‘ღმერთია ჩემი თავშესაფარი’
ამ ‘საზარელ ჟამს’ ცდუნებები და ზეგავლენები მუდამ იზრდება. მაგალითად, ჩვენი პატიოსნება შეიძლება იცდებოდეს ჩვენს სამუშაო ადგილზე. ჩვენი უბიწოება შეიძლება იცდებოდეს თანაკლასელების წრეში. ჩვენს პატიოსნებას კი ხშირად სცდის მორალურად გარყვნილი მსოფლიო (2 ტიმოთე 3:1–5).
ბიბლიის მწერალი ასაფიც სიბოროტის აყვავების ხანაში ცხოვრობდა. ზოგი მისი თანამედროვე ამაყობდა კიდეც უღვთო საქციელით. „მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა, — წერდა ასაფი. — ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს. ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ“ (ფსალმუნი 72:6, 8). ხომ არ გეცნობა ასეთი განწყობილება?
მათთვის, ვისაც სურთ აკეთონ, რაც სწორია, ასეთი საქციელი ძალიან დამამწუხრებელია, ხალისსაც კი აკარგვინებს. „ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, — ჩიოდა ასაფი. — ძნელი იყო [ეს] ჩემს თვალში“ (ფსალმუნი 72:14, 16). შეიძლება შენც იმავეს გრძნობ, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავ! ასაფმა შეძლო მისი დროის სიბოროტისთვის თავის გართმევა და შენც შეგიძლია იმავეს გაკეთება. მაგრამ როგორ?
ასაფი მიხვდა, რომ ადამიანის არასრულყოფილი მმართველობისას ჭეშმარიტი სამართლის პოვნა თითქმის შეუძლებელია (ფსალმუნი 145:3, 4; იგავნი 17:23). ამგვარად, მის გარშემო არსებული სიბოროტის თავიდან მოცილების მცდელობაში ძვირფასი დროის, ენერგიისა და სახსრების ფუჭი დახარჯვის ნაცვლად, მან კონცენტრირება მოახდინა ღმერთთან თავის ურთიერთობაზე. ასაფი აღიარებდა: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს“ (ფსალმუნი 72:28).
დღეს ისინი, ვინც ბინძური საქმიანობით არიან დაკავებული, ხშირად ხარობენ მატერიალური კეთილდღეობით. მრავალი შეიძლება ამაყობს კიდეც იმით, რომ ღვთის ზნეობრივ კანონებს უგულებელყოფს. მაგრამ ისინი მუდამ ვერ იზეიმებენ. „მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი, — აღნიშნავს ასაფი, — და უფსკრულში გადაჩეხე“ (ფსალმუნი 72:18).
დიახ, ღვთის მიერ დადგენილ დროს გაიძვერობა, ძალადობა და კორუფცია, აგრეთვე ყველა სხვა უღვთო მოქმედება, რომლებსაც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა თავი უნდა აარიდონ, ჩამოცილებულ იქნება. ბიბლია გვპირდება: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნი 36:9). ამასობაში დაე გავიმეოროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები, რომელმაც თქვა: „უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, — ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი“ (ფსალმუნი 17:3).