საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიჰყვებით იეჰოვას, რომელიც სიყვარულით გვხელმძღვანელობს?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • მიჰყვებით იეჰოვას, რომელიც სიყვარულით გვხელმძღვანელობს?

      „მძულს ყოველი ცრუ გზა“ (ფსალმ. 119:128).

      1, 2. ა) რა გაფრთხილებას დააფასებდით დანიშნულების ადგილას მისასვლელად ვინმესთვის დახმარება რომ გეთხოვათ, და რატომ? ბ) რა გაფრთხილებებს აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს და რატომ?

      წარმოიდგინეთ, რომ სადღაც გამგზავრებას აპირებთ. დახმარებისთვის, ალბათ, მიმართავდით სანდო მეგობარს, რომელმაც გზა იცის. ის ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით და შეიძლება ასეთი რამეც გითხრათ: „იმ მოსახვევში ფრთხილად იყავი. იქ არასწორი საგზაო ნიშანი დგას. ბევრი მიჰყვა ამ საგზაო ნიშანს და დაიკარგა“. დააფასებდით მეგობრის მზრუნველობას და ყურად იღებდით მის გაფრთხილებას? გარკვეული თვალსაზრისით, იეჰოვა ასეთ მეგობარს ჰგავს. ის დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის იმის თაობაზე, თუ როგორ მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს — მარადიულ სიცოცხლეს — მაგრამ ამასთანავე გვაფრთხილებს იმ არაერთ საფრთხეზეც, რომლებმაც შეიძლება არასწორი გზით წაგვიყვანოს (კან. 5:32; ეს. 30:21).

      2 ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ საფრთხეს, რომელთა შესახებაც ჩვენი მეგობარი, იეჰოვა ღმერთი, გვაფრთხილებს. ყოველთვის გვახსოვდეს — იეჰოვა ასეთ გაფრთხილებებს იმიტომ გვაძლევს, რომ ზრუნავს ჩვენზე და ვუყვარვართ. მას უნდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. ღმერთს გულს სტკენს, როდესაც ადამიანები ცუდი გავლენის ქვეშ ექცევიან და სწორი გზიდან უხვევენ (ეზეკ. 33:11). ამ სტატიაში განვიხილავთ სამ საფრთხეს. პირველი საფრთხე სხვა ადამიანებისგან მომდინარეობს, მეორე კი — თავად ჩვენშია. რაც შეეხება მესამეს, ის არარეალურია, მაგრამ ძალიან საშიშია. საჭიროა, ვიცოდეთ, თუ რა სამ საფრთხეზეა საუბარი და როგორ გვასწავლის ჩვენი ზეციერი მამა, თავი ავარიდოთ მათ. ერთმა ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით იეჰოვას უთხრა: „მძულს ყოველი ცრუ გზა“ (ფსალმ. 119:128). თქვენც გძულთ ყოველი ცრუ გზა? განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ამ გრძნობის გაძლიერება და შესაბამისად მოქმედება.

      არ აჰყვეთ „უმრავლესობას“

      3. ა) რატომ შეიძლება იყოს საშიში, გავყვეთ სხვა მგზავრებს, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომელი გზით უნდა წავიდეთ? ბ) რა მნიშვნელოვანი პრინციპია ჩადებული გამოსვლის 23:2-ში?

      3 ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებამდე რას იზამ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომელი გზით წახვიდე? ამ შემთხვევაში ადვილია, ცდუნდე და სხვა მგზავრებს გაჰყვე, მით უმეტეს, თუ უმეტესობა ამ გზით მიდის. ასეთი არჩევანი სარისკოა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი შეიძლება სულ სხვაგან მიდიან ან შეიძლება ისინიც დაიკარგონ. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ პრინციპი, რომელიც ძველი ისრაელისთვის მიცემულ ერთ კანონს უდევს საფუძვლად. ეს კანონი მოსამართლეებსა და მოწმეებს აფრთხილებდა, რომ საშიშია უმრავლესობის აყოლა (წაიკითხეთ გამოსვლის 23:2). რასაკვირველია, არასრულყოფილი ადამიანი შეიძლება ძალიან ადვილად მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ და სამართალი გაამრუდოს. მაგრამ ეხება პრინციპი, არ აჰყვე უმრავლესობას მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს? სრულებითაც არა.

      4, 5. როგორ აღმოჩნდნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ზეწოლის ქვეშ, აჰყოლოდნენ უმრავლესობას, მაგრამ რა დაეხმარა მათ, გაეძლოთ ამ ზეწოლისთვის?

      4 სინამდვილეში, თითქმის ნებისმიერ დროს შეიძლება სავსებით მოულოდნელად შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ძალიან რთულია, არ აჰყვე უმრავლესობას. მაგალითად, დაფიქრდით, რამხელა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ ერთხელ ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე. ისინი იმ 12 მამაკაცს შორის იყვნენ, რომლებიც აღთქმული მიწის დასაზვერად წავიდნენ. უკან დაბრუნებულმა ათმა მზვერავმა ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ამბავი მოიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყნის მკვიდრები გოლიათები, მოჯანყე ანგელოზებისა და მათი ცოლების შთამომავლები, ნეფილიმები იყვნენ (დაბ. 6:4). ეს კი აბსურდი იყო. ეს ბოროტი არსებები მრავალი საუკუნის წინ წარღვნის დროს განადგურდნენ ისე, რომ მათ შთამომავალი არ დარჩენიათ. მაგრამ ყველაზე უსაფუძვლო აზრმაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მათზე, ვისაც სუსტი რწმენა აქვს. ათი მზვერავის მიერ მოტანილი უარყოფითი ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ხალხში შიში და მღელვარება გამოიწვია. სულ მალე ისრაელების უმრავლესობამ არასწორად ჩათვალა იეჰოვას მითითების მიყოლა და აღთქმულ მიწაზე შესვლა. როგორ მოიქცნენ ასეთ რთულ სიტუაციაში იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე? (რიცხ. 13:25—33).

      5 ისინი არ აჰყვნენ უმრავლესობას. ამ ორმა მამაკაცმა სიმართლე თქვა. ისინი ბოლომდე მტკიცენი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მათი მოსმენა არ სურდა და ჩაქოლვითაც კი ემუქრებოდნენ. საიდან ჰქონდათ მათ ასეთი გაბედულება? უეჭველია, ეს მნიშვნელოვანწილად მათი რწმენით იყო განპირობებული. თუ ადამიანს რწმენა აქვს, ის აშკარად ხედავს განსხვავებას ადამიანთა უსაფუძვლო განაცხადსა და იეჰოვა ღმერთის წმინდა დაპირებებს შორის. მოგვიანებით, ორივე მამაკაცმა გამოხატა, რას ფიქრობდნენ იეჰოვას ნებისმიერი დანაპირების შესრულებაზე (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 14:6, 8; 23:2, 14 ). იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ღვთის ერთგულები დარჩნენ. მათ არც კი უფიქრიათ, აჰყოლოდნენ ამ ორგულ ხალხს და ღმერთი გაენაწყენებინათ. მათ სიმტკიცე შეინარჩუნეს, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (რიცხ. 14:1—10).

      6. როდის შეიძლება განვიცადოთ ზეწოლა, ავყვეთ უმრავლესობას?

      6 ოდესმე განგიცდიათ ზეწოლა, აჰყოლოდით უმრავლესობას? დღეს მცხოვრებთა უმეტესობა იეჰოვასგან გაუცხოებულია და მის ზნეობრივ ნორმებს არაფრად აგდებს. უმრავლესობას გართობისა და დასვენების მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს. ისინი თვლიან, რომ უზნეობა, ძალადობა და სპირიტიზმი, რომლებითაც გაჯერებულია სატელევიზიო გადაცემები, ფილმები თუ ვიდეოთამაშები, სავსებით უვნებელია (2 ტიმ. 3:1—5). როდესაც თქვენ და თქვენი ოჯახი ირჩევთ, თუ როგორ გაერთოთ ან დაისვენოთ, აძლევთ უფლებას სხვების წაბილწულ სინდისს, იმოქმედოს თქვენს გადაწყვეტილებებსა და სინდისზე? განა ეს უმრავლესობის აყოლა არ იქნებოდა?

      7, 8. ა) როგორ შეგვიძლია გავიწაფოთ „აღქმის უნარი“ და რატომ არის ეს უფრო სასარგებლო, ვიდრე დადგენილი მკაცრი წესების დაცვა? ბ) რატომ არის თქვენთვის სასიამოვნო მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდის მაგალითის დანახვა?

      7 იეჰოვამ გვიბოძა ძვირფასი ძღვენი, „აღქმის უნარი“, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას გვეხმარება. მაგრამ ამ უნარს გამოყენება და ამგვარად გაწაფვა სჭირდება (ებრ. 5:14). უმრავლესობის აყოლით აღქმის უნარს ვერ გავიწაფავთ; ვერც ყველაფერზე მკაცრი წესების დადგენა დაგვეხმარება სინდისის ფორმირებაში. ამიტომაც არის, რომ იეჰოვას მსახურებს არა აქვთ, მაგალითად, ფილმების, წიგნებისა თუ ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა ერიდონ. ეს ქვეყნიერება ისე სწრაფად იცვლება, რომ ასეთი ჩამონათვალი შედგენისთანავე უკვე მოძველებული იქნებოდა (1 კორ. 7:31). უფრო მეტიც, წესების დადგენა ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ გულმოდგინედ აწონ-დაწონოს ბიბლიური პრინციპები, ილოცოს და შემდეგ ამ პრინციპების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები (ეფეს. 5:10).

      8 რა თქმა უნდა, ბიბლიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს თუ მივიღებთ, ზოგჯერ შეიძლება სხვებმა აგვითვალისწუნონ. სკოლაში ქრისტიანი ახალგაზრდები შეიძლება თანატოლების ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, ვინაიდან მათთვის განსხვავებული თვალსაზრისი და საქციელი მიუღებელია (1 პეტ. 4:4). სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა თუ ხანში შესული ქრისტიანები ჰბაძავენ იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს, და არ ჰყვებიან უმრავლესობას.

      არ აჰყვეთ „თქვენს გულსა და თვალს“

      9. ა) მგზავრობისას, რატომ არის საშიში მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და იმპულსების აყოლა? ბ) რატომ იყო მნიშვნელოვანი რიცხვების 15:37—39-ში ჩაწერილი ძველი ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის დაცვა?

      9 მეორე საფრთხე, რომელსაც განვიხილავთ, თავად ჩვენშია. წარმოიდგინეთ ასეთი მაგალითი: თქვენ გეზი გარკვეული მიმართულებით აიღეთ, მაგრამ რუკა გვერდზე გადადეთ, მხოლოდ საკუთარ იმპულსებს მიჰყვებით და, შესაძლოა, საითაც ლამაზ ხედს დაინახავთ, იქით უხვევთ. ცხადია, ასე მოქმედებით მიზანს ვერ მიაღწევთ. ახლა ძველი ისრაელისთვის მიცემული სხვა კანონი განვიხილოთ. დღეს ბევრს არ ესმის კანონი ტანსაცმლის ფოჩებსა და ლურჯ თასმებზე (წაიკითხეთ რიცხვების 15:37—39 ). მაგრამ თქვენ რამდენად გესმით ამის მნიშვნელობა? ამ და მსგავსი კანონებისადმი მორჩილება ღვთის ხალხს ირგვლივ მცხოვრები წარმართი ერებისგან გამოარჩევდა. ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მიეღოთ და შეენარჩუნებინათ იეჰოვას მოწონება (ლევ. 18:24, 25). ეს კანონი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს მეორე საფრთხეზე, რომელმაც შეიძლება მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზიდან გადაგვიყვანოს. როგორ?

      10. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას?

      10 ყურადღება მიაქციეთ, იეჰოვას სიტყვებს. ის თავის ხალხს ეუბნება, თუ რატომ მისცა ეს კანონი: „არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გარყვნილებისკენ გეწევიან“. იეჰოვამ ძალიან კარგად იცის ადამიანის ბუნება. მან იცის, რომ თვალით აღქმულს ადვილად შეუძლია აცდუნოს გული, ანუ ადამიანის შინაგანი პიროვნება. ამიტომ ბიბლია გვაფრთხილებს: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9). ხედავთ, როგორი მართებული იყო იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული გაფრთხილება? მან იცოდა, რომ ისინი წარმართებს დაუწყებდნენ ყურებას და ნანახით ცდუნდებოდნენ. შეიძლება მათ გასჩენოდათ იმის სურვილი, რომ იმ ურწმუნო ხალხივით ჩაეცვათ, ეფიქრათ, ემსჯელათ და ემოქმედათ (იგავ. 13:20).

      11. როგორ შეიძლება გვაცდუნოს ჩვენმა ფიზიკურმა შეგრძნებებმა?

      11 ჩვენს დღეებში ბევრად უფრო ადვილია, ჩვენმა ფიზიკურმა შეგრძნებებმა ვერაგი გული აცდუნოს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენში ხორციელი სურვილები აღძრას. მაშ, როგორ შეგვიძლია რიცხვების 15:39-ში ჩადებული პრინციპის გამოყენება? ჰკითხეთ საკუთარ თავს: იმოქმედებდა ჩემზე, თუ სკოლაში, სამსახურში ან საზოგადოებაში, სადაც მე ვტრიალებ, ხალხი უფრო და უფრო გამომწვევად ჩაიცვამდა? ავყვებოდი „გულსა და თვალს“ და ვცდუნდებოდი ნანახით? შევიცვლიდი ზნეობრივ ნორმებს და ჩავიცვამდი მათსავით? (რომ. 12:1, 2).

      12, 13. ა) რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი თვალი მიდრეკილია, იყუროს იქით, საითაც არ უნდა იყურებოდეს? ბ) რამ უნდა აღგვძრას, რომ არ გავხდეთ სხვებისთვის ცდუნება?

      12 საჭიროა დაუყოვნებლივ განვივითაროთ თავშეკავება. თუ ჩვენი თვალი მიდრეკილია, იყუროს იქით, საითაც არ უნდა იყურებოდეს, გავიხსენოთ ერთგული იობის მაგალითი. მან საკუთარ თვალს აღთქმა დაუდო, ანუ მტკიცედ გადაწყვიტა, გულისთქმით არ შეეხედა საკუთარი ცოლის გარდა სხვა ქალისთვის (იობ. 31:1). მსგავსი რამ ჰქონდა გადაწყვეტილი მეფე დავითსაც: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმ. 101:3). უვარგისია ყველაფერი, რაც სინდისს გვიბილწავს და იეჰოვასთან ურთიერთობას გვიფუჭებს. ამაში შედის ნებისმიერი ცდუნება, რომელიც იზიდავს ჩვენს თვალს და გულში ცუდის გაკეთების სურვილს გვიღვივებს.

      13 მეორე მხრივ, ჩვენ ნამდვილად არ გვსურს გავხდეთ უვარგისები და სხვებს იმისკენ ვუბიძგოთ, რომ ცუდზე იფიქრონ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ რჩევას, ჩავიცვათ მოხდენილად და მოკრძალებულად (1 ტიმ. 2:9). მოკრძალებული არ არის ის, რასაც ჩვენ შეიძლება ვარქმევდეთ მოკრძალებულს. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ჩვენ ირგვლივ მყოფთა სინდისი და საკუთარ არჩევანზე წინ მათი სიმშვიდე და კეთილდღეობა დავაყენოთ (რომ. 15:1, 2). ქრისტიანულ კრებებში ათასობით ახალგაზრდა ამ მხრივ ბრწყინვალე მაგალითს იძლევა. გვეამაყება, რომ ისინი არ ჰყვებიან „გულსა და თვალს“, და ყველაფრით, რასაც აკეთებენ, მათ შორის ჩაცმულობითაც, იეჰოვას გულს უხარებენ!

      არ აჰყვეთ „არარაობას“

      14. რა გაფრთხილება მისცა სამუელმა ისრაელებს არარაობის აყოლასთან დაკავშირებით?

      14 წარმოიდგინეთ, რომ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად დიდი უდაბნო უნდა გადაკვეთოთ. რა მოხდებოდა, თუ მირაჟის გამო კურსს შეიცვლიდით? ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ. იეჰოვამ კარგად იცის ამ საფრთხის შესახებ. განვიხილოთ ერთი მაგალითი. ისრაელებმა მოისურვეს მეზობელი ერების მსგავსად მეფედ ადამიანი ჰყოლოდათ. ეს სურვილი სერიოზული ცოდვა იყო, რადგან ამით მათ იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე. იეჰოვამ ნება დართო ისრაელებს, რომ მეფე ჰყოლოდათ, მაგრამ წინასწარმეტყველ სამუელის მეშვეობით გააფრთხილა, თუ რა მოჰყვებოდა არარაობის აყოლას (წაიკითხეთ 1 სამუელის 12:21 ).

      15. როგორ აჰყვნენ ისრაელები არარაობას?

      15 ფიქრობდნენ ისრაელები, რომ თუ მეფედ ადამიანი ეყოლებოდათ, ის იეჰოვაზე უფრო რეალური და საიმედო იქნებოდა? თუ ეს ასეა, ისინი მართლაც არარეალურს მიჰყვებოდნენ. აგრეთვე ისინი სატანის სხვა მრავალი ილუზიის აყოლის საფრთხის წინაშე დადგნენ. მეფეებს ადვილად შეეძლოთ ისინი კერპების თაყვანისცემაში აეყოლიებინათ. კერპთაყვანისმცემლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ ხილული საგნები — ხისგან და ქვისგან გამოთლილი ღმერთები — უფრო რეალური და საიმედოა, ვიდრე ყოველივეს შემოქმედი, უხილავი ღმერთი იეჰოვა. მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „კერპი არაფერია“ (1 კორ. 8:4). კერპები ვერ ხედავენ, არაფერი ესმით, ვერ ლაპარაკობენ და ვერაფერს აკეთებენ. ადამიანისთვის შესაძლებელია მათი დანახვა და შეხება, მაგრამ მათი თაყვანისცემა არარაობის, ილუზიის აყოლა იქნებოდა, რაც მხოლოდ ზიანის მომტანია (ფსალმ. 115:4—8).

      16. ა) როგორ აცდუნებს სატანა დღეს მრავალს, რომ აჰყვნენ არარაობას? ბ) რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ მატერიალური სიმდიდრე არარაობაა, განსაკუთრებით თუ მას იეჰოვასთან შევადარებთ?

      16 სატანა დღესაც ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ აჰყვნენ არარაობას. მაგალითად, მან უამრავი ადამიანი დაარწმუნა, რომ მათი უსაფრთხოება მატერიალურ სიმდიდრეზეა დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს ფული, ქონება და მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია. მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებისას, ეკონომიკური კრიზისისა და სტიქიური უბედურებების დროს, რას არგებთ მათ ქონება?! ან რას არგებს ადამიანს ქონება, თუ გრძნობს შინაგან სიცარიელეს, გრძნობს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს, არ იცის ვის მიმართოს ხელმძღვანელობისთვის და უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხები არ აქვს?! რას არგებს ადამიანს ქონება, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს?! თუ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მატერიალურით ვცდილობთ, იმედი აუცილებლად გაგვიცრუვდება. მატერიალური სიმდიდრე ვერაფერს გვარგებს; ის არარაობაა. საბოლოო ჯამში, მას ფიზიკური უსაფრთხოების შენარჩუნებაც კი არ შეუძლია, რადგან მისი საშუალებით ადამიანი სიცოცხლეს დიდად ვერ გაიხანგრძლივებს და ვერც ავადმყოფობასა და სიკვდილს აირიდებს თავიდან (იგავ. 23:4, 5). რამდენად უფრო რეალურია ჩვენი ღმერთი, იეჰოვა! ნამდვილი უსაფრთხოების პოვნა მხოლოდ მასთან ახლო ურთიერთობით შეგვიძლია. ეს მართლაც დიდებული კურთხევაა! მოდი, არასოდეს მივატოვოთ იეჰოვა და არ ავყვეთ არარაობას!

      17. რა გაქვთ გადაწყვეტილი ამ სტატიაში განხილულ სამ საფრთხესთან დაკავშირებით?

      17 ჩვენ მართლაც კურთხეულნი ვართ, რომ მეგობრად იეჰოვა გვყავს, რომელიც ცხოვრების გზაზე ხელმძღვანელობას გვიწევს. თუ კვლავაც გავითვალისწინებთ ღვთის მიერ სიყვარულით მოცემულ გაფრთხილებას სამი საფრთხის — უმრავლესობის, საკუთარი გულისა და არარაობის აყოლის — შესახებ, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე, მარადიულ სიცოცხლემდე. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ კიდევ სამ გაფრთხილებას. ამ გაფრთხილებების საშუალებით იეჰოვა გვეხმარება შევიძულოთ და მოვერიდოთ ცრუ გზებს, რომლებმაც მრავალი წაიყვანა არასწორი მიმართულებით (ფსალმ. 119:128).

  • ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?

      „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).

      1, 2. რას ცდილობს სატანა, მაგრამ როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა?

      საგზაო ნიშანმა, რომელიც მგზავრს არასწორ მიმართულებას აძლევს, შეიძლება ადამიანი არა მარტო შეცდომაში შეიყვანოს, არამედ საფრთხეშიც ჩააგდოს. დავუშვათ, მეგობარმა გაგაფრთხილათ, რომ ერთმა ბოროტმა კაცმა განზრახ შეცვალა საგზაო ნიშანი, რათა წინდაუხედავ მგზავრებს ზიანი მიაყენოს. ნუთუ უგულებელყოფდით ამ გაფრთხილებას?

      2 ეჭვგარეშეა, სატანაა ის ბოროტი მტერი, რომელიც ცდილობს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს (გამოცხ. 12:9). წინა სტატიაში განხილული სამივე საფრთხე მისგან მომდინარეობს. სატანის მიზანი მარადიული სიცოცხლის გზიდან ჩვენი ჩამოშორებაა (მათ. 7:13, 14). საბედნიეროდ, ჩვენი მზრუნველი ღმერთი გვაფრთხილებს, არ მივყვეთ სატანის დამაბნეველ „საგზაო ნიშნებს“. ახლა განვიხილოთ სატანისგან მომდინარე კიდევ სამი საფრთხე და ის, თუ როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა, არ წავიდეთ არასწორი გზით. ამ დროს წარმოვიდგინოთ, თითქოს იეჰოვა უკან მოგვყვება, სწორ მიმართულებას გვიჩვენებს და გვეუბნება: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21). იეჰოვას ნათელი მითითებების გაანალიზება გაგვიძლიერებს სურვილს, ყურად ვიღოთ ისინი.

      არ გაჰყვეთ „ცრუმასწავლებლებს“

      3, 4. ა) რით ჰგვანან ცრუმასწავლებლები დამშრალ ჭებს? ბ) საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები და რა უნდათ მათ?

      3 წარმოიდგინეთ, რომ მგზავრობთ. ირგვლივ ყველაფერი გადახრუკულია. სადღაც შორს ჭა შენიშნეთ, და იმ იმედით, რომ წყურვილს მოიკლავთ, მისკენ გაემართეთ. მაგრამ, რომ მიხვედით, ჭა დამშრალი დაგხვდათ. როგორი გაწბილებული დარჩებოდით! ცრუმასწავლებლები ასეთ დამშრალ ჭებს ჰგვანან. ყველა, ვინც მათთან ჭეშმარიტების წყურვილის მოსაკლავად მიდის, გაწბილებული რჩება. იეჰოვა ცრუმასწავლებლების შესახებ პავლე და პეტრე მოციქულების მეშვეობით გვაფრთხილებს (წაიკითხეთ საქმეების 20:29, 30; 2 პეტრეს 2:1—3 ). ვინ არიან ეს მასწავლებლები? ამ ორი მოციქულის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები გვეხმარება, განვსაზღვროთ, საიდან მოდიან და როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები.

      4 პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ“. პეტრემ კი თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“. აქედან გამომდინარე, საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები? ისინი ერთ დროს კრების წევრები იყვნენ და შემდეგ განდგომილები გახდნენ.a რა უნდათ მათ? მათ არ აკმაყოფილებთ მხოლოდ წასვლა ორგანიზაციიდან, რომელიც, შესაძლოა, ერთ დროს უყვარდათ. როგორც პავლე გვიხსნის, მათი მიზანია, „თან გაიყოლონ მოწაფეები“. საყურადღებოა, რომ ბერძნულ ორიგინალში სიტყვა „მოწაფეებთან“ გამოყენებულია განსაზღვრული არტიკლი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ განდგომილები კრების გარეთ კი არ ეძებენ მოწაფეებს, არამედ ქრისტეს მოწაფეების გადაბირებას ცდილობენ. „მტაცებელი მგლების“ მსგავსად, ცრუმასწავლებლები ცდილობენ, „ჩაყლაპონ“ კრების მიმნდობი წევრები, ანუ დაუნგრიონ რწმენა და ჭეშმარიტებას ჩამოაცილონ (მათ. 7:15; 2 ტიმ. 2:18).

      5. რა მეთოდებს მიმართავენ ცრუმასწავლებლები?

      5 როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები? მათი მეთოდები მზაკვრულია. განდგომილები გამხრწნელ იდეებს „შემოაპარებენ“. როგორც საბუთების დახელოვნებული ფალსიფიკატორები ცდილობენ დოკუმენტებში ფაქტების ოსტატურად გაყალბებას, ისე განდგომილები „ყალბ სიტყვებს“, ანუ ცრუ არგუმენტებს, იყენებენ, რათა თავიანთი შეხედულებები სხვებს ჭეშმარიტად მოაჩვენონ. განდგომილები „მაცდუნებელ სწავლებებს“ ავრცელებენ და „წმინდა წერილებს . . . ამახინჯებენ“, რათა საკუთარ იდეებს მოარგონ ისინი (2 პეტ. 2:1, 3, 13; 3:16). ცხადია, მათ ჩვენდამი საუკეთესო სურვილები არ ამოძრავებთ. ცრუმასწავლებლების მიყოლა მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან ჩამოგვაშორებდა.

      6. ცრუმასწავლებლებთან დაკავშირებით, რა არაორაზროვან გაფრთხილებას გვაძლევს იეჰოვა?

      6 როგორ დავიცვათ თავი მათგან? ბიბლია არაორაზროვან პასუხს სცემს ამ კითხვას (წაიკითხეთ რომაელების 16:17; 2 იოანეს 9—11 ). „ერიდეთ მათ“, — ამბობს ღვთის სიტყვა. სხვა თარგმანებში ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც „ზურგი აქციეთ მათ“ და „იყავით მათგან შორს“. ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ ფრაზაში ყველაფერი ნათელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა გირჩიათ, მოერიდოთ ადამიანს, რომელიც გადამდები, სასიკვდილო დაავადებით არის ავად. ალბათ, მიხვდებოდით, რას გულისხმობს ექიმი, და ზედმიწევნით დაიცავდით მის მითითებას. განდგომილები „სენით არიან შეპყრობილი“ და ცდილობენ, თავიანთი ცრუ სწავლებებით სხვებიც დააინფიცირონ (1 ტიმ. 6:3, 4). იეჰოვა, დიდებული ექიმი, გვეუბნება, რომ ვერიდოთ მათ. ჩვენ ვიცით, რას გულისხმობს ის, მაგრამ ვიცავთ ზედმიწევნით მის მითითებებს?

      7, 8. ა) რას ნიშნავს, ერიდეთ ცრუმასწავლებლებს? ბ) რატომ უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი, მოვერიდოთ ცრუმასწავლებლებს?

      7 რას ნიშნავს, ერიდეთ ცრუმასწავლებლებს? ჩვენ მათ არც ვესალმებით და არც სახლში ვეპატიჟებით. აგრეთვე არ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, არ ვუყურებთ ტელეგადაცემებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, არ ვსტუმრობთ მათ ვებ-გვერდებს და არ ვტოვებთ ჩვენს კომენტარებს მათ ბლოგებზე. რატომ ვართ ასე კატეგორიულები? სიყვარულის გამო. ჩვენ გვიყვარს „ჭეშმარიტების ღმერთი“, ამიტომ არ გვაინტერესებს დამახინჯებული სწავლებები, რომლებიც ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება (ფსალმ. 31:5; იოან. 17:17). აგრეთვე, გვიყვარს იეჰოვას ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც გავიგეთ ჭეშმარიტება იეჰოვას სახელსა და მის მნიშვნელობაზე, დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე, მკვდრების მდგომარეობასა და აღდგომის იმედზე. გახსოვთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად გაიგეთ ეს და სხვა ბიბლიური სწავლებები? მაშინ, რატომ უნდა მისცეთ თქვენი მოწამვლის საშუალება მათ, ვინც ცილს სწამებს ორგანიზაციას, რომლისგანაც ეს ყველაფერი ისწავლეთ? (იოან. 6:66—69).

      8 რაც არ უნდა გვითხრან ცრუმასწავლებლებმა, ჩვენ მათ არ მივყვებით. რად გვინდა, მივიდეთ დამშრალ ჭებთან და მოტყუებული და გაწბილებული დავრჩეთ?! ნაცვლად ამისა, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, ერთგულება შევინარჩუნოთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც დიდი ხანია ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვიდან ჭეშმარიტების სუფთა და გამომაცოცხლებელი წყლით გვიკლავს წყურვილს (ეს. 55:1—3; მათ. 24:45—47).

      ნუ აჰყვებით „ზღაპრებს“

      9, 10. ზღაპრებთან დაკავშირებით, რა გაფრთხილება მისცა პავლემ ტიმოთეს და რა ჰქონდა მოციქულს მხედველობაში? (იხილეთ სქოლიო)

      9 ზოგჯერ ადვილია იმის დანახვა, რომ საგზაო ნიშანი განზრახ შეცვალეს, რათა ადამიანი არასწორი მიმართულებით წაიყვანონ. მაგრამ ზოგჯერ, ამის დანახვა საკმაოდ რთულია. იმავეს თქმა შეიძლება სატანისგან მომდინარე საფრთხეებზეც, ზოგი ადვილად შესამჩნევია, ზოგი კი — არა. მოციქული პავლე გვაფრთხილებს სატანის ერთ-ერთ მზაკვრულ მეთოდზე — „ზღაპრებზე“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:3, 4 ). სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან რომ არ გადავუხვიოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რა ზღაპრებზეა აქ საუბარი და როგორ არ ავყვეთ მათ.

      10 ზღაპრების შესახებ პავლე გვაფრთხილებს ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში. ტიმოთე იყო ქრისტიანი ზედამხედველი, რომელსაც კრების სიწმინდის დაცვა ჰქონდა დავალებული; ის, აგრეთვე, თანაქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა (1 ტიმ. 1:18, 19). პავლემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც მონაგონს, მითსა და სიცრუესაც შეიძლება ნიშნავდეს. ერთი ბიბლიური ენციკლოპედიის თანახმად, ეს სიტყვა მიუთითებს „(რელიგიური ხასიათის) მონათხრობზე, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო“ (The International Standard Bible Encyclopaedia). შესაძლოა, პავლეს მხედველობაში ჰქონდა რელიგიური ხასიათის სენსაციური ამბები ან უცნაური ლეგენდები.b ასეთი ამბები მხოლოდ „გამოსაკვლევ კითხვებს“, ანუ ისეთ კითხვებს, წამოჭრის, რომელთა გამოკვლევაც არაფრის მომცემია. ზღაპრები უდიდესი ფალსიფიკატორის, სატანის იარაღია, რომელსაც ის რელიგიური სიცრუის და მითების გასავრცელებლად იყენებს, რათა მიმნდობი ადამიანები სწორი გზიდან გადაიყვანოს. პავლეს გაფრთხილება ნათელია, ზღაპრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ!

      11. ხალხის შეცდომაში შესაყვანად, როგორ იყენებს სატანა ცრუ რელიგიას და რომელი მითითების გათვალისწინება დაგვეხმარება, არ შევცდეთ?

      11 რა არის ზოგი ზღაპარი, რომლებსაც წინდაუხედავების სწორი გზიდან გადაყვანა შეუძლია? ფაქტობრივად, სიტყვა „ზღაპრები“ მიუთითებს ნებისმიერ რელიგიურ სიცრუეზე ან მითზე, რომლებსაც ჩვენი ჭეშმარიტებიდან გადაყვანა შეუძლია (2 ტიმ. 4:3, 4). სატანა, რომელიც თავს სხვების წინაშე „სინათლის ანგელოზად“ აჩენს, ხალხის შეცდომაში შესაყვანად დახელოვნებულად იყენებს ცრუ რელიგიას (2 კორ. 11:14). ქრისტიანობის სახელს ამოფარებული ქრისტიანული სამყარო ასწავლის სამებაზე, ჯოჯოხეთსა და სულის უკვდავებაზე, რაც სინამდვილეში მითი და სიცრუეა. ქრისტიანული სამყარო აგრეთვე ხელს უწყობს ისეთი დღესასწაულების პოპულარიზაციას, როგორიცაა შობა და აღდგომა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი დღესასწაულები სინამდვილეში სათავეს მითებიდან და წარმართული ჩვეულებებიდან იღებს. ზღაპრები შეცდომაში ვერ შეგვიყვანს, თუ გავითვალისწინებთ ღვთის მითითებას, მოვერიდოთ და არ მივეკაროთ უწმინდურს (2 კორ. 6:14—17).

      12, 13. ა) რა სიცრუეს ავრცელებს სატანა და რა არის სიმართლე? ბ) როგორ შეგვიძლია არ ავყვეთ სატანის ზღაპრებს?

      12 სატანა სხვა სიცრუესაც მიმართავს, რათა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეცდომაში შეგვიყვანოს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ყველაფერი დასაშვებია — სწორიც და არასწორიც; მთავარია, შენ როგორ უყურებ ამას. ამ იდეით გაჟღენთილია მასმედია და გართობის ინდუსტრია. ღვთის ნორმებზე ასეთმა დამახინჯებულმა შეხედულებამ შეიძლება ქრისტიანებზეც იმოქმედოს და აფიქრებინოს, რომ არ ღირს არანაირი ზნეობრივი ნორმების დაცვა. სინამდვილეში, ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ზნეობრივ საკითხებში ხელმძღვანელობა, და ამ ხელმძღვანელობის გაწევა მხოლოდ ღმერთს შეუძლია (იერ. 10:23). ღმერთი არ ჩაერევა დედამიწის საქმეებში. თუ ჩვენზე გავლენას მოახდენს ეს აზრი და მხოლოდ დღევანდელი დღით ვიცხოვრებთ, შეიძლება „უმოქმედო ან უნაყოფო“ გავხდეთ (2 პეტ. 1:8). სინამდვილეში იეჰოვას დღე სწრაფად გვიახლოვდება და მისი მოლოდინი უნდა გვქონდეს (მათ. 24:44). ღმერთი არ ზრუნავს თქვენზე, როგორც ცალკეულ ადამიანზე. თუ სატანის ამ ტყუილს დავიჯერებთ, ფარ-ხმალს დავყრით და ვიფიქრებთ, რომ ღვთის სიყვარულის ღირსი ვერასოდეს გავხდებით. სინამდვილეში, იეჰოვას უყვარს თავისი თაყვანისმცემლები და აფასებს თითოეულ მათგანს (მათ. 10:29—31).

      13 ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან სატანის ქვეყნიერების აზროვნება, ერთი შეხედვით, შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სატანა დახელოვნებული მატყუარაა. მხოლოდ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების დახმარებით შევძლებთ არ ავყვეთ სატანის მიერ „ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს“, [„ბრძნულ იგავებს“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი] (2 პეტ. 1:16).

      არ „გაჰყვეთ სატანას“

      14. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ახალგაზრდა ქვრივებს და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ ეს გაფრთხილება?

      14 წარმოიდგინეთ საგზაო ნიშანი წარწერით „სატანის გზა“. რომელი ჩვენგანი გაჰყვებოდა ამ საგზაო ნიშანს? მაგრამ პავლე გვაფრთხილებს, რომ არსებობს რამდენიმე გზა, რომლებსაც მიძღვნილი ქრისტიანი შეიძლება მიჰყვეს და, ამგვარად, „გადაუხვიოს სწორი გზიდან და სატანას გაჰყვეს“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:11—15 ). მართალია, პავლე რამდენიმე „ახალგაზრდა ქვრივს“ მიმართავს, მაგრამ ამ სიტყვებში ჩაწერილი პრინციპები თითოეულ ჩვენგანს ეხება. პირველ საუკუნეში მცხოვრები ეს ქრისტიანი ქალები სულაც არ ფიქრობდნენ, რომ სატანას მიჰყვებოდნენ, მაგრამ მათი საქციელი სწორედ ამაზე მეტყველებდა. როგორ მოვიქცეთ, რომ უნებლიეთ სატანას არ გავყვეთ? განვიხილოთ, პავლეს გაფრთხილება ჭორაობასთან დაკავშირებით.

      15. რა არის სატანის მიზანი და, პავლეს სიტყვების თანახმად, რას იყენებს სატანა?

      15 სატანის მიზანია, ჩაახშოს ჩვენში რწმენა, რომ სასიხარული ცნობის ქადაგება შევწყვიტოთ (გამოცხ. 12:17). ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობს, ისეთ საქმეებში ჩაგვაბას, რომლებიც დროს წაგვართმევს ან ჩვენ შორის დაყოფას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ, პავლეს სიტყვების თანახმად, რას იყენებს სატანა. „უსაქმურობა და წანწალი“. ჩვენს ტექნოლოგიურ ეპოქაში ადვილია ჩვენი და სხვების დროის უქმად დახარჯვა. მაგალითად, ამაში შედის ელექტრონული ფოსტით სხვებისთვის უმნიშვნელო და, შესაძლოა, არასწორი ინფორმაციის გადაგზავნა. „ჭორიკნობა“. ჭორიკნობა ცილისწამებაში გადადის ხოლმე, რასაც ხშირად უთანხმოება მოჰყვება (იგავ. 26:20). შეგნებულად თუ გაუთვითცნობიერებლად, ცილისმწამებელი სატანა ეშმაკს ჰბაძავს.c „სხვის საქმეში ჩარევა“. ჩვენი საქმე არ არის, სხვებს ვუკარნახოთ, თუ როგორ მოაგვარონ პირადი საქმეები. ასეთმა უსარგებლო და ზიანის მომტანმა საქციელმა შეიძლება ყურადღება ღვთის მიერ დავალებული საქმიანობიდან, სამეფოს შესახებ ქადაგებიდან, სხვა რამეზე გადაგვატანინოს. თუ იეჰოვას საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას შევწყვეტთ, სატანის გაყოლას დავიწყებთ. შუალედური პოზიცია არ არსებობს (მათ. 12:30).

      16. რა რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, „არ გავყვეთ სატანას“?

      16 ბიბლიური რჩევის გამოყენება დაგვეხმარება, არ გადავუხვიოთ სწორი გზიდან და „არ გავყვეთ სატანას“. განვიხილოთ პავლეს გონივრული რჩევები. „ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). თუ სამეფოს საქმეებით ვიქნებით დაკავებული, ეს უსაქმურობისა და დროის ფუჭად ხარჯვისგან დაგვიცავს (მათ. 6:33). „თქვენი პირიდან . . . მხოლოდ კარგი გამოვიდეს“ (ეფეს. 4:29). მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არ მოვუსმინოთ ჭორებს და არ გავავრცელოთ ისინი.d განვივითაროთ თანამორწმუნეებისადმი ნდობა და პატივისცემა. მაშინ ჩვენი საუბარი აღმშენებლური იქნება და არა დამანგრეველი. „მიზნად დაისახეთ . . . მიხედოთ თქვენს საქმეს“ (1 თეს. 4:11). დავინტერესდეთ სხვებით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს პატივისცემის გამოვლენა და პირად საქმეებში ნუ ჩავერევით. ასეთი სახით არ შევლახავთ მათ ღირსებას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საკითხებში, რომლებიც თანაქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენი აზრი არ მოვახვიოთ თავს (გალ. 6:5).

      17. ა) რატომ გვაფრთხილებს იეჰოვა იმის შესახებ, თუ რას არ უნდა გავყვეთ? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მითითებულ გზასთან დაკავშირებით?

      17 მართლაც, მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც არაორაზროვნად გვეუბნება, თუ რას არ უნდა გავყვეთ! ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და სწორედ ამიტომ მოგვცა გაფრთხილებები, რომლებიც ამ და წინა სტატიაშია მოცემული. ღმერთს უნდა დაგვიცვას უბედურებისა და ტკივილისაგან, რომლებსაც ვერ ავცდებით, თუ სატანის მიერ დაყენებულ „საგზაო ნიშნებს“ მივყვებით. გზა, რომელსაც იეჰოვა გვითითებს, მართალია ვიწროა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მივყავართ (მათ. 7:14). ამიტომ ყოველთვის მივყვეთ იეჰოვას მითითებას: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).

      [სქოლიოები]

      a განდგომილება ნიშნავს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ზურგის შექცევას, ჩამოცილებას, ღალატს, მიტოვებას, მის წინააღმდეგ წასვლას.

      b მაგალითად, აპოკრიფულ წიგნში „ტობითი“, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. მე-3 საუკუნეში დაიწერა და პავლეს დღეებშიც არსებობდა, ჩაწერილია უამრავი ცრუმორწმუნეობრივი შეხედულება. მასში მაგიის შესახებ აბსურდული ამბები და ჯადოქრობა ჭეშმარიტებად არის წარმოდგენილი (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 1, გვერდი 122 [ინგლ.]).

      c „ეშმაკად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დიაბოლოს“ ნიშნავს „ცილისმწამებელს“. ეს სიტყვა სატანის, უდიდესი ცილისმწამებლის, კიდევ ერთ ტიტულად გამოიყენება (იოან. 8:44; გამოცხ. 12:9, 10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება