საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ომის მომხრე თუ მშვიდობის მაძიებელი?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მაისი 8
    • ომის მომხრე თუ მშვიდობის მაძიებელი?

      „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან შვედეთში

      ყოველ წელს ნობელის პრემიით აჯილდოებენ ცალკეულ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ სხვადასხვა სფეროსა და დარგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. როდის აიღო სათავე ამ ტრადიციამ და როგორ უკავშირდება ის მსოფლიო მშვიდობის წადილს?

      მის სახელს კაცობრიობის წინსვლასა და აყვავებას უკავშირებენ, თუმცა კი თავად მან უზარმაზარი თანხები საომარი იარაღის გაყიდვით დააგროვა. ვინ იყო ის? ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, შვედი მეწარმე და ქიმიკოსი. ნობელს აქებდნენ ხალხის საკეთილდღეოდ გამოვლენილი ძალისხმევისთვის, მაგრამ მას „სიკვდილით მოვაჭრესაც“ უწოდებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მან გამოიგონა დინამიტი და მომაკვდინებელი ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებითა და მათი რეალიზაციით დიდძალი ქონება მოიხვეჭა.

      მაგრამ 1896 წელს, ნობელის სიკვდილის შემდეგ, გასაოცარი რამ აღმოაჩინეს — მას თურმე მოუთხოვია, რომ მისი ქონებიდან 9 მილიონი აშშ დოლარი ცალკე გადაედოთ და ამ თანხაზე დარიცხული პროცენტებით ყოველწლიურად დაეჯილდოებინათ ის პირები, რომელთაც ღირსშესანიშნავი მიღწევები ექნებოდათ ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ლიტერატურის დარგში და კიდევ ისინი, ვინც მშვიდობის ძიების საკითხში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდნენ.

      თავიდან ბევრი შეფიქრიანდა. ასე ძალიან რატომ უნდა სდომებოდა ფეთქებადი ნივთიერებების მეწარმეს ჯილდოს გაცემა საქველმოქმედო და მით უმეტეს სამშვიდობო მიღწევებისთვის? ზოგის ვარაუდით ნობელს სინდისი ქენჯნიდა, სიცოცხლე რომ ისეთი რამის წარმოებას უძღვნა, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა. მაგრამ სხვები თვლიან, რომ ნობელი ყოველთვის მშვიდობისთვის იღწვოდა. როგორც ჩანს, მას მართლაც სწამდა იმისა, რომ რაც უფრო მომაკვდინებელი იარაღი შეიქმნებოდა, მით უფრო ნაკლები იქნებოდა ომის ალბათობა. როგორც იტყობინებიან, მან ასეთი სიტყვებით მიმართა ერთ მწერალს: „შესაძლოა, ჩემმა ქარხნებმა თქვენს კონგრესებზე ადრეც კი მოუღონ ომს ბოლო, — და შემდეგ დასძინა, — იმ დღეს, როდესაც ორი არმია ერთმანეთს ერთ წამში ამოხოცავს, შეძრწუნებისგან ყველა ცივილიზებული ერი უკან დაიხევს და თავის ჯარს დაითხოვს“.

      გამართლდა ნობელის წინასწარმეტყველება? რა დაგვანახვა ნობელის სიკვდილის შემდგომმა ასწლეულმა?

      [ჩანართი 3 გვერდზე]

      „ისეთი ნაერთის ან მექანიზმის გამოგონებას მოვისურვებდი, რომელსაც მასობრივი განადგურების საშინელი ძალა ექნებოდა, რათა სამუდამოდ აღმოფხვრილიყო ომის გაჩაღების შესაძლებლობა“ (ალფრედ ბერნჰარდ ნობელი).

  • ძალადობის საუკუნე
    გამოიღვიძეთ! — 2002 | მაისი 8
    • ძალადობის საუკუნე

      ალფრედ ნობელს სჯეროდა, რომ მშვიდობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ერებს მომაკვდინებელი იარაღი ექნებოდათ. ისინი შეძლებდნენ სწრაფად გაერთიანებას და ნებისმიერ აგრესორს ნაცარტუტად აქცევდნენ. „ეს იქნებოდა ძალა, რომელიც ომს შეუძლებელს გახდიდა“, — წერდა ის. ნობელის აზრით, საღად მოაზროვნე არც ერთი ერი არ მოახდენდა კონფლიქტის პროვოცირებას, თუკი ამას მისთვის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვებოდა. მაგრამ, რა გამოაშკარავა გასულმა საუკუნემ?

      ნობელის სიკვდილიდან 20 წელიც კი არ იყო გასული, რაც პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. ამ კონფლიქტის დროს მიმართეს ახალ მომაკვდინებელ იარაღს, ავტომატების, მომწამლავი გაზის, ცეცხლსასროლი იარაღის, ტანკების, თვითმფრინავებისა და წყალქვეშა ნავების ჩათვლით. ათ მილიონამდე ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა ამ რიცხვს ორჯერ და კიდევ მეტად აღემატებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოვლენილმა სისასტიკემ ხალხს კიდევ უფრო მტკივნეულად აგრძნობინა მშვიდობის აუცილებლობა, რა მიზეზითაც ერთა ლიგის ჩამოყალიბება მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა, რომელსაც ამ ფორმაციის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის, 1919 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობისთვის.

      თუმცა, ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ომი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდებოდა, დაიმსხვრა, როდესაც 1939 წელს მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა. ეს ომი პირველ მსოფლიო ომზე კიდევ უფრო მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო. ამ კონფლიქტის დროს ადოლფ ჰიტლერმა ქალაქ კრიუმელში მდებარე ნობელის ქარხანა გააფართოვა და გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ქარხნად აქცია, სადაც 9 000-ზე მეტი მუშა საბრძოლო იარაღის შექმნით იყო დაკავებული. ომის დამთავრების პირას მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს, ნობელის ქარხანას ნობელისავე გამოგონებათა წყალობით შექმნილი ათასობით ბომბი დაუშინეს და მიწასთან გაასწორეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება