ბიბლიის თვალსაზრისი
რა დგას ჯადოქრობის უკან?
„ჯადოქარი“. რა წარმოგესახებათ გონებაში ამ სიტყვის გაგონებაზე? ხომ არ წარმოიდგინეთ კუდიანი ქალი, რომელიც ჯადოს უკეთებს ვინმეს ან გარყვნილი ქალი, რომელსაც სატანასთან აქვს კავშირი? ამ სტერეოტიპებისგან განსხვავებით მრავალი, ვინც დღეს აცხადებს რომ ჯადოქარია, ჩვეულებრივი ადამიანებისგან თითქოს არ გამოირჩევა. ზოგი მათგანი პატივსაცემი სპეციალისტიც არის. მაგალითად, მოსამართლე, მასწავლებელი, მწერალი ან მედდაა. მთელ მსოფლიოში აღორძინდა რელიგიური მოძრაობები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან ახლოს არის ოკულტიზმთან; ასეთებია, მაგალითად, ბუნების ძალებთან დაკავშირებული რელიგიები და განახლებული წარმართობაa. „დღეს რუსეთის ნებისმიერ კუთხეში ჯადოქრობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“, — თქვა რუსეთში მომსახურე მილიციელმა. შეერთებული შტატები 50 000-დან 300 000-მდე ჯადოქრის, ანუ როგორც ზოგი საკუთარ თავს უწოდებს, „შავი მაგიის“b წარმომადგენლის, სახლია.
დღეს სიტყვა „ჯადოქარს“ ხშირად თავისუფლად იყენებენ და სხვადასხვა ხალხისთვის მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. დღეს ჯადოქრების მომრავლება უშუალოდ ღვთაებებისადმი თაყვანისცემის ელემენტებთანაა დაკავშირებული; აგრეთვე ჯადოქრობას ხელი შეუწყო ბუნების ძალებთან დაკავშირებულმა რელიგიამ, რომლის მრწამსიც მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ზებუნებრივ ფსიქიკურ შესაძლებლობებზე. ზოგი ჯადოქარი დამოუკიდებლად მოქმედებს — რიტუალებს მარტო ასრულებს, აკვირდება სეზონთა ცვლილებებს, მთვარის ფაზებს და სხვა ბუნებრივ მოვლენებს. სხვები თაყვანისცემისა და ჯადოქრობის მიზნით, ჩვეულებრივ, 13-კაციან ჯგუფებად იკრიბებიან.
მართალია, დასავლეთის ქვეყნებში დღეს ჯადოქრებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება შუა საუკუნეების დროინდელი დამოკიდებულებისგან, როცა ჯადოქრებს კოცონზე წვავდნენ, მაგრამ დროდადრო დღესაც იფეთქებს ხოლმე ჯადოქრების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა. მაგალითად, 1998 წლის ოქტომბრის დასაწყისში ინდონეზიაში მაჩეტეებით შეიარაღებულმა ბანდამ ლინჩის წესით გაასამართლა და მოკლა 150-ზე მეტი ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი. ცნობების თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 1990—1998 წლებში ჯადოქრების წინააღმდეგ 2 000-ზე მეტი ძალადობის შემთხვევა აღინიშნა; დახოცეს 577 ჯადოქარი. დღეს, როდესაც ჯადოქრების მიმართ ასეთი არაეთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს — ზოგი დაინტერესებულია მათით, ხოლო ზოგს ეზიზღება ისინი — მათდამი რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს?
დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები
რატომ მიმართავს დღეს ხალხი ჯადოქრობას? ჯადოქრები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ბუნებისა და სიცოცხლისადმი ღრმა პატივისცემაა. ზოგს ეამაყება, რომ თაყვანსაცემად გამართულ რიტუალებში ცხოველურ შესაწირავებს არ იყენებენ. სხვები ამბობენ, რომ ჯადოქრობას მხოლოდ მოყვარულის დონეზე მისდევენ და ისიც იმიტომ, რომ ეძებენ ადამიანებს, ვისაც შეიძლება თავისუფლად ენდონ და სულიერი ინტერესები გაუზიარონ. „წარმართული მიმდინარეობის ნებისმიერი წევრი, ვისაც კი ვიცნობ, ძალიან მეგობრული და გულგახსნილია . . . ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან“, — ამბობს ერთი ჯადოქარი. მრავალი ჯადოქარი აღნიშნავს, რომ მათს საქმიანობასთან სატანას არავითარი კავშირი არა აქვს და ამტკიცებს, რომ მათს რელიგიურ გაერთიანებაში არავითარი ბოროტი ღვთაება არ არის გარეული.
მრავალმა ჯადოქრობა უმთავრესად იმიტომ დაიწყო, რომ სულიერ სიცარიელეს გრძნობდა და ძირითადი რელიგიების მიმართ გული გაუტყდა. თავიანთი საკრებულოს შესახებ, ფილის კაროტი, ჯადოქრების ქურუმი, ამბობს: „არც ერთ ჩვენგანს არ გვაკმაყოფილებდა იმ რელიგიების მოძღვრება, რომლითაც აღვიზარდეთ“. როგორც კაროტი ხსნის, თანამედროვე ჯადოქრები პასუხის პოვნას ცდილობენ კითხვაზე: „როგორ შეგვიძლია ღვთისმოსაობის აღდგენა?“ მაგრამ არის ჯადოქრობა სულიერობისკენ მიმავალი სწორი ბილიკი?
ჭეშმარიტი სულიერობა — სად შეგვიძლია მისი პოვნა?
ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და სამყაროს უზენაესი უფალი (ფსალმუნი 72:28; 1 პეტრე 1:15, 16; გამოცხადება 4:11). ის ყველა ხალხს იწვევს, ეძიონ და ‘იპოვონ’ ღმერთი (საქმეები 17:27). მაშასადამე, ჭეშმარიტი სულიერობის მოპოვება მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებით შეიძლება. ამის მიღწევა კი მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით არის შესაძლებელი. „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“, — გვარწმუნებს ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, იაკობი (იაკობი 4:8).
ღვთის სიტყვა ბოროტი სულების წყაროს შესახებაც გვაფრთხილებს (1 იოანე 4:1). მასში ლაპარაკია, რომ სატანა ეშმაკი, იეჰოვას დაუძინებელი მტერი, და მისი დემონები არიან დღეს ასე ფართოდ გავრცელებული ცრუ რელიგიების უმრავლესობის წყაროc. ბიბლიის თანახმად, სატანამ მრავალს „დაუბრმავა გონება“. ფაქტობრივად, ის არის „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ და მათ შორის ჯადოქრების მაცდუნებელიც, მნიშვნელობა არა აქვს, აღიარებენ თუ არა ეს ჯადოქრები, რომ ეშმაკის თაყვანისმცემლები არიან. როგორ? (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 12:9).
თანამედროვე ჯადოქრობაში მრავალი ჩვევა და რიტუალი საოცრად ჰგავს სატანიზმის იდუმალ რიტუალებს. ამიტომ ეგრეთ წოდებულმა უწყინარმა ცნობისმოყვარეობაც კი ადვილად შეიძლება ოკულტიზმამდე მიგვიყვანოს. და მართლაც, მრავალი ამ გზით გაება სატანის მიერ დაგებულ ბოროტების მახეში.
არც ის ფაქტი უნდა უგულებელვყოთ, რომ ზოგს დღეს ჯადოქრობისკენ ძალაუფლების ან შურისძიების წყურვილი უბიძგებს. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ჯადოქრებს უწოდებენ და მას უკეთური მიზნებისთვის იყენებენ“, — ამბობს ჯენიფერი, თანამედროვე ჯადოქარი. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კეთილი, ისე შურისმგებელი ჯადოქრები მთლიანად სატანისა და დემონების ზემოქმდებაში მოქცევის საშიშროების წინაშე დგანან. ზოგმა ჯადოქარმა შეიძლება უარყოს ასეთი ბოროტი სულების არსებობა, რაც ამ სულებს მათზე გავლენის მოხდენას უადვილებს (შეადარეთ 1 კორინთელთა 10:20, 21).
ბიბლია მსჯავრს სდებს მკითხაობას, ჯადოქრობას, მაგიას, ჯადოების გაკეთებას და მკვდრებთან კავშირის დამყარების ნებისმიერ მცდელობას. მასში ნათლად არის ნათქვამი: „საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი“ (მეორე რჯული 18:10—12). რა თქმა უნდა, ქრისტიანებს გადაწყვეტილი აქვთ, ‘სიკეთე მოიმოქმედონ ყველასთვის’ და თავიანთი მსახურებით მრავალს დაეხმარნენ სპირიტიზმის ყველა ფორმისგან გათავისუფლებაში (გალატელთა 6:10; საქმეები 16:14—18). გარდა ამისა, ქრისტიანები არავითარ მონაწილეობას არ ღებულობენ ცრუ თაყვანისმცემლობაში და მათ შორის ჯადოქრობაში (2 კორინთელთა 6:15—17).
[სქოლიოები]
a გამოთქმა „ბუნების ძალებთან დაკავშირებული რელიგია“ მიუთითებს მრწამსზე, რომ დედამიწა და მასზე მობინადრე ქმნილებები ღვთაების შემადგენელი ნაწილები არიან და იმავე სასიცოცხლო ძალას ფლობენ; „განახლებული წარმართობა“ კი წინაქრისტიანული ღვთაებებისადმი თაყვანისცემაზე მიუთიებს.
b ერთი ლექსიკონის თანახმად, ჯადოქრები არიან „შავი მაგიის“ მიმდევრები. ეს უკანასკნელი წარმართული რელიგიაა, რომელიც დასავლეთ ევროპის წინაქრისტიანობაში იღებს სათავეს (The American Heritage College Dictionary).
c ჩვენი ჟურნალის რუბრიკაში „ბიბლიის თვალსაზრისი“ მოცემულია პასუხი შემდეგ შეკითხვაზე: „ნამდვილად არსებობს ეშმაკი?“ (8 იანვარი, 1990; გვერდები 12, 13, ინგლ.) და „ნამდვილად არსებობენ დემონები?“ (8 აპრილი, 1998; გვერდები 18, 19).
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Picture Book of Devils, Demons and Witchcraft/Ernst and Johanna Lehner/Dover.