-
ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლესაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 დეკემბერი
-
-
ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლე
„ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42).
1, 2. რა ცხადყოფს, რომ თანამედროვე სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ?
„ომებმა უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა XX საუკუნე“, — ამბობს ბილ ემოტი. ის აღიარებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის იყო ომები თუ ძალადობა, მაგრამ დასძენს: „თუმცა ომები სხვა საუკუნეებშიც ხდებოდა, მათი რაოდენობითა და ხასიათით მეოცე საუკუნეს ვერც ერთი გაუტოლდება. ეს იყო პირველი ასწლეული, როდესაც მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტი მოხდა . . . და თანაც ერთი კი არა — ორი“.
2 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ომები და აღდგებოდა „ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“. ეს ‘ქრისტეს მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშნის’ მხოლოდ ერთი თავისებურებაა. ამ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებაში იესომ აგრეთვე მოიხსენია შიმშილობა, ეპიდემიები და მიწისძვრები (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:6, 7, 10, 11). ასეთი უბედურებები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და მძიმე ხასიათს იღებს. ხალხი დღითიდღე ბოროტდება, რაც ღვთისა თუ თანამოძმეებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. სახეზეა ზნეობრივი ფასეულობების დაკნინება და დამნაშავეობისა თუ ძალადობის ფაქტების ზრდა. ადამიანები ფულის მოყვარულები უფრო გახდნენ, ვიდრე ღვთისა და საკუთარი სიამოვნების ძიებით არიან დღე და ღამე დაკავებულები. ყოველივე ეს იმაზე მოწმობს, რომ „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5).
3. რა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე ‘დროის ნიშნებმა’?
3 რას ფიქრობთ პირადად თქვენ მდგომარეობის უფრო და უფრო გაუარესებაზე? მრავალი არაფრად აგდებს დღევანდელ სამწუხარო რეალობას და ბევრს გულიც კი გაუქვავდა. ძლიერთ ამა ქვეყნისა და ინტელიგენციას არ ესმით „დროის ნიშანთა“ მნიშვნელობა; არც რელიგიური წინამძღოლები უწევენ ხალხს ამასთან დაკავშირებით სათანადო ხელმძღვანელობას (მათე 16:1—3). იესომ თავისი მიმდევრები დაარიგა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42, აქ). იესო მოგვიწოდებს, არა მარტო დროის გარკვეულ მონაკვეთში ვიყოთ ფხიზლად, არამედ სულ ‘ვიფხიზლოთ’. სიფხიზლის შესანარჩუნებლად საჭიროა, არ მოვდუნდეთ და ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ და ახლა რთული ჟამია. მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“ (1 პეტრე 4:7). მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ფხიზლად ყოფნას და მხედველობიდან არ გამოგვრჩება, რომ დრო არ იცდის. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ კითხვაზე: „რა დაგვარწმუნებს უფრო იმაში, რომ აღსასრული ახლოსაა?“
4, 5. ა) კიდევ უფრო რა გვარწმუნებს, რომ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა და რატომ? ბ) რა მსგავსებაა ნოეს დღეებსა და ჩვენს დღეებს შორის?
4 განვიხილოთ, რა მდგომარეობა იყო ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის — კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელი მოვლენის — წინ. იმ დროს ხალხი იმდენად ბოროტი იყო, რომ იეჰოვა „დამწუხრდა თავის გულში“ და თქვა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი“ (დაბადება 6:6, 7). ღმერთი ასეც მოიქცა. იესომ პარალელი გაავლო იმ დღეებთან და თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37).
5 გონივრულია დავასკვნათ, რომ, როდესაც დღევანდელ წუთისოფელს უყურებს, იეჰოვა იმავეს გრძნობს, რასაც წარღვნის წინა პერიოდში გრძნობდა. ღმერთმა ნოეს დღეებში გაანადგურა უღვთო წუთისოფელი, მაშასადამე, ის ნამდვილად გაანადგურებს დღევანდელ ბოროტ წუთისოფელსაც. იმ დროსა და ჩვენს დღეებს შორის არსებული მსგავსების ნათლად დანახვამ უფრო მეტად უნდა დაგვარწმუნოს, რომ თანამედროვე სისტემის აღსასრული ახლოსაა. რით ჰგავს ეს ორი პერიოდი ერთმანეთს? სულ მცირე, ხუთი რამით. პირველი: ხალხი აშკარად, პირდაპირ იღებს გაფრთხილებას მომავალი განადგურების შესახებ.
გაფრთხილებული იმაზე, „რაც ჯერ არ იყო ხილული“
6. რის გაკეთება გადაწყვიტა იეჰოვამ ნოეს დღეებში?
6 ნოეს დღეებში იეჰოვამ თქვა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი“ (დაბადება 6:3). ძვ. წ. 2490 წელს ღვთის მიერ ნათქვამი ამ სიტყვებით დაიწყო მაშინდელი უღვთო წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს იმ დროს მცხოვრებთათვის! გავიდოდა 120 წელი და იეჰოვა, ნოესთვის მოგვიანებით ნათქვამი თავისი სიტყვებისამებრ, მოავლენდა „წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად“ (დაბადება 6:17).
7. ა) როგორი რეაქცია ჰქონდა წარღვნის შესახებ გაფრთხილებაზე ნოეს? ბ) როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ჩვენ ამ სისტემის აღსასრულის შესახებ გაფრთხილებებზე?
7 მომავალი კატასტროფის შესახებ ღმერთმა ნოე ათეული წლებით ადრე გააფრთხილა. მანაც გონივრულად გამოიყენა დარჩენილი დრო და გადასარჩენად საქმეს შეუდგა. „მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, — ამბობს მოციქული პავლე, — ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7). ჩვენ რას ვაკეთებთ? დაახლოებით 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1914 წელს ამ სისტემის უკანასკნელი დღეები დაიწყო. ჩვენ ნამდვილად „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ჩვენთვის მოცემულ გაფრთხილებებზე? „ღვთის ნების აღმსრულებელი . . . რჩება უკუნისამდე“, — ამბობს ბიბლია (1 იოანე 2:17). ამიტომ, ახლა იეჰოვას ნება უნდა ვასრულოთ და გვახსოვდეს, რომ დრო არ ითმენს.
8, 9. რა გაფრთხილებებს იძლევა იეჰოვა ჩვენს დღეებში და როგორ ცხადდება ისინი?
8 ჩვენს დღეებში ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარებმა ღვთის შთაგონებით დაწერილი წმინდა წერილებიდან გაიგეს, რომ ეს სისტემა გასანადგურებლად არის განწირული. ჩვენ თუ გვჯერა ამის? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესო ქრისტემ: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). იესომ ისიც თქვა, რომ თვითონ მოვიდოდა ღვთის მიერ დანიშნულ მოსამართლედ და ხალხს ისევე გამოაცალკევებდა ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი გამოყოფს ცხვრებს თხებისგან. მისი სიტყვების თანახმად, უღირსნი „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25:31—33, 46).
9 „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იეჰოვა სულიერ საზრდოს აწვდის და დროულ შეხსენებებს აძლევს თავის ხალხს, რითაც მათ ყურადღებას ამ გაფრთხილებებისკენ მიმართავს (მათე 24:45—47). გარდა ამისა, ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, ყურად იღოს მოწოდება: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ღვთის სამეფო მალე შეცვლის ადამიანთა მმართველობას, იმ ცნობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ქადაგებენ (დანიელი 2:44). ამ გაფრთხილებას არავინ უნდა მოეკიდოს არასერიოზულად. ყოვლისშემძლე ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას (ესაია 55:10, 11). მან შეასრულა სიტყვა ნოეს დღეებში და ასევე მოიქცევა ჩვენს დღეებშიც (2 პეტრე 3:3—7).
სქესობრივი აღვირახსნილობა არნახულ მასშტაბებს აღწევს
10. რა შეიძლება ითქვას ნოეს დღეებში გავრცელებული სქესობრივი გახრწნილების შესახებ?
10 ჩვენი დღეები ნოეს დღეებს სხვა რამითაც ჰგავს. იეჰოვამ პირველ მამაკაცსა და ქალს უთხრა, ‘აევსოთ დედამიწა’ ადამიანებით. ამის განსახორციელებლად ღმერთმა მათ მისცა სქესობრივი ურთიერთობის უნარი, რის მიმართაც ღირსეული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ და ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა (დაბადება 1:28, სსგ). ნოეს დღეებში ურჩმა ანგელოზებმა ადამიანები არაბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობებით წაბილწეს; დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ხორცი შეისხეს და ლამაზ ქალებთან სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. ამის შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ადამიანები და ნახევრად დემონები — ბუმბერაზები (დაბადება 6:2, 4). გულისთქმას აყოლილ ანგელოზთა ცოდვა სოდომისა და გომორას მცხოვრებთა ცოდვასთან არის შედარებული (იუდა 6, 7). იმ დღეებში უზნეო ანგელოზთა გამო სქესობრივი გახრწნილება ფართოდ გავრცელდა.
11. დღეს მსოფლიოში როგორი ზნეობრივი მდგომარეობაა გაბატონებული, რომელიც ნოეს დღეებს მოგვაგონებს?
11 რას ვიტყოდით დღევანდელი ხალხის ზნეობრივ მდგომარეობაზე? ამ უკანასკნელ დღეებში მრავალთა ცხოვრებაში სექსს მთავარი ადგილი უჭირავს. პავლე მათ ამგვარად აღწერს: „გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ“; ბევრი ‘ყოველგვარ უწმიდურებას ჩადის გაუმაძღრობით’ (ეფესელთა 4:19). პორნოგრაფია, დაქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობები, ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა და ჰომოსექსუალიზმი ყველგანაა მოდებული. ზოგიერთმა უკვე ‘მიიღო საკადრისი საზღაური’ და სქესობრივი გზით გადამდები ავადმყოფობით დაავადდა, ზოგს ოჯახი დაენგრა, სხვებს კი სოციალური პრობლემები შეექმნათ (რომაელთა 1:26, 27).
12. რატომ უნდა განვივითაროთ ყოველივე ცუდისადმი სიძულვილი?
12 ნოეს დღეებში იეჰოვამ წარღვნა მოუვლინა ქვეყნიერებას და სექსზე შეშლილი მსოფლიო გაანადგურა. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დრო მართლაც ძალიან ჰგავს ნოეს დღეებს. კარს მომდგარი „დიდი გასაჭირი“ დედამიწას მრუშებისა და მამათმავლებისგან გაწმენდს (მათე 24:21; 1 კორინთელთა 6:9, 10; გამოცხადება 21:8). ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, შევიძულოთ ყოველივე ცუდი და თავი ავარიდოთ ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც უზნეობამდე მიგვიყვანდა! (ფსალმუნები 96:10; 1 კორინთელთა 6:18).
დედამიწა ძალადობით ივსება
13. რატომ იყო ნოეს დღეებში დედამიწა ‘ძალადობით აღსავსე’?
13 ნოეს დღეებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურების შესახებ ბიბლია ამბობს: „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით“ (დაბადება 6:11). ძალადობა ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ ადამის ვაჟმა, კაენმა, მოკლა თავისი მართალი ძმა (დაბადება 4:8). ლამექმა დაწერა ლექსი, რომელშიც იკვეხნიდა, რომ მოკლა ახალგაზრდა კაცი, ვითომ თავდაცვის მიზნით. მისი სიტყვები იმდროინდელი სულისკვეთების გამოძახილია (დაბადება 4:23, 24, აქ). ნოეს დღეები კი იმით გამოირჩეოდა, რომ ძალადობა ძალიან იყო გავრცელებული. ღვთის ურჩი ანგელოზები დედამიწაზე ჩამოდიოდნენ, ცოლად ირთავდნენ ქალებს და უჩნდებოდათ ბუმბერაზი შვილები, რის გამოც ძალადობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ ჩანს, რომ ბუმბერაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს ‘დამცემს’ — „მას, ვინც ძირს სცემს სხვებს“ (დაბადება 6:4). ბუმბერაზთა მომრავლების გამო „აღივსო ქვეყანა . . . ძალადობით“ (დაბადება 6:13). წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ნოესთვის ასეთ გარემოში ცხოვრება და შვილების აღზრდა! მიუხედავად ამისა, ნოე ‘მთელ თავის მოდგმაში მართალი კაცი’ იყო (დაბადება 7:1).
14. რამდენად არის დღევანდელი ქვეყნიერება ‘ბოროტებით აღვსილი?’
14 ისტორიის განმავლობაში ძალადობა ყოველთვის იყო, მაგრამ ნოეს დღეების მსგავსად, დღეს მან არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გამუდმებით ვიგებთ ამბებს ოჯახში ძალადობის, ტერაქტების, გენოციდისა და უმიზეზოდ მასობრივი მკვლელობების შესახებ. ყოველივე ამას დაამატეთ ომებით გამოწვეული სისხლის ღვრა. ქვეყნიერება კვლავ აივსო ძალადობით. რატომ? რამ შეუწყო ხელი ძალადობის ზრდას? ამ კითხვებზე პასუხი დაგვანახვებს ჩვენი დროისა და ნოეს დღეების კიდევ ერთ მსგავსებას.
15. ა) რამ შეუწყო ხელი ბოროტების ზრდას ამ უკანასკნელ დღეებში? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?
15 1914 წელს ზეცაში მესიანური სამეფო დამყარდა და გამეფებულმა იესო ქრისტემ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან სატანა ეშმაკი და მისი დემონები ციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:9—12). წარღვნამდე ურჩმა ანგელოზებმა საკუთარი სურვილით დატოვეს ზეცა, მაგრამ ჩვენს დღეებში ისინი ძალით გადმოყარეს. გარდა ამისა, ახლა მათ აღარა აქვთ იმის უნარი, რომ ხორცშესხმულნი მოევლინონ დედამიწას აკრძალული ხორციელი სიამოვნების მისაღებად. ამიტომ იმედგაცრუებულნი, განრისხებულნი და კარს მომდგარი სამსჯავროს შიშით შეპყრობილნი, ისინი ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ახდენენ ზემოქმედებას, რათა ამ უკანასკნელებმა იმაზე მეტ არაადამიანურ ბოროტებასა და ძალადობას მიმართონ, ვიდრე ნოეს დღეებში იყო. იეჰოვამ გაანადგურა წარღვნამდელი მსოფლიო, რომელიც ურჩი ანგელოზებისა და მათი შთამომავლების ქმედებათა გამო ბოროტებით იყო აღსავსე. დარწმუნებულნი იყავით, რომ ღმერთი იმავეს გააკეთებს ჩვენს დღეებშიც! (ფსალმუნები 36:10). იმ ადამიანებმა კი, რომლებიც დღეს სიფხიზლეს ინარჩუნებენ, იციან, რომ მათი ხსნა ახლოსაა.
მიმდინარეობს ქადაგება
16, 17. რა მეოთხე მსგავსება შეინიშნება დღევანდელობასა და ნოეს დღეებს შორის?
16 დღევანდელობასა და ნოეს დღეებს შორის მეოთხე მსგავსების დანახვა ნოესთვის დაკისრებული მისიიდან შეიძლება. ნოემ დიდი კიდობანი ააგო. ამასთანავე, ეს ღვთის ერთგული კაცი „მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). რას ქადაგებდა ის? როგორც ჩანს, მის ქადაგებაში მონანიებისკენ მოწოდება და მომავალი განადგურების შესახებ გაფრთხილება შედიოდა. იესომ თქვა, რომ ნოეს დღეებში ხალხს ‘არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა’ (მათე 24:38, 39, აქ).
17 ჩვენს დროშიც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ დავალებას და ქადაგებენ. ამის შედეგად ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დედამიწის ზურგზე თითქმის ყველგან შეუძლიათ სამეფოს შესახებ ცნობის მშობლიურ ენაზე მოსმენა და წაკითხვა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელიც იეჰოვას სამეფოს შესახებ აუწყებს ხალხს, 140-ზე მეტ ენაზე იბეჭდება და მისი ტირაჟი 25 000 000-ს აღემატება. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება უკვე მიმდინარეობს „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“. როდესაც ეს საქმე იმ დონემდე შესრულდება, რა დონემდეც ღმერთს სურს, აღსასრული ნამდვილად მოვა (მათე 24:14).
18. რა მსგავსება შეინიშნება ჩვენს დღეებში ქადაგებაზე მრავლის რეაქციასა და ნოეს დღეებში უმეტესობის გამოხმაურებას შორის?
18 წარღვნის წინ მცხოვრებ ადამიანებს სულიერი და მორალური ღირებულებები დაკარგული ჰქონდათ. ამიტომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეურაცხყოფდნენ სიტყვიერად და დასცინოდნენ ნოეს ოჯახს ეს სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები. აღსასრული კი დადგა. მსგავსად ამისა, ამ უკანასკნელ დღეებში მრავლად არიან „დაცინვით დამცინავნი“. მაგრამ იეჰოვას „დღე ქურდივით მოვა“, — ამბობს ბიბლია (2 პეტრე 3:3, 4, 10). ეს დღე დანიშნულ დროს არ გადააცილებს, აუცილებლად მოვა (აბაკუმი 2:3). ასე რომ, გონივრულია, ვიფხიზლოთ!
ცოტანი გადარჩებიან
19, 20. რა პარალელის გავლება შეგვიძლია წარღვნასა და თანამედროვე სისტემის განადგურებას შორის?
19 ნოეს დღეებსა და ჩვენს დღეებს შორის მსგავსება მხოლოდ უკიდურესი ბოროტების არსებობითა და ბოროტთა განადგურებით არ შემოიფარგლება. როგორც წარღვნის დროს იყო, თანამედროვე სისტემის განადგურების შემდეგაც იქნებიან გადარჩენილნი. წარღვნას გადარჩენილები თავმდაბალი ადამიანები იყვნენ; ისინი თავიანთ თანამედროვეთაგან გამოირჩეოდნენ. მათ ყურად იღეს ღვთის გაფრთხილება და წუთისოფლის ბოროტებას განერიდნენ. „ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში“, — ამბობს ბიბლია. „ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში“ (დაბადება 6:8, 9). დედამიწის მთელი მოსახლეობიდან ერთი ოჯახი, „ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20). იეჰოვა ღმერთმა მათ უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა“ (დაბადება 9:1).
20 ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ „დიდ გასაჭირს“ „უამრავი ხალხი“ გადაიტანს (გამოცხადება 7:9, 14). მაინც რამდენი? იესომ თქვა: „ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). მსოფლიო მოსახლეობის მილიარდებთან შედარებით, მცირე იქნება მათი რიცხვი, ვინც მომავალ დიდ გასაჭირს გადაიტანს. შესაძლოა, გადარჩენილებს მიეცეთ ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც წარღვნისგან გადარჩენილებს ჰქონდათ და გარკვეული დროის განმავლობაში გამრავლდნენ; შედეგად მათი შთამომავლები დედამიწაზე მცხოვრები ახალი საზოგადოების ნაწილი გახდებიან (ესაია 65:23).
„იფხიზლეთ“
21, 22. ა) რა სარგებლობა მოგიტანათ წარღვნის შესახებ ინფორმაციის განხილვამ? ბ) რომელია 2004 წლის მუხლი და რატომ უნდა ვიღოთ ყურად ამ მუხლში მოცემული რჩევა?
21 წარღვნა ძალიან დიდი ხნის წინათ იყო და, ერთი შეხედვით, მას ჩვენს ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ ის გვემსახურება გამაფრთხილებელ მაგალითად, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ (რომაელთა 15:4). ნოესა და ჩვენს დღეებს შორის არსებულმა მსგავსებამ უნდა აღგვძრას, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ დღევანდელი მოვლენების მნიშვნელობას და ფხიზლად დავხვდეთ ბოროტების განსაკითხავად იესოს ქურდივით მოსვლას.
22 ჩვენს დღეებში იესო ქრისტე სულიერი აღმშენებლობის უდიდეს საქმეს ხელმძღვანელობს. დღეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად კიდობნისმაგვარი სულიერი სამოთხე არსებობს (2 კორინთელთა 12:3, 4). დიდი გასაჭირის გადასატანად საჭიროა ამ სამოთხეში დარჩენა. სულიერი სამოთხის გარეთ სატანის წუთისოფელია, რომელიც მზად არის, შთანთქას ნებისმიერი, ვინც სულიერად ჩათვლემს. ამიტომ აუცილებელია ‘ვიფხიზლოთ’ და მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის (მათე 24:42, 44, აქ).
-
-
მზად იყავით იეჰოვას დღისთვისსაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 დეკემბერი
-
-
მზად იყავით იეჰოვას დღისთვის
„მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:44).
1. რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული იეჰოვას დღით?
ის იქნება ბრძოლისა და რისხვის, ტკივილისა და უბედურების, სიბნელისა და გაპარტახების დღე. იეჰოვას „დიდი და საშინელი“ დღე აუცილებლად დაატყდება თავს ამ ბოროტ სისტემას, ისე როგორც წარღვნამ წალეკა ნოეს დროინდელი ბოროტი წუთისოფელი. თანამედროვე სისტემა ამას ვერ გაექცევა, მაგრამ „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება“ (იოელი 3:3—5; ამოსი 5:18—20). ღვთის ნებაა, გაანადგუროს მტრები და იხსნას თავისი ხალხი. სოფონიას სიტყვებში აშკარად იგრძნობა, რომ დაყოვნების დრო არ არის: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა“ (სოფონია 1:14). როდის მოიყვანს ღმერთი სისრულეში თავის განაჩენს?
2, 3. რატომ არის მნიშვნელოვანი, მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის?
2 „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“, — თქვა იესომ (მათე 24:36). ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ 2004 წლის მუხლი: „იფხიზლეთ . . . მზად იყავით“ (მათე 24:42, 44, აქ).
3 იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მოულოდნელად მოხდებოდა მზად მყოფთა გადარჩენა და სხვების დატოვება, იესომ თქვა: „მაშინ ორნი იქნებიან ყანაში: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება“ (მათე 24:40, 41). რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით პირადად ჩვენ ამ კრიტიკულ მომენტში? ვიქნებით მზად თუ მოულოდნელად დაგვატყდება თავს ეს დღე? ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ზომებს მივმართავთ ახლა. მზად რომ ვიყოთ იეჰოვას დღისთვის, საჭიროა მოვერიდოთ წუთისოფელში გაბატონებულ აზროვნებას; კერძოდ კი, მოვერიდოთ სულიერობისთვის საშიშროების შემქმნელ მდგომარეობასა და ცხოვრების გარკვეულ წესს.
ნუ ვიქნებით საკუთარი სიამოვნების მაძიებლები
4. როგორი აზროვნება ჰქონდათ ნოეს თანამედროვეებს?
4 გავიხსენოთ ნოეს დღეები. „რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“, — ამბობს ბიბლია (ებრაელთა 11:7). კიდობანი უჩვეულო და სხვებისთვის კარგად შესამჩნევი იქნებოდა. გარდა ამისა, ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). არც კიდობნის აშენებამ და არც ქადაგებამ არ აღძრა ნოეს თანამედროვენი მოქმედებისკენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ“. ადამიანები, რომლებსაც ნოე უქადაგებდა, პირად საქმეებსა და სიამოვნების ძიებაში ისე იყვნენ ჩაფლულნი, რომ „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39, აქ).
5. რა პოზიცია ეჭირათ სოდომისა და გომორის მკვიდრთ?
5 იმავეს თქმა შეიძლება ლოტის დღეებზეც. საღვთო წერილში ნათქვამია: „ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა“ (ლუკა 17:28, 29). ანგელოზებმა ლოტი გარდაუვალი განადგურების შესახებ გააფრთხილეს, რის შემდეგაც მან თავის სიძეებს უთხრა, თუ რა მოხდებოდა. „სასაცილო შეიქნა იგი თავის სიძეთა თვალში“, — ამბობს ბიბლია ლოტის შესახებ (დაბადება 19:14).
6. რას უნდა მოვერიდოთ დღევანდელ წუთისოფელში?
6 იესოს თქმით, როგორც ნოესა და ლოტის დღეებში იყო, „ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:39; ლუკა 17:30). მართლაც, დღეს მრავალი საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამან ჩვენზეც არ იქონიოს გავლენა. ცუდი არაფერია იმაში, რომ ვისიამოვნოთ კარგი საკვებით და ზომიერად დავლიოთ ალკოჰოლური სასმელები; ქორწინებაც ღვთის მიერ არის დაფუძნებული. მაგრამ, თუ ასეთმა საქმეებმა ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიჭირა და სულიერი ინტერესები გვერდზე გასწია, განა შეიძლება ითქვას, რომ მზად ვართ იეჰოვას დღისთვის?
7. რა მნიშვნელოვანი კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს მანამ, სანამ ამა თუ იმ საქმეს წამოვიწყებთ და რატომ?
7 „ჟამი იწურება, — თქვა პავლე მოციქულმა, — ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29—31). მხოლოდ შეზღუდული დროღა გვრჩება იმისათვის, რომ შევასრულოთ ღვთის მიერ დაკისრებული მისია და ბოლომდე მივიყვანოთ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე (მათე 24:14). პავლემ მეუღლეებსაც კი ურჩია, ერთმანეთზე ზრუნვისთვის იმდენი დრო არ მოეხმარებინათ, რომ სამეფოს ინტერესებს მათ ცხოვრებაში მეორე ადგილზე გადაენაცვლა. პავლეს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ის საკუთარი სიამოვნების პირველ ადგილზე დაყენებას კი არ გვირჩევს, არამედ — პირიქით. იესომ თქვა: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ (მათე 6:33). ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ან ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ვკითხოთ: „რა გავლენას იქონიებს ეს ჩემს ცხოვრებაზე? შევძლებ კვლავაც პირველ ადგილზე დავაყენო სამეფოს ინტერესები?“
8. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვხედავთ, რომ ყოველდღიურ საქმეებს თითქმის მთელი ჩვენი დრო მიაქვს?
8 როგორ მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ ყოველდღიური საქმეები აღარ გვიტოვებს ადგილს სულიერი ინტერესებისთვის? ან ვხვდებით, რომ ჩვენი და იმ ახლობლების ცხოვრების წესი, რომლებსაც საღვთო წერილიდან საფუძვლიანი ცოდნა არა აქვთ და სამეფოს შესახებ მქადაგებლები არ არიან, ოდნავღა განსხვავდება ერთმანეთისგან? თუ ასეა, საჭიროა ვილოცოთ. იეჰოვა დაგვეხმარება, რომ სწორი აზროვნება გვქონდეს (რომაელთა 15:5; ფილიპელთა 3:15). ღმერთი შეგვეხიდება, რათა სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ, სწორად მოვიქცეთ და მის წინაშე ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ (რომაელთა 12:2; 2 კორინთელთა 13:7).
ნუ ჩათვლემთ სულიერად
9. გამოცხადების 16:14—16-ის თანახმად, რატომ არის მნიშვნელოვანი, სულიერად არ ჩავთვლიმოთ?
9 წინასწარმეტყველება, რომელშიც ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის ომის’ ანუ არმაგედონის შესახებ არის ლაპარაკი, იმასაც ამბობს, რომ ზოგი არ შეინარჩუნებს სიფხიზლეს. „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი, — გვეუბნება უფალი იესო ქრისტე. — ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი“ (გამოცხადება 16:14—16). აქ მოხსენიებული სამოსელი ისეთ რამეზე მიუთითებს, რითაც ჩვენ, ქრისტიანი იეჰოვას მოწმეები, გამოვირჩევით. ამაში შედის სამეფოს შესახებ ქადაგება და ქრისტიანული საქციელი. თუ უმოქმედოდ — ძილისმაგვარ მდგომარეობაში — ვართ, შეიძლება ქრისტიანული სახე დავკარგოთ. ეს სამარცხვინო და საშიშია. ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერად არ ჩავთვლიმოთ ან არ მოვდუნდეთ. როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა?
10. რატომ გვეხმარება ბიბლიის კითხვა სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
10 ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ საჭიროა გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. მაგალითად, სახარებებში მოცემულია შეხსენებები: „ფხიზლად იყავით“, „იფხიზლეთ“ (მათე 24:42; 25:13; მარკოზი 13:35, 37); „მზად იყავით“ (მათე 24:44; ლუკა 12:40); „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:33, აქ). მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ იეჰოვას დღე მოულოდნელად დაატყდება თავს წუთისოფელს, პავლე მოციქული თანამორწმუნეებს მოუწოდებს: „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6). ბიბლიის ბოლო წიგნში განდიდებული ქრისტე იესო სიტყვებით „მოვალ მალე“ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მოულოდნელად მოვა (გამოცხადება 3:11; 22:7, 12, 20). მრავალმა ებრაელმა წინასწარმეტყველმაც აღწერა იეჰოვას მიერ განაჩენის სისრულეში მოყვანის დიდი დღე და ხალხი ამ დღის მოსვლის თაობაზე გააფრთხილა (ესაია 2:12, 17; იერემია 30:7; იოელი 2:11; სოფონია 3:8). ასე რომ, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ყოველდღიურად კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
11. რატომ არის სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ბიბლიის პირადი შესწავლა?
11 სულიერად გამომაფხიზლებელია „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით საღვთო წერილის გულმოდგინე პირადი შესწავლა (მათე 24:45—47). ამან რომ სარგებლობა მოგვიტანოს, საჭიროა რეგულარულად ვიმეცადინოთ და თანდათანობით უფრო და უფრო ღრმა ბიბლიურ აზრებს ჩავწვდეთ (ებრაელთა 5:14—6:3). რეგულარულად უნდა ვიკვებოთ მაგარი სულიერი საზრდოთი. ჩვენს დროში ამისათვის დროის გამონახვა ადვილი არ არის (ეფესელთა 5:15, 16). საკმარისი არ იქნება, თუ ბიბლიას და საღვთო წერილზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს მხოლოდ მაშინ წავიკითხავთ, როდესაც დრო მოგვრჩება. თუ გვინდა, რომ ‘საღნი ვიყოთ რწმენაში’ და ვიფხიზლოთ, აუცილებელია, სისტემატურად გვქონდეს პირადი შესწავლა (ტიტე 1:13).
12. როგორ გვეხმარება ქრისტიანული კრების შეხვედრები და კონგრესები, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე?
12 ქრისტიანული კრების შეხვედრები და კონგრესებიც გვეხმარება, რომ სულიერად არ ჩავთვლიმოთ. როგორ? დარიგებების საშუალებით, რომლებსაც იქ ვიღებთ. ამ შეხვედრებზე რეგულარულად შეგვახსენებენ, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა. გარდა ამისა, ქრისტიანული კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე შესაძლებლობა გვეძლევა, ‘წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის’. ასეთი წახალისება ხელს უწყობს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ახლა, როდესაც ‘უფრო მეტად ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’, გვეძლევა მითითება, რეგულარულად შევიკრიბოთ (ებრაელთა 10:24, 25).
13. როგორ გვეხმარება ქრისტიანული მსახურება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
13 ქრისტიანულ მსახურებაში მთელი გულით მონაწილეობაც გვეხმარება, რომ სიფხიზლე შევინარჩუნოთ. განა სხვა რა დაგვეხმარება უკეთესად, ყოველთვის გვახსოვდეს დროის ნიშნები და მათი მნიშვნელობა, თუ არა ამის შესახებ სხვებთან საუბარი? როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი, ვისთანაც ბიბლიას ვსწავლობთ, სულიერად წინ მიიწევს და ნასწავლის თანახმად იწყებს მოქმედებას, ჩვენც უფრო მეტად ვგრძნობთ, რომ დრო არ ითმენს. „მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ,“ — თქვა მოციქულმა პეტრემ, — იფხიზლეთ ყველაფერში“ (1 პეტრე 1:13, აქ). ‘უფლის საქმეში უხვი’ ნაყოფის გამოღება სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად ჩინებული საშუალებაა (1 კორინთელთა 15:58).
მოერიდეთ სულიერად საზიანო ცხოვრების წესს
14. იესოს მიერ ლუკას 21:34—36-ში მოცემული გაფრთხილების თანახმად, როგორი ცხოვრების წესს უნდა მოვერიდოთ?
14 იმ დროის ნიშნის მოცემისას, როდესაც მოსული იქნებოდა, იესომ კიდევ ერთი გაფრთხილება მოგვცა: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36). იესოს სიტყვები ზუსტად აღწერს ადამიანთა უმეტესობის ცხოვრების წესს; ისინი ღრეობენ, ლოთობენ და ისეთ ცხოვრებას ეწევიან, რომელსაც მხოლოდ საზრუნავი მოაქვს.
15. რატომ უნდა მოვერიდოთ გადამეტებულ ჭამასა და სმას?
15 გადამეტებული ჭამა-სმა ღვთის პრინციპებს არ შეესაბამება; ამიტომ, ამას უნდა მოვერიდოთ. „ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის“, — ამბობს ბიბლია (იგავები 23:20). ჭამა-სმამ შეიძლება ადამიანის სულიერობას მაშინაც შეუქმნას საფრთხე, როდესაც ასეთ უკიდურეს დონეს არ აღწევს; ამ ზომამდე მისვლამდეც კი შეიძლება ადამიანი მთვლემარე და ზარმაცი გახადოს. „ზარმაცის სული მოწყურებულია, — ამბობს ბიბლიური იგავი, — მაგრამ არაფერი აქვს“ (იგავები 13:4, სსგ). ასეთ ადამიანს შეიძლება სურდეს ღვთის ნების შესრულება, მაგრამ დაუდევრობის გამო მისი სურვილი სურვილად რჩება.
16. როგორ არის შესაძლებელი, რომ ოჯახზე ზრუნვამ არ დაგვამძიმოს?
16 რა შედის ცხოვრებისეულ საზრუნავში, რომლის შესახებაც იესო გვაფრთხილებდა? ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი საქმეები. არაგონივრული იქნებოდა, რომ ასეთი საზრუნავით დავმძიმებულიყავით! „რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?“ — კითხვა დასვა იესომ და შემდეგ თავის მსმენელებს ურჩია: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს“. ცხოვრებაში სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება და მტკიცე გულდაჯერებულობა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე, საზრუნავით დამძიმებისგან დაგვიცავს და სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (მათე 6:25—34).
17. როგორ შეიძლება მატერიალურ კეთილდღეობას გამოდევნებამ საზრუნავი გაგვიჩინოს?
17 საზრუნავით დამძიმება შეიძლება მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამაც გამოიწვიოს. მაგალითად, ზოგი ცხოვრებას ირთულებს და იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს. სხვები სწრაფად გამდიდრებას ცდილობენ და თანხებს სარისკო საქმეში აბანდებენ. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ფინანსური წარმატების მისაღწევად განათლების მიღება ხდება მახე. ცხადია, გარკვეული განათლება გამოგვადგება სამსახურის საშოვნელად, მაგრამ უფრო და უფრო მეტი განათლების მისაღებად დიდი დროის დახარჯვამ ზოგს სულიერი ზიანი მიაყენა. ეს ძალიან საშიშია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვას დღე ახლოს არის! ბიბლია გვაფრთხილებს: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (1 ტიმოთე 6:9).
18. რისი უნარი უნდა განვივითაროთ, თუ გვინდა, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ არ გადაგვიყოლოს?
18 მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვამ რომ არ გადაგვიყოლოს, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას იმის გარჩევის უნარი გვქონდეს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ამ უნარის განვითარება ‘მოწიფულთათვის განკუთვნილი მაგარი საჭმლის’ რეგულარულად მიღებითა და ‘აღქმის უნარის გაწაფვით’ არის შესაძლებელი (ებრაელთა 5:13, 14, აქ). არასწორი არჩევნის გაკეთებისგან დაგვიცავს ისიც, თუ ‘გამოვცდით უმჯობესს’, ვიდრე გადავწყვეტთ, რას მივანიჭოთ უპირატესობა ცხოვრებაში (ფილიპელთა 1:10).
19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ დავინახავთ, რომ სულიერი საქმეებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება?
19 მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამ შეიძლება დაგვაბრმაოს და სულ არ დაგვიტოვოს ან ძალიან ცოტა დრო დაგვიტოვოს სულიერი საქმეებისთვის. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გამოკვლევა და ასეთი მახისგან თავის არიდება? საჭიროა, ვილოცოთ და ვიფიქროთ, თუ როგორ და რა დონემდე შეგვიძლია ცხოვრების გამარტივება. ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა თქვა: „ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს“ (ეკლესიასტე 5:12). ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხომ არ გვართმევს არააუცილებელ მატერიალურ საკუთრებაზე ზრუნვა? რაც უფრო მეტი გვაქვს, მით უფრო მეტად გვიწევს ზრუნვა ქონების შენარჩუნებაზე, დაზღვევასა და დაცვაზე. უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, თუ ცხოვრებას გავიმარტივებდით და ამა თუ იმ საკუთრებისგან გავთავისუფლდებოდით?
ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ იმისათვის, რომ მზად იყოთ
20, 21. ა) რაში გვარწმუნებს მოციქული პეტრე იეჰოვას დღესთან დაკავშირებით? ბ) რისი კეთება უნდა განვაგრძოთ იმისათვის, რომ მზად ვიყოთ იეჰოვას დიდი დღისთვის?
20 ნოეს დროინდელი წუთისოფლისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა; ასევე ამოიწურება თანამედროვე სისტემის დრო. მოციქული პეტრე გვარწმუნებს: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“. ვერც სიმბოლური ზეცა (ბოროტი მთავრობები) და ვერც სიმბოლური მიწა (ღვთისგან გაუცხოებული საზოგადოება) ვერ გადაურჩება ღვთის მრისხანების სიმხურვალეს. პეტრე გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია მზად ვიყოთ ამ დღისთვის: «თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ [„მაშ, როგორები უნდა იყოთ“, აქ] წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში» (2 პეტრე 3:10—12).
21 წმინდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში შედის კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა. მოდი ღვთისადმი ერთგულება გამოვავლინოთ და მთელი გულით ვიმოქმედოთ ასე, ვიდრე იეჰოვას დიდ დღეს მოთმინებით ველოდებით. ‘ყველანაირად ვეცადოთ, რომ მის [ღვთის] წინაშე უმანკოები და მშვიდობის მქონეები წარვდგეთ’ (2 პეტრე 3:14, აქ).
-