ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .
როგორ მოვიქცე, როცა მეგობარი გასაქანს არ მაძლევს?
„მეგობარი ისე მექცეოდა, თითქოს მისი საკუთრება ვიყავი. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა“, — ამბობს ჰოლი.
ბრძნულ იგავში ნათქვამია: „ზოგი მეგობარი. . . ძმაზე მოყვარულია“ (იგავნი 18:24). თუ ისეთი მეგობარი გყავს, რომელიც იზიარებს შენს შეხედულებებს ან ინტერესებს და ესმის შენი იუმორი, თავისთავად ცხადია, ერთად ყოფნის სურვილი გექნებათ. ახალგაზრდა გოგონა, სახელად კაროლინა, ამბობს: „ქრისტიანულ კრებაში ზოგიერთთან ახლო მეგობრობა თანამშრომლობის შედეგია“. როგორც იეჰოვას მოწმემ, კაროლინამ გამოყო ერთი თვე და განიზრახა 60 საათი სამქადაგებლო საქმიანობისთვის დაეთმო. მისმა მეგობრებმა ისე დაგეგმეს ყველაფერი, რომ ამ საქმეში მისთვის მხარი დაეჭირათ.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ყოფნა, ერთი მხრივ, სასარგებლოა, ხანდახან ეს შეიძლება დამამძიმებელი იყოს. ჰოლი, რომლის სიტყვებიც დასაწყისში იყო მოყვანილი, ერთ-ერთი მეგობრის გამო თავს შეზღუდულად გრძნობდა. მის გარდა ეს საკითხი სხვებსაც აწუხებს. ჰოლი ამბობს: „როგორც ჩანს, ეს სხვა ახალგაზრდებსაც ემართებათ. ისინი თითქმის ყოველთვის ერთად არიან, სანამ ყველაფერი დიდი ჩხუბით არ დამთავრდება. შემდეგ კი კვირების განმავლობაში ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან“.
ძალიან ძნელია, უთხრა მეგობარს, რომ თავს შებოჭილად გრძნობ და მეტი თავისუფლება გინდა. ალბათ, შიშობ, რომ მას გულს ატკენ. შეიძლება თქვენი ურთიერთობის საფრთხეში ჩაგდებისაც გეშინია. მაგრამ მეგობრობაში გარკვეულ თავისუფლებას უფრო მეტად სარგებლობის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანისა.
ილუსტრაციისთვის: სიდნეის ბაღში (ავსტრალია) იძულებულები გახდნენ, რომ ერთი უზარმაზარი ხე ჯაჭვით შემოეღობათ. რატომ? იმიტომ რომ ათასობით მნახველის მიერ მიწა თანდათანობით იტკეპნებოდა და ფესვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. დაუცველად ხე გახმებოდა. იგივე შეიძლება დაემართოს მეგობრობასაც. გადამეტებულმა ერთად ყოფნამ შეიძლება ჩაახშოს ურთიერთობა. მეფე სოლომონი წერდა: „მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს“ (იგავნი 25:17).
საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფისა და განმარტოების საჭიროება
რატომ თქვა სოლომონმა ეს? ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა და განმარტოება ყველას გვესაჭიროება. თვით იესო ქრისტეც საჭიროებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მოწაფეებთან, დროდადრო მიდიოდა, „რათა განმარტოებით ელოცა“ (მათე 14:23; მარკოზი 1:35). ღვთისმოშიში ისაკიც, მსგავსად ამისა, ნახულობდა დროს განმარტოებისთვის (დაბადება 24:63). შენც გესაჭიროება გარკვეული დროის გამოყოფა ისეთი საქმეების მოსაგვარებლად, როგორიცაა: საშინაო დავალების მომზადება, საოჯახო საქმეები და ბიბლიის პირადი შესწავლა. თუ შენი მეგობრები ყურადღებას არ აქცევენ ამ საკითხს და თვალს ხუჭავენ მასზე, გულისწყრომამ ადვილად შეიძლება იფეთქოს.
მაშ, ნუ მოგერიდება, აუხსნა მეგობარს, რომ საკუთარი თავისთვის დრო გესაჭიროება. რადგან ქრისტიანული სიყვარული „თავისას არ ეძიებს“, ნამდვილი მეგობარი, ჩვეულებრივ, ეცდება გაგიგოს (1 კორინთელთა 13:4, 5; იგავნი 17:17). ერთი ახალგაზრდა გოგონა წერს: „გამოცდების დროს მეგობრები ძალიან მამხნევებდნენ და მიგებდნენ. როდესაც მეცადინეობისთვის დრო მჭირდებოდა, უხერხულობას არ ვგრძნობდი და ვთხოვდი, მარტო დავეტოვებინე. ჩემს მეგობრებთან ადვილია, იყო გულწრფელი; მათ იციან, რომ საქმე ყველას გვაქვს“.
რასაკვირველია, ოქროს წესი მოითხოვს, რომ შენც მსგავსადვე გამოავლინო ყურადღება მეგობრებისადმი (მათე 7:12). ახალგაზრდა გოგონა, სახელად თამარა, წერს: „ბევრმა საქმეებმა დამანახა, რომ ჩემს მეგობარსაც ესაჭიროება თავისუფალი დრო“. და, როდესაც თამარა სახლის საქმეებით არის დაკავებული, მისი მეგობრები არ აიძულებენ, სახელდახელოდ გააკეთოს საქმე ან სხვა დროისთვის გადადოს. თამარა ამბობს: „ისინი, ჩვეულებრივ, მეხმარებიან, რათა შემდგომ ერთად ვიყოთ“. რა სიმდიდრეა ასეთი უანგარო მეგობრების ყოლა, რომლებთანაც ნამდვილად ღირს ყოფნა!
„იყავით. . . გაშლილნი“
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ბრძნული, გარკვეული თავისუფლება მისცე მეგობარს. როდესაც მთელ დროსა და გრძნობებს მხოლოდ ერთ მეგობარს ვახმართ, შეიძლება უგულებელვყოფთ ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, როგორიცაა მშობლებთან და დედმამიშვილებთან, აგრეთვე სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად ვზღუდავთ ჩვენი ემოციური და სულიერი ზრდის შესაძლებლობას. ბიბლია ამბობს: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავნი 27:17). ნათელია, როცა მხოლოდ ერთ პიროვნებასთან ხარ, რომელიც, ამავე დროს, შენი თანატოლია, საკმარისად ვერ ‘გაილესები’.
ამიტომაც ბიბლია მოგვიწოდებს, არ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და არც ჩვენი მეგობრების წრე შევზღუდოთ. ის მოგვიწოდებს: „იყავით. . . გაშლილნი“ (2 კორინთელთა 6:13). ერთ-ერთი წიგნი ასეთ რჩევას იძლევა: „თუ განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ ვინმესთან, აუცილებელია სხვა მეგობრების მოსანახულებლადაც გამოყოთ დრო“ (Moods and Feelings).
ასეთი რჩევის გამოყენება ყოველთვის იოლი არ არის. ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად მაიკლი, ამბობს: „მე და ტროი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით კრებაშიც და მის გარეთაც. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით. შემდეგ ჩვენს კრებაში ერთი ახალგაზრდა მოწმე გადმოვიდა. ჩვენ გვინდოდა, სრული დროით გვემსახურა ერთად, ამიტომ დავმეგობრდით“. შედეგი? „ტროიმ შეწყვიტა ჩემთან ლაპარაკი, — ამბობს მაიკლი. — რამდენჯერმე ვცადე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ამაოდ, ბოლოს მეც შევწყვიტე მასთან ლაპარაკი. ასე გაგრძელდა ერთი წელი“. ის თავიანთ მეგობრობას „ეჭვიან-მესაკუთრულ“ რამედ აღწერს.
მაგრამ ჯანსაღი ურთიერთობის დროს მეგობრები არ ეპყრობიან ერთმანეთს, როგორც საკუთრებას. ასე რომ, თუ მეგობარი ეწინააღმდეგება შენს მცდელობას სხვა მეგობრების შეძენასთან დაკავშირებით, საჭიროა მასთან გულახდილი საუბარი. იქნებ შენს მეგობარს, უბრალოდ, დარწმუნება ესაჭიროება, რომ კვლავაც აფასებ მასთან ურთიერთობას. დაარწმუნე, რომ ისევ გააგრძელებ მასთან მეგობრობას.
უნდა ვაღიაროთ, რომ მეგობარს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, შეეგუოს ამ აზრს. მაგალითად, 16 წლის ჟანეტა, ეჭვიანობდა, როდესაც მისმა ახლო მეგობარმა სხვებთან დაიწყო მეგობრობა. მაგრამ ჟანეტა ამბობს, რომ დასძლია ეს გრძნობა „ლოცვისა და ბიბლიის პირადი შესწავლის წყალობით“. ამგვარად მან შეძლო თავის მეგობართან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება. მაიკლის მეგობარმა ტროიმაც გადალახა თავდაპირველი ეჭვი და ისინი კვლავ კარგი მეგობრები გახდნენ. ალბათ, შენი მეგობარიც მსგავსადვე მოიქცევა. სინამდვილეში, გაფართოება ამ საკითხით შეწუხებულ ყველა პიროვნებას, საბოლოოდ, სარგებლობას მოუტანს. 17 წლის დებიმ აღმოაჩინა, რომ, როცა თავისი მეგობრები ახალ მეგობრებს იძენენ, „ისინი ხშირად მისი მეგობრებიც ხდებიან“.
მაგრამ როგორ მოიქცევი იმ შემთხვევაში, როცა შენი მეგობარი, უბრალოდ, უარყოფს თქვენს ურთიერთობაში რაიმე ცვლილების შეტანას? შეიძლება არჩევანის საშუალება არ გქონდეთ და თქვენ-თქვენი გზებით წახვიდეთ. და მაინც, სანამ საბოლოო დასკვნას გამოიტანდე, რომ ყველაფერი დამთავრებულია, რატომ არ ჰკითხავდი რჩევას მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით? ბოლოს და ბოლოს, ღვთისმოშიში მშობლები ხომ სინამდვილეში, შენი უახლოესი მეგობრები არიან. შეიძლება მათ მოგცენ რაიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგეხმარება, შეინარჩუნო მეგობრობა და არც თავისუფლება დაკარგო.
აირჩიე შესაფერისი მეგობრები
სიფრთხილეა საჭირო, რადგან გაფართოება არ ნიშნავს, წინდაუხედავად ამოირჩიო მეგობრები. ერთ-ერთი წიგნი მეგობრობის შესახებ ამბობს: „დაემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებ, ბუნებრივია. ხანდახან ეს შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავადაც ვერ შენიშნო. შეიძლება შენი თანატოლების მსგავსად იფიქრო და იმოქმედო მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვაგვარი თვალსაზრისისა ხარ. ამ შემთხვევაში შენი თანატოლების ჯგუფმა შეიძლება დაგიმორჩილოს“. ათასობით წლის წინ ბიბლიაშიც იგივე თვალსაზრისი ჩაიწერა: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20).
სკოლაში ან სამსახურშიც, ალბათ, გიხდება იმ ხალხთან ყოფნა, რომლებიც არ არიან იეჰოვასადმი მსახურებით დაინტერესებული. მაგრამ ახლო მეგობრების ამორჩევის დროს გახსოვდეს ბიბლიური რჩევა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33).
ისიც გახსოვდეს, რომ ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობაზე მნიშვნელოვანი ჩვენს შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, მეგობრობაა. დების, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოხსენიებული, მრავალი კარგი მეგობარი ჰყავს. მაგრამ ის გვირჩევს: „დააყენე იეჰოვა ყოველთვის პირველ ადგილზე“. ძველ დროში მცხოვრები ერთგული აბრაამი ასე იქცეოდა და იეჰოვამ ამიტომაც უწოდა მას თავისი „მეგობარი“ (იაკობი 2:23). იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ იეჰოვას არ შურს, როცა დროს იმ მეგობრებს უთმობ, რომლებსაც უყვართ ის; სინამდვილეში, ის მოგვიწოდებს ამისკენ. ის ნამდვილად ჭეშმარიტი მეგობარია!
[სურათი 18 გვერდზე]
ჭეშმარიტ მეგობრებს ესმით, რომ თითოეულ მათგანს ესაჭიროება თავისუფალი დრო.