საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
    • „გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!

      „ადამის ძევ! . . გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ. . . გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ“ (ეზეკიელი 40:4).

      1. რა მდგომარეობაში იყო ღვთის რჩეული ხალხი ძვ. წ. 593 წელს?

      იდგა ძვ. წ. 593 წელი, ისრაელების ტყვეობაში ყოფნის მე-14 წელი. ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს საყვარელი სამშობლო, ალბათ, ძალზე შორეული ეჩვენებოდათ. ბევრმა მათგანმა იერუსალიმი უკანასკნელად ცეცხლში გახვეული იხილა; მისი მაგარი გალავანი დანგრეული, საამაყო შენობები მიწასთან გასწორებული, ხოლო იეჰოვას ტაძარი — ერთ დროს ქალაქის დიდების გვირგვინი, მთელ დედამიწაზე წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი — ნანგრევებად იყო ქცეული. ისრაელების ტყვეობა ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რადგან აღთქმულ გათავისუფლებამდე 56 წელი იყო დარჩენილი (იერემია 29:10).

      2. რატომ შეიძლება დაემწუხრებინა ღვთის ტაძრის გახსენებას ეზეკიელი?

      2 ალბათ, ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველ ეზეკიელს ამწუხრებდა ასობით კილომეტრით მოშორებულ, მიწასთან გასწორებულ, მხეცთა ბუნაგად ქცეულ ღვთის ტაძარზე ფიქრი (იერემია 9:10). ერთ დროს ამ ტაძარში მამამისი ბუზი მსახურობდა მღვდლად (ეზეკიელი 1:3). ეზეკიელსაც ექნებოდა ეს პატივი, ძვ. წ. 617 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, იერუსალიმელ წარჩინებულებთან ერთად ტყვეობაში რომ არ წაეყვანათ. ახლა, დაახლოებით 50 წლის ასაკში, ალბათ, იცოდა, რომ ვეღარც იერუსალიმის ნახვას მოესწრებოდა და ვეღარც მისი ტაძრის აღდგენაში მიიღებდა მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის დიდებული ტაძრის შესახებ ხილვის ნახვა!

      3. ა) რა მიზანს ემსახურებოდა ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა? ბ) რომელი ოთხი ძირითადი რამისგან შედგება ხილვა?

      3 ეს საკმაოდ ვრცელი ხილვა, რომელიც წიგნ „ეზეკიელის“ ცხრა თავს მოიცავს, ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის რწმენის განმამტკიცებელი აღთქმა იყო. წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა! მას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში, დღემდეც კი, ეს ხილვა იეჰოვას მოყვარულთათვის გამხნევების წყაროა. როგორ? მოდი ჯერ გამოვიკვლიოთ, რას ნიშნავდა ეს წინასწარმეტყველური ხილვა ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის. ხილვაში ოთხი ძირითადი რამ არის ნაჩვენები: ტაძარი, სამღვდელოება, მთავარი და ქვეყანა.

      აღდგენილი ტაძარი

      4. სად იქნა აყვანილი ეზეკიელი ხილვის დასაწყისში, რა დაინახა იქიდან და ვინ უწევს მას მეგზურობას?

      4 ხილვის დასაწყისში ეზეკიელი აყვანილ იქნა „ძალზე მაღალ მთაზე“. მთის სამხრეთ კალთაზე ის ხედავს უზარმაზარ ტაძარს, რომელიც გალავნიან ქალაქს ჰგავს. ანგელოზს, რომლის „სახე რვალის სახეს ჰგავდა“, წინასწარმეტყველი მის დასათვალიერებლად მიჰყავს (ეზეკიელი 40:2, 3). ხილვა გრძელდება და ეზეკიელი ხედავს, რომ ანგელოზი საგულდაგულოდ ზომავს სამ წყვილ ერთი და იმავე სიდიდის კარიბჭეს თავის სენაკებიანად, გარეთა და შიდა ეზოებს, ოთახებს, სამსხვერპლოსა და ტაძრის საწმიდარს წმიდასა და წმიდათა წმიდასთან ერთად.

      5. ა) რაში არწმუნებს იეჰოვა ეზეკიელს? ბ) რა არის ‘მეფეთა ძეგლები’, რომლებიც ტაძრიდან უნდა მოეშორებინათ, და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?

      5 შემდეგ, ხილვაში თვით იეჰოვა ჩნდება. ის შედის ტაძარში და ეზეკიელს არწმუნებს, რომ იქ დამკვიდრდება, მაგრამ მანამდე თავისი სახლის განწმენდას ითხოვს: ‘ამიერიდან გამარიდონ თავიანთი გარყვნილება და თავიანთ მეფეთა ძეგლები და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ’ (ეზეკიელი 43:2–4, 7, 9). გამოთქმა ‘მეფეთა ძეგლები’, როგორც ჩანს, კერპებს ეხებოდა. იერუსალიმის ურჩმა მმართველებმა და ხალხმა ღვთის ტაძარი კერპებით წაბილწეს და, ფაქტობრივად, მეფეებად გაიხადეს ისინი (შეადარეთ ამოსი 5:26a). ეს უსიცოცხლო კერპები არც ცოცხალი ღმერთები იყვნენ და არც მეფეები; ისინი სიბილწე იყო იეჰოვას თვალში და უნდა მოეშორებინათ (ლევიანნი 26:30; იერემია 16:18).

      6. რას ნიშნავდა ტაძრის გაზომვა?

      6 რა იყო ხილვის ამ ნაწილის არსი? ის ტყვეობაში მყოფთ არწმუნებდა, რომ ღვთის ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა სრულიად აღდგებოდა. გარდა ამისა, ტაძრის გაზომვა იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ღმერთი აუცილებლად იზრუნებდა ხილვის შესრულებაზე (შეადარეთ იერემია 31:38, 39; ზაქარია 2:2–8). კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი მოისპობოდა. იეჰოვა კვლავ აკურთხებდა თავის სახლს.

      სამღვდელოება და მთავარი

      7. რას ვგებულობთ ხილვიდან ლევიანებისა და სამღვდელოების შესახებ?

      7 სამღვდელოებაც უნდა განწმენდილიყო. ლევიანები უნდა გაეკიცხათ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობისთვის, ხოლო ცადოკის შთამომავალი მღვდლები სიწმინდის შენარჩუნებისთვის უნდა შეექოთ და დაეჯილდოებინათb. და მაინც, ღვთის აღდგენილ სახლში ორივე ჯგუფის წარმომადგენლები იმსახურებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, თითოეულის ერთგულებაზე იქნებოდა დამოკიდებული. გარდა ამისა, იეჰოვამ ბრძანა: „უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინონ ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი“ (ეზეკიელი 44:10–16, 23). ასე რომ, სამღვდელოებას უნდა აღედგინა ღვთის სახლში მსახურება, მათი ერთგულება და სიმტკიცე კი დაჯილდოვდებოდა.

      8. ა) ვინ იყვნენ ძველი ისრაელის მთავრები? ბ) რაში გამოიხატებოდა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მთავრის აქტიურობა ეზეკიელის ხილვაში?

      8 ხილვაში აგრეთვე საუბარია ვიღაც „მთავარზე“. მოსეს დროიდან მოყოლებული ისრაელ ერს მთავრები ჰყავდა. ებრაული სიტყვა „ნასი“, რომელიც „მთავრად“ გადმოითარგმნა, ოჯახის, ტომის ან ერის თავკაცზე მიუთითებდა. ეზეკიელის ხილვაში ისრაელის მმართველები, როგორც კლასი, იკიცხებიან ხალხის ჩაგვრის გამო და მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისკენ არიან მოწოდებული. თუმცა მთავარი სამღვდელოების კლასის წარმომადგენელი არ არის, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის აქტიური მოქმედებით გამოირჩევა. ის გარეთა ეზოში არასამღვდლო შტოებთან ერთად შედის და გამოდის, ჯდება აღმოსავლეთ კარიბჭის სტოაში და სწირავს ხალხის განსაწმენდ ზოგ შესაწირავს (ეზეკიელი 44:2, 3; 45:8–12, 17). ამგვარად, ხილვამ ეზეკიელის ხალხი დაარწმუნა, რომ აღდგენილი ერი კურთხეული იქნებოდა სამაგალითო წინამძღოლებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სამღვდელოებას ღვთის ხალხის ორგანიზებაში და სულიერ საკითხებში შესანიშნავი მაგალითი იქნებოდნენ.

      ქვეყანა

      9. ა) როგორ უნდა დანაწილებულიყო მიწა და ვის არ ექნებოდა სამკვიდრო? ბ) რა იყო შეწირული ნაკვეთი და რა შედიოდა მასში?

      9 ბოლოს, ეზეკიელის ხილვაში ისრაელის მიწების ზოგადი მიმოხილვაც შედიოდა. მიწა უნდა დაეყოთ და თითოეული შტოსთვის თავისი წილი მიეცათ. მთავარსაც ექნებოდა თავისი სამკვიდრო, მაგრამ მღვდლებს — არა, ვინაიდან იეჰოვამ თქვა: „მე ვარ მათი სამკვიდრო“ (ეზეკიელი 44:10, 28; რიცხვნი 18:20). ეს ხილვა ცხადყოფდა, რომ მთავარს სამკვიდრო განსაკუთრებული, შეწირული ნაკვეთის სახელით ცნობილი ტერიტორიის ორივე მხარეს უნდა გამოყოფოდა. ოთხკუთხა შეწირული ნაკვეთი სამ ზოლად იყო დაყოფილი: ზედა — მომნანიებელი ლევიანებისთვის, შუა — მღვდლებისთვის, ხოლო ქვედა, თავისი ნაყოფიერი მიწით — ქალაქისთვის. იეჰოვას ტაძარი მღვდლებისთვის განკუთვნილ მიწაზე, ოთხკუთხა შეწირული ნაკვეთის ცენტრში, იქნებოდა (ეზეკიელი 45:1–7).

      10. რას ნიშნავდა წინასწარმეტყველება მიწის დანაწილების შესახებ გადასახლებაში მყოფი ერთგული იუდეველებისთვის?

      10 რამხელა სიხარულით აუვსებდა გულს ყოველივე ეს გადასახლებაში მყოფთ! თითოეულ ოჯახს ჰქონდა გარანტია, რომ იმ მიწაზე სამკვიდრო ექნებოდა (შეადარეთ მიქა 4:4). წმინდა თაყვანისმცემლობა იქ უმაღლეს, ცენტრალურ ადგილს დაიჭერდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელის ხილვაში მთავარი, მღვდლების მსგავსად, ხალხის მიერ შეწირულ მიწაზე იცხოვრებდა (ეზეკიელი 45:16). ასე რომ, ამ ქვეყანაში ხალხს ხელი უნდა შეეწყო და მხარი დაეჭირა მათი საქმიანობისთვის, ვისაც იეჰოვა დანიშნავდა ხელმძღვანელად. მთლიანობაში ეს ქვეყანა ორგანიზებულობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების განსახიერება იყო.

      11, 12. ა) წინასწარმეტყველების საშუალებით როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ აკურთხებს მათს აღდგენილ სამშობლოს? ბ) რა იყო ნაჩვენები მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეებით?

      11 აკურთხებდა იეჰოვა მათს ქვეყანას? წინასწარმეტყველება ამ კითხვაზე საპასუხოდ გულში ჩამწვდომ სურათს გვიხატავს. წყალი მოედინება ტაძრიდან და თანდათანობით მისი კალაპოტი განიერდება, ხოლო მკვდარი ზღვის შესართავთან უკვე მდინარედ იქცევა, აცოცხლებს მკვდარ წყლებს და მთელ სანაპიროზე გაცხოველებული თევზაობა იმართება. მდინარის ნაპირებზე ხარობს მრავალი ხე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მოაქვს ნაყოფი, საკვებით უზრუნველყოფს ხალხს და კურნავს (ეზეკიელი 47:1–12).

      12 ტყვეობაში მყოფთ ამ აღთქმამ აღდგენის შესახებ ადრე ნათქვამი ასე სასურველი წინასწარმეტყველებები გაახსენა და მათდამი რწმენა განუმტკიცა. იეჰოვამ არაერთხელ შთააგონა წინასწარმეტყველებს, სამოთხედ აღეწერათ აღორძინებული და კვლავ დასახლებული ისრაელი. მკვდარი რეგიონების გაცოცხლება მრავალჯერ იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 35:1, 6, 7; 51:3; ეზეკიელი 36:35; 37:1–14). ამგვარად, ხალხს საფუძველი ჰქონდა იმედისთვის, რომ იეჰოვას სიცოცხლისმომცემი კურთხევები აღდგენილი ტაძრიდან მდინარესავით გადმოიღვრებოდა. შედეგად, სულიერად მკვდარი ერი გაცოცხლდებოდა. აღდგენილი ხალხი კურთხეული იქნებოდა შესანიშნავი სულიერი მამაკაცებით, რომლებიც ისეთივე მართლები და მტკიცეები იქნებოდნენ, როგორც ხილვაში მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეები, — მამაკაცებით, რომლებიც გაპარტახებული ქვეყნის აღორძინებას შეუდგებოდნენ. ესაიამაც დაწერა ‘სიმართლის მუხების’ შესახებ, რომლებიც ‘ააშენებდნენ ძველთაძველ ნაოხარებს’ (ესაია 61:3, 4).

      როდის სრულდება ეს ხილვა?

      13. ა) რა გაგებით აკურთხა იეჰოვამ თავისი აღდგენილი ხალხი ‘სიმართლის მუხებით’? ბ) როგორ შესრულდა მკვდარი ზღვის შესახებ წინასწარმეტყველება?

      13 გაუცრუვდათ იმედი ტყვეობიდან დაბრუნებულებს? სულაც არა! ძვ. წ. 537 წელს აღდგენილი დარჩენილი ნაწილი დაუბრუნდა საყვარელ სამშობლოს. დროთა განმავლობაში ისეთი ‘სიმართლის მუხების’ ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ: მწიგნობარი ეზრა, წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია, ასევე მღვდელმთავარი იესო იეჰოცადაკის ძე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აოხრებული ადგილები აღორძინდა. მთავრები, მაგალითად ნეემია და ზერუბაბელი, ქვეყანას მიუკერძოებლად და სამართლიანად განაგებდნენ. იეჰოვას ტაძარი აღდგენილ იქნა, ხოლო მისი აღთქმის თანახმად ცხოვრების კურთხევები კვლავ უხვად გადმოიღვარა (მეორე რჯული 30:19; ესაია 48:17–20). ერთ-ერთი კურთხევა იყო შემეცნება. აღდგა სამღვდელოების მსახურება და მღვდლები ხალხს რჯულს ასწავლიდნენ (მალაქია 2:7). შედეგად, ხალხი სულიერად გამოცოცხლდა და იეჰოვას მსახურებაში კვლავ ნაყოფიერი გახდა, ისევე როგორც წინასწარმეტყველებაში მკვდარი ზღვა განიკურნა და თევზჭერის ნაყოფიერ ადგილად იქცა.

      14. რატომ უნდა ყოფილიყო ეზეკიელის წინასწარმეტყველების შესრულება ბევრად უფრო მეტის მომცველი, ვიდრე იუდეველების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომი მოვლენები იყო?

      14 მხოლოდ ამ მოვლენებით შესრულდა ეზეკიელის ხილვა? არა; ხილვაში მოცემული იყო ბევრად უფრო მეტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელის ხილვაში აღწერილი ტაძრის აგება შეუძლებელი იყო. მართალია, იუდეველები მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ ხილვას და გარკვეულ დეტალებს სიტყვასიტყვით ასრულებდნენc, მაგრამ ხილვაში ნანახი ტაძარი უზარმაზარი, თითქმის მორიას მთისხელა, იყო — მთისა, რომელზეც ძველი ტაძარი იყო აგებული. გარდა ამისა, ეზეკიელის ტაძარი ქალაქში კი არ იყო, არამედ მისგან ცოტა მოშორებით, განცალკევებულ ადგილზე, მაშინ როცა მეორე ტაძარი იმავე ადგილას ააშენეს, სადაც პირველი იდგა — იერუსალიმის კედლებს შიგნით (პირველი ეზრა 1:1, 2). ამასთანავე, იერუსალიმის ტაძრიდან, პირდაპირი გაგებით, არავითარი მდინარე არ მოედინებოდა. ასე რომ, ძველმა ისრაელმა ეზეკიელის წინასწარმეტყველების მცირე მასშტაბით შესრულება იხილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხილვის უფრო დიდი, სულიერი, შესრულება უნდა მოხდეს.

      15. ა) როდის ამოქმედდა იეჰოვას სულიერი ტაძარი? ბ) რა ცხადყოფს, რომ ეზეკიელის ხილვა არ შესრულებულა ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს?

      15 ცხადია, ეზეკიელის ხილვის ძირითად შესრულებას უნდა მოველოდეთ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში, რომელზეც მოციქული პავლე ვრცლად მოგვითხრობს ებრაელთა მიმართ წერილში. ეს ტაძარი ამოქმედდა ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო ქრისტე მის მღვდელმთავრად იქნა ცხებული. მაგრამ შესრულდა ეზეკიელის ხილვა იესოს დღეებში? როგორც ჩანს, არა. მონათვლით, გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვითა და წმიდათა წმიდაში, თვით ცაში, შესვლით იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, შეასრულა გამოსყიდვის დღის შესახებ წინასწარმეტყველება (ებრაელთა 9:24). მაგრამ საინტერესოა, რომ ეზეკიელის ხილვა საერთოდ არ მოიხსენიებს არც მღვდელმთავარს და არც გამოსყიდვის დღეს. ამიტომ საეჭვოა, რომ ეს ხილვა ახ. წ. I საუკუნეზე მიუთითებდეს. მაშ, რომელ პერიოდს ეხება ის?

      16. რომელ სხვა წინასწარმეტყველებას გვახსენებს ეზეკიელის ხილვაში წარმოდგენილი სურათი და როგორ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როდის შესრულდება ხილვის ძირითადი ნაწილი?

      16 პასუხისთვის ისევ ხილვას მივუბრუნდეთ. ეზეკიელი წერდა: „ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული“ (ეზეკიელი 40:2). ამ ხილვაში ნანახი ‘ძალზე მაღალი მთა’ მიქას 4:1-ს გვახსენებს: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“. როდის სრულდება ეს წინასწარმეტყველება? მიქას 4:5 ცხადყოფს, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება იწყება მაშინ, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელია. ეს კი ხდება ჩვენს თვალწინ, „უკანასკნელ დღეებში“, როდესაც წმინდა თაყვანისმცემლობა კვლავ აღდგა და ღვთის მსახურთა ცხოვრებაში სათანადო ადგილი დაიკავა.

      17. როგორ გვეხმარება მალაქიას 3:1–5 გავიგოთ, როდის მოხდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის განწმენდა?

      17 რამ გახადა ეს აღდგენა შესაძლებელი? გაიხსენეთ ეზეკიელის ხილვაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა — იეჰოვა ტაძარში მიდის და დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი სახლი კერპთაყვანისმცემლობისგან განიწმინდოს. როდის მოხდა ღვთის სულიერი ტაძრის განწმენდა? მალაქიას 3:1–5-ში იეჰოვა წინასწარმეტყველებს დროის შესახებ, როდესაც ის ‘აღთქმის ანგელოზის’, იესო ქრისტეს, თანხლებით „მოვა თავის ტაძარში“. რა მიზნით? ‘ის გამომდნობელის ცეცხლისა და მრეცხავთა მტუტის’ როლს შეასრულებს. ეს განწმენდა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. რა შედეგით? იეჰოვა დამკვიდრდა თავის სახლში და 1919 წლიდან აკურთხებს თავისი ხალხის სულიერ ‘მიწას’ (ესაია 66:8). ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტაძრის შესახებ ეზეკიელის წინასწარმეტყველება გრანდიოზული მასშტაბებით ამ უკანასკნელ დღეებში სრულდება.

      18. საბოლოოდ როდის შესრულდება ტაძრის შესახებ ხილვა?

      18 აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ეზეკიელის ხილვა საბოლოოდ სამოთხეში შესრულდება. სამართლიანობის მოყვარული ხალხი მხოლოდ მაშინ ისარგებლებს ბოლომდე ღვთის ტაძრიდან მომდინარე კურთხევებით. მაშინ ქრისტე 144 000 ზეციერ მღვდელთან ერთად გამოიყენებს თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის ფასს. ქრისტეს მმართველობის მორჩილი ყველა ადამიანი გასრულყოფილდება (გამოცხადება 20:5, 6). მაგრამ შეუძლებელია ეზეკიელის ხილვა ძირითადად სამოთხეში შესრულდეს. რატომ?

      ხილვაში მთელი ყურადღება ჩვენს დღეებზეა გამახვილებული

      19, 20. რატომ უნდა მოხდეს ხილვის ძირითადი შესრულება დღეს და არა სამოთხეში?

      19 ტაძარი, რომელიც ეზეკიელმა იხილა, კერპთაყვანისმცემლობისა და სულიერი გარყვნილებისგან განწმენდას საჭიროებდა (ეზეკიელი 43:7–9). ეს აშკარად არ ეხება სამოთხეში იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას. გარდა ამისა, ხილვაში აღწერილი მღვდლები წარმოადგენენ ცხებული სამღვდელოების კლასს დედამიწაზე ყოფნის პერიოდში და არა ზეცაში საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ან ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში. საიდან ვიცით, რომ ეს ასეა? ყურადღება მიაქციეთ, რომ მღვდლები შიდა ეზოში მომსახურეებად არიან აღწერილი. „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომრებში ნაჩვენები იყო, რომ ეს ეზო წარმოადგენს ქრისტეს დამხმარე მღვდლების უნიკალურ სულიერ მდგომარეობას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიანd. აგრეთვე შენიშნეთ, რომ ხილვაში მღვდლების არასრულყოფილებაზეა გამახვილებული ყურადღება. მათ საკუთარი ცოდვებისთვის უნდა შეეწირათ მსხვერპლი. ისინი გაფრთხილებულ იქნენ, არ გამხდარიყვნენ სულიერად ან ზნეობრივად უწმინდურები. ასე რომ, ისინი არ არიან მკვდრეთით აღდგენილი ცხებულები, რომლებზეც მოციქული პავლე წერდა: „დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად“ (1 კორინთელთა 15:52; ეზეკიელი 44:21, 22, 25, 27). ეზეკიელის ხილვაში მღვდლები ხალხს შორის არიან და მათ უშუალოდ ემსახურებიან. ეს ასე არ მოხდება სამოთხეში, როდესაც მღვდლების კლასი ზეცაში იქნება. ამგვარად, ხილვა შესანიშნავად აგვიწერს ცხებულების ‘უამრავ ხალხთან’ მჭიდრო თანამშრომლობას დღეს, მათი დედამიწაზე ყოფნისას (გამოცხადება 7:9; ეზეკიელი 42:14).

      20 ამგვარად, ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა მიუთითებს სულიერი განწმენდის სასარგებლო გავლენაზე, რომელიც დღეს შეიმჩნევა. მაგრამ რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს არ არის, უბრალოდ, აბსტრაქტული თეოლოგიური თავსატეხი. ეს ხილვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, თქვენს ყოველდღიურ მსახურებასთან. მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ როგორ.

  • „ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
    • „ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!

      „მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა“ (ეზეკიელი 46:10).

      1, 2. რომელი ძირითადი ჭეშმარიტება გვეხმარება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ ბევრი რამის გაგებაში?

      ძველად ზოგი დროის იუდეველი რაბინი „ეზეკიელის წინასწარმეტყველებით“ ბოლომდე არ იყო კმაყოფილი. თალმუდის თანახმად, ზოგი მათგანი ამ წინასწარმეტყველებას საღვთო წერილის კანონიკური წიგნებიდანაც კი გამორიცხავდა. რაბინებს განსაკუთრებით უჭირდათ ტაძრის შესახებ ხილვის ახსნა და ამბობდნენ, რომ ის ადამიანის გონებისთვის ჩაუწვდომელი იყო. ბიბლეისტიკის დარგის მეცნიერები საგონებელში ჩააგდო ეზეკიელის ხილვაში ნანახმა იეჰოვას ტაძარმა. რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ?

      2 წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი და მრავალ სულიერ საკითხს შუქი მოჰფინა. მათ შორის იმის გაგებაც მისცა, თუ რა იყო ღვთის სულიერი ტაძარი — ის, რაც იეჰოვამ გაითვალისწინა წმინდა თაყვანისმცემლობისთვისa. ეს ძირითადი ჭეშმარიტება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ ბევრი რამის გაგებაში გვეხმარება. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ ხილვის ოთხი ნაწილი — ტაძარი, სამღვდელოება, მთავარი და ქვეყანა. რას ნიშნავს დღეს ისინი?

      ტაძარი და თქვენ

      3. რაზე მეტყველებს ტაძრის შესასვლელის ჭერის სიმაღლე და კედლების ჩუქურთმები?

      3 წარმოიდგინეთ, რომ ხილვაში ნანახ ტაძარს ვათვალიერებთ. ერთ-ერთი დიდი კარიბჭის შვიდ საფეხურზე ავდივართ, ვდგებით შესასვლელში და მოკრძალებით ვიხედებით მაღლა. ჭერის სიმაღლე 30 მეტრს აღემატება, რაც შეგვახსენებს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნორმები ძალზე მაღალია. სარკმლებიდან შემოსული სხივთა კონა კედლებს ეცემა, რომლებზეც პალმის ხეებია ამოჩუქურთმებული, რაც საღვთო წერილში უმწიკვლოების აღსაწერადაა გამოყენებული (ფსალმუნი 91:13; ეზეკიელი 40:14, 16, 22). ეს წმინდა ადგილი ზნეობრივად და სულიერად უმწიკვლოებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენც გვსურს ვიყოთ უმწიკვლოები, რათა ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები იყოს (ფსალმუნი 10:7).

      4. ვის არ უშვებენ ტაძარში და რას გვასწავლის ეს?

      4 დერეფნის ორივე მხარეს სამ-სამი სენაკია. დაგვრთავენ მცველები ტაძარში შესვლის ნებას? იეჰოვა ეზეკიელს ეუბნება, რომ არც ერთი „გულდაუცვეთელი“ უცხოთესლი არ უნდა შევიდეს შიგნით (ეზეკიელი 40:10; 44:9). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებად მხოლოდ მათ სცნობს, რომლებსაც უყვართ მისი რჯული და მის თანახმად ცხოვრობენ (იერემია 4:4; რომაელთა 2:29). იეჰოვა სიამოვნებით იღებს ასეთებს თავის სულიერ კარავში, ანუ თაყვანისმცემლობის სახლში (ფსალმუნი 14:1–5). 1919 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის დროიდან იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციისთვის თანდათანობით უფრო ნათელი გახდა ღვთის ზნეობრივი ნორმები და მათი დაცვა დაიწყო. მორჩილების შეგნებულად უგულებელმყოფელნი აღარ არიან იეჰოვას ხალხს შორის. დღეს მოუნანიებელი შემცოდველების გარიცხვის წესი, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, ჩვენი თაყვანისმცემლობის სუფთად და წმინდად შენარჩუნებას ემსახურება (1 კორინთელთა 5:13).

      5. ა) რა მსგავსებაა ეზეკიელის ხილვასა და გამოცხადების 7:9–15-ში იოანეს მიერ გადმოცემულ ხილვაში? ბ) ეზეკიელის ხილვაში ვინ არიან გარეთა ეზოში თაყვანისმცემელი 12 ტომით წარმოდგენილი?

      5 დერეფანი გარეთა ეზოში გადის, სადაც ხალხი თაყვანს სცემს და განადიდებს იეჰოვას. ეს მოგვაგონებს მოციქულ იოანეს ხილვას, რომელშიც „უამრავი ხალხი“ იეჰოვას „დღე და ღამე მის ტაძარში“ სცემს თაყვანს. პალმის ხეები ორივე ხილვაში ფიგურირებს. ეზეკიელის ხილვაში ისინი შესასვლელის კედლებს ამშვენებს. იოანეს ხილვაში პალმის ტოტები თაყვანისმცემლებს უჭირავთ ხელში, რაც იეჰოვას განდიდებითა და იესოს მეფედ მიღებით გამოწვეული სიხარულის სიმბოლოა (გამოცხადება 7:9–15). ეზეკიელის ხილვის კონტექსტში აღწერილი ისრაელის თორმეტი ტომი „სხვა ცხვრებს“ წარმოადგენს (იოანე 10:16; შეადარეთ ლუკა 22:28–30). ხართ თუ არა თქვენც მათ შორის, რომლებსაც სიხარულს ანიჭებს სამეფოს შესახებ ქადაგება და იეჰოვას განდიდება?

      6. რა დანიშნულებას ასრულებდა გარეთა ეზოში არსებული ოთახები და რის შესახებ შეახსენებს ეს სხვა ცხვრებს?

      6 გარეთა ეზოს დათვალიერებისას ვხედავთ 30 ოთახს, სადაც ხალხი ჭამს თავის შესაწირავს (ეზეკიელი 40:17). დღეს „სხვა ცხვრები“ ცხოველებს არ სწირავენ, მაგრამ სულიერ ტაძარში ხელცარიელები მაინც არ მიდიან (შეადარეთ გამოსვლა 23:15). მოციქული პავლე წერდა: „[იესოს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“ (ებრაელთა 13:15, 16; ოსია 14:3). მართლაც, დიდი პატივია იეჰოვასთვის ასეთი მსხვერპლის შეწირვა (იგავნი 3:9, 27).

      7. რაში გვარწმუნებს ტაძრის გაზომვა?

      7 ხილვაში ეზეკიელი უყურებს, როგორ ზომავს ანგელოზი ტაძარს (ეზეკიელი 40:3). მსგავსად ამისა, მოციქულ იოანეს შემდეგი სიტყვები ესმის: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები“ (გამოცხადება 11:1). რას ნიშნავს ეს გაზომვა? როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვერაფერი შეაჩერებდა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული განზრახვების შესრულებისგან. ამგვარად, დღეს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვერაფერი — მთავრობის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობაც კი — ვერ შეაჩერებს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას.

      8. ვინ შედის შიდა ეზოს კარიბჭეებში და რას შეგვახსენებს ეს კარიბჭეები?

      8 გარეთა ეზოში სეირნობისას ვხედავთ სამ კარიბჭეს, რომელთა გავლითაც შიდა ეზოში შესვლა შეიძლება. შიდა კარიბჭეები იმავე ზომისაა, როგორც გარეთა, და მათ პირისპირაა განლაგებული (ეზეკიელი 40:6, 20, 23, 24, 27). შიდა ეზოში მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ შესვლა. შიდა კარიბჭეები შეგვახსენებს, რომ ცხებულები ღვთის ნორმებსა და კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ, მაგრამ იმავე კანონებითა და ნორმებით უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანიც. ახლა კი გავიგოთ, რა სამუშაოს ასრულებენ მღვდლები და რა მნიშვნელობა აქვს ამას დღეს.

      ერთგული სამღვდელოება

      9, 10. როგორ უზრუნველგვყოფს სულიერი დამოძღვრით „სამეფო სამღვდელოება“, რომელიც ეზეკიელის ხილვაში სამღვდელოების კლასითაა წარმოდგენილი?

      9 ქრისტიანობამდელ პერიოდში მღვდლები ტაძარში მძიმე შრომას ეწეოდნენ. შესაწირავი ცხოველების დაკვლა, სამსხვერპლოზე მათი მიტანა და თანამსახური მღვდლებისა და ხალხის მომსახურება დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ისინი სხვა მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებდნენ. იეჰოვამ მღვდლების შესახებ ბრძანა: „უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინონ ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი“ (ეზეკიელი 44:23; მალაქია 2:7).

      10 აფასებთ თუ არა ცხებულების მძიმე შრომასა და თავმდაბლურ მსახურებას, რომელსაც ისინი, როგორც „სამეფო სამღვდელოება“, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის ეწევიან? (1 პეტრე 2:9). ძველი დროის ლევიანი მღვდლების მსგავსად, ისინი ხელმძღვანელობენ სულიერი დამოძღვრის საქმიანობას და ეხმარებიან ხალხს იმის გაგებაში, რა არის წმინდა და მისაღები ღვთის თვალში და რა არა (მათე 24:45). ასეთი დამოძღვრა, რომელიც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან, ქრისტიანული შეხვედრებიდან და კონგრესებიდან მომდინარეობს, მილიონებს ღმერთთან შერიგებაში ეხმარება (2 კორინთელთა 5:20).

      11. ა) როგორ გაამახვილა ყურადღება ეზეკიელის ხილვამ მღვდლების სიწმინდის მნიშვნელოვნებაზე? ბ) სულიერი გაგებით, როგორ განიწმინდნენ ცხებულები უკანასკნელ დღეებში?

      11 მაგრამ მღვდლებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე მხოლოდ სხვებისთვის იმის სწავლება, რომ წმინდები იყვნენ; ისინი თავად უნდა იყვნენ წმინდები. ამგვარად, ეზეკიელმა წინასწარ იხილა ისრაელის სამღვდელოების განწმენდის პროცესი (ეზეკიელი 44:10–16). მსგავსად ამისა, ისტორია ცხადყოფს, რომ 1918 წელს იეჰოვა, როგორც „გამომდნობელი“, თავის სულიერ ტაძარში დაჯდა, რათა ცხებულ მღვდელთა კლასი შეემოწმებინა (მალაქია 3:1–5). მათ, რომლებიც სულიერად წმინდად ჩაითვალნენ — მოინანიეს ადრინდელი კერპთაყვანისმცემლური მოქმედება — ღვთის სულიერ ტაძარში საპატიო მსახურების გაგრძელების უფლება მიეცათ. მაგრამ, როგორც ყველა სხვა, ცხებულებიც შეიძლება სულიერად ან ზნეობრივად უწმინდური გახდნენ (ეზეკიელი 44:22, 25–27). მათ ყოველი ღონე უნდა იხმარონ, რათა ‘წუთისოფლისგან შეურყვნელად დაიცვან თავი’ (იაკობი 1:27; შეადარეთ მარკოზი 7:20–23).

      12. რატომ უნდა დავაფასოთ ცხებულების საქმიანობა?

      12 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „ვაფასებ თუ არა მაგალითს, რომელიც ცხებულმა ქრისტიანებმა მრავალი წლის განმავლობაში ერთგული მსახურებით დაგვიტოვეს? ვბაძავ მათს რწმენას? “ კარგია, უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ახსოვდეთ, რომ ცხებულები ყოველთვის არ ეყოლებათ დედამიწაზე. ეზეკიელის ხილვაში მღვდლებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ნუ მისცემთ მათ საკუთრებას [ნაკვეთს] ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება“ (ეზეკიელი 44:28). მსგავსად ამისა, ცხებულებს არა აქვთ დედამიწაზე მარადიული სამკვიდრო. მათ ზეციერი მემკვიდრეობა აქვთ, უამრავი ხალხის წარმომადგენლები კი დიდ პატივად მიიჩნევენ, მხარი დაუჭირონ და გაამხნეონ ისინი, ვიდრე ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (მათე 25:34–40; 1 პეტრე 1:3, 4).

      მთავარი — ვინ არის ის?

      13, 14. ა) რატომ უნდა იყოს მთავარი სხვა ცხვრების წარმომადგენელი? ბ) ვინ არის მთავარი?

      13 იბადება საინტერესო კითხვა: მაშ, მთავარი ვინღაა? ვინაიდან მასზე ლაპარაკია როგორც ცალკეულ პიროვნებაზე, ისე ჯგუფზე, დასაშვებია, რომ ის მამაკაცთა კლასს წარმოადგენს (ეზეკიელი 44:3; 45:8, 9). მაგრამ კონკრეტულად ვის? აშკარაა, რომ არა ცხებულებს. ხილვაში ის მჭიდროდ თანამშრომლობს სამღვდელოებასთან, მაგრამ მისი წარმომადგენელი არ არის. სამღვდელოების კლასისგან განსხვავებით, მას აქვს მემკვიდრეობა, მიწის ნაკვეთი, და, აქედან გამომდინარე, მომავალში დედამიწაზე იქნება და არა ზეცაში (ეზეკიელი 48:21). გარდა ამისა, ეზეკიელის 46:10 ამბობს: „მთავარი მათ შორის იქნება, მათი [არასამღვდლო შტოების] შესვლისას [ტაძრის გარეთა ეზოში] შევა და მათი გასვლისას გამოვა“. ის შიდა ეზოში კი არ შედის, არამედ გარეთა ეზოში მსახურობს — ხალხთან ერთად შედის ტაძარში და მათთან ერთად გამოდის იქიდან. ეს ფაქტორები მთავრის კლასს, აშკარად, სხვა ცხვრების წარმომადგენელ უამრავ ხალხს შორის ათავსებს.

      14 ცხადია, მთავარს ღვთის ხალხს შორის გარკვეული პასუხისმგებლობები აკისრია. გარეთა ეზოში ის აღმოსავლეთ კარიბჭის სტოაში ზის (ეზეკიელი 44:2, 3). ეს ზედამხედველის ისეთ მდგომარეობაზე მიუთითებდა, როგორიც ქალაქის კარიბჭესთან მსხდომ და განაჩენის გამომტან ისრაელ უხუცესებს ჰქონდათ (რუთი 4:1–12; იგავნი 22:22). ვის აკისრია დღეს სხვა ცხვრებს შორის ზედამხედველის მოვალეობა? უხუცესებს, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ და რომლებიც სულიწმიდით არიან დანიშნული (საქმეები 20:28). ასე რომ, მთავრის კლასი ახლა მზადდება, რათა ახალ ქვეყნიერებაში შეძლოს ხელმძღვანელობის გაწევა.

      15. ა) როგორ ჰფენს ნათელს ეზეკიელის ხილვა უამრავი ხალხის წარმომადგენელ უხუცესებსა და ცხებული სამღვდელოების კლასს შორის კავშირს? ბ) რა ხელმძღვანელობას ეწევიან ცხებული უხუცესები ღვთის მიწიერ ორგანიზაციაში?

      15 რა კავშირია ცხებულ სამღვდელოების კლასსა და უამრავი ხალხიდან ამორჩეულ უხუცესებს შორის, რომლებიც დღეს ზედამხედველებად მსახურობენ? ეზეკიელის ხილვიდან ჩანს, რომ უხუცესებს, რომლებიც უამრავი ხალხის რიგებიდან არიან, დამხმარეებისა და ხელქვეითების როლი აკისრიათ, მაშინ როდესაც ცხებულები სულიერ ხელმძღვანელობას ეწევიან. რა გაგებით? გაიხსენეთ, რომ ხილვაში მღვდლებს ხალხის სულიერი დამოძღვრა დაეკისრათ. მათ დავის დროს მსაჯულების როლიც უნდა შეესრულებინათ. გარდა ამისა, ლევიანები ტაძრის კარიბჭეთა „მცველებადაც“ იყვნენ დანიშნული (ეზეკიელი 44:11, 23, 24). ცხადია, მთავარი უნდა დამორჩილებოდა მღვდლების სულიერ მსახურებასა და მითითებებს. ამიტომ მართებულია, რომ დღეს ცხებულები უწევენ ხელმძღვანელობას წმინდა თაყვანისმცემლობას. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სწორედ ცხებულთაგან არიან არჩეული. ასეთი ერთგული ცხებული უხუცესები ათწლეულებია მთავრის მზარდი კლასის მომავალ წევრებს ამზადებენ იმ დროისთვის, როდესაც ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მთელ უფლებამოსილებას მათ გადასცემენ.

      16. ესაიას 32:1, 2-ის თანახმად, როგორ უნდა მოქმედებდეს ყველა უხუცესი?

      16 როგორი ზედამხედველები არიან მთავრის კლასის მომავალი წევრები, რომელთა პასუხისმგებლობები კიდევ უფრო გაიზრდება? ესაიას 32:1, 2-ის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ. თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“. ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება, რადგან ქრისტიანი უხუცესები — როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები — იღვწიან ფარის დასაცავად ისეთ „ავდარში“, როგორიცაა დევნა და სულით დაცემა.

      17. როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანი უხუცესები და როგორ უნდა უყურებდნენ მათ სამწყსოს წევრები?

      17 სიტყვები „მთავარი“ და „თავადი“, რომლებსაც ებრაულ ენაზე ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს, ადამიანების განსადიდებელ ტიტულებად არ გამოიყენება. პირიქით, ეს სიტყვები იმ მამაკაცების ვალდებულებების აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც ღვთის ცხვრებზე მზრუნველობა აკისრიათ. იეჰოვა იძლევა მკაცრ გაფრთხილებას: „კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი“ (ეზეკიელი 45:9). დღეს კარგი იქნებოდა, ყველა უხუცესს გულთან ახლოს მიეტანა ეს რჩევა (1 პეტრე 5:2, 3). თავის მხრივ, სამწყსოს ესმის, რომ ეს მწყემსები იესომ უბოძა როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაში მოცემულია, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი (1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:5–9). ამიტომ ქრისტიანები მიჰყვებიან უხუცესების ხელმძღვანელობას (ებრაელთა 13:7).

      18. რა პასუხისმგებლობები აკისრია დღეს მომავალ მთავრის კლასს და რა დაეკისრება მომავალში?

      18 ბიბლიურ დროში ზოგ მთავარს მეტი უფლება ჰქონდა, ზოგს — ნაკლები. დღეს უხუცესებს უამრავი ხალხის რიგებიდან სხვადასხვაგვარი პასუხისმგებლობები აკისრიათ. ზოგი ერთ კრებას ემსახურება, ხოლო ზოგი, როგორც მიმომსვლელი ზედამხედველი — მრავალს; ერთნი მთელ რიგ ქვეყნებს ემსახურებიან, როგორც ფილიალის კომიტეტის წევრები, ხოლო სხვანი — უშუალოდ ხელმძღვანელი საბჭოს სხვადასხვა კომიტეტს ეხმარებიან. ახალ ქვეყნიერებაში იესო ‘მთელ დედამიწაზე დანიშნავს მთავრებს’, რომლებიც იეჰოვას მიწიერ თაყვანისმცემლებს ხელმძღვანელობას გაუწევენ (ფსალმუნი 44:17). ეჭვგარეშეა, რომ ის მრავალ მათგანს დღევანდელი ერთგული უხუცესებიდან აირჩევს. ვინაიდან ეს მამაკაცები დღეს ამტკიცებენ, რომ ღირსეულები არიან, მომავალში იესო მრავალ მათგანს უფრო მეტ პასუხისმგებლობებს მიანდობს და გვიჩვენებს, თუ რა როლს შეასრულებს მთავრის კლასი ახალ ქვეყნიერებაში.

      ღვთის ხალხის „ქვეყანა“ დღეს

      19. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში აღწერილი ქვეყნით?

      19 ეზეკიელის ხილვაში ისრაელის აღდგენილი ქვეყანაცაა აღწერილი. რის მაჩვენებელია ეს? აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებებში ნათქვამი იყო, რომ ისრაელის ქვეყანა ედემისმაგვარი სამოთხე იქნებოდა (ეზეკიელი 36:34, 35). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ აღდგენილ ‘ქვეყანაში’ და ისიც, გარკვეული გაგებით, ედემისმაგვარია. მსგავსი გაგებით, ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს სულიერ სამოთხეზე. „საგუშაგო კოშკში“ ჩვენი „ქვეყანა“ აღწერილი იყო როგორც ღვთის რჩეული ხალხის „მოქმედების სფერო“b. სადაც უნდა ცხოვრობდეს იეჰოვას მსახური, ის ამ აღდგენილ ქვეყანაშია მანამდე, ვიდრე ქრისტე იესოს ნაკვალევს მიჰყვება და ცდილობს, დაიცვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (1 პეტრე 2:21).

      20. რა პრინციპის სწავლა შეიძლება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ‘შეწირული ნაკვეთიდან’ და როგორ შეგვიძლია ამ პრინციპის გამოყენება?

      20 რა შეიძლება ითქვას მიწის იმ ნაკვეთზე, რომელსაც ‘შეწირულს’ უწოდებდნენ? ხალხს ეს ნაკვეთი სამღვდელოებისა და ქალაქისთვის უნდა შეეწირა. მსგავსადვე უნდა გაეღო მიწის ნაკვეთი ‘მთელი ქვეყნის ერს’ მთავრებისთვისაც. რას ნიშნავს ეს დღეს? რა თქმა უნდა, არა იმას, რომ ღვთის ხალხს ტვირთად უნდა დააწვეს სამღვდელოების კლასისთვის ხელფასის გადახდა (2 თესალონიკელთა 3:8). დღეს უხუცესებს უმთავრესად სულიერი გაგებით ეხმარებიან. ამაში შედის მსახურებისას დახმარება და თანამშრომლობისა და მორჩილების სულის გამოვლენა. მაგრამ როგორც ეზეკიელის დღეებში, ისე დღესაც ეს შესაწირი ‘იეჰოვასთვის’ (აქ) იწირება და არა ადამიანისთვის (ეზეკიელი 45:1, 7, 16).

      21. რის სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქვეყნის დანაწილების ეპიზოდიდან?

      21 აღდგენილ ქვეყანაში ნაკვეთები მხოლოდ მთავრებსა და სამღვდელოებას როდი გამოუყვეს. ქვეყნის დანაწილების სურათი ცხადყოფს, რომ 12 შტოდან თითოეულს თავისი სამკვიდრო ერგო (ეზეკიელი 47:13, 22, 23). ასე რომ, უამრავი ხალხის წარმომადგენლებს არა მარტო სულიერ სამოთხეში აქვთ ადგილი დღეს, არამედ ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოშიც.

      22. ა) რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქალაქით? ბ) რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ ქალაქს ყველა მხარეს აქვს კარიბჭეები?

      22 და ბოლოს, რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი ქალაქით? ის არ არის ზეციერი ქალაქი, ვინაიდან „საერო“ (ეს ადგილი არ იყო წმინდა) ნაკვეთის შუაში მდებარეობს (ეზეკიელი 48:15–17). ასე რომ, ის რაღაც მიწიერი უნდა იყოს. მაშ, რა არის ქალაქი? ნუთუ ის არ გვკარნახობს აზრს ერთად თავმოყრილი ხალხის შესახებ, რომლებიც რაღაც სტრუქტურის ან ორგანიზაციის სახით არიან გაერთიანებული? დიახ. მაშასადამე, ქალაქი მიუთითებს მიწიერ მმართველობაზე, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ყველასთვის, ვინც დედამიწის სამართლიანი საზოგადოების წევრი ხდება. ის ბოლომდე მოქმედებაში ‘ახალ მიწაზე’ მოვა (2 პეტრე 3:13). ქალაქის ყველა მხარეს არსებული კარიბჭეები, თითო-თითო შტოსთვის, თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ქალაქი ღიაა. დღეს იეჰოვას ხალხს რაღაც ფარული, იდუმალებით მოცული, მმართველობა არ ჰყავს. თავისუფლად შეიძლება პასუხისმგებელ ძმებთან მისვლა; პრინციპები, რომლებითაც ისინი ხელმძღვანელობენ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის ფაქტი, რომ ქალაქის დასახმარებლად მიწას ყველა შტოს წარმომადგენელი ამუშავებს, მოგვაგონებს სხვა ცხვრების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, მატერიალურის ჩათვლით, მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხის სასარგებლოდ გაწეული ღონისძიებისთვის (ეზეკიელი 48:19, 30–34).

      23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      23 რა შეიძლება ითქვას მდინარის შესახებ, რომელიც ტაძრის საწმინდარიდან მოედინება? თუ რას წარმოადგენს ის დღეს და მომავალში, განხილული იქნება ამ სერიის მესამე, ბოლო, სტატიაში.

  • რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
    • რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?

      „სადაც ეს მდინარე ჩაივლის, [ყოველივე] გაცოცხლდება“ (ეზეკიელი 47:9).

      1, 2. ა) რამდენად მნიშვნელოვანია წყალი? ბ) რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი მდინარით?

      წყალი საოცარი სითხეა. დედამიწაზე ყოველგვარი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია უწყლოდ დიდხანს არსებობა. ის სისუფთავის დასაცავადაც გვჭირდება, რადგან ჭუჭყი წყალში იხსნება და ჩამოირეცხება. ამიტომ წყლით ვიბანთ ტანს, ვრეცხავთ ტანსაცმელსა და საკვებ პროდუქტებს. ყოველივე ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება.

      2 ბიბლია წყალს სიცოცხლისთვის აუცილებელი იეჰოვას სულიერი ღონისძიებების აღსაწერად იყენებს (იერემია 2:13; იოანე 4:7–15). ამ ღონისძიებებში შედის ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით მისი ხალხის განწმენდა და მის სიტყვაში მოცემული ღვთის შემეცნება (ეფესელთა 5:25–27). ეზეკიელის ხილვაში სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც ტაძრიდან მოედინება, ასეთი სიცოცხლის მომცემი კურთხევების სიმბოლოა. მაგრამ როდის იწყებს წყალი დინებას და რას ნიშნავს დღეს ეს ჩვენთვის?

      წყალი, რომელიც აღდგენილ ქვეყანაში მოედინება

      3. ეზეკიელის 47:2–12-ის თანახმად, რა გადახდა თავს ეზეკიელს?

      3 ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ეზეკიელის ხალხს იეჰოვას მზრუნველობა ძალიან სჭირდებოდა. რამდენად გამამხნევებელი იქნებოდა ეზეკიელისთვის წყლის ნაკადის ხილვა, რომელმაც სათავე საწმიდარიდან აიღო და ტაძრიდან გადმოიღვარა! ეზეკიელის 47-ე თავში ვკითხულობთ, რომ ანგელოზი წყალს ყოველი 1 000 წყრთის შემდეგ ზომავს. წყლის დონე თანდათანობით იწევს ჯერ კოჭებამდე, შემდეგ მუხლებამდე, წელამდე და ბოლოს მდინარედ იქცევა, ისე რომ მისი ფეხით გადალახვა შეუძლებელი ხდება. მდინარე ყველაფერს აცოცხლებს და ნაყოფიერს ხდის (ეზეკიელი 47:2–11). ეზეკიელს ანგელოზი ეუბნება: „მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი“ (ეზეკიელი 47:12ა). როგორც კი მდინარე მკვდარ ზღვას — უსიცოცხლო წყლის მასას — ერთვის, მასში ყველაფერი ცოცხლდება! აფუთფუთდებიან თევზები. ჩაღდება თევზაობა.

      4, 5. რით ჰგავს იოველის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული წყარო ეზეკიელის ხილვაში ნანახ მდინარეს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

      4 ამ შესანიშნავ წინასწარმეტყველებას შეიძლება ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩაწერილი ერთი ცნობა შეეხსენებინა: „წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს“a (იოველი 4:18). იოველის წინასწარმეტყველებაში, ისევე როგორც ეზეკიელისაში, აღნიშნულია, რომ მდინარე ღვთის სახლიდან, ტაძრიდან, იღებს სათავეს და აცოცხლებს უნაყოფო ადგილებს.

      5 „საგუშაგო კოშკი“ მრავალი წელია აღნიშნავს, რომ იოველის წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდებაb. მაშინ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იმავეს თქმა შეიძლება ეზეკიელის ასეთსავე ხილვაზეც. დღეს ღვთის ხალხის აღდგენილ ქვეყანაში სწორედ ისე, როგორც ძველ ისრაელში, იეჰოვას მზრუნველობა და კურთხევები ნამდვილად უხვად მოედინება.

      კურთხევები უხვად იღვრება

      6. რა უნდა შეეხსენებინა იუდეველებისთვის ხილვაში ნანახ სამსხვერპლოზე სისხლის სხურებას?

      6 საიდან იღვრება ღვთის აღდგენილ ხალხზე კურთხევები? ყურადღება მივაქციოთ, რომ წყალი ღვთის ტაძრიდან იღვრება. მსგავსად ამისა, დღესაც კურთხევები დიდებული სულიერი ტაძრის — წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გაწეული ღონისძიებების — საშუალებით იეჰოვასგან მომდინარეობს. ეზეკიელის ხილვაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებული. წყალი სამსხვერპლოს გავლით შიდა ეზოს სამხრეთიდან გამოედინება (ეზეკიელი 47:1). სამსხვერპლო ხილვაში ნანახი ტაძრის ცენტრში მდებარეობს. იეჰოვა დაწვრილებით აღუწერს მას ეზეკიელს და უბრძანებს, მსხვერპლშესაწირის სისხლი სამსხვერპლოს ასხუროს (ეზეკიელი 43:13–18, 20). სამსხვერპლოს ყველა ისრაელისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ხნის წინათ, მაშინ, როდესაც სინაის მთის ძირში მოსემ სამსხვერპლოს სისხლი ასხურა, ისრაელებსა და იეჰოვას შორის კავშირი დაიდო (გამოსვლა 24:4–8). ამიტომ ხილვაში სამსხვერპლოზე სისხლის სხურებას მათთვის უნდა შეეხსენებინა, რომ აღდგენილ ქვეყანაში დაბრუნებისთანავე იეჰოვა უხვად გადმოაფრქვევდა მათზე კურთხევებს და ეს იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ მასთან დადებული კავშირის მოთხოვნებს დაიცავდნენ (მეორე რჯული 28:1–14).

      7. რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლურ სამსხვერპლოს დღევანდელი ქრისტიანებისთვის?

      7 მსგავსად ამისა, დღეს ღვთის ხალხი კურთხეულია უკეთესი კავშირით — ახალი კავშირით (იერემია 31:30–33). ისიც დიდი ხნის წინათ იესო ქრისტეს სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში (ებრაელთა 9:15–20). დღეს, ვის შორისაც უნდა ვიყოთ — ცხებულებს შორის, რომლებთანაც დაიდო ეს კავშირი, თუ ‘სხვა ცხვრებს’ შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ კავშირით, — სიმბოლურ სამსხვერპლოს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ქრისტეს მსხვერპლთან დაკავშირებით ღვთის ნების სიმბოლოა (იოანე 10:16; ებრაელთა 10:10). როგორც სიმბოლური სამსხვერპლოა სულიერი ტაძრის ცენტრში, ისე ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი წმინდა თაყვანისმცემლობაში. ის არის ჩვენი ცოდვების მიტევების საფუძველი და, მაშასადამე, ჩვენი სამომავლო იმედების საფუძველიც (1 იოანე 2:2). ამიტომ ვცდილობთ ვიცხოვროთ ახალ კავშირთან დაკავშირებული რჯულის — ‘ქრისტეს რჯულის’ — თანახმად (გალატელთა 6:2). სანამ ასე ვმოქმედებთ, იეჰოვას კურთხევები არ მოგვაკლდება.

      8. ა) რა არ იყო ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში? ბ) რას იყენებდნენ განბანვის მიზნით ხილვაში ნანახი ტაძრის მღვდლები?

      8 ერთ-ერთ კურთხევას იეჰოვას წინაშე წმინდად დგომა წარმოადგენს. ხილვაში ნანახი ტაძრის შიდა ეზოში არ არის რაღაცა, რასაც სავანის ეზოში და სოლომონის ტაძარში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა; ეს არის დიდი საბანელი, რომელსაც მოგვიანებით ზღვა ეწოდა და რომელშიც მღვდლები უნდა განბანილიყვნენ (გამოსვლა 30:18–21; მეორე ნეშტთა 4:2–6). მაშ, რას იყენებდნენ განბანის მიზნით მღვდლები ეზეკიელის მიერ ნანახ ტაძარში? იმ სასწაულმოქმედი წყლის ნაკადს, რომელიც შიდა ეზოს გავლით მიედინებოდა! დიახ, იეჰოვა ამ საშუალების გამოყენებით აკურთხებდა მათ, რათა ღვთის წინაშე სუფთად ანუ წმინდად წარმდგარიყვნენ.

      9. როგორ შეუძლიათ დღეს ცხებულებსა და უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ღვთის წინაშე სუფთად წარდგომა?

      9 მსგავსად ამისა, დღეს ცხებულებიც კურთხეულნი არიან და იეჰოვას წინაშე სუფთად დგანან. ის მათ წმინდად მიიჩნევს და მართლებად აცხადებს (რომაელთა 5:1, 2). რა შეიძლება ითქვას არასამღვდლო შტოებით წარმოდგენილი ‘უამრავი ხალხის’ შესახებ? ისინი გარეთა ეზოში მსახურობენ, ხოლო ხილვაში ნანახ ტაძარში იგივე წყლის ნაკადი ამ ნაწილის გავლითაც მიედინება. და რა მართებულია, რომ იოანემ სულიერი ტაძრის ეზოში მომსახურე უამრავი ხალხი თეთრ, სპეტაკ სამოსელში შემოსილი იხილა! (გამოცხადება 7:9–14). მიუხედავად იმისა, როგორ ეპყრობა მათ ეს გახრწნილი წუთისოფელი, ამ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ვიდრე ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, იეჰოვა მათ სუფთად და წმინდად მიიჩნევს. როგორ ავლენენ ისინი რწმენას? იესოს ნაბიჯების მიყოლითა და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი სრული რწმენით (1 პეტრე 2:21).

      10, 11. რა არის სიმბოლური წყლის მნიშვნელოვანი თავისებურება და როგორ არის ეს დაკავშირებული მდინარის უსაზღვროდ გაფართოებასთან?

      10 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სიმბოლურ წყალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს და ეს თავისებურება შემეცნებაა. აღდგენილ ისრაელში იეჰოვამ თავისი ხალხი სამღვდელოების მეშვეობით გადაცემული წმინდა წერილებიდან მომდინარე დამოძღვრით აკურთხა (ეზეკიელი 44:23). იეჰოვა დღესაც ამგვარად აფრქვევს კურთხევებს თავის ხალხზე და ‘სამეფო სამღვდელოების’ მეშვეობით უხვად აძლევს თავისი ჭეშმარიტების სიტყვის შესახებ დარიგებებს (1 პეტრე 2:9). ამ უკანასკნელ დღეებში უხვად მოედინება შემეცნება იეჰოვა ღმერთის, კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვებისა და განსაკუთრებით იესო ქრისტესა და მესიანური სამეფოს შესახებ. რა დიდებულია ეს უფრო და უფრო მზარდი სულიერად გამომაცოცხლებელი წყლის ნაკადი, რომელსაც დღეს ჩვენ ვღებულობთ! (დანიელი 12:4).

      11 როგორც ანგელოზის მიერ გაზომილი ზემოხსენებული მდინარის დონე იწევდა უფრო და უფრო, ისე სწრაფად იზრდება იეჰოვასგან მომდინარე სიცოცხლის მომცემი კურთხევები, რათა ხალხის ნაკადი ჩვენს კურთხეულ სულიერ ქვეყანაში მოიყვანოს. აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22). ეს სიტყვები გამართლდა — წმინდა თაყვანისმცემლობაში მილიონები შემოგვიერთდნენ! იეჰოვა უხვად აძლევს „წყალს“ ყველას, ვინც კი მიმართავს (გამოცხადება 22:17). ღმერთი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ავრცელებს თავისი მიწიერი ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში ასობით ენაზე ბიბლიებსა და ბიბლიურ ლიტერატურას. მსგავსად ამისა, ქრისტიანული შეხვედრები და კონგრესები მთელ მსოფლიოში იმართება, რათა ყველას მიეწოდოს ჭეშმარიტების კამკამა წყალი. როგორ გავლენას ახდენს მსგავსი ღონისძიებები ხალხზე?

      წყალი აცოცხლებს!

      12. ა) რამ გახადა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ხეები ასე ნაყოფიერი? ბ) რა არის წარმოდგენილი ამ ნაყოფიერი ხეებით უკანასკნელ დღეებში?

      12 ეზეკიელის ხილვაში მდინარეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოაქვს. მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეების შესახებ ეზეკიელი გებულობს: „არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი. . . მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი — განსაკურნებლად“. რატომ არის ეს ხეები ასე საოცრად ნაყოფიერი? ‘რადგან საწმიდარიდან მოედინება მათთვის წყლები’ (ეზეკიელი 47:12ბ). ეს სიმბოლური ხეები ღვთის ყველა იმ ღონისძიების წინასახეს წარმოადგენს, რომლებსაც ღმერთი იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე კაცობრიობის გასასრულყოფილებლად იყენებს. ამ დროს დედამიწაზე სულიერ კვებასა და გაჯანსაღებას ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც 144 000-ის ყველა წევრი მიიღებს ზეციერ ჯილდოს, სარგებლობა, რომელსაც მათი ქრისტესთან ერთად თანამმართველობა მოიტანს, არ შეწყდება და, საბოლოოდ, ადამის მიერ გადმოცემულ სიკვდილს ბოლომდე აღმოფხვრის (გამოცხადება 5:11, 12; 21:2–4).

      13. რა გაჯანსაღება ხდება ჩვენს დღეებში?

      13 ხილვაში ნანახი მდინარე მკვდარ ზღვაში ჩაედინება და, სადაც კი აღწევს, ყველაფერს კურნავს. ზღვა სულიერად მკვდარი მდგომარეობის მაჩვენებელია. მაგრამ ეზეკიელის 47:9-ის თანახმად, „ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის“, სიცოცხლე იფურჩქნება (ეზეკიელი 47:9). მსგავსად ამისა, უკანასკნელ დღეებში, სადაც კი სიცოცხლის წყალი აღწევს, ხალხი სულიერად ცოცხლდება. ასეთი გაცოცხლება პირველად 1919 წელს მოხდა და ცხებულთა დარჩენილ ნაწილს შეეხო. ისინი სულიერი სიკვდილის მსგავსი უმოქმედო მდგომარეობიდან კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ (ეზეკიელი 37:1–14; გამოცხადება 11:3, 7–12). ამ დროიდან მოყოლებული ეს მაცოცხლებელი წყალი სხვა სულიერად მკვდრებსაც შეეხო, რის შედეგადაც ისინი გაცოცხლდნენ და შეიკრიბა სხვა ცხვრების წარმომადგენელი უამრავი ხალხის მზარდი რაოდენობა, ხალხისა, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ემსახურებიან მას. მალე ეს უამრავ მკვდრეთით აღდგენილ ადამიანსაც შეეხება.

      14. რას აჩვენებს დღეს თვალსაჩინოდ მკვდარი ზღვის სანაპიროზე გაჩაღებული თევზჭერა?

      14 სულიერად გაცოცხლებას ნაყოფიერება მოაქვს. ეს თვალსაჩინოდაა ნაჩვენები თევზჭერის გაჩაღებით, რომელიც ყოფილი მკვდარი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მათე 4:19). უკანასკნელ დღეებში თევზჭერა ცხებულთა დარჩენილი ნაწილის შეკრებით დაიწყო, მაგრამ ამით არ დამთავრებულა. იეჰოვას სულიერი ტაძრიდან მომდინარე სიცოცხლის მომცემი წყალი, ზუსტი შემეცნების ჩათვლით, ყველა ერის ადამიანებამდე აღწევს. სადაც კი ეს მდინარე აღწევს, სულიერი გაგებით, ყველგან სიცოცხლე იფურჩქნება.

      15. რა ცხადყოფს, რომ ყველა არ მიიღებს ღვთის სიცოცხლის მომცემ წყალს და, საბოლოოდ, რას მოუტანს ეს მათ?

      15 რა თქმა უნდა, სიცოცხლის ცნობას დღეს ყველა დადებითად არ ეხმაურება. არც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ყველა მკვდრეთით აღდგენილი მოიქცევა ასე (ესაია 65:20; გამოცხადება 21:8). ანგელოზი ამბობს, რომ ზღვის გარკვეული ნაწილები არ განიკურნება. ჭანჭყობები, უსიცოცხლო ადგილები, „სამარილედ დარჩება“ (ეზეკიელი 47:11). ასევე ჩვენს დღეებში მცხოვრები ხალხიდანაც, ვისაც სთავაზობენ იეჰოვას სიცოცხლის მომცემ წყალს, ყველა არ მიიღებს მას (ესაია 6:10). არმაგედონის დროს ყველა, ვინც სულიერად მკვდრად ან ავადმყოფად დარჩენას არჩევს, სამარილედ დარჩება, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 19:11–21). მაგრამ მათ, რომლებიც ერთგულად ეწაფებიან ამ წყლებს, შეუძლიათ გადარჩენისა და ამ წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულების ხილვის იმედი ჰქონდეთ.

      წყალი, რომელიც სამოთხეში მოედინება

      16. როდის და როგორ შესრულდება საბოლოოდ ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა?

      16 აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ეზეკიელის ხილვა ტაძრის შესახებ, საბოლოოდ, ათასი წლის განმავლობაში შესრულდება. მაშინ სამღვდელოების კლასი დედამიწაზე აღარ იქნება. „ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად [ზეცაში] ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ეს ზეციერი მღვდლები ქრისტესთან ერთად იხელმძღვანელებენ, რომ კაცობრიობას ქრისტეს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა სრული სარგებლობა მოუტანოს. ამგვარად, მართალი ადამიანები გადარჩებიან და სრულყოფილებას მიაღწევენ (იოანე 3:17).

      17, 18. ა) როგორ არის სიცოცხლის მომცემი მდინარე აღწერილი გამოცხადების 22:1, 2-ში და ძირითადად როდის სრულდება ეს ხილვა? ბ) რატომ მოიმატებს უსაზღვროდ სამოთხეში სიცოცხლის მომცემი მდინარე?

      17 მაშინ ეზეკიელის მიერ ნანახ მდინარეში ყველაზე ძლიერმოქმედი სიცოცხლის წყალი იდინებს. გამოცხადების 22:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ძირითადად იმ დროს შესრულდება: „მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით ჭვირვალი, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“.

      18 ათასი წლის განმავლობაში ყოველგვარი ავადმყოფობა — იქნება ეს ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური — განიკურნება. ეს კარგად არის ნაჩვენები სიმბოლური ხეებით ‘ხალხთა განკურნების’ საშუალებით. ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობით გაწეული მზრუნველობის წყალობით, „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). იმ დროს მდინარე უდიდეს ნიაღვრად იქცევა. ის უფრო განიერი და ღრმა უნდა იყოს, რომ წყლით მოამარაგოს მკვდრეთით აღდგენილი მილიონები, შესაძლებელია, მილიარდებიც კი, რომლებიც სიცოცხლის ამ კამკამა წყლებს დალევენ. ეზეკიელის ხილვაში მდინარემ მკვდარი ზღვა განკურნა და, სადაც კი ჩაიარა, სიცოცხლე ააყვავა. ასე რომ, სამოთხეში მამაკაცები და ქალები გაცოცხლდებიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითაც — განიკურნებიან ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილისგან, თუ გამოავლენენ რწმენას გამოსყიდვისადმი, რომელიც მათაც შეეხო. გამოცხადების 20:12-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იმ დღეებში გადაიშლება „წიგნები“, რომლებიც დამატებით გაგებას იძლევა და რომლებიც მკვდრეთით აღდგენილებს სარგებლობას მოუტანს. სამწუხაროდ, ზოგი სამოთხეშიც კი არ ისურვებს გამოჯანმრთელებას. ეს ურჩები მარადიულად განადგურდებიან, ‘სამარილედ დარჩებიან’ (გამოცხადება 20:15).

      19. ა) როგორ შესრულდება ქვეყნის დანაწილების შესახებ წინასწარმეტყველება სამოთხეში? ბ) სამოთხის რა თავისებურებაა წარმოდგენილი ქალაქით? გ) რით არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ქალაქი ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს?

      19 იმ დროს ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქვეყნის დანაწილებაც საბოლოოდ შესრულდება. ეზეკიელმა იხილა, რომ ქვეყანა სათანადოდ დანაწილდა; მსგავსად ამისა, თითოეულ ერთგულ ქრისტიანს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სამოთხეში თავისი ადგილი, სამკვიდრო, ექნება. ადამიანის სურვილი, ჰქონდეს საკუთარი სახლი და ზრუნავდეს მასზე, სათანადოდ დაკმაყოფილდება (ესაია 65:21; 1 კორინთელთა 14:33). ქალაქი, რომელიც ეზეკიელმა იხილა, შესაფერისად აღწერს იმ ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რომლის გატარებაც იეჰოვას აქვს განზრახული ახალ დედამიწასთან დაკავშირებით. ცხებული სამღვდელოების კლასი ფიზიკურად ადამიანებს შორის აღარ იქნება. ეს ხილვაში ნაჩვენებია იმით, რომ ქალაქი „საერო“ ნაკვეთზე, ტაძრიდან მოშორებით, მდებარეობს (ეზეკიელი 48:15). მაგრამ ქრისტესა და 144 000 ზეციერ მმართველს დედამიწაზეც ეყოლებათ წარმომადგენლები. მიწიერი ქვეშევრდომებისთვის ძალზე სასარგებლო იქნება მთავრის კლასის მიერ გაწეული სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობა და მითითებები. მაგრამ მთავრობა ზეცაში იქნება და არა დედამიწაზე. დედამიწის ყველა მკვიდრი, მათ შორის მთავრის კლასი, მესიანური სამეფოს ქვეშევრდომი იქნება (დანიელი 2:44; 7:14, 18, 22).

      20, 21. ა) რა გაგებით არის ქალაქის სახელი შესაფერისი? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ეზეკიელის ხილვის გაგების შემდეგ?

      20 ყურადღება მიაქციეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვებს: «ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი [„იეჰოვა“, აქ]» (ეზეკიელი 48:35). ეს ქალაქი იმისთვის არ იარსებებს, რომ ადამიანებს მიეცეს ძალაუფლება ან გავლენა; არც იმისთვის, რომ რომელიმე ადამიანმა თავისი ნება სხვებს თავს მოახვიოს. არა, ეს იეჰოვას ქალაქია, რომელიც ღვთის აზროვნებასა და მის მოსიყვარულე, გონივრულ გზებს აირეკლავს (იაკობი 3:17). ყოველივე ეს გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მარადიულად, უსასრულოდ, აკურთხებს მის მიერ ჩამოყალიბებულ ‘ახალი მიწის’ საზოგადოებას (2 პეტრე 3:13).

      21 განა გულის ფანცქალით არ მოველით ამ მომავალს? მაშინ მართებულია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „როგორ ვრეაგირებ იმ შესანიშნავ კურთხევებზე, რომლებიც ეზეკიელის ხილვაში განგვიცხადდა? ერთგულად ვუჭერ თუ არა მხარს საქმიანობას, რომელსაც სიყვარულით ასრულებენ ზედამხედველები, მათ შორის ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლები და მთავრის კლასის მომავალი წევრები? უკავია წმინდა თაყვანისმცემლობას ჩემს ცხოვრებაში პირველი ადგილი? ყოველნაირი დანიშნულებით ვიყენებ თუ არა სიცოცხლის წყალს, რომელიც დღეს ასე უხვად მოედინება?“ დაე თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ასე მოიქცეს და მთელი მარადიულობის განმავლობაში დატკბეს იეჰოვას მზრუნველობით!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება