საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
    • 1894 წლის დეკემბერში ბიბლიის მკვლევარი, (ასე ერქვათ ადრე იეჰოვას მოწმეებს) ერთი სრული დროით მსახური მივიდა პაპაჩემთან, მამაჩემის მამასთან, ქლეიტონ ვუდვორთთან, რომელიც სკრანტონში (პენსილვანია, აშშ) ცხოვრობდა. ის მაშინ ახალდაქორწინებული იყო. პაპაჩემმა წერილი მისწერა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტ ჩარლზ ტეიზ რასელს და ეს წერილი „საგუშაგო კოშკის“ 1895 წლის 15 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ის წერდა:

      „ჩვენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვართ. ათი წელია, რაც ნომინალური ეკლესიის წევრები ვართ. მაგრამ ახლა გვჯერა, რომ გამოვდივართ მისი სიბნელიდან და შევდივართ სინათლეში იმ ახალი დღისა, რომელიც ახლა რიჟრაჟდება უზენაესს მიძღვნილი შვილებისთვის. . . დიდი ხნის წინათ, სანამ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს გავიცნობდით, ორივეს გულწრფელად გვსურდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, სხვა ქვეყნებში მისიონერებად გვემსახურა უფლისთვის მისი სურვილისამებრ“.

  • განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
    • იმავე წელს კორას და ვაშინგტონ ჰაუელებს ქალიშვილი, კეტრინი შეეძინათ. თუ როგორ გათხოვდა ის მამაჩემზე, ქლეითონ ვუდვორთ უმცროსზე, ჩემი აზრით, საინტერესო და მრავლისმთქმელია. ეს ისტორია გვიჩვენებს პაპაჩემის, ქლეითონ ვუდვორთ უფროსის, გამჭრიახობასა და მოსიყვარულე მშობლურ მზრუნველობას.

      მამაჩემს სიყვარულით აღსავსე დახმარებას უწევენ

      მამაჩემი, ქლეითონ უმცროსი, დაიბადა 1906 წელს სკრანტონში, რომელიც ჰაუელების ფერმიდან 80-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იმ დროს პაპაჩემი (ვუდვორთი) დაუახლოვდა ჰაუელების დიდ ოჯახს და ისინიც ხშირად ხვდებოდნენ მას თავიანთი კარგად ცნობილი სტუმართმოყვარეობით. პაპა დიდ დახმარებას უწევდა ბიბლიის მკვლევართა კრებას ამ მხარეში. დროთა განმავლობაში, პაპაჩემს შესთავაზეს, ჰაუელების სამი ვაჟის ქორწინებისთვის ეხელმძღვანელა; მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამივე ვაჟი წაეყვანა ქორწილში.

      მამაჩემი მაშინ ბიბლიის მკვლევართა მსახურებაში აქტიურად არ მონაწილეობდა. მართალია, მას პაპაჩემი სამქადაგებლო მსახურებაში დაჰყავდა მანქანით, და პაპაც ცდილობდა მსახურებისკენ მის წახალისებას, მაგრამ მამაჩემი აქტიურ მსახურებას არ ჰკიდებდა ხელს. ამ დროს მამას მუსიკისადმი ინტერესმა სხვა ყველაფერი უკან ჩამოატოვებინა და მან პროფესიული კარიერისკენ იწყო სწრაფვა.

      კეტრინიც, კორასა და ვაშინგტონ ჰაუელების ქალიშვილი, პროფესიონალი მუსიკოსი გახდა — უკრავდა და სხვებსაც ასწავლიდა პიანინოს დაკვრას. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც პროფესიონალური კარიერისკენ ეხსნებოდა კარი, კარიერაზე ზრუნვას თავი დაანება და სრული დროით მსახურება დაიწყო. ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო, პაპაჩემს თავისი შვილისთვის კეტრინზე უკეთესი საცოლე შეერჩია! მამაჩემი მოინათლა და ექვსი თვის შემდეგ, 1931 წელს, დედაჩემზე დაქორწინდა.

      პაპაჩემს ყოველთვის ეამაყებოდა, რომ მისი შვილი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც მამაჩემს სთხოვეს, კონგრესის დიდი ორკესტრი მოემზადებინა, 1946 წელს კლივლენდის (ოჰაიო) საერთაშორისო კონგრესისთვის. მომდევნო წლებში მამა იეჰოვას მოწმეთა სხვა კონგრესებზეც ხელმძღვანელობდა ორკესტრს.

      პაპაჩემის სასამართლო და პატიმრობა

      პატერსონის ვესტიბიულში პოლი და მე მოულოდნელად წავაწყდით ფოტოსურათს, რომელსაც თქვენ მომდევნო გვერდზე ხედავთ. მე მაშინვე ვიცანი ეს სურათი, რადგან 50 წელზე მეტი ხნის წინათ პაპაჩემმა ასეთივე სურათი გამომიგზავნა. ის მარჯვენა კუთხეშია.

      პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა პატრიოტიზმი აღმავლობას განიცდიდა, ბიბლიის ეს რვა მკვლევარი, მათ შორის ჯოზეფ რუტერფორდი (ცენტრში ზის), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი, უკანონოდ დააპატიმრეს და თავდებით გამოსვლის ნებასაც არ აძლევდნენ. მათთვის წაყენებული ბრალდებები ეხებოდა „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომში, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“, მოცემულ მასალას, რომელიც არასწორად გაიშიფრა, როგორც მოწოდება, რათა პირველ მსოფლიო ომში შეერთებულ შტატებს არ მიეღო მონაწილეობა.

      წლების მანძილზე ჩარლზ ტეიზ რასელი „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველ ექვს ტომს წერდა, მაგრამ ის გარდაიცვალა და ვერ მოასწრო მეშვიდე ტომის დაწერა. მისი ჩანაწერები პაპაჩემს და ბიბლიის ერთ სხვა მკვლევარს გადასცეს და მათ დაწერეს მეშვიდე ტომი. ეს ტომი გამოიცა 1917 წელს, სანამ ომი დამთავრდებოდა. სასამართლომ პაპაჩემს, ისევე როგორც ამ რვიდან უმრავლესობას ოთხი სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლიდანაც თითოეული 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებდა 20 წელი შეუფარდა.

      პატერსონის ვესტიბიულში ნანახ სურათს თან ახლდა წარწერა: „ცხრა თვის შემდეგ, რაც რუტერფორდსა და მის თანამოაზრეებს განაჩენი გამოუტანეს, როდესაც ომი უკვე დამთავრებული იყო, 1919 წლის 21 მარტს, სააპელაციო სასამართლომ რვავე ბრალდებულის თავდებით გათავისუფლება გადაწყვიტა; 26 მარტს ისინი გაათავისუფლეს ბრუკლინში თითოეულზე 10 000 აშშ დოლარის სათავდებო გირაოს გადახდით. 1920 წლის 5 მაისს ჯ. რუტერფორდსა და სხვებს ბრალდება სრულიად მოეხსნათ“.

      განაჩენის გამოტანის შემდეგ, სანამ ატლანტაში (ჯორჯია) არსებულ ფედერალურ ციხეში გაგზავნიდნენ, რვავემ პატიმრობის პირველი რამდენიმე დღე ბრუკლინში (ნიუ-იორკი) რეიმონდ სთრითზე მდებარე ციხეში გაატარა. იქიდან პაპაჩემმა წერილი მოიწერა, რომელშიც ყვებოდა, რომ იმყოფებოდა 1,8 X2,4 მ2 ფართის საკანში, „ენით აღუწერელ სიბინძურესა და უწესრიგობაში“. ის წერდა: „გაქვს გაზეთების გროვა და ერთი შეხედვით თუ არაფრად აგდებ, მალე გაიგებ, რომ მხოლოდ ამ ტუალეტის ქაღალდით, საპნითა და ქისით შეგიძლია სისუფთავისა და საკუთარი ღირსების შენარჩუნება“.

      მაგრამ პაპაჩემს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და ციხეს „ჰოტელ დე რეიმონდად“ იხსენიებდა; ის ამბობდა „აქ დავრჩები, სანამ ამ ნომერში ყოფნის ვადა გამივა“. მან ისიც მოყვა, თუ როგორ სეირნობდნენ შიდა ეზოში. ერთხელ, როდესაც ის შეჩერდა, რომ თმა დაევარცხნა, ერთი ჯიბის ქურდი სწვდა მის ჯიბის საათს, მაგრამ, როგორც მან მოიწერა, ჯაჭვი გაწყდა და საათი მე შემრჩაო. როდესაც 1958 წელს ბრუკლინის ბეთელი მოვინახულე, გრანტ სუიტერმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა მდივანმა და ბუხჰალტერმა, მიხმო თავის ოფისში და მომცა ეს საათი, რომელსაც ახლაც დიდად ვუფრთხილდები.

      მამაზე ზეგავლენის მოხდენა

      როდესაც პაპაჩემი უკანონოდ დააპატიმრეს 1918 წელს, მამაჩემი 12 წლის იყო. ბებიაჩემმა გამოკეტა თავიანთი სახლის კარი და მამაჩემთან ერთად საცხოვრებლად თავის დედასთან და სამ დასთან გადავიდა. ბებიაჩემის ქალიშვილობის გვარი არტური იყო და მათი ოჯახი სიამაყით მოიხსენიებდა ხოლმე, რომ ერთი მათი ნათესავი ჩესტერ ალან არტური შეერთებული შტატების 21-ე პრეზიდენტი იყო.

      მას შემდეგ, რაც პაპაჩემ ვუდვორთს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ვითომდა ჩადენილი დანაშაულის გამო დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს, არტურები ფიქრობდნენ, რომ ის მათ ოჯახს სახელს უტეხდა. ეს პერიოდი მამაჩემისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა. შესაძლებელია ეს მდგომარეობა იყო იმის მიზეზი, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებდა.

      როდესაც პაპაჩემი ციხიდან გამოუშვეს, თავისი ოჯახი ქალაქ სკრანტონში ქუინსის ქუჩაზე დიდ შებათქაშებულ სახლში გადაიყვანა. კარგად მახსოვს ეს სახლი და ბებიაჩემის ფაიფურის ჭურჭელიც. მათ ბებიაჩემის წმინდა ჭურჭელს ვეძახდით, რადგან ბებიაჩემი მათი დარეცხვის უფლებას არავის აძლევდა, თვითონ რეცხავდა ყოველთვის. მას შემდეგ, რაც 1943 წელს ბებიაჩემი გარდაიცვალა, დედაჩემი ხშირად იყენებდა მათ სტუმრიანობის დროს.

      სამეფო მსახურებით დაკავებული

      პატერსონში ყოფნისას აგრეთვე შემთხვევით წავაწყდი ძმა რუტერფორდის 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) კონგრესზე მოხსენებით გამოსვლის დროს გადაღებულ სურათს. იქ მან ყველას მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობისა და ახალი ჟურნალის, რომლის გამოცემის შესახებაც ამ კონგრესზე გამოცხადდა, „ოქროს ხანის“, გავრცელებაში. ამ ჟურნალის რედაქტორად პაპაჩემი დანიშნეს და თავისი წვლილი შეჰქონდა სტატიების მომზადებაში 40-იან წლებამდე, სანამ გარდაიცვლებოდა. 1937 წელს ამ ჟურნალს ახალი სახელი, „ნუგეში“, უწოდეს, 1946 წელს კი — „გამოიღვიძეთ!“.

      პაპაჩემი სახლშიც, სკრანტონშიც, წერდა სტატიებს და 240 კილომეტრით დაშორებულ ბრუკლინში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოშიც. ორივეგან ორ-ორ კვირას ატარებდა. მამაჩემი იხსენებს, რომ, ბევრჯერ დილაობით ხუთ საათზე პაპაჩემის საბეჭდი მანქანის ხმა ესმოდა. ამასთანავე პაპაჩემი სერიოზულად ეკიდებოდა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის პასუხისმგებლობას. ფაქტობრივად, მან შეკერა ისეთი სპეციალური ჟილეტი, რომელსაც შიგნიდან დიდი ჯიბეები ექნებოდა ბიბლიური ლიტერატურის ჩასაწყობად. ჩემს 94 წლის ბიცოლას, ნაომი ჰაუელს, ისევ აქვს ასეთი ერთი პიჯაკი. მან აგრეთვე წიგნების ჩანთა შეკერა ქალებისთვის.

      ერთხელ, ბიბლიის თაობაზე საინტერესო საუბრის შემდეგ, მან, ვინც პაპაჩემთან ერთად საქადაგებლად იყო, უთხრა:

      — იცი, ერთი შეცდომა დაუშვი.

      — რა შეცდომა? — ჰკითხა პაპამ. მან მოისინჯა ჟილეტის ჯიბეები და ორივე ცარიელი იყო.

      — დაგავიწყდა, რომ მათთვის „ოქროს ხანის“ გამოწერა შეგეთავაზებინა. ორივემ ბევრი იცინა იმაზე, რომ რედაქტორს თავისი ჟურნალები დაავიწყდა.

      ბავშვობის მოგონებები

      მახსოვს, ბავშვობისას როგორ ვიჯექი ხოლმე პაპაჩემის კალთაში, როგორ ეჭირა ჩემი პატარა ხელები და „თითების ამბავს“ მიყვებოდა. იწყებდა „ცერა ტომით“ და გადადიოდა „საჩვენებელ პიტერზე“ და თითოეულ თითზე რაღაც განსაკუთრებულ ამბავს მიყვებოდა. შემდეგ ფრთხილად მომაკეცინებდა თითებს ერთად და მარიგებდა: „ესენი ერთად საუკეთესოდ მუშაობენ, თითოეული ერთმანეთს ეხმარება“.

  • განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ოქტომბერი
    • პაპაჩემი და ჩემს მიერ სკოლის დამთავრება

      საშუალო სკოლაში რომ ვსწავლობდი, მე და პაპა ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილებს. მიგზავნიდა ოჯახის უამრავ ძველ ფოტოსურათს, უკან მიწერილი დეტალური ახსნა-განმარტებით და ოჯახის ისტორიას მიყვებოდა. აი როგორ მოვიდა ჩემამდე პაპაჩემისა და მათი სურათი, რომლებიც მასთან ერთად უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული.

      1951 წლის ბოლოსთვის პაპაჩემს კიბომ სახმო აპარატი დაუზიანა და მეტყველების უნარი დაკარგა. გონება კვლავინდებურად უჭრიდა, მაგრამ რაღაცის თქმა თუ უნდოდა, ბლოკნოტში წერდა, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. საშუალო სკოლა 1952 წლის იანვარში დავამთავრე. დეკემბერში კი პაპაჩემს გავუგზავნე მოხსენების გეგმა, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე უნდა წამეკითხა. მან რამდენიმე შესწორება შეიტანა და ბოლო ფურცელზე დაწერა სამი სიტყვა, რომელმაც ფრთები შემასხა: „პაპაშენი აღფრთოვანებულია შენით“. თავისი მიწიერი ცხოვრება პაპამ 81 წლის ასაკში, 1951 წლის 18 დეკემბერს, დაასრულაa. დღესაც დიდად ვუფრთხილდები ჩემი მოხსენების გეგმის გაცრეცილ ფურცლებს, რომლის ბოლო გვერდზეც მის მიერ რამდენიმე სიტყვაა დაწერილი.

      სკოლის დამთავრებისთანავე პიონერული მსახურება დავიწყე (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით სამქადაგებლო მსახურებას). 1958 წელს დავესწარი ნიუ-იორკში გამართულ უდიდეს კონგრესს, სადაც 123 ქვეყნიდან ჩამოსულმა 253 922 დამსწრემ იანკისა და პოლო გრაუნდზის სტადიონები დაიკავა. ერთ დღეს აქ შევხვდი ერთ დელეგატს აფრიკიდან, რომელსაც სამკერდე ნიშანზე ეწერა „ვუდვორთ მილსი“. დაახლოებით 30 წლის წინათ მას პაპაჩემის გვარი სახელად დაარქვეს!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება