საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად გიყვართ ღვთის სიტყვა?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ნოემბერი
    • რამდენად გიყვართ ღვთის სიტყვა?

      „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97).

      1. როგორ ავლენს ღვთისმოშიში ხალხი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს?

      ასობით მილიონ კაცსა და ქალს აქვს ბიბლიის საკუთარი ეგზემპლარი. მაგრამ ბიბლიის ქონა და მისი სიყვარული სრულიად სხვადასხვა რამ არის. შეუძლია მას, ვინც ღვთის სიტყვას იშვიათად კითხულობს, სუფთა სინდისით თქვას, რომ ბიბლია უყვარს? რა თქმა უნდა, არა! არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ადრე ნაკლებად აფასებდნენ ბიბლიას, მაგრამ ახლა ყოველდღიურად კითხულობენ ამ წიგნს. მათ ისწავლეს ღვთის სიტყვის სიყვარული და ფსალმუნმომღერლის მსგავსად ახლა „დღენიადაგ“ მასზე ფიქრობენ (ფსალმუნი 118:97).

      2. რა დაეხმარა იეჰოვას ერთ ერთგულ მოწმეს გაჭირვების დროს რწმენის შენარჩუნებაში?

      2 ნაშო დორი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ღვთის სიტყვის სიყვარული ისწავლა. მშობლიურ ალბანეთში თანამორწმუნეებთან ერთად ის განსაცდელების მიუხედავად მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას. თითქმის მთელი ამ ხნის მანძილზე იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა იქ ოფიციალურად აკრძალული იყო და ეს ერთგული ქრისტიანები ბიბლიური ლიტერატურით განებივრებული არ ყოფილან. მაგრამ ამან ძმა დორის მტკიცე რწმენა ვერ შეარყია. როგორ? „ჩემი მიზანი იყო — ყვება ის, — ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთი საათი მაინც მეკითხა ბიბლია და ამას დაახლოებით 60 წლის განმავლობაში ვაკეთებდი, სანამ თვალთ სინათლე არ დამაკლდა“. დიდი ხანი არ არის, რაც ალბანურ ენაზე მთლიანი ბიბლია გამოიცა, მაგრამ ძმა დორიმ ბავშვობისას ისწავლა ბერძნული ენა და შეეძლო ამ ენაზე წაეკითხა ღვთის სიტყვა. ბიბლიის რეგულარულმა კითხვამ მრავალგვარი გასაჭირი აატანინა. ის ჩვენც დაგვეხმარება მრავალი სირთულის დაძლევაში.

      „ინატრეთ“ ღვთის სიტყვა

      3. ღვთის სიტყვის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა განავითარონ ქრისტიანებმა?

      3 „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, — წერდა მოციქული პეტრე, — ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1 პეტრე 2:2). ახალშობილების მსგავსად, რომლებსაც სულმოუთქმელად სწადიათ დედის რძე, ქრისტიანები, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები, უდიდეს სიამოვნებას პოულობენ ღვთის სიტყვის კითხვაში. თქვენც იგივეს განიცდით? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენც შეგიძლიათ განივითაროთ ღვთის სიტყვის კითხვის ძლიერი სურვილი.

      4. რა შედის ბიბლიის კითხვის ყოველდღიურ ჩვეულებად ქცევაში?

      4 ამის მისაღწევად თავდაპირველად შეეცადეთ, ბიბლიის რეგულარული (თუ შესაძლებელია ყოველდღიური) კითხვა ჩვეულებად გაიხადოთ (საქმეები 17:11). დასაშვებია, რომ ნაშო დორის მსგავსად თქვენ ვერ შეძლოთ ყოველდღიურად ერთი საათი დაუთმოთ ბიბლიის კითხვას, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ყოველდღიურად გარკვეული დრო გამოუყოთ ღვთის სიტყვის შესწავლას. მრავალი ქრისტიანი დილით რამდენიმე წუთით ადრე დგება, რათა ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთზე იფიქროს. რა შეიძლება იყოს ამგვარად დღის დაწყებაზე უკეთესი? სხვები ბიბლიის კითხვას დღის ბოლოს, ძილის წინ, არჩევენ. ზოგი კი ბიბლიას სხვა რომელიმე, მისთვის მოსახერხებელ დროს, კითხულობს. მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა, შემდეგ კი წაკითხულზე დაფიქრება. განვიხილოთ რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომლებსაც ღვთის სიტყვის კითხვამ და წაკითხულზე ფიქრმა სარგებლობა მოუტანა.

      ღვთის რჯულის მოყვარული ფსალმუნმომღერალი

      5, 6. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, ვინ არის 118-ე ფსალმუნის დამწერი, რას ვგებულობთ მის შესახებ ამ ფსალმუნის წაკითხვითა და მასზე დაფიქრებით?

      5 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი მართლაც ძალიან აფასებდა ღვთის სიტყვას. ვინ დაწერა ეს ფსალმუნი? ბიბლია ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. მაგრამ კონტექსტი ამ ადამიანის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის და გვაგებინებს, რომ მის ცხოვრებას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. მის ნაცნობთაგან ზოგიერთები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლებად ითვლებოდნენ, ბიბლიური პრინციპებისადმი მის სიყვარულს არ იზიარებდნენ. მიუხედავად ამისა, სწორ მოქმედებასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალზე მათ აზროვნებას არ უმოქმედია (ფსალმუნი 118:23). თუ ისეთ ვინმესთან ცხოვრობთ ან მუშაობთ, ვინც პატივისცემით არ ეკიდება ბიბლიურ ნორმებს, შეიძლება თქვენსა და ფსალმუნმომღერლის მდგომარეობას შორის მსგავსება დაინახოთ.

      6 თუმცა, ფსალმუნმომღერალი ღვთისმოსავი იყო, საკუთარ თვალში მართალი კაცი სულაც არ ყოფილა. ის გულწრფელად აღიარებდა თავის ნაკლოვანებებს (ფსალმუნი 118:5, 6, 67). მაგრამ ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა ცოდვას მასზე არ ებატონა. „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა?“ — იკითხა მან. „დაიცვას შენი სიტყვისამებრ“ — თვითონვე პასუხობს ის (ფსალმუნი 118:9). შემდეგ ფსალმუნმომღერალმა ხაზი გაუსვა ღვთის სიტყვის მძლავრ კეთილისმყოფელ გავლენას: „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო“ (ფსალმუნი 118:11). მართლაც, ღვთის სიტყვა გვიცავს ცოდვის ჩადენისგან!

      7. განსაკუთრებით ახალგაზრდებს რატომ უნდა ესმოდეთ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვის აუცილებლობა?

      7 ახალგაზრდა ქრისტიანები კარგად იქცევიან, თუ მხედველობაში იღებენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს. დღეს ისინი წუთისოფლის თავდასხმას განიცდიან. ეშმაკს ძალიან უნდა გახრწნას იეჰოვას თაყვანისმცემელი ახალგაზრდები. მისი მიზანია აცდუნოს ეს ქრისტიანები, რათა ხორციელ სურვილებს აჰყვნენ და ღვთის რჯული დაარღვიონ. კინოფილმები თუ სატელევიზიო პროგრამები ხშირად სატანის აზროვნებას ირეკლავს. ასეთი პროგრამების ვარსკვლავები მომხიბვლელები და მიმზიდველები ჩანან, ხოლო მათ შორის ამორალური ურთიერთობა ნორმალური მოვლენაა. რას გვეუბნებიან ასეთი პროგრამები? „არაფერია არანორმალური იმაში, რომ დაუქორწინებელ წყვილს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდეთ, თუ ერთმანეთი ნამდვილად უყვართ“. სამწუხაროდ, ასეთი მსჯელობა ყოველწლიურად მრავალ ახალგაზრდა ქრისტიანზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი მათგანის რწმენის ხომალდი იმსხვრევა. მართალია, ეს გავლენა ძლიერია, მაგრამ არის ის იმდენად ძლიერი, რომ თქვენ, ახალგაზრდებო, ვერ გაუმკლავდეთ მას? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა ახალგაზრდა ქრისტიანებს ასწავლის, როგორ მოერიონ ცუდ სურვილებს. ისინი სატანის ნებისმიერ იარაღს სძლევენ, თუ თავს ‘ღვთის სიტყვისამებრ დაიცავენ და მის სიტყვებს გულში ჩაიმარხავენ’. რამდენ დროს უთმობთ ბიბლიის რეგულარულ კითხვასა და წაკითხულზე ფიქრს?

      8. ამ აბზაცში მოყვანილი მაგალითები როგორ დაგეხმარებათ უფრო მეტად დააფასოთ მოსეს რჯული?

      8 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერმა თქვა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი“ (ფსალმუნი 118:97). რომელ რჯულზე ლაპარაკობდა ის? იეჰოვას მიერ გამოცხადებულ სიტყვაზე, რომელშიც მოსეს რჯულიც შედიოდა. ერთი შეხედვით, ზოგი შეიძლება დრომოჭმულად მიიჩნევდეს ამ რჯულს და უკვირდეს, თუ როგორ შეიძლება მათი სიყვარული. მაგრამ, თუ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ვიფიქრებთ მოსეს რჯულის თავისებურებებზე, ჩვენც დავაფასებთ იმ სიბრძნეს, რომელიც მასშია ჩადებული. იქ მრავალი წინასწარმეტყველების გარდა მოცემულია წესები სანიტარიასა და კვებასთან დაკავშირებით, რაც სისუფთავესა და კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს (ლევიანნი 7:23, 24, 26; 11:2—8). რჯულის თანახმად, საქმიან ურთიერთობებში პატიოსნება მოითხოვებოდა. ამასთანავე ის მოუწოდებდა ისრაელებს, გაჭირვებული მოძმისადმი გულმოწყალება გამოევლინათ (გამოსვლა 22:25, 26; 23:6; ლევიანნი 19:35, 36; მეორე რჯული 24:17—21). სასამართლოზე მიკერძოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა (მეორე რჯული 16:19; 19:15). ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ეჭვგარეშეა, ხედავდა, რამდენად კარგად მიდიოდა მათი საქმეები, ვინც ღვთის რჯულს იცავდა და ეს რჯულის სიყვარულს განუმტკიცებდა. მსგავსად ამისა, როდესაც ქრისტიანები წარმატებით მიჰყვებიან ბიბლიურ პრინციპებს, ღვთის სიტყვის მიმართ მათი სიყვარული იზრდება და ისინი უფრო მეტადაც აფასებენ მას.

      თავადი, რომელსაც არ შეშინებია სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო

      9. რა დამოკიდებულება ჰქონდა ღვთის სიტყვისადმი მეფე ეზეკიას?

      9 ასმეთვრამეტე ფსალმუნში მოთხრობილი ამბები ძალიან გვაგონებს მეფე ეზეკიას ახალგაზრდობას. ბიბლიის ზოგი მკვლევარის აზრით, სწორედ ეზეკიამ დაწერა ეს ფსალმუნი. შეუძლებელია დანამდვილებით ამის თქმა, მაგრამ ვიცით, რომ ეზეკია ღვთის სიტყვას დიდი პატივისცემით ეკიდებოდა. თავისი ცხოვრებით მან აჩვენა, რომ მთელი გულით ეთანხმებოდა 118-ე ფსალმუნის 97-ე მუხლს. მის შესახებ ბიბლია ამბობს: „მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა“ (მეოთხე მეფეთა 18:6).

      10. რით არის გამამხნევებელი ეზეკიას ცხოვრების მაგალითი იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ურწმუნო მშობლებთან იზრდებიან?

      10 ეზეკია, როგორც არსებული ფაქტებიდან ჩანს, ღვთისმოშიშ ოჯახში არ გაზრდილა. მამამისი, მეფე ახაზი, ურწმუნო, კერპთაყვანისმცემელი კაცი იყო. მან, სულ მცირე, ერთი ვაჟი — ეზეკიას ღვიძლი ძმა — ცრუ ღმერთისთვის შესაწირად ცეცხლში დაწვა (მეოთხე მეფეთა 16:3). მამის ცუდი მაგალითის მიუხედავად, ეზეკიამ შეძლო წარმართული გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ‘თავისი გზის სიწმიდის’ შენარჩუნება, რაშიც ღვთის სიტყვასთან გაცნობა დაეხმარა (მეორე ნეშტთა 29:2).

      11. როგორც ეზეკიამ დაინახა, როგორ წარიმართა ორგული მამამისის საქმე?

      11 ბავშვობისას ეზეკია საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მართავდა სახელმწიფოს მისი კერპთაყვანისმცემელი მამა. იუდა მტრებით იყო გარშემორტყმული. არამის მეფემ, რეცინმა, მეფე ფეკახთან ერთად იერუსალიმი ალყაში მოაქცია (მეოთხე მეფეთა 16:5, 6). ედომელები და ფილისტიმელები თავს დაესხნენ იუდეველებს და იუდას რამდენიმე ქალაქიც კი დაიპყრეს (მეორე ნეშტთა 28:16—19). როგორ გაუმკლავდა ამ მდგომარეობას ახაზი? არამის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მან იეჰოვას კი არა, აშურის მეფეს მიმართა და ძღვნად გასაგზავნი ოქრო-ვერცხლი უფლის სახლის საგანძურიდანაც კი გამოიტანა. მაგრამ ამ გზით მიღწეული მშვიდობა იუდასთვის ხანმოკლე აღმოჩნდა (მეოთხე მეფეთა 16:6, 8).

      12. რა დაეხმარებოდა ეზეკიას მამის შეცდომების თავიდან არიდებაში?

      12 გავიდა დრო. ახაზი გარდაიცვალა, მის შემდეგ კი მისი 25 წლის ვაჟი, ეზეკია (იეხიზკიაჰუ), გამეფდა (მეორე ნეშტთა 29:1). ის ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასაკს მისთვის ხელი არ შეუშლია კარგ მეფობაში. ურწმუნო მამის მაგალითის მიბაძვის ნაცვლად, ეზეკია მტკიცედ იცავდა იეჰოვას რჯულს, რომელშიც სპეციალურად მეფეებისთვის განკუთვნილი მითითება იყო: „როცა დაჯდება [მეფე] თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას“ (მეორე რჯული 17:18, 19). ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვით ეზეკია იეჰოვასადმი შიშს ისწავლიდა და არ გაიმეორებდა იმ შეცდომებს, რომლებიც უღვთო მამამისმა დაუშვა.

      13. როგორ შეიძლება ქრისტიანი დარწმუნებული იყოს, რომ სულიერი გაგებით, ყველაფერში, რასაც იქმს წარმატებული იქნება?

      13 ღვთის სიტყვაზე გამუდმებით ფიქრისკენ რჯული არა მარტო მეფეებს მოუწოდებდა, არამედ ღვთისმოშიშ ისრაელებსაც. პირველ ფსალმუნში ჭეშმარიტად ბედნიერ კაცად აღწერილია ის, რომლის ‘მისწრაფება უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ’ (ფსალმუნი 1:1, 2). ასეთ ადამიანზე ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:3). ამის საპირისპიროდ, მათ შესახებ, ვისაც არ სწამს იეჰოვა ღმერთი, ბიბლია ამბობს: „ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:8). ყველა ჩვენგანის სურვილია, იყოს ბედნიერი და წარმატებით სარგებლობდეს. ჩვენს ბედნიერებას კი ბიბლიის რეგულარული, ყურადღებით კითხვა შეუწყობს ხელს.

      იესოს ღვთის სიტყვა დაეხმარა

      14. როგორ გამოვლინდა ღვთის სიტყვისადმი იესოს სიყვარული?

      14 ერთხელ მშობლებმა იესო იერუსალიმში ტაძარში მოძღვართა შორის მჯდომი იპოვეს. ღვთის რჯულის მცოდნეებს ძალიან ‘აოცებდა მისი გონება და პასუხი’ (ლუკა 2:46, 47). მაშინ იესო 12 წლის იყო. დიახ, ამ ასაკშიც კი მას ძალიან უყვარდა ღვთის სიტყვა. მოგვიანებით, იესომ ეშმაკის გასაკიცხად საღვთო წერილიდან ციტატა მოიყვანა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:3—10). ამის შემდეგ მალე იესომ თავის მშობლიურ ქალაქში, ნაზარეთში, დაიწყო საღვთო წერილზე დაყრდნობით ქადაგება (ლუკა 4:16—21).

      15. სხვებთან ქადაგებისას როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

      15 იესოს თავისი სწავლების საფუძვლად ხშირად მოჰყავდა საღვთო წერილის მონაკვეთები. მისი მსმენელები ‘გაოცებული იყვნენ მისი მოძღვრებით [„იმით, თუ როგორ ასწავლიდა ის“, აქ]’ (მათე 7:28). ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იესოს მოძღვრება თვით იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობდა. იესო ამბობდა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში“ (იოანე 7:16, 18).

      16. რამდენად გამოავლინა იესომ ღვთის სიტყვისადმი სიყვარული?

      16 ასმეთვრამეტე ფსალმუნის დამწერისგან განსხვავებით, იესოში არ იყო არავითარი „უსამართლობა“. ის უცოდველი პიროვნება იყო, — ღვთის ძე, რომელმაც „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:8; ებრაელთა 7:26). მაგრამ სრულყოფილების მიუხედავად, იესო ღვთის რჯულს სწავლობდა და იცავდა. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ უმწიკვლოების შენარჩუნებაში. როდესაც იესოს დაპატიმრებას ცდილობდნენ და პეტრემ თავისი მოძღვრის დასაცავად ხმალი იშიშვლა, იესომ გაკიცხა მოციქული და ჰკითხა: „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:53, 54). დიახ, საღვთო წერილის შესრულება იესოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სასტიკი ტანჯვისა და დამამცირებელი სიკვდილის აცილება. ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის როგორი შესანიშნავი გამოვლინებაა!

      ქრისტეს მიმბაძველები

      17. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სიტყვა პავლე მოციქულისთვის?

      17 მოციქული პავლე თანაქრისტიანებს სწერდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელთა 11:1). თავისი მოძღვრის მსგავსად პავლემაც განივითარა საღვთო წერილისადმი სიყვარული. მან თქვა: „შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული“ (რომაელთა 7:22). პავლეს ღვთის სიტყვიდან ხშირად მოჰყავდა ციტატები (საქმეები 13:32—41; 17:2, 3; 28:23). საყვარელი თანამსახურის, ტიმოთეს, დარიგების დასასრულს, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღვთის სიტყვა ყოველი ‘ღვთის კაცის’ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს (2 ტიმოთე 3:15—17).

      18. მოიყვანეთ XX საუკუნეში მცხოვრები იმ ადამიანის მაგალითი, რომელსაც ღვთის სიტყვისადმი დიდი პატივისცემა ჰქონდა.

      18 დღეს იეჰოვას მრავალი მოწმე ბაძავს იესოს და მთელი გულით უყვარს ღვთის სიტყვა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ერთმა ახალგაზრდამ მეგობრისგან საჩუქრად ბიბლია მიიღო. ამ ძვირფასი საჩუქრის მიღებამ მასზე ასეთი გავლენა მოახდინა: „გადავწყვიტე წესად გამეხადა ყოველდღიურად ბიბლიის გარკვეული მონაკვეთის წაკითხვა“. ეს ახალგაზრდა ფრედერიკ ფრენცი იყო. ბიბლიისადმი სიყვარულმა მას ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც იეჰოვას მსახურებაში გაატარა, კმაყოფილება და წარმატება მოუტანა. მრავალს ახსოვს მისი შესანიშნავი უნარი ბიბლიის მთელი თავების ზეპირად გადმოცემისა.

      19. როგორ გეგმავს ზოგი თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის ბიბლიის ყოველკვირეულად წასაკითხი მონაკვეთების კითხვას?

      19 იეჰოვას მოწმეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიბლიის რეგულარულ კითხვას. ერთ-ერთი ქრისტიანული შეხვედრისთვის, თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის, ყოველკვირა ისინი ბიბლიის რამდენიმე თავს კითხულობენ. შეხვედრის დროს ბიბლიის გარკვეული მონაკვეთი ირჩევა. ზოგს ურჩევნია ყოველკვირეულად წასაკითხი მასალის 7 ნაწილად დაყოფა და თითოეული ნაწილის ყოველდღიურად კითხვა. კითხვის პარალელურად ისინი უფიქრდებიან წაკითხულს. თუ შესაძლებელია, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით ისინი დამატებით გამოკვლევასაც ატარებენ.

      20. რა არის საჭირო ბიბლიის რეგულარული კითხვისთვის დროის მოსაძებნად?

      20 ბიბლიის რეგულარულად წასაკითხად შეიძლება სხვა საქმეების ხარჯზე დაგჭირდეთ ‘ჟამის მოვაჭრება’ (ეფესელთა 5:16). მაგრამ სარგებლობა ბევრად გადაწონის ნებისმიერ მსხვერპლს. ბიბლიის ყოველდღიური კითხვის ჩვევის განვითარებასთან ერთად ღვთის სიტყვისადმი სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდებათ. ცოტა ხანში თქვენც გაიმეორებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). ასეთი აზროვნება, როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, დიდ სარგებლობას მოგიტანთ ახლაც და მომავალშიც.

  • სარგებლობა, რომელიც ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს მოაქვს
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ნოემბერი
    • სარგებლობა, რომელიც ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს მოაქვს

      „შეიყვარე [სიბრძნე] და დაგიფარავსო . . . პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო“ (იგავნი 4:6, 8).

      1. რას ნიშნავს ღვთის სიტყვისადმი ნამდვილი სიყვარული?

      ბიბლიის კითხვა ქრისტიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ მხოლოდ კითხვა არ არის ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის მაჩვენებელი. რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც ბიბლიას კითხულობს, შემდეგ კი ისეთ საქციელს სჩადის, რასაც განსჯის ბიბლია? ცხადია, ასეთ ადამიანს 118-ე ფსალმუნის დამწერივით არ უყვარს ბიბლია. ფსალმუნმომღერალი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულმა ბიბლიური მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებისკენ აღძრა (ფსალმუნი 118:97, 101, 105).

      2. რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სიტყვიდან გამომდინარე სიბრძნეს?

      2 ღვთის სიტყვის შესაბამისად რომ ვიცხოვროთ, ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების წესში გამუდმებით უნდა შევიტანოთ ცვლილებები. ამგვარი მოქმედება ღვთიურ სიბრძნეს ირეკლავს, რაც ბიბლიის შესწავლის შედეგად მიღებული შემეცნების პრაქტიკულ გამოყენებას ნიშნავს. „შეიყვარე [სიბრძნე] და დაგიფარავსო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო“ — ამბობს საღვთო წერილი (იგავნი 4:6, 8, 9). რა შესანიშნავი სტიმულია ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განსავითარებლად და ბიბლიური პრინციპების შესაბამისად საცხოვრებლად! ვის არ უნდა, რომ დაიფარონ, აამაღლონ და პატივი მიაგონ?

      ის დაგიფარავთ

      3. ქრისტიანებს რატომ სჭირდებათ ახლა უფრო მეტად დაცვა, ვიდრე ოდესმე, და ვისგან?

      3 როგორ დაგვიფარავს ღვთის სიტყვის შესწავლითა და გამოყენებით მოპოვებული სიბრძნე? პირველი, ის სატანა ეშმაკისგან გვიცავს. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ლოცვაში ბოროტისგან, სატანისგან, ხსნა ეთხოვათ ღმერთისთვის (მათე 6:13). დღეს ლოცვაში ამ თხოვნის ჩართვის აუცილებლობა განსაკუთრებით დიდია. 1914 წლიდან სატანა და მისი დემონები ზეციდან გადმოყრილ იქნენ და ამიტომ სატანა ‘გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა’ (გამოცხადება 12:9, 10, 12). დღეს, როდესაც უკანასკნელი ჟამი იწურება, მისი რისხვა კულმინაციას აღწევს, რადგან წარუმატებლად იბრძვის ‘ღვთის სიტყვის მცნებების დამცავთა’ წინააღმდეგ, ‘რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ’ (გამოცხადება 12:17).

      4. რა იცავს ქრისტიანებს სატანის გავლენისა და მახეებისგან?

      4 გამძვინვარებული სატანა განაგრძობს ქრისტიანი მსახურებისთვის სხვადასხვა ზიანის მიყენებას. აღვივებს მათ მიმართ სასტიკ დევნას ან ცდილობს სხვა საშუალებებით დააბრკოლოს მათი საქმიანობა. მისი სურვილია ისიც, რომ სამეფოს მქადაგებლების ყურადღება კეთილი ცნობის უწყების ნაცვლად, წუთისოფელში პრესტიჟული მდგომარეობის დაკავებას, დროს ტარების სიყვარულს, მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასა და სიამეთა ძიებას მიაპყროს. რა იცავს ღვთის ერთგულ მსახურებს სატანის გავლენისა ან მახეებისგან? რა თქმა უნდა, ლოცვა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და იმის რწმენა, რომ მისი აღთქმები ნამდვილად შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველივე ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის სიტყვის ცოდნასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ყურად ვიღოთ ღვთის სიტყვაში მოცემული შეხსენებები. ამ შეხსენებებს ვღებულობთ ღვთის სიტყვისა და მის შესასწავლად გამოცემული დამხმარე ლიტერატურის კითხვისას, ქრისტიანულ კრებებზე დასწრებისას, თანაქრისტიანებისგან მოცემული საღვთო წერილზე დაფუძნებული რჩევის გათვალისწინებისას ან, უბრალოდ, იმ ბიბლიურ პრინციპებზე გულდასმით ფიქრისას, რომლებიც ღვთის სულის დახმარებით გვახსენდება (ესაია 30:21; იოანე 14:26; 1 იოანე 2:15—17).

      5. როგორ გვიცავს ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნე?

      5 ღვთის სიტყვის მოყვარულები სხვაგვარადაც არიან დაცული. მაგალითად, მათ არ ეხებათ ის ემოციური და ფიზიკური მოშლილობები, რაც ნარკოტიკებისა და თამბაქოს გამოყენებას ან სექსუალური უზნეობას მოჰყვება ხოლმე (1 კორინთელთა 5:11; 2 კორინთელთა 7:1). აგრეთვე ისინი არ ძაბავენ ურთიერთობებს ერთმანეთზე ჭორაობითა და გესლიანი საუბრებით (ეფესელთა 4:31). მათ არც მაცდურ ფილოსოფიებში, წუთისოფლისეულ სიბრძნეში, ქექვის გამო ეჭვებით შეპყრობის საფრთხე ემუქრებათ (1 კორინთელთა 3:19). ღვთის სიტყვისადმი სიყვარული ამ ხალხს ყველაფრისგან იცავს, რაც ღმერთთან ურთიერთობასა და მარადიულად ცხოვრების იმედს აკარგვინებს ადამიანს. ისინი დროს არ იშურებენ, რათა მოყვასს ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი იმედისადმი რწმენის განვითარებაში დაეხმარონ, რადგან იციან, რომ ასე მოქმედებით ‘თავიანთ თავსაც იხსნიან და მსმენელთაც’ (1 ტიმოთე 4:16).

      6. როგორ შეიძლება ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნემ რთული სიტუაციების დროსაც კი დაგვიცვას?

      6 მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ არავინ, — და მათ შორის ისინიც, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს, — ‘დროისა და შემთხვევისგან’ დაზღვეული არ არის (ეკლესიასტე 9:11). ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება თავს დაატყდეს სტიქიური უბედურება, სერიოზულად დაავადდეს, რაიმე კატასტროფაში მოჰყვეს ან ნაადრევად გარდაიცვალოს. მაგრამ ჩვენ მაინც დაცული ვართ. ვერავითარი უბედურება ვერ მიაყენებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტად მოყვარულს აუნაზღაურებელ ზიანს. ამიტომ ზედმეტად არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ყველა ზომას მივიღებთ, უკეთესია, იეჰოვას მივენდოთ და დღეს არსებულ მრავალგვარ საშიშროებას ჩვენი სიმშვიდის დარღვევის საშუალება არ მივცეთ (მათე 6:33, 34; ფილიპელთა 4:6, 7). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ აუცილებლად იქნება აღდგომა და დადგება ის დრო, როდესაც ღმერთი ‘შექმნის ყოველივე ახალს’ (გამოცხადება 21:5; იოანე 11:25).

      იყავით ‘კარგი ნიადაგი’

      7. რა იგავი მოუყვა იესომ მის მოსასმენად მისულებს?

      7 იესომ ერთ-ერთ იგავში ღვთის სიტყვის მიმართ სწორი თვალსაზრისის განვითარების მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. როდესაც ქრისტე პალესტინაში კეთილ ცნობას ქადაგებდა, მის მოსასმენად დიდძალი ხალხი მოგროვდა (ლუკა 8:1, 4). მაგრამ იქ მისულთაგან ყველას ნამდვილად როდი უყვარდა ღვთის სიტყვა. ეჭვგარეშეა, მრავალი იმის გამო მივიდა, რომ სასწაული ეხილა ან მოესმინა, რა საუცხოოდ ასწავლიდა ეს კაცი. ამიტომ იესომ თავმოყრილ ხალხს შემდეგი იგავი მოუყვა: „გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდეზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:5—8).

      8. რა არის იესოს იგავში თესლი?

      8 იესოს იგავი ცხადყოფს, რომ კეთილ ცნობაზე ხალხი სხვადასხვაგვარად რეაგირებს და ეს მათ გულზეა დამოკიდებული. თესლი კი „ღვთის სიტყვაა“ (ლუკა 8:11). ან, როგორც ამ იგავის სხვა ვარიანტი ამბობს, თესლი არის „სიტყვა სასუფეველზე“ (მათე 13:19). იესოს ორივე გამოთქმის გამოყენება შეეძლო, რადგან ღვთის სიტყვის თემა ზეციერი სასუფეველი ანუ სამეფოა, სადაც იესო ქრისტე მეფობს. სწორედ ამ სამეფოს საშუალებით გაამართლებს იეჰოვა თავის უზენაესობას და განწმენდს თავის სახელს (მათე 6:9, 10). მაშასადამე, თესლი არის ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული კეთილი ცნობა. პირველი მთესველის, იესო ქრისტეს, მიბაძვით დღეს იეჰოვას მოწმეები სამეფოს შესახებ ცნობას „თესავენ“. ხალხის როგორ რეაქციას ხვდებიან ისინი?

      9. რა არის ნაჩვენები თესლით, რომელიც ა) გზის პირას ვარდება? ბ) კლდეზე ვარდება? გ) ეკალ-ბარდებიან მიწაზე ვარდება?

      9 იესომ თქვა, რომ ზოგი თესლი გზის პირას ვარდება და ითელება. ეს ისეთი ადამიანების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც იმდენად დაკავებული არიან, რომ მათ გულში სამეფოს შესახებ თესლი ფესვს ვერ იკეთებს. ვიდრე ისინი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს განივითარებენ „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ მათ არ იწამონ და არ გადარჩნენ“ (ლუკა 8:12). ზოგი თესლი კლდეზე ვარდება. აქ ლაპარაკია ხალხზე, რომელთაც იზიდავთ ბიბლიური ცნობა, მაგრამ ამ ცნობას თავიანთ გულებზე მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. როდესაც წინააღმდეგობა იქმნება ან, როდესაც ბიბლიური რჩევების გამოყენება უჭირთ, ისინი „განდგებიან“ ფესვების უქონლობის გამო (ლუკა 8:13). იგავში მოხსენიებული არიან ისეთებიც, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ „ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი“ სძლევენ. ბოლოს კი, ეკლებში ამოსული მცენარის მსგავსად, მათაც ‘აშთობთ’ ყოველივე ეს (ლუკა 8:14).

      10, 11. ა) ვინ არის წარმოდგენილი კარგ ნიადაგად? ბ) რა უნდა ვქნათ ჩვენს გულებში ღვთის სიტყვის ‘დასაცავად’?

      10 და ბოლოს, იგავში ლაპარაკია თესლზე, რომელიც კარგ ნიადაგზე ეცემა. ეს მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც „კეთილი და წრფელი გულით“ ღებულობენ სამეფოს შესახებ ცნობას. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ ამ კატეგორიის თესლს მივეკუთვნებოდეთ. მაგრამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ღვთის თვალსაზრისს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა ჩვენსას (იგავნი 17:3; 1 კორინთელთა 4:4, 5). მის სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენი გულის ‘სიკეთესა და სიწრფელეს’ ადასტურებს საქმეები, რომლებსაც დღეიდან მოყოლებული სიკვდილამდე ან იმ დრომდე გავაკეთებთ, სანამ ღმერთი არ მოსპობს თანამედროვე ბოროტ სისტემას. შესანიშნავია, თუ სამეფოს შესახებ ცნობას თავიდანვე დადებითად გამოვეხმაურეთ, მაგრამ კეთილი და კარგი გულის მქონენი არა მარტო ღებულობენ ღვთის სიტყვას, არამედ „იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“ (ლუკა 8:15).

      11 ღვთის სიტყვის გულებში დაცვის ერთადერთი საიმედო გზა მისი კითხვა და შესწავლაა; ეს კი როგორც პირადად, ისე თანამორწმუნეებთან ერთად უნდა გავაკეთოთ. ამაში შედის იესოს ჭეშმარიტი მიმდევრების სულიერ ინტერესებზე მზრუნველობის გასაწევად დანიშნული არხის საშუალებით მოწოდებული სულიერი საზრდოდან სრული სარგებლობის მიღება (მათე 24:45—47). ამგვარად მათ, ვინც ღვთის სიტყვას იცავს, სიყვარული აღძრავს ‘მოთმინებით გამოიღონ ნაყოფი’.

      12. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ მოთმინებით?

      12 რა ნაყოფს იძლევა კარგი ნიადაგი? ჩვეულებრივ, თესლიდან მცენარე აღმოცენდება. ის იზრდება და იძლევა ნაყოფს, რომელიც თავისივე სახეობის თესლს შეიცავს. ეს თესლი შეიძლება მიმოიფანტოს და ბევრი ნაყოფი გამოიღოს. მსგავსად ამისა, კეთილი და წრფელი გულის ადამიანებში ჩათესილი სიტყვა მათში იზრდება და სულიერი პროგრესი იქამდე აღწევს, რომ ისინი უკვე თვითონ იწყებენ სხვების გულში ამ თესლის ჩათესვას (მათე 28:19, 20). მათი საქმე მოთმინებით გამოირჩევა. იესომ გვიჩვენა, რომ თესვის დროს მნიშვნელოვანია ამ თვისების გამოვლენა. „ბოლომდის დამთმენი გადარჩება. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ — თქვა ჩვენმა უფალმა (მათე 24:13, 14).

      ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’

      13. რაზე ლოცულობდა პავლე და რა კავშირია ნაყოფის გამოღებასა და ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებას შორის?

      13 მოციქული პავლეც საუბრობდა ნაყოფის გამოღების აუცილებლობაზე და ის ღვთის სიტყვის შემეცნებას დაუკავშირა; ის ლოცულობდა, რომ თანამორწმუნეები ‘აღვსებულიყვნენ მისი [ღვთის] ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით’ (კოლასელთა 1:9, 10; ფილიპელთა 1:9—11).

      14—16. პავლეს ლოცვის თანახმად, რა ნაყოფები გამოაქვს ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს?

      14 ამრიგად, ამ სიტყვებით პავლე ცხადყოფს, რომ ბიბლიური შემეცნების ათვისებით ყველაფერი არ მთავრდება. ღვთის სიტყვისადმი სიყვარული აღგვძრავს, ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით უფლის [იეჰოვას] ღირსად მოვიქცეთ’. რომელ კეთილ საქმეზეა აქ საუბარი? ამ უკანასკნელ დღეებში ქრისტიანების ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაა (მარკოზი 13:10). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის მოყვარულები, შესაძლებლობის ფარგლებში, ამ საქმიანობას ფინანსურადაც რეგულარულად და სიამოვნებით უჭერენ მხარს, რადგან იციან, რომ „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). მათი შესაწირავები ხმარდება ასზე მეტი ბეთელის სახლის შენახვას, საიდანაც ხდება სამეფოს შესახებ ქადაგების ხელმძღვანელობა და ზოგიერთ მათგანში ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭვდაც კი. ეს შესაწირავები დიდი კონგრესების ხარჯებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების, მისიონერებისა და სხვა სრული დროით მქადაგებლების ხარჯების დასაფარავადაც გამოიყენება.

      15 კეთილ საქმეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრების აშენება და უკვე აშენებულებზე ზრუნვაც შედის. ბიბლიის სიყვარული ღვთის თაყვანისმცემლებს აღძრავს, უყურადღებოდ არ დარჩეთ საკონგრესო და სამეფო დარბაზები (შეადარეთ ნეემია 10:39). რადგან ასეთ შენობების აბრებზე ღვთის სახელი გვხვდება, ძალზე მნიშვნელოვანია ისინი შიგნითაც და გარეთაც სუფთა და მიმზიდველი იყოს. აგრეთვე იქ თაყვანსაცემად მისულთა საქციელიც სათანადო უნდა იყოს (2 კორინთელთა 6:3). ზოგ ქრისტიანს მეტის გაკეთების უნარი აქვს. ღვთის სიტყვისადმი სიყვარული მათ მშობლიური ადგილებიდან საკმაოდ მოშორებით გამგზავრებისკენ აღძრავს, რათა ძმებს დაეხმარონ მსოფლიოს იმ მრავალ კუთხეში მიმდინარე მშენებლობებზე, სადაც სიღარიბის ან ხელობის უცოდინრობის გამო თავიანთი ძალებით ვერ აგებენ თაყვანისმცემლობის ადგილებს (2 კორინთელთა 8:14).

      16 ‘ყველა კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღება’ ოჯახზე ზრუნვასა და თანაქრისტიანების მიმართ ყურადღებიანობასაც ნიშნავს. ღვთის სიტყვის სიყვარული გაჭირვებულ ‘რწმენით ჩვენიანთა’ მიმართ გულისხმიერებისა და ‘საკუთარი ოჯახის წევრებისადმი პატივისცემის’ გამოვლენისკენ აღძრავს (გალატელთა 6:10; 1 ტიმოთე 5:4, 8). ამ მხრივ, კარგი იქნებოდა ავადმყოფების მონახულება და დამწუხრებულებისთვის ნუგეშისცემა. რა შესანიშნავ საქმეს ასრულებენ კრების უხუცესები და საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები, რომლებიც ადამიანებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციებში ეხმარებიან (საქმეები 15:29). გარდა ამისა, დღეს უფრო და უფრო იზრდება უბედურებათა რიცხვი, ზოგი მათგანი სტიქიის ბრალია, ზოგის მიზეზი კი თავად ადამიანები არიან. ღვთის სულის დახმარებით იეჰოვას მოწმეები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცნობილი არიან იმით, რომ არაერთხელ გაუწიეს თანამორწმუნეებსა და უბედურების სხვა მსხვერპლთ სასწრაფო დახმარება. ყოველივე ეს ის კეთილი ნაყოფებია, რომლებიც ღვთის სიტყვის მოყვარულთ გამოაქვთ.

      დიდებული მომავალი

      17, 18. ა) რა სრულდება სამეფოს შესახებ ცნობის თესვით? ბ) რა გრანდიოზული მოვლენების თვითმხილველები გახდებიან მალე ღვთის სიტყვის მოყვარულები?

      17 სამეფოს შესახებ ცნობის თესვას კაცობრიობისთვის ყოველთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ბოლო წლებში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანის გულში იმდენად ღრმად იდგამს ფესვს ბიბლიური ცნობა, რომ ისინი თავინთ სიცოცხლეს იეჰოვას უძღვნიან და ამის ნიშნად წყალში ინათლებიან. რა დიდებული მომავალი ელით მათ!

      18 ღვთის სიტყვის მოყვარულებმა იციან, რომ მალე იეჰოვა ღმერთი განადიდებს თავის სახელს. „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია, განადგურდება (გამოცხადება 18:2, 8). მაშინ იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, მოსპობს ყველას, ვინც უარყოფს იცხოვროს ღვთის სიტყვის თანახმად (ფსალმუნი 2:9—11; დანიელი 2:44). შემდეგ კი ღვთის სამეფოს წყალობით სამუდამოდ აღმოიფხვრება დამნაშავეობა, ომები და სხვა უბედურებები. უკვე საჭირო აღარ იქნება ნუგეშისცემა ტკივილის, ავადმყოფობისა თუ სიკვდილის გამო (გამოცხადება 21:3, 4).

      19, 20. რა დიდებული მომავალი ელოდება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტ მოყვარულებს?

      19 რა დიდებულ კეთილ საქმეებს გააკეთებენ მაშინ ღვთის სიტყვის მოყვარულები! არმაგედონგადატანილები მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევის სასიამოვნო დავალების შესრულებას შეუდგებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ აღმაფრთოვანებელ საქმიანობაში — იზრუნებენ იმ გარდაცვლილთა აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც ახლა სამარეში არიან, მაგრამ ღმერთს ახსოვს და მკვდრეთით აღდგომაში წილი ექნებათ (იოანე 5:28, 29). იმ დროს დედამიწის მცხოვრებლებს ზეციდან თავისი განდიდებული ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ღმერთი უხელმძღვანელებს. ‘გადაიშლება წიგნები’, რომლებშიც იეჰოვას მითითებები იქნება ჩაწერილი ახალი ქვეყნიერების მცხოვრებთათვის (გამოცხადება 20:12).

      20 იეჰოვას მიერ დადგენილ დროს უკვე ყველა ერთგული ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს მიიღებს და ‘ქრისტეს თანამემკვიდრე’ გახდება (რომაელთა 8:17). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ღვთის სიტყვის მოყვარულები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, გასრულყოფილდებიან როგორც გონებით, ისე სხეულით. საბოლოო გამოცდისას ერთგულების დამტკიცების შემდეგ ისინი მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან და ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ დატკბებიან (რომაელთა 8:21; გამოცხადება 20:1—3, 7—10). რა შესანიშნავი იქნება ყოველივე ეს! ნამდვილად, ზეციური ცხოვრების იმედი გვაქვს თუ მიწიერი, ღვთის სიტყვისადმი ჭეშმარიტი სიყვარული და ღვთიური სიბრძნის თანახმად ცხოვრება დაგვიცავს. ხოლო მომავალში ‘პატივს შეგვმატებს, თუ გულში ჩავიკრავთ’ მას (იგავნი 4:6, 8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება