სიყვარული გაუღრმავდათ
კუნძულ ჰოკაიდოზე (იაპონია), უსუს მთაზე 23 წლის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა. ეს მოხდა 2000 წლის 31 მარტს. ათასობით მოსახლეს სახიფათო ზონიდან გაქცევა მოუწია. ბევრმა დაკარგა სახლი და სამუშაო, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაღუპულა. მათ შორის, ვისაც სახლ-კარის დატოვება მოუწია, იეჰოვას 46 მოწმე იყო, მაგრამ ისინი ბედის ანაბარა არავის მიუტოვებია.
ტრაგედიის პირველსავე დღეს ამ რეგიონში მიმომსვლელმა ქრისტიანმა მსახურმა დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის ორგანიზება ითავა. ახლომდებარე კრებებმა მალე დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა საჭირო ნივთები გამოაგზავნეს. იაპონიის ფილიალის მეთვალყურეობით სასწრაფოდ შეიქმნა დახმარების კომიტეტი. დასასრული არ უჩანდა იაპონიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მიერ დახმარების ფონდში მიტანილ შესაწირავებს. სრული დროით მსახური მოწმეები ყველაზე მეტად დაზარალებულ კრებაში გააგზავნეს ძმების სულიერად გასაძლიერებლად. ისინი სარაიონო ზედამხედველმაც არაერთხელ მოინახულა და, როგორც ემოციური, ისე სულიერი მხარდაჭერა გაუწია.
მოწმეებს ამ მძიმე პერიოდშიც კი არ შეუწყვეტიათ ქრისტიანული კრებების ჩატარება. ისინი სახიფათო ზონიდან მოშორებით, კერძო ბინებში იკრიბებოდნენ. როდესაც საშიშროების ტალღამ გადაიარა, ძმები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ სამეფო დარბაზის სანახავად და ნახეს, რომ შენობა დაბზარული და გვერდზე გადაწოლილი იყო. იქვე ახლოს ახლად წარმოქმნილი კრატერიდან ჯერაც ამოდიოდა კვამლი. ძმები მსჯელობდნენ, ჩაეტარებინათ თუ არა კრების შეხვედრები ამ სამეფო დარბაზში, ან საერთოდ ღირდა კი მისი შეკეთება.
ბოლოს გადაწყდა, რომ არც ისე შორს, შედარებით უსაფრთხო ზონაში ახალი სამეფო დარბაზი აშენებულიყო. რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა ამ საქმეს საჭირო ხელმძღვანელობა გაუწია. ქვეყანაში მცხოვრები მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავები მშენებლობას მოხმარდა. მალე მიწის ნაკვეთი შეისყიდეს და ასობით მოხალისის დახმარებით, მცირე ხანში ახალი სამეფო დარბაზი ააშენეს. 2000 წლის 23 ივლისს, კვირას, ახალ სამეფო დარბაზში 75 ადამიანი დაესწრო კრების პირველ შეხვედრას. ბევრი სიხარულისგან ტიროდა. იმავე წლის ოქტომბერში სამეფო დარბაზის მიძღვნაზე ადგილობრივი კრების ერთ-ერთმა უხუცესმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ვულკანის ამოფრქვევამ გაჭირვება და ტანჯვა მოგვიტანა, მაგრამ ამ შენობამ მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებით შეგვიცვალა. იეჰოვასა და ჩვენი ძვირფასი ძმებისადმი სიყვარული ამან უფრო გაგვიღრმავა!“
[საავტორო უფლება 19 გვერდზე]
უსუს მთაზე ვულკანის ამოფრქვევა: AP Photo/Koji Sasahara