სიტყვებს. იეჰოვა ამას თანამიმდევრულად აკეთებს წინასწარმეტყველების შესრულებისთვის დანიშნულ დროს. ამგვარად მას თავისი ხალხი ‘დიდებული ხსნისკენ’ მიჰყავს (ფსალმუნი 43:3, 5).

      ის, ვინც ღირსია

      4. ა) ვინ არის გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი? ბ) რა ჯილდო და პატივი ხვდათ წილად იოანეს კლასსა და მათ თანამსახურებს?

      4 და მაინც, არსებობს გრაგნილის გამხსნელი! იოანე განაგრძობს: «ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. აი, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“ » (გამოცხადება 5:5). იოანეს შეუძლია, ცრემლი შეიმშრალოს. იოანეს კლასი თავის ერთგულ თანამსახურებთან ერთად ათწლეულებია, რაც სასტიკ განსაცდელებს იტანს და მოთმინებით ელის სულიერ სინათლეს. მართლაც მანუგეშებელია ჩვენთვის იოანეს ხილვის გაგება, და დიდი პატივია ამ ხილვის მნიშვნელობის სხვებისთვის გაზიარება და ჩვენი მონაწილეობა მის შესრულებაში.

      5. ა) რა წინასწარმეტყველება წარმოითქვა იუდას შესახებ და საიდან მეფობდნენ იუდას შთამომავლები? ბ) ვინ არის შილო?

      5 აი „ლომი იუდას ტომიდან“! იოანემ იცის იუდეველთა წინაპრის, იაკობის მიერ თავისი მეოთხე ვაჟის, იუდას შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „ლომის ბოკვერია იუდა. წამოდგები მსხვერპლიდან, შვილო. დაიხარა იგი და ლომივით, ლომივით გაიჭიმა. ვინ გაბედავს, წინ აღუდგეს მას? არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:9, 10). ღვთის ხალხის სამეფო დინასტია იუდასგან მოდის. დავითიდან მოყოლებული ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებამდე ყველა მეფე, ვინც იერუსალიმში მეფობდა, იუდას შთამომავალი იყო, მაგრამ იაკობის მიერ ნაწინასწარმეტყველები შილო არც ერთი მათგანი არ ყოფილა. შილო ნიშნავს „მას, ვისიც ის [უფლება] არის“. ეს სახელი მიუთითებდა იესოზე, რომელსაც ეკუთვნის დავითის სამეფო მარადიულად (ეზეკიელი 21:25—27; ლუკა 1:32, 33; გამოცხადება 19:16).

      6. რა გაგებით იყო იესო იესეს „ყლორტი“ და „დავითის ფესვი“?

      6 იოანე მალევე ხვდება, ვინ არის „დავითის ფესვი“. წინასწარმეტყველების თანახმად აღთქმულ მესიას ეწოდება „ყლორტი იესეს [მეფე დავითის მამის] ძირკვიდან. . . ამონაყარი“ და „იესეს ფესვი, [რომელიც] ნიშნად იდგება ხალხებისთვის“ (ესაია 11:1, 10). იესო იესეს ყლორტი იყო, რადგან იესეს ძის, დავითის სამეფო ხაზში დაიბადა. ის იესეს ფესვიცაა, რადგან მან კვლავ აღმოაცენა, სამარადისოდ გააცოცხლა დავითის დინასტია, რომელიც სწორედ ამ ფესვიდან იკვებებოდა (2 სამუელი 7:16).

      7. რატომ არის იესო ღირსი, გამოართვას გრაგნილი ტახტზე მჯდომს?

      7 იესო იმით გამოირჩეოდა, რომ როგორც სრულყოფილი ადამიანი, უმწიკვლოდ ემსახურებოდა იეჰოვას. მან უმძიმეს სა­ტანჯველს გაუძლო და ამომწურავი პასუხი გასცა სატანის გამოწვევას (იგავები 27:11). ამიტომ სიკვდილის წინა ღამეს იესოს შეეძლო ეთქვა: „მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). ამის საფუძველზე მისცა იეჰოვამ მკვდრეთით აღმდგარ იესოს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“. ღვთის მსახურთაგან მხოლოდ ის არის გრაგნილის აღებისა და მასში ჩაწერილი მნიშვნელოვანი ცნობის გაცხადების ღირსი (მათე 28:18).

      8. ა) კიდევ რატომ არის იესო გრაგნილის გახსნის ღირსი? ბ) რატომ არ არის გასაკვირი, რომ 24 უხუცესიდან ერთ-ერთი იოანეს უმხელს გრაგნილის გამხსნელის ვინაობას?

      8 არაა გასაკვირი, რომ იესოა ის, ვინც ღირსია, გახსნას გრაგნილი. 1914 წლიდან ის, როგორც მესია, ზის ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს ტახტზე. ეს გრაგნილი ბევრ რამეს გვიხსნის თვით ამ სამეფოზე და იმაზე, თუ რას გააკეთებს ის. დედამიწაზე ყოფნისას იესო ერთგულად ქადაგებდა სამეფოს შესახებ (იოანე 18:36, 37). ის თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ სამეფოს დამყარებაზე (მათე 6:9, 10). ახ. წ. I საუკუნეში მან დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ამ სამქადაგებლო საქმიანობის განვითარება კულმინაციას აღსასრულის დადგომამდე მიაღწევდა (მათე 4:23; მარკოზი 13:10). არც ისაა გასაკვირი, რომ 24 უხუცესიდან ერთ-ერთი იოანეს ეუბნება, რომ ბეჭდებს სწორედ იესო ახსნის. რატომ? იმიტომ, რომ ეს უხუცესები ტახტებზე სხედან, თავზე გვირგვინები ადგათ და ქრისტესთან ერთად მისი სამეფოს მემკვიდრეები არიან (რომაელები 8:17; გამოცხადება 4:4).

      ‘დაკლული კრავი’

      9. ლომის ნაცვლად რას ხედავს იოანე ტახტთან და როგორ აღწერს ის ამას?

      9 იოანე ელოდება, რომ დაინახავს „ლომს იუდას ტომიდან“, მაგრამ აი, საოცრება! ის სრულიად სხვა რამეს ხედავს: „ტახტთან, ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის ვიხილე კრავი, რომელიც თითქოს დაკლული იყო. მას შვიდი რქა და შვიდი თვალი ჰქონდა. თვალები მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:6).

      10. ვინ არის კრავი, რომელიც იოანემ იხილა, და რატომ არის მართებული იესოს შედარება კრავთან?

      10 ტახტთან, პირდაპირ შუაგულში, ოთხი ცოცხალი ქმნილებისა და 24 უხუცესის გარემოცვაში კრავი დგას! უეჭველია, იოანე მაშინვე ხვდება, რომ ეს კრავია „ლომი იუდას ტომიდან“ და „დავითის ფესვი“. მან იცის, რომ იოანე ნათლისმცემელმა 60 წლით ადრე იესო იუდეველებს გააცნო როგორც „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოანე 1:29). დედამიწაზე ყოფნისას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იესო ქვეყნიერებისგან არ წაბილწულა, ამიტომაც შეეძლო მას, როგორც უმანკო კრავს, თავისი უმწიკვლო სიცოცხლის გაღება კაცობრიობის გამოსასყიდად (1 კორინთელები 5:7; ებრაელები 7:26).

      11. რატომ არ არის შეურაცხმყოფელი განდიდებული იესოს შედარება „კრავთან, რომელიც თითქოს დაკლული იყო“?

      11 დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი ხომ არ არის ის, რომ განდიდებული იესო მოიხსენიება როგორც „კრავი, რომელიც თითქოს დაკლული იყო“? სრულიადაც არა! იესომ ერთგულება სიკვდილამდე შეინარჩუნა, რაც სატანისთვის დიდი დამარცხება იყო, იეჰოვა ღმერთისთვის კი — დიდი გამარჯვება. იესოს კრავად წარმოდგენა ნათლად ასახავს მის გამარჯვებას სატანის ქვეყნიერებაზე, და შეგვახსენებს იეჰოვასა და იესოს უდიდეს სიყვარულს კაცობრიობის მიმართ (იოანე 3:16; 15:13; შეადარეთ კოლოსელების 2:15). ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოა აღთქმული შთამომავალი, ის, ვინც გრაგნილის გახსნის ღირსია (დაბადება 3:15).

      12. რას ნიშნავს კრავის შვიდი რქა?

      12 კიდევ რას ვიგებთ კრავის შესახებ? მას შვიდი რქა აქვს. ბიბლიაში რქა ხშირად ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება, ხოლო რიცხვი შვიდი — სისავსის სიმბოლოდ (შეადარეთ 1 სამუელის 2:1, 10; ფსალმუნების 112:9; 148:14). ამიტომ, კრავის შვიდი რქა ნიშნავს სრულ ძალაუფლებას, რომელიც იეჰოვამ მისცა იესოს. ის დგას „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველ სახელზე მაღლა არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც“ (ეფესოელები 1:20—23; 1 პეტრე 3:22). ამ ძალაუფლებას, სამეფო ძალაუფლებას, იესო განსაკუთრებით 1914 წლიდან იყენებს, როდესაც იეჰოვამ ის ზეციერ მეფედ დასვა (ფსალმუნი 2:6).

      13. ა) რას ნიშნავს კრავის შვიდი თვალი? ბ) ახლა რას აკეთებს კრავი?

      13 იესოს სრულად აქვს მიცემული წმინდა სულიც. ამაზე მეტყველებს კრავის შვიდი თვალი, რაც „ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“. იესოს მეშვეობით იეჰოვას მოქმედი ძალა სრულად გადმოდის მის მიწიერ მსახურებზეც (ტიტე 3:6). როგორც ჩანს, ის ზეციდან სწორედ ამ სულის მეშვეობით ხედავს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს. თავისი მამის მსგავსად იესო სრულყოფილი გამჭრიახობით გამოირჩევა; მის თვალს არაფერი ეპარება (შეადარეთ ფსალმუნის 11:4; ზაქარიას 4:10). მან უმწიკვლობით სძლია ქვეყნიერებას; ის „ლომია იუდას ტომიდან“, „დავითის ფესვი“, რომელმაც კაცობრიობისთვის თავი გაწირა; ის სრულ ძალაუფლებას ფლობს და სრულად აქვს ბოძებული წმინდა სული; მას იეჰოვამ სრულყოფილი გამჭრიახობა მისცა. აი რატომ არის ღირსი, აიღოს გრაგნილი იეჰოვას ხელიდან. უარი თქვა იესომ იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც იეჰოვას დიდებულ ორგანიზაციაში მიეცა? არა! პირიქით, „მივიდა და მაშინვე გამოართვა გრაგნილი ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელიდან“ (გამოცხადება 5:7). ეს ნებაყოფლობითი მორჩილების საუკეთესო მაგალითია!

      სადიდებელი სიმღერები

      14. ა) როგორ რეაგირებენ ოთხი ცოცხალი ქმნილება და 24 უხუცესი იესოს მიერ გრაგნილის აღებაზე? ბ) როგორ ადასტურებს 24 უხუცესის ვინაობასა და მდგომარეობას ის ცნობა, რომელსაც იოანე მათ შესახებ იღებს?

      14 როგორ რეაგირებენ იეჰოვას ტახტთან მყოფნი? „როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცოცხალი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხვნენ კრავის წინაშე, თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა. საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:8). ქერუბიმების მსგავსი ოთხი ცოცხალი არსების მსგავსად 24 უხუცესი იესოს ძალაუფლების აღიარების ნიშნად ქედს იხრის მის წინაშე. მაგრამ ქნარები და საკმევლით სავსე თასები მხოლოდ ამ უხუცესებს უჭირავთa და მხოლოდ ისინი მღერიან ახალ სიმღერას (გამოცხადება 5:9). ამგვარად ისინი ჰგვანან „ღვთის [წმინდა] ისრაელს“, 144 000-ს, რომლებსაც ქნარებიც უჭირავთ და ახალ სიმღერასაც მღერიან (გალატელები 6:16; კოლოსელები 1:12; გამოცხადება 7:3—8; 14:1—4). გარდა ამისა, როგორც ნაჩვენები იყო, ეს 24 უხუცესი ზეცაში მღვდლებად მსახურობენ, რისი პირველსახეც ძველად ისრაელში მღვდლების მოვალეობის შესრულება იყო, როდესაც ისინი კარავში საკმეველს უკმევდნენ იეჰოვას. მღვდლობამ ძალა მაშინ დაკარგა, როცა ღმერთმა იესოს „წამების ბოძზე მილურსმვით“ გააუქმა მოსეს კანონი (კოლოსელები 2:14). რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? როგორც ხილვიდან ჩანს, ცხებული ‘მძლეველები’ თავიანთ უმთავრეს მოვალეობას ასრულებენ, როგორც „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები“, რომლებიც „მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).

      15. ა) მხოლოდ ვის შეეძლო ძველად ისრაელში კარვის წმინდათაწმინდაში შესვლა? ბ) რატომ იყო მღვდელმთავრის სიცოცხლე დამოკიდებული იმაზე, აკმევდა თუ არა საკმეველს წმინდათაწმინდაში შესვლისას?

      15 ძველად ისრაელში მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა წმინდათაწმინდაში, სადაც იეჰოვა სიმბოლურად იმყოფებოდა. მღვდელმთავრის სიცოცხლე იმაზე იყო დამოკიდებული, შეიტანდა თუ არა საკმეველს წმინდათაწმინდაში. იეჰოვას კანონში ნათქვამი იყო: „აიღოს [აარონმა] მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც იეჰოვას წინაშეა, ორი სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის შიგნით. ჩაყაროს ცეცხლში საკმეველი იეჰოვას წინაშე და მოეფინება საკმევლის ღრუბელი კიდობნის სახურავს, რომელიც მოწმობის კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს იგი“ (ლევიანები 16:12, 13). მღვდელმთავარს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა წმინდათაწმინდაში საკმევლის გარეშე შესვლა.

      16. ა) ვინ შევა იმ წმინდათაწმინდაში, რომლის პირველსახეც ისრაელის წმინდათაწმინდა იყო? ბ) რატომ უნდა ‘აკმიონ საკმეველი’ ცხებულმა ქრისტიანებმა?

      16 მღვდელმთავარი იესო ქრისტე კი, რომლის პირველსახეც ისრაელი მღვდელმთავარი იყო, 144 000 თანამღვდელთან ერთად შედის ზეციერ წმინდათაწმინდაში, იეჰოვას სამყოფელში (ებრაელები 10:19—23). ოღონდ ეს მღვდლები, რომლებიც 24 უხუცესით არიან წარმოდგენილი, ვერ შევლენ ზეციერ წმინდათაწმინდაში, თუ არ ‘აკმევენ საკმეველს’, ანუ მუდმივად არ აღავლენენ იეჰოვასადმი ლოცვა-ვედრებას (ებრაელები 5:7; იუდა 20, 21; შეადარეთ ფსალმუნის 141:2).

      ახალი სიმღერა

      17. ა) რა ახალ სიმღერას მღერის 24 უხუცესი? ბ) როდის გამოიყენება ფრაზა „ახალი სიმღერა“ ბიბლიაში?

      17 ახლა კი გაისმის ახალი მელოდიური სიმღერა, რომელსაც 24 უხუცესი თანამღვდელი კრავს უმღერის: «ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ » (გამოცხადება 5:9). ფრაზა „ახალი სიმღერა“ რამდენჯერმე გვხვდება ბიბლიაში. ჩვეულებრივ, ეს ფრაზა იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ ის ძლიერი მკლავით იხსნიდა ხოლმე თავის ხალხს (ფსალმუნები 96:1; 98:1; 144:9). სიმღერას ახალი იმიტომ ეწოდება, რომ სიმღერის შემსრულებელნი იეჰოვას ახალ დიდებულ საქმეებს აუწყებენ და კვლავ გამოხატავენ მადლიერებას მისი დიდებული სახელისადმი.

      18. რისთვის აქებს იესოს 24 უხუცესი ახალი სიმღერით?

      18 მაგრამ ამჯერად 24 უხუცესი ახალ სიმღერას მღერის არა იეჰოვას, არამედ იესოს წინაშე, თუმცა იმავე პრინციპით. ისინი აქებენ იესოს იმ ახალი საქმეებისთვის, რაც მან, როგორც ღვთის ძემ, ღვთის გულისთვის გააკეთა. თავისი დაღვრილი სისხლის მეშვეობით ის ახალი შეთანხმების შუამავალი გახდა; სწორედ ამ შეთანხმების წყალობით ჩამოყალიბდა ახალი ერი — იეჰოვას გამორჩეული საკუთრება (რომაელები 2:28, 29; 1 კორინთელები 11:25; ებრაელები 7:18—25). ამ ახალი სულიერი ერის წარმომადგენლები, მართალია, სხვადასხვა ეროვნებისანი არიან, მაგრამ იესომ ისინი ერთ კრებად გააერთიანა, როგორც ერთი ერი (ესაია 26:2; 1 პეტრე 2:9, 10).

      19. ა) რა კურთხევა დაკარგა ხორციელმა ისრაელმა ორგულობის გამო? ბ) რა კურთხევით ხარობს იეჰოვას ახალი ერი?

      19 მოსეს დროს, როდესაც იეჰოვამ ერად ჩამოაყალიბა ისრაელი, მან შეთანხმება დაუდო მათ და აღუთქვა, რომ თუ ამ შეთანხმების ერთგულები დარჩებოდნენ, ისინი „მღვდლების სამეფო“ გახდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ისრაელები ორგულები აღმოჩნდნენ და ვერ იხილეს ამ დაპირების შესრულება; ახალი ერი კი, რომელიც ჩამოყალიბდა ახალი შეთანხმების საფუძველზე, რომლის შუამავალიც იესო გახდა, ერთგული აღმოჩნდა. ამ ერის წარმომადგენლები ზეციდან იმეფებენ დედამიწაზე, მღვდლებად იმსახურებენ და ასე დაეხმარებიან გულწრფელ ადამიანებს იეჰოვასთან შერიგებაში (კოლოსელები 1:20). სწორედ ამაზეა ეს ახალი სიმღერა: „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10). ახალი სიმღერით 24 უხუცესი მართლაც დიდი სიხარულით ასხამს ხოტბას განდიდებულ იესოს!

      ზეციერი გუნდი

      20. ამჯერად კრავის განმადიდებელი რა სიმღერა ისმის?

      20 როგორ ეხმაურება ამ ახალ სიმღერას იეჰოვას უზარმაზარი ზეციერი ორგანიზაციის დანარჩენ წევრთა დასი? იოანე აღფრთოვანებულია მათი ერთსულოვნებით: «ვიხილე და მოვისმინე ტახტის, ცოცხალ არსებათა და უხუცესთა ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზის ხმა. მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი. ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: „კრავი, რომელიც დაიკლა, ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“ » (გამოცხადება 5:11, 12). მართლაც შთამბეჭდავი სადიდებელი სიმღერაა!

      21. ამცირებს თუ არა იეჰოვას უზენაესობას ან მდგომარეობას კრავის განდიდება? ახსენით.

      21 ნიშნავს ეს იმას, რომ იესომ იეჰოვა ღმერთის ადგილი დაიკავა და ახლა მთელი ქმნილება მამის ნაცვლად ძეს განადიდებს? არა! პირიქით, ეს სადიდებელი სიმღერა პავლე მოციქულის სიტყვებს ეთანხმება: „ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილიპელები 2:9—11). იესოს იმიტომ უმღერიან სადიდებელ სიმღერას, რომ ყველა ქმნილების წინაშე მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საკამათო საკითხის გადაჭრაში, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს უზენაესი მმართველის წოდებას. ამან მართლაც რომ დიდება მოუტანა იესოს მამას!

      დიდებული ჰიმნი

      22. რა ჰიმნს უერთდება ხმები დედამიწიდან?

      22 იოანეს ხილვაში აღწერილი ზეციერი დასი სიმღერით ესალმება იესოს და აღიარებს მის ერთგულებასა და ზეციერ ძალაუფლებას. მათ ხმას უერთდება დედამიწიდან აჟღერებული ხმები, რომლებიც ასევე განადიდებენ მამასა და ძეს. როგორც შვილი ასახელებს თავისი მიღწევებით მშობლებს, ისე იესო განადიდებს თავის „ღმერთს, მამას“ მთელი ქმნილებების წინაშე. იოანე განაგრძობს: «მოვისმინე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც ზეცაში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაზეა, და ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“ » (გამოცხადება 5:13).

      23, 24. ა) როდის უნდა დაწყებულიყო ჰიმნის მღერა ზეცაში და როდის — დედამიწაზე? ბ) რაც დრო გადის, როგორ ძლიერდება ჰიმნის შემსრულებელთა ხმები?

      23 როდიდან გაისმის ეს დიდებული ჰიმნი? ის უფლის დღის დასაწყისში აჟღერდა. ზეციდან სატანისა და მისი დემონების გადმოყრის შემდეგ ყველა ზეციერმა ქმნილებამ შეძლო ამ სადიდებელი სიმღერის ერთხმად შესრულება. 1919 წლიდან კი, როგორც ისტორიამ ცხადყო, იეჰოვას სადიდებლად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება მათ. იყო დრო, როცა მათი რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ათასს შეადგენდა, ხოლო 2005 წლისთვის ამ რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბაb. როდესაც დედამიწაზე სატანის სისტემა განადგურდება, „ყოველი ქმნილება. . . დედამიწაზე“ იეჰოვასა და მის ძეს უმღერებს სადიდებელს. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს მილიონობით ადამიანის მკვდრეთით აღდგენა დაიწყება, და მაშინ ღვთის მეხსიერებაში მყოფ ‘ყოველ ქმნილებას მიწის ქვეშ’ შესაძლებლობა ექნება, შეუერთდეს ამ ჰიმნის შემსრულებლებს.

      24 დღეს იეჰოვას მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებული მილიონობით ადამიანი უკვე მღერის ამ ახალ სიმღერას ‘დედამიწაზე, ზღვაზე და კუნძულებზე’ (ესაია 42:10; ფსალმუნი 150:1—6). ეს სასიხარულო სადიდებელი განსაკუთრებული სიმძლავრით გაიჟღერებს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, როდესაც კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს. მაშინ სატანა, ძველი გველი, ყველაზე მზაკვარი მაცდური, განადგურდება და საბოლოოდ შესრულდება დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. მაშინ დადგება ტრიუმფალური აპოგეა და ყველა ცოცხალი ქმნილება ზეცაში თუ დედამიწაზე ერთხმად იმღერებს: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“. მაშინ სამყაროში აღარავინ დაარღვევს ჰარმონიას.

      25. ა) რისკენ აღგვძრავს იოანეს მონათხრობი იმ ჰიმნის შესრულების შესახებ, რომელიც მთელ სამყაროში გაიჟღერებს? ბ) რა დიდებულ მაგალითს გვაძლევენ ოთხი ცოცხალი არსება და 24 უხუცესი ხილვის ბოლოს?

      25 მართლაც ბედნიერი დრო დადგება! იოანეს მონათხრობი სიხარულით გვივსებს გულებს და აღგვძრავს, შევუერთდეთ ზეციერ დასს და მთელი გულით ვუმღეროთ სადიდებელი იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს. განა დღეს უფრო მეტად არ უნდა ვცდილობდეთ, ღვთისმოსაწონად ვიცხოვროთ?! თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ იეჰოვას დახმარებით ჩვენც მოვესწრებით ბედნიერ აპოგეას და ჩვენც ვიმღერებთ სადიდებელს, რომელიც მთელ სამყაროში გაიჟღერებს. ქერუბიმების მსგავსი ოთხი ცოცხალი არსება და მკვდრეთით აღდგენილი ცხებული ქრისტიანები ერთსულოვანნი არიან. ამას ხილვაში მოსმენილი სიტყვებიც ადასტურებს: «ოთხი ცოცხალი არსება ამბობდა: „ამინ!“ უხუცესები დაემხვნენ და თაყვანი სცეს ღმერთს“ » (გამოცხადება 5:14).

      26. რის მიმართ უნდა გამოვავლინოთ რწმენა და რის გაკეთებას აპირებს კრავი?

      26 ძვირფასო მკითხველო, გამოავლინე რწმენა კრავის — ‘ღირსეულის’ — შესაწირავისადმი! დაე, იეჰოვამ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა, რომ თავმდაბლად სცეთ თაყვანი და ემსახუროთ „ტახტზე მჯდომს“! ამაში იოანეს კლასი დაგეხმარებათ, რომელიც ‘დროულად იძლევა [სულიერ] ულუფას’ (ლუკა 12:42). მაგრამ, ნახეთ, კრავი შვიდი ბეჭდის ახსნას აპირებს! ნეტავ რა შთამბეჭდავი მოვლენები გველის წინ?!

      [სქოლიოები]

      a გრამატიკული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ფრაზა „თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა“ შეიძლება ეხებოდეს როგორც უხუცესებს, ისე ოთხ ცოცხალ არსებას. მაგრამ კონტექსტი აჩვენებს, რომ ეს ფრაზა მხოლოდ 24 უხუცესს ეხება.

      b იხილეთ ჩარჩო 64-ე გვერდზე.

  • „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [გვერდი 86 დათმობილი აქვს სურათს]

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება