-
ქორწინება — მოსიყვარულე ღვთის საჩუქარი„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
ვინ იქნება კარგი მეუღლე?
9, 10. ა) რომელი თვალსაჩინო მაგალითით დაგვანახვა პავლემ, თუ რა საშიშროება არსებობს, როცა ქრისტიანი ისეთ ადამიანზე ქორწინდება, ვინც მის რწმენას არ იზიარებს? ბ) რა მოჰყვება ხშირად შედეგად ღვთის რჩევის უგულებელყოფას?
9 პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც გასათვალისწინებელია ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. მან თქვა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14). ეს მაგალითი მან სოფლის ცხოვრებიდან მოიყვანა. თუ ერთ უღელში ორი სხვადასხვა ზომისა და ძალის ცხოველს შეაბამენ, ორივე გაწვალდება. მსგავსად, თუ მორწმუნე იმ ადამიანზე დაქორწინდება, ვინც მის რწმენას არ იზიარებს, მათ უეჭველად ექნებათ უთანხმოება. ერთს თუ იეჰოვას სიყვარულში დარჩენა სურს, მეორეს კი ეს საერთოდ არ აინტერესებს, მათი პრიორიტეტები შეუთავსებელი იქნება, რაც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს და ბევრი თავსატეხი გაუჩინოს წყვილს. ამიტომ პავლემ ურჩია ქრისტიანებს, დაქორწინებულიყვნენ, „ოღონდ უფალში“ (1 კორინთელები 7:39).
10 მაგრამ ზოგი დაუქორწინებელი ქრისტიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მარტოობას უთანასწორო უღელში შებმა ჯობია. ზოგი უგულებელყოფს ბიბლიის რჩევას და ქორწინდება ადამიანზე, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას. სამწუხაროდ, შედეგები ხშირად არასახარბიელოა. მათ არ შეუძლიათ მეუღლეს გაუზიარონ ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ისინი შეიძლება უფრო მეტად გრძნობდნენ თავს მარტოსულად, ვიდრე დაქორწინებამდე. საბედნიეროდ, ათასობით დაუქორწინებელი ქრისტიანი ითვალისწინებს ღვთის რჩევას ამ საკითხზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8). მათ დაქორწინების იმედი არ დაუკარგავთ, თუმცა არ ქორწინდებიან მანამ, სანამ მეუღლეს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემელთა შორის არ იპოვიან.
11. რა დაგეხმარება, გონივრულად აირჩიო მეუღლე? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჩემს მეუღლეს?“.)
11 რა თქმა უნდა, იეჰოვას ნებისმიერი მსახური ავტომატურად ვერ იქნება შენი შესაფერისი. თუ დაქორწინებას აპირებ, ეძებე ისეთი ადამიანი, ვისაც ისეთივე თვისებები და სულიერი მიზნები აქვს, როგორიც შენ და ისევე ძლიერ უყვარს ღმერთი, როგორც შენ. ერთგული და გონიერი მონა ამ საკითხზე დიდი რაოდენობით სულიერ საზრდოს გვაწვდის; კარგი იქნება, თუ ილოცებ და კარგად დაფიქრდები ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებზე და გამოიყენებ მათ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:105).a
12. რა არის მიღებული მრავალ ქვეყანაში და რომელი ბიბლიური მაგალითი დაეხმარება მშობლებს?
12 ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ შვილს მშობლებმა აურჩიონ მეუღლე; ასეთ ქვეყნებში თვლიან, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გასაკეთებლად მშობლებს გაცილებით მეტი სიბრძნე და გამოცდილება აქვთ. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს, გარიგებით დაქორწინებულები ხშირად ბედნიერები არიან. მშობლებს, რომლებიც დღეს მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე დგანან, შეუძლიათ ბევრი რამე ისწავლონ აბრაამის მაგალითიდან, რომელმაც თავისი მსახური იმ მიზნით გაგზავნა, რომ ისაკისთვის ღირსეული ცოლი მოეძებნა. აბრაამისთვის მთავარი სიმდიდრე და სოციალური მდგომარეობა არ იყო. პირიქით, ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ისაკს იეჰოვას თაყვანისმცემელი მოეყვანა ცოლად (დაბადება 24:3, 67).b
-