-
ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
-
-
ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
ზუსტად საუკუნის წინ მილიონობით ახალგაზრდა კაცმა ოჯახი დატოვა და ომში წავიდა. პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულნი დიდი ხალისით მიემართებოდნენ საბრძოლველად. „ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ იმ საოცარი მომავლის გამო, რაც წინ გველის“, — აღნიშნა ერთმა ამერიკელმა მოხალისემ 1914 წელს.
მაგრამ მალე ამ მამაკაცებს სიხარული მწუხარებად ექცათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილიონობით ჯარისკაცს წლების განმავლობაში მოუწევდა ბრძოლა ბელგიასა და საფრანგეთში. მაშინ ხალხმა ამ ომს „დიდი ომი“ უწოდა. ისტორიაში ის პირველი მსოფლიო ომის სახელით შევიდა.
პირველ მსოფლიო ომს დიდი იმიტომ უწოდეს, რომ მან არაერთი დიდი უბედურება მოიტანა. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, ომმა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 20 მილიონი დაასახიჩრა. დიდი კიდევ იმიტომ ეწოდა, რომ ეს ომი გამოიწვია დიდმა შეცდომებმა. ევროპელმა სახელმწიფო ლიდერებმა ვერ შეძლეს საერთაშორისო დაძაბულობის შეჩერება, რაც გადაიზარდა გლობალურ კონფლიქტში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „დიდმა ომმა“, დიდი, მოუშუშებელი ჭრილობები დატოვა. მან იმდენად შეცვალა მსოფლიო, რომ შედეგები დღემდე იგრძნობა.
შეცდომები, რომლებმაც ხალხს ნდობა დაუკარგა
პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი არასწორი გათვლები გახდა. ევროპელი ლიდერები „მთვარეულებივით მოიქცნენ. მათი მოულოდნელი წაბორძიკება 1914 წლის ზაფხულის ერთ მშვიდ დღეს საბედისწერო აღმოჩნდა“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Fall of the Dynasties—The Collapse of the Old Order 1905-1922).
ავსტრიის ერცჰერცოგის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში ევროპის უდიდესი სამხედრო ძალები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ომში ჩაებნენ. „როგორ მოხდა ეს?“, — ჰკითხეს გერმანიის კანცლერს ომის დაწყებიდან ორიოდე დღის შემდეგ. „ოჰ, ნეტა ვინმემ იცოდეს“, — სინანულით თქვა კანცლერმა.
პოლიტიკოსებს, რომელთა საბედისწერო გადაწყვეტილებებს ომი მოჰყვა, ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ შედეგებზე. მაგრამ სანგარში მყოფი ჯარისკაცები მალე მიხვდნენ ომის საშინელებას. მათ დაინახეს, რომ სახელმწიფო ლიდერებმა იმედები გაუმტყუნეს, რელიგიურმა წინამძღოლებმა მოატყუეს, გენერლებმა კი უღალატეს.
სახელმწიფო ლიდერებმა მათ იმედები გაუმტყუნეს, რელიგიურმა წინამძღოლებმა მოატყუეს, გენერლებმა კი უღალატეს
სახელმწიფო ლიდერები აცხადებდნენ, რომ ომი გზას გახსნიდა ახალი და უკეთესი მსოფლიოსკენ. გერმანიის კანცლერი აცხადებდა: „ჩვენ ვიბრძვით, რომ მოვიმკათ მშვიდობიანი შრომის ნაყოფი, დავიცვათ ჩვენი დიდებული წარსულის მემკვიდრეობა და გვქონდეს უკეთესი მომავალი!“. ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი მხარს უჭერდა დამაიმედებელ, პოპულარულ სლოგანს, რომ ომი „მსოფლიო დემოკრატიას მოიტანდა“. ბრიტანელი ხალხი კი ფიქრობდა, რომ ეს ომი იქნებოდა „ყველა ომის დასასრული“. სამწუხაროდ, ისინი მწარედ ცდებოდნენ.
სამღვდელოება აქტიურად უჭერდა ომს მხარს. „ღვთის სიტყვის ეგრეთ წოდებული დამცველები ხალხს ომში წასვლისკენ მოუწოდებდნენ. ტოტალურ ომს ტოტალური სიძულვილი მოჰყვა“, — აღნიშნული იყო ერთ ისტორიულ წიგნში (The Columbia History of the World). სამღვდელოება სიძულვილს აღვივებდა, ნაცვლად იმისა, რომ როგორღაც ჩაეხშო ის. „სამღვდელოებას არ შეეძლო და ფაქტობრივად უმრავლესობას სურვილიც არ ჰქონდა, რომ ქრისტიანობა პატრიოტიზმზე წინ დაეყენებინა, — ვკითხულობთ იმავე წიგნში. — ბევრი უფრო ადვილ გამოსავალს ეძებდა და ქრისტიანობას პატრიოტიზმთან აიგივებდა. ყველა აღმსარებლობის ქრისტიან ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ, ღვთის სახელით ერთმანეთი დაეხოცათ“.
გენერლები ჯარისკაცებს აიმედებდნენ, რომ სწრაფად და ადვილად მოიპოვებდნენ გამარჯვებას, რაც ნამდვილად არ მომხდარა ასე. მალე დაპირისპირებული ძალები ჩიხში მოექცნენ. მილიონობით ჯარისკაცმა, როგორც ერთი ისტორიკოსი წერდა, „უსაშინლესი ემოციური და ფიზიკური ტრავმა მიიღო“. დიდი დანაკარგის მიუხედავად, გენერლები ჯარისკაცებს აიძულებდნენ მავთულხლართებზე გადასვლას და ტყვიამფრქვევების პირისპირ ბრძოლას. გასაკვირი არ არის, რომ ყველგან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა.
როგორ იმოქმედა საზოგადოებაზე პირველმა მსოფლიო ომმა? ერთ ისტორიულ ნაშრომში მოყვანილია ერთი ვეტერანის სიტყვები: „ომმა . . . თაობებს აზროვნება და ქცევები დაუმახინჯა“. მართლაც, ომმა იმპერიები დაშალა. ამ ტრაგიკული კონფლიქტით დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნე. რევოლუციები და მუშათა გამოსვლები თითქმის უკვე ყველგან ხდებოდა.
რატომ დააყენა ომმა თავდაყირა მთელი მსოფლიო? ამხელა უბედურება მხოლოდ შემთხვევითობა იყო? გვიმჟღავნებს ამ კითხვებზე პასუხები რამეს ჩვენს მომავალზე?
-
-
ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ტანჯვის უკან დგასსაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
-
-
ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ტანჯვის უკან დგას
1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. ხალხმა მიატოვა საქმე და ქუჩაში გამოვიდა. ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მათ ახალი უბედურება დაატყდათ თავს, უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე ტყვიამფრქვევები.
ეს სასიკვდილო ეპიდემია, რომელიც „ესპანური გრიპის“ სახელითაა ცნობილი, 1918 წლის ივნისში საფრანგეთში ბრძოლის ველზე გაჩნდა. ძალიან მალე ცხადი გახდა, თუ რამდენად მომაკვდინებელი იქნებოდა ეს ვირუსი. მაგალითად, რამდენიმე თვეში, მან უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი შეიწირა საფრანგეთში, ვიდრე ტყვიამ ომში. ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ეს დაავადება თან ჩაიტანეს და ამგვარად, ის სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს.
ომმა შიმშილი და ეკონომიკური გაჭირვებაც მოიტანა. 1918 წელს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ევროპის დიდი ნაწილი შიმშილმა მოიცვა. 1923 წლისთვის გერმანული ვალუტა საერთოდ გაუფასურდა. 6 წელიწადში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მოიშალა. ბოლოს კი, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, რომელიც გარკვეული სახით პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებას წარმოადგენდა. რა ძალა იდგა ამ უპრეცედენტო კატასტროფების მიღმა?
ბოლო დღეების ნიშანი
ბიბლიური წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა დგას გარკვეული ისტორიული მოვლენების მიღმა. ამის თქმა განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომზე შეიძლება. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა დრო, როდესაც „ერი ერის წინააღმდეგ“ აღსდგებოდა და შიმშილი და ეპიდემიები მთელ დედამიწას წალეკავდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ასეთი უბედურებები იქნებოდა ბოლო დღეების ნიშანი. ამ საკითხს უფრო ნათელს ჰფენს გამოცხადების წიგნი, რომელიც დედამიწაზე არსებულ უბედურებებს ზეცაში მომხდარ ომთან აკავშირებს (იხილეთ ჩარჩო „ომი დედამიწაზე და ომი ზეცაში“).
ბიბლიის იგივე წიგნი აღწერს ოთხ მხედარს, რომელსაც ზოგჯერ აპოკალიფსის ოთხ მხედარს უწოდებენ. ოთხიდან სამი მხედარი განასახიერებს იმ ზოგ უბედურებას, რაც მანამდე იესომ იწინასწარმეტყველა — ომს, შიმშილსა და ეპიდემიებს (იხილეთ ჩარჩო „ნამდვილად გამოჩნდა ასპარეზზე ოთხი მხედარი?“). აშკარაა, რომ პირველი მსოფლიო ომით დაიწყო უბედურებების ის დრო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფრის უკან სატანა დგას (1 იოანე 5:19). წაერთმევა მას ოდესმე ძალაუფლება?
გამოცხადების წიგნი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ სატანას „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამიტომაც არის ის დიდად განრისხებული და ენით აუწერელ უბედურებებს ახდენს დედამიწაზე. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეც მიანიშნებს, რომ სატანის დრო იწურება.
ის დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს
პირველი მსოფლიო ომი გარდამტეხი მოვლენა იყო ისტორიაში. მან დასაბამი მისცა ტოტალურ ომებსა და რევოლუციებს. ამ ომმა ხალხს პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა დაუკარგა. ეს ომი აგრეთვე იმის აშკარა მტკიცებაა, რომ სატანა ზეციდან დედამიწაზეა გადმოგდებული (გამოცხადება 12:9). ქვეყნიერების ეს უხილავი მმართველი სასტიკი დიქტატორივით მოქმედებდა, რომელმაც იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. როდესაც მისი მმართველობა დასრულდება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება ყველა ის უბედურება, რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია.
ბიბლიური წინასწარმეტყველება იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვენდოთ იესო ქრისტეს, ჩვენს ზეციერ მეფეს, რომელიც მალე „დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს“ (1 იოანე 3:8). მილიონები უკვე ლოცულობენ ღვთის სამეფოს მოსვლაზე. თქვენც ლოცულობთ? ამ სამეფოს მეშვეობით ერთგული ადამიანები იხილავენ ღვთის ნების შესრულებას დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ღვთის სამეფოს მმართველობისას არანაირი ომი აღარ იქნება! (ფსალმუნი 46:9). გაიგეთ მეტი ამ სამეფოს შესახებ და იხილავთ დროს, როდესაც მთელ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება (ესაია 9:6, 7).
a იხილეთ მე-8 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-