საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ომმა სახე იცვალა
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 იანვარი
    • ომმა სახე იცვალა

      ომისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი სისასტიკე. ის მუდამ გამანადგურებელი იყო ჯარისკაცებისთვის და მტანჯველი — მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ბოლო დროს ომმა სახე იცვალა. როგორ?

      დღეს უმეტესწილად სამოქალაქო ომები ხდება, რომლის დროსაც ქვეყნის შიგნით დაპირისპირებული მოქალაქეები ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყნებს შორის მიმდინარე ომებთან შედარებით, სამოქალაქო ომები ხშირად უფრო დიდხანს გრძელდება, მოსახლეობას მეტ ტრავმას აყენებს და ქვეყანასაც უფრო მეტად აქცევს. „ასეთ დროს დაუნდობელ, სისხლისმღვრელ საომარ ოპერაციებს მიმართავენ, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიკვდილი, გაუპატიურება, იძულებით გადაადგილება და, უკიდურეს შემთხვევაში, გენოციდი მოჰყვება ხოლმე“, — აღნიშნავს ესპანელი ისტორიკოსი ხულიან კასანოვა. როდესაც მხეცურად შენივე ქვეყნის მკვიდრი გეპყრობა, მიყენებული ჭრილობის მოშუშებას შეიძლება საუკუნე დასჭირდეს.

      ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ქვეყნებს შორის ომების რიცხვმა შედარებით იკლო. „1990—2000 წლებში ყველა დიდი შეიარაღებული შეტაკება, სამის გამოკლებით, ქვეყნის შიგნით მოხდა“, — აღნიშნავს სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (სმპკსი).

      ქვეყნის შიგნით მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტები ნაკლებად საშიში ჩანს და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებშიც, უმეტესწილად, ფართოდ არ შუქდება. მაგრამ ასეთ დაპირისპირებებს ისეთივე ტკივილი და ნგრევა მოჰყვება, როგორიც ქვეყნებს შორის ომებს. მილიონობით ადამიანია დაღუპული სამოქალაქო ომების შედეგად. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყნებში — ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში — დაახლოებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ბალკანეთში ეთნიკური შუღლი თითქმის 250 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, კოლუმბიაში კი პარტიზანულმა ბრძოლებმა 100 000 სიცოცხლე შეიწირა.

      სამოქალაქო ომების სისასტიკე განსაკუთრებით პატარებს აყენებს ზიანს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, უკანასკნელ ათწლეულში სამოქალაქო ომების დროს 2 მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა. სხვა 6 მილიონი დაიჭრა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ხდება ჯარისკაცი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „მათ ჯარისკაცად გამწვრთნეს და ხელში იარაღი დამაჭერინეს. ნარკოტიკებს ვიღებდი და მშვიდობიან მოქალაქეთა ხოცვასაც არ ვერიდებოდი. ძალიან ბევრი ადამიანი მომიკლავს. იყო ომი . . . და მე მხოლოდ ბრძანებებს ვასრულებდი. ვიცოდი, რომ ამგვარი მოქმედება ცუდი იყო, მაგრამ ამას საკუთარი სურვილით არ ვაკეთებდი“.

      მრავალმა ბავშვმა, რომლებიც ისეთ ქვეყნებში იზრდებიან, სადაც სამოქალაქო ომი ყოველდღიური ყოფის ნაწილია, არც კი იცის, რა არის მშვიდობა. ისინი ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სკოლები დანგრეულია და ხალხი ერთმანეთს იარაღის ენაზე ელაპარაკება. აი, რას ამბობს 14 წლის დიუნა: „ბევრი ადამიანი დაიხოცა . . . აღარ ისმის ჩიტების გალობა; მხოლოდ იმ ბავშვების ტირილს თუ გაიგონებ, რომლებმაც დედა ან მამა, ძმა ან და დაკარგეს“.

      რა არის მიზეზი?

      რა იწვევს სასტიკ სამოქალაქო ომებს? ძირითადი მიზეზებია: ეთნიკური და ტომობრივი სიძულვილი, რელიგიური შეუწყნარებლობა, უსამართლობა და პოლიტიკური არასტაბილურობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სიხარბე — რაც შეიძლება მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა. პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ხშირად სიხარბე ამოძრავებთ, სიძულვილს აღვივებენ; ეს კი ომების დაწყებას იწვევს. სმპკსი-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეთაგან მრავალს „პირადი გამორჩენა ამოძრავებს“. იმავე ცნობაში ნათქვამია: „სიხარბე მრავალი სახით შეიძლება გამოვლინდეს: სამხედრო და პოლიტიკური მეთაურების მიერ ბრილიანტების ვაჭრობით დაწყებული და შეიარაღებული მოზარდების მიერ სოფლის სახლების ძარცვით დამთავრებული“.

      მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ იარაღის შეძენა დღეს ძალიან ადვილად და იაფად არის შესაძლებელი. ცეცხლსასროლი იარაღით წელიწადში დაახლოებით 500 000 მკვლელობა ხდება, რომელთა მსხვერპლიც ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატს და წიწილას დაახლოებით ერთი ფასი აქვს. სამწუხაროდ, ზოგ ქვეყანაში არსებული ავტომატებისა და ამ შინაური ფრინველების რაოდენობაც თითქმის ერთი და იგივეა. ერთი გამოკვლევის თანახმად, მსოფლიოში დღესდღეობით 500 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 12 ადამიანზე 1 იარაღი მოდის.

      იქნება სამოქალაქო კონფლიქტები XXI საუკუნისთვისაც დამახასიათებელი? შეიძლება სამოქალაქო ომების შეჩერება? შეწყვეტენ ბოლოს და ბოლოს ადამიანები ერთმანეთის ხოცვას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

      [ჩარჩო 4 გვერდზე]

      სამოქალაქო ომების ტრაგიკული შედეგები

      სამოქალაქო ომების დროს უახლესი ტიპის იარაღებს არ იყენებენ, მაგრამ ეს ამგვარი კონფლიქტების სისასტიკეს სულაც არ ამცირებს. ამ დროს დაზარალებულთა 90 პროცენტი ჯარისკაცები კი არ არიან, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაა. „ცხადია, სულ უფრო და უფრო ხშირად ბავშვები ამგვარი კონფლიქტების სამიზნეები არიან და არა — შემთხვევით გასროლილი ტყვიის მსხვერპლნი“, — აღნიშნავს გაეროს ექსპერტი გრასა მაშელი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.

      გაუპატიურება საომარი ტაქტიკის ნაწილი გახდა. სოფლებში შეჭრისას ჯარისკაცები თითქმის ყველა გოგონას აუპატიურებენ. მიზანი კი ის არის, რომ პანიკა გაავრცელონ ან ოჯახურ ურთიერთობებს ძირი გამოუთხარონ.

      ჩვეულებრივ, ომებს თან სდევს შიმშილობა და ავადმყოფობა. სამოქალაქო ომების დროს არცთუ ისე ბევრს თესავენ და, შესაბამისად, მოსავალიც მწირია; სამედიცინო მომსახურება არ არის ან ძალიან იშვიათია და გაჭირვებულები ჰუმანიტარულ დახმარებასაც თითქმის ვერ იღებენ. აფრიკაში მიმდინარე ერთ-ერთი სამოქალაქო ომის შედეგების შეჯამებამ აჩვენა, რომ ომის დროს დაღუპულთა 20 პროცენტი ავადმყოფობის გამო მოკვდა, 78 პროცენტი კი — შიმშილის გამო. მხოლოდ 2 პროცენტი დაიღუპა უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს.

      დანაღმულ ადგილზე გავლის შედეგად, საშუალოდ, ყოველ 22 წუთში ვიღაცა კიდურს ან სიცოცხლეს კარგავს. გამოთვლების თანახმად, 60-ზე მეტ ქვეყანაში 60—70 მილიონი ადგილია დანაღმული.

      ხალხი იძულებული ხდება, დატოვოს მშობლიური სახლი. დღეს მსოფლიოში 50 მილიონი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ შორის ნახევარი ბავშვები არიან.

  • ომები აღარ იქნება
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 იანვარი
    • ომები აღარ იქნება

      „ჩვენ მხოლოდ 12 წლისანი ვართ. პოლიტიკასა და ომებზე არავითარი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, მაგრამ გვსურს, რომ ვიცოცხლოთ! ჩვენ ველით მშვიდობას! ნეტავ მოვესწრებით მას?“ (მეხუთეკლასელები).

      „გვინდა, რომ სკოლაში ვიაროთ; მეგობრებსა და ახლობლებს ვეწვიოთ სტუმრად და არ გვეშინოდეს, რომ გაგვიტაცებენ. იმედი მაქვს, მთავრობა მოგვისმენს. გვინდა, რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს. მშვიდობა გვინდა“. (ალჰაი, 14 წლის).

      ამ გულის ამაჩუყებელ სიტყვებში ჩანს იმედის სხივი, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო ომის საშინელებით დატანჯულ ახალგაზრდებს აქვთ. მათი ერთადერთი სურვილია, ნორმალურად იცხოვრონ. სამწუხაროდ, იმედის რეალობად ქცევა არცთუ ისე ადვილია. დადგება ოდესმე დრო, როდესაც მსოფლიოში ომი აღარ იქნება?

      უკანასკნელ წლებში საერთაშორისო დონეზე მიმართავენ ღონისძიებებს, რათა სამოქალაქო ომებში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარეებზე ზეგავლენა იქონიონ და სამშვიდობო ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერინონ. ზოგი ქვეყანა დადებული შეთანხმების შესასრულებლად სამშვიდობო ჯარებს აგზავნის კონფლიქტის ზონებში. თუმცა არც ისე ბევრ ქვეყანას აქვს საიმისო სახსრები ან სურვილი, რომ თავისი ჯარის ნაწილები ისეთ შორეულ ქვეყნებში გაგზავნოს, სადაც დაპირისპირებულებს ერთმანეთის სიძულვილი ღრმად აქვთ გამჯდარი და მათ შორის მიღწეული შეთანხმება, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან არამდგრადი იქნება. ხშირად სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ კვლავ იწყება ომი. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „რთულია მშვიდობის მიღწევა, როდესაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ბრძოლის გაგრძელების სურვილიც აქვთ და საშუალებაც“.

      მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული მრავალი მოუგვარებელი კონფლიქტი ქრისტიანებს ერთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ახსენებს. წიგნ „გამოცხადებაში“ ლაპარაკია პერიოდზე, როდესაც სიმბოლურ მხედარს ‘დედამიწიდან მშვიდობა მიაქვს’ (გამოცხადება 6:4). გაუთავებელი ომების შესახებ ეს აღწერილობა იმ ნიშნის ნაწილია, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგება და გვიჩვენებს, რომ ბიბლიაში ‘უკანასკნელ დღეებად’a მოხსენიებულ დროში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ღვთის სიტყვის თანახმად, უკანასკნელი დღეების შემდეგ მშვიდობიანი პერიოდი დადგება.

      ბიბლია ფსალმუნების 45:10-ში გვიხსნის, რომ ნამდვილი მშვიდობისთვის აუცილებელია არა მარტო დედამიწის ერთ რეგიონში შეწყდეს ომები, არამედ — მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იგივე ფსალმუნში ლაპარაკია ბიბლიური დროის იარაღების — შუბებისა და ეტლების — განადგურებაზე. ადამიანებმა მშვიდობიანად რომ იცხოვრონ, საჭიროა, დღეს არსებული უამრავი იარაღიც განადგურდეს.

      საბოლოოდ, ომის ქარცეცხლს ტყვიები და შაშხანები კი არ აჩაღებს, არამედ სიძულვილი და სიხარბე. სიხარბე ომების გამომწვევი ძირითადი მიზეზია, სიძულვილს კი ხშირად ადამიანები ბოროტმოქმედებამდე მიჰყავს. ასეთი ზიანის მომტანი გრძნობების აღმოსაფხვრელად საჭიროა აზროვნების შეცვლა. ხალხმა უნდა ისწავლოს მშვიდობიანად ცხოვრება. ძველი დროის წინასწარმეტყველი ესაია კარგად შენიშნავს, რომ ომები მხოლოდ მაშინ მოისპობა, როდესაც ადამიანები „აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2:4).

      დღეს ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც უფროსებსა თუ ბავშვებს მშვიდობის დაფასებას კი არ ასწავლიან, არამედ ომის განდიდებას. სამწუხაროდ, ბავშვებსაც ასწავლიან ადამიანების ხოცვას.

      მათ ადამიანების ხოცვა ასწავლეს

      14 წლის ასაკში ალჰაის ჯარი უკვე მოვლილი ჰქონდა. ის ათიოდე წლის იყო, როდესაც ამბოხებულმა ჯარისკაცებმა დაიჭირეს და „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატის გამოყენება ასწავლეს. შემდეგ კი ის საჭმლის საშოვნელად თავს ესხმოდა ხალხს და წვავდა მათ სახლებს. აგრეთვე, ხოცავდა და ასახიჩრებდა ადამიანებს. დღეს ალჰაის უჭირს ომის დავიწყება და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაბმა. აბრაჰამსაც, კიდევ ერთ ჯარისკაც ბავშვს, ასწავლეს ადამიანების ხოცვა და მასაც უჭირდა იარაღთან განშორება: „იარაღს თუ ჩამომართმევენ, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებ; რანაირად შევძლებ ლუკმაპურის შოვნას“.

      დღეს მსოფლიოში სამოქალაქო კონფლიქტებში 300 000-ზე მეტი ბავშვი — ბიჭი თუ გოგო — იბრძვის და ბევრი იხოცება. აი, რას ამბობს ერთი მებრძოლი რაზმის მეთაური: „ისინი [ჯარისკაცი ბიჭუნები] ემორჩილებიან ბრძანებებს; მათ არ აწუხებთ ცოლი თუ ოჯახი; არ იციან, რა არის შიში“. მაგრამ ამ ბავშვებს უნდათ უკეთესი ცხოვრება და ისინი იმსახურებენ კიდეც ამას.

      განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება რთულია წარმოსადგენად, რა საშინელ მდგომარეობაში არიან პატარა ჯარისკაცები. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მრავალი ბავშვი საკუთარ კომფორტულად მოწყობილ სახლში სწავლობს ომს. როგორ?

      ავიღოთ, მაგალითად, ხოსეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში მცხოვრები ერთი ახალგაზრდის, შემთხვევა. ის აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს სწავლობდა. მისთვის უძვირფასესი ნივთი იყო მამის მიერ შობის დღეს ნაჩუქარი სამურაის ხმალი. ბიჭს უყვარდა ვიდეოთამაშები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ძალადობით გამოირჩეოდა. 2000 წლის 1 აპრილს კი მან თავად შეასრულა თავისი საყვარელი ვიდეოთამაშის გმირის როლი. ძალადობის სულისკვეთებით ანთებულმა, მოკლა და, მამა და დედა სწორედ იმ ხმლით, რომელიც მამამ აჩუქა. „მინდოდა მთელ მსოფლიოში მხოლოდ მე მეცხოვრა და მშობლებს ჩემთვის თავი დაენებებინათ“, — უთხრა მან პოლიციას.

      მწერალმა და სამხედრო ოფიცერმა დეივ გროსმანმა ძალადობის ამსახველი გართობების გავლენის შესახებ თქვა: „იმდენად უგრძნობები ვხდებით, რომ ტკივილისა და ტანჯვის მიყენება ჩვენთვის გასართობი ხდება; ისინი ჩვენში ზიზღის ნაცვლად, სიამოვნებას იწვევს. ჩვენ ადამიანების ხოცვასა და ამგვარი ქმედებით სიამოვნების მიღებას ვსწავლობთ“.

      ალჰაიმ და ხოსემ ადამიანების ხოცვა ისწავლეს. არც ერთი მათგანის მიზანი არ ყოფილა, მკვლელი გამხდარიყო, მაგრამ გარკვეული მიმართულებით წვრთნამ მათი აზროვნება დაამახინჯა. ამგვარი წვრთნა მოზრდილებსა თუ ბავშვებში მოძალადეობრივ სულისკვეთებასა და ომისადმი სიყვარულს ნერგავს.

      ომის ნაცვლად მშვიდობის სწავლა

      დედამიწაზე ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდება, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის ხოცვას სწავლობენ. მრავალი საუკუნის წინათ წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „ყურად რომ გეღო ჩემი [ღვთის] მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვის შესახებ საფუძვლიან ცოდნას იძენს და ღვთის კანონების სიყვარულს სწავლობს, მას ძალადობისა და ომისადმი სიძულვილი უვითარდება. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ შვილები ისეთი თამაშებით არ ერთობიან, რომლებიც მოძალადეობრივი სულის განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებსაც შეუძლიათ, ისწავლონ სიძულვილისა და სიხარბის დაძლევა. იეჰოვას მოწმეებს მრავალი მაგალითი აქვთ იმისა, რომ ღვთის სიტყვას ადამიანის შეცვლის ძალა შესწევს (ებრაელთა 4:12).

      განვიხილოთ ჰორტენსიუს მაგალითი. ეს ახალგაზრდა ჯარში იძულებით წაიყვანეს. როგორც თავად ამბობს, წვრთნის მიზანი იყო ჯარისკაცებში ადამიანების ხოცვის სურვილის ჩანერგვა და ყოველგვარი შიშის ჩაკვლა. ჰორტენსიუ აფრიკაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში იბრძოდა. „ომმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, — აღიარებს ის. — ყველაფერი კარგად მახსოვს. თავს საშინლად ვგრძნობ, როდესაც თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ყოველივე, რაც იძულებით გამიკეთებია“.

      ერთხელ ჰორტენსიუს თანამებრძოლი გამოელაპარაკა ბიბლიის შესახებ. ნათქვამმა მის გულზე გავლენა მოახდინა. ჰორტენსიუს ძალიან მოეწონა ღვთის დანაპირები ყოველგვარი ომის შეწყვეტის შესახებ, რის შესახებაც ფსალმუნების 45:10-შია ლაპარაკი. რაც უფრო მეტს იგებდა ბიბლიიდან, მით უფრო უნელდებოდა ბრძოლის გაგრძელების სურვილი. ცოტა ხნის შემდეგ, ჰორტენსიუ და მისი ორი თანამებრძოლი ჯარიდან დაითხოვეს. მათ მალე იეჰოვა ღმერთს მიუძღვნეს თავი. „ბიბლიური ჭეშმარიტება დამეხმარა, მტრებისადმი სიყვარული განმევითარებინა, — ამბობს ჰორტენსიუ. — მივხვდი, რომ ომში მონაწილეობით, ფაქტობრივად, იეჰოვას წინაშე ვცოდავდი, რადგან ღმერთი გვეუბნება, არ მოვკლათ მოყვასი. დავინახე, რომ მოყვასისადმი ამგვარი სიყვარულის გამოსავლენად საჭირო იყო, აზროვნება შემეცვალა და ხალხი ჩემს მტრად არ მიმეჩნია“.

      ასეთი ცხოვრებისეული მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ბიბლიური განათლება ნამდვილად უწყობს ხელს მშვიდობას. ეს არც არის გასაკვირი. წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა, რომ ღვთისგან მომდინარე განათლება და მშვიდობა ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. მან იწინასწარმეტყველა: „შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა“ (ესაია 54:13). იგივე წინასწარმეტყველი ლაპარაკობს დროზე, როდესაც ყოველი ერის წარმომადგენელი გაემართებოდა იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობისკენ, რათა ღვთის გზები ესწავლათ. რა იქნებოდა ამის შედეგი? „გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს — ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2:2—4).

      ამ წინასწარმეტყველების შესაბამისად, იეჰოვას მოწმეები მონაწილეობენ მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობაში. ისინი უკვე მილიონებს დაეხმარნენ სიძულვილის, ომების ძირითადი მიზეზის, დაძლევაში.

      მსოფლიოში მშვიდობის დამამყარებელი

      საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, ღმერთმა იზრუნა მთავრობაზე, ანუ „სამეფოზე“, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. აღსანიშნავია, რომ ბიბლია ღვთის მიერ არჩეულ მმართველს, იესო ქრისტეს, „მშვიდობის მთავარს“ უწოდებს. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იმ დროს ‘გაიზრდება მშვიდობა დაუსრულებლად’ (ესაია 9:6, 7).

      რის საფუძველზე შეიძლება გვჯეროდეს, რომ ქრისტეს მმართველობა ყოველგვარ ომს მოუღებს ბოლოს? წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას“ (ესაია 9:7). ღმერთს სურს და შეუძლია კიდეც უბოლოო მშვიდობის დამყარება. იესოს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა ამ დანაპირების უტყუარობაში. ამიტომ ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლისა და იმის შესახებ, რომ ღვთის ნება დედამიწაზეც შესრულებულიყო (მათე 6:9, 10). ამ გულწრფელი თხოვნის საბოლოოდ შესრულების შემდეგ ომი ვერასოდეს დაარღვევს დედამიწაზე მშვიდობას.

      [სქოლიოები]

      a იმაში დასარწმუნებლად, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 11; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება