-
იეჰოვას „მბრწყინავი თვალები“ ყველას ამოწმებსსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
-
-
იეჰოვას „მბრწყინავი თვალები“ ყველას ამოწმებს
„[იეჰოვას] მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს“ (ფსალმ. 11:4).
1. როგორი ადამიანები გიზიდავს?
რას გრძნობ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენი მდგომარეობით გულწრფელად არის დაინტერესებული? როცა რამეს ეკითხები, გულახდილად გეუბნება თავის აზრს; როცა გიჭირს, გვერდიდან არ გშორდება, ხოლო როცა რჩევა გჭირდება, სიყვარულით გაძლევს (ფსალმ. 141:5; გალ. 6:1). არ გიზიდავს ასეთი ადამიანი? სწორედ ასეთ მზრუნველობას იჩენენ ჩვენ მიმართ იეჰოვა და იესო. შენი მდგომარეობა მათ ნებისმიერ ადამიანზე მეტად აღელვებთ და სრულიად უანგაროდ ზრუნავენ შენზე. მათ იმ მიზნით სურთ შენი დახმარება, რომ „მტკიცედ ჩაეჭიდო ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:19; გამოცხ. 3:19).
2. რამდენად არის იეჰოვა დაინტერესებული თავისი მსახურებით?
2 ჩვენდამი იეჰოვას გულწრფელი ინტერესი ფსალმუნმომღერალმა დავითმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „[იეჰოვას] თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს“ (ფსალმ. 11:4). ღმერთი არა მხოლოდ გვიყურებს ზეციდან, არამედ გვამოწმებს კიდეც. დავითი აგრეთვე წერდა: „შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით . . . დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს“ (ფსალმ. 17:3). როგორც ვხედავთ, დავითმა იცოდა, რომ მისით იეჰოვა გულწრფელად იყო დაინტერესებული. თუმცა მას ისიც ესმოდა, რომ თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებოდა და გულს არ გაუფრთხილდებოდა, იეჰოვას ტკივილს მიაყენებდა და მასთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. დავითისთვის იეჰოვა რეალური პიროვნება იყო. შენთვისაც რეალური პიროვნებაა იეჰოვა?
იეჰოვა გულს ხედავს
3. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყურადღებას არ აქცევს ჩვენს უმნიშვნელო შეცდომებს?
3 იეჰოვა უმთავრესად იმით არის დაინტერესებული, თუ შინაგანად როგორი ადამიანები ვართ ანუ როგორი გული გვაქვს (ფსალმ. 19:14; 26:2). იგი ყურადღებას არ აქცევს ჩვენს უმნიშვნელო შეცდომებს. მაგალითად, როცა აბრაამის ცოლმა, სარამ ხორცშესხმულ ანგელოზს სიმართლე არ უთხრა, ანგელოზს მისთვის მკაცრად არ უსაყვედურია, რადგან დაინახა, რომ სარა შეშინდა, და თანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა (დაბ. 18:12—15). მიუხედავად იმისა, რომ იობმა „საკუთარი სული ღმერთზე მართლად“ ჩათვალა, იეჰოვამ მაინც აკურთხა იგი, ვინაიდან ხედავდა, რომ იობი სატანის ხელში საშინლად იტანჯებოდა (იობ. 32:2; 42:12). იეჰოვას არც სარეფთელი ქვრივის სიტყვებისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელიც მან წინასწარმეტყველ ელიას უთხრა, რადგან ხედავდა ერთადერთი შვილის სიკვდილით გამწარებული დედის მდგომარეობას (1 მეფ. 17:8—24).
4, 5. როგორ გამოავლინა იეჰოვამ დიდსულოვნება აბიმელექის მიმართ?
4 ვინაიდან იეჰოვა ყველას გულს ხედავს, მათ მდგომარეობასაც ითვალისწინებს, ვინც მისი მსახური არ არის. გავიხსენოთ, როგორ მოექცა იგი ფილისტიმის ერთ-ერთი ქალაქის, გერარის მეფეს, აბიმელექს. აბიმელექმა არ იცოდა, რომ აბრაამი და სარა ცოლ-ქმარი იყვნენ, და სარას ცოლად შერთვა დააპირა. მეფე ჯერ არ გაჰკარებოდა სარას, როდესაც იეჰოვამ სიზმარში უთხრა: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. მე გაკავებდი ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან; ამიტომ არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი. ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი, და ის ილოცებს შენთვის. ასე იცოცხლებ“ (დაბ. 20:1—7).
5 იეჰოვას შეეძლო დაესაჯა ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელი აბიმელექი. მაგრამ მან დაინახა, რომ აბიმელექს გულში ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. იეჰოვამ გაითვალისწინა ეს გარემოება. მან დაარიგა კიდეც აბიმელექი, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ პატიება მიეღო და ეცოცხლა. განა არ ღირს, რომ ასეთ ღმერთს ემსახურო?!
6. რაში ჰბაძავდა იესო თავის ზეციერ მამას?
6 ზეციერი მამის მსგავსად, იესოც აქცევდა ყურადღებას თავისი მოწაფეების ღირსებებს და მაშინვე პატიობდა შეცდომებს (მარ. 10:35—45; 14:66—72; ლუკ. 22:31, 32; იოან. 15:15). სწორედ ამიტომ თქვა იესომ ის სიტყვები, რომელიც იოანეს 3:17-შია ჩაწერილი: „ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება“ (იოან. 3:17). იეჰოვას და იესოს ძლიერ ვუყვარვართ და ეს სიყვარული დროებითი არ არის. მათ სურთ, მარადიულად ვიცხოვროთ (იობ. 14:15). სწორედ ასეთი სიყვარულით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ გვამოწმებს იეჰოვა, რატომ ხედავს ჩვენში კარგს და რატომ ცდილობს ჩვენს გამოსწორებას (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:8, 19).
ღმერთი სიყვარულით გვამოწმებს
7. რატომ გვამოწმებს იეჰოვა?
7 იეჰოვა არ არის პოლიციელი, რომელიც ზეციდან იმიტომ გვაკვირდება, რომ ფაქტზე დაგვიჭიროს. სატანას კი ერთი სული აქვს, რაღაცაში გამოგვიჭიროს (გამოცხ. 12:10). იგი უმიზეზოდაც კი გვადანაშაულებს (იობ. 1:9—11; 2:4, 5). ღვთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია (ეკლ. 7:20). იეჰოვა დაგვყურებს, როგორც გულმოწყალე, მზრუნველი მშობელი, რომ თავისი საყვარელი შვილები მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას. იგი ხშირად მიგვითითებს ისეთ სისუსტეებზე, რომლებიც შეიძლება მახედ გვექცეს (ფსალმ. 103:10—14; მათ. 26:41).
8. რისი მეშვეობით აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს შეგონებებსა და მითითებებს?
8 ღვთის სიყვარულზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ბიბლიისა თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული სულიერი საზრდოს მეშვეობით საჭირო მითითებებსა და შეგონებებს გვაძლევს (მათ. 24:45; ებრ. 12:5, 6). იეჰოვა მხარში გვიდგას როგორც ქრისტიანული კრების, ისე იმ ძმების საშუალებით, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). უფრო მეტიც, იეჰოვა იმ მიზნით გვაკვირდება, რომ დაინახოს, რამდენად ვითვალისწინებთ მის მითითებებს, და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმაროს კიდეც. ფსალმუნის 32:8-ში ვკითხულობთ: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვუსმენდეთ იეჰოვას! მის წინაშე თავი უნდა დავიმდაბლოთ, რადგან იგი, როგორც მზრუნველი მამა, სიყვარულით გვმოძღვრავს და გვმფარველობს (წაიკითხეთ მათეს 18:4).
9. რა არ უნდა დავუშვათ და რატომ?
9 ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიამაყემ, რწმენის ნაკლებობამ თუ „ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ“ არ გაგვაჯიუტოს (ებრ. 3:13; იაკ. 4:6). ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ადამიანი გონებას მავნე აზრებითა და სურვილებით კვებავს. საქმე შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ ასეთმა ადამიანმა უგულებელყოს ბიბლიიდან მიცემული რჩევა. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამან შეიძლება იგი ღვთის მტრად აქციოს და დაღუპვამდე მიიყვანოს (იგავ. 1:22—31). გავიხსენოთ ადამისა და ევას პირველი შვილის, კაენის ისტორია.
იეჰოვა ყველას ხედავს და შესაბამის ზომებსაც იღებს
10. რატომ არ მიიღო იეჰოვამ კაენის მსხვერპლი, და რა რეაქცია ჰქონდა კაენს?
10 როდესაც კაენმა და აბელმა იეჰოვას შესაწირავი მიუტანეს, მას აინტერესებდა არა მარტო ის, თუ რას შესწირავდნენ, არამედ ისიც, თუ რა მოტივით შესწირავდნენ. ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, რადგან მან რწმენით გაიღო ეს მსხვერპლი, კაენისა კი არ მიიღო მისივე რწმენის ნაკლებობის გამო (დაბ. 4:4, 5; ებრ. 11:4). იმის მაგივრად, რომ კაენს თავისი ნაკლი დაენახა და გამოესწორებინა, საკუთარ ძმაზე რისხვით აენთო (დაბ. 4:6).
11. საიდან გამოვლინდა, რომ კაენს ვერაგი გული ჰქონდა, და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
11 იეჰოვა ხედავდა, რომ კაენს გულში ბოროტება ჰქონდა. ამიტომ რბილად უთხრა, რომ თუ ‘კარგს გააკეთებდა, მიიღებდა მას’. თავისდა საუბედუროდ, კაენმა უგულებელყო შემოქმედის რჩევა და თავისი ძმა სიცოცხლეს გამოასალმა. კაენს რომ ბოროტი გული ჰქონდა, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ღმერთს უპატივცემულოდ უპასუხა. იეჰოვამ ჰკითხა: „სად არის შენი ძმა აბელი?“ კაენმა მკვახედ მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“ (დაბ. 4:7—9). როგორც ვხედავთ, გული შესაძლოა იმდენად ვერაგი გახდეს, რომ ადამიანმა უშუალოდ ღვთისგანაც რომ მიიღოს რჩევა, შეიძლება ისიც კი უგულებელყოს (იერ. 17:9). კაენის შემთხვევიდან ვსწავლობთ იმას, რომ აუცილებელია, უმალვე მოვიცილოთ მავნე აზრები და სურვილები (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15). და თუკი ბიბლიიდან რჩევას მოგვცემენ, მადლიერები ვიყოთ და ამაში იეჰოვას სიყვარული დავინახოთ.
ცოდვა არ დაიმალება
12. რის მიხედვით გამოაქვს იეჰოვას განაჩენი?
12 შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ თუ დანაშაულზე ვერავინ წაასწრებს, დასჯას გადაურჩება (ფსალმ. 19:12). სინამდვილეში დაფარული ცოდვა არ არსებობს. „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრ. 4:13). იეჰოვა ისეთი მოსამართლეა, რომელიც იკვლევს გულის ზრახვებს, და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სრულიად სამართლიანი განაჩენი გამოაქვს. ის „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“. თუმცა მოუნანიებელს, ვინც ‘შეგნებულად სცოდავს’ ან მზაკვრული ზრახვები აქვს, „დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამ. 34:6, 7; ებრ. 10:26). ეს იქიდანაც გამოჩნდა, თუ როგორ მოექცა იეჰოვა აქანს, ანანიასა და საფირას.
13. სადამდე მიიყვანა სიხარბემ აქანი?
13 აქანმა არაფრად ჩააგდო ღვთის მითითება და იერიხონის განადგურების შემდეგ ნაძარცვიდან აიღო ის, რაც მოეწონა, და თავის კარავში გადამალა. როგორც ჩანს, ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმაც იცოდნენ. როდესაც აქანის დანაშაული გამოაშკარავდა, მან აღიარა თავისი ცოდვის სიმძიმე: „შევცოდე იეჰოვას“ (იესო. 7:20). კაენის მსგავსად, არც აქანი გაუფრთხილდა გულს. მას სიხარბემ სძლია და ამიტომაც მოიქცა მზაკვრულად. მან მიითვისა ის, რაც არ ეკუთვნოდა, რადგან ნადავლი, რომელიც ისრაელებმა ხელთ იგდეს იერიხონის აღების შემდეგ, იეჰოვას საკუთრება იყო. აქანსა და მის ოჯახს ეს ძალიან ძვირად დაუჯდათ (იესო. 7:25).
14, 15. რატომ დაიტეხეს ანანიამ და საფირამ ღვთის რისხვა, და რას ვსწავლობთ აქედან?
14 ანანია და მისი მეუღლე, საფირა, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტიანებმა ნებაყოფლობით დაიწყეს ფულის შეგროვება იმ ახალმოქცეულთა დასახმარებლად, რომლებიც შორიდან იყვნენ იერუსალიმში ჩასულები და იქ დროებით რჩებოდნენ. ანანიამ მინდორი გაყიდა და თავის მეუღლესთან შეთანხმებით საფასურის მხოლოდ ნაწილი გაიღო, თუმცა თავი ისე დაიჭირა, თითქოს მთელი თანხა შესწირა. ანანიამ და საფირამ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კრების წინაშე თავი წარმოეჩინათ, მაგრამ ეს იყო მზაკვრული საქციელი. ამის შესახებ იეჰოვამ სასწაულებრივად გაუმჟღავნა მოციქულ პეტრეს. მოციქულმა ამხილა ანანია, რის შემდეგაც ანანია ძირს დაეცა და სული განუტევა. მალე საფირასაც იგივე ბედი ეწია (საქ. 5:1—11).
15 ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ანანიასა და საფირას წამიერმა სისუსტემ სძლია. მათ განზრახ იცრუეს და მოციქულების შეცდომაში შეყვანა სცადეს. გაცილებით მძიმე დანაშაული კი ის იყო, რომ ანანია და საფირა ‘წმინდა სულისა და ღვთის მოტყუებას’ შეეცადნენ. იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ იგი კრებას ნებისმიერ დროს დაიცავს თვალთმაქცებისგან. მართლაც „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრ. 10:31).
ყველაფერში ერთგული იყავი
16. ა) რით ცდილობს სატანა ჩვენი გულის გარყვნას? ბ) იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა მეთოდებს მიმართავს სატანა ხალხის გასარყვნელად?
16 სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარყვნას ჩვენი გული და იეჰოვას კეთილგანწყობა დაგვაკარგვინოს (გამოცხ. 12:12, 17). ეშმაკის ბოროტ ზრახვებს არაჩვეულებრივად ირეკლავს ქვეყნიერება, სადაც გარყვნილებასა თუ ძალადობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. დღეს პორნოგრაფიის ყურება, მაგალითად კომპიუტერის საშუალებით, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ნურასდროს წამოეგები სატანის ანკესს. იქონიე ისეთივე განწყობა, როგორიც ფსალმუნმომღერალ დავითს ჰქონდა: „გონივრულად მოვიქცევი უბიწობის გზაზე . . . უმწიკვლო გულით ვივლი ჩემს სახლში“ (ფსალმ. 101:2).
17. ა) რატომ ააშკარავებს იეჰოვა დაფარულ ცოდვებს? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?
17 მძიმე ცოდვები თუ მზაკვრული საქციელი იეჰოვას სასწაულებრივად აღარ გამოაქვს სააშკარაოზე, თუმცა ყველას ხედავს და დაფარულს თავის დროზე აუცილებლად გამოააშკარავებს, თანაც ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. პავლემ აღნიშნა: „ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია და პირდაპირ გასამართლებისკენ მიჰყავს ისინი. სხვების ცოდვები კი მოგვიანებით გახდება ცხადი“ (1 ტიმ. 5:24). იეჰოვა ცოდვებს იმიტომ ააშკარავებს, რომ ვუყვარვართ; მას უყვარს კრება და სურს, რომ კრების სიწმინდე არ შეიბღალოს. თუმცა იეჰოვა გულმოწყალედ ეპყრობა მათ, ვინც ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა, მაგრამ გულწრფელად ინანიებს (იგავ. 28:13). ამიტომ გავუფრთხილდეთ გულს და მოვერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გული გაგვირყვნას.
ემსახურე ღმერთს მთელი გულით
18. რისი სურვილი ჰქონდა დავითს?
18 დავითმა თავისი ვაჟი სოლომონი ასე დაარიგა: „იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“ (1 მატ. 28:9). დავითს უნდოდა, რომ სოლომონს მხოლოდ კი არ ერწმუნა ღმერთი, არამედ ბოლომდე შეეგრძნო, რა ძლიერ უყვარს იეჰოვას თავისი მსახურები და მადლიერი ყოფილიყო ამისთვის. შენც გრძნობ იეჰოვას სიყვარულს და ხარ ამისთვის მადლიერი?
19, 20. ფსალმუნის 19:7—11-ის თანახმად, რა დაეხმარა დავითს, რომ დაახლოებოდა იეჰოვას, და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას?
19 იეჰოვამ იცის, რომ როდესაც გულწრფელი ადამიანი გაიცნობს მას და დაინახავს მის თვისებებს, უეჭველად დაუახლოვდება. ამიტომ მას უნდა, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ და უკეთ დავინახოთ მისი შესანიშნავი თვისებები. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ შევისწავლით მის სიტყვას და ისე ვიცხოვრებთ, რომ მისგან კურთხევები მივიღოთ (იგავ. 10:22; იოან. 14:9).
20 მადლიერებით კითხულობ ღვთის სიტყვას ყოველდღიურად და ლოცულობ იმისთვის, რომ გამოიყენო იქ ჩაწერილი რჩევები? თუ ხედავ, რამდენად სასარგებლოა ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება? (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7—11). თუ ასეა, ღვთის მიმართ რწმენა და სიყვარული თანდათანობით გაგიღრმავდება. თავის მხრივ, იეჰოვაც დაგიახლოვდება და, ასე ვთქვათ, ხელი-ხელჩაკიდებულნი ივლით (ეს. 42:6; იაკ. 4:8). თუ გაჰყვები სიცოცხლის ვიწრო გზას, გაკურთხებს იეჰოვა და სულიერად დაგიცავს, რითაც დაგიმტკიცებს, რომ უყვარხარ (ფსალმ. 91:1, 2; მათ. 7:13, 14).
-
-
იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
-
-
იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდება
„იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9).
1. რატომ გვაკვირდება იეჰოვა?
იეჰოვა საუკეთესო მამაა. იგი იმდენად კარგად გვიცნობს, რომ იცის ჩვენი „ყოველი ფიქრი და ზრახვა“ (1 მატ. 28:9). იგი გვაკვირდება, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ რაღაცაში გამოგვიჭიროს (ფსალმ. 11:4; 130:3). როგორც მოსიყვარულე მამა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ დაგვიცვას, რადგან არ უნდა, რომ მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს ან მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა დავკარგოთ (ფსალმ. 25:8—10, 12, 13).
2. ვის დასახმარებლად იყენებს იეჰოვა თავის ძალას?
2 იეჰოვა უსაზღვრო ძალის პატრონია და ყველაფერს ხედავს. მას შესწევს იმის ძალა, რომ დაეხმაროს თავის ერთგულ მსახურებს, როცა კი მოუხმობენ, და გასაჭირში მხარში ამოუდგეს. „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“, — ნათქვამია 2 მატიანეს 16:9-ში. როგორც ვხედავთ, იეჰოვა თავის ძალას მათ დასახმარებლად იყენებს, ვინც მას მთელი გულით, ანუ სუფთა და წრფელი გულით ემსახურება. რაც შეეხება მზაკვრებსა და თვალთმაქცებს, მათ მიმართ იეჰოვა არანაირ მზრუნველობას არ ავლენს (იესო. 7:1, 20, 21, 25; იგავ. 1:23—33).
იარე ღმერთთან ერთად
3, 4. რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული და რომელი ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებიდან ვიგებთ ამის მნიშვნელობას?
3 ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ უკიდეგანო სამყაროს შემოქმედი ადამიანებს სულიერი გაგებით მასთან ერთად სიარულის ნებას აძლევს. მაგრამ იეჰოვა სწორედ ამას მოელის ჩვენგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ენოქი და ნოე ‘ღმერთთან ერთად დადიოდნენ’ (დაბ. 5:24; 6:9). მოსეს შესახებ კი წერია, რომ „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27). მეფე დავითიც თავმდაბლად დადიოდა თავის ზეციერ მამასთან ერთად. მან დაწერა: „არ წავბორძიკდები, რადგან ის [იეჰოვა] ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმ. 16:8).
4 რასაკვირველია, შეუძლებელია იეჰოვას პირდაპირი გაგებით ჩავჭიდოთ ხელი და ისე ვიაროთ მასთან ერთად. მაგრამ სულიერი გაგებით ეს შესაძლებელია. ფსალმუნმომღერალმა ასაფმა დაწერა: „მუდამ შენთან ვარ; შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი. შენი რჩევით წამიძღვები“ (ფსალმ. 73:23, 24). მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვასთან ერთად სიარული იმას ნიშნავს, რომ ზუსტად მივყვეთ იმ მითითებებს, რომელსაც, ძირითადად, მისი სიტყვიდან და „ერთგული და გონიერი მონისგან“ ვიღებთ (მათ. 24:45; 2 ტიმ. 3:16).
5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა თავის მსახურებს ისე აკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა, და რას უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ?
5 იეჰოვა სათუთად ზრუნავს მათზე, ვინც მასთან ერთად დადის, და ისე აკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა, იცავს მათ და ასწავლის. „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, — ამბობს იეჰოვა. — რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმ. 32:8). დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: დავდივარ იეჰოვასთან ერთად, ვეწაფები მის სიბრძნეს და მჯერა, რომ ისე მაკვირდება, როგორც მოსიყვარულე მამა? ის, რომ იეჰოვა მაკვირდება, ახდენს ეს გავლენას იმაზე, თუ რაზე ვფიქრობ, რაზე ვლაპარაკობ და რას ვაკეთებ? თუ ცოდვა ჩავიდინე, ვფიქრობ იმაზე, რომ იეჰოვა არ არის გულგრილი და მკაცრი ღმერთი, არამედ მოსიყვარულე და გულმოწყალე მამაა, რომელსაც სურს, რომ მომნანიებელმა მასთან თბილი ურთიერთობა აღადგინოს? (ფსალმ. 51:17).
6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა საუკეთესო მშობელია?
6 ზოგჯერ იეჰოვა მანამდეც გვიწვდის დახმარების ხელს, ვიდრე არასწორ გზას დავადგებით. მაგალითად, მან შეიძლება შეამჩნიოს, რომ ჩვენს გულში, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ვერაგი გახდეს, მავნე სურვილებმა დაიწყო გაღვივება (იერ. 17:9). ასეთ შემთხვევაში იეჰოვას შეუძლია ნებისმიერ მშობელზე გაცილებით მალე მიიღოს საჭირო ზომები, რადგან მას შესწევს იმის ძალა, რომ თავისი „მბრწყინავი თვალებით“ ჩვენს გულში ჩაიხედოს და დაინახოს ჩვენი გულის ზრახვები (ფსალმ. 11:4; 139:4; იერ. 17:10). ახლა ვნახოთ, რა მოხდა იერემია წინასწარმეტყველის მდივნისა და ახლო მეგობრის, ბარუქის ცხოვრებაში, და რა გაფრთხილება მისცა მას იეჰოვამ.
ნამდვილი მამა
7, 8. ა) ვინ იყო ბარუქი, და რისი სურვილი იდგამდა ფესვს მის გულში? ბ) რით აჩვენა იეჰოვამ, რომ მამასავით ზრუნავდა ბარუქზე?
7 ბარუქი იყო იერემიას ერთგული მდივანი. იგი წინასწარმეტყველის მხარდამხარ მსახურობდა, რომელიც მეტად რთულ დავალებას ასრულებდა — იუდას იეჰოვას განაჩენს უცხადებდა (იერ. 1:18, 19). ბარუქი შესაძლოა სახელოვანი ოჯახიდან იყო. როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, მის ცხოვრებაში იყო ისეთი დრო, როდესაც „დიდი რამე“ მოინდომა. მას, როგორც ჩანს, სახელის მოხვეჭის ან გამდიდრების სურვილი გაუჩნდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ დაინახა, რომ მის გულში ფესვს იდგამდა მავნე სურვილები. იერემიას პირით ღმერთმა მყისვე გააფრთხილა ბარუქი: „შენ ამბობ, ვაიმე, რადგან ტკივილზე მწუხარება დამიმატაო იეჰოვამ! ოხვრამ დამქანცა და მოსასვენებლად ადგილს ვერ ვპოულობო . . . დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ“ (იერ. 45:1—5).
8 მართალია, იეჰოვამ მტკიცედ უთხრა სათქმელი ბარუქს, მაგრამ არა იმიტომ, რომ განრისხდა, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილ მამასავით ზრუნავდა. როგორც ჩანს, ღმერთმა დაინახა, რომ ბარუქს ბოროტი და მზაკვარი გული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ახლოვდებოდა იერუსალიმისა და იუდას განადგურება და იეჰოვას არ უნდოდა, რომ ასეთ კრიტიკულ დროს ბარუქს სერიოზული შეცდომა დაეშვა. ბარუქი გონს რომ მოსულიყო, ღმერთმა შეახსენა მას, რომ მალე ‘უბედურებას დაატეხდა ყოველ ხორციელს’, და დასძინა, რომ თუ ბრძნულად მოიქცეოდა, იცოცხლებდა (იერ. 45:5). შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ბარუქს ასეთი რამ უთხრა: „ხომ იცი, მალე რაც დაატყდება თავს ცოდვილ იუდასა და იერუსალიმს. თუ მიერთგულებ, იცოცხლებ! მე დაგიცავ“. როგორც ჩანს, იეჰოვამ დააფიქრა ბარუქი. მან შეიცვალა აზროვნება, რადგან 17 წლის შემდეგ, როდესაც იერუსალიმი განადგურდა, გადარჩა.
9. როგორ უპასუხებთ აბზაცში დასმულ კითხვებს?
9 ახლა დავფიქრდეთ რამდენიმე შეკითხვაზე და შესაბამის ბიბლიურ მუხლებზე. რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ის, რომ მან ბარუქზე მამასავით იზრუნა? როგორი გრძნობები აქვს ღმერთს თავის მსახურთა მიმართ? (წაიკითხეთ ებრაელების 12:9). თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც იეჰოვამ უთხრა ბარუქს, და აგრეთვე იქიდან, თუ როგორ მოიქცა ბარუქი? (წაიკითხეთ ლუკას 21:34—36). იერემიას მსგავსად, რით შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს დაანახვონ იეჰოვას სამწყსოს, რომ იგი ზრუნავს მათზე? (წაიკითხეთ გალატელების 6:1).
ძე მამის სიყვარულს ირეკლავს
10. რით არის იესო, ქრისტიანული კრების თავი, აღვსილი თავისი მოვალეობის შესასრულებლად?
10 ქრისტიანობამდე იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ სიყვარულს წინასწარმეტყველთა თუ სხვა ერთგულ მსახურთა მეშვეობით ავლენდა. დღეს კი ღვთის სიყვარული განსაკუთრებით იმით ვლინდება, რომ ქრისტიანული კრების თავი იესო ქრისტეა (ეფეს. 1:22, 23). წიგნ „გამოცხადებაში“ იესო აღწერილია, როგორც კრავი, რომელსაც ‘შვიდი თვალი აქვს, რომლებიც მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს ნიშნავს’ (გამოცხ. 5:6). წმინდა სულით აღვსილი იესო ყველაფერს კარგად ხედავს, მათ შორის იმას, თუ შინაგანად როგორი ადამიანები ვართ. მის თვალს არაფერი ეპარება.
11. რა როლი აკისრია იესოს, და საიდან ჩანს, რომ იგი მამის ანარეკლია?
11 იესო ზეცაში იმიტომ როდია, რომ პოლიციელივით გვითვალთვალოს. ის სიყვარულით გვამოწმებს. ბიბლიაში იესოს „მარადიული მამა“ ეწოდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთისგან ბოძებული ძალით იესო მარადიულ სიცოცხლეს მისცემს ყველას, ვინც მას ირწმუნებს (ეს. 9:6). გარდა ამისა, როგორც ქრისტიანული კრების თავს, იესოს შეუძლია აღძრას სულიერად მოწიფული ქრისტიანები, რომლებიც მზად არიან სხვების დასახმარებლად, განსაკუთრებით კი უხუცესები, რომ ანუგეშონ გასაჭირში მყოფნი ან დროული რჩევა მისცენ (1 თეს. 5:14; 2 ტიმ. 4:1, 2).
12. ა) რას ვიგებთ იესოს შესახებ მცირე აზიის შვიდი კრების მიმართ მიწერილი წერილებიდან? ბ) მეტყველებს თუ არა უხუცესების მიერ ღვთის სამწყსოს მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა ქრისტეს სიყვარულზე?
12 ქრისტეს მზრუნველობა სამწყსოზე კარგად ჩანს იმ წერილებიდან, რომლებიც მცირე აზიის შვიდი კრების უხუცესებს მოციქულმა იოანემ მისწერაa (გამოცხ. 2:1—3:22). როგორც ამ წერილებიდან ხდება ცხადი, იესომ არა მარტო იცოდა, თუ რა ხდებოდა თითოეულ კრებაში, არამედ დაინტერესებულიც იყო ამ კრებების მდგომარეობით. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა იესოს მზრუნველობა, რადგან „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები „უფლის დღის“ განმავლობაში სრულდება (გამოცხ. 1:10). ქრისტეს სიყვარულზე ხშირად უხუცესების, კრების სულიერი მწყემსების, მზრუნველობა მეტყველებს. საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია აღძრას უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომ სამწყსო გაამხნეონ, ანუგეშონ ან რჩევა მისცენ (ეფეს. 4:8; საქ. 20:28; წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2). არის თუ არა შენთვის უხუცესების მზრუნველობა იმის მაჩვენებელი, რომ ქრისტე პირადად შენით არის დაინტერესებული?
დროული დახმარება
13—15. მოიყვანეთ მაგალითები, თუ რა და რა სახით შეიძლება უპასუხოს ღმერთმა ჩვენს ლოცვებს.
13 ყოფილხარ ისეთ მდგომარეობაში, როცა გულმხურვალე ლოცვით იეჰოვასთვის დახმარება გითხოვია, იეჰოვას კი პასუხი იმით გაუცია, რომ სულიერად მოწიფული ქრისტიანი მოსულა შენთან და გაუმხნევებიხარ? (იაკ. 5:14—16). შეიძლება ლოცვაზე პასუხი ქრისტიანული კრების შეხვედრაზე წარმოთქმული მოხსენებიდან ან ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაციიდან მიგიღია. ხშირად იეჰოვა ლოცვებს სწორედ ასეთი სახით პასუხობს. ერთხელ ერთი და მივიდა უხუცესთან, რომელმაც კრების შეხვედრაზე მოხსენება წარმოთქვა. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ეს და საშინელი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მას უხუცესთან თავის პრობლემაზე კი არ დაუწყია ჩივილი, არამედ მადლობა გადაუხადა იმ ბიბლიური აზრებისთვის, რომელიც მან გადმოსცა. ამ დამ დიდი ნუგეში მიიღო, რადგან ეს აზრები ზუსტად მიესადაგებოდა მის სიტუაციას. რა კარგი იყო, რომ ის იმ დღეს კრების შეხვედრას დაესწრო!
14 ლოცვის ძალა რომ დავინახოთ, მოვიყვანოთ სამი პატიმრის შემთხვევა, რომლებმაც ციხეში შეისწავლეს ბიბლია და მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ. ერთხელ ციხეში ჩხუბი ატყდა, რის გამოც პატიმრებს გარკვეული უფლებები ჩამოართვეს. ამან პატიმრების პროტესტი გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს, რომ დილით საუზმის შემდეგ პროტესტის ნიშნად თეფშები არ დაებრუნებინათ. ეს სამი მაუწყებელი დილემის წინაშე აღმოჩნდა. თუ აჯანყებულებს შეუერთდებოდნენ, დაარღვევდნენ იეჰოვას კანონს, რომელიც რომაელების 13:1-შია ჩაწერილი, ხოლო თუ მათ გვერდით არ დადგებოდნენ, შეიძლება გულმოსულ პატიმრებს მათზე შური ეძიათ.
15 ეს სამი პატიმარი ერთმანეთისგან იზოლირებული იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღეს სამივემ სთხოვა იეჰოვას სიბრძნე. მომდევნო დილას, როგორც აღმოჩნდა, სამივეს ერთი და იგივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული — სამივემ უარი თქვა საუზმეზე. როდესაც საუზმის შემდეგ საკნების მეთვალყურეები თეფშების წასაღებად მივიდნენ, მათ არაფერი ჰქონდათ დასაბრუნებელი. რა ბედნიერები იქნებოდნენ, როდესაც „ლოცვების მომსმენის“ მხარდაჭერას იგრძნობდნენ! (ფსალმ. 65:2).
გქონდეს ღვთის მხარდაჭერის იმედი
16. აჩვენებს თუ არა სამქადაგებლო საქმიანობა, რომ იეჰოვას აღელვებს ცხვრისმაგვარი ადამიანების მდგომარეობა?
16 მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვას აღელვებს გულმართალი ხალხის მდგომარეობა (დაბ. 18:25). ხშირად იეჰოვა ანგელოზების საშუალებით აგზავნის თავის მსახურებს ცხვრისმაგვარ ადამიანებთან ისეთ დაშორებულ ადგილებშიც კი, სადაც სასიხარულო ცნობა ჯერ არავის უქადაგია (გამოცხ. 14:6, 7). მაგალითად, პირველ საუკუნეში ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით ფილიპე გაგზავნა ეთიოპი დიდებულის მოსაძებნად. მან იპოვა ეს კაცი და წმინდა წერილებიდან გარკვეული მონაკვეთი აუხსნა. ეთიოპმა დიდებულმა მიიღო სასიხარულო ცნობა, მოინათლა და ქრისტეს მიმდევარი გახდაb (იოან. 10:14; საქ. 8:26—39).
17. რატომ არა გვაქვს მეტისმეტი წუხილის საფუძველი?
17 რაც უფრო ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული, მით უფრო ძლიერდება ნაწინასწარმეტყველები „მშობიარობის ტკივილები“ (მათ. 24:8). მაგალითად, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის, კლიმატური პირობების გაუარესებისა თუ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს ფასი პროდუქტებზე, უფრო და უფრო გართულდეს სამუშაოს შოვნა და ზოგს შეიძლება დამატებითაც კი მოუწიოს მუშაობა. რაც არ უნდა მოხდეს, მათ, ვინც იეჰოვას მსახურებას უმთავრეს ადგილს უთმობს და ‘თვალსაც სუფთად’ ინახავს, მეტისმეტი წუხილის საფუძველი არა აქვთ. მათ იციან, რომ ღმერთს უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე (მათ. 6:22—34). გავიხსენოთ, როგორ იზრუნა იეჰოვამ იერემიაზე იერუსალიმის განადგურების წინა პერიოდში, რომელიც ძვ. წ. 607 წელს მიწასთან გასწორდა.
18. როგორ დაარწმუნა იეჰოვამ იერემია თავის სიყვარულში იმ დროს, როცა იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული?
18 ვიდრე ბაბილონელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, იერემია მცველთა ეზოში იყო დამწყვდეული. რით საზრდოობდა იგი? თავისუფალი რომ ყოფილიყო, თვითონ იზრუნებდა თავის თავზე, მაგრამ ახლა მთლიანად სხვებზე იყო დამოკიდებული, რომელთაგან უმეტესობას სძულდა ის. მიუხედავად ამისა, იერემია ადამიანებზე კი არა, ღმერთზე იყო დაიმედებული, რომელიც დაჰპირდა, რომ იზრუნებდა მასზე. შეასრულა იეჰოვამ თავისი პირობა? რასაკვირველია. მან იზრუნა იმაზე, რომ იერემიასთვის ყოველდღიურად მიეცათ ‘თითო მრგვალი პური, სანამ პური გამოილეოდა ქალაქში’ (იერ. 37:21). იმ დროს იერემია, ბარუქი, ებედ-მელექი თუ სხვები შიმშილს, ავადმყოფობასა და სიკვდილს გადაურჩნენ (იერ. 38:2; 39:15—18).
19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?
19 მართლაც, „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი, ყური — მათი ვედრებისკენ“ (1 პეტ. 3:12). ხარ თუ არა ბედნიერი იმის გამო, რომ გაკვირდება ზეციერი მამა? გრძნობ თუ არა თავს მშვიდად და უსაფრთხოდ, როდესაც იცი, რომ ამას იეჰოვა შენსავე საკეთილდღეოდ აკეთებს? რაც არ უნდა მოხდეს, განაგრძე ღმერთთან ერთად სიარული! შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის თავის ერთგულთა გვერდით იქნება და მათ თავის მამობრივ მზრუნველობას არ მოაკლებს (ფსალმ. 32:8; წაიკითხეთ ესაიას 41:13).
[სქოლიოები]
a მართალია, ეს წერილები, ძირითადად, ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს ეხება, მაგრამ აქედან ღვთის ყველა მსახურს შეუძლია მიიღოს სარგებლობა.
b კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ღმერთი თავის მსახურებს იქ აგზავნის, სადაც საჭიროა, ჩაწერილია საქმეების 16:6—10-ში. როგორც ამ მუხლებში ვკითხულობთ, პავლესა და მის თანამსახურებს „წმინდა სულმა . . . სიტყვის ქადაგება აუკრძალა“ აზიასა და ბითინიაში. შემდეგ ღმერთმა ისინი მაკედონიაში გაგზავნა, სადაც მათ ქადაგებას ბევრი თვინიერი ადამიანი გამოეხმაურა.
-