საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი

      „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).

      1, 2. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ დროდადრო ყველას გვჭირდება დახმარება? ბ) როგორი დამხმარე და მშველელია იეჰოვა?

      რომელ ჩვენგანს არ დასჭირვებია ოდესმე დახმარება? ფაქტია, რომ დახმარება დროდადრო ყველას გვჭირდება, რათა გავუმკლავდეთ მძიმე პრობლემას, ავიტანოთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი და გავუძლოთ მძიმე განსაცდელს. ადამიანები ხშირად მზრუნველ მეგობარს მიმართავენ ხოლმე, როცა დახმარება სჭირდებათ. ასეთი მეგობრისთვის პრობლემის გაზიარება შეიძლება ნამდვილად ამსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ ერთმანეთის დასახმარებლად ადამიანთა შესაძლებლობები შეზღუდულია. სხვებს შეიძლება ყოველთვის არ შეეძლოთ შველა, როცა საჭიროა დახმარება.

      2 მაგრამ არსებობს დამხმარე და მშველელი, რომელსაც უსაზღვრო ძალა და შესაძლებლობები აქვს; თანაც ის გვარწმუნებს, რომ არასდროს მიგვატოვებს. სწორედ მის შესახებ განაცხადა ფსალმუნმომღერალმა დიდი რწმენით: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]). რატომ იყო ეს ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული, რომ იეჰოვა უშველიდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ 120-ე ფსალმუნი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დავინახოთ, თუ რატომ შეგვიძლია ჩვენც ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი.

      დახმარებისა და შველის საიმედო წყარო

      3. რომელი მთებისკენ აღაპყრობდა თვალებს ფსალმუნმომღერალი და რატომ?

      3 ფსალმუნმომღერალი დასაწყისში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იეჰოვა შემოქმედია და სწორედ ეს არის მისადმი ნდობის საფუძველი. ის ამბობს: „თვალებს ავაპყრობ მთებისკენ. საიდან მოვა ჩემი შველა? ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმუნები 121:1, 2, აქ [120:1, 2]). ფსალმუნმომღერალი თვალებს უბრალოდ ნებისმიერი მთისკენ როდი აღაპყრობდა. როცა ეს სიტყვები დაიწერა, იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი მდებარეობდა. იუდეის მთებში გაშენებული ეს ქალაქი იეჰოვას სიმბოლური სამკვიდრებელი იყო (ფსალმუნები 134:21). ფსალმუნმომღერალი თვალებს, ალბათ, იერუსალიმის მთებისკენ, იეჰოვას ტაძრისკენ, აღაპყრობდა იმაში დარწმუნებული, რომ შველა იეჰოვასგან მოვიდოდა. რატომ იყო ფსალმუნმომღერალი ასე დარწმუნებული, რომ იეჰოვას მისი დახმარება შეეძლო? იმიტომ რომ იეჰოვა „ცისა და დედამიწის შემოქმედია“. ფაქტობრივად, ფსალმუნმომღერალი ამბობდა: ყოვლისშემძლე შემოქმედს ხელს ვერაფერი შეუშლის ჩემს დახმარებაში! (ესაია 40:26).

      4. როგორ გამოხატა ფსალმუნმომღერალმა ის აზრი, რომ იეჰოვა ყოველთვის ფხიზლობს თავის მსახურთა საჭიროებების შესანიშნად და რატომ არის ეს მანუგეშებელი?

      4 შემდეგ ფსალმუნმომღერალი აღნიშნავს, რომ იეჰოვა ყოველთვის ფხიზლობს, რათა თავისი მსახურების საჭიროებები შენიშნოს: „არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა“ (ფსალმუნები 120:3, 4). შეუძლებელია, ღმერთმა დაუშვას მასზე მინდობილთა ‘წაბორძიკება’ ან მათი დაცემა ისე, რომ ვეღარ შეძლონ ადგომა (იგავები 24:16). რატომ? იმიტომ რომ იეჰოვა იმ მწყემსს ჰგავს, რომელიც ფხიზლობს ცხვრის დასაცავად. განა ეს მანუგეშებელი აზრი არ არის? ის წუთითაც არ ადუნებს ყურადღებას, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს თავის მსახურთა საჭიროებები. ისინი დღედაღამ მისი მხედველობის არეში არიან.

      5. რატომ არის იეჰოვა „მარჯვენის გვერდით“?

      5 ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ერთგულად იცავს თავის ხალხს. ის შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: „უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენი მარჯვენის გვერდით. დღისით მზე არ გავნებს, და ღამით — მთვარე“ (ფსალმუნები 120:5, 6). ახლო აღმოსავლეთში ფეხით მოსიარულე მგზავრისთვის ჩრდილი საუკეთესო დამცავი იქნებოდა მწველი მზისგან. იეჰოვაც ჩრდილივით იცავს თავის ხალხს განსაცდელებით გამოწვეული აუტანელი მცხუნვარებისგან. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა „მარჯვენის გვერდით“ მდგომად არის მოხსენიებული. ძველად ომში მებრძოლის მარჯვენა გარკვეულწილად დაუცველი იყო, რადგან ფარი მას მარცხენა ხელში ეჭირა. ამიტომაც ერთგულ მეგობარს მებრძოლის დაცვა მის მარჯვნივ ბრძოლით შეეძლო. იეჰოვა ასეთი მეგობრის მსგავსად, გვერდში უდგას თავის თაყვანისმცემლებს და ყოველთვის მზად არის მათ დასახმარებლად.

      6, 7. ა) როგორ გვარწმუნებს ფსალმუნმომღერალი, რომ იეჰოვა არასდროს შეწყვეტს თავისი ხალხისთვის დახმარების გაწევას? ბ) რატომ შეგვიძლია, რომ ამაში ფსალმუნმომღერალივით ვიყოთ დარწმუნებული?

      6 შეწყვეტს ოდესმე იეჰოვა თავისი ხალხის დახმარებას. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ფსალმუნმომღერალი ასეთ დასკვნას აკეთებს: „უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს; უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე“ (ფსალმუნები 120:7, 8). აღსანიშნავია, რომ ფსალმუნმომღერალს ყურადღება აწმყოდან მომავალზე გადააქვს. მეხუთე მუხლში მან აწმყო დრო გამოიყენა, როცა თქვა: „უფალია შენი მცველი“. ამ მუხლებში კი ის მომავალ დროს იყენებს: „უფალი დაგიცავს“. ეს სიტყვები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ იეჰოვა მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. სადაც უნდა წავიდნენ და რა განსაცდელის წინაშეც უნდა აღმოჩნდნენ, ისინი დახმარების გარეშე არასდროს დარჩებიან (იგავები 12:21).

      7 როგორც ვხედავთ, 120-ე ფსალმუნის დამწერი დარწმუნებული იყო, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედი მზრუნველი მწყემსივით და ფხიზელი გუშაგივით იცავს თავის მსახურებს. ჩვენც ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ფსალმუნმომღერალივით დარწმუნებული ვიყოთ ამაში, რადგან იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). ნიშნავს ეს, რომ ყოველთვის დაცული ვიქნებით ფიზიკურად? არა, მაგრამ ვიდრე იეჰოვას შევყურებთ, როგორც ჩვენს დამხმარესა და მშველელს, ის ყველაფრისგან დაგვიცავს, რასაც ჩვენთვის სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია. აქვე წამოიჭრება შეკითხვა: როგორ გვეხმარება იეჰოვა? განვიხილოთ ოთხი საშუალება, რომლებსაც ის ჩვენს დასახმარებლად იყენებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ეხმარებოდა ის თავის მსახურებს ბიბლიურ დროში; მომდევნო სტატიაში კი საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ ეხმარება ის თავის ხალხს დღეს.

      დახმარება ანგელოზების მეშვეობით

      8. რატომ არ არის გასაკვირი ის, რომ ანგელოზები დაინტერესებულები არიან ღვთის მიწიერი მსახურების კეთილდღეობით?

      8 იეჰოვას თავის განკარგულებაში მილიონობით ანგელოზი ჰყავს (დანიელი 7:9, 10). ეს სულიერი ძეები ერთგულად ასრულებენ მის ნებას (ფსალმუნები 102:20). მათ კარგად იციან, რომ იეჰოვას ძლიერ უყვარს თავისი მიწიერი თაყვანისმცემლები და სურს მათთვის დახმარების გაწევა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანების კეთილდღეობით (ლუკა 15:10). მაშ, ანგელოზებისთვის უეჭველად სასიამოვნო უნდა იყოს ის, რომ იეჰოვა მათი მეშვეობით ეხმარება ადამიანებს. როგორ ეხმარებოდა ძველად იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს ანგელოზების მეშვეობით?

      9. მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ აძლევდა ღმერთი ანგელოზებს ერთგული ადამიანების დაცვის ძალას.

      9 იეჰოვა ანგელოზებს ერთგული ადამიანების დაცვისა და გადარჩენის ძალას აძლევდა. მაგალითად, ორი ანგელოზი ლოტსა და მის ქალიშვილებს სოდომისა და გომორას განადგურებისას გაქცევასა და გადარჩენაში დაეხმარა (დაბადება 19:1, 15—17). ერთმა ანგელოზმა მუსრი გაავლო 185 000 ასურელ მეომარს, რომლებიც იერუსალიმთან იყვნენ დაბანაკებულნი (4 მეფეთა 19:35). როცა დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, იეჰოვამ „თავისი ანგელოზი მოავლინა [და] ლომებს პირები აუკრა“ (დანიელი 6:21, 22). ერთმა ანგელოზმა პეტრე მოციქული ციხიდან დაიხსნა (საქმეები 12:6—11). ბიბლიაში სხვა მაგალითებიც არის მოცემული, თუ როგორ იცავდნენ ანგელოზები ადამიანებს, რაც ნამდვილად ადასტურებს ფსალმუნების 33:8-ში ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტებას: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“.

      10. როგორ გამოიყენა იეჰოვამ ანგელოზი წინასწარმეტყველ დანიელის გასამხნევებლად?

      10 ზოგჯერ იეჰოვა ანგელოზებს ერთგული ადამიანების გასამხნევებლად და განსამტკიცებლად იყენებდა. ამასთან დაკავშირებით დანიელის წინასწარმეტყველების მე-10 თავში შთამბეჭდავი შემთხვევაა მოცემული. იმ დროს დანიელი უკვე 100 წელს მიღწეული იქნებოდა. წინასწარმეტყველი გულგატეხილი იყო, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ იერუსალიმი გაპარტახებული იყო და ტაძრის აღდგენა ყოვნდებოდა. ამასთან, მას, შემაშფოთებელი ხილვის შემდეგ, ძალა ჰქონდა გამოცლილი (დანიელი 10:2, 3, 8). ღმერთმა სიყვარულიდან გამომდინარე ანგელოზი გაუგზავნა მას გასამხნევებლად. ანგელოზმა რამდენჯერმე შეახსენა დანიელს, რომ ღვთის თვალში „სასურველი კაცი“ იყო. რა იყო ამის შედეგი? ხანდაზმულმა წინასწარმეტყველმა ანგელოზს უთხრა: „შენ გამამაგრე“ (დანიელი 10:11, 19).

      11. რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ იეჰოვა სასიხარულო ცნობის ქადაგებას ანგელოზების მეშვეობით ხელმძღვანელობდა?

      11 იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით სასიხარულო ცნობის ქადაგებასაც ხელმძღვანელობდა. ანგელოზმა ფილიპეს უხელმძღვანელა, რომ მას ქრისტეს შესახებ ექადაგა ეთიოპ საჭურისთან, რომელიც მალევე მოინათლა (საქმეები 8:26, 27, 36, 38). მცირე დროის გასვლის შემდეგ, ღვთის ნების თანახმად, სასიხარულო ცნობის ქადაგება წინადაუცვეთელ არაებრაელებს შორისაც უნდა დაწყებულიყო. ხილვაში ანგელოზი ღვთისმოშიშ არაებრაელ კორნელიუსს გამოეცხადა და უხელმძღვანელა მას, რომ მოციქული პეტრე მოეძებნა. როცა კორნელიუსის მიერ გაგზავნილმა კაცებმა პეტრეს მიაგნეს, უთხრეს მას: „კორნელიუსს . . . ღმერთმა უბრძანა წმინდა ანგელოზის მეშვეობით, გამოეგზავნა კაცები, რომ სახლში მიგიწვიოს და შენი სიტყვები მოისმინოს“. პეტრე გაჰყვა მათ და პირველად ასე გახდნენ წინადაუცვეთელი არაებრაელები ქრისტიანული კრების წევრები (საქმეები 10:22, 44—48). წარმოიდგინეთ, თქვენ რა გრძნობები დაგეუფლებოდათ, ანგელოზი რომ დაგხმარებოდათ ღვთისმოშიშ ადამიანთან დაკავშირებაში.

      დახმარება წმინდა სულის მეშვეობით

      12, 13. ა) რატომ ჰქონდათ იესოს მოციქულებს ყოველგვარი საფუძველი, დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ წმინდა სულს მათი დახმარება შეეძლო? ბ) რა მხრივ აძლევდა ძალას წმინდა სული პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

      12 სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იესომ ანუგეშა თავისი მოციქულები, რომ დახმარების გარეშე არ დარჩებოდნენ. მათ მამა „დამხმარეს, წმინდა სულს“ მისცემდა (იოანე 14:26). მოციქულებს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ, დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ წმინდა სულს მათი დახმარება შეეძლო. წმინდა წერილები ხომ სავსეა მაგალითებით, თუ როგორ იყენებდა იეჰოვა წმინდა სულს, სამყაროში არსებულ უძლიერეს ძალას, თავისი ხალხის დასახმარებლად.

      13 ხშირად წმინდა სულს იეჰოვა იმისთვის იყენებდა, რომ თავისი ნების შესასრულებლად ძალით აღეჭურვა ადამიანები. წმინდა სული ძალას აძლევდა მსაჯულებს ისრაელის დასახსნელად (მსაჯულთა 3:9, 10; 6:34). იგივე სული პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც აძლევდა ძალას, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაბედულად განეგრძოთ ქადაგება (საქმეები 1:8; 4:31). ღვთისადმი მსახურებაში მათი წარმატება წმინდა სულის მოქმედების ძლიერი მტკიცება იყო. განა სხვაგვარად შეიძლება აიხსნას ის, თუ როგორ შეძლეს „უსწავლელმა და უბრალო ადამიანებმა“ მსოფლიოს იმ დროს ცნობილ ყველა ნაწილში სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება? (საქმეები 4:13; კოლოსელები 1:23).

      14. როგორ იყენებდა იეჰოვა წმინდა სულს თავისი მსახურებისთვის სულიერი სინათლის მოსაფენად?

      14 იეჰოვა წმინდა სულს თავისი მსახურებისთვის სულიერი სინათლის მოსაფენადაც იყენებდა. მაგალითად, ღვთის სულის დახმარებით იოსებმა ფარაონის წინასწარმეტყველური სიზმრები განმარტა (დაბადება 41:16, 38, 39). წმინდა სულით იეჰოვამ თავმდაბალ ადამიანებს გაუმჟღავნა თავისი განზრახვები, რომლებიც ამაყი ადამიანებისთვის დაფარული იყო (მათე 11:25). იმ ყველაფრის შესახებ, რასაც იეჰოვა „თავის მოყვარულებისთვის“ აკეთებს, პავლე მოციქულმა თქვა: „ჩვენ კი ღმერთმა ეს თავისი სულით გაგვიმჟღავნა“ (1 კორინთელები 2:7—10). მხოლოდ წმინდა სულის დახმარებით შეეძლო ადამიანს ღვთის ნების ჭეშმარიტად გაგება.

      დახმარება ღვთის სიტყვის მეშვეობით

      15, 16. რა მითითება მიეცა იესო ნავეს ძეს იმისათვის, რომ გონივრულად მოქცეულიყო და ხელი მომართვოდა?

      15 იეჰოვას შთაგონებით დაწერილი სიტყვა „სასარგებლოა სასწავლებლად“ და ღვთის მსახურს შესაძლებლობას აძლევს, „ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიაში მოცემულია მრავალი შემთხვევა, თუ ძველად ღვთის ხალხს როგორ ეხმარებოდა ღვთის სიტყვის ის წიგნები, რომლებიც მაშინ უკვე დაწერილი იყო.

      16 წმინდა წერილები ჯანსაღ სახელმძღვანელოდ ემსახურებოდა ღვთის თაყვანისმცემლებს. როცა იესო ნავეს ძე ისრაელის წინამძღოლად დაინიშნა, მან შემდეგი მითითება მიიღო: „ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი [რომელიც დაწერილი იყო მოსეს მიერ] შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთი იესო ნავეს ძეს სიბრძნის სასწაულებრივად მიღებას არ ჰპირდებოდა. იესო ნავეს ძეს მხოლოდ რჯულის წიგნის კითხვისა და მასზე დაფიქრების შედეგად მოემართებოდა ხელი (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნები 1:1—3).

      17. როგორ დაეხმარა დანიელსა და მეფე იოშიას წმინდა წერილების ის წიგნები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მათთვის?

      17 ღვთის წერილობითი სიტყვა იეჰოვას მსახურებს მისი ნებისა და განზრახვის გამჟღავნების საშუალებადაც ემსახურებოდა. მაგალითად, დანიელმა იერემიას ჩანაწერების დახმარებით გამოთვალა, თუ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო იერუსალიმი გაპარტახებული (იერემია 25:11; დანიელი 9:2). გავიხსენოთ იუდაში იოშიას (იოშიაჰუ) მეფობის დროს მომხდარი შემთხვევაც. იმ დროს ისრაელ ერი იეჰოვას გზებით არ დადიოდა და მეფეებს, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოდ არ გააჩნდათ რჯულის წიგნის პირადი ეგზემპლარები (მეორე რჯული 17:18—20). მაგრამ აღდგენითი სამუშაოების დროს ტაძარში იპოვეს „რჯულის წიგნი“, რომელიც შესაძლოა მოსეს ხელით იყო დაწერილი. ეს შესაძლოა წიგნის ორიგინალი ყოფილიყო, რომლის წერაც დაახლოებით 800 წლით ადრე იყო დასრულებული. მისი წაკითხვისას იოშიამ დაინახა, რომ ერი იეჰოვას ნების საპირისპიროდ იქცეოდა და მტკიცე ზომები მიიღო იმის გასაკეთებლად, რაც წიგნში ეწერა (4 მეფეთა 22:8; 23:1—7). განა აშკარა არაა, რომ ძველ დროს ღვთის ხალხს დახმარებას უწევდა წმინდა წერილების ის წიგნები, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო?

      დახმარება თანამორწმუნეების მეშვეობით

      18. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვასგან მომდინარეობს დახმარება, როცა კი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი თანამორწმუნეს ეხმარება?

      18 იეჰოვასგან დახმარებას მისი მსახურები ხშირად თანამორწმუნეების მეშვეობით იღებენ. დიახ, ნამდვილად იეჰოვასგან მომდინარეობს დახმარება, რომელსაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ერთმანეთს უწევენ. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? არსებობს ორი მიზეზი. პირველი ის არის, რომ ამ დროს დიდ როლს ასრულებს ღვთის წმინდა სული. იმ ადამიანებში, რომლებიც ისწრაფვიან, რომ ღვთის სულმა გავლენა მოახდინონ მათზე, ეს სული წარმოშობს ნაყოფს, რომელშიც სიყვარული და სიკეთე შედის (გალატელები 5:22, 23). ამიტომაც, როცა ღვთის მსახურები ერთმანეთის დასახმარებლად არიან აღძრული, ეს იეჰოვას სულის მოქმედების მაჩვენებელია. მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი (დაბადება 1:26). ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ავირეკლოთ მისი თვისებები, მათ შორის სიკეთე და თანაგრძნობა. ამიტომაც, როცა იეჰოვას მსახური თანამორწმუნეს ეხმარება, ასეთი დახმარების ნამდვილი წყარო სწორედ ის არის, ვის თვისებებიც ამ დროს აირეკლება.

      19. ბიბლიიდან გამომდინარე, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს თანამორწმუნეების მეშვეობით?

      19 ბიბლიურ დროში როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თანამორწმუნეების მეშვეობით თავის მსახურებს? იეჰოვა ხშირად თავის ერთ მსახურს მეორე მსახურისთვის რჩევის მისაცემად აღძრავდა. მაგალითად, იერემიამ ბარუქს მისცა რჩევა, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა (იერემია 45:1—5). ზოგჯერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ერთმანეთისთვის მატერიალური დახმარების გასაწევად იყვნენ აღძრულნი. მაგალითად, ასე მოხდა, როცა მაკედონიელი და აქაიელი ქრისტიანები გასაჭირში მყოფ იერუსალიმელ ძმებს დიდი მონდომებით დაეხმარნენ. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, ასეთი ხელგაშლილობისთვის მორწმუნეები მართებულად ‘უხდიდნენ მადლობას ღმერთს’ (2 კორინთელები 9:11).

      20, 21. როგორ ვითარებაში განამტკიცეს მოციქული პავლე რომაელმა ძმებმა?

      20 განსაკუთრებით შთამბეჭდავი და თბილი გრძნობების გამომწვევია ის ბიბლიური შემთხვევები, თუ როგორ განამტკიცებდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს იეჰოვას მსახურები. განვიხილოთ პავლე მოციქულთან დაკავშირებული მაგალითი. როცა პავლე, როგორც პატიმარი, რომში უნდა ჩასულიყო, მას აპიუსის გზის სახელით ცნობილ რომაულ გზატკეცილზე მოუწია მგზავრობა. რომამდე გზის უკანასკნელი მონაკვეთის გავლა არც იმდენად სასიამოვნო იყო, რადგან მგზავრებს ჭაობიან დაბლობზე უნდა გაევლოთa. ძმებმა, რომლებიც რომის კრებაში მსახურობდნენ, იცოდნენ, რომ პავლე უნდა ჩასულიყო. როგორ მოიქცეოდნენ ისინი? დაელოდებოდნენ თავიანთ სახლებში, ვიდრე პავლე ქალაქში ჩავიდოდა და შემდეგ წავიდოდნენ მასთან შესახვედრად?

      21 ბიბლიის ერთ–ერთი დამწერი ლუკა, რომელიც ამ დროს პავლესთან ერთად მგზავრობდა, მოგვითხრობს: «იქაური ძმები, რომლებმაც ჩვენი ამბავი გაიგეს, წამოვიდნენ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ შეგვეგებნენ». შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სცენა? პავლეს შესახვედრად ძმების ჯგუფი გაემგზავრა რომიდან. მათი ნაწილი აპიუსის მოედანზე იცდიდა, რომელიც რომიდან 74 კილომეტრით დაშორებული ცნობილი ადგილი იყო, სადაც მგზავრები დასასვენებლად ჩერდებოდნენ. დანარჩენი ძმები კი პავლეს „სამ ფუნდუკთან“, ქალაქიდან 58 კილომეტრით დაშორებულ დასასვენებელ პუნქტში, ელოდებოდნენ. რა რეაქცია ჰქონდა პავლეს ამაზე? ლუკა გვეუბნება: „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). წარმოიდგინეთ, პავლესთვის გამხნევებისა და ნუგეშის წყარო იყო იმ ძმების მხოლოდ დანახვაც კი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და მის შესახვედრად ამხელა გზა გაიარეს! ვის გადაუხადა პავლემ მადლობა ასეთი დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის? იეჰოვა ღმერთს — ვისგანაც ეს დახმარება მომდინარეობდა.

      22. რა იქნება ჩვენი წლიური მუხლი 2005 წელს და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      22 როგორც ვხედავთ, ღვთის საქმეების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები კარგად ცხადყოფს, რომ იეჰოვა ჩვენი დამხმარე და მშველელია. მასავით არავის შეუძლია დახმარება. ამის თანახმად, იეჰოვას მოწმეებს 2005 წლის მუხლად ექნებათ ფსალმუნების 121:2–ის (აქ) [120:2] სიტყვები „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“. საინტერესოა, დღეს როგორ გვეხმარება იეჰოვა? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

      [სქოლიოები]

      a რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა (ძვ. წ. 65—8 წლები), რომელმაც ამავე გზით იმგზავრა, აღწერა, თუ რამდენად არასასიამოვნო იყო ეს მონაკვეთი. ჰორაციუსმა აპიუსის მოედანი „ნაოსნებითა და ფუნდუკების ძუნწი მეპატრონეებით გადაჭედილ“ ადგილად დაახასიათა. გარდა ამისა, მან უკმაყოფილებით მოიხსენია „წყეული კოღოები, ბაყაყები“ და „ბილწი“ წყალი.

  • იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • [ჩანართი 15 გვერდზე]

      2005 წლის მუხლი: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).

  • იღებთ იეჰოვასგან დახმარებას?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • იღებთ იეჰოვასგან დახმარებას?

      „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:6).

      1, 2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ იეჰოვას მიერ შემოთავაზებული დახმარება და ცხოვრების გზაზე მისი ხელმძღვანელობით ვიაროთ?

      წარმოიდგინეთ, რომ მთებში ძნელად სავალ ბილიკს მიიკვლევთ. მაგრამ მარტო არა ხართ. გყავთ საუკეთესო მეგზური, რომელმაც ერთად სიარული შემოგთავაზათ. მას გაცილებით მეტი გამოცდილება და ამტანობა აქვს, მაგრამ მოთმინებით დადის თქვენს გვერდით. ამჩნევს, რომ დროდადრო ფეხი გიცდებათ და, თქვენი უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებით სახიფათო ადგილებზე ხელს გიწვდით, რათა გავლაში დაგეხმაროთ. ეტყოდით მას უარს ასეთ დახმარებაზე? ცხადია, არა! საკითხი თქვენს უსაფრთხოებას ეხება.

      2 ქრისტიანებს ცხოვრებაში რთული ბილიკით გვიწევს სიარული. მარტო უნდა ვიაროთ ამ ვიწრო გზაზე? (მათე 7:14). არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამყაროში საუკეთესო მეგზური, იეჰოვა ღმერთი, ადამიანებს მასთან ერთად სიარულის შესაძლებლობას აძლევს (დაბადება 5:24, აქ; 6:9, აქ). ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს სიარულში? აი, რას ამბობს ის: «მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი“» (ესაია 41:13). ზემოთ მოყვანილ მაგალითში მოხსენიებული მეგზურის მსგავსად, იეჰოვა სიკეთეს ავლენს — დახმარების ხელს უწვდის და მეგობრობას სთავაზობს მათ, ვისაც მასთან ერთად სიარული სურს. უარი ნამდვილად არავინ უნდა თქვას მისგან დახმარების მიღებაზე!

      3. რა საკითხებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ რომელი ოთხი სახით ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს ძველად. დღესაც იმავე სახით ეხმარება ის თავის ხალხს? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისგან მივიღოთ დახმარება ნებისმიერი სახით, რა სახითაც გვთავაზობს? მოდი განვიხილოთ ეს საკითხები. ეს უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ნამდვილად ჩვენი შემწე და დამხმარეა (ებრაელები 13:6).

      დახმარება ანგელოზების მეშვეობით

      4. რატომ შეუძლიათ ჩვენს დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს დარწმუნებულები იყვნენ, რომ დახმარებას მიიღებენ ანგელოზებისგან?

      4 ეხმარებიან ანგელოზები იეჰოვას მსახურებს ჩვენს დროში? დიახ. თუმცა ისინი ადამიანებს აღარ ენახვებიან იმ მიზნით, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები საფრთხისგან დაიხსნან. ამას ანგელოზები ბიბლიურ დროშიც კი იშვიათად მიმართავდნენ. უმეტესწილად ისინი ადამიანის თვალისთვის უხილავად მოქმედებდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს მოქმედებენ. ნებისმიერი შემთხვევაში, ღვთის მსახურებისთვის დიდი გამხნევების წყარო იყო იმის ცოდნა, რომ ანგელოზები მზად იყვნენ მათ მხარდასაჭერად (4 მეფეთა 6:14—17). ჩვენც გვაქვს ყოველგვარი საფუძველი იმისათვის, რომ ასეთნაირად გავმხნევდეთ.

      5. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ დღეს სამქადაგებლო საქმეში ანგელოზები იღებენ მონაწილეობას?

      5 ანგელოზები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული იმ მნიშვნელოვანი საქმით, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. რა საქმეზე გვაქვს საუბარი? პასუხს გამოცხადების 14:6-ში ვნახულობთ: „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მცხოვრებთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. აშკარაა, რომ ეს „მარადიული სასიხარულო ცნობა“ დაკავშირებულია „სამეფოს შესახებ“ სასიხარულო ცნობასთან, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ უნდა იყოს ნაქადაგები ამ სისტემის აღსასრულის მოსვლამდე (მათე 24:14). ცხადია, ანგელოზები უშუალო მონაწილეობას არ იღებენ ქადაგებაში. იესომ ეს პასუხისმგებლობა ადამიანებს დააკისრა (მათე 28:19, 20). მაგრამ განა გამამხნევებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ამ დავალების შესრულებისას წმინდა ანგელოზები, გონიერი და ძლიერი სულიერი ქმნილებები, გვეხმარებიან?

      6, 7. ა) რა ცხადყოფს იმას, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ სამქადაგებლო საქმეში? ბ) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვას ანგელოზებისგან ასეთი დახმარება მივიღოთ?

      6 ჩვენს საქმიანობაში აშკარად შეინიშნება ანგელოზების მხარდაჭერა. მაგალითად, ხშირად გვესმის შემთხვევები, როცა სამქადაგებლო მსახურებისას იეჰოვას მოწმეები შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათთან შეხვედრამდე ღმერთს ლოცვაში სთხოვდა ჭეშმარიტების პოვნაში დახმარებას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია იმისათვის, რომ დამთხვევად მივიჩნიოთ. ანგელოზების ასეთი დახმარების შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს იმას, რასაც ცაში ანგელოზი აცხადებდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გამოცხადება 14:7).

      7 გსურთ, რომ მიიღოთ დახმარება იეჰოვას ძლიერი ანგელოზებისგან? მაშ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სრული მონაწილეობა მიიღოთ მსახურებაში (1 კორინთელები 15:58). როცა მზადყოფნით ვასრულებთ იეჰოვასგან მოცემულ ამ განსაკუთრებულ დავალებას, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ანგელოზების მხარდაჭერაში.

      დახმარება მთავარანგელოზისგან

      8. რა ამაღლებული მდგომარეობა უკავია იესოს ზეცაში და რატომ არის ეს ჩვენთვის გამამხნევებელი?

      8 იეჰოვა მთავარანგელოზის მეშვეობით სხვაგვარადაც გვეხმარება. გამოცხადების 10:1-ში აღწერილია „ძლიერი ანგელოზი“, რომელსაც „სახე მზეს მიუგავდა“. ეს ანგელოზი, როგორც ჩანს, ზეციური ძლიერებით აღჭურვილ, განდიდებულ იესო ქრისტეს წარმოადგენს (გამოცხადება 1:13, 16). ნამდვილად არის კი იესო ანგელოზი? ერთი მხრივ, ეს ასეა, რადგან ის „მთავარანგელოზია“ (1 თესალონიკელები 4:16). იესო იეჰოვას სულიერ ძეებს შორის უძლიერესია. იეჰოვამ ის მთელი თავისი ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად დააყენა. იეჰოვას მთავარანგელოზი ნამდვილად დიდი დახმარების წყაროა. რა მხრივ?

      9, 10. ა) როგორ ასრულებს იესო ჩვენი „დამხმარის“ როლს, როცა ვცოდავთ? ბ) როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი?

      9 ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე . . . შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). რატომ თქვა იოანემ, რომ იესო ჩვენი „დამხმარეა“, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ‘შევცოდავთ’? დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვცოდავთ, ხოლო ცოდვას ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს (ეკლესიასტე 7:20; რომაელები 6:23). მაგრამ ჩვენი ცოდვებისთვის იესომ მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო. ის თავის მოწყალე მამასთან არის და ჩვენთვის შუამდგომლობა შეუძლია. მისი ასეთი დახმარება თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დახმარება მივიღოთ? უნდა მოვინანიოთ ცოდვები და იესოს მსხვერპლის საფუძველზე პატიება ვეძიოთ. ამასთან, აუცილებელია, მოვერიდოთ ძველი ცოდვების კვლავაც ჩადენას.

      10 გარდა იმისა, რომ ჩვენთვის მოკვდა, იესომ მისაბაძად სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა (1 პეტრე 2:21). მისი მაგალითი ხელმძღვანელობას გვიწევს — გვეხმარება, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ სერიოზულ ცოდვებს მოვერიდოთ და იეჰოვა ღმერთისთვის მოსაწონად ვიცხოვროთ. განა მადლიერნი არა ვართ ასეთი დახმარებისთვის? იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს სხვა დამხმარის მხარდაჭერაც აღუთქვა.

      დახმარება წმინდა სულის მეშვეობით

      11, 12. რა არის იეჰოვას სული, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს მას და რატომ გვჭირდება ის დღეს?

      11 იესომ თავის მიმდევრებს შემდეგი დაპირება მისცა: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება“ (იოანე 14:16, 17). „ჭეშმარიტების სული“ ანუ წმინდა სული არ არის პიროვნება. ის იეჰოვას მოქმედი ძალაა. წმინდა სულის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. ეს ის ძალაა, რომელსაც იეჰოვა სამყაროს შექმნისას, გამაოგნებელი სასწაულების მოხდენისას და ხილვებითა თუ გამოცხადებებით თავისი ნების გამჟღავნებისას იყენებდა. იეჰოვა დღეს თავის სულს ასეთი სახით აღარ იყენებს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მისი სული აღარ გვჭირდება?

      12 პირიქით! ამ „ძნელად ასატან დროში“ იეჰოვას სული ისე გვჭირდება, როგორც არასდროს (2 ტიმოთე 3:1). ის გვაძლიერებს, რომ განსაცდელებს გავუძლოთ. გარდა ამისა, გვეხმარება, განვივითაროთ შესანიშნავი თვისებები, რომლებიც უფრო მეტად გვაახლოვებს იეჰოვასთან და ჩვენს სულიერ და-ძმებთან (გალატელები 5:22, 23). მაშ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სარგებლობა მოგვიტანოს იეჰოვას ასეთმა სასწაულებრივმა დახმარებამ?

      13, 14. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა წმინდა სულს სიხარულით აძლევს თავის ხალხს? ბ) როგორი საქციელი შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ სინამდვილეში ხელიდან ვუშვებთ ღვთის ძღვენის, წმინდა სულის, მიღების შესაძლებლობას?

      13 უპირველესად, უნდა ვილოცოთ წმინდა სულისთვის. იესომ თქვა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13). დიახ, იეჰოვა საუკეთესო მამაა. თუ მას რწმენითა და წრფელი გულით ვთხოვთ წმინდა სულს, წარმოუდგენელია, რომ მან ამ ძღვენზე უარი გვითხრას. მაშ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვითხოვოთ მისგან წმინდა სული. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვილოცოთ წმინდა სულის მისაღებად.

      14 მეორე, რისი გაკეთებაც გვმართებს, ის არის, რომ წმინდა სულის მოქმედებასთან შეთანხმებულად უნდა ვიქცეოდეთ. შეგვიძლია შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: დავუშვათ, ქრისტიანი გატაცებულია პორნოგრაფიით და ებრძვის ამ გატაცებას. მან ილოცა წმინდა სულისთვის, რომ მისი დახმარებით ეს ცუდი ჩვევა დაეძლია. რჩევისთვის მიმართა ქრისტიან უხუცესებს და მათ ურჩიეს, რომ ზომები მიეღო და ასეთ გამხრწნელ მასალას არც კი გაკარებოდა (მათე 5:29). მაგრამ ის უგულებელყოფს უხუცესების რჩევას და კვლავაც ჰყვება ცდუნებას. არის მისი საქციელი შეთანხმებული საკუთარ ლოცვასთან, რომელშიც წმინდა სულის დახმარება ითხოვა? თუ პირიქით, თავისი მოქმედებით მან შეიძლება დაანაღვლიანოს ღვთის სული და ხელიდან გაუშვას ამ ძღვენის მიღების შესაძლებლობა? (ეფესოელები 4:30). დიახ, ყველას მოგვეთხოვება, ჩვენი მხრივ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კვლავაც მივიღოთ იეჰოვასაგან ასეთი სასწაულებრივი დახმარება.

      დახმარება ღვთის სიტყვის მეშვეობით

      15. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ბიბლიას ჩვეულებრივ წიგნად არ მივიჩნევთ?

      15 ბიბლია საუკუნეების განმავლობაში დიდი დახმარების წყაროა იეჰოვას ერთგული მსახურებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ბიბლია ჩვეულებრივ წიგნად მივიჩნიოთ, საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რაოდენ ძლიერი დახმარების წყაროს წარმოადგენს ის. ღვთის სიტყვიდან დახმარების მიღება ძალისხმევას მოითხოვს. ამისათვის საჭიროა მისი რეგულარულად კითხვის ჩვევის გამომუშავება.

      16, 17. ა) როგორ არის აღწერილი ფსალმუნების 1:2, 3-ში კურთხევები, რომლებიც ღვთის სიტყვის კითხვას მოჰყვება? ბ) როგორ არის აღწერილი ფსალმუნების 1:3-ში სურათი, რომელიც შრომისკენ მოგვიწოდებს?

      16 ფსალმუნების 1:2, 3-ში ღვთისმოშიში ადამიანის შესახებ ნათქვამია: „უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“. ხედავთ, რა მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული ბიბლიის ამ მონაკვეთში? ამ სიტყვების წაკითხვისას ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ აქ უბრალოდ ლამაზი ბუნება და წყნარი გარემოა აღწერილი. რა სასიამოვნო იქნებოდა ნაშუადღევს მდინარის ნაპირას გაზრდილი გადაფოთლილი ხის ჩრდილქვეშ წათვლემა! მაგრამ ამ ფსალმუნის მიზანი ის არ არის, რომ დასასვენებლად აღგვძრას. მასში აღწერილია სრულიად განსხვავებული სურათი, რომელიც შრომისკენ მოგვიწოდებს. საიდან ჩანს ეს?

      17 ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ საუბარი არ არის უნაყოფო ხეზე, რომელიც მდინარის პირას შემთხვევით გაიზარდა. ამ ფსალმუნში მოხსენიებულია ნაყოფის მომცემი ხე, რომელიც სპეციალურად არის „დანერგილი“ წინასწარ შერჩეულ ადგილას — „წყლის ნაკადებთან“. როგორ შეიძლება ერთი ხე წყლის ერთზე მეტ ნაკადთან იზრდებოდეს? მაგალითად, მებაღეს თავის ხეხილის ბაღში თავისუფლად შეეძლო არხების გაყვანა იმ ხეებამდე, რომლებსაც განსაკუთრებულად უვლიდა. აი, ახლა კი ნათლად ვხედავთ იმ მნიშვნელოვან აზრს, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ! თუ სულიერი გაგებით ფსალმუნში მოხსენიებული ხესავით ვიზრდებით, ეს მხოლოდ იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ბევრი რამ კეთდება. ჩვენ დაკავშირებული ვართ ორგანიზაციასთან, რომელიც ჭეშმარიტების სუფთა წყალს გვაწვდის, მაგრამ ჩვენც მოგვეთხოვება რაღაცის გაკეთება. ჩვენი მოვალეობაა, შევიწოვოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალი — ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე და გამოვიკვლიოთ ის, რათა მისმა ჭეშმარიტებამ ჩვენს გულსა და გონებაში შეაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენც შევძლებთ კარგი ნაყოფის გამოღებას.

      18. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს კითხვაზე ბიბლიური პასუხი ვიპოვოთ?

      18 ბიბლია სარგებლობას ვერ მოგვიტანს, თუ ის მხოლოდ თაროზე გვექნება შემოდებული და არ წავიკითხავთ. ბიბლია არ არის თილისმა; არ არის თავისთავად სასწაულთმოქმედი ნივთი, რომ შეგვეძლოს თვალები დავხუჭოთ, შემდეგ ის ნებისმიერ ადგილზე გადავშალოთ და იმის იმედი გვქონდეს, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხს შემთხვევით გადაშლილ გვერდზე დავინახავთ. როცა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, „ღვთისშემეცნება“ ჩამარხული განძივით უნდა ვეძიოთ (იგავები 2:1—5, სსგ). ხშირად საჭიროა გულდასმით და ყურადღებით გამოკვლევა, რათა მივაკვლიოთ ბიბლიურ რჩევებს, რომლებიც უშუალოდ ჩვენს მოთხოვნილებებს შეესაბამება. ჩვენ მრავალი ბიბლიური პუბლიკაცია გვაქვს, რომლებიც გამოკვლევაში დაგვეხმარება. თუ ვიყენებთ ამ პუბლიკაციებს ღვთის სიტყვიდან ძვირფასი სიბრძნის მოსაპოვებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვსარგებლობთ იმ დახმარებით, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს.

      დახმარება თანამორწმუნეების მეშვეობით

      19. ა) რატომ შეიძლება „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიები თანამორწმუნეების მეშვეობით მიღებულ დახმარებად მივიჩნიოთ? ბ) როგორ დაგეხმარათ პირადად თქვენ ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილი ესა თუ ის სტატია?

      19 იეჰოვას მიწიერი მსახურები ყოველთვის იღებდნენ დახმარებას ერთმანეთის მეშვეობით. შეიცვალა იეჰოვა? სრულიადაც არა. უეჭველია, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები, როცა თანამორწმუნეებისგან მართლაც რომ დროული დახმარება მივიღეთ. მაგალითად, შეგიძლიათ გაიხსენოთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიები, რომლებმაც დროულად განუგეშათ ან დაგეხმარათ, რომ გადაგეჭრათ პრობლემა ან გადაგეტანათ განსაცდელი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თქვენს რწმენას? იეჰოვამ ასეთი დახმარება აღმოგიჩინათ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომლის დანიშნულებაც ‘საზრდოს დროულად მიწოდებაა’ (მათე 24:45—47).

      20. როგორ ცხადყოფენ ქრისტიანი უხუცესები, რომ ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“?

      20 ხშირად თანამორწმუნეებისგან მიღებული დახმარება უფრო უშუალოა. მაგალითად, შესაძლოა ქრისტიანი უხუცესის მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ მოქმედებისკენ აღგვძრას. შეიძლება სამწყემსო მონახულება ცხოვრების მძიმე პერიოდის გადატანაში დაგვეხმაროს ან უხუცესის მიერ მოცემულმა რჩევამ სისუსტე დაგვაძლევინოს. ერთი ქრისტიანი ქალი მადლიერებით წერს უხუცესის მიერ გაწეული დახმარების შესახებ: „როცა ერთად საქადაგებლად წავედით, მან შესაძლებლობა მომცა, ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა. სწორედ წინა ღამეს ვთხოვე ლოცვაში იეჰოვას, რომ ვინმესთან საუბრის საშუალება მოეცა. მეორე დღეს ეს ძმა მელაპარაკა და თანამიგრძნო; დამეხმარა იმის დანახვაში, თუ წლების განმავლობაში როგორ მეხმარებოდა იეჰოვა. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ამ უხუცესის მეშვეობით დამეხმარა“. ყველა ზემოხსენებული სახით, ქრისტიანი უხუცესები ცხადყოფენ, რომ სწორედ ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით მოგვცა, რათა სიცოცხლისკენ მიმავალი გზის ბოლომდე გავლაში დაგვეხმარონ (ეფესოელები 4:8).

      21, 22. ა) რა მოჰყვება ქრისტიანული კრების წევრების მიერ ფილიპელების 2:4-ში მოცემული რჩევის გამოყენებას? ბ) რატომ არის საჭირო სიკეთის თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში გამოვლენა?

      21 არა მარტო უხუცესებმა, არამედ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოიყენოს ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევა: „მხოლოდ პირად ინტერესებზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების ინტერესებზეც“ (ფილიპელები 2:4). ქრისტიანული კრების წევრების მიერ ამ რჩევის მიყოლას სიკეთის ამსახველი შესანიშნავი შემთხვევები მოჰყვება. მაგალითად, ერთ ოჯახში სრულიად მოულოდნელად დიდი ტრაგედია დატრიალდა. მამა თავის პატარა გოგონასთან ერთად წავიდა მაღაზიაში. უკან დაბრუნებისას ისინი ავარიაში მოყვნენ. გოგონა დაიღუპა. მამა სერიოზულად დაშავდა. მას საავადმყოფოდან გამოსვლის შემდგომ პერიოდში თავისით თითქმის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მეუღლე კი იმდენად იყო ემოციურად განადგურებული, რომ დახმარების გარეშე ვერ უვლიდა მას. ამიტომ კრებიდან ერთმა ქრისტიანმა წყვილმა დროებით თავისთან საცხოვრებლად მიიწვია დამწუხრებული ცოლ-ქმარი და რამდენიმე კვირის განმავლობაში მათდამი მზრუნველობა გამოავლინა.

      22 ცხადია, სიკეთის გამოვლენა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ასეთ ტრაგედიასთან და პირად მსხვერპლთან. ზოგჯერ გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში ვიღებთ დახმარებას. მაგრამ განა არ ვაფასებთ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში გამოვლენილ სიკეთეს? შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როცა ძმის ან დის კეთილმა სიტყვამ ან მოქმედებამ დროული დახმარება აღმოგიჩინათ? იეჰოვა ხშირად სწორედ ასეთი სახით ავლენს ჩვენდამი მზრუნველობას (იგავები 17:17; 18:24).

      23. როგორ გვიყურებს იეჰოვა, როცა ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ?

      23 გსურთ, რომ იეჰოვა სხვებს თქვენი მეშვეობითაც დაეხმაროს? ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა. იეჰოვა აფასებს თქვენს ასეთ მზადყოფნას. მის სიტყვაში ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17). ჩვენი და-ძმებისთვის დახმარების გაწევას დიდი სიხარული მოაქვს (საქმეები 20:35). მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილით ირჩევენ განმარტოებას, ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას, სიხარული განიცადონ სხვების დახმარებით; ამასთან, ისინი იმის შესაძლებლობასაც კარგავენ, რომ თვითონაც მიიღონ დახმარება და გამხნევდნენ (იგავები 18:1). ამიტომაც მოდი ერთგულება გამოვავლინოთ და რეგულარულად შევიკრიბოთ კრების შეხვედრებზე, რათა შეგვეძლოს ერთმანეთის გამხნევება (ებრაელები 10:24, 25).

      24. რატომ არ უნდა დაგვწყდეს გული იმის გამო, რომ არა ვართ იმ დიდებული სასწაულების მოწმენი, რომლებიც ძველად ხდებოდა?

      24 განა სასიამოვნო არაა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა? მართალია ჩვენს დროში იეჰოვა გამაოგნებელ სასწაულებს არ ახდენს თავისი განზრახვის გასახორციელებლად, მაგრამ ამის გამო გული არ უნდა დაგვწყდეს. მთავარი ის არის, რომ იეჰოვა ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რაც მისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად გვჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთიანობით შევძლებთ რწმენაში დარჩენას, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი და დიდებული მოვლენების მოწმენი გავხდებით! მოდი მივიღოთ და სრულად ვისარგებლოთ იმ დახმარებით, რომელსაც იეჰოვა სიყვარულით გვთავაზობს, რათა ჩვენც შევუერთდეთ 2005 წლის მუხლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება