-
ვაი მოღალატე ვენახს!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
სიხარბის საზღაური
17. რა ბოროტმოქმედებას განსჯის ესაია პირველი „ვაის“ გაცხადებისას?
17 მე-8 მუხლში ესაია აღარ ციტირებს იეჰოვას სიტყვებს. ის მსჯავრს სდებს იუდას „ხენეში ნაყოფების“ გამოღებისთვის და ექვსი „ვაიდან“ პირველს აცხადებს: „ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!“ (ესაია 5:8—10).
18, 19. როგორ არღვევდნენ ესაიას თანამედროვეები საკუთრების შესახებ იეჰოვას კანონებს და რას მოიმკიდნენ შედეგად?
18 ძველ ისრაელში მთელი მიწა საბოლოოდ იეჰოვას ეკუთვნოდა. ღვთისგან თითოეულ ოჯახს ჰქონდა მიცემული მამული, რომელიც შეეძლოთ ქირით გაეცათ, მაგრამ უფლება არ ჰქონდათ, „სამუდამოდ“ გაეყიდათ (ლევიანნი 25:23). ამ კანონის წყალობით სათანადოდ იქნებოდა გამოყენებული მიწა და ერთი კაცის მფლობელობაში არასდროს გადავიდოდა მთელი მამულები. ამავე დროს თითოეული ოჯახი დაცული იყო სიღატაკისგან. მაგრამ იუდაში ზოგი სიხარბით არღვევდა საკუთრების შესახებ ღვთის კანონს. მიქა წერდა: „მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები — და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს“ (მიქა 2:2). ამასთან დაკავშირებით იგავნის 20:21-ში შემდეგი გაფრთხილებაა მოცემული: «თავიდან იოლად [„სიხარბით“, აქ] შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება».
19 იეჰოვა აცხადებს, რომ ხარბებს წაართმევს უკანონოდ შეძენილ ქონებას. მათ მიერ მიტაცებული სახლები „გაუკაცრიელდება“, ხოლო მიწები უნაყოფო შეიქნება. მაგრამ არ არის ნათქვამი, როგორ და როდის შესრულდება ეს განაჩენი. როგორც ჩანს, ეს სიტყვები, ნაწილობრივ მაინც ეხებოდა მომავალში ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდს (ესაია 27:10).
20. როგორ უნდა მოერიდონ ქრისტიანები სიხარბეს, რომელსაც ზოგი ისრაელი ავლენდა?
20 ქრისტიანებმა უნდა შეიძულონ სიხარბე, რომელსაც ისრაელები ავლენდნენ ძველ დროში (იგავნი 27:20). როცა ადამიანი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქონებას, ადვილად თმობს პატიოსნებას და უკან არაფერზე იხევს ფულის საშოვნელად. შეიძლება საეჭვო საქმეებში ჩაებას ან სწრაფად გამდიდრების არარეალური გეგმების განხორციელებას გამოედევნოს. „ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება“ (იგავნი 28:20). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს! (1 ტიმოთე 6:8).
საეჭვო გართობის მახე
21. რა ცოდვებს განსჯის ესაია მეორე „ვაის“ გაცხადებისას?
21 შემდეგ ესაიას მეორე „ვაი“ მოდის: „ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ“ (ესაია 5:11, 12).
22. რა მხრივ სცდებიან ისრაელები ყოველგვარ ზღვარს და რა მოელით მათ ამის გამო?
22 იეჰოვა „ნეტარი ღმერთია“ და თავის მსახურებს მიზანშეწონილ გართობას არ უკრძალავს (1 ტიმოთე 1:11 სსგ). მაგრამ ეს განცხრომის მოყვარულები ყოველგვარ ზღვარს სცდებიან! „ლოთები ღამით თვრებიან“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 თესალონიკელთა 5:7). წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მოქეიფეები კი სმას დილითვე იწყებენ და გვიანობამდე თვრებიან! ისინი ისე იქცევიან, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს და თავიანთი საქციელისთვის მის წინაშე არ ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი. ესაია მათ უბედურებას უწინასწარმეტყველებს: „ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიოებს წყურვილი გაახმობს“ (ესაია 5:13). ჭეშმარიტი შემეცნების თანახმად მოქცევაზე უარის თქმის გამო ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი — დიდებულებიც და მდაბიონიც — შავეთში მოხვდებიან (წაიკითხეთ ესაია 5:14—17).
23, 24. რა მხრივ უნდა გამოავლინონ თავდაჭერილობა და ზომიერება ქრისტიანებმა დღეს?
23 სმა და ღრეობები პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანსაც იზიდავდა (გალატელთა 5:21; 2 პეტრე 2:13). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ზოგი ქრისტიანი კეთილგონივრულად არ იქცევა მეგობრული შეხვედრებისას. ალკოჰოლური სასმელების უზომო სმამ ზოგი უხამსი და უხეში გახადა (იგავნი 20:1). ნასვამ მდგომარეობაში სხვებმა უზნეობაც კი ჩაიდინეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დროსტარება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელებულა და მომდევნო დღეს ხელი შეშლია ქრისტიანულ საქმიანობას.
24 გაწონასწორებულ ქრისტიანებს კი ღვთის მოსაწონი ნაყოფი გამოაქვთ და თავდაჭერილობასა და ზომიერებას ავლენენ გართობასთან დაკავშირებით. ისინი იცავენ პავლეს რჩევას, რომელიც რომაელთა 13:13-შია მოცემული: „მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით“.
ცოდვის სიძულვილი და ჭეშმარიტების სიყვარული
25, 26. ისრაელების რა არასწორ აზროვნებას ამხელს ესაიას მესამე და მეოთხე „ვაი“?
25 ახლა ესაიას მესამე და მეოთხე „ვაი“ განვიხილოთ: „ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით — ცოდვას. რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს — ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს — სიმწარედ!“ (ესაია 5:18—20).
26 რა შესანიშნავად აღწერს ესაია ცოდვის ჩამდენთ! ისინი ისევე არიან მიბმული ცოდვას, როგორც პირუტყვი — ტვირთს. ამ ცოდვილებს არავითარი მოახლოებული განკითხვის დღის არ ეშინიათ. ისინი დამცინავადაც კი ამბობენ: „დააჩქაროს [ღმერთმა] თავისი საქმე“. იმის მაგივრად, რომ ღვთის კანონებს დაემორჩილონ, ერთმანეთში ურევენ ყველაფერს და ‘ბოროტებას სიკეთეს არქმევენ, ხოლო სიკეთეს — ბოროტებას’ (შეადარეთ იერემია 6:15; 2 პეტრე 3:3—7).
27. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, მოერიდონ ისეთი დამოკიდებულების განვითარებას, როგორიც ისრაელებს ჰქონდათ?
27 ქრისტიანები ყოველმხრივ უნდა მოერიდონ ასეთი დამოკიდებულების განვითარებას. მაგალითად, ისინი არ იზიარებენ ამ წუთისოფლის თვალსაზრისს, რომ არაფერია ცუდი მრუშობასა და ჰომოსექსუალიზმში (ეფესელთა 4:18, 19). მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ქრისტიანმა არასწორი ნაბიჯი გადადგას, რამაც სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანოს (გალატელთა 6:1). კრების უხუცესები ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ასეთ გასაჭირში ჩავარდნილს (იაკობი 5:14, 15). მათი ლოცვითა და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის მიცემით სულიერი განკურნება შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ასეთი ადამიანი „ცოდვის მონად“ იქცეს (იოანე 8:34). დამცინავებისგან განსხვავებით, ქრისტიანები არ კარგავენ სიფხიზლეს სამსჯავრო დღის მოახლოებასთან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ „შეუბღალავნი და უბიწონი“ წარსდგნენ იეჰოვას წინაშე (2 პეტრე 3:14; გალატელთა 6:7, 8).
28. რა ცოდვებს განსჯის ბოლო რამდენიმე „ვაი“ და როგორ უნდა მოერიდონ ქრისტიანები ასეთ ცოდვებს?
28 ესაია სრულიად მართებულად წარმოთქვამს ბოლო რამდენიმე „ვაისაც“: „ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!“ (ესაია 5:21—23). ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ქვეყნის მსაჯულებს ეხებათ. დღევანდელი უხუცესები ცდილობენ, არ იყვნენ „ბრძენები თავიანთ თვალში“. ისინი თავმდაბლად იღებენ რჩევებს ერთმანეთისგან და ზუსტად მიჰყვებიან ორგანიზაციულ მითითებებს (იგავნი 1:5; 1 კორინთელთა 14:33). ისინი ზომიერებას ავლენენ ალკოჰოლური სასმელების მიღებასთან დაკავშირებით და არასდროს სვამენ კრებაში თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულების წინ (ოსია 4:11). უხუცესები აგრეთვე ცდილობენ, არასდროს გამოავლინონ მიკერძოებულობა (იაკობი 2:9, სსგ). როგორ განსხვავდებიან ისინი ქრისტიანული სამყაროს სასულიერო პირთაგან! ამ უკანასკნელთაგან მრავალი ხელს აფარებს სერიოზული ცოდვების ჩამდენ გავლენიან და მდიდარ სასულიერო პირებს და არაფრად აგდებს პავლე მოციქულის გაფრთხილებებს, რომლებიც რომაელთა 1:18, 26, 27-ში, 1 კორინთელთა 6:9, 10-სა და ეფესელთა 5:3—5-შია მოცემული.
29. რა უბედურება ელის იეჰოვას ვენახს, ისრაელს?
29 ამ წინასწარმეტყველური ცნობის დასასრულს ესაია უბედურებას უწინასწარმეტყველებს მათ, რომლებმაც „შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული“ და კარგი ნაყოფი არ გამოიღეს (ესაია 5:24, 25; ოსია 9:16; მალაქია 3:19). ის აცხადებს: «[იეჰოვა] შორიდან აღუმართავს დროშას [„ნიშანს“, აქ] ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება» (ესაია 5:26; მეორე რჯული 28:49; იერემია 5:15).
30. ვინ შეყრის „ხალხს“ იეჰოვას ერის წინააღმდეგ და რა მოჰყვება ამას?
30 ძველ დროში ამაღლებულ ადგილზე აღმართული ბოძი შეიძლებოდა „ნიშანი“ ანუ შეკრების ადგილის მაჩვენებელი ყოფილიყო მებრძოლთათვის (შეადარეთ ესაია 18:3; იერემია 51:27). ახლა იეჰოვა განაჩენის აღსასრულებლად თვითონვე შეყრის „ხალხს“, რომლის სახელსაც კონკრეტულად არ ასახელებსb. ის „სტვენით მოუხმობს“, ანუ მის ყურადღებას თავისი ურჩი ხალხისკენ მიაპყრობს, და მათი დაპყრობის სურვილს აღუძრავს. შემდეგ ესაია სწრაფ და თავზარდამცემ შემოსევას აღწერს — დამპყრობელი „მსხვერპლს“ ანუ ღვთის ერს ლომივით „დაეცემა“ და ტყვეობაში „გაიტაცებს“ (წაიკითხეთ ესაია 5:27—30ა). რა საშინელება ატყდება იეჰოვას ხალხის მიწას! „დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან“ (ესაია 5:30ბ).
31. როგორ შეუძლიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მოერიდონ სასჯელს, რომელიც იეჰოვას ვენახს, ისრაელს, დაატყდა თავს?
31 დიახ, ღვთის მიერ სიყვარულით ჩაყრილი ვენახი ნაყოფს არ იღებს და მხოლოდ განადგურებას იმსახურებს. რა დიდ გაფრთხილებას იძლევა ესაიას სიტყვები იეჰოვას დღევანდელ მსახურთათვის! დაე ისინი მხოლოდ კარგი ნაყოფის გამოღებას ეცადონ იეჰოვას განსადიდებლად და თავიანთ სახსნელად.
-
-
ვაი მოღალატე ვენახს!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[მთელი 85 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
-