-
ქალები, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ნოემბერი
-
-
ქალები, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვას
„უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან“ (რუთი 2:12).
1, 2. რა სარგებლობას მოგვიტანს ბიბლიურ დროში მცხოვრები იმ ღვთისმოშიში ქალების მაგალითებზე დაფიქრება, რომლებმაც გული გაუხარეს იეჰოვას?
ორ ქალს ღვთისმოშიშება ფარაონის ნების საწინააღმდეგოდ მოქცევისკენ უბიძგებს. მეძავ ქალს რწმენა აღძრავს, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს და ისრაელი მზვერავები გადაარჩინოს. ერთი ქალი გასაჭირში გონიერებასა და თავმდაბლობას ავლენს, რითაც მრავალს სიცოცხლეს უნარჩუნებს და იეჰოვას ცხებულს თავიდან აცილებს სისხლისღვრას. ქვრივ ქალს, რომელსაც შვილი ჰყავს, იეჰოვასადმი რწმენა და სტუმართმოყვარეობა აღძრავს, უკანასკნელი ლუკმა ღვთის წინასწარმეტყველისთვის გაიღოს. ეს მხოლოდ რამდენიმე ბიბლიური მაგალითია, თუ როგორ გაუხარეს გული იეჰოვას მისმა ერთგულმა მსახურმა ქალებმა.
2 ის, თუ როგორ ეპყრობა და როგორ აკურთხებს იეჰოვა ასეთ ქალებს, გვიჩვენებს, რომ ადამიანის სქესის მიუხედავად, ღვთისთვის ყველაზე მეტად დასაფასებელი პიროვნების სულიერი თვისებებია. დღევანდელ წუთისოფელში, სადაც უდიდესი ყურადღება გარეგნობასა და მატერიალურ მდგომარეობას ექცევა, რთულია სულიერი თვისებებისთვის უპირატესობის მინიჭება, მაგრამ ამ სირთულის დაძლევა შესაძლებელია. ამას საკუთარი ცხოვრებით ცხადყოფს მილიონობით ღვთისმოშიში ქალი, რომლებიც ღვთის ხალხის უმრავლესობას შეადგენენ. ქრისტიანი ქალები ჰბაძავენ ბიბლიაში მოხსენიებული ღვთისმოშიში ქალების მაგალითს და მათ მსგავსად, რწმენას, გამჭრიახობას, სტუმართმოყვარეობასა თუ სხვა შესანიშნავ თვისებებს ავლენენ. ცხადია, ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ქალების მიერ გამოვლენილი თვისებები ქრისტიანი მამაკაცებისთვისაც მისაბაძია. ამიტომაც, დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა არის ბიბლიაში მოთხრობილი იმ ქალების შესახებ, რომლებიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათ საუკეთესოდ მივბაძოთ (რომაელთა 15:4; იაკობი 4:8).
ქალები, რომლებიც ფარაონს არ დაემორჩილნენ
3, 4. ა) რატომ არ დაემორჩილნენ შიფრა და ფუყა ფარაონს, როდესაც მან ებრაელთა ახალშობილი ვაჟების მოკვლა ბრძანა? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ორი ბებიაქალი გამბედაობისთვის და ღვთისმოშიშებისთვის?
3 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში შემდგარ ნიურნბერგის პროცესზე მრავალი მსჯავრდებული, რომლებსაც ბრალად მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობა ედებოდათ, თავს იმით იმართლებდა, რომ ისინი მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდნენ. მათგან სრულიად განსხვავდებოდა ორი ებრაელი ბებიაქალი, შიფრა და ფუყა. ეს ქალები ძველ ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, როდესაც ქვეყანას მართავდა ტირანი ფარაონი, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია. ებრაელების გამრავლებით შეშინებულმა ფარაონმა ამ ბებიაქალებს უბრძანა, რომ ებრაელი ქალი თუ ვაჟს გააჩენდა, ახალშობილი მაშინვე მოეკლათ. როგორ მოიქცნენ ბებიაქალები? „არ აკეთებდნენ, როგორც ეგვიპტის მეფემ უბრძანა: ტოვებდნენ ცოცხლად ვაჟებს“. რატომ ვერ სძლია ამ ქალებს ადამიანისადმი შიშმა? რადგან, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „შეეშინდათ ბებიაქალებს ღვთისა“ (გამოსვლა 1:15, 17; დაბადება 9:6).
4 ბებიაქალები იეჰოვაზე ამყარებდნენ იმედს და ისიც, როგორც „ფარი“, იცავდა მათ ფარაონის რისხვისგან (2 მეფეთა 22:31; გამოსვლა 1:18—20). იეჰოვამ სხვაგვარადაც აკურთხა ეს ქალები — ბიბლიაში ნათქვამია, რომ «უშენებდა იგი მათ სახლებს [„მისცა მათ თავიანთი ოჯახები“, აქ]». გარდა ამისა, იეჰოვამ პატივი მიაგო ქალებს იმით, რომ მათი სახელები და საქციელი მომავალი თაობებისთვის ბიბლიაში ჩაიწერა, მაშინ როდესაც ფარაონის სახელი სამუდამო დავიწყებას მიეცა (გამოსვლა 1:21; 1 მეფეთა 2:30ბ; იგავები 10:7).
5. რით ჰგავს ბევრი ქრისტიანი ქალი შიფრასა და ფუყას და როგორ აკურთხებს მათ იეჰოვა?
5 არიან დღესაც შიფრასა და ფუყას მსგავსი ქალები? დიახ. ყოველწლიურად მრავალი ასეთი ქალი უშიშრად ქადაგებს ხალხის გადამრჩენ ბიბლიურ ცნობას იმ ქვეყნებში, სადაც ეს „მეფის ბრძანებით“ აკრძალულია. ასეთი მოქმედებით ისინი საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებენ (ებრაელთა 11:23; საქმეები 5:28, 29). ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრული ეს გულადი ქალები არ უშვებენ, რომ ვიღაცის ბრძანებით ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება შეწყვიტონ. ამის შედეგად, ბევრი ქრისტიანი ქალი წინააღმდეგობასა და დევნას ხვდება (მარკოზი 12:30, 31; 13:9—13). როგორც შიფრასა და ფუყას ერთგულებას ხედავდა, იეჰოვა ამ შესანიშნავი გამბედავი ქალების ერთგულებასაც ხედავს. ის ასეთი ქალებისადმი სიყვარულს იმით გამოავლენს, რომ „სიცოცხლის წიგნში“ დატოვებს მათ სახელებს, თუ ბოლომდე შეინარჩუნებენ ერთგულებას (ფილიპელთა 4:3; მათე 24:13).
ყოფილი მეძავი გულს უხარებს იეჰოვას
6, 7. ა) რა იცოდა რახაბმა იეჰოვასა და მის ხალხზე და რა გავლენა მოახდინა ამან მასზე? ბ) როგორ მიაგებს პატივს ღვთის სიტყვა რახაბს?
6 ძვ. წ. 1473 წელს ქანაანის ქალაქ იერიხოში ერთი მეძავი, სახელად რახაბი, ცხოვრობდა. ამ ქალისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი რამ იყო ცნობილი. როცა ორმა ისრაელმა მზვერავმა თავი მის სახლს შეაფარა, რახაბმა მათთან საუბარში ეგვიპტიდან ისრაელის სასწაულებრივ გამოსვლასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალი მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენიდან 40 წელი იყო გასული. მან ისიც იცოდა, თუ როგორ დაამარცხეს ისრაელებმა მოგვიანებით ამორეველი მეფეები — სიხონი და ყოგი. ყურადღება მიაქციეთ, რა გავლენა მოახდინა მასზე ამ ამბების გაგებამ. აი, რა უთხრა მან მზვერავებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა . . . რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში, და დაბლა მიწაზე“ (იესო ნავეს ძე 2:1, 9—11). დიახ, რახაბზე დადებითად იმოქმედა და გულში იეჰოვასადმი რწმენა ჩაუნერგა იმ ყოველივემ, რაც მან იეჰოვაზე და ისრაელის საკეთილდღეოდ მის მოქმედებაზე გაიგო (რომაელთა 10:10).
7 რწმენამ რახაბი მოქმედებისკენ აღძრა. მან „მშვიდობიანად მიიღო მზვერავები“ და მოგვიანებით, როდესაც ისრაელებმა იერიხოზე იერიში მიიტანეს, საკუთარი თავისა და ნათესავების გადასარჩენად, მათი მითითებისამებრ მოიქცა (ებრაელთა 11:31; იესო ნავეს ძე 2:18—21). უეჭველია, რახაბის რწმენამ, რაც მან საქმეებით დაამტკიცა, გული გაუხარა იეჰოვას; ვინაიდან იეჰოვამ ქრისტიანი მოწაფე იაკობი აღძრა, რომ რახაბის სახელი, როგორც ქრისტიანებისთვის მისაბაძი მაგალითი, აბრაამის, ღვთის მეგობრის, სახელთან ერთად მოეხსენიებინა. იაკობმა დაწერა: „ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა?“ (იაკობი 2:25).
8. როგორ აკურთხა იეჰოვამ რახაბი ერთგულებისა და მორჩილებისთვის?
8 იეჰოვამ მრავალმხრივ აკურთხა რახაბი. უპირველესად, ღმერთმა სასწაულებრივად გადაარჩინა დაღუპვას როგორც ის, ისე ყველა, ვინც კი თავი მის სახლს შეაფარა — „მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა“. შემდეგ ღმერთმა მათ ნება დართო, დარჩენილიყვნენ „ისრაელში“, სადაც, როგორც მკვიდრთ, ისე უნდა მოპყრობოდნენ (იესო ნავეს ძე 2:13; 6:22—25; ლევიანები 19:33, 34). კურთხევები ამით არ ამოწურულა. იეჰოვამ რახაბს პატივი დასდო, რომ იესო ქრისტეს წინაპარი გამხდარიყო. მართლაც რომ დიდი სიკეთე გამოავლინა მან ერთ დროს კერპთაყვანისმცემელი ქანაანელი ქალისადმიa (ფსალმუნები 129:3, 4).
9. როგორ ამხნევებს ზოგიერთ ქალს რახაბისა და პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი ქალისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?
9 რახაბის მსგავსად, პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ზოგიერთმა ქალმა უზნეო ცხოვრება მიატოვა იმისათვის, რომ ქრისტიანი გამხდარიყო და ღვთისმოსაწონად ეცხოვრა (1 კორინთელთა 6:9—11). უეჭველია, ზოგი მათგანი ძველი ქანაანის მსგავს გარემოში გაიზარდა, სადაც უზნეობა იმდენად იყო გავრცელებული, რომ ნორმალურადაც კი ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მათ შეიცვალეს ცხოვრების წესი, რისკენაც ისინი საღვთო წერილის საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებულმა რწმენამ აღძრა (რომაელთა 10:17). ამიტომაც, „ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს“ (ებრაელთა 11:16). მართლაც რომ დიდი პატივია!
გონივრული მოქმედებისთვის კურთხეული
10, 11. ნაბალსა და დავითს შორის შექმნილმა როგორმა მდგომარეობამ აღძრა აბიგაილი მოქმედებისკენ?
10 ღვთის ერთგული ქალები ძველად შესანიშნავად ავლენდნენ გონიერებას, რის გამოც მათ ღვთის ხალხს შორის ღირსეული ადგილი დაიკავეს. ერთ–ერთი ასეთი ქალი მდიდარი ებრაელი მემამულის, ნაბალის, ცოლი იყო. აბიგაილის გონიერებამ მრავალი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და დავითს, ისრაელის მომავალ მეფეს, სისხლი არ დააღვრევინა. აბიგაილის შესახებ შეგვიძლია 1 მეფეთა 25–ე თავში წავიკითხოთ.
11 ამბავი იმით იწყება, რომ დავითი თავის მეომრებთან ერთად ნაბალის ფარის მახლობლად დაბანაკებულა და სიკეთეს უკეთებს თანამოძმეს — დღედაღამ უსასყიდლოდ იცავს მის საქონელს. დავითს საკვების მარაგი როცა ელევა, ათ ჭაბუკს გზავნის ნაბალთან და დახმარებას სთხოვს. ნაბალს საშუალება ეძლევა, მადლიერება გამოხატოს დავითისადმი და პატივი სცეს მას, როგორც იეჰოვას ცხებულს. მაგრამ ის სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევა — განრისხებული შეურაცხყოფს დავითს და ჭაბუკებს ხელცარიელს უშვებს. ამის გაგონებაზე დავითი 400 შეიარაღებულ მეომარს კრებს და შურის საძიებლად მიემართება. ამ დროს აბიგაილი ქმრის უკმეხი პასუხის შესახებ იგებს. ის დაუყოვნებლივ იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას — გულის მოსალბობად დავითს უხვად უგზავნის სანოვაგეს. შემდეგ კი თავად მიდის მასთან შესახვედრად (მუხლები 2—20).
12, 13. ა) როგორ გამოავლინა აბიგაილმა გონიერება და აგრეთვე ერთგულება იეჰოვასა და მისი ცხებულისადმი? ბ) როგორ მოიქცა აბიგაილი შინ დაბრუნებისას და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
12 დავითთან შეხვედრისას აბიგაილი თავმდაბლურად სთხოვს მას შეწყალებას, რაც ცხადყოფს, რომ დიდ პატივს სცემს იეჰოვას ცხებულს. „ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან უფლის ომებს ეწევა ჩემი ბატონი“, — ამბობს აბიგაილი და რწმენას გამოთქვამს, რომ იეჰოვა დავითს ისრაელის მეფედ დაადგენს (მუხლები 28—30). ამავე დროს, აბიგაილი საკმაოდ დიდ გამბედაობას ავლენს, როდესაც დავითს ეუბნება, რომ ცხელ გულზე შურისძიება სისხლისღვრამდე მიიყვანს (მუხლები 26, 31). აბიგაილის თავმდაბლობას, პატივისცემით მოპყრობასა და საღ აზრს დავითი გონს მოჰყავს. ის აბიგაილს პასუხობს: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე“ (მუხლები 32, 33).
13 სახლში დაბრუნებული აბიგაილი მზად არის, გაბედულად შეატყობინოს ქმარს, რომ დავითს ძღვენი მიართვა. მაგრამ მისი მისვლისას ნაბალი „ძალიან მთვრალია“ და აბიგაილი ამბავს მოგვიანებით ატყობინებს. რა რეაქცია აქვს ნაბალს? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნაბალი „გაქვავდა“, რაშიც, შესაძლოა, რაღაცა დამბლის დაცემის მსგავსი იგულისხმება. ათ დღეში ის ღვთის ხელით კვდება. ნაბალის სიკვდილის გაგების შემდეგ დავითი ცოლად თხოულობს აბიგაილს, რომელმაც მეფე აშკარად მოხიბლა და საკუთარი თავის მიმართ დიდი პატივისცემით განაწყო. აბიგაილი დავითს ცოლობაზე თანხმდება (მუხლები 34—42).
შეგიძლიათ მიბაძოთ აბიგაილს?
14. აბიგაილის რომელ თვისებებს ვისურვებდით, უფრო მეტად რომ გამოგვევლინა?
14 ხედავთ აბიგაილის პიროვნებაში თვისებებს, რომლებიც გინდათ, რომ თქვენ — როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა — უკეთესად გამოავლინოთ? შეიძლება გსურთ, უფრო გონივრულად მოიქცეთ, როდესაც სირთულეები წამოგეჭრებათ; ან შესაძლოა, სურვილი გაქვთ, უფრო მშვიდად ილაპარაკოთ და საღი აზროვნების უნარი არ დაკარგოთ, როდესაც თქვენ გარშემო მყოფნი ემოციებს ჰყვებიან და მდგომარეობიდან გამოდიან. თუ ასეა, განა არ უნდა ილოცოთ ამაზე? იეჰოვა გვპირდება, რომ სიბრძნეს, გამჭრიახობასა და განსჯის უნარს მისცემს ყველას, ვინც კი ‘რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვს’ (იაკობი 1:5, 6; იგავები 2:1—6, 10, 11).
15. განსაკუთრებით რა შემთხვევაშია ქრისტიანი ქალებისთვის მნიშვნელოვანი აბიგაილისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა?
15 ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანი ქალისთვის, რომლის ქმარიც მორწმუნე არ არის და ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს თითქმის ან სულ არ იყენებს. შესაძლოა, ის ბევრს სვამს. იმედს არ ვკარგავთ, რომ ასეთი მამაკაცები შეიძლება შეიცვალონ. ბევრმა მათგანმა უკვე შეიცვალა ცხოვრების წესი. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ცოლების რბილმა ხასიათმა, პატივისცემით მოპყრობამ და წმინდა ქცევამ შეასრულა (1 პეტრე 3:1, 2, 4).
16. ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, როგორ შეუძლია ქრისტიან დას ცხადყოს, რომ ღმერთთან ურთიერთობას ყველაფერზე მეტად აფასებს?
16 როგორი პრობლემების ატანაც უნდა გიწევდეთ ოჯახში, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის თქვენ გვერდითაა (1 პეტრე 3:12). ამიტომაც შეეცადეთ, სულიერად უფრო მეტად გაძლიერდეთ. ილოცეთ სიბრძნისთვის და სიმშვიდისთვის. დაუახლოვდით იეჰოვას ბიბლიის რეგულარული შესწავლის, ლოცვის, წაკითხულზე დაფიქრებისა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობის მეშვეობით. აბიგაილის ღვთისადმი სიყვარულსა და იეჰოვას ცხებული მსახურის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენა ვერ მოახდინა ქმრის ურწმუნოებამ და არასწორმა აზროვნებამ. აბიგაილმა ღვთის სამართლიანი პრინციპებით იხელმძღვანელა. ისეთ ოჯახშიც კი, სადაც ქმარი ღვთის ერთგული მსახურია, ქრისტიან ცოლს უნდა ესმოდეს, რომ პირადი ძალისხმევაა საჭირო საკუთარი სულიერობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად. მართალია, ქმარს აკისრია მის სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის ბიბლიური პასუხისმგებლობა, მაგრამ საბოლოოდ, ის თვითონ უნდა ‘იღვწოდეს შიშითა და ძრწოლით თავის სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12; 1 ტიმოთე 5:8).
მან „წინასწარმეტყველის საზღაური“ მიიღო
17, 18. ა) როგორ გამოიცადა ცარფათელი ქვრივის რწმენა? ბ) რა რეაქცია ჰქონდა ქვრივს ელიას თხოვნაზე და როგორ აკურთხა იეჰოვამ ამისთვის?
17 წინასწარმეტყველ ელიას დროს მცხოვრები ღარიბი ქვრივის მიმართ იეჰოვას მიერ გამოვლენილი მზრუნველობიდან ვხედავთ, რომ მისთვის ძვირფასია ყველა, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად საკუთარ ძალ–ღონესა და მატერიალურ სახსრებს არ იშურებს. ხანგრძლივი გვალვის გამო ელიას დღეებში ბევრმა გმოსცადა შიმშილი, მათ შორის ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა და მისმა პატარა ვაჟმაც. როცა საკვები გამოელიათ და ერთხელღა შეეძლოთ ჭამა, მათ სტუმარი, წინასწარმეტყველი ელია, ეწვიათ. მან უცნაური რამ ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ქვრივის გასაჭირი, სთხოვა მისთვის „პატარა ხმიადი“ გამოეცხო დარჩენილი მცირეოდენი ზეთითა და ფქვილით. ამასთანავე, ქვრივს ასეთი რამ უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამ ქვეყანაში’“ (3 მეფეთა 17:8—14).
18 თქვენ როგორ გამოეხმაურებოდით ასეთ უჩვეულო სათხოვარს? ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ელია იეჰოვას წინასწარმეტყველად აღიარა, „ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა“. როგორ მოექცა მას იეჰოვა გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისთვის? მან სასწაულებრივად იზრუნა იმაზე, რომ ქვრივს, მის ვაჟსა და ელიას გვალვის პერიოდში საკვები არ მოჰკლებოდათ (3 მეფეთა 17:15, 16). დიახ, ცარფათში მცხოვრებმა ქვრივმა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ იყო, „წინასწარმეტყველის საზღაური“ მიიღო იეჰოვასგან (მათე 10:41). ღვთის ძემაც პატივისცემით მოიხსენია ეს ქვრივი, როდესაც ურწმუნო ხალხს თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში მისი მაგალითი მოუყვანა (ლუკა 4:24—26).
19. როგორ ჰბაძავს დღეს ბევრი ქრისტიანი ქალი ცარფათში მცხოვრები ქვრივის მაგალითს და როგორ უყურებს მათ იეჰოვა?
19 დღეს ბევრი ქრისტიანი ქალი იქცევა ცარფათში მცხოვრები ქვრივივით. მაგალითად, ქრისტიანი დები, რომელთაგან ბევრს მატერიალურად უჭირს და ოჯახები ჰყავს სარჩენი, უანგაროდ ავლენენ სტუმართმოყვარეობას მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლების მიმართ. სხვები სადილად ეპატიჟებიან სრული დროით მსახურებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს ან სხვაგვარად იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ სახსრებს სამეფოს საქმის მხარდასაჭერად (ლუკა 21:4). ხედავს იეჰოვა მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს? რა თქმა უნდა. „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 პირველ საუკუნეში ღვთისმოშიშ რამდენიმე ქალს წილად ხვდა პატივი, იესოსა და მის მოციქულებს მომსახურებოდნენ. მომდევნო სტატიაში ვნახავთ, თუ როგორ გაუხარეს იეჰოვას გული ამ ქალებმა და განვიხილავთ იმ ქრისტიანი ქალების მაგალითებს, რომლებიც დღეს სირთულეების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.
[სქოლიოები]
-
-
ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურებისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 ნოემბერი
-
-
ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები
„მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“ (იგავები 31:30).
1. რით განსხვავდება სილამაზის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისი წუთისოფლის თვალსაზრისისგან?
წუთისოფელში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარეგნობას, განსაკუთრებით კი ქალის გარეგნობას. ამის საპირისპიროდ, იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია შინაგანი პიროვნება, რომელიც წლებმა, შესაძლოა, უფრო მეტად დაამშვენოს (იგავები 16:31). ამიტომაც, ბიბლია ქალებს მოუწოდებს: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1 პეტრე 3:3, 4, აქ).
2, 3. როგორ უწყობდნენ ხელს ქალები პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის გავრცელებას და რა იყო ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები?
2 ამ მხრივ, სანაქებო სულისკვეთება გამოავლინა ბიბლიაში მოხსენიებულმა მრავალმა ქალმა. პირველ საუკუნეში ზოგიერთ მათგანს წილად ხვდა პატივი, იესოსა და მის მოციქულებს მომსახურებოდნენ (ლუკა 8:1—3). მოგვიანებით ქრისტიანი ქალები აქტიური მქადაგებლები გახდნენ. ზოგიერთი დიდ დახმარებას უწევდა ქრისტიან მამაკაცებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ჰქონდათ დაკისრებული, მათ შორის პავლე მოციქულს. სხვები სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ და ძმებს კრების შეხვედრების ჩასატარებლად სახლებსაც სთავაზობდნენ.
3 წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იეჰოვას განზრახვის განხორციელებისას ქალები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ. მაგალითად, იოელის 3:1, 2-ის თანახმად, როგორც მამაკაცები, ისე ქალები — ახალგაზრდებიცა და ხანდაზმულებიც — სულიწმიდას მიიღებდნენ სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად. ამ წინასწარმეტყველების შესრულება ახ. წ. 33 წელს დაიწყო (საქმეები 2:1—4, 16—18). ზოგიერთმა სულითცხებულმა ქალმა სასწაულებრივი ძღვენი — წინასწარმეტყველების უნარი — მიიღო (საქმეები 21:8, 9). ღვთის ერთგული, გულმოდგინე მქადაგებელი დებისგან შემდგარმა სულიერმა ლაშქარმა ხელი შეუწყო პირველ საუკუნეში ქრისტიანობის სწრაფად გავრცელებას. დაახლოებით ახ. წ. 60 წელს პავლე მოციქულმა დაწერა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).
გამბედაობით, გულმოდგინებითა და სტუმართმოყვარეობით ქებული ქალები
4. რა საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა პავლე მოციქულს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში მომსახურე ქალები შეექო?
4 პავლე მოციქული ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც განსაკუთრებით აფასებდა ზოგიერთი ქალის მსახურებას — ისევე, როგორც დღეს აფასებენ ქრისტიანი ზედამხედველები გულმოდგინე ქალების მსახურებას. ასეთ ქალებს შორის პავლემ სახელებით მოიხსენია „უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი“ და „პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში“ (რომაელთა 16:12). მან აგრეთვე დაწერა, რომ ევოდია და სვინტიქე მასთან ერთად „იღწვოდნენ . . . სახარებაში“ (ფილიპელთა 4:2, 3). პრისკილაც თავის ქმართან, აკვილასთან, ერთად პავლეს მხარდამხარ მსახურობდა. ის და აკვილა „თავს სწირავდნენ“ პავლესთვის, რამაც მოციქულს შემდეგი სიტყვები დააწერინა: „არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც“ (რომაელთა 16:3, 4; საქმეები 18:2).
5, 6. რა მხრივ არის პრისკილა ქრისტიანი დებისთვის სამაგალითო?
5 რამ შეუწყო ხელი პრისკილას გულმოდგინებასა და გამბედაობას? მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის საქმეების 18:24—26 მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ ის ქმართან ერთად დაეხმარა აპოლონს, ნიჭიერ ორატორს, ღვთის მიერ გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ფეხდაფეხ მიჰყოლოდა. აქედან ვხედავთ, რომ პრისკილა გულმოდგინედ სწავლობდა ღვთის სიტყვას და ერკვეოდა, თუ რას ასწავლიდნენ მოციქულები. სწორედ ამან შეუწყო ხელი მისი შესანიშნავი თვისებების განვითარებას, რის გამოც ის ძვირფასი იყო როგორც ღვთისთვის, ისე საკუთარი მეუღლისათვის და პირველი საუკუნის კრებაში დასაფასებელ წევრად ითვლებოდა. დღეს პრისკილასავით ძვირფასნი არიან შრომისმოყვარე ქრისტიანი დები, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას და სულიერ საზრდოს „ერთგული და გონიერი განმგებლისგან“იღებენ (ლუკა 12:42).
6 აკვილა და პრისკილა სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. პავლე მათ სახლში ცხოვრობდა, როდესაც მათთან ერთად კარვების მკერავად მუშაობდა კორინთში (საქმეები 18:1—3). როცა ეს წყვილი საცხოვრებლად ეფესოში, ხოლო მოგვიანებით რომში გადავიდა, ძველებურად განაგრძობდნენ ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენას; მათ სახლში კრების შეხვედრებიც კი ტარდებოდა (საქმეები 18:18, 19; 1 კორინთელთა 16:8, 19). აკვილასა და პრისკილას მსგავსად, ნუმფა და მარკოზად წოდებული იოანეს დედა, მარიამი, საშუალებას აძლევდნენ ძმებს, შეხვედრები მათ სახლებში ჩაეტარებინათ (საქმეები 12:12; კოლასელთა 4:15).
ფასდაუდებელი წვლილი დღეს
7, 8. რა სანაქებო რეპუტაცია შეიქმნა დღეს ბევრმა ქრისტიანმა ქალმა, რომლებიც წმინდა მსახურებაში მონაწილეობენ და რაში შეუძლიათ მათ დარწმუნებულები იყვნენ?
7 როგორც პირველ საუკუნეში, ერთგული ქრისტიანი ქალები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვთის განზრახვის განხორციელებაში — განსაკუთრებით კი სამქადაგებლო საქმეში. დებმა მართლაც რომ ჩინებული რეპუტაცია შეიქმნეს! მაგალითად გვენი, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. „გულმოდგინე ქადაგებით გვენმა სახელი გაითქვა ქალაქში, — ამბობს მისი ქმარი. — ის ყველას იმ ადამიანად თვლიდა, ვინც იეჰოვას სიყვარულსა და დანაპირებს გამოეხმაურებოდა. ღვთისადმი, მისი ორგანიზაციისადმი და ჩვენი ოჯახისადმი გვენის ერთგულება ერთად გატარებული ბედნიერი წლების განმავლობაში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა იყო, როგორც ჩემთვის, ისე შვილებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, თუ როგორ გვამხნევებდა ის, როცა გულგატეხილები ვიყავით. ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდა“. გვენმა და მისმა მეუღლემ ერთად 61 წელი იცხოვრეს.
8 ათიათასობით ქრისტიანი ქალი პიონერად ან მისიონერად მსახურობს. მათ შორის არიან როგორც დაქორწინებულები, ისე დაუქორწინებლები. ისინი ცხოვრებაში მცირედით კმაყოფილდებიან და სამეფოს შესახებ ცნობას სრულიად განსხვავებულ ტერიტორიებზე — ხმაურიან ქალაქებსა თუ მივარდნილ მხარეებში — ავრცელებენ (საქმეები 1:8). იეჰოვას მსახურებისთვის რომ უფრო მეტი დრო დაეთმოთ, ბევრმა უარი თქვა, საკუთარ სახლი ჰქონოდა ან შვილები ჰყოლოდა. ზოგიერთი ქრისტიანი და ერთგულად უჭერს მხარს მეუღლეს, რომელიც მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს. გარდა ამისა, ათასობით ქრისტიანი და სხვადასხვა ქვეყნის ბეთელის ოჯახებში მსახურობს. უეჭველია, რომ თავგანწირული სულისკვეთების მქონე ეს დები ‘ყოველი ერიდან შეკრებილი იმ სასურველი ადამიანების’ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც დიდებით ავსებენ იეჰოვას სახლს (ანგია 2:7, აქ).
9, 10. როგორ გამოხატავს ზოგიერთი ქრისტიანი ცოლებისა თუ დედების მიმართ მადლიერებას?
9 ცხადია, ბევრ ქრისტიან ქალს ოჯახური პასუხისმგებლობები აკისრია, მაგრამ ისინი სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ (მათე 6:33). ერთმა დაუქორწინებელმა პიონერმა დაწერა: „დედამ მტკიცე რწმენითა და კარგი პირადი მაგალითით დიდი როლი შეასრულა, რომ პიონერი გავმხდარიყავი. პიონერულ მსახურებაში ის ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო“. ერთი ძმა კი თავის მეუღლეზე, ხუთი მოზრდილი ქალიშვილის დედაზე, ამბობს: „სახლი ყოველთვის დალაგებული და დასუფთავებული იყო. ბონი ცდილობდა ოჯახში ყველაფერი სადად გვქონოდა და სახლი ზედმეტი ნივთებით არ გადაგვეტვირთა, რათა ძირითადად სულიერ ინტერესებზე გვეზრუნა. ის გონივრულად ანაწილებდა ჩვენს შემოსავალს, რამაც შესაძლებლობა მომცა 32 წელი ნახევარ განაკვეთზე მემუშავა და მეტი დრო დამეთმო ოჯახისთვის და მსახურებისთვის. ჩემმა მეუღლემ შვილებსაც ასწავლა შრომის ფასი. ის ჩემგან მხოლოდ ქებას იმსახურებს“. დღეს ეს წყვილი იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს.
10 აი, რას წერს სხვა ძმა თავის მეუღლეზე, მოზრდილი შვილების დედაზე: „სუზანის თვისებებიდან განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ძალიან უყვარს ღმერთი და ადამიანები; აგრეთვე გულისხმიერი, თანამგრძნობი და პატიოსანი ადამიანია. მას ყოველთვის ასეთი თვალსაზრისი ჰქონდა — იეჰოვა ჩვენგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ცხოვრებაში ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ის, როგორც ღვთის მსახური და როგორც დედა“. მეუღლის მხარდაჭერამ ამ ძმას ქრისტიანულ კრებაში მრავალი პასუხისმგებლობის შესრულების — უხუცესად, პიონერად, სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ და საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრად მსახურების შესაძლებლობა მისცა. ასეთი ქალები ნამდვილად ძვირფასნი არიან, როგორც მეუღლეებისთვის, ისე თანაქრისტიანებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასთვის (იგავები 31:28, 30).
ძვირფასი დაუქორწინებელი ქალები
11. ა) როგორ გამოხატა იეჰოვამ ერთგულ ქალებზე, განსაკუთრებით ქვრივებზე, მზრუნველობა? ბ) რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულები ქრისტიანი ქვრივები და სხვა ერთგული დები, რომლებსაც ქმრები არა ჰყავთ?
11 იეჰოვა ხშირად გამოხატავდა ქვრივთა მიმართ მზრუნველობას (მეორე რჯული 27:19; ფსალმუნები 67:6; ესაია 10:1, 2, სსგ). ის არ შეცვლილა. იეჰოვა დღესაც ზრუნავს არა მარტო ქვრივებზე, არამედ მარტოხელა დედებზე, აგრეთვე იმ ქალებზე, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, არ გათხოვდნენ ან თანაქრისტიანებს შორის შესაფერის ცხოვრების თანამგზავრს ვერ პოულობენ (მალაქია 3:6; იაკობი 1:27). თუ თქვენც ქრისტიანი მეუღლის მხარდაჭერის გარეშე ემსახურებით იეჰოვას, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ.
12. ა) როგორ ავლენს ზოგიერთი და იეჰოვასადმი ერთგულებას? ბ) რა გრძნობა ეუფლება ზოგ დას?
12 შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ქრისტიანი დები, რომლებიც იმის გამო არ გათხოვდნენ, რომ ერთგულად დაემორჩილნენ ღვთის მითითებას, გათხოვილიყვნენ ‘მხოლოდ უფალში’ (1 კორინთელთა 7:39; იგავები 3:1). ბიბლია ასეთ დებს არწმუნებს, რომ იეჰოვა: ‘მოწყალესთან მოწყალეობს [„ერთგულს ერთგულად ექცევა“, აქ], წრფელ კაცთან წრფელობს’ (2 მეფეთა 22:26). და მაინც, ბევრი მათგანისთვის ძნელია მარტო ცხოვრება. ერთი და ამბობს: „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მხოლოდ უფალში გავთხოვდე. თუმცა ბევრჯერ დამიღვრია ცრემლი, როცა დამინახავს, რომ ჩემი მეგობრები კარგ ქრისტიან ძმებს მიჰყვებოდნენ ცოლად, მე კი ისევ მარტო ვრჩებოდი“. სხვა და აღნიშნავს: „დაახლოებით 25 წელია, რაც იეჰოვას ვემსახურები. გადაწყვეტილი მაქვს, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დავრჩე, მაგრამ ხშირად მარტოობა მტანჯავს“. შემდეგ კი ამატებს: „ჩემნაირ დებს ძალიან სჭირდებათ გამხნევება“. როგორ შეგვიძლია ასეთი ერთგული დების დახმარება?
13. ა) რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან, ვინც იფთახის ქალიშვილს ინახულებდა? ბ) კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია დაუქორწინებელი დებისთვის?
13 ერთ-ერთ საშუალებას ბიბლიური მაგალითიდან ვხედავთ. როცა იფთახის ქალიშვილმა უარი თქვა, ოდესმე გათხოვილიყო, ხალხმა დაინახა, რომ ეს მისი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო. რას აკეთებდნენ ისინი მის გასამხნევებლად? «წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ [„შეექოთ“, აქ] იფთახ გილყადელის ასული, ოთხ დღეს წელიწადში» (მსაჯულთა 11:30—40). ჩვენც გულწრფელად უნდა შევაქოთ დაუქორწინებელი დები, რომლებიც ერთგულად იცავენ ღვთის კანონსa. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მათთვის? ლოცვებში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, მხარი დაუჭიროს ასეთ ძვირფას დებს, რათა მათ ერთგულად განაგრძონ მისადმი მსახურება. ისინი ღირსნი არიან, კვლავაც დავარწმუნოთ, რომ საყვარელნი და დასაფასებელნი არიან როგორც იეჰოვასთვის, ისე ქრისტიანული კრების წევრებისთვის (ფსალმუნები 36:28).
მარტოხელა დედები მიტოვებულნი არ არიან
14, 15. ა) რატომ უნდა მიმართონ დახმარებისთვის იეჰოვას მარტოხელა დედებმა? ბ) როგორ შეუძლიათ მარტოხელა მშობლებს თავიანთი ლოცვების შესაბამისად მოქმედება?
14 ის ქრისტიანი ქალებიც, რომლებიც მარტოხელა დედები არიან, ცხოვრებაში უამრავ სირთულეს ხვდებიან. მათ შეუძლიათ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართონ, რათა ბიბლიური პრინციპებით აღზარდონ შვილები. მართალია, თუ ქმარი არა გყავთ, ერთდროულად დედისა და მამის როლს ზედმიწევნით ვერ შეასრულებთ. მიუხედავად ამისა, იეჰოვა დაგეხმარებათ, თავი გაართვათ უამრავ პასუხისმგებლობას, თუ რწმენით მოუხმობთ მას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მრავალსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ცხოვრობთ და სახლში პროდუქტებით სავსე ჩანთა მიგაქვთ. ახვალთ ფეხით, თუ ლიფტი იმუშავებს? ცხადია, არა! მსგავსად ამისა, ნუ შეეცდებით მძიმე ემოციური ტვირთის მარტო ტარებას, როცა შეგიძლიათ, რომ დახმარებისთვის იეჰოვას მიმართოთ. ის გიწვევთ კიდეც. ფსალმუნების 67:20-ში ვკითხულობთ: „კურთხეულ არს უფალი! დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“. აგრეთვე 1 პეტრეს 5:7 მოგიწოდებთ, იეჰოვას მიანდოთ თქვენი საზრუნავი, „რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. ამიტომაც, როცა პრობლემებითა და საზრუნავით ხართ დამძიმებულნი, უთხარით ამის შესახებ ზეციერ მამას და „განუწყვეტლივ“ ასე მოიქეცით (1 თესალონიკელთა 5:17; ფსალმუნები 17:7; 54:23).
15 მაგალითად, დედებს უეჭველად გაღელვებთ, თუ რა გავლენას მოახდენენ სკოლაში თქვენს შვილებზე თანატოლები ან როგორ გამოიცდება მათი რწმენა (1 კორინთელთა 15:33). თქვენი წუხილი არცთუ უსაფუძვლოა, მაგრამ ამაზე ლოცვაც საჭიროა. შეგეძლოთ ბავშვებთან ერთად გელოცათ ამ საკითხებზე სკოლაში წასვლამდე, მაგალითად, ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ. გულწრფელმა, კონკრეტულმა ლოცვებმა შეიძლება ღრმა კვალი დატოვოს ბავშვების გონებაზე. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასგან კურთხეულნი იქნებით, თუ მოთმინებით შეეცდებით შვილების გულებში ღვთის სიტყვის ჩანერგვას (მეორე რჯული 6:6, 7; იგავები 22:6). გახსოვდეთ, რომ „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12; ფილიპელთა 4:6, 7).
16, 17. ა) რას ამბობს ერთი ძმა დედამისის მიერ შვილების მიმართ გამოვლენილ სიყვარულზე? ბ) რა გავლენა მოახდინა დედის სულიერობამ შვილებზე?
16 მაგალითად მოვიყვანოთ ექვსი შვილის დედა, სახელად ოლივია. მისმა ურწმუნო მეუღლემ ოჯახი მეექვსე შვილის დაბადებისთანავე დატოვა. ოლივიამ თავის თავზე აიღო უფლის გზებით შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა. მისი ვაჟი, დარენი, რომელიც ახლა 31 წლისაა და უხუცესად, აგრეთვე პიონერად მსახურობს, მაშინ 5 წლის იყო. ოლივიას პრობლემებს ისიც დაემატა, რომ დარენს სერიოზული დაავადება განუვითარდა, რომელიც დღემდე აწუხებს. დარენი ბავშვობას ასე იხსენებს: «მახსოვს, საავადმყოფოში საწოლზე ჩამომჯდარი, როგორ ველოდებოდი დედას. ის გვერდით მომიჯდებოდა ხოლმე და ყოველდღე მიკითხავდა ბიბლიას. შემდეგ მღეროდა სამეფოს სიმღერას „გმადლობთ იეჰოვა“b. ეს დღესაც ჩემი საყვარელი სიმღერაა».
17 იეჰოვას სიყვარული და მასზე მინდობა დაეხმარა ოლივიას, მარტოხელა დედის პასუხისმგებლობებს გამკლავებოდა (იგავები 3:5, 6). მისი განწყობა იმ მიზნებზეც აირეკლა, რომლებიც მან საკუთარ შვილებს დაუსახა. „დედა ყოველთვის გვამხნევებდა, მიზნად დაგვესახა სრული დროით მსახურება, — ამბობს დარენი. — რის შედეგადაც, მე და ოთხმა დამ სრული დროით მსახურება დავიწყეთ. თუმცა, დედა ამის შესახებ სხვებთან არასდროს იკვეხნიდა. ვცდილობ, მას მივბაძო და შესანიშნავი თვისებები გამოვავლინო“. მართალია, ყველა ბავშვი არ ხდება ღვთის მსახური, როგორც ოლივიას შვილები გახდნენ. მიუხედავად ამისა, როდესაც დედა ყოველმხრივ ცდილობს, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას, მას შეუძლია იეჰოვას ხელმძღვანელობისა და სიყვარულით მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს (ფსალმუნები 31:8).
18. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ ქრისტიანულ კრებას?
18 ძირითადად, ღმერთი ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიჭერს მხარს. მხარდაჭერის ღონისძიებაში შედის: რეგულარული სულიერი კვების პროგრამა, ქრისტიანული საძმო და სულიერად მოწიფული ძმები — „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ერთგული უხუცესები ყოველმხრივ ცდილობენ კრების თითოეული წევრის გამხნევებას და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ‘ქვრივ-ობლებს გასაჭირში’ (იაკობი 1:27). ამიტომაც, ყოველთვის ღვთის ხალხთან იყავი და არასდროს ჩამოშორდე მას (იგავები 18:1, აქ; რომაელთა 14:7).
მორჩილება — თვისება, რომელიც ქალს ამშვენებს
19. რატომ არ ნიშნავს ცოლის მორჩილება, მისი, როგორც ადამიანის, დაბალ საფეხურზე დგომას და რომელი ბიბლიური მაგალითი ადასტურებს ამას?
19 იეჰოვამ ქალი მამაკაცის დამხმარედ შექმნა (დაბადება 2:18). ამიტომაც, ქმრისადმი ცოლის მორჩილება არ ნიშნავს იმას, რომ, ცოლი, როგორც ადამიანი, უფრო დაბალ საფეხურზე დგას. პირიქით, ის ამკობს ქალს და შესაძლებლობას აძლევს, თავისი ნიჭი და უნარი ღვთის ნებასთან შეთანხმებულად გამოიყენოს. იგავების 31-ე თავში აღწერილია მრავალგვარი საქმე, რასაც ძველ ისრაელში გამრჯე ცოლი აკეთებდა. ის ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ვენახს უვლიდა და მიწას იძენდა. დიახ, ‘ერწმუნებოდა მას მისი მეუღლის გული და შემოსავალი არ აკლდებოდა’ (მუხლები 11, 16, 20).
20. ა) რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიან ქალს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭსა თუ შესაძლებლობებზე? ბ) რა შესანიშნავი თვისებებით გამოირჩეოდა ესთერი და ამის გამო, რა როლის შესრულება დააკისრა მას იეჰოვამ?
20 მოკრძალებულ, ღვთისმოშიშ ქალს არ სურს თავის განდიდება და არ ეჯიბრება მეუღლეს (იგავები 16:18). ის არ ცდილობს საზოგადოებრივ საქმიანობებში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, არამედ ღვთის მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს ძირითადად იმისთვის იყენებს, რომ სხვებს — ოჯახის წევრებს, თანაქრისტიანებს, მოყვასსა და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას — ემსახუროს (გალატელთა 6:10; ტიტე 2:3—5). განვიხილოთ დედოფალ ესთერის შესახებ ბიბლიაში მოცემული მაგალითი. ესთერი ლამაზი იყო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მოკრძალებული და მორჩილი ყოფილიყო (ესთერი 2:13, 15). გათხოვების შემდეგ, ის დიდ პატივს სცემდა თავის ქმარს, მეფე ახაშვეროშს, მისი ყოფილი ცოლისგან, ვაშთისგან, განსხვავებით (ესთერი 1:10—12; 2:16, 17). აგრეთვე ესთერი პატივისცემით ეპყრობოდა და ემორჩილებოდა მორდექაის, თავის უფროს ბიძაშვილს, მას შემდეგაც კი, რაც დედოფალი გახდა. მაგრამ ესთერი სულაც არ იყო სუსტი ნებისყოფის ადამიანი. მან გაბედულად ამხილა ჰამანი, ძალაუფლების მქონე დაუნდობელი კაცი, რომელსაც ებრაელების განადგურება ჰქონდა განზრახული. იეჰოვას ნებით, ესთერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ღვთის ხალხის გადასარჩენად (ესთერი 3:8—4:17; 7:1—10; 9:13).
21. როგორ შეუძლია ქრისტიან ქალს, უფრო ძვირფასი გახდეს იეჰოვასთვის?
21 როგორც ვხედავთ, ღვთისმოშიში ქალები, როგორც წინათ, ასევე დღეს განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენენ იეჰოვასადმი და მისი თაყვანისმცემლობისადმი. ამიტომაც, ისინი ძვირფასნი არიან ღვთის თვალში. საყვარელო დებო, საშუალება მიეცით იეჰოვას, რომ თავისი სულიწმიდის მეშვეობით თანდათანობით გაქციოთ უფრო სასურველ „ჭურჭლად“, რომელიც ‘გამზადებულია ყოველი კეთილი საქმისათვის’ (2 ტიმოთე 2:21; რომაელთა 12:2). ღვთის ასეთი ძვირფასი თაყვანისმცემლების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან“ (იგავები 31:31). დაე, ყოველ თქვენგანზე შესრულდეს ეს სიტყვები.
[სქოლიოები]
a იმის თაობაზე, თუ როგორ შეაქოთ ასეთი დები, რჩევები შეგიძლიათ იხილოთ 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26—28.
b სიმღერა 212, წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-