საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია

      „ნამდვილად თქვენი ღმერთია ღმერთთა ღმერთი, მეფეთა უფალი და საიდუმლოთა განმცხადებელი“ (დან. 2:47).

      როგორ უპასუხებთ?

      რა გაგვიცხადა იეჰოვამ მომავალთან დაკავშირებით?

      რა არის წარმოდგენილი მხეცის პირველი ექვსი თავით?

      რა კავშირია მხეცსა და ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ ქანდაკებას შორის?

      1, 2. რა განგვიცხადა იეჰოვამ და რატომ?

      რომელი სახელმწიფოები იქნება გაბატონებული დედამიწაზე მაშინ, როცა ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას? ჩვენთვის პასუხი დღესავით ნათელია, რადგან ის „საიდუმლოთა განმცხადებელმა“ ღმერთმა იეჰოვამ გაგვიმჟღავნა. წინასწარმეტყველი დანიელისა და იოანე მოციქულის მეშვეობით ღმერთი გვეხმარება, ამოვიცნოთ ეს სახელმწიფოები.

      2 იეჰოვამ ამ ერთგულ მამაკაცებს მხეცების შესახებ რამდენიმე ხილვა ანახა. მან დანიელს აგრეთვე აუხსნა სიზმარში ნანახი მეტალის უზარმაზარი ქანდაკების მნიშვნელობა. იეჰოვამ მათ ჩვენ სასარგებლოდ ჩააწერინა ეს წინასწარმეტყველებები (რომ. 15:4). რატომ? ვინაიდან სურს, განგვიმტკიცოს იმედი, რომ მალე ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მმართველობას (დან. 2:44).

      3. რა უნდა გვესმოდეს უპირველესად, ზუსტად რომ გავიგოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და რატომ?

      3 დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები არა მარტო რვა მეფის, ანუ ადამიანთა მმართველობების ამოცნობაში გვეხმარება, არამედ გვიჩვენებს, თუ რა თანმიმდევრობით გამოჩნდებოდნენ ისინი. ამ წინასწარმეტყველებების ზუსტ მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ ჩავწვდებით ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველების მნიშვნელობას. რატომ? იმიტომ, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება მთავარ თემად გასდევს ბიბლიას და ყველა სხვა წინასწარმეტყველება მჭიდროდ არის დაკავშირებული მასთან.

      გველის შთამომავალი და მხეცი

      4. ვინ არის ქალის შთამომავალი და რას გააკეთებს ის?

      4 ედემში ამბოხების შემდეგ მალევე იეჰოვამ თქვა, რომ „ქალი“ წარმოშობდა „შთამომავალს“a (წაიკითხეთ დაბადების 3:15). ეს შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა გველს ანუ სატანას. მოგვიანებით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ის იქნებოდა აბრაამის შთამომავალი ისრაელი ერიდან, იუდას ტომიდან და მეფე დავითის სამეფო ხაზიდან (დაბ. 22:15—18; 49:10; ფსალმ. 89:3, 4; ლუკ. 1:30—33). შთამომავლის მთავარი ნაწილი გახდა ქრისტე იესო (გალ. 3:16). ამ შთამომავლის სხვა ნაწილს კი შეადგენენ ქრისტიანული კრების სულითცხებული წევრები (გალ. 3:26—29). იესო და ეს ცხებული ქრისტიანები წარმოადგენენ ღვთის სამეფოს, რომელსაც ღმერთი გამოიყენებს სატანის გასანადგურებლად (ლუკ. 12:32; რომ. 16:20).

      5, 6. ა) რამდენი ძლევამოსილი მმართველობა მოიხსენიეს დანიელმა და იოანემ? ბ) რას განასახიერებს „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცის თავები?

      5 ედემში წარმოთქმულ პირველ წინასწარმეტყველებაში აღნიშნული იყო, რომ სატანასაც ეყოლებოდა „შთამომავალი“. ეს შთამომავალი მტრად ექცეოდა და შეიძულებდა ქალის შთამომავალს. ვინ არის გველის შთამომავალი? ყველა, ვისაც სატანის მსგავსად სძულს ღმერთი და ეწინააღმდეგება მის ხალხს. ისტორიის განმავლობაში სატანამ არაერთ მმართველობას ანუ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი (ლუკ. 4:5, 6). მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა იქონია დიდი გავლენა ღვთის ხალხზე — ისრაელ ერზე ან ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაზე. ეს გასაგებს ხდის, თუ რატომ მოიხსენიებენ დანიელი და იოანე მთლიანობაში მხოლოდ რვა ძლევამოსილ მმართველობას.

      6 ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქულ იოანეს რამდენიმე გასაოცარი ხილვა აჩვენა (გამოცხ. 1:1). ერთ ხილვაში იოანემ იხილა ზღვის ნაპირზე მდგარი დრაკონით წარმოდგენილი ეშმაკი (წაიკითხეთ გამოცხადების 13:1, 2). იოანემ აგრეთვე იხილა ზღვიდან ამომავალი უცნაური მხეცი, რომელმაც ეშმაკისგან მიიღო ძალაუფლება. ალისფერი მხეცი გამოცხადების 13:1-ში მოხსენიებული მხეცის ქანდაკებაა. მოგვიანებით ანგელოზმა აუხსნა იოანეს, რომ ამ ალისფერი მხეცის შვიდი თავი წარმოადგენს „შვიდ მეფეს“ ანუ სახელმწიფოს (გამოცხ. 13:14, 15; 17:3, 9, 10). როდესაც იოანე ამ სიტყვებს წერდა, ამ მმართველობებიდან ხუთი უკვე დაცემული იყო, ერთი იმ დროს არსებობდა, ხოლო შემდგომი „ჯერ კიდევ არ იყო მოსული“. რომელი სახელმწიფოები ანუ მსოფლიო იმპერიები იქნებოდა ეს? მოდი, განვიხილოთ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხეცის თითოეული თავი. ჩვენ დავინახავთ, თუ რა სახის დეტალებს მოჰფინა დანიელმა ნათელი იმ სამეფოებზე საუბრისას, რომლებიც მხოლოდ საუკუნეების შემდგომ გამოჩნდნენ მსოფლიო არენაზე.

      ეგვიპტე და ასურეთი — პირველი ორი თავი

      7. რა არის წარმოდგენილი პირველი თავით და რატომ?

      7 მხეცის პირველი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე. რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტე იყო პირველი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ღვთის ხალხის მტერი გახდა. აბრაამის შთამომავლობა, რომლისგანაც ქალის აღთქმული შთამომავალი უნდა წარმოშობილიყო, ეგვიპტეში გამრავლდა. მოგვიანებით ეგვიპტელებმა ისრაელების ჩაგვრა დაიწყეს. სატანამ სცადა აღთქმული შთამომავლის მოსვლამდე ღვთის ხალხის განადგურება. როგორ? იმით, რომ აღძრა ფარაონი, დაეხოცა ყველა ახალშობილი ისრაელი ბიჭუნა. იეჰოვამ ხელი შეუშალა სატანის ამ ჩანაფიქრს და გაათავისუფლა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან (გამ. 1:15—20; 14:13). მოგვიანებით მან ისრაელები აღთქმულ მიწაზე დაამკვიდრა.

      8. რას განასახიერებს მეორე თავი და რის გაკეთებას შეეცადა ის?

      8 მხეცის მეორე თავით წარმოდგენილია ასურეთი. ღვთის ხალხის მოსპობა ამ ძლიერმა სამეფომაც სცადა. მართალია, იეჰოვამ ასურეთი გამოიყენა ათტომიანი სამეფოს დასასჯელად კერპთაყვანისმცემლობისა და მოჯანყე სულის გამო, მაგრამ ასურეთმა შემდეგ იერუსალიმზეც მიიტანა იერიში. სატანას ალბათ მიზნად ჰქონდა ბოლო მოეღო სამეფო ხაზისთვის, რომლიდანაც საბოლოოდ იესო მოვიდოდა. ეს, რა თქმა უნდა, იეჰოვას განზრახვებში არ შედიოდა. ამიტომ მან გაანადგურა დამპყრობლები და სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი (2 მეფ. 19:32—35; ეს. 10:5, 6, 12—15).

      ბაბილონი — მესამე თავი

      9, 10. ა) რის ნება დართო იეჰოვამ ბაბილონელებს? ბ) რა უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველების შესასრულებლად?

      9 მხეცის მესამე თავით, რომელიც იოანემ იხილა, გვევლინება სამეფო, რომლის დედაქალაქი ბაბილონი იყო. იეჰოვამ ნება დართო ბაბილონელებს, იერუსალიმი გაენადგურებინათ და ხალხი ტყვედ წაეყვანათ. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ღმერთი ამ უბედურების შესახებ აფრთხილებდა მოჯანყე ისრაელებს (2 მეფ. 20:16—18). მან იწინასწარმეტყველა, რომ შეწყდებოდა იმ მეფეების ხაზი, რომლებიც იერუსალიმში „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1 მატ. 29:23). იეჰოვამ ისიც თქვა, რომ მეფე დავითის შთამომავალი, რომელიც „კანონით უფლებამოსილი“ იქნებოდა, მოვიდოდა და ძალაუფლებას დაიბრუნებდა (ეზეკ. 21:25—27).

      10 სხვა წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ აღთქმული მესიის ანუ ცხებულის მოსვლისას იერუსალიმის ტაძარი კვლავ იქნებოდა თაყვანისმცემლობის ცენტრი (დან. 9:24—27). ისრაელების ბაბილონში ტყვედ წაყვანამდე კი ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა (მიქ. 5:2). ეს წინასწარმეტყველებები რომ შესრულებულიყო, ისრაელები უნდა გათავისუფლებულიყვნენ ტყვეობიდან, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და აღედგინათ ტაძარი. მაგრამ ბაბილონელებს არ სჩვეოდათ ტყვეების გათავისუფლება. მაშ, როგორ შესრულდებოდა ეს ყველაფერი? იეჰოვამ ამ კითხვაზეც განუცხადა პასუხი თავის წინასწარმეტყველებს (ამოს. 3:7).

      11. რა და რა სახით არის წარმოდგენილი ბაბილონის იმპერია? (იხილეთ სქოლიო).

      11 ბაბილონში გადასახლებულებს შორის წინასწარმეტყველი დანიელიც იყო (დან. 1:1—6). იეჰოვამ მას დააწერინა, თუ რომელი სამეფოები გამოჩნდებოდა ამ მსოფლიო იმპერიის შემდეგ. სიმბოლოების გამოყენებით იეჰოვამ ფარდა ახადა ამ საიდუმლოს. მან მეფე ნაბუქოდონოსორს სიზმრად ანახა სხვადასხვა მეტალისგან შემდგარი უზარმაზარი ქანდაკება (წაიკითხეთ დანიელის 2:1, 19, 31—38). დანიელის მეშვეობით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ოქროს თავი ბაბილონის იმპერია იყო.b ბაბილონის შემდგომი მსოფლიო იმპერია წარმოდგენილია ვერცხლის მკერდითა და მკლავებით. რომელი სამეფო იქნებოდა ეს და როგორ მოეპყრობოდა ის ღვთის ხალხს?

      მიდია-სპარსეთი — მეოთხე თავი

      12, 13. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მიდია-სპარსეთი მხეცის მეოთხე თავია?

      12 დანიელამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ნათელი მოჰფინა იმას, თუ რომელი მსოფლიო იმპერია დაამარცხებდა ბაბილონს. იეჰოვამ არა მარტო ის იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დაეცემოდა ქალაქი ბაბილონი, არამედ დამპყრობლის სახელიც კი გააცხადა. ეს იყო სპარსელი კიროსი (ეს. 44:28 — 45:2). მიდია-სპარსეთის მსოფლიო იმპერიის შესახებ დანიელმა სხვა ორი ხილვაც იხილა. ერთში ეს სამეფო წარმოდგენილი იყო დათვით, რომელიც „ცალმხარაწეული იდგა“. მას უთხრეს: „ჭამე ბევრი ხორცი!“ (დან. 7:5). მეორეში დანიელმა იხილა ორრქიანი ვერძი, რომელიც ორი სამეფოსგან შემდგარი ამ იმპერიის შესაფერისი სიმბოლო იყო (დან. 8:3, 20).

      13 იეჰოვამ გამოიყენა მიდია-სპარსეთის იმპერია, რომ შესრულებულიყო ბაბილონის დაცემისა და ისრაელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ წინასწარმეტყველება (2 მატ. 36:22, 23). მაგრამ მოგვიანებით იმავე სამეფომ ლამის ძირფესვიანად მოსპო ღვთის ხალხი. წიგნი „ესთერი“ გვამცნობს, რომ სპარსეთის ყველაზე გავლენიანმა მთავარმა ჰამანმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მან მთელ სპარსეთის იმპერიაში მცხოვრები იუდეველების განადგურება გადაწყვიტა და კონკრეტული თარიღიც კი დანიშნა. იეჰოვამ ამჯერადაც დაიცვა თავისი ხალხი და სატანის შთამომავლის გეგმა ჩაშალა (ესთ. 1:1—3; 3:8, 9; 8:3, 9—14). ამიტომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიდია-სპარსეთი „გამოცხადებაში“ მოცემული მხეცის მეოთხე თავია.

      საბერძნეთი — მეხუთე თავი

      14, 15. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ საბერძნეთის იმპერიის შესახებ?

      14 „გამოცხადებაში“ ნაჩვენები მხეცის მეხუთე თავით საბერძნეთი გვევლინება. მანამდე დანიელმა ახსნა, რომ ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების სპილენძის მუცლითა და ბარძაყებით სწორედ ეს სამეფო იყო წარმოდგენილი. დანიელმა სხვა ორი ხილვაც ნახა, სადაც ამ იმპერიისა და მისი ყველაზე გამოჩენილი მმართველის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები იყო მოცემული.

      15 ერთ ხილვაში დანიელმა ნახა ოთხფრთიანი ჯიქი, რომელიც საბერძნეთს წარმოადგენდა. ოთხი ფრთა იმაზე მეტყველებდა, რომ ეს იმპერია ელვის სისწრაფით დაიპყრობდა ქვეყნებს (დან. 7:6). მეორე ხილვაში მან ნახა, თუ რა სწრაფად ამარცხებს ვაცი, რომელსაც ერთი დიდი რქა ჰქონდა, ორრქიან ვერძს ანუ მიდია-სპარსეთს. იეჰოვამ უთხრა დანიელს, რომ ვაცი განასახიერებდა საბერძნეთს, ხოლო დიდი რქა — მის ერთ-ერთ მეფეს. შემდეგ დანიელმა დაწერა, რომ ვაცს დიდი რქა მოსტყდებოდა და მის ნაცვლად ოთხი პატარა რქა ამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება საბერძნეთის აღზევებამდე დაახლოებით ორი საუკუნით ადრე დაიწერა, ყველა დეტალი ზედმიწევნით შესრულდა. ალექსანდრე მაკედონელმა, საბერძნეთის ყველაზე გამორჩეულმა მეფემ, მიდია-სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. დიდების მწვერვალზე მყოფი ალექსანდრე 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ასე მოსტყდა ვაცს დიდი რქა და მისი სამეფო მისმა ოთხმა მხედართმთავარმა გაინაწილა (წაიკითხეთ დანიელის 8:20—22).

      16. რა გააკეთა ანტიოქე IV-მ?

      16 სპარსეთის დამარცხების შემდეგ ღვთის ხალხზე საბერძნეთი გაბატონდა. ამ დროს ისინი კვლავ აღთქმულ მიწაზე ცხოვრობდნენ და იერუსალიმის ტაძარიც აღდგენილი იყო. ისინი იეჰოვას რჩეულ ხალხად რჩებოდნენ და ტაძარი ისევ წარმოადგენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს. მაგრამ ძვ. წ. მეორე საუკუნეში საბერძნეთი, მხეცის მეხუთე თავი, თავს დაესხა ღვთის ხალხს. ალექსანდრეს ოთხად გაყოფილი იმპერიის ერთმა მმართველმა ანტიოქე IV-მ იერუსალიმის ტაძარში წარმართული სამსხვერპლო ააგო და იუდეველთა რელიგიის მიმდევრებს სიკვდილით სჯიდა. რა საშინელი საქციელი იყო ეს სატანის შთამომავლის მხრიდან! მაგრამ მალე საბერძნეთის ადგილს სხვა მსოფლიო იმპერია დაიკავებდა. ვინ იქნებოდა მხეცის მეექვსე თავი?

      რომი — მეექვსე „საშინელი და საზარელი“ თავი

      17. რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეექვსე თავმა დაბადების 3:15-ის შესრულებაში?

      17 როცა იოანემ მხეცის შესახებ ხილვა ნახა, მსოფლიოში გაბატონებული მდგომარეობა რომს ეკავა (გამოცხ. 17:10). ამ მეექვსე თავმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში. სატანამ რომაელი მმართველები გამოიყენა, რომ ქალის შთამომავალი „ქუსლში დაეგესლა“. როგორ? ისინი შეეცადნენ, იესოსთვის ამბოხებაში დაედოთ ბრალი და სიკვდილით დასაჯეს (მათ. 27:26). მაგრამ სატანისგან „დაგესვლა“ დროებითი იყო, ვინაიდან იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო.

      18. ა) რომელი ახალი ერი აირჩია იეჰოვამ და რატომ? ბ) როგორ განაგრძობდა გველის შთამომავალი ქალის შთამომავლისადმი მტრობას?

      18 ისრაელის რელიგიურმა წინამძღოლებმა რომთან პირი შეკრეს და იესოს წინააღმდეგ ამხედრდნენ. იუდეველების უმეტესობამ უარყო კიდეც ქრისტე. ამიტომ იეჰოვამ უარყო ებრაელები, როგორც თავისი ხალხი (მათ. 23:38; საქ. 2:22, 23). მან აირჩია ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 3:26—29; 6:16). ეს ერი წარმოადგენდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას, რომლის წევრებიც იყვნენ როგორც ებრაელები, ისე უცხოტომელები (ეფეს. 2:11—18). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გველის შთამომავალი განაგრძობდა ქალის შთამომავლისადმი მტრობას. რომი არაერთხელ შეეცადა, მოესპო ქრისტიანული კრება, შთამომავლის სხვა ნაწილი.c

      19. ა) როგორ აღგვიწერს დანიელი მეექვსე მსოფლიო იმპერიას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სასწავლო სტატიაში?

      19 ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების რკინის ფეხებით რომი იყო წარმოდგენილი (დან. 2:33). დანიელმა სხვა ხილვაში ნახა არა მხოლოდ რომის იმპერია, არამედ მისგან წარმოქმნილი მომდევნო მსოფლიო იმპერია (წაიკითხეთ დანიელის 7:7, 8). საუკუნეების განმავლობაში რომი ყველა თავისი მტრისთვის „საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი“ სახელმწიფო იყო. წინასწარმეტყველების თანახმად, ამ იმპერიიდან წარმოიშობოდა „ათი რქა“ და ერთი მათგანი განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებდა. რისი სიმბოლოა ეს ათი რქა და რა არის წარმოდგენილი პატარა რქით? რა კავშირშია ეს პატარა რქა ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ უზარმაზარ ქანდაკებასთან? ამ კითხვებზე პასუხს მე-14 გვერდზე მოცემული სტატია გაგვცემს.

      [სქოლიოები]

      a ქალით წარმოდგენილია იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება (ეს. 54:1; გალ. 4:26; გამოცხ. 12:1, 2).

      b ბაბილონი წარმოდგენილია როგორც წიგნ „დანიელში“ მოცემული კერპის ოქროს თავით, ისე „გამოცხადებაში“ ნაჩვენები მხეცის მესამე თავით. იხილეთ გვერდები 12, 13.

      c თუმცა რომაელებმა ახ. წ. 70 წელს გაანადგურეს იერუსალიმი, ეს არ იყო დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ნაწილი, ვინაიდან იმ დროისთვის ებრაელები აღარ იყვნენ ღვთის რჩეული ხალხი.

  • იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“

      „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხ. 1:1).

      როგორ უპასუხებთ?

      უზარმაზარი ქანდაკების რომელი ნაწილები წარმოადგენს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის სიმბოლოს?

      როგორ აღწერა იოანემ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის კავშირი?

      როგორ აღწერენ დანიელი და იოანე ადამიანთა მმართველობების დასასრულს?

      1, 2. ა) რის გაგებაში გვეხმარება დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებების განხილვა? ბ) რომელი სახელმწიფოებია წარმოდგენილი მხეცის პირველი ექვსი თავით?

      დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებების განხილვა გვეხმარება, გავიგოთ მსოფლიოში მიმდინარე თუ მოსალოდნელი მოვლენების მნიშვნელობა. რის სწავლა შეგვიძლია იოანეს ხილვაში ნაჩვენები მხეცის, დანიელის მიერ ნანახი ათრქიანი შიშისმომგვრელი მხეცისა და ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი უზარმაზარი ქანდაკების ერთმანეთთან შედარებით? რისკენ აღგვძრავს ამ წინასწარმეტყველებების გაგება?

      2 მოდი, დავუბრუნდეთ იოანეს მიერ ნანახ მხეცს (გამოცხ. მე-13 თავი). როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მხეცის პირველი ექვსი თავით წარმოდგენილი იყო ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. თითოეული მათგანი ავლენდა სიძულვილს ქალის შთამომავლის მიმართ (დაბ. 3:15). როცა იოანემ ეს ხილვა ნახა, რომი, მეექვსე თავი, მსოფლიო იმპერია იყო. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში კვლავაც ინარჩუნებდა ძალაუფლებას. საბოლოოდ, რომის ადგილს მეშვიდე თავი დაიკავებდა. რომელი იქნებოდა ეს მსოფლიო იმპერია და როგორ მოეპყრობოდა ის ქალის შთამომავალს?

      ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მართვის სადავეებს იღებენ ხელში

      3. რას განასახიერებს შიშისმომგვრელი ათრქიანი მხეცი და რისი სიმბოლოა ათი რქა?

      3 ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას განასახიერებს წიგნ „გამოცხადების“ მე-13 თავში მოხსენიებული მხეცის მეშვიდე თავი, თუ მას დანიელის ხილვაში ნანახ შიშისმომგვრელ ათრქიან მხეცს შევადარებთa (წაიკითხეთ დანიელის 7:7, 8, 23, 24). მხეცი, რომელიც დანიელმა ნახა, რომის მსოფლიო იმპერიას წარმოადგენს (იხილეთ გვერდები 12, 13). ახ. წ. მე-5 საუკუნეში რომის იმპერიამ დაშლა დაიწყო. შიშისმომგვრელი მხეცის თავიდან ამოსული ათი რქით გვევლინება სამეფოები, რომლებიც ამ იმპერიიდან წარმოიშვა.

      4, 5. ა) რა გააკეთა პატარა რქამ? ბ) რისი სიმბოლოა მხეცის მეშვიდე თავი?

      4 ოთხ რქას, ანუ ოთხ სამეფოს, რომლებიც საზარელი მხეცის თავიდან ამოვიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „პატარა რქამ“ ამოაგდო სამი რქა. ეს მაშინ შესრულდა, როცა ბრიტანეთი, რომის იმპერიის პატარა ნაწილი, მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა. მე-17 საუკუნემდე ბრიტანეთი დიდი სიძლიერით არ გამოირჩეოდა. რომის იმპერიის სხვა ნაწილები — ესპანეთი, ნიდერლანდი და საფრანგეთი უფრო გავლენიანი სამეფოები იყო. ბრიტანეთმა ამ სამეფოებს ერთიმეორის მიყოლებით წაართვა დიდება და ძალაუფლება და მე-18 საუკუნის შუახანებიდან დაიწყო ძალების მოკრება, რომ მსოფლიოში დომინანტი სახელმწიფო გამხდარიყო. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო მხეცის მეშვიდე თავი.

      5 მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ძალაუფლება მოიპოვა, ჩრდილოეთ ამერიკაში მისმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასე ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთი თავისი სამხედრო ფლოტით მაინც ეხმარებოდა მას, რომ ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. 1914 წლისთვის, როდესაც უფლის დღე დაიწყო, ბრიტანეთი უკვე უდიდესი იმპერია იყო, ხოლო შეერთებული შტატები უძლიერესი სამრეწველო სახელმწიფო გახდა.b პირველი მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ალიანსი შექმნა დიდ ბრიტანეთთან. მხეცის მეშვიდე თავი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიად მოგვევლინა. როგორ მოეპყრობოდა ეს თავი ქალის შთამომავალს?

      6. როგორ მოეპყრო მეშვიდე თავი ღვთის ხალხს?

      6 უფლის დღის დაწყებიდან მალევე მეშვიდე თავმა იერიში მიიტანა ღვთის ხალხზე, დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ძმებზე (მათ. 25:40). იესომ აღნიშნა, რომ როცა ის მოსული იქნებოდა, შთამომავლის ეს ნაწილი აქტიურად შეასრულებდა ღვთისგან მიღებულ დავალებას (მათ. 24:45—47; გალ. 3:26—29). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიამ „ბრძოლა გაუმართა“ წმინდებს (გამოცხ. 13:3, 7). პირველი მსოფლიო ომის დროს მან შეავიწროვა ღვთის ხალხი, აკრძალა ზოგიერთი მათი პუბლიკაცია და ერთგული მონის წარმომადგენლები ციხეში ჩასვა. მხეცის მეშვიდე თავმა გარკვეული დროით თითქმის შეაჩერა სამქადაგებლო საქმე. იეჰოვამ განჭვრიტა ეს მოვლენები და გაუმჟღავნა იოანეს. ღმერთმა იოანეს ისიც უთხრა, რომ შთამომავლის სხვა ნაწილი განაახლებდა სულიერ საქმიანობას (გამოცხ. 11:3, 7—11). იეჰოვას მსახურების უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ ეს ყოველივე შესრულდა.

      ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია და თიხისა და რკინის ტერფები

      7. რა კავშირია მხეცის მეშვიდე თავსა და უზარმაზარ ქანდაკებას შორის?

      7 რა კავშირია მხეცის მეშვიდე თავსა და უზარმაზარ ქანდაკებას შორის? ბრიტანეთი რომის იმპერიისგან წარმოიშვა. გარკვეულწილად, იმავეს თქმა შეიძლება შეერთებულ შტატებზეც. რას ვიტყოდით ქანდაკების ტერფებზე? ის წარმოდგენილია როგორც რკინისა და თიხის ნაზავი (წაიკითხეთ დანიელის 2:41—43). ეს აღწერა ემთხვევა იმ დროს, როდესაც მეშვიდე თავი, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია, უნდა გამოჩენილიყო. როგორც თიხისა და რკინის ნარევია რკინაზე სუსტი, ასევე ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაა იმ იმპერიაზე სუსტი, რომლისგანაც ის წარმოიშვა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

      8, 9. ა) როგორ გამოავლინა მეშვიდე მსოფლიო იმპერიამ რკინის სიძლიერე? ბ) რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თიხას ქანდაკების ტერფებში?

      8 დროდადრო მეშვიდე თავი რკინის სიძლიერეს ავლენდა. მაგალითად, მისი სიძლიერე გამოვლინდა, როდესაც გამარჯვება მოიპოვა პირველ მსოფლიო ომში. მეშვიდე თავის რკინის სიძლიერე მეორე მსოფლიო ომის დროსაც გახდა ცხადი.c მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც მეშვიდე თავი დროდადრო ავლენდა რკინისებრ ხასიათს. მაგრამ თავიდანვე ამ რკინას თიხა შეერია.

      9 იეჰოვას მსახურებს დიდი ხანია სურდათ ამ ქანდაკების ტერფების მნიშვნელობის გაგება. დანიელის 2:41-ში აღწერილი რკინისა და თიხის ნაზავი წარმოადგენს ერთ და არა ბევრ სამეფოს. თიხით ნაჩვენები გარკვეული ელემენტები გავლენას ახდენს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაზე. ეს ელემენტები ამ იმპერიას ასუსტებს და რკინით წარმოდგენილ რომის იმპერიასთან შედარებით უფრო სუსტს ხდის. თიხაში იგულისხმება „ადამიანთა შთამომავლები“ ანუ უბრალო ადამიანები (დან. 2:43). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაში გამოჩნდნენ მოქალაქეთა უფლებების დამცველები, პროფკავშირები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები. უბრალო ადამიანებმა ძირი გამოუთხარეს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის რკინისებრ სიძლიერეს. ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიებისა და არჩევნების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის მცირე სხვაობების გამო პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერებსაც კი არ აქვთ საიმისო მხარდაჭერა, რომ თავიანთი პოლიტიკა გაატარონ. დანიელმა იწინასწარმეტყველა: „ეს სამეფოც ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე“ (დან. 2:42; 2 ტიმ. 3:1—3).

      10, 11. ა) რა დაემართება ქანდაკების „ტერფებს“? ბ) რა შეიძლება ითქვას ფეხის თითების რაოდენობაზე?

      10 ბრიტანეთი და შეერთებული შტატები 21-ე საუკუნეში კვლავ მოკავშირეები არიან და ხშირად თანამშრომლობენ მსოფლიო საქმეებთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველებები უზარმაზარ ქანდაკებაზე და მხეცზე იმას ამტკიცებს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას სხვა იმპერია არ შეცვლის. ეს უკანასკნელი მსოფლიო იმპერია შეიძლება უფრო სუსტია, ვიდრე რკინის ფეხებით წარმოდგენილი იმპერია, მაგრამ ის თავისით არ განადგურდება.

      11 აქვს ქანდაკების ფეხის თითების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა? სხვა ხილვებში დანიელი ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, მაგალითად, სხვადასხვა მხეცის თავზე რქების რაოდენობას, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დანიელი ამ ქანდაკების აღწერისას არ მოიხსენიებს ფეხის თითების რაოდენობას. ამიტომ ქანდაკების მკლავების, ხელების, ხელის თითების, ფეხებისა და ტერფების რაოდენობის მსგავსად, არც ფეხის თითების რაოდენობას აქვს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. სამაგიეროდ, დანიელი მოიხსენიებს, რომ ფეხის თითები იქნებოდა რკინისა და თიხისგან. ამ აღწერით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა, როცა ღვთის სამეფოთი წარმოდგენილი „ქვა“ დაეცემა ქანდაკების ტერფებს (დან. 2:45).

      ინგლის-ამერიკა და ორრქიანი მხეცი

      12, 13. რას წარმოადგენს ორრქიანი მხეცი და რას აკეთებს ის?

      12 იესოს მიერ იოანესთვის ნაჩვენები ხილვებიდან ჩანს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია კვლავაც შეასრულებდა მნიშვნელოვან როლს ბოლო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია რკინისა და თიხის ტერფებით. იოანემ იხილა ორრქიანი მხეცი, რომელიც დრაკონივით ლაპარაკობდა. რას განასახიერებს ეს უცნაური მხეცი? მას ორი რქა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო იმპერია. იოანე ისევ ხედავს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას, მაგრამ ამჯერად ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს (წაიკითხეთ გამოცხადების 13:11—15).

      13 მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა. იოანემ დაწერა, რომ მხეცის ქანდაკება გამოჩნდებოდა, გაქრებოდა და კვლავ გამოჩნდებოდა. სწორედ ასე დაემართა ორგანიზაციას, რომელიც ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ხელშეწყობით შეიქმნა. მისი მიზანი ერების გაერთიანება და მათ წარმომადგენლად ყოფნა იყო.d ეს ორგანიზაცია, რომელსაც ერთა ლიგა ეწოდა, გამოჩნდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ის გაქრა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. ამ ომის განმავლობაში ღვთის ხალხი „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად აცხადებდა, რომ მხეცის ქანდაკება კვლავ გამოჩნდებოდა. და ეს მართლაც ასე მოხდა — შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გამოცხ. 17:8).

      14. რა გაგებით არის მხეცის ქანდაკება „მერვე მეფე“?

      14 იოანე მხეცის ქანდაკებას „მერვე მეფედ“ მოიხსენიებს. რა გაგებით არის ის „მერვე მეფე“? ის არ არის თავდაპირველად მოხსენიებული მხეცის მერვე თავი. ის მხოლოდ ამ მხეცის ქანდაკებაა. მერვე მეფე ძალაუფლებას იღებს მისი წევრი ქვეყნებისგან, განსაკუთრებით მთავარი მხარდამჭერისგან, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიისგან (გამოცხ. 17:10, 11). ამ ძალაუფლების წყალობით ის იმოქმედებს, როგორც მეფე და შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მთელ მსოფლიოს.

      მხეცის ქანდაკება ანადგურებს მეძავს

      15, 16. რისი სიმბოლოა მეძავი და რა მდგომარეობაშია რელიგიები დღეს?

      15 იოანეს თანახმად, სიმბოლური მეძავი მართავს ალისფერ მხეცს. ეს ალისფერი მხეცი და შვიდთავიანი მხეცის ქანდაკება ერთი და იგივეა. მეძავის სახელია „დიდი ბაბილონი“ (გამოცხ. 17:1—6). ეს მეძავი ნამდვილად განასახიერებს ყველა ცრუ რელიგიას, რომლის უმეტეს ნაწილს ქრისტიანული რელიგიები შეადგენს. რელიგიური ორგანიზაციები მხარს უჭერენ მხეცის ქანდაკებას და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ მასზე.

      16 მაგრამ უფლის დღის განმავლობაში დიდი ბაბილონის წყლები აშკარად შრება, ანუ მას აკლდება მხარდამჭერები (გამოცხ. 16:12; 17:15). მაგალითად, როდესაც მხეცის ქანდაკება პირველად გამოჩნდა, ქრისტიანული სამყარო, დიდი ბაბილონის ყველაზე გავლენიანი ნაწილი, დომინირებდა დასავლურ სამყაროზე. დღეს კი ეკლესიებმა და მათმა მსახურებმა დაკარგეს მასების პატივისცემა და მხარდაჭერა. ზოგი ფიქრობს, რომ რელიგიები ხელს უწყობს ან იწვევს კიდეც კონფლიქტებს. სხვები კი საჯაროდ აცხადებენ, რომ საზოგადოებაზე რელიგიების გავლენას ბოლო უნდა მოეღოს.

      17. რა დაემართება ცრუ რელიგიას მალე და რატომ?

      17 ცრუ რელიგია თავისით არ შეწყვეტს არსებობას. მეძავი შეინარჩუნებს დიდ ძალაუფლებას და შეეცდება, მეფეებს თავისი ნება შეასრულებინოს მანამ, სანამ ღმერთი მათ გულებში არ ჩაუდებს მისი განადგურების იდეას (წაიკითხეთ გამოცხადების 17:16, 17). მალე ღმერთი აღძრავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციით წარმოდგენილ სატანის ქვეყნიერების პოლიტიკურ სტრუქტურებს, თავს დაესხან ცრუ რელიგიას. ისინი ბოლოს მოუღებენ მის გავლენასა და სიმდიდრეს. ასეთი მოვლენები შეიძლება წარმოუდგენელი ყოფილიყო ათწლეულების წინ. დღეს მეძავი ლაღად არის შემომჯდარი ალისფერ მხეცზე. ამიტომ ის საკუთარი ნებით არ „ჩამობრძანდება“ თავისი ადგილიდან. მეძავი მიიღებს მოულოდნელ და გამანადგურებელ დარტყმას (გამოცხ. 18:7, 8, 15—19).

      მხეცებს ბოლო ეღება

      18. ა) რას გააკეთებს მხეცი და რა მოჰყვება ამას შედეგად? ბ) დანიელის 2:44-ში მოხსენიებულ რომელ სამეფოებს გაანადგურებს ღვთის სამეფო? (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).

      18 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ მხეცი, სატანის მიწიერი პოლიტიკური სისტემა, წაქეზებული იქნება, ღვთის სამეფოზე მიიტანოს იერიში. ვინაიდან მიწიერ მეფეებს ცამდე ხელი არ მიუწვდებათ, ისინი თავიანთ რისხვას გადმოანთხევენ დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის სამეფოს მხარდამჭერებზე. მაგრამ უშედეგოდ, რადგან მიწიერი მეფეების განადგურება გარდაუვალია (გამოცხ. 16:13—16; 17:12—14). დანიელი აღწერს ამ ბოლო ბრძოლის ერთ მხარეს (წაიკითხეთ დანიელის 2:44). გამოცხადების 13:1-ში მოხსენიებული მხეცი, მისი ქანდაკება და ორრქიანი მხეცი განადგურდება.

      19. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული და რის გაკეთების დროა ახლა?

      19 ჩვენ ვცხოვრობთ „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცის მეშვიდე თავის პერიოდში. ეს მხეცი ისე განადგურდება, რომ სხვა თავი აღარ გამოჩნდება. ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული პოლიტიკური ძალა, როდესაც ცრუ რელიგიას მოეღება ბოლო. დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები უზუსტეს დეტალებში სრულდება. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მალე ვიხილავთ ცრუ რელიგიის განადგურებასა და არმაგედონის ომს. ღმერთმა ეს ყოველივე წინასწარ გაგვიმჟღავნა. ყურად ვიღებთ ამ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს? (2 პეტ. 1:19). სწორედ ახლა არის დრო, დავიკავოთ იეჰოვასა და მისი სამეფოს მხარე (გამოცხ. 14:6, 7).

      [სქოლიოები]

      a ბიბლიაში ხშირად რიცხვი 10 სრული რაოდენობის აღსაწერად გამოიყენება. ამ შემთხვევაში იგულისხმება რომის იმპერიიდან წარმოქმნილი ყველა სამეფო.

      b მიუხედავად იმისა, რომ ორი სახელმწიფოსგან შემდგარი იმპერიის ნაწილები მე-18 საუკუნიდან არსებობდა, როგორც იოანემ აღწერა, ის მოქმედებას უფლის დღიდან დაიწყებდა. ფაქტობრივად, წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები „უფლის დღეს“ სრულდება (გამოცხ. 1:10) პირველ მსოფლიო ომამდე მეშვიდე თავს, როგორც მსოფლიო იმპერიას, მოქმედება არ დაუწყია.

      c დანიელმა იწინასწარმეტყველა საშინელი განადგურება, რომელსაც ეს მეფე გამოიწვევდა ამ ომის დროს. მან დაწერა, რომ ის „უჩვეულოდ შეუდგებოდა განადგურებას“ (დან. 8:24). მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო მასშტაბების განადგურება გამოიწვია, როდესაც ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის მტრების წინააღმდეგ ორი ატომური ბომბი გამოიყენა.

      d იხილეთ „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 240, 241, 253.

  • ცნობილია რვა მეფის ვინაობა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • ცნობილია რვა მეფის ვინაობა

      დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები არა მარტო რვა მეფის, ანუ ადამიანთა მმართველობების ამოცნობაში გვეხმარება, არამედ გვიჩვენებს, თუ რა თანმიმდევრობით გამოჩნდებოდნენ ისინი. ამ წინასწარმეტყველებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავწვდებით, თუ გავიგებთ ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველების მნიშვნელობას.

      ისტორიის განმავლობაში სატანამ არაერთ მმართველობას თუ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი (ლუკ. 4:5, 6). მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა იქონია დიდი გავლენა ღვთის ხალხზე — ისრაელ ერზე ან ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ კრებაზე. დანიელის და იოანეს ხილვებში საუბარია მხოლოდ რვა ძლევამოსილ მმართველობაზე.

      [დიაგრამა/სურათები 12, 13 გვერდებზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      წიგნ „დანიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები

      წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები

      1. ეგვიპტე

      2. ასურეთი

      3. ბაბილონი

      4. მიდია-

      სპარსეთი

      5. საბერძნეთი

      6. რომი

      7. ბრიტანეთი და

      აშშa

      8. ერთა ლიგა და გაეროb

      ღვთის ხალხი

      ძვ. წ. 2000

      აბრაამი

      1500

      ისრაელი ერი

      1000

      დანიელი 500

      ძვ.წ/ახ.წ.

      იოანე

      ღვთის ისრაელი 500

      1000

      1500

      ახ. წ. 2000

      [სქოლიოები]

      a ბოლო დღეების განმავლობაში ორივე მეფე იარსებებდა. იხილეთ გვერდი 19.

      b ბოლო დღეების განმავლობაში ორივე მეფე იარსებებდა. იხილეთ გვერდი 19.

      [სურათები]

      უზარმაზარი ქანდაკება (დან. 2:31—45)

      ზღვიდან ამომავალი ოთხი მხეცი (დან. 7:3—8, 17, 25)

      ვერძი და ვაცი (დან. თავი 8)

      შვიდთავიანი მხეცი (გამოცხ. 13:1—10, 16—18)

      ორრქიანი მხეცი შვიდთავიანი მხეცის ქანდაკებას ქმნის (გამოცხ. 13:11—15)

      [საავტორო უფლებები]

      Photo credits: Egypt and Rome: Photograph taken by courtesy of the British Museum; Medo-Persia: Musée du Louvre, Paris

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება