ნუგეში ოთხწლიანი ომის დროს
ოთხწლიანი ომის დროს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იტანჯებოდა უამრავი გასაჭირითა და ყოველივე აუცილებლის საშინელი ნაკლებობით. მათ შორის იყო იეჰოვას ასობით მოწმე, რომლებიც აგრძელებდნენ ‘ყოველი ნუგეშის ღვთისადმი’ ერთგულ თაყვანისცემას (2 კორინთელთა 1:3).
სარაევოში, ამ დიდ ქალაქში, რომელიც ომის განმავლობაში ალყაშემორტყმული იყო, ადამიანები იტანჯებოდნენ ცხოვრების უფრო მეტი პრობლემებით. არ იყო ელექტროენერგია, წყალი, შეშა და საჭმელი. როგორ ფუნქციონირებდა სარაევოში იეჰოვას მოწმეთა კრება ასეთი საშინელი პირობების დროს? მეზობელი ქვეყნიდან თანაქრისტიანებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად მიჰქონდათ შვებისმომტანი დახმარება (იხილე 1994 წლის 1-ლი ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23–27). ძმები ერთმანეთს უნაწილებდნენ ყველაფერს, რაც ჰქონდათ, განსაკუთრებით კი, სულიერს. ალყის დროს იმ ქალაქის ქრისტიანმა ზედამხედველმა მოგვაწოდა შემდეგი ცნობა:
„ქრისტიანულ შეხვედრებს ძალიან ვაფასებთ. ჩემი ცოლი და მე 30 პიროვნებასთან ერთად შეხვედრაზე დასასწრებად 15 კილომეტრს გავდივართ. ზოგჯერ სწორედ იმ დროს, როდესაც გვაქვს შეხვედრები, აცხადებენ, რომ იქნება წყალი. რას აკეთებენ ძმები? რჩებიან სახლში თუ შეხვედრებს ესწრებიან? ძმების არჩევანი შეხვედრებზე დასწრებაა. ძმები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს; რაც აქვთ ერთმანეთს უნაწილებენ. ჩვენი კრების ერთი და ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს, ტყესთან ახლოს; ამიტომ მისთვის ცოტათი უფრო იოლია შეშის მოგროვება. ის აგრეთვე პურის საცხობში მუშაობს და გასამრჯელოდ ფქვილს აძლევენ. როცა შესაძლებლობა აქვს, აცხობს დიდ პურს და მოაქვს შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ კი ყველას ურიგებს თითო ნაჭერს.
მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ძმა და არც და თავს მიტოვებულად არასოდეს გრძნობდეს. არავინ იცის, თუ რომელ ჩვენგანს დასჭირდება მძიმე მდგომარეობაში დახმარება. როდესაც გზები მოყინული იყო და ერთი და ავად გახდა, ახალგაზრდა, ძლიერ ძმებს მარხილით მოჰყავდათ ქრისტიანულ შეხვედრებზე.
ყველა ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში და იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა. მან დაინახა ჩვენი შემზარავი მდგომარეობა ბოსნიაში, მაგრამ გვაკურთხა ზრდით — ზრდა ომამდე არ ჩანდა“.
მსგავსად, ყოფილ იუგოსლავიაში ბრძოლით გაპარტახებულ ტერიტორიებზე იეჰოვას მრავალი მოწმე, გაჭირვების მიუხედავად, ხარობდა ზრდით. იეჰოვას მოწმეთა ხორვატიის ოფისიდან მოვიდა ცნობა იეჰოვას მოწმეთა იზოლირებული ჯგუფის შესახებ: „ველიკო კლადუშაში მცხოვრები ძმები იმყოფებოდნენ უკიდურესად რთულ ვითარებაში. ქალაქზე რამდენჯერმე იყო საბრძოლო შეტევა. ძმებს მოუწიათ თავიანთი ნეიტრალურობის შესახებ აეხსნათ ხორვატებისთვის, სერბებისა და სხვადასხვა მუსულმანი ჯარისკაცებისთვის. ცხადია, რომ მათ ბევრის გადატანა მოუწიათ — დაპატიმრება, ცემა, შიმშილი, სიკვდილით დასჯის მუქარა. მაგრამ ყველა მათგანი ერთგული დარჩა და განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ, დაინახონ იეჰოვას კურთხევა თავიანთ საქმიანობაში“.
ასეთი გასაჭირის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ველიკო კლადუშაში და მეზობელ ბიხაჩში კვლავაც ხარობენ ზრდით, რადგან გულმოდგინედ უზიარებენ იეჰოვასგან მომდინარე ნუგეშის ცნობას თავიანთ მოყვასს. მოხსენიებულ ორ ტერიტორიაზე სამეფოს ყველა 26 მაუწყებელი 39 ოჯახში ატარებს ბიბლიის შესწავლას!