ხმის გამოსაცემად აუცილებელია ფილტვებიდან ჰაერის ნაკადის ამოშვება. ფილტვები საბერველის ფუნქციას ასრულებს — ჰაერს ტრაქეის გავლით უშვებს ხორხში, რომელიც ყელის შუა ნაწილში მდებარეობს. ხორხში ერთმანეთის პარალელურად განლაგებულია ორი თხელი კუნთოვანი ნაოჭი, რომლებსაც მბგერი იოგები ეწოდება. სწორედ ამ იოგებს აქვთ დიდი მნიშვნელობა ხმის წარმოქმნაში. ეს კუნთოვანი ნაოჭები არეგულირებს ხორხში ჰაერის ნაკადის მოძრაობას და ხელს უშლის ფილტვებში უცხო სხეულების მოხვედრას. სუნთქვის დროს ჰაერი იოგებს შორის გადის, მაგრამ ხმა არ წარმოიქმნება. ლაპარაკის დროს კი კუნთების მოძრაობის შედეგად მბგერი იოგები იჭიმება და ფილტვებიდან ამოსული ჰაერის წნევის ზეგავლენით რხევას იწყებს. ასე წარმოიქმნება ხმა.
რაც უფრო მეტად არის დაჭიმული მბგერი იოგები და რაც მეტია მათი რხევის სიხშირე, მით უფრო მაღალია წარმოქმნილი ბგერა. იოგები თუ ნაკლებად დაჭიმულია, შესაბამისად, ბგერაც დაბალია. ხორხის შემდეგ ბგერითი ტალღა ხვდება ხახაში, რომელიც ყელის ზედა ნაწილში მდებარეობს, ხოლო შემდეგ პირისა და ცხვირის ღრუებში. წარმოქმნილი ბგერის ძირითად ტონს სწორედ აქ ერწყმის ობერტონები, რომლებიც ამდიდრებს და აძლიერებს მას. ხმის საბოლოო ჩამოყალიბებაში კი სასა, ენა, კბილები, ტუჩები და ქვედა ყბა მონაწილეობს და ბგერითი ტალღები გასაგებ სიტყვებად გადაიქცევა.
ადამიანის ხმა სასწაულია. შესაძლებლობებით ის ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ინსტრუმენტს აღემატება. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა გრძნობისა და ემოციის გამოხატვა — სინაზითა და სიყვარულით დაწყებული, ბოროტებითა და სიძულვილით დამთავრებული. კარგად დამუშავებული და ნავარჯიშები ხმა, რომლის დიაპაზონიც ზოგჯერ სამ ოქტავას აღწევს, არა მხოლოდ სასიამოვნო მღერის, არამედ გულში ჩამწვდომი მეტყველების შესაძლებლობას იძლევა.