-
„ამისთვის ვარ გამოგზავნილი“„მოდი და გამომყევი“
-
-
თავი 8
„ამისთვის ვარ გამოგზავნილი“
1—4. ა) როგორ მიუდგა იესო სამარიელ ქალს და როგორ იმოქმედა მასზე იესოს სიტყვებმა? ბ) როგორ შეხვდნენ მოციქულები იესოს ქადაგებას?
იესო და მისი მოციქულები იუდეიდან ჩრდილოეთით, გალილეაში მიემგზავრებოდნენ სამარიის გავლით. მგზავრობამ კარგა ხანს გასტანა, დაახლოებით სამი დღე, თუმცა ეს ყველაზე მოკლე გზა იყო. მზე ზენიტს უახლოვდებოდა, პატარა ქალაქ სიქარს რომ მიუახლოვდნენ და დასასვენებლად შეჩერდნენ.
2 იესო ჭასთან ჩამოჯდა, მოციქულები კი საჭმლის საყიდლად წავიდნენ. ამ დროს ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად ჭასთან მივიდა. „გზით დაქანცულ“ იესოს შეეძლო მისთვის თვალი აერიდებინა (იოანე 4:6). გასაკვირი კი ამაში არაფერი იქნებოდა, რადგან ეს ქალი არ მოელოდა, რომ, როგორც მე-4 თავიდან გავიგეთ, იუდეველი მას ყურადღების ღირსად ჩათვლიდა. მაგრამ იესო გამოელაპარაკა.
3 იესომ სამარიელ ქალს მისივე ყოველდღიური ცხოვრებიდან მოუყვანა მაგალითი. წყლის ამოსაღებად მისულ ქალს იესომ სიცოცხლის წყალზე დაუწყო ლაპარაკი, რაც მას სულიერ წყურვილს მოუკლავდა. ქალი რამდენჯერმე ისეთ საკითხებს შეეხო, რაზეც შეეძლო იესოს შეკამათებოდაa. მაგრამ ტაქტიანად აუარა გვერდი საკამათო საკითხებს და კვლავ თავის წამოწყებულ თემას დაუბრუნდა. ის სულიერ საკითხებზე, წმინდა თაყვანისმცემლობასა და იეჰოვა ღმერთზე საუბრობდა. იესოს სიტყვებმა ქალზე იმდენად იმოქმედა, რომ იქაურ მცხოვრებლებს ყველაფერი უამბო. ამის შემდეგ მათაც მოინდომეს, იესოსთვის მოესმინათ (იოანე 4:3—42).
4 როგორ შეხვდნენ უკან დაბრუნებული მოციქულები იესოს საუბარს სამარიელ ქალთან? ისინი არც კი დაინტერესდნენ, პირიქით, გაოცდნენ. ქალის წასვლის შემდეგ მოციქულები იესოს სთხოვდნენ, რამე ეჭამა. იესომ მიუგო: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს ეს სიტყვები და გაუკვირდათ. შემდეგ იესომ აუხსნა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:32, 34). ამ სიტყვებით იესომ მათ დაანახვა, რომ ჭამაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. იესოს სურდა, მათაც ასე ეფიქრათ.
-
-
„ამისთვის ვარ გამოგზავნილი“„მოდი და გამომყევი“
-
-
a მაგალითად, ქალმა ჰკითხა იესოს, იუდეველი სამარიელს რატომ ელაპარაკებოდა. ამით ის შეეხო ორ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებულ მტრობას (იოანე 4:9). მან ისიც თქვა, რომ სამარიელები იაკობის შთამომავლები იყვნენ, რასაც იუდეველები კატეგორიულად უარყოფდნენ (იოანე 4:12). ისინი სამარიელებს ქუთელებს ეძახდნენ, რითაც იმას ამბობდნენ, რომ მათი წინაპრები უცხოტომელები იყვნენ.
-