საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კამჩატკა რუსეთის საუცხოო მხარე
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • ვულკანები, გეიზერები და ცხელი წყაროები

      კამჩატკა მდებარეობს წყნარი ოკეანის ვულკანურ სარტყელში — მაღალი სეისმური აქტივობით გამორჩეულ რეგიონში, რომელიც წყნარ ოკეანეს რკალად გასდევს. კამჩატკაზე დაახლოებით 30 მოქმედი ვულკანია. ვულკანი კლიუჩევსკაია სოპკა, რომლის კონუსსაც „სრულყოფილსა და უჩვეულოდ ლამაზს“ უწოდებენ, ზღვის დონიდან 4 750 მეტრზეა ატყორცნილი. ის ევრაზიის ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია. მას შემდეგ, რაც 1697 წელს რუსმა მკვლევარებმა პირველად დადგეს ფეხი კამჩატკაზე, ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ვულკანის 600-ზე მეტი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

      1975 და 1976 წლებში ნაპრალებიდან ამოხეთქილმა ვულკანმა ტოლბაჩიკმა 2 500 მეტრზე მეტი სიმაღლის ცეცხლოვანი „ჩირაღდანი“ აანთო! მისმა შუქმა ფერფლის ღრუბლები გაანათა. თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში უწყვეტი ამოფრქვევების შედეგად ოთხი ვულკანური კონუსი წარმოიქმნა. ვულკანის რეგიონში ტბები და მდინარეები ლავის ქვეშ მოექცა და ცხელმა ფერფლმა მთელი ტყეები გაახმო. იქაურობა უდაბნოდ იქცა.

      საბედნიეროდ, ამოფრქვევათა უმეტესობა დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით ხდება და მათ ცოტა ადამიანი თუ ეწირება. და მაინც, სტუმრებს სიფრთხილე მართებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მიემართებიან „სიკვდილის ხეობისკენ“, რომელიც ვულკან კიხპინიჩის ძირში მდებარეობს. როდესაც აქ ნიავი არ იძვრის, განსაკუთრებით კი თოვლის დნობის პერიოდში, ჰაერი ვულკანიდან ამოსული მომწამლავი აირებით ჯერდება, რაც ხეობაში ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ერთხელ ამ ხეობაში ათი დათვისა და მრავალი პატარა ცხოველის ლეში ნახეს.

      უშველებელ კრატერში, რომელიც კალდერა უზონის სახელითაა ცნობილი, ალაგ-ალაგ ლაფი თუხთუხებს, ზოგან კი მრავალნაირი წყალმცენარით სავსე ტბებია, რომლებსაც ორთქლი ასდის.

  • კამჩატკა რუსეთის საუცხოო მხარე
    გამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
    • [ჩარჩო/სურათები 18 გვერდზე]

      შთამბეჭდავი კალდერა

      კალდერა უზონის დიამეტრი დაახლოებით 10 კილომეტრს შეადგენს. მის ციცაბო კედლებში მოქცეულია „ყოველივე ის, რითაც კამჩატკას სახელი აქვს განთქმული“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. კალდერაში ნახავთ როგორც ცივ, ისე ცხელ წყაროებს, მოთუხთუხე ლაფს, ვულკანურ ბორცვებს, კრისტალურად სუფთა ტბებს, სადაც თევზები და გედები დაცურავენ, და მრავალნაირ მცენარეებს.

      წიგნში „კამჩატკის საოცრებანი“ ნათქვამია, რომ „ძნელად თუ იპოვით დედამიწაზე სხვა ისეთ ადგილს“, სადაც შემოდგომა ასეთი ლამაზი და ამავე დროს ასეთი ხანმოკლეა. ალისფრად შეღებილი ტუნდრა კონტრასტს ქმნის მუქ ყვითელ და ოქროსფერ ფერებში შეფერილ არყის ხეებთან; აქა-იქ მიწიდან ამოსული ორთქლის თეთრი სვეტები ამაყადაა წამომართული ლურჯი ცის ფონზე. დილით ადრე ტყე „სიმღერას“ იწყებს, როდესაც ხეებზე შეყინული უთვალავი ფოთოლი წკარუნით ეცემა მიწას და ჩუმად აუწყებს ზამთრის მოახლოებას.

      [ჩარჩო 19 გვერდზე]

      მომაკვდინებელი ტბა

      ერთ-ერთმა ვულკანმა, რომელიც ჩამქრალი ეგონათ, 1996 წელს კარიმსკოეს ტბაში ამოხეთქა და 10-მეტრიანი ტალღა წარმოქმნა, რამაც ახლომდებარე ტყის მასივს გადაუარა. რამდენიმე წუთში წყალში მჟავების კონცენტრაციამ იმდენად მოიმატა, რომ ტბა სიცოცხლისთვის უვარგისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო ზოლს ამოტყორცნილმა ვულკანურმა მასამ ტალღასავით გადაუარა, როგორც მკვლევარი ენდრიუ ლოგანი ამბობს, ტბასთან ვერც ერთი მკვდარი ცხოველი ვერ იპოვეს. „ცნობილია, რომ ვულკანის ამოფრქვევამდე კარიმსკოეს ტბაში მილიონობით თევზი (ძირითადად ორაგული და კალმახი) ბინადრობდა, — ამბობს ლოგანი. — მაგრამ ამოფრქვევის შემდეგ ტბას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა“. თუმცა, როგორც ჩანს, თევზების გარკვეული რაოდენობა მაინც გადარჩა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წყალში მიმდინარე ქიმიურმა პროცესებმა თევზებს მოახლოებული საშიშროება აგრძნობინა, რის გამოც მათ ახლომდებარე კარიმსკოეს მდინარეს შეაფარეს თავი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება