საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას შეცვლიდი პირადად შენ?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ივლისი
    • რას შეცვლიდი პირადად შენ?

      გლობალური პრობლემებიდან პირადად შენ ყველაზე მეტად რომელი გაწუხებს?

      შიმშილი

      სიღარიბე

      ავადმყოფობა

      დამნაშავეობა

      უსამართლობა

      ომი

      გარემოს დაბინძურება

      დისკრიმინაცია

      ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან ყველაზე მეტად რომელი გინდა რომ შესრულდეს?

      ყველგან მშვიდობა იყოს

      ყველას ჰქონდეს უკეთესი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მკურნალობა

      შეწყდეს ადამიანთა დისკრიმინაცია

      ყველას ჰქონდეს საკვები და სასმელი წყალი

      ვცხოვრობდეთ მშვიდობიან და უსაფრთხო სამეზობლოში

      იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო

      არ ირღვეოდეს სამართალი

      როგორ ფიქრობ, შესრულდება ოდესმე შენი ნატვრა? ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს ისევ და ისევ მთავრობებზეა დამოკიდებული. შენ როგორ ფიქრობ, შეუძლიათ სინამდვილეში მთავრობებს შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისკენ? ფაქტები რაზე მეტყველებს?

  • რა უნდა შეიცვალოს?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ივლისი
    • რა უნდა შეიცვალოს?

      „მთავრობა ვერ მოაგვარებს ჩვენს პრობლემას; პრობლემა თავად მთავრობაა“. (ეს სიტყვები წარმოთქვა შეერთებული შტატების 40-ე პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თავის ინაუგურაციაზე).

      ოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანმა ეს სიტყვები თქვა. იმ დროისთვის შეერთებული შტატები სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. პრეზიდენტმა რეიგანმა ეს პრობლემა შეაფასა, როგორც „ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ვარდნა“. „ჩვენს ქვეყანას დღემდე არ ახსოვს ასეთი მძლავრი და ასეთი ხანგრძლივი კრიზისი. ათწლეულებია ჩავარდნებს ბოლო არ უჩანს. ღმერთმა იცის საიდან მოტანილი შვება საბოლოოდ ჩვენს შვილებს მოსთხოვს პასუხს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, თავიდან ვერ ავირიდებთ უზარმაზარ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩავარდნებს“.

      შეიძლება რეიგანის ამ სიტყვებს უიმედო ტონი დაჰკრავს, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად არ გახლდათ პესიმისტი. ისევ მისი სიტყვები: „ათწლეულებია, რაც ეკონომიკური დაავადებები გვტანჯავს და გვაზარალებს. ეს პრობლემა ერთ დღეში, ერთ კვირაში და ერთ თვეში არ მოგვარდება. მაგრამ ოდესღაც აუცილებლად მოგვარდება“ (კურსივი ჩვენია).

      რა მდგომარეობაა დღეს? „აშშ-ს განსახლებისა და ურბანიზაციის განვითარების დეპარტამენტის“ 2009 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო: „იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებზეც . . . დიდად მოქმედებს სავალალო ინფრასტრუქტურა, ცუდი საცხოვრებელი პირობები და მოძველებული ჯანდაცვის სისტემა. გაეროს სააგენტოს UN-HABITAT-ის თქმით, ოცდაათ წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე იქნება მისული — არ ექნება სათანადო სანიტარული პირობები და სუფთა წყალი. კლიმატური პირობების გაუარესება კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი უამრავი დაავადებისა და შესაძლო პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდება“.

      მსოფლიოს თავის ტკივილი

      დაფიქრდით:

      ● ათი წლის წინ უფრო სტაბილური სამუშაო გქონდათ თუ დღეს?

      ● ხელმისაწვდომია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის ეფექტური მკურნალობა?

      ● ეკოლოგია და კლიმატური პირობები უმჯობესდება თუ პირიქით, უარესდება?

      ● შეიცვლება რამე უკეთესობისკენ 10, 20 ანდა 30 წელიწადში?

      საზოგადოებრივი ხელშეკრულება

      ბევრ ქვეყანაში მოქმედებს შეთანხმება, რომელსაც „საზოგადოებრივ ხელშეკრულებას“ უწოდებენ. ეს არის მთავრობასა და მოქალაქეებს შორის დადებული წერილობითი ან ზეპირი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ორივე მხარის უფლებებსა და მოვალეობებს. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოქალაქეებისგან მოითხოვება, რომ დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და კანონები, გადაიხადონ გადასახადები და არ შეიტანონ საზოგადოებაში შფოთი და არეულობა. თავის მხრივ, ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს მოქალაქეებს სათანადო მკურნალობით, თანასწორუფლებიანობითა და ეკონომიკური სტაბილურობით.

      როგორ ასრულებენ მთავრობები ამ დაპირებებს? მომდევნო სამი გვერდი დაეთმობა რეალური ფაქტების განხილვას.

      სათანადო მკურნალობა

      რა სურს ხალხს? ეფექტური და ხელმისაწვდომი მკურნალობა.

      რეალობა:

      ● მსოფლიო ბანკის მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია: „ყოველდღე 6 000 ბავშვი იღუპება არასათანადო სანიტარიული პირობებისა და დაბინძურებული სასმელი წყლის გამო. მარტო დიარეა ყოველ 20 წამში 1 ბავშვს კლავს“.

      ● ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2008 წელს ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში. „გამოვლინდა, რომ ამ მხრივ ბალანსი საკმაოდ დარღვეულია. ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის მოლოდინი, რომ მთავრობა იზრუნებდა მათ ჯანმრთელობაზე, არ დაირღვეოდა თანასწორუფლებიანობა და მკურნალობა ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნებოდა, არ გამართლდა“.

      ორი წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებმა ცხადყო, რომ „მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მთავრობა ცდილობს, დააფინანსოს თავისი მოქალაქეების მკურნალობა. თუმცა, ასაკში შესვლასთან ერთად, მოსახლეობაში მატულობს ქრონიკული დაავადებების რიცხვი, ჩნდება ახალი და გაცილებით ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდები და, შესაბამისად, მკურნალობის საფასურიც კატასტროფულად იზრდება“.

      ● მედიცინა ახალი დილემის წინაშე დადგა: ეგრეთ წოდებულმა სასწაულმოქმედმა წამლებმა შეიძლება მალე ეფექტურობა დაკარგონ. წლების წინ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა: კეთრი და ტუბერკულოზი, მილიონებს უსწრაფებდა სიცოცხლეს. თუმცა 1940-იან წლებში გამოიგონეს ანტიბიოტიკები, რომლითაც ადვილად ამარცხებდნენ ამ სნეულებებს. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, სახელწოდებით „მსოფლიო ჯანმრთელობის დღე 2011“, აღნიშნული იყო ასეთი რამ: „დღეს სულ უფრო და უფრო მეტი დაავადების გამომწვევი ვირუსი ჩნდება, რომლებიც რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ და სწრაფად ვრცელდება. სანდო მედიკამენტები დღითი დღე კარგავენ ეფექტურობას. შეიძლება ითქვას, რომ მედიკამენტების მთელი არსენალი გამოდის მწყობრიდან“.

      რა უნდა შეიცვალოს: სასწრაფოდ გვესაჭიროება იმ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება, რომელშიც წერია: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

      სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა

      რა სურს ხალხს? დასრულდეს უმცირესობების დისკრიმინაცია და ბოლო მოეღოს სუსტი სქესის წარმომადგენლების ჩაგვრასა და მათი უფლებების შელახვას; წაიშალოს ყოველგვარი ზღვარი მდიდარსა და ღარიბს შორის.

      რეალობა:

      ● ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე შემდეგი განცხადება გაკეთდა: „ვინაიდან დისკრიმინაცია ძირითადად რასობრივი, რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ხორციელდება, ძალადობა მიმართულია ადამიანებზე, რელიგიურ შენობებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. ეს პრობლემა დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება ამერიკაში“.

      ● „მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ხდება ძალადობის, უსამართლობისა და უთანასწორობის მსხვერპლი საკუთარ სახლში, სამსახურსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, — აღნიშნულია გაერთიანებული ერების პრეს-რელიზში, რომელიც მომზადდა ერთ-ერთ ანგარიშზე დაყრდნობით. ანგარიშის სახელწოდება გახლდათ: „მსოფლიო ქალთა პროგრესი: სამართლიანობის ძიებაში“. მაგალითისთვის, ავღანეთში მშობიარე ქალების 85%-ს არანაირი სამედიცინო დახმარება არ ეწევა. იემენში არ არსებობს კანონი, რომელიც ადამიანს ოჯახური ძალადობისგან დაიცავდა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველდღიურად ათასზე მეტ ქალს აუპატიურებენ.

      ● 2011 წლის ოქტომბერში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა: „ჩვენი მსოფლიო დიდი უთანასწორობის ზღვაშია ჩაფლული: საკვები უამრავია, მაგრამ მილიონები შიმშილობენ. ერთნი ფუფუნებაში ცხოვრობენ, მეორენი კი სიღარიბეში კვდებიან. მედიცინის დიდი წინსვლის მიუხედავად, ბევრი დედა იღუპება მშობიარობის დროს . . . იმის ნაცვლად, რომ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ვზრუნავდეთ, მილიარდები იხარჯება მათ დასახოცად განკუთვნილი იარაღის წარმოებაზე“.

      რა უნდა შეიცვალოს: გვინდა, რომ სამართლიანად ეპყრობოდნენ უმცირესობებს და ქალებს. აღარ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „სამართალს ართმევენ დაჩაგრულებს“ (ესაია 10:1, 2).

      ეკონომიკური სტაბილურობა

      რა სურს ხალხს? სამუშაო ყველას; ეკონომიკური სტაბილურობა ყველგან.

      რეალობა:

      ● სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, „დღეს პოტენციური მუშახელის რიცხვი გაცილებით დიდია, რაც ეკონომიკის ზრდის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ სამუშაო ადგილების რიცხვი არ არის საკმარისი. მიმდინარე ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2010 წელს მსოფლიოში უმუშევართა რიცხვმა 205 მილიონი შეადგინა“.

      ● „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური ეკონომიკა იქამდეა მისული, რომ მალე შეიძლება უმუშევრობის ახალი ტალღა აგორდეს, რაც ბევრ ადგილას მასობრივ არეულობებს გამოიწვევს, — ასეთი განცხადება გაკეთდა ბი-ბი-სის საინფორმაციო გამოშვებაში. — ბოლო პერიოდში ეკონომიკის შენელებული ზრდის გამო, ვარაუდობენ, რომ მუშახელის მხოლოდ ნახევარი შეძლებს სამუშაოს შოვნას . . . იმავე ორგანიზაციის თქმით, ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კრიზისის სიმძიმე არათანაბრად დააწვა საზოგადოებას. ფიქრობენ, რომ რამდენიმე ათეული ქვეყანა დგას მასობრივი არეულობის წინაშე, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები და არაბული სახელმწიფოები“.

      ● შეერთებულ შტატებში «უმეტესობას საკრედიტო ბარათზე, სულ მცირე, 11 000 დოლარი აქვს ვალი, სამჯერ მეტი, ვიდრე 1990 წელს, — ნათქვამია 2009 წელს გამოცემულ წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“. — ბევრი იმის გამო ვარდება ვალებში, რომ მდიდარი ადამიანის იმიჯი შეიქმნას. ძვირადღირებულ მანქანაში ბოლო მოდაზე ჩაცმული ამერიკელის დანახვაზე, კაცს ის მდიდარი ეგონება. რეალურად, ხშირად ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის დიდ ვალებშია გადავარდნილი».

      რა უნდა შეიცვალოს: ყველას უნდა ჰქონდეს სამუშაო და საჭიროების მიხედვით ხარჯავდეს შემოსავალს. ბიბლია ამბობს, რომ ფული იცავს კაცს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (ეკლესიასტე 7:12; 1 ტიმოთე 6:10).

      მე-4 გვერდიდან მე-8 გვერდამდე მოცემული ინფორმაციის წაკითხვისას ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ კაცობრიობას წინ შავბნელი მომავალი ელის. მაგრამ ნუ იჩქარებთ, მდგომარეობა ნამდვილად არ არის უიმედო! მსოფლიო აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, მაგრამ ეს არ მოხდება ადამიანის ხელით.

      [ჩარჩო/სქემა 5 გვერდზე]

      რომელ მსოფლიო პრობლემას მოაგვარებდნენ ბავშვები? ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა (4 children.org) ბრიტანეთში ჩაატარა გამოკვლევა. 4-დან 14 წლამდე ასაკის 2 000 ბავშვის გამოკითხვისას პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

      [სქემა]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      100%

      75%

      50%

      25%

      0%

      გლობალური დათბობა

      უთანასწორობა

      ომი

      სიღარიბე

      შიმშილი

      [ჩარჩო/სქემა 5 გვერდზე]

      2009 წელს გერმანიაში ორგანიზაცია Bertelsmann Foundation-მა 14-დან 18 წლამდე ასაკის 500 მოზარდის გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რა აწუხებთ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად.

      აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად აღელვებთ ტერორიზმი და მოსახლეობის ზრდა. ფინანსური კრიზისიც კი მათ ჩამონათვალში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. იმავე ორგანიზაციის განმარტებით, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ახალგაზრდა რესპოდენტები ჯერ არ შეხვედრიან ასეთ პრობლემებს.

      [სქემა]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      100%

      75%

      25%

      0%

      ეპიდემიები და ავადმყოფობები

      საკვებისა და წყლის უკმარისობა

      კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება

      სიღარიბე

  • რა შეიცვლება?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ივლისი
    • რა შეიცვლება?

      „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს“.

      „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

      „აღარ იქნება სიკვდილი“.

      ზემოთქმული სიტყვები შეიძლება ცოტა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს მხოლოდ ნატვრა არ არის. რატომ ვამბობთ ამას? ეს არ არის რომელიმე პოლიტიკოსის ცარიელი სიტყვები, რომელსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ეს დაპირებები თვით ღვთის წიგნში, ბიბლიაშია ჩაწერილი.a

      ბევრი თვლის, რომ ბიბლია ძალიან ძველი წიგნია და დღევანდელ თაობებს აღარაფერში გამოადგება. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ალბათ აჯობებდა, ცოტა მეტი გაგეგოთ ამ წიგნის შესახებ — რა წერია მასში. ფაქტი ერთია, ბიბლია ერთადერთი წმინდა წიგნია, რომელიც მოგვითხრობს, საიდან მოვედით და საით მივდივართ. ის გვიხსნის:

      ● როგორ დაიტეხა კაცთა მოდგმამ თავს ამდენი გაჭირვება (რომაელები 5:12).

      ● რა ჩაიფიქრა ღმერთმა მდგომარეობის გამოსასწორებლად (იოანე 3:16).

      ● რატომ ვერაფერს ხდებიან მთავრობები პრობლემებთან ბრძოლაში (იერემია 10:23).

      ● რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის დანაპირები ყოველ მიზეზგარეშე შესრულდება (იესო ნავეს ძე 23:14).

      ნუთუ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ ღმერთი მართლა გაგვათავისუფლებს შიმშილისგან, ომისგან, ავადმყოფობისა და სიკვდილისგან? ამის დაჯერება არ იქნება რთული, თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:

      1. ღმერთი ჩვენი შემოქმედია.

      2. ის ზრუნავს ჩვენზე.

      3. მას აქვს ძალა, შეცვალოს მსოფლიო.

      4. მას განზრახული აქვს ამის გაკეთება.

      გვაქვს საკმარისი მიზეზები, რომ დავიჯეროთ ამ ოთხი ფაქტორის რეალურობა? იეჰოვას მოწმეები — ამ ჟურნალის გამომცემლები — გთავაზობენ, რომ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა და თავად დარწმუნდეთ ზემოთქმულის სისწორეში.

      შეიძლება სახლში გაქვთ ბიბლია და ზოგჯერ კითხულობთ კიდეც. ბევრი, ვინც კითხულობს ბიბლიას, ამბობს, რომ ის რთული გასაგებია. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, გთავაზობთ, დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს და დაიწყოთ ბიბლიის უფასო შესწავლა. ამ მეთოდით მილიონობით ადამიანი სწავლობს დღეს ბიბლიას მსოფლიოში. როგორ ხდება ეს?

      კვირაში ერთხელ ერთი ან ორი იეჰოვას მოწმე მოვა თქვენთან სახლში ან სადმე სხვაგან, თქვენთვის სასურველ ადგილას, რათა ერთად იმსჯელოთ ბიბლიურ თემებზე. ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. ასეთი სახით თქვენ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე: რატომ იტანჯება ადამიანი? რატომ არ ძალუძთ მთავრობებს, შეცვალონ მსოფლიო? რა არის ღვთის სამეფო და როგორ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები ვერ აგვარებენ?b

      თუ გაინტერესებთ, გაიგოთ, რაში დაგეხმარებათ ბიბლიის შესწავლა, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს მისამართზე www.pr2711.com. შეგიძლიათ ასევე მისწეროთ მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

      [სქოლიოები]

      a დასაწყისში მოყვანილი ციტატები ბიბლიიდანაა აღებული, კერძოდ: ესაიას 2:4-დან, ესაიას 33:24-დან და გამოცხადების 21:4-დან.

      b წაიკითხეთ აგრეთვე ამ ჟურნალის 26-ე და 27-ე გვერდებზე დაბეჭდილი თემა: „ვის შეუძლია შეცვალოს მსოფლიო?“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება