რწმენა კეთილი საქმეების კეთებისკენ აღგვძრავს
1 რწმენამ აღძრა მოქმედებისკენ ნოე, მოსე და რახაბი. ნოემ კიდობანი ააშენა. მოსემ დატოვა დროებითი უპირატესობები, რომლებითაც ფარაონის კარზე სარგებლობდა. რახაბმა დამალა მზვერავები, ხოლო შემდეგ მათი დარიგებისამებრ მოიქცა, რითაც მთელი თავისი ოჯახი იხსნა (ებრ. 11:7, 24—26, 31). რაც შეეხება დღევანდელობას, რომელი კარგი საქმეების კეთებისკენ აღგვძრავს ჩვენი რწმენა?
2 ქადაგება: რწმენა აღგვძრავს, ვილაპარაკოთ ჩვენი დიდებული ღვთისა და მის მიერ კაცობრიობის ბედნიერებისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ (2 კორ. 4:13). ზოგჯერ გამბედაობა არ გვყოფნის, რომ ვიქადაგოთ. მაგრამ, თუ ‘მუდამ პირისპირ წარმოვიდგენთ’ იეჰოვას, ეს ძალას მოგვცემს და შიშსაც დავძლევთ (ფსალმ. 15:8). მაშინ, რწმენა გვიბიძგებს, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, თანასკოლელებსა თუ სხვებს და ხელიდან არ გავუშვათ არც ერთი სათანადო შემთხვევა (რომ. 1:14—16).
3 ერთად შეკრება: კრებაზე რეგულარულად დასწრება კიდევ ერთი კარგი საქმეა, რისკენაც რწმენა გვიბიძგებს. როგორ? ასე მოქმედებით ცხადვყოფთ ჩვენს მტკიცე დაჯერებულობას იმაში, რომ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე ჩვენთან ერთად ღვთის სულიწმიდის მეშვეობით იესოც ესწრება (მათ. 18:20). ამგვარად გამოვხატავთ სურვილს, ‘მოვისმინოთ, რას ეუბნება სული ეკლესიებს’ (გამოცხ. 3:6). სერიოზულად ვეკიდებით კრების შეხვედრებზე მოცემულ რჩევებს, ვინაიდან რწმენის საშუალებით ვხედავთ, რომ მასწავლებელი — ჩვენი დიდებული მოძღვარი — იეჰოვაა (ეს. 30:20).
4 არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ: უხილავ რეალობაში მტკიცე დაჯერებულობა აღგვძრავს, პირველ ადგილზე დავაყენოთ სულიერი საქმეები (ებრ. 11:1). ეს ხშირად მატერიალური ქონების შეძენის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებასაც ნიშნავს. მაგალითად, ერთმა უხუცესმა არ მიიღო სამსახურში დაწინაურების შესახებ სარფიანი წინადადება, რადგან თუ მას მიიღებდა, კრების შეხვედრები უნდა გაეცდინა, ოჯახიდან შორს უნდა ყოფილიყო და პიონერული მსახურებისთვისაც თავი უნდა დაენებებინა. ამ ძმის მსგავსად, დაე თითოეული ჩვენგანი ბოლომდე იყოს დარწმუნებული ბიბლიურ აღთქმაში, რომ იეჰოვა იზრუნებს მათზე, ვინც ‘უწინარეს ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს ეძიებს’ (მათ. 6:33).
5 ის დიდი გავლენა, რომელსაც რწმენა ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, სხვებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. დიახ, ჩვენი რწმენა მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი (რომ. 1:8). ამიტომ, დაე თითოეულმა კეთილი საქმეებით ცხადვყოთ, რომ ჩვენი რწმენა ცოცხალია (იაკ. 2:26).