მათ „არაფერი ანაღვლებდათ“
გაფრთხილებებისადმი არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება ცუდად დამთავრდეს.
1974 წელს ავსტრალიის ქალაქი დარვინი სადღესასწაულო სამზადისში იყო, როცა ხელსაწყოებმა ქარიშხლის მოახლოება დააფიქსირეს. მანამდე, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დარვინში მსგავსი არაფერი მომხდარა. რაღა მაინცდამაინც ახლა უნდა მომხდარიყო? ქალაქელების უმეტესობა არასერიოზულად მოეკიდა გაფრთხილებას და ყურადღებას არ აქცევდა მას, სანამ საშინელი ქარი არ ამოვარდა. ქარიშხალი თვალის დახამხამებაში სახლებს სახურავებს ხდიდა და შენობის კედლებსაც კი ანგრევდა. შეშინებულმა ხალხმა აღარ იცოდა, სად გაქცეულიყო. მეორე დღეს ქალაქი საზარელი სანახავი იყო.
1985 წელს კოლუმბიაში ვულკანი ამოიფრქვა. დამდნარი თოვლისა და ყინულისგან წარმოქმნილმა ღვარცოფმა ცოცხლად დამარხა ქალაქ არმეროს 20 000-ზე მეტი მოსახლე. მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი? მთაზე უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა მცირე სიმძლავრის ბიძგები. მაგრამ ვულკანის ახლოს ცხოვრებას მიჩვეული უმეტესი ადამიანი ამას სერიოზულად არ ეკიდებოდა. ხელისუფლებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ ვულკანი მალე ამოიფრქვეოდა, მაგრამ მათ არაფერი იღონეს მოსახლეობის გასაფრთხილებლად. ხალხის დასამშვიდებლად რადიოთი განცხადებებიც კი კეთდებოდა. ეკლესიებიდან რუპორებით მოუწოდებდნენ მოსახლეობას, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ერთ საღამოსაც ორი „შთამბეჭდავი“ ამოფრქვევა მოხდა. თქვენ რომ იქ ყოფილიყავით, დატოვებდით სახლ-კარს და გაეცლებოდით იქაურობას? თითქმის არავინ გააკეთა ეს, ვიდრე ვულკანმა არ ამოხეთქა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ხშირად სეისმოლოგები საკმაო სიზუსტით ადგენენ, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. მაგრამ ისინი თითქმის ვერასოდეს ამბობენ, ზუსტად როდის მოხდება ეს. 1999 წელს მთელ მსოფლიოში მიწისძვრების შედეგად დაახლოებით 20 000 ადამიანი დაიღუპა. მათგან მრავალი არასოდეს ფიქრობდა, რომ მათ ეს დაემართებოდათ.
როგორ ეკიდებით გაფრთხილებებს, რომლებსაც პირადად ღმერთი გვაძლევს?
ბიბლიაში შთამბეჭდავად არის აღწერილი მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეების დადგომაზე მეტყველებს. ეს წინასწარმეტყველება დიდი ხნის წინათ წარმოითქვა. ბოლო დღეების აღწერისას ბიბლია შეგვახსენებს „ნოეს დროს“. „წარღვნის წინა პერიოდში“ ხალხი დაკავებული იყო ყოველდღიური საქმეებით, თუმცა, უეჭველია, მათაც აშფოთებდა იმ დროს ძალადობის გავრცელება. ნოეს მეშვეობით გადაცემული ღვთის გაფრთხილება კი მათ სულაც არ „ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:37—39). გაითვალისწინებდით თქვენ ამ გაფრთხილებას? ითვალისწინებთ ახლა?
როგორ მოიქცეოდით, ქალაქ სოდომში, მკვდარი ზღვის მახლობლად რომ გეცხოვრათ იმ დროს, როცა იქ აბრაამის ძმისშვილი, ლოტი, ცხოვრობდა? ქალაქის გარშემო ბუნება სამოთხეს ჰგავდა. ქალაქი კი მდიდარი და განვითარებული იყო. ხალხს უდარდელი ცხოვრება ჰქონდა. ლოტის იქ ცხოვრების დროს ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ“. ამავე დროს, საზოგადოება უსაზღვროდ უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ყურად იღებდით ლოტის გაფრთხილებას ცუდ საქმეებში მონაწილეობის შესახებ? მოუსმენდით მას, როცა იტყოდა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა სოდომის განადგურება? თუ თქვენც ხუმრობად ჩათვლიდით ამას, როგორც ეს მის სასიძოებს მოეჩვენათ? ლოტის ცოლის მსგავსად, ქალაქიდან გაქცევის შემდეგ უკან ხომ არ გაიხედავდით? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასერიოზულად მოეკიდა გაფრთხილებას, იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, „ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო“ (ლუკა 17:28, 29).
დღესაც უმრავლესობას არაფერი ანაღვლებს. მაგრამ გახსოვდეთ: ეს შემთხვევები ბიბლიაში ჩვენს გასაფრთხილებლად ჩაიწერა, რათა ვიფხიზლოთ!
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
ნამდვილად მოხდა მსოფლიო წარღვნა?
ბევრი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ არა. ბიბლია კი ამბობს, რომ მოხდა.
თვით იესო ქრისტე ლაპარაკობდა მასზე, როგორც ფაქტზე. ის კი ამ მოვლენის თვითმხილველი იყო, რადგან იმ დროს ზეცაში იმყოფებოდა.
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
ნამდვილად განადგურდა სოდომი და გომორა?
არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს ამას.
მსოფლიო ისტორია იხსენიებს ამ მოვლენას.
იესო ქრისტემაც დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად მოხდა და ამ მოვლენის შესახებ ბიბლიის 14 წიგნშია ლაპარაკი.