-
იეჰოვა განადიდებს თავის სახელსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
7, 8. ა) რა იყო საჭირო, ვიდრე ღმერთი თავის ხალხს თავისი სახელით წოდების უფლებას მისცემდა? ბ) რა იქნება განხილული შემდეგ აბზაცებში?
7 ღვთის თანამედროვე მსახურები ღვთის სახელს თავიანთ პუბლიკაციებში მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იყენებენ. მაგალითად, იეჰოვა ნახსენები იყო „სიონის საგუშაგო კოშკის“ 1879 წლის აგვისტოს გამოცემაში და იმავე წელს გამოცემულ სიმღერების კრებულში („პატარძლის სიმღერები“). ვიდრე იეჰოვა თავის ხალხს თავისი წმინდა სახელით წოდების უფლებას მისცემდა, როგორც ჩანს, ჯერ დაეხმარა, ამ დიდებული სახელის სატარებლად გარკვეული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. ვნახოთ, როგორ.
8 მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იეჰოვამ თავის ხალხს უფრო ნათლად დაანახვა თავის სახელთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი საკითხი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
9, 10. ა) რატომ კეთდებოდა თავიდან „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში ძირითადი აქცენტი იესოზე? ბ) რა შეიცვალა 1919 წელს და რა შედეგი გამოიღო ამან? (იხ. ჩარჩო «როგორ განადიდებდა „საგუშაგო კოშკი“ ღვთის სახელს»).
9 პირველი: იეჰოვას მსახურებმა დაინახეს ღვთის სახელის გამოყენების აუცილებლობა. თავიდან ბიბლიის ერთგული მკვლევრები ბიბლიის უმთავრეს სწავლებად გამოსასყიდს მიიჩნევდნენ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ „საგუშაგო კოშკი“ ძირითად აქცენტს იესოზე აკეთებდა. მაგალითად, დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ ჟურნალში იესო იეჰოვაზე ათჯერ უფრო ხშირად იყო ნახსენები. 1976 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ბიბლიის პირველ მკვლევრებზე ეწერა, რომ ისინი იესოზე ზედმეტ აქცენტს აკეთებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში იეჰოვამ მიახვედრა ისინი, რომ ბიბლია ღვთის საკუთარ სახელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. როგორ იმოქმედა ამან ბიბლიის მკვლევრებზე? ამავე ნომერში აღნიშნული იყო, რომ განსაკუთრებით 1919 წლიდან მოყოლებული „ისინი უფრო დიდ პატივს მიაგებდნენ იეჰოვას, მესიის ზეციერ მამას“. 1919 წლიდან მომდევნო ათი წლის განმავლობაში „საგუშაგო კოშკში“ ღვთის სახელი დაახლოებით 6 500-ჯერ იხსენიებოდა.
10 ჩვენმა ძმებმა ღვთის სახელს საკადრისი პატივი მიაგეს და, ამგვარად, ღვთისადმი სიყვარული დაამტკიცეს. მოსეს მსგავსად, მათ ღვთის სახელის გაცხადება დაიწყეს (კან. 32:3; ფსალმ. 34:3). იეჰოვამ დაინახა თავისი სახელისთვის გამოვლენილი სიყვარული და წყალობა უყო მათ, რაც წმინდა წერილების თანახმად მოსალოდნელი იყო (ფსალმ. 119:132; ებრ. 6:10).
11, 12. ა) რა თემამ გადაინაცვლა წინა პლანზე ჩვენს პუბლიკაციებში 1919 წლის შემდეგ? ბ) რისკენ მიმართა იეჰოვამ თავის მსახურთა ყურადღება და რა მიზნით?
11 მეორე: ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გაიგეს, რა უნდა ყოფილიყო მათი მთავარი საქმე. 1919 წლის შემდეგ მალევე ცხებულმა ხელმძღვანელმა ძმებმა ესაიას წინასწარმეტყველების გამოკვლევა დაიწყეს და ამის შემდეგ ქადაგების თემამ ჩვენს პუბლიკაციებში წინა პლანზე გადაინაცვლა. როგორ აღმოჩნდა ეს დროული სულიერი საზრდო? (მათ. 24:45).
12 „საგუშაგო კოშკში“ 1919 წლამდე დეტალურად არასოდეს ყოფილა განხილული ესაიას პირით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვები: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე“ (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). სამაგიეროდ, 1919 წლის შემდეგ მალევე ბიბლიის ამ წინასწარმეტყველებას ჩვენს პუბლიკაციებში მეტი ყურადღება დაეთმო. პუბლიკაციები მოუწოდებდა ყველა ცხებულს, მონაწილეობა მიეღო იეჰოვასგან დავალებულ საქმეში, კერძოდ, მის შესახებ დამოწმებაში. მხოლოდ 1925—1931 წლებში ესაიას 43-ე თავი „საგუშაგო კოშკის“ 57 ნომერში გაირჩა და მათში ესაიას სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტ ქრისტიანებთან იყო მისადაგებული. აშკარაა, იმ წლებში იეჰოვამ თავის მსახურთა ყურადღება დამოწმების საქმისკენ მიმართა. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მათი, გამოდგებოდნენ თუ არა ამ საქმისთვის (1 ტიმ. 3:10). ვიდრე ღვთის სახელის ტარების ღირსნი გახდებოდნენ, ბიბლიის მკვლევრებს ჯერ საქმით უნდა დაემტკიცებინათ იეჰოვასთვის, რომ ნამდვილად მისი მოწმეები იყვნენ (ლუკ. 24:47, 48).
13. როგორ ადასტურებს ბიბლია, რომ ღვთის სახელის განწმენდა უმთავრესი საქმეა?
13 მესამე: იეჰოვას ხალხმა გაიგო, რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის სახელის განწმენდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ღვთის სახელის განწმენდა უმთავრესი საქმე იყო. როგორ ადასტურებს ბიბლია ამას? მოვიყვანოთ ორი მაგალითი. რა იყო ღვთის მიერ ისრაელის ეგვიპტიდან დახსნის უმთავრესი მიზეზი? პასუხს თავად იეჰოვა გვცემს: „რომ . . . მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გამ. 9:16). გარდა ამისა, რატომ შეიწყალა იეჰოვამ ურჩი ისრაელი? ამ შემთხვევაშიც იეჰოვა გვპასუხობს: „ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის . . . ხალხების თვალში“ (ეზეკ. 20:8—10). რა გაიგეს ბიბლიის მკვლევრებმა ბიბლიის ამ და სხვა მონაკვეთებიდან?
14. ა) რას ჩასწვდა ღვთის ხალხი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს? ბ) როგორ იმოქმედა ბიბლიის მკვლევრების ახლებურმა ხედვამ სამქადაგებლო საქმიანობაზე? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ქადაგების უდიდესი სტიმული“).
14 მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ღვთის ხალხი ჩასწვდა 2 700 წლის წინათ დაწერილი ესაიას წინასწარმეტყველების არსს. ესაია იეჰოვაზე ამბობს: „მიუძღოდი შენს ხალხს, რომ საუცხოო სახელი შეგექმნა შენთვის“ (ეს. 63:14). ბიბლიის მკვლევრებმა გაიგეს, რომ მთავარი საკუთარი თავის ხსნა კი არა, ღვთის სახელის განწმენდა იყო (ეს. 37:20; ეზეკ. 38:23). 1929 წელს გამოცემულ წიგნ „წინასწარმეტყველებაში“ ეწერა: „იეჰოვას სახელის განწმენდა ყველა ქმნილების წინაშე უმნიშვნელოვანესია“. ამ ახლებურმა ხედვამ ღვთის მსახურებს იეჰოვას შესახებ დასამოწმებლად და მისი შეურაცხყოფილი სახელის აღსადგენად დიდი სტიმული მისცა.
-