საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უძველესი დროიდან არსებული ბარიერი
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 3
    • სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანები

      მთავარი თემა | ენობრივი ბარიერის გადალახვა

      უძველესი დროიდან აღმართული ბარიერი

      დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები დაახლოებით 7 000 ენაზე მეტყველებენ. ენათა სიმრავლე და მრავალფეროვნება ოდითგანვე ართულებდა მოგზაურობას, ვაჭრობას, განათლების მიღებას და სახელმწიფოს მართვასაც კი. დაახლოებით ძვ. წ. 475 წელს სპარსეთის მეფე ახაშვეროშმა (სავარაუდოდ ქსერქსე I-მა) გამოსცა ბრძანებულება, რომელიც დაეგზავნა ას ოცდაშვიდ სამთავროს „ინდოეთიდან ეთიოპიამდე; ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობისამებრ და ყოველ ხალხს თავის ენაზე“.a

      ორგანიზაციების უმეტესობა და სახელმწიფოებიც კი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადალახონ ეს ბარიერი. თუმცა არსებობს ორგანიზაცია, რომელმაც ენობრივი ბარიერი წარმატებით გადალახა. იეჰოვას მოწმეები ასობით ენაზე თარგმნიან ჟურნალებსა და წიგნებს, მათ შორის ბიბლიას; აგრეთვე ამზადებენ აუდიო-ვიდეოჩანაწერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეები პუბლიკაციებს გამოსცემენ ჟესტების დაახლოებით 80 ენაზე და სხვადასხვა ენის ბრაილის შრიფტზე. მთლიანობაში ისინი 750-ზე მეტ ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს.

      საგულისხმოა ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები მთარგმნელობით საქმეს სრულიად უსასყიდლოდ, თანაც ნებაყოფლობით ასრულებენ. რატომ არ იშურებენ ისინი ძალ-ღონეს ამ საქმისთვის და როგორ თარგმნიან პუბლიკაციებს ამდენ ენაზე?

      a წაიკითხეთ ბიბლიაში ესთერის 8:9.

  • ენობრივი ბარიერის გადალახვა — სანამ პუბლიკაცია მკითხველის ხელში აღმოჩნდება . . .
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 3
    • მთავარი თემა

      ენობრივი ბარიერის გადალახვა სანამ პუბლიკაცია მკითხველის ხელში აღმოჩნდება . . .

      „ამბობენ, რომ თარგმნაზე რთული საქმე არ არსებობს“, — აღნიშნულია ერთ ენციკლოპედიაში (The Cambridge Encyclopedia of Language).

      სანამ სათარგმნი მასალა მთარგმნელის ხელში აღმოჩნდება, თავდაპირველად ორიგინალის ენაზეa უნდა მომზადდეს. ამისთვის საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: ყველაფრის საგულდაგულოდ დაგეგმვა, სხვადასხვა სტატიისთვის ინფორმაციის მოძიება და ტექსტის შედგენა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ მომზადებული სტატიები ეგზავნება მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ნიუ-იორკი) არსებულ სამწერლო განყოფილებას, რომელიც გულდასმით ამოწმებს, რამდენად ზუსტადაა გადმოცემული ინფორმაცია და რამდენად თანამედროვე ენითაა დაწერილი.

      შემოწმების შემდეგ სამწერლო განყოფილება ინგლისურ ტექსტს მთელ მსოფლიოში ასობით მთარგმნელობით ჯგუფს უგზავნის. ამ ჯგუფების უმეტესობა ბიბლიურ ლიტერატურას მშობლიურ ენაზე თარგმნის. ისინი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომელ ენაზეც პუბლიკაციებს თარგმნიან. მთარგმნელებს მართებთ, ბოლომდე ჩასწვდნენ ორიგინალი ტექსტის მნიშვნელობას და საკუთარ ენაზე გასაგებად და ბუნებრივად თარგმნონ.

      მთარგმნელები მუშაობის დროს

      თარგმნის პროცესი

      ამ გრაფიკულ სურათებზე ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის თარგმნა ესპანურ ენაზე

      • მთარგმნელობითი ჯგუფი ესპანეთში იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოდან (აშშ) ელექტრონული სახით იღებს ინგლისურ ტექსტს

      • ჯგუფის თითოეული წევრი კითხულობს ტექსტს და ღრმა ანალიზს უკეთებს

      • თარგმნის დაწყებამდე ჯგუფი ერთად მსჯელობს ინგლისურ ტექსტზე

      • მთარგმნელები ამოწმებენ, რამდენად ზუსტი, ბუნებრივი, გასაგები და გრამატიკულად გამართულია ტექსტი

      • როცა ესა თუ ის პუბლიკაცია დასრულებულ სახეს იღებს, იგზავნება იმ ფილიალებიდან ერთ-ერთში, რომელიც პასუხისმგებელია ბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე

      • ჩვენი პუბლიკაციების მეშვეობით ხალხი მთელ მსოფლიოში თავიანთ ენაზე იძენს ღვთიურ სიბრძნეს

      როგორ ართმევენ საქმეს თავს მთარგმნელები?

      გერაინტი, რომელიც ბრიტანეთში მთარგმნელობით ჯგუფში მუშაობს, განმარტავს: „ჩვენ ჯგუფურად ვთარგმნით, ამიტომ კარგი თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვეძებთ გამოსავალს, როცა თარგმნის დროს სირთულეები წამოიჭრება. ვმსჯელობთ არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე, არამედ წინადადებებზე; ვცდილობთ, ჩავწვდეთ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას და გავიგოთ, რა აზრი დევს ამა თუ იმ წინადადებაში. ამასთან, არც ის გვრჩება მხედველობიდან, თუ რა კატეგორიის მკითხველისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის სტატია“.

      რა არის მთარგმნელების მიზანი?

      „მთარგმნელების მიზანია, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს სტატია მის მშობლიურ ენაზე დაიწერა. არ უნდა იგრძნობოდეს, რომ ტექსტი ნათარგმნია, ამიტომ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ბუნებრივი ენა. როცა თარგმანი გასაგები და ბუნებრივია, მკითხველს ადვილად არ ეფანტება ყურადღება და ტექსტს ერთი ამოსუნთქვით კითხულობს“.

      რატომაა კარგი, მთარგმნელი მათ შორის ცხოვრობდეს, ვის ენაზეც ლაპარაკობს?

      „ადგილობრივებს შორის ცხოვრება იმითაა კარგი, რომ ყოველდღე ვისმენთ სალაპარაკო ენას; ეს კი გვიადვილებს, პუბლიკაციები მათთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნოთ. გარდა ამისა, ვაკვირდებით, რამდენად ბუნებრივი, ადვილად გასაგები, მისაღები და სასიამოვნო წასაკითხია ხალხისთვის ჩვენ მიერ შერჩეული სიტყვები, ტერმინები და გამონათქვამები. ეს ყოველივე ხელს გვიწყობს, სწორად გადმოვცეთ ორიგინალი ტექსტის აზრი“.

      როგორ ხდება თარგმნისთვის მომზადება?

      „თითოეულ პროექტზე ინიშნება ჯგუფი. თავდაპირველად ჯგუფის წევრები კითხულობენ ინგლისურ ტექსტს, რათა ჩასწვდნენ თემის არსს, განსაზღვრონ, ვინ არის აუდიტორია და რა სტილითაა დაწერილი სტატია. მომზადებისას თითოეული მთარგმნელი აანალიზებს, რა არის სტატიის მთავარი თემა, მიზანი და რის სწავლა შეუძლია მკითხველს. ამ ეტაპების გავლა ეხმარება მათ, მოუხმონ წარმოსახვის უნარს, რაც თარგმნას უადვილებს.

      შემდეგ ჯგუფის წევრებს შორის ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რათა დავრწმუნდეთ, ბოლომდე ჩავწვდით თუ არა სტატიის შინაარსს და შევძლებთ თუ არა, შევინარჩუნოთ ისეთივე სტილი, როგორიც ორიგინალშია. ჩვენი მიზანია, ისეთივე ემოცია გამოვიწვიოთ მკითხველში, როგორსაც ორიგინალი ტექსტი გამოიწვევდა ინგლისურენოვან მკითხველში“.

      როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ჯგუფის წევრები?

      „ჩვენ გვსურს, რომ მკითხველი პირველი წაკითხვისთანავე ჩასწვდეს თემის არსს. ამიტომ ყოველი აბზაცის თარგმნის შემდეგ, რამდენჯერმე ვკითხულობთ მას ხმამაღლა.

      მაგალითად, მთარგმნელი კრეფს ტექსტს, რომელსაც ყველანი ჩვენს მონიტორებზე ვადევნებთ თვალს. ამ დროს დანარჩენები ყურადღებით ვართ, რომ თარგმნისას შემთხვევით რომელიმე აზრი არ გამოგვრჩეს ან — არ დავამატოთ. აგრეთვე ყურადღებას ვაქცევთ ტექსტის ბუნებრიობას, გრამატიკულ სიზუსტეს და მართლწერას. შემდეგ ერთ-ერთი ხმამაღლა კითხულობს ნათარგმნ აბზაცს. თუ ის კითხვისას წაიბორძიკებს, ვცდილობთ, დავადგინოთ მიზეზი. მას შემდეგ, რაც დასრულდება სტატიის თარგმნა, ჯგუფის ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მთლიან სტატიას, სხვები კი ყურადღებით ვართ, რომ რაიმე შეცდომა არ გაიპაროს“.

      როგორც ჩანს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა!

      „დიახ, ნამდვილად ასეა! დღის ბოლოს ყველანი დაღლილები ვართ, ამიტომ ტექსტს მეორე დილით, დასვენებული გონებით, ვუბრუნდებით. რამდენიმე კვირის შემდეგ სამწერლო განყოფილება გვიგზავნის ინგლისურ ტექსტში შეტანილ ცვლილებებს. ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ თითქმის მივიწყებულ ტექსტს“.

      რა პროგრამებს იყენებენ მთარგმნელები?

      „ვერანაირი კომპიუტერული პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს მთარგმნელის გონებრივ შესაძლებლობებს. თუმცა იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს ისეთი პროგრამები, რომლებიც აჩქარებენ თარგმნის პროცესს. ჩვენ ვსარგებლობთ სხვადასხვა ლექსიკონებით; მაგალითად, გვაქვს ლექსიკონი, სადაც თავმოყრილია ისეთი ფრაზები და ტერმინები, რომელთაც ხშირად ვიყენებთ. აგრეთვე ხელი მიგვიწვდება საძიებო სისტემაზე, სადაც შეტანილია ყველანაირი მასალა, რაც კი ოდესმე თარგმნილა მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან შეგიძლია გაიგო, როგორ მოიძებნა ამა თუ იმ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი“.

      რას ფიქრობთ თქვენს საქმიანობაზე?

      „თარგმნის დროს ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს მკითხველს საჩუქარს ვუკეთებთ, ამიტომ ვცდილობთ, ეს საჩუქარი ლამაზად შევფუთოთ და ისე მივაწოდოთ. ჩვენ მიერ ნათარგმნი ჟურნალები და ვებ-გვერდის სტატიები მკითხველს გულგრილს არ ტოვებს და მათ ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდის, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს“.

      საქმე, რომელიც სასიკეთოდ აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე

      მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს ასობით მილიონი ადამიანი კითხულობს საკუთარ ენაზე, რაც სასიკეთოდ აისახება მათ ცხოვრებაზე. ყველა პუბლიკაცია, იქნება ეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ელექტრონული მასალა თუ ვიდეოები, ეფუძნება ბიბლიურ სიბრძნეს. ბიბლიიდან, ამ წმინდა წიგნის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ ღმერთს, რომლის სახელიცაა იეჰოვა, სურს, რომ მის სიბრძნეს ეზიაროს ყოველი ერი, ტომი, ენა და ხალხი (გამოცხადება 14:6).b

      a ორიგინალი ტექსტი ინგლისურად მზადდება.

      b ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr2711.com და გაეცანით იქ განთავსებულ სტატიებსა თუ აუდიო-ვიდეომასალას თქვენს მშობლიურ ენაზე. ეს მასალა აგრეთვე ხელმისაწვდომია ასობით ენაზე.

      JW.ORG

      იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი

      700-ზე მეტ ენაზე

      „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“

      იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა

      640-ზე მეტ ენაზე

      „საგუშაგო კოშკი“

      იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ჟურნალი

      250-ზე მეტ ენაზე

      „გამოიღვიძეთ!“

      იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ჟურნალი

      100-ზე მეტ ენაზე

      ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ სხვადასხვა ენაზე

      «საკმაოდ შერყეული მაქვს ჯანმრთელობა. გარდა იმისა, რომ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას ვიტარებ, ბევრ სასარგებლო რჩევას ვპოულობ ჩემს მშობლიურ ენაზე გამოცემულ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-შიც. საკმაოდ იმპულსური ვარ, ამიტომ ამ ჟურნალში მოყვანილი აზრები მეხმარება, ვაკონტროლო საკუთარი თავი. მასში სასარგებლო რჩევები წერია ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშთან დაკავშირებით.c ვცდილობ, წაკითხულის თანახმად მოვიქცე, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება» (ლანტო-ჰასინა, მადაგასკარი).

      «ენდოკრინოლოგი, რომელთანაც ვმკურნალობ, ხშირად მიმართავს გუჯარათულ ენაზე გამოცემულ „გამოიღვიძეთ!“-ს და სწორედ იქ წაკითხული რჩევებით ხელმძღვანელობს ლექციების დროს. ერთხელ მან ლექციაზე ახსნა, რატომ უქმნის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. რამდენიმე კვირის შემდეგ მისმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული რჩევები თავიანთ მამებს გაუზიარეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ნაკლები ფული დაეხარჯათ ალკოჰოლურ სასმელებში და დანაზოგი შვილებისთვის მოეხმარათ» (ჯანეტი, ინდოეთი).

      c ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს რომელიმე კონკრეტულ დიეტას ან მკურნალობის მეთოდს. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სახის ვარჯიშს და დიეტას აირჩევს.

      ვებ-გვერდზე jw.org ბიჭუნა უყურებს ვიდეორგოლს „ქურდობა არ შეიძლება“

      ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-მა წერილი მიიღო ანგოლიდან. ერთი ქალი წერდა: «ჩემს რვა წლის ბიჭს სკოლაში ფანქრები დაეკარგა და გადაწყვიტა, კლასელების ფანქრები დაუკითხავად აეღო. ერთხელ, როცა ვებ-გვერდზე jw.org პორტუგალიურ ენაზე უყურა ვიდეორგოლს „ქურდობა არ შეიძლება“, ყველაფერს გულახდილად მომიყვა და მთხოვა, რომ სკოლაში გავყოლოდი. როდესაც კლასელებს ბოდიში მოუხადა და აუხსნა, რატომ უბრუნებდა ფანქრებს, მასწავლებელმა უფლება მოგვცა, მთელი კლასისთვის გვეჩვენებინა ეს ვიდეორგოლი. ანიმაციის ყურების შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ თქვა, რომ მეტად აღარასდროს მოიპარავდა».

      მამაკაცი იყენებს JW ენების აპლიკაციას

      ენის შესასწავლი საშუალება

      JW ენების აპლიკაცია

      2014 წელს იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს აპლიკაცია JW ენები. ეს არის უფასო ელექტრონული აპლიკაცია, რომელიც მოწმეებს ეხმარება, ბიბლია შეასწავლონ მსურველთ ისეთ ენებზე, როგორიცაა: ბენგალური, გერმანული, ესპანური, თურქული, იაპონური, ინგლისური, ინდონეზიური, იტალიური, კორეული, მიანმური, პორტუგალიური, რუსული, სუაჰილური, ტაგალური, ტაი, ფრანგული, ჩინური და ჰინდი. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org და იხილეთ JW ენები.

  • შესავალი
    გამოიღვიძეთ! — 2016 | No. 3
    • იცოდით, რომ იეჰოვას მოწმეები ლიტერატურას 750-ზე მეტ ენაზე თარგმნიან?

      ამ საქმისთვის ასე იმიტომ ვირჯებით, რომ ბიბლიურმა ცნობამ ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხის ყურამდე მიაღწიოს (გამოცხადება 14:6).

      ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში გაიგებთ, როგორ თარგმნიან იეჰოვას მოწმეები პუბლიკაციებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება