საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეხედეთ სასწაულებრივი საქმეების მოქმედს!
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
    • შეხედეთ სასწაულებრივი საქმეების მოქმედს!

      „დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!“ (იობი 37:14).

      1, 2. რა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს 1922 წელს და რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე აღმომჩენებს?

      ერთმა არქეოლოგმა და ინგლისელმა ლორდმა რამდენიმე წელი შეალიეს განძეულის ძიებას. ბოლოს, 1922 წლის 26 ნოემბერს, სახელგანთქმულ მეფეთა ველზე ეგვიპტის ფარაონთა სამარხში არქეოლოგ ჰაუარდ კარტერისა და ლორდ კარნარვონის ძიება დაჯილდოვდა — მათ ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა აღმოაჩინეს. როდესაც ისინი დალუქულ კარებს მიადგნენ, მასში ხვრელი გააკეთეს. კარტერმა სანთელი აანთო და შიგნით შეიხედა.

      2 კარტერი მოგვიანებით ჰყვებოდა: „როდესაც ლორდ კარნარვონს ძალა გამოეცალა და მოთმინების ფიალა აევსო, მღელვარებით აღსავსე ხმით მკითხა: ხედავ რამეს? მე მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე: დიახ, სასწაულებრივ რამეებს“. აკლდამაში ათასობით სხვა განძთან ერთად იყო ერთი სოლიდური განძი — ოქროს კუბო. ფოტოსურათებზე ან სამუზეუმო ექსპონატების სახით შეიძლება თქვენც გინახავთ ზოგი რამ ამ „სასწაულებრივი რამეებიდან“. მაგრამ რამდენად სასწაულებრივიც უნდა იყოს სამუზეუმო ექსპონატები, მას თქვენს ცხოვრებასთან, ალბათ, არავითარი კავშირი არა აქვს. ამიტომ, მოდი გადავინაცვლოთ იმ „სასწაულებრივ რამეებზე“, რაც უშუალოდ თქვენს ცხოვრებას უკავშირდება და თქვენთვის არის ფასეული.

      3. სად შეგვიძლია ინფორმაციის პოვნა ისეთი „სასწაულებრივი რამეების“ შესახებ, რაც ჩვენთვის არის ფასეული?

      3 მაგალითად, დაფიქრდით კაცზე, რომელიც მრავალი საუკუნის წინათ ცხოვრობდა — კაცზე, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე კინოვარსკვლავი, გამოჩენილი სპორტსმენი თუ სამეფო ოჯახის წევრი. მას აღმოსავლელთა შორის უდიდესს უწოდებდნენ. თქვენთვის ნაცნობია მისი სახელი. ამ კაცს იობი ერქვა. ბიბლიის მთელი ერთი წიგნი მის შესახებ მოგვითხრობს. მაგრამ მისმა თანამედროვემ, ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად ელიჰუმ, თავი ვალდებულად ჩათვალა, გამოესწორებინა მისი თვალსაზრისი. საერთო ჯამში, ელიჰუმ უთხრა იობს, რომ ის გადამეტებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარ თავსა და მის გარშემო მყოფ ადამიანებს. წიგნ „იობის“ 37-ე თავში ვპოულობთ კიდევ სხვა განსაკუთრებულ და ბრძნულ რჩევას, რომელიც ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება (იობი 1:1—3; 32:1—33:12).

      4. რამ მიიყვანა ელიჰუ იმ სიტყვების წარმოთქმამდე, რომლებიც იობის 37:14-შია ჩაწერილი?

      4 იობის სამმა ვითომ მეგობარმა მოიყვანა იმ შემთხვევათა გრძელი სია, რომლებშიც, მათი რწმენით, იობი აზრით ან საქმით შეცდა (იობი 15:1—6, 16; 22:5—10). ელიჰუ მოთმინებით ელოდა ამ დიალოგის დასრულებას. შემდეგ კი, როგორც საქმეში ჩახედულმა, ბრძნულად ლაპარაკი დაიწყო. მან მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ძირითად აზრს: „ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!“ (იობი 37:14).

      პიროვნება, რომელიც სასწაულებრივად მოქმედებს

      5. რა შედის ელიჰუს მიერ მოხსენიებულ „ღვთის სასწაულებში“?

      5 შენიშნეთ, ელიჰუს არ შეუთავაზებია იობისთვის საკუთარი თავისთვის, თავად ელიჰუსთვის ან სხვა ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა. მან ბრძნულად მოუწოდა, ყურადღება მიექცია იეჰოვა ღმერთის სასწაულებრივი საქმეებისა თუ გზებისთვის და ეს მოწოდება ჩვენც გვეხება. როგორ ფიქრობთ, რა შედის „ღვთის სასწაულებში“? გარდა ამისა, რატომ უნდა დავაკვირდეთ ღვთის საქმეებს, როცა ისედაც მრავალი საზრუნავი გვაქვს: ჩვენი ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა, მომავალი, აგრეთვე დაინტერესებული ვართ ოჯახით, თანამშრომლებით, მეზობლებით? უეჭველად, იეჰოვა ღმერთის ‘სასწაულებრივ საქმეებში’ მისი სიბრძნე და ის ძალაუფლება შედის, რომელიც მას ჩვენ გარშემო არსებულ ფიზიკურ ქმნილებებზე აქვს (ნეემია 9:6; ფსალმუნი 23:1; 103:24; 135:5, 6). ეს რომ უკეთ დავინახოთ, შენიშნეთ ერთი მომენტი, რომელიც წიგნ „იესო ნავეს ძეშია“ მოცემული.

      6, 7. ა) მოსესა და იესო ნავეს ძის დღეებში რა სასწაულებრივი საქმეები მოახდინა იეჰოვამ? ბ) როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია, მოსესა და იესო ნავეს ძეს დროს მომხდარი სასწაულებიდან რომელიმეს თვითმხილველი რომ ყოფილიყავით?

      6 იეჰოვამ სასჯელები დაატეხა თავს ძველ ეგვიპტეს, ხოლო შემდეგ მოსეს მეშვეობით ძველი ისრაელის გასათავისუფლებლად მეწამული ზღვა გაჰყო (გამოსვლა 7:1—14:31; ფსალმუნი 105:7, 21, 22). მსგავსი შემთხვევა მოთხრობილია იესო ნავეს ძის მე-3 თავში. მოსეს საქმის გამგრძელებელს, იესოს, ღვთის ხალხი მდინარის მეორე ნაპირზე უნდა გადაეყვანა და აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. იესომ მაშინ თქვა: „განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს“ (იესო ნავეს ძე 3:5). რა სასწაულებზე იყო საუბარი?

      7 ცნობაში ნაჩვენებია, რომ იეჰოვამ კვლავ გახსნა გზა წყლის — ამჯერად მდინარე იორდანის — გაყოფით, ასე რომ, ათასობით მამაკაცმა, ქალმა და ბავშვმა შეძლო მშრალ კალაპოტზე გასვლით მისი გადაკვეთა (იესო ნავეს ძე 3:7—17). ჩვენ რომ დაგვენახა, როგორ იყოფოდა მდინარე და როგორ გადადიოდა ხალხი უსაფრთხოდ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სასწაულებრივი შემთხვევა! ამით ნაჩვენები იყო ღვთის სასწაულებრივი ძალაუფლება ქმნილებებზე. მაგრამ ახლაც, ჩვენს დროშიც, მსგავსი სასწაულებრივი საქმეები შეინიშნება. რომ დავინახოთ ზოგიერთი მათგანი და გავიგოთ, თუ რატომ უნდა დავაკვირდეთ მათ, განვიხილოთ იობის 37:5—7.

      8, 9. რომელ სასწაულებრივ საქმეებზე ლაპარაკობს იობის 35:5—7 და რატომ უნდა ვიფიქროთ ამაზე?

      8 ელიჰუმ განაცხადა: „გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს“. რას გულისხმობდა ელიჰუ, როცა ამბობდა, რომ ღმერთი ‘საკვირველად’ მოქმედებს? მომდევნო მუხლში ელიჰუ თოვლსა და თავსხმას მოიხსენიებს. ყოველივე ეს ბეჭედს დაასვამდა ანუ შეაჩერებდა მიწათმოქმედის შრომას და მომუშავეს იმის დროსა და მიზეზს მისცემდა, რომ ღვთის საქმეებზე დაფიქრებულიყო. ჩვენ შეიძლება მიწათმოქმედნი არა ვართ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაზეც შეიძლება იქონიოს გავლენა წვიმამ ან თოვლმა. გააჩნია, ვინ სად ცხოვრობს, თორემ ზოგან თოვლსა და წვიმას ადამიანის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლია. ვიყენებთ თუ არა ამ დროს, რათა დავფიქრდეთ, ვინ დგას ამ სასწაულების მიღმა და რას ნიშნავს ეს? ოდესმე გაგიკეთებიათ ეს?

      9 აღსანიშნავია, რომ, როგორც იობის 38-ე თავში ვკითხულობთ, იეჰოვა ღმერთი თავად გამოთქვამს მსგავს აზრებს, როდესაც იობს მრავალმნიშვნელოვან კითხვებს უსვამს. თუმცა ჩვენმა შემოქმედმა ეს კითხვები იობს დაუსვა, აშკარაა, რომ ისინი ჩვენს დამოკიდებულებას, არსებობასა და მომავალსაც ეხება. ამიტომ, მოდი ვნახოთ, რას ეკითხებოდა ღმერთი და ვიფიქროთ მათ მნიშვნელობაზე, დიახ, ვაკეთოთ ის, რისკენაც იობის 37:14 მოგვიწოდებს.

      10. როგორი გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე იობის 38-ე თავმა და რა კითხვებს წამოგვიჭრის ამ თავის წაკითხვა?

      10 ოცდამეთვრამეტე თავი ასე იწყება: „მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე“ (იობი 38:1—3). ეს სიტყვები თავისებური შესავალია შემდგომი მსჯელობისთვის. ამან შეაძლებინა იობს აზროვნების შეცვლა და დაანახვა, რომ სამყაროს შემოქმედის წინაშე იდგა და პასუხი უნდა ეგო. კარგი იქნებოდა, იგივე გაგვეკეთებინა ჩვენც და ჩვენს თანამედროვეებსაც. შემდეგ ღმერთი შეეხო საკითხებს, რომელიც ელიჰუმ მოიხსენია. „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?“ (იობი 38:4—6).

      11. რის გაგებაში გვეხმარება იობის 38:4—6?

      11 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სად იყო იობი — ან თითოეული ჩვენგანი — როცა დედამიწა გაჩნდა? იყო ვინმე ჩვენგანი არქიტექტორი, რომელმაც დედამიწის მოდელი შექმნა და შემდეგ ამ მოდელის მიხედვით გიგანტური სახაზავით გადმოიტანა ზომები? რა თქმა უნდა, არა! იმ დროს ადამიანები არც კი არსებობდნენ. ღმერთი დედამიწას დიდ, უზარმაზარ შენობას ადარებს და სვამს კითხვას: „ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?“. მრავალმა ადამიანმა იცის, რომ დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რაც დედამიწაზე ჩვენს საცხოვრებლად არის საჭირო. გარდა ამისა, ჩვენს პლანეტას სათანადო ზომები აქვს. ის რომ უფრო დიდი ყოფილიყო, წყალბადის აირები ვერ გავიდოდნენ ჩვენი ატმოსფეროდან და დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ცხადია, ვიღაცამ სწორ ადგილას „დადო მისი ქვაკუთხედი“. ვის მიუძღვის ამაში წვლილი — იობს, ჩვენ თუ იეჰოვა ღმერთს? (იგავნი 3:19; იერემია 10:12).

      რომელი ადამიანი უპასუხებს?

      12. რაზე დასაფიქრებლად აღგვძრავს იობის 38:6-ში მოცემული კითხვა?

      12 ღმერთი აგრეთვე სვამს კითხვას: „რაზე დგას მისი საძირკვლები?“. კარგი კითხვაა, არა? ჩვენთვის, ალბათ, ცნობილია სიტყვა „მიზიდულობა“, რაც უცნობი იყო იობისთვის. თითქმის ყველას გვესმის, რომ მზის მიზიდულობის ძალა — რომელიც მისი უზარმაზარი მასითაა განპირობებული — დედამიწას თავის ადგილზე აკავებს, ასე ვთქვათ, ეს ძალა განაპირობებს დედამიწის დგომას თავის საძირკვლებზე. და მაინც, რომელ ჩვენგანს ესმის ბოლომდე, რა არის მიზიდულობა?

      13, 14. ა) რა უნდა ვაღიაროთ მიზიდულობის ძალასთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ სიტუაციაზე, რომელსაც იობის 38:6-ში ესმება ხაზი?

      13 ახლახან გამოსული წიგნის „სამყარო შესწავლილია“ ავტორი აღიარებს, რომ ‘გრავიტაცია ბუნების ყველაზე ცნობილი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გასაგები ძალაა’. იგი დასძენს: „მიზიდულობის ძალა, როგორც ჩანს, მყისვე ვრცელდება ცარიელ სივრცეში და ამისთვის არანაირ ხილულ საშუალებას არ იყენებს. გასულ წლებში კი ფიზიკოსებმა იმის ვარაუდი დაიწყეს, რომ მიზიდულობა შეიძლება ვრცელდება ტალღებით, რომლებიც გრავიტონებად წოდებული ნაწილაკებისგან შედგება. . . მაგრამ ბოლომდე არავინ არის დარწმუნებული მათ არსებობაში“. იფიქრეთ, რაზე მეტყველებს ეს!

      14 მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ეს კითხვები დაუსვა იობს, მეცნიერება დაახლოებით 3 000 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. მაგრამ არც ჩვენ და არც სწავლულ ფიზიკოსებს არ შეუძლიათ მიზიდულობის რაობის ბოლომდე ახსნა; მიზიდულობის ძალისა, რომელიც ჩვენს დედამიწას იმ სწორ ორბიტაზე აკავებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მასზე ცხოვრება შევძლოთ (იობი 26:7; ესაია 45:18). ამას იმ მიზნით არ ვამბობთ, რომ ახლა მიზიდულობის საიდუმლოს ამოსაცნობად გულმოდგინე კვლევა დაიწყოთ. არა, უბრალოდ, ღვთის სასწაულებრივი საქმეების ამ ერთ მხარეზე დაკვირვებამაც კი, ღვთის შესახებ ჩვენს თვალსაზრისზე უნდა იმოქმედოს. ნუთუ არ აძლიერებს ეს თქვენში ღვთის სიბრძნისა და ცოდნისადმი მოწიწების გრძნობას და ნუთუ ვერ გრძნობთ, რატომ არის აუცილებელი, უფრო მეტი გაიგოთ მისი ნება-სურვილის შესახებ?

      15—17. ა) რაზე ამახვილებს ყურადღებას იობის 38:8—11 და შედეგად რა კითხვები გვებადება? ბ) რა უნდა ვაღიაროთ ოკეანეებსა და დედამიწის ზედაპირზე მათი განლაგების შესახებ ცოდნასთან დაკავშირებით?

      15 შემოქმედი განაგრძობს კითხვების დასმას: „ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი — სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი — და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?“ (იობი 38:8—11).

      16 ზემოხსენებული ზღვის ჩაკეტვა ეხება კონტინენტებს, ოკეანეებსა და ზღვის მიმოქცევას. რამდენი ხანია, რაც ადამიანი აკვირდება და იკვლევს მათ? ათასობით წელი; განსაკუთრებით კი მათ გასულ საუკუნეში იკვლევდნენ. შეიძლება ფიქრობთ, რომ მათ შესახებ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი უკვე მიკვლეულია. მაგრამ რას აღმოაჩენდით ახლაც კი, 2001 წელს, მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკების ან ინტერნეტის საძიებლის გამოყენებით ზედმიწევნით რომ შეგესწავლათ ეს საკითხი უახლესი ფაქტების საპოვნელად?

      17 ერთ-ერთ საყოველთაოდ გავრცელებულ ცნობარში ნახავდით შემდეგ აღიარებას: „პლანეტის ზედაპირზე კონტინენტური პლატოებისა და ოკეანური აუზების, აგრეთვე ძირითადი რელიეფური ფორმების განლაგება დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა თავსატეხს სამეცნიერო კვლევისა და თეორიების ჩამოყალიბებაში“. ამის შემდეგ ენციკლოპედია გვთავაზობს ოთხ შესაძლო განმარტებას, მაგრამ დასძენს, რომ ესენიც „მრავალი ჰიპოთეზის შორისაა“. როგორც ცნობილია, ჰიპოთეზა წარმოადგენს „რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებულ მეცნიერულ ვარაუდს, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული“.

      18. რა დასკვნამდე მიჰყავხართ იობის 38:8—11-ს?

      18 ნუთუ ეს არ ცხადყოფს, რომ დროულია კითხვები, რომლებიც იობის 38:8—11-შია მოცემული? რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიძღვის წვლილი ჩვენს პლანეტაზე ამ ყოველივეს მოწესრიგებაში. ჩვენ არ მიგვიჩენია მთვარისთვის ადგილი ისე, რომ მის მიზიდულობას ზღვის ისეთი მიმოქცევები გამოეწვია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზიანს არ მიაყენებდა გარემოსა თუ ადამიანებს. იცით თქვენ, ვინ არის ამ სასწაულებრივი საქმეების მოქმედი (ფსალმუნი 32:7; 88:10; იგავნი 8:29; საქმეები 4:24; გამოცხადება 14:7).

      სათანადო პატივი მიაგეთ იეჰოვას

      19. იობის 38:12—14-ში მოცემული პოეტური გამონათქვამები რომელ ფიზიკურ რეალობებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას?

      19 არც ერთ ადამიანს არ მიუძღვის წვლილი დედამიწის ბრუნვაში, რომელზეც იობის 38:12—14-შია მინიშნებული. დიახ, დედამიწის ბრუნვა განაპირობებს აისს, რაც ხშირად უმშვენიერეს სურათს ქმნის. მზის ამოსვლისას უფრო და უფრო იკვეთება ჩვენი პლანეტის რელიეფი, რომელიც შეიძლება რბილ თიხაზე დასმულ ბეჭედს შევადაროთ. როცა ვაკვირდებით დედამიწის მოძრაობას, გაოცებული ვართ, რომ დედამიწა ძალიან სწრაფად არ ბრუნავს, რაც, როგორც გვესმის, დამღუპველი იქნებოდა. ის არც იმდენად ნელა ბრუნავს, რომ დღეები და ღამეები უფრო ხანგრძლივი იყოს და უკიდურესი სიცხე ან სიცივე გამოიწვიოს, რაც ადამიანის სიცოცხლეს შეუძლებელს გახდიდა. გულახდილად რომ ვთქვათ, ნუთუ არ გვიხარია, რომ ბრუნვის სიჩქარე ღმერთმა დაადგინა და არა ადამიანთა რომელიმე ჯგუფმა? (ფსალმუნი 148:1—5).

      20. როგორ გამოეხმაურებოდით იობის 38:16, 18-ში მოცემულ კითხვებს?

      20 ახლა წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი გეკითხებათ: „თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?“. თვით ოკეანოგრაფსაც კი არ შეუძლია ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემა! „თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?“ (იობი 38:16, 18). ვყოფილვართ ყველგან და შეგვისწავლია თუ არა დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭული — ან თუნდაც მისი უდიდესი ნაწილი? რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლოთ, რომ მოვინახულოთ დედამიწის ყველა ლამაზი და საოცარი ადგილი ან მათი უმეტესობა მაინც? რა შესანიშნავი იქნებოდა ეს!

      21. ა) რომელ მეცნიერულ შეხედულებებზე შეიძლება დაგვაფიქროს იობის 38:19-ში დასმულმა კითხვებმა? ბ) რისკენ უნდა აღგვძრას სინათლის შესახებ რეალობის გაგებამ?

      21 ახლა დააკვირდით იობის 38:19-ში დასმულ მრავალმნიშვნელოვან კითხვებს: „სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი“? თქვენთვის, ალბათ, უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, სინათლე ტალღისებურად ვრცელდებოდა, ისეთივე ტალღების სახით, რომლებსაც ტბის ზედაპირზე ვხედავთ ხოლმე. შემდეგ, 1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა თეორია, რომ სინათლე ნაწილაკივით მოქმედებს. გადაწყდა ასე ეს საკითხი? ახლახან გამოცემულ ენციკლოპედიაში დასმულია კითხვა: „სინათლე ტალღაა თუ ნაწილაკი?“, რაზეც შემდეგი პასუხია გაცემული: „როგორც ჩანს, [სინათლე] ორივე ვერ იქნება, რადგან ისინი [ტალღა და ნაწილაკი] ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. საუკეთესო პასუხი ის არის, რომ სინათლე არც ერთია და არც — მეორე“. და, მიუხედავად იმისა, ადამიანს შეუძლია თუ არა, სრულად ახსნას ღვთის საქმეები, მზის სინათლე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მაინც გვათბობს. ჩვენ გვაქვს საკვები და ჟანგბადი, რომელსაც მცენარეები სინათლეზე რეაგირებით წარმოქმნიან; შეგვიძლია კითხვა, ჩვენი ახლობლების სახეების დანახვა, დაისის ყურება და ასე შემდეგ. ნუთუ ამ დროს არ უნდა ვაღიაროთ ღვთის სასწაულებრივი საქმეები? (ფსალმუნი 103:1, 2; 144:5; ესაია 45:7; იერემია 31:34).

      22. როგორ რეაგირებდა დავითი ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე?

      22 როდესაც იეჰოვას სასწაულებრივ საქმეებს ვიხილავთ, არის ჩვენი მიზანი მხოლოდ ის, რომ ამან ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს და ჩვენში შიშნარევი მოწიწების გრძნობა ჩანერგოს ან გაოცებისგან დაგვადუმოს? სულაც არა. ძველი დროის ფსალმუნმომღერალს ესმოდა, რომ შეუძლებელია ღვთის ყველა საქმეში ჩაწვდომა და მათზე საუბარი. დავითი წერდა: ‘ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებზე. . . ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად’ (ფსალმუნი 39:6). მაგრამ ამაში დავითს ის არ უგულისხმია, რომ არ ილაპარაკებდა ამ დიდებულ საქმეებზე. დავითმა ეს ფსალმუნის 9:2-ში მოცემული სიტყვებით დაამტკიცა: „გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს“.

      23. როგორია ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე თქვენი რეაქცია და როგორ შეგიძლიათ სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა?

      23 განა ჩვენც ასევე არ უნდა ვიყოთ აღძრული? განა ღვთის დიდებული საქმეებით გაოცების გრძნობამ არ უნდა აღგვძრას, ვილაპარაკოთ მასზე, მის მიერ უკვე გაკეთებულ საქმეებსა თუ იმ საქმეებზე, რომლებსაც მომავალში გააკეთებს? პასუხი ნათელია — ჩვენ უნდა ‘მოვუთხროთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები’ (ფსალმუნი 95:3—5). დიახ, ჩვენ შეგვიძლია თავმდაბლად გამოვავლინოთ ღვთის სასწაულებრივი საქმეებისთვის მადლიერება და ეს მის შესახებ ნასწავლის სხვებთან გაზიარებით გავაკეთოთ. მაშინაც კი, თუ ადამიანი ისეთ საზოგადოებაშია აღზრდილი, სადაც შემოქმედს არ სცნობენ, ჩვენმა დადებითმა, შინაარსიანმა ინფორმაციამ შეიძლება ის ღვთის აღიარებამდე მიიყვანოს. უფრო მეტიც, ამან შეიძლება ეს ადამიანი აღძრას, ისწავლოს და ემსახუროს იეჰოვას, პიროვნებას, რომელმაც ‘შექმნა ყოველი’ და რომელიც სასწაულებრივი საქმეების მოქმედია (გამოცხადება 4:11).

  • დააკვირდით ღვთის სასწაულებრივ საქმეებს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
    • დააკვირდით ღვთის სასწაულებრივ საქმეებს

      „ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ — ვინ შეგედრება შენ!“ (ფსალმუნი 39:6).

      1, 2. ღვთის სასწაულებრივი საქმეების რა მტკიცებები გვაქვს და რის გასაკეთებლად უნდა აღგვძრას ამან?

      ბიბლიის კითხვისას ადვილად დაინახავთ, რომ ღმერთს არაეთრი სასწაულებრივი საქმე გაუკეთებია თავისი ხალხის, ძველი ისრაელისთვის (იესო ნავეს ძე 3:5; ფსალმუნი 105:7, 21, 22). მაშინაც კი, თუ იეჰოვა დღეს ისე არ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში, როგორც ეს ისრაელების შემთხვევაში გააკეთა, ჩვენ ირგვლივ ღვთის სასწაულებრივი საქმეების მრავალი დამადასტურებელი ფაქტების ხილვა შეგვიძლია. ასე რომ, გვაქვს საფუძველი, შევუერთდეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნი 103:24; 148:1—5).

      2 დღეს მრავალი უგულებელყოფს შემოქმედის მოქმედების მსგავს აშკარა მტკიცებებს (რომაელთა 1:20). მაგრამ ჩვენ კარგად ვიქცევით, როდესაც ვფიქრობთ ყოველივე ამაზე და ვხვდებით, თუ რა პოზიცია გვიკავია და რა ვალდებულება გვაკისრია შემოქმედის წინაშე. იობის 38—41 თავები ამაში შესანიშნავ დახმარებას გაგვიწევს, რადგან აქ იეჰოვა თავისი სასწაულებრივი საქმეების გარკვეულ მხარეებზე ამახვილებს იობის ყურადღებას. განვიხილოთ რამდენიმე საფუძვლიანი კითხვა, რომლებსაც ღმერთი სვამს.

      ძლიერი და სასწაულებრივი საქმეები

      3. იობის 38:22, 23, 25—29-ის თანახმად, რა ჰკითხა ღმერთმა იობს?

      3 ღმერთი იობს შემდეგ კითხვებს უსვამს: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?“. თოვლი და სეტყვა მრავალი ადგილისთვის დამახასიათებელი მოვლენებია. ღმერთი განაგრძობს: „ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა — ჭექა-ქუხილს, რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს, რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი? თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?“ (იობი 38:22, 23, 25—29).

      4—6. რა მხრივ არის ადამიანის ცოდნა თოვლის შესახებ არასრული?

      4 ზოგი ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ხალხი სულ სადღაც მიიჩქარის და მგზავრობს. ამიტომაც თოვლს, შესაძლოა, მხოლოდ დამაბრკოლებლად მიიჩნევენ. მაგრამ მრავალი სხვა ადამიანი თოვლს ზამთრის საოცარი სილამაზის წყაროდ მიიჩნევს, რაც არაერთი შესანიშნავი საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა. გვახსოვდეს ღვთის მიერ დასმული კითხვა და დავფიქრდეთ, ვიცით თუ არა ყველაფერი თოვლის შესახებ, ან ის მაინც თუ ვიცით, როგორია თოვლი? ო, ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება ბევრი თოვლი; შესაძლოა, ნანახი გვაქვს თოვლის ნამქერის ფოტოსურათები ან, უბრალოდ, ძალიან ბევრი თოვლი გვაქვს სინამდვილეში ნანახი. მაგრამ როგორია თითოეული ფიფქი? იქნებ გამოგიკვლევიათ ისინი მაშინ, როცა იქმნებიან?

      5 ზოგიერთები იკვლევდნენ და სურათებს უღებდნენ მათ ათწლეულების განმავლობაში. ცალკეული ფიფქი შეიძლება შედგებოდეს ყინულის 100 წვრილი კრისტალისგან, რაც უსასრულოდ მრავალფეროვანი კონსტრუქციის ლამაზ ფიფქს ქმნის. წიგნ „ატმოსფეროში“ შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „ფიფქების მრავალფეროვნების უსასრულობა კარგად არის ცნობილი და მიუხედავად იმისა, რომ, მეცნიერების აზრით, ბუნების არც ერთი კანონი არ უშლის ხელს ფიფქის გამეორებას, ორი ერთნაირი ფიფქი არასოდეს უნახავთ. უილსონ ბენტლიმ. . . ფიფქების უჩვეულო პროპორციებთან დაკავშირებით ერთ-ერთი კვლევა-ძიება ჩაატარა; ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა და მიკროსკოპის გამოყენებით სურათებს უღებდა ფიფქებს, მაგრამ ორი ზუსტად ერთნაირი ფიფქი ვერ აღმოაჩინა“. ორი ერთნაირი ფიფქი იშვიათად რომც აღმოეჩინა, განა ეს შეცვლიდა იმ საოცარ ფაქტს, რომ უჩვეულოდ მრავალგვარი ფიფქი არსებობს?

      6 გაიხსენეთ ღვთის მიერ დასმული კითხვა: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში?“. ბევრი ღრუბლებს თოვლის დაბადების ადგილად ანუ საგანძურად მიიჩნევს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი იმ კაცის მდგომარეობაში, რომელიც შედის ერთ-ერთ ასეთ საგანძურში, რათა აღწეროს თოვლის ყველა ფიფქი თავისი უსასრულო მრავალფეროვნებით და შეისწავლოს, როგორ ჩნდებიან ისინი? ერთ-ერთ სამეცნიერო ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ყინულის კრისტალების ბუნება და წარმოშობა, რომლებიც ღრუბელში არსებული წვეთების დაახლოებით მინუს 40 გრადუსზე გაყინვის დასაწყებად არის აუცილებელი, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის“ (ფსალმუნი 147:5, 6; ესაია 55:9, 10).

      7. რამდენად ამომწურავია წვიმის შესახებ ადამიანის ცოდნა?

      7 ანდა რა შეიძლება ითქვას წვიმაზე? ღმერთმა იობს ჰკითხა: „თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?“. იმავე ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ატმოსფერული მოძრაობის სირთულის, ორთქლისა და ჰაერში შემავალი ნაწილაკების უჩვეულო მრავალფეროვნების გამო შეუძლებელი ჩანს ღრუბლებისა და ნალექების წარმოშობის დეტალური და ზოგადი თეორიის ჩამოყალიბება“. მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერები გვთავაზობენ დაწვრილებით ჩამოყალიბებულ თეორიებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რეალურად ბოლომდე განმარტონ, თუ რა არის წვიმა. მაგრამ ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წვიმა დედამიწის მოსარწყავად და მცენარეული სამყაროს არსებობისთვის, რაც სიცოცხლეს შესაძლებელსა და სასიამოვნოს ხდის.

      8. რატომ არის მართებული პავლეს სიტყვები, რომლებიც საქმეების 14:17-შია ჩაწერილი?

      8 განა არ ეთანხმებით პავლე მოციქულის დასკვნას? ის მოუწოდებდა სხვებს, ამ სასწაულებრივ საქმეებში ყოველივე ამის შემოქმედის არსებობის შესახებ მტკიცება დაენახათ. პავლე იეჰოვა ღმერთზე ამბობდა: „ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17; ფსალმუნი 146:8).

      9. როგორ ვლინდება ღვთის სასწაულებრივ საქმეებში მისი დიდი ძალა?

      9 არავითარი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ სასწაულებრივი და სასარგებლო საქმეების მოქმედს უდიდესი სიბრძნე და ძალა აქვს. მისი ძალის დასანახავად დაფიქრდით შემდეგზე: ამბობენ, რომ ყოველდღე 45 000 ელჭექი ხდება, რაც წელიწადში 16 მილიონზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ამ წუთას დაახლოებით 2 000 ელჭექი ხდება. ერთი ელჭექის წარმოქმნისას ღრუბლები ისეთი რაოდენობის ენერგიას გამოყოფენ, რაც ათჯერ ან უფრო მეტჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ატომური ბომბების ენერგიას. ეს ენერგია, გარკვეულწილად, ელვის სახით გამოიყოფა. ელვა მხოლოდ შიშისა და მოწიწების მომგვრელი როდია; მისი ხელშეწყობით წარმოიქმნება და ნიადაგამდე აღწევს აზოტის ისეთი ფორმა, რომელსაც მცენარეები ბუნებრივ სასუქად იყენებენ. ასე რომ, ელვა ენერგიის გამოვლინებაა, მაგრამ მას დიდი სარგებლობაც მოაქვს (ფსალმუნი 103:14, 15).

      რა დასკვნამდე მიხვედით?

      10. როგორ უპასუხებდით იობის 38:33—38-ში დასმულ კითხვებზე?

      10 წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იობის ადგილზე, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი უსვამს კითხვებს. თქვენ, ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ადამიანთა უმეტესობა ნაკლებად აკვირდება ღვთის სასწაულებრივ საქმეებს. იეჰოვა გვისვამს კითხვებს, რომლებსაც იობის 38:33—38-ში ვკითხულობთ: „თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა? თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო! ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა? ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის, როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?“.

      11, 12. რა საქმეები ადასტურებს, რომ ღმერთი სასწაულებრივი საქმეების მოქმედია?

      11  ჩვენ შევეხეთ ელიჰუს მიერ იობის წინაშე წამოჭრილ მხოლოდ რამდენიმე საკითხს და შემდეგ განვიხილეთ ზოგი კითხვა, რომლებზეც იეჰოვამ იობს „მეომარივით“ პასუხის გაცემა მოსთხოვა (იობი 38:3). ჩვენ ვამბობთ „ზოგი“, რადგან იობის 38-ე და 39-ე თავებში იეჰოვამ შემოქმედების კიდევ სხვა ღირსშესანიშნავ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, მოიხსენია თანავარსკვლავედები. ვინ იცის მათი ყველა კანონი თუ წესი? (იობი 38:31—33). იობთან საუბარში იეჰოვამ მიუთითა ზოგიერთ ცხოველსა და ფრინველზე — ლომსა და ყორანზე, ჯიხვსა და ზებრაზე, გარეულ ხარსა და სირაქლემაზე, ცხენსა და არწივზე. ფაქტობრივად, ღმერთმა ჰკითხა იობს, მას ხომ არ ჰქონდა მინიჭებული ამ სხვადასხვაგვარი ცხოველებისთვის ნორმალური არსებობისთვის საჭირო თავისებურებები. შეგიძლიათ დრო გამოუყოთ ამ თავების გამოკვლევას, განსაკუთრებით, თუ ცხენები ან სხვა ცხოველები გიზიდავთ (ფსალმუნი 49:10, 11).

      12 აგრეთვე შეგეძლოთ გამოგეკვლიათ მე-40 და 41-ე თავები, რომელთა თანახმადაც, იეჰოვა კვლავ სთხოვს იობს, უპასუხოს კითხვებს ორ ქმნილებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეს ორი ცხოველი არის ჰიპოპოტამი (ბეჰემოთი), ძლიერი და უშველებელი სხეულით, და ნილოსის საშინელი ნიანგი (ლევიათანი). თითოეული, თავისებურად, საოცრად არის შექმნილი და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. ახლა კი მოდი ვნახოთ, რა დასკვნამდე მივალთ.

      13. რა გავლენა იქონია იობზე ღვთის მიერ დასმულმა კითხვებმა და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?

      13 იობის 42-ე თავი ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედა იობზე ღვთის მიერ დასმულმა კითხვებმა. გაიხსენეთ, რომ მანამდე იობი მეტისმეტ ყურადღებას აქცევდა საკუთარ თავსა და სხვებს. მაგრამ, დასმული კითხვების საშუალებით ღვთისგან გამოსასწორებელი ზომების გათავისებისა და მიღების შემდეგ აზროვნება შეიცვალა. მან აღიარა: „ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება. ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი“ (იობი 42:2, 3). დიახ, მას შემდეგ, რაც ყურადღება მიაქცია ღვთის საქმეებს, იობმა თქვა, რომ ისინი მისთვის მართლაც განსაცვიფრებელი იყო. ამ შემოქმედებითი სასწაულების განხილვის შემდეგ ჩვენზეც მსგავსი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ღვთის სიბრძნემ და სიძლიერემ. რა მიზნით? ნუთუ ამის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ, უბრალოდ, გაგვაოცოს მისმა უსაზღვრო ძლიერებამ და შესაძლებლობებმა? თუ ამაზე მეტისთვის უნდა ვიყოთ აღძრული?

      14. როგორი იყო ღვთის სასწაულებრივ საქმეებზე დავითის რეაქცია?

      14 ოთხმოცდამეხუთე ფსალმუნში ჩვენ ვპოულობთ დავითის მიერ წარმოთქმულ მსგავს სიტყვებს, რომელმაც ადრე დაწერილ ფსალმუნში თქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს“ (ფსალმუნი 18:2, 3). მაგრამ დავითი ამაზე არ შეჩერებულა. ფსალმუნის 85:10, 11-ში ვკითხულობთ: „რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“. დავითი შემოქმედისადმი მოკრძალებით იყო გამსჭვალული მისი ყველა საკვირველი საქმის გამო და ამ მოკრძალებას თან ახლდა სათანადო ღვთისმოშიშება; ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ. დავითს არ სურდა, უკმაყოფილების გრძნობა გამოეწვია მასში, ვისაც შეეძლო ასეთი სასწაულებრივი საქმეების გაკეთება. ჩვენც უნდა მოვერიდოთ ამას.

      15. რატომ იყო დავითის შიშნარევი მოკრძალება მართებული?

      15 დავითს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ერთი რამ — რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი უდიდეს ძალას ფლობს და ყოველივეს აკონტროლებს, მას შეუძლია ამ ძალის მათ წინააღმდეგ გამოყენება, ვინც ღვთის მოსაწონად არ იქცევა. ეს კი ამ ადამიანებისთვის ცუდის მომასწავებელია. ღმერთმა იობს ჰკითხა: „თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?“. თოვლი, სეტყვა, თავსხმა, ქარი და ელვა ღვთის არსენალშია. ბუნების რა საოცრად დიდი ძალებია ესენი! (იობი 38:22, 23).

      16, 17. რომელი მაგალითი ცხადყოფს ღვთის უზარმაზარ ძალაზე, რომელიც ადამიანებს მოწიწებით აღავსებს, და როგორ გამოიყენა წარსულში ეს ძალა ღმერთმა?

      16 ალბათ, გახსენდებათ თქვენს მხარეში მომხდარი რომელიმე უბედურება, რომელიც ქარიშხალმა, ტაიფუნმა, ციკლონმა, სეტყვამ ან უეცარმა წყალდიდობამ გამოიწვია. მაგალითისთვის: 1999 წლის მიწურულს მძლავრმა ქარიშხალმა გადაუარა სამხრეთ-დასავლეთ ევროპას. ამან თვით სინოპტიკოსებიც კი გააკვირვა. ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საათში 200 კილომეტრს აღწევდა, გლეჯდა ათასობით შენობის სახურავს, აყირავებდა ელექტროგადამცემ ბოძებსა და სატვირთო მანქანებს. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: ქარიშხალმა ამოგლიჯა ან გადატეხა დაახლოებით 270 მილიონი ხე — აქედან 10 000 ხე პარიზის გარეუბნის, ვერსალის, პარკში. მილიონობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა — და ეს ყოველივე სულ მოკლე დროში. რა საშინელი ძალაა!

      17 ზოგმა ქარიშხალს შეიძლება უჩვეულო, უმართავი მოვლენა უწოდოს. მაგრამ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ყოვლადძლიერი სასწაულებრივ საქმეებს ასეთი ძალების მიზანმიმართული გამოყენებით მოახდენდა? მსგავსი რამ მან უკვე მოიმოქმედა ძველად, აბრაამის დროს. ამ მორწმუნე კაცმა გაიგო, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა „აწონა“ ორი ქალაქის, სოდომისა და გომორის, ბოროტება. ეს ორი ქალაქი იმდენად გარყვნილი იყო, რომ მათ შესახებ სამდურავმა ღმერთამდე მიაღწია. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ყველა მართალ ადამიანს თავი დაეღწია მსჯავრდადებული ქალაქებიდან. ისტორიული ცნობა გვატყობინებს: ‘აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი’ იმ ძველი დროის ქალაქებს. ეს სასწაულებრივი საქმე იყო, რომელსაც გადაურჩნენ მართლები და განადგურდნენ გამოუსწორებელი ბოროტები (დაბადება 19:24).

      18. რომელ სასწაულებრივ საქმეებზე მოგვითხრობს ესაიას 25-ე თავი?

      18 მოგვიანებით ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ძველ ქალაქ ბაბილონს, რის შესახებაც ესაიას 25-ე თავშია მოთხრობილი. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს ქალაქი ნანგრევებად იქცეოდა: „ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი — ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება“ (ესაია 25:2). ბაბილონის ადგილმდებარეობის თანამედროვე მნახველებს შეუძლიათ ამის დადასტურება. ნუთუ ბაბილონის განადგურება უბრალო დამთხვევა იყო? არა. პირიქით, ჩვენც ვეთანხმებით ესაიას სიტყვებს: „უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი — ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო“ (ესაია 25:1).

      სასწაულებრივი საქმეები მომავალში

      19, 20. ესაიას 25:6—8-ის რა შესრულებას უნდა მოველოდეთ?

      19 იეჰოვამ შეასრულა ზემოხსენებული წინასწარმეტყველება წარსულში და ასევე სასწაულებრივად იმოქმედებს მომავალშიც. ამ კონტექსტში, რომელშიც ესაია ღვთის „საკვირველებანს“ მოიხსენიებს, ჩვენ იმ სარწმუნო წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს, ისევე როგორც წარსულში ბაბილონზე გამოტანილი განაჩენი იქნა მოყვანილი სისრულეში. რა ‘საკვირველებას’ გვპირდებიან აქ? ესაიას 25:6-ში ნათქვამია: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით“.

      20 ეს წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდება ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში. ეს ქვეყნიერება კი სწრაფად გვიახლოვდება. იმ დროს კაცობრიობა გათავისუფლდება პრობლემებისგან, რომლებიც ახლა მრავალს თრგუნავს. ფაქტობრივად, ესაიას 25:7, 8-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ ღმერთი გამოიყენებს თავის შემოქმედებით უნარს და არნახულ სასწაულებრივ საქმეს გააკეთებს: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“. მოგვიანებით მოციქული პავლე ციტირებდა ამ ადგილს, როდესაც მკვდრების აღდგენაზე ლაპარაკობდა. რა დიდებული სასწაულებრივი საქმე იქნება! (1 კორინთელთა 15:51—54).

      21. რა სასწაულებრივ საქმეებს გააკეთებს ღმერთი მკვდართათვის?

      21 ფიზიკური დაავადებების მოსპობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანთა სახეებიდან წუხილის ცრემლები გაქრება. როცა იესო დედამიწაზე იყო, ის მრავალს კურნავდა, ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ყრუებს — სმენას და დავრდომილებს — ძალ-ღონეს. იოანეს 5:5—9 მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა მან 38 წლის განმავლობაში სნეული კაცი. მნახველები ამას საოცრებად, სასწაულებრივ საქმედ მიიჩნევდნენ. და ეს ასეც იყო! მაგრამ იესომ მათ უთხრა, რომ მის მიერ მკვდრების აღდგენა კიდევ უფრო საოცარი იქნებოდა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

      22. რატომ შეუძლიათ ღარიბებსა და დაჩაგრულებს, იმედით ელოდონ მომავალს?

      22 ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ამას იეჰოვა გვპირდება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ, როცა ღმერთი თავის დიდებულ ძალას მიზანმიმართულად გამოიყენებს, შედეგი სასწაულებრივი იქნება. 71-ე ფსალმუნში ნაჩვენებია, თუ რას გააკეთებს ის თავისი ძის, მეფის, მეშვეობით. მაშინ მართალი ადამიანი გაიხარებს. ყველგან მშვიდობა გამეფდება. ღმერთი იხსნის ყველა ღარიბსა და დაჩაგრულს. ის გვპირდება: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე [ძველი] ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე“ (ფსალმუნი 71:16).

      23. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სასწაულებრივმა საქმეებმა?

      23 ნათელია, ჩვენ მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ყურადღება მივაპყროთ იეჰოვას ყველა სასწაულებრივ საქმეს — იმას, რაც მან წარსულში მოიმოქმედა, რასაც დღეს აკეთებს და რასაც ახლო მომავალში მოიმოქმედებს. „კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!“ (ფსალმუნი 71:18, 19). ეს უნდა იყოს ნათესავებსა თუ სხვებთან ენთუზიაზმით ჩვენი საუბრის თემა. დიახ, მოდი ‘მოვუთხროთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები’ (ფსალმუნი 77:3, 4; 95:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება