საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდებო, შემოქმედს თქვენი ბედნიერება სურს!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
    • ახალგაზრდა ძმა ფიქრობს, რა მიზნები დაისახოს — უმაღლესი განათლება მიიღოს, ბიბლიური სკოლა გაიაროს თუ იქ იმსახუროს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა

      ახალგაზრდებო, შემოქმედს თქვენი ბედნიერება სურს!

      „ყოველივე კარგით აძღებს შენს სიცოცხლეს“ (ფსალმ. 103:5).

      სიმღერები: 135, 39

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ „არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“?

      • რატომ უნდა აცნობიერებდე შენს სულიერ მოთხოვნილებებს?

      • კიდევ რა არის „ყოველივე კარგი“, რასაც იეჰოვა გაძლევს, და რას ფიქრობ მათზე?

      1, 2. რატომ არის ბრძნული, მიზნების დასახვის დროს ყურად ვიღოთ შემოქმედის რჩევა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      როგორც ახალგაზრდას, მომავალთან დაკავშირებით, ალბათ, უამრავი რჩევა მიგიღია. შესაძლოა მასწავლებლები თუ სხვები უმაღლესი განათლებისა და მაღალანაზღაურებადი სამსახურისკენ გიბიძგებენ. თუმცა იეჰოვა სრულიად განსხვავებულ გზას გთავაზობს. ცხადია, მას უნდა, რომ ბეჯითი მოსწავლე იყო, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ თავის რჩენა შეძლო (კოლ. 3:23). მაგრამ, როცა საქმე პრიორიტეტების დადგენას ეხება, ღმერთს სურს, ისეთი პრინციპებით იხელმძღვანელო, რომლებიც ამ ბოლო დღეებში მის მოსაწონად მოქცევაში დაგეხმარება (მათ. 24:14).

      2 გახსოვდეს, რომ იეჰოვა სრულ სურათს ხედავს. მან კარგად იცის, რა მოხდება მომავალში და რამდენად ახლოს არის ამ ქვეყნიერების აღსასრული (ეს. 46:10; მათ. 24:3, 36). ის ჩვენც კარგად გვიცნობს — იცის, რა გვანიჭებს ნამდვილ კმაყოფილებასა და ბედნიერებას, და პირიქით, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებასა და მწუხარებას. ასე რომ, რაოდენ გონივრულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ადამიანური რჩევა ვერანაირად ვერ იქნება ბრძნული, თუ ის ღვთის სიტყვას არ ეთანხმება (იგავ. 19:21).

      „არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“

      3, 4. რა მოუტანა ცუდი რჩევის გათვალისწინებამ პირველ წყვილს და მათ შთამომავლებს?

      3 პირველმა ცუდმა რჩევამ კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე გაიჟღერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასპარეზზე სატანა გამოჩნდა. კადნიერმა და თვითმარქვია მრჩეველმა ევას უთხრა, რომ ის და მისი ქმარი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ თვითონ წარმართავდნენ თავიანთ ცხოვრებას (დაბ. 3:1—6). თუმცა სინამდვილეში სატანას ეგოისტური მოტივები ამოძრავებდა. მას სურდა, ადამი და ევა თავიანთ შთამომავლობასთან ერთად მისი მორჩილები და თაყვანისმცემლები ყოფილიყვნენ და არა იეჰოვასი. მაგრამ მას ხომ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია მათთვის! პირველ წყვილს ყველაფერი იეჰოვას წყალობით ჰქონდა. სწორედ იეჰოვას მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰყავდათ ერთმანეთი, ცხოვრობდნენ მშვენიერ ბაღში, ჰქონდათ სრულყოფილი სხეული და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.

      4 სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და ჩამოშორდნენ მას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. მოწყვეტილი ყვავილის მსგავსად, ისინიც ნელ-ნელა „დაჭკნენ“ და მოკვდნენ. ცოდვის მწარე შედეგები მათმა შთამომავლებმაც იგემეს (რომ. 5:12). თუმცა ადამისა და ევას მსგავსად დღესაც ძალიან ბევრი ამბობს უარს ღვთისადმი მორჩილებაზე, რადგან თავიანთ ნებაზე სურთ ცხოვრება (ეფეს. 2:1—3). შედეგები ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ „არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“ (იგავ. 21:30).

      5. რაში იყო იეჰოვა დარწმუნებული და გამართლდა, თუ არა მისი მოლოდინი?

      5 მიუხედავად ამისა, იეჰოვამ იცოდა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომლებიც ძებნას დაუწყებდნენ მას და მისი მსახურები გახდებოდნენ (ფსალმ. 103:17, 18; 110:3). ასეთი ახალგაზრდები იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასები არიან! შენც მათ შორის ხარ? თუ ასეა, ცხადია, ხარობ ღვთისგან ბოძებული „ყოველივე კარგით“, რომელიც დიდ ბედნიერებას განიჭებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:5; იგავ. 10:22). ამ სტატიიდან გავიგებთ, რომ „ყოველივე კარგი“ მოიცავს უხვ სულიერ საზრდოს, კარგ მეგობრებს, ღირებულ მიზნებსა და ნამდვილ თავისუფლებას.

      იეჰოვას წყალობით სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ

      6. რატომ უნდა დაიკმაყოფილო სულიერი მოთხოვნილება და რით უზრუნველგყოფს იეჰოვა?

      6 ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ სულიერი მოთხოვნილებებით ვართ შექმნილნი, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ შემოქმედს შეუძლია (მათ. 4:4). როცა მადლიერებით უსმენ იეჰოვას, იძენ წვდომის უნარს, ბრძენდები და თავს ბედნიერად გრძნობ. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათ. 5:3). იეჰოვა შენს სულიერ მოთხოვნილებებზე თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი უხვი სულიერი საზრდოს მეშვეობით ზრუნავს (მათ. 24:45). ის ნამდვილად უხვი და ნაირფეროვანი საზრდოთი გვკვებავს! (ეს. 65:13, 14).

      7. როგორ დაგეხმარება ღვთისგან ბოძებული სულიერი საზრდო?

      7 იეჰოვასგან ბოძებული სულიერი საზრდო სიბრძნესა და ჭკუას შეგმატებს, რაც ბევრი რამისგან დაგიცავს (წაიკითხეთ იგავების 2:10—14). სიბრძნე და ჭკუა დაგეხმარება, არ დაიჯერო ისეთი ცრუ სწავლება, როგორიცაა შემოქმედის არარსებობა. აგრეთვე დაგიცავს, არ გაიზიარო მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ბედნიერება ფულზე და სიმდიდრეზეა დამოკიდებული. სიბრძნე და ჭკუა იმაშიც დაგეხმარება, რომ დაინახო და წინააღმდეგობა გაუწიო არასწორ სურვილებსა და მავნე ჩვევებს. ამიტომ ყველაფერი გააკეთე, რომ დაბრძენდე და საღად იაზროვნო. არასდროს დაგავიწყდეს მათი ფასი! თუ სიბრძნესა და ჭკუას შეიძენ, თავად დარწმუნდები, რომ იეჰოვას უყვარხარ და საუკეთესო სურს შენთვის (ფსალმ. 34:8; ეს. 48:17, 18).

      8. რატომ უნდა დაუახლოვდე ღმერთს ახლა და როგორ დაგეხმარება ეს მომავალში?

      8 სატანის ქვეყნიერება მალე სრულად განადგურდება და ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი იეჰოვა იქნება. შეიძლება ისეთი დრო მოვიდეს, რომ ხვალ რას შევჭამთ, ისიც კი იეჰოვაზე იყოს დამოკიდებული (აბაკ. 3:2, 12—19). ამიტომ ახლაა ის დრო, რომ დაუახლოვდე ზეციერ მამას და განიმტკიცო მისადმი ნდობა (2 პეტ. 2:9). თუ ასე მოიქცევი, რაც არ უნდა მოხდეს, ფსალმუნმომღერალი დავითივით იგრძნობ თავს, რომელმაც დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმ. 16:8).

      იეჰოვას წყალობით კარგ მეგობრებს იძენ

      9. ა) იოანეს 6:44-ის თანახმად, რას აკეთებს იეჰოვა? ბ) რატომ არის სულ სხვა, როცა თანამორწმუნეს ხვდები პირველად?

      9 იეჰოვა იზიდავს მათ, ვისაც თავის სულიერ ოჯახში იღებს. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ სიყვარულით იზიდავს სუფთა გულის ადამიანებს (წაიკითხეთ იოანეს 6:44). რა შეიძლება იცოდე იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც პირველად ხვდები? ალბათ, სახელისა და გარეგნობის გარდა ბევრი არაფერი. მაგრამ სულ სხვაა, როცა იმ ადამიანს ხვდები პირველად, ვინც იცნობს იეჰოვას და უყვარს ის. მაშინაც კი, თუ განსხვავებული წარმოშობის, კულტურის, ეროვნებისა თუ ტომის წარმომადგენლები ხართ, თქვენ მაინც ბევრი რამ იცით ერთმანეთის შესახებ!

      სხვადასხვა რასის ახალგაზრდები ერთად სადილობენ კონგრესის შემდეგ

      იეჰოვას სურს, დავისახოთ სულიერი მიზნები და გვყავდეს კარგი მეგობრები (იხილეთ აბზაცები 9—12)

      10, 11. რა საერთო აქვს იეჰოვას ხალხს და რა მხრივ აისახება ეს ჩვენზე დადებითად?

      10 თქვენ მაშინვე ხვდებით, რომ ორივე ერთ „ენაზე“ — ჭეშმარიტების „სუფთა ენაზე“ ლაპარაკობთ (სოფ. 3:9). ორივემ იცით, რომ ერთი ღმერთის გწამთ, ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობთ, მომავლის იმედი გაქვთ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანის შესახებ უნდა იცოდე, და რაც ნდობით განგაწყობს მის მიმართ. ეს აგრეთვე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ თქვენი მეგობრობა არასოდეს დამთავრდეს.

      11 არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ შენ, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელს, საუკეთესო მეგობრები გყავს მთელ მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმეტესობას არც კი შეხვედრიხარ. ეს არის ფასდაუდებელი ძღვენი, რომელიც იეჰოვას ხალხის გარდა სხვას არავის გააჩნია!

      იეჰოვას წყალობით ღირებულ მიზნებს ისახავ

      12. რა სულიერი მიზნების დასახვა შეგიძლია?

      12 წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:9—12:1. გაქვს დასახული სულიერი მიზნები და ისწრაფვი მათკენ? შესაძლოა ცდილობ, ყოველდღე წაიკითხო ბიბლია ან გაიუმჯობესო საუბრისა თუ სწავლების უნარი. რას გრძნობ, როცა წარმატებას აღწევ ან სხვები ამჩნევენ შენს წინსვლას და გაქებენ ამისთვის? ალბათ, სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდი. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ამ დროს იესოს მსგავსად ღვთის ნებას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებ (ფსალმ. 40:8; იგავ. 27:11).

      13. რატომ სჯობია ღვთის მსახურება ქვეყნიური მიზნებისკენ სწრაფვას?

      13 სულიერი მიზნებისკენ სწრაფვა ნამდვილი კმაყოფილების მომტანია, რადგან მათ მისაღწევად გაკეთებული საქმეები არასდროს იქნება ამაო. პავლე მოციქულმა დაწერა: „იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორ. 15:58). ამის საპირისპიროდ კი, თუნდაც წარმატებული კარიერისთვის მიძღვნილი ცხოვრება საბოლოოდ ამაო და არაფრის მომტანი იქნება (ლუკ. 9:25). ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოსცადა მეფე სოლომონმა, რომლის შემთხვევაც ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის (რომ. 15:4).

      14. რის სწავლა შეგიძლია სოლომონის გამოცდილებიდან?

      14 უზომოდ მდიდარმა და ძლევამოსილმა მეფე სოლომონმა გადაწყვიტა, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ყოველგვარი სიამოვნება გამოეცადა, რათა ენახა, რას მოუტანდა ეს ყოველივე (ეკლ. 2:1—10). მან აიშენა სახლები, გაიშენა ბაღები და წალკოტები. ის არაფერზე ეუბნებოდა უარს საკუთარ თავს. მაგრამ იგრძნო ამ ყველაფრის შემდეგ კმაყოფილება? ამისთვის ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, რადგან თავად სოლომონი ამბობს: „დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია . . . აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი . . . არაფერს მოაქვს სარგებლობა“ (ეკლ. 2:11). მართლაც რა შესანიშნავი გაკვეთილია ეს ჩვენთვის! გამოავლენ სიბრძნეს და გაითვალისწინებ მას?

      15. რატომ არის რწმენა მნიშვნელოვანი და ფსალმუნის 32:8-ის თანახმად, როგორ დაგეხმარება ის?

      15 იეჰოვას სურს, რომ მწარე გამოცდილებით არ მოგიწიოს ცხოვრებაში რაღაცის სწავლა. სინამდვილეში რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ დაემორჩილო ღმერთს და მისი ნება პირველ ადგილზე დააყენო. ასეთ რწმენას ვერაფერი შეედრება, რადგან ის იმედს არასოდეს გაგიცრუებს. იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს იმ სიყვარულს, „რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინე“ (ებრ. 6:10). ასე რომ, ყველაფერი გააკეთე რწმენის გასაძლიერებლად და თავად დარწმუნდები, რომ ზეციერ მამას საუკეთესო სურს შენთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8).

      იეჰოვას წყალობით ნამდვილი თავისუფლება გაქვს

      16. რატომ უნდა დავაფასოთ თავისუფლება და ბრძნულად გამოვიყენოთ ის?

      16 „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“, — თქვა პავლე მოციქულმა (2 კორ. 3:17). იეჰოვას უყვარს თავისუფლება და ჩვენს გულებშიც ჩადო თავისუფლების სიყვარული. თუმცა ამავე დროს მას სურს, რომ ბრძნულად გამოვიყენოთ ეს თავისუფლება, რაც ჩვენთვისვე იქნება დამცველი. შესაძლოა შენ გარშემო არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც უზნეო ცხოვრებას ეწევიან, სიცოცხლისთვის სახიფათო სპორტით ერთობიან, პორნოგრაფიას უყურებენ ან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ. ფაქტია, ისინი წუთიერ სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ხშირად ეს ძვირად უჯდებათ, რადგან შეიძლება დაავადდნენ, გახდნენ რაღაცაზე დამოკიდებულები ან საერთოდ სიცოცხლეც კი დაკარგონ (გალ. 6:7, 8). აშკარაა, რომ მათი „თავისუფლება“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი (ტიტ. 3:3).

      17, 18. ა) როგორ გვათავისუფლებს ღვთისადმი მორჩილება? ბ) რა გაგებით იყვნენ თავიდან ადამი და ევა ჩვენზე ბევრად თავისუფლები?

      17 შედარებისთვის დაფიქრდი, რამდენ ადამიანს იცნობ, რომლებიც ბიბლიური ნორმებით ცხოვრების გამო დაავადდნენ. ცხადზე ცხადია, რომ იეჰოვასადმი მორჩილება თავისუფლებასაც გვინარჩუნებს და ჯანმრთელობასაც (ფსალმ. 19:7—11). მეტიც, როცა გონივრულად იყენებ შენს თავისუფლებას, ანუ იეჰოვას სრულყოფილი კანონებითა და პრინციპებით ცხოვრობ, ღმერთსაც და მშობლებსაც აჩვენებ, რომ სანდო ადამიანი ხარ და მეტ თავისუფლებას იმსახურებ. ღვთის განზრახვაც ის არის, რომ თავის ერთგულ მსახურებს საბოლოოდ სრულყოფილი თავისუფლება უბოძოს, რომელსაც ბიბლია „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ უწოდებს (რომ. 8:21).

      18 ადამმა და ევამ იცოდნენ ასეთი თავისუფლების გემო. რამდენი შეზღუდვა დაუდგინა ღმერთმა მათ ედემის ბაღში? მხოლოდ ერთი. მათ მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამათ (დაბ. 2:9, 17). ფიქრობ, რომ ეს აკრძალვა მკაცრი და ზედმეტად შემზღუდველი იყო? ალბათ, არა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ადამიანის მიერ მოგონილ აურაცხელ კანონებს, რომელთა დამახსოვრებასა და მორჩილებასაც ხალხს აიძულებენ.

      19. რა მხრივ გვათავისუფლებს იეჰოვასა და იესოს სწავლება?

      19 იეჰოვა დიდ სიბრძნეს ავლენს თავის მსახურებთან ურთიერთობის დროს. ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებლად დაგვიდგინოს კანონები, ის მოთმინებით გვასწავლის, მივყვეთ სიყვარულის კანონს. მას სურს, ბიბლიური პრინციპებით ვიცხოვროთ და შევიზიზღოთ ის, რაც ცუდია (რომ. 12:9). მთაზე ქადაგების დროს იესომ თქვა, თუ რა არის არასწორი საქციელის თავიდათავი (მათ. 5:27, 28). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, ახალ ქვეყნიერებაში ქრისტე კვლავაც განაგრძობს ჩვენს სწავლებას, რათა სრულყოფილად ავირეკლოთ მისი აზროვნება სიმართლესა და უკანონობაზე (ებრ. 1:9). ის დაგვეხმარება, მივაღწიოთ როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ სრულყოფილებას. წარმოიდგინე, რომ სამუდამოდ გათავისუფლდები ცოდვის მარწუხებისგან და მისი საზარელი შედეგებისგან. საბოლოოდ კი გაიხარებ „დიდებული თავისუფლებით“, რომელსაც იეჰოვა დაგპირდა.

      20. ა) როგორ იყენებს იეჰოვა თავისუფლებას? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

      20 რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გვექნება აბსოლუტური თავისუფლება. ჩვენი ქმედებები ყოველთვის ღვთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა იყოს ნაკარნახევი. იეჰოვა სინამდვილეში მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მას მივბაძოთ. ღმერთს შეუზღუდავი თავისუფლება აქვს, თუმცა არჩევს, რომ მოაზროვნე ქმნილებებთან ურთიერთობის დროს ყველა მის მოქმედებას საფუძვლად სიყვარული ედოს (1 იოან. 4:7, 8). ამიტომ სწორი იქნება, დავასკვნათ, რომ მხოლოდ მაშინ გვექნება ნამდვილი თავისუფლება, როცა იეჰოვას მსგავსად ყველა ჩვენს ქმედებას სიყვარული ედება საფუძვლად.

      21. ა) რა გრძნობები ჰქონდა დავითს იეჰოვას მიმართ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      21 აფასებ „ყოველივე კარგს“, რაც იეჰოვასგან მომდინარეობს? მაგალითად, მისი წყალობით გაქვს უხვი სულიერი საზრდო, გყავს კარგი მეგობრები, შეგიძლია დაისახო ღირებული მიზნები და მომავალში დატკბე სრულყოფილი თავისუფლებით (ფსალმ. 103:5). თუ აფასებ ამ ყოველივეს, ალბათ, დავითივით გრძნობ თავს, რომელიც ლოცულობდა: „შენ მასწავლი სიცოცხლის გზას. შენი სახე დიდად მახარებს; ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“ (ფსალმ. 16:11). მომდევნო სტატიაში განხილული იქნება მე-16 ფსალმუნში მოხსენიებული სხვა პრინციპები, რაც დაგეხმარება, რომ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება გქონდეს.

  • ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | დეკემბერი
    • დავითი გოლიათის წინააღმდეგ გამოდის; იესო ნავეს ძე სხვა მამაკაცებთან ერთად აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადება

      ახალგაზრდებო, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრება!

      „შენ მასწავლი სიცოცხლის გზას“ (ფსალმ. 16:11).

      სიმღერები: 133, 89

      როგორ დაგეხმარება მე-16 ფსალმუნი, რომ . . .

      • იეჰოვა შენი „წილი“ გახდეს?

      • აირჩიო კარგი მეგობრები და დაისახო ღირებული მიზნები?

      • შეიყვარო კარგი და შეიძულო ცუდი?

      1, 2. როგორი ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი, როგორც ეს ტონის შემთხვევიდან გამოჩნდა?

      ტონის დამამთავრებელ კლასებში გარიცხვით ემუქრებოდნენ. ის უმამოდ იზრდებოდა და სწავლისადმი ყოველგვარი ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ტონი შაბათ-კვირას ან კინოთეატრში ატარებდა, ან მეგობრებთან ერთად ერთობოდა. თუმცა ის არც ძალადობის მოყვარული იყო და არც ნარკოტიკებს იღებდა. მას უბრალოდ არანაირი მიზანი არ ჰქონდა ცხოვრებაში. ტონის ღვთის არსებობაც აეჭვებდა, თუმცა ერთხელ იეჰოვას მოწმეებს შეხვდა, რომელთაც თავისი ეჭვები გაანდო. მოწმეებმა მას მისცეს ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“.

      2 როცა მოწმეები ისევ შეხვდნენ, ტონის მთლიანად ჰქონდა აზროვნება შეცვლილი. მას ბროშურები ისე ჰქონდა შესწავლილი, რომ ფურცლები უკვე გაცრეცილი იყო. ტონიმ უთხრა მათ: „ღმერთი ნამდვილად არსებობს!“. ის მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა და თანდათან მთლიანად შეიცვალა ცხოვრებაზე შეხედულება. ერთ დროს ჩამორჩენილი მოსწავლე ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ იქცა. დირექტორმაც კი, რომელმაც იცოდა ტონის ახლად შეძენილი რწმენის შესახებ, გაოცება ვერ დამალა და უთხრა: „შენ მთლიანად შეიცვალე; ნიშნებიც საგრძნობლად გააუმჯობესე. ეს იეჰოვას მოწმეების დამსახურებაა?“. ტონიმ უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და თავისი მრწამსი გაუზიარა. მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და დღეს პიონერად და მომსახურედ მსახურობს. ის ბედნიერია, რომ ჰყავს შესანიშნავი მამა, იეჰოვა (ფსალმ. 68:5).

      დაემორჩილე იეჰოვას და წარმატებული იქნები

      3. რა რჩევას აძლევს იეჰოვა ახალგაზრდებს?

      3 ტონის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს. მას სურს, რომ წარმატებული და კმაყოფილი იყო შენი ცხოვრებით. ამიტომ გირჩევს: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1). დღევანდელ ქვეყნიერებაში ეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. იეჰოვას დახმარებით შეგიძლია, არა მხოლოდ ახალგაზრდობაში იყო წარმატებული, არამედ მთელი სიცოცხლე. ამაში დასარწმუნებლად განვიხილოთ, რა დაეხმარა ისრაელ ერს აღთქმული მიწის დამკვიდრებაში და დავითს გოლიათის დამარცხებაში.

      დავითი გოლიათის წინააღმდეგ გამოდის; იესო ნავეს ძე სხვა მამაკაცებთან ერთად აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადება

      4, 5. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელების შემთხვევიდან, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს ქანაანელებზე, და დავითისგან, რომელმაც გოლიათი დაამარცხა? (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)

      4 როცა ისრაელები აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, იეჰოვას არ უთქვამს მათთვის, რომ საბრძოლო უნარ-ჩვევები გაეუმჯობესებინათ ან ომისთვის მომზადებულიყვნენ (კან. 28:1, 2). ღმერთი მათგან მხოლოდ მორჩილებასა და ნდობას მოითხოვდა (იეს. 1:7—9). ადამიანური გადასახედიდან ეს რჩევა აზრს მოკლებული ჩანდა. მაგრამ ეს საუკეთესო რჩევა იყო, რადგან იეჰოვამ თავის ხალხს ზედიზედ მოაპოვებინა გამარჯვება ქანაანელებზე (იეს. 24:11—13). დიახ, ღვთისადმი მორჩილებას რწმენა სჭირდება, თუმცა რწმენით მოქმედებას ყოველთვის წარმატება სდევს თან. ეს ასე იყო წარსულში და ასეა დღესაც!

      5 ძლიერი მეომარი გოლიათი, რომელიც სიმაღლით თითქმის სამ მეტრს აღწევდა, კარგად იყო შეიარაღებული (1 სამ. 17:4—7). მის წინააღმდეგ გამოსულ დავითს კი მხოლოდ ორი რამ ჰქონდა: შურდული და იეჰოვასადმი რწმენა. მათ თვალში, ვისაც ღვთისადმი რწმენა აკლდა, დავითი სულელივით გამოიყურებოდა, მაგრამ ძალიან ცდებოდნენ! სინამდვილეში დავითი კი არა, გოლიათი იყო სულელი (1 სამ. 17:48—51).

      6. რას განვიხილავთ ვრცლად ამ სტატიაში?

      6 წინა სტატიაში ვისაუბრეთ ოთხ მხარეზე, რომელთაც ჩვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ესენი იყო: სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, კარგი მეგობრების შეძენა, ღირებული მიზნების დასახვა და ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაფასება. წინამდებარე სტატიაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე და განვიხილავთ მე-16 ფსალმუნში ჩაწერილ ზოგიერთ პრინციპს.

      დაიკმაყოფილე სულიერი მოთხოვნილებები

      7. ა) როგორ დაახასიათებდი სულიერად მოაზროვნე ადამიანს? ბ) ვინ იყო დავითის „წილი“ და როგორ აისახა ეს მასზე?

      7 სულიერი ადამიანი ღვთისადმი რწმენას ავლენს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მის შეხედულებებს იზიარებს. ის იეჰოვასგან ეძებს ხელმძღვანელობას და მას ემორჩილება (1 კორ. 2:12, 13). დავითი ამის კარგი მაგალითია. ის მღეროდა: „იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია და სასმისი“ (ფსალმ. 16:5). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „წილი“ იმაზე მიუთითებს, რომ დავითს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და მასთან ეძებდა თავშესაფარს (ფსალმ. 16:1). შედეგად დავითს შეეძლო ეთქვა: „ხარობს ჩემი გული“. დიახ, მას ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთან მეგობრობა ანიჭებდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 16:9, 11).

      8. რა გვანიჭებს ცხოვრებაში ნამდვილ კმაყოფილებას?

      8 სიხარული, რომელსაც დავითი განიცდიდა, უცხოა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ცხოვრებაში უმთავრესი სიამოვნების მიღება და სიმდიდრის მოხვეჭაა (1 ტიმ. 6:9, 10). ერთი კანადელი ძმა ამბობს: «ნამდვილი კმაყოფილება იმას კი არ მოაქვს, რასაც ამ ცხოვრებიდან ვიღებთ, არამედ იმას, რასაც „ყოველი კარგი ძღვნის“ მბოძებლისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, გავცემთ» (იაკ. 1:17). ნამდვილად ასეა, იეჰოვასადმი რწმენის განვითარება და მისადმი მსახურება შენს ცხოვრებას აზრს შესძენს და ნამდვილ კმაყოფილებას მოგანიჭებს. როგორ შეგიძლია გაიძლიერო რწმენა? დრო უნდა დაუთმო იეჰოვას, რაშიც ბიბლიის კითხვა, შემოქმედებაზე დაკვირვება და ღვთის შესანიშნავ თვისებებზე ფიქრი იგულისხმება. მაგალითად, შეგიძლია დაფიქრდე, როგორ ავლენს ღმერთი შენდამი სიყვარულს (რომ. 1:20; 5:8).

      9. როგორ შეგიძლია დავითის მსგავსად ღვთის სიტყვას შენი გამოძერწვის საშუალება მისცე?

      9 ზოგჯერ იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს იმით ავლენს, რომ მოსიყვარულე მამის მსგავსად საჭიროების შემთხვევაში რჩევებს გვაძლევს. დავითი სიხარულით იღებდა მისგან რჩევებს. მან თქვა: „ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით“ (ფსალმ. 16:7). დიახ, ის ფიქრობდა ღვთის აზრებზე და ითავისებდა მათ, რითაც იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევდა. თუ დავითის მსგავსად იმოქმედებ, უფრო მეტად შეგიყვარდება იეჰოვა და მისადმი მორჩილების სურვილი გაგიძლიერდება, რაც სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოგაყალიბებს. ერთი და, სახელად კრისტინი, ამბობს: „როცა ღრმად ვიკვლევ საკითხებს და ვფიქრობ მათზე, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ იეჰოვამ ის პირადად ჩემთვის დაწერა“.

      10. ესაიას 26:3-ის თანახმად, რაში დაგეხმარება სულიერი აზროვნება?

      10 არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ სულიერი ხედვა განსაკუთრებულ ცოდნასა და წვდომის უნარს გძენს. ეს გეხმარება, იეჰოვას თვალით უყურო ამ ქვეყნიერებას და მის მომავალს. რატომ გაძლევს იეჰოვა ცოდნასა და წვდომის უნარს? მას სურს, რომ გონივრულად დაადგინო ცხოვრებაში პრიორიტეტები, ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღო და მომავალს იმედისა და რწმენის თვალით უყურო (წაიკითხეთ ესაიას 26:3). შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ჯოშუა, ასეთ დასკვნას აკეთებს: „როცა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გაქვს, სხვა ყველაფერს სათანადო ადგილს უჩენ“. ეს ნამდვილად ასეა. თანაც მსგავსად მოქმედებას უდიდესი კმაყოფილება მოაქვს!

      შეიძინე კარგი მეგობრები

      11. როგორ ირჩევდა დავითი მეგობრებს?

      11 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:3. დავითმა იცოდა, როგორ შეეძინა კარგი მეგობრები. მას სიამოვნებას ანიჭებდა მათთან ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარდა. ის „წმინდებად“ მოიხსენიებს ზნეობრივად სუფთა და პატიოსან ადამიანებს. სხვა ფსალმუნმომღერალიც მსგავსად ირჩევდა მეგობრებს. ის წერდა: „ყველა შენი მოშიშისა და შენი ბრძანებების შემსრულებლის მეგობარი ვარ“ (ფსალმ. 119:63). როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, შენც შეგიძლია იეჰოვას მსახურთა შორის კარგი მეგობრების პოვნა. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ისინი შენი თანატოლები იყვნენ.

      12. რა ედო საფუძვლად დავითისა და იონათანის მეგობრობას?

      12 დავითის სამეგობრო წრე მხოლოდ მისი თანატოლებით არ შემოიფარგლებოდა. შეგიძლია გაიხსენო, ვინ იყო დავითის საუკეთესო მეგობარი? მას იონათანი ერქვა. მათი ამბავი ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ისტორიაა ნამდვილ მეგობრობაზე. იცოდი, რომ იონათანი დავითზე თითქმის 30 წლით უფროსი იყო? რა ედო საფუძვლად დავითისა და იონათანის მეგობრობას? ღვთისადმი რწმენა, ურთიერთპატივისცემა და გაბედულება, რომელსაც ორივენი ავლენდნენ იეჰოვას მტრების წინაშე (1 სამ. 13:3; 14:13; 17:48—50; 18:1).

      13. როგორ შეგიძლია გააფართოო შენი სამეგობრო წრე? მოიყვანე მაგალითი.

      13 დავითისა და იონათანის მსგავსად, ჩვენც გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ვისაც უყვარს იეჰოვა და რწმენას ავლენს მის მიმართ. კირა, რომელიც არაერთი წელია, იეჰოვას ემსახურება, ამბობს: „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის მეგობრები მყავს“. როცა სამეგობრო წრეს აფართოებ, თავად რწმუნდები, რომ იეჰოვას სიტყვა და მისი სული აერთიანებს ადამიანებს.

      ისწრაფე ღირებული მიზნებისკენ

      14. ა) რა დაგეხმარება, რომ ღირებული მიზნები დაისახო? ბ) რას ამბობს ზოგი ახალგაზრდა სულიერ მიზნებზე?

      14 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:8. დავითი მთლიანად ღვთისმსახურებაზე იყო კონცენტრირებული. შენც იგრძნობ ნამდვილ კმაყოფილებას, თუ იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებ და მის მოსაწონ მიზნებს დაისახავ. ერთი ძმა, სახელად სტივენი, ამბობს: „დიდ კმაყოფილებას მანიჭებს დასახული მიზნისკენ სწრაფვა, მისი მიღწევა და იმის დანახვა, რომ რაღაცაში გავუმჯობესდი“. ახალგაზრდა გერმანელი ძმა, რომელიც სხვა ქვეყანაში გადავიდა მსახურებისთვის, აღნიშნავს: „როცა მოვხუცდები და უკან მოვიხედავ, არ მინდა, ისეთი შეგრძნება დამრჩეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიცხოვრია“. დარწმუნებულები ვართ, შენც იზიარებ მის აზრს. თუ ასეა, შენი შესაძლებლობები იეჰოვას განსადიდებლად და სხვების საკეთილდღეოდ გამოიყენე (გალ. 6:10). დაისახე სულიერი მიზნები და იეჰოვას სთხოვე, ხელი მოგიმართოს მათ მიღწევაში. ღმერთი დიდი სიამოვნებით პასუხობს ასეთ ლოცვებს (1 იოან. 3:22; 5:14, 15).

      ახალგაზრდა ძმა მსახურების დროს მობინადრეებს ვიდეოს აყურებინებს

      ღირებული მიზნები

      • ღრმად გამოიკვლიო ბიბლია

      • ისწავლო საუბრის წამოწყება მსახურებაში

      • თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლო

      • გახდე მომსახურე

      • გაიუმჯობესო სწავლების უნარი

      • დაიწყო ბიბლიის შესწავლა

      • იმსახურო დამხმარე პიონერად ან გახდე პიონერი

      • იმსახურო ბეთელში

      • ისწავლო უცხო ენა

      • იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა

      • მონაწილეობა მიიღო სამეფო დარბაზების მშენებლობაში ან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საქმეში

      15. რა მიზნები შეგიძლია დაისახო? (იხილე ჩარჩო „ღირებული მიზნები“)

      15 რა მიზნები შეგიძლია დაისახო? შეიძლება გადაწყვიტო, რომ საკუთარი სიტყვებით გააკეთო კრებაზე კომენტარი, იმსახურო პიონერად ან ბეთელში. შეგიძლია უცხო ენა იმ მიზნით შეისწავლო, რომ უცხოენოვან ტერიტორიაზე იმსახურო. ახალგაზრდა ბარაკი, რომელიც სრული დროით მსახურობს, ამბობს: „ყოველდღე იმ გრძნობით ვიღვიძებ, რომ მთელ ჩემს ძალას იეჰოვას მსახურებას ვახმარ, ასეთ სასიამოვნო გრძნობას სხვა ვერცერთი საქმის კეთება ვერ მოგანიჭებს“.

      დააფასე ღვთისგან ბოძებული თავისუფლება

      16. რას ფიქრობდა დავითი იეჰოვას სამართლიან ნორმებზე და რატომ?

      16 წაიკითხეთ ფსალმუნის 16:2, 4. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, იეჰოვას სამართლიანი კანონები და პრინციპები გვათავისუფლებს, რადგან გვეხმარება, შევიძულოთ ცუდი და შევიყვაროთ კარგი (ამოს. 5:15). ფსალმუნმომღერალი დავითი ფაქტობრივად ამბობდა, რომ იეჰოვაა ყოველგვარი სიკეთის წყარო. იეჰოვას სიკეთე ყველა მის ნამოქმედარში ჩანს და ყველაფერი კარგი, რაც გაგვაჩნია, მისი წყალობით გვაქვს. დავითი ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ თვისების გამოვლენაში ღმერთისთვის მიებაძა. მან აგრეთვე შეიძულა ყველაფერი, რაც საძულველი იყო ღვთის თვალში. ამაში შედის კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ამდაბლებს ადამიანს ღვთის თვალში და კუთვნილ დიდებას ართმევს იეჰოვას (ეს. 2:8, 9; გამოცხ. 4:11).

      17, 18. ა) რა დასკვნა გააკეთა დავითმა ცრუთაყვანისმცემლობის შედეგებთან დაკავშირებით? ბ) რა უმრავლებს დღეს ადამიანებს ტკივილს?

      17 ბიბლიურ დროში კერპთაყვანისმცემლობის დროს ხალხი უკიდურეს უზნეობას სჩადიოდა (ოს. 4:13, 14). თაყვანისმცემლობის ასეთი ფორმა ცოდვილ სხეულს აამებდა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იყო. დავითმა ასეთ ადამიანებზე თქვა: „ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც . . . [სხვა ღმერთის] გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის“. ისინი გაუგონარ სისასტიკესაც სჩადიოდნენ და შვილებს კერპებს სწირავდნენ (ეს. 57:5). იეჰოვას სძულს ასეთი საქციელი (იერ. 7:31). იმ დროში რომ გეცხოვრა, ალბათ, ძალიან მადლიერი იქნებოდი, თუ ღვთისმოშიში მშობლები გეყოლებოდა.

      18 არც დღეს არის უკეთესი მდგომარეობა, რადგან არაერთი რელიგია იწყნარებს სექსუალურ უზნეობას, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს. ამ ეგრეთ წოდებული „ზნეობრივი თავისუფლების“ შედეგები ისეთივე სავალალოა, როგორიც ბიბლიურ დროში იყო (1 კორ. 6:18, 19). ალბათ, ამჩნევ, რომ ასეთი ცხოვრების წესით ხალხი ტკივილს იმრავლებს. ასე რომ, ახალგაზრდებო, მოუსმინეთ თქვენს ზეციერ მამას. სრულად იყავით დარწმუნებული, რომ მისი მორჩილება თქვენთვისვეა კარგი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საზიანო შედეგები, რომლებიც არასწორ საქციელს მოჰყვება, ნებისმიერ დროებით სიამოვნებას გადაწონის (გალ. 6:8). დასაწყისში მოხსენიებული ჯოშუა ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ თავისუფლება, როგორც გვინდა, მაგრამ, თუ მას ბოროტად გამოვიყენებთ, კმაყოფილებას ვერასდროს ვიგრძნობთ“.

      19, 20. რა კურთხევები ელით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იეჰოვასადმი რწმენასა და მორჩილებას ავლენენ?

      19 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ამ თავისუფლებაში ადამიანის ცრუ რელიგიისგან, უმეცრებისა და ცრურწმენისგან გათავისუფლებაც იგულისხმება. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მივიღებთ (რომ. 8:21). თუ დარჩები ქრისტეს სიტყვაში, ანუ მიჰყვები მის სწავლებებს, დღესვე იგრძნობ თავისუფლებას. ასეთი სახით არა მხოლოდ თეორიულად „შეიცნობ ჭეშმარიტებას“, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე გამოცდი მის ფასს.

      20 ახალგაზრდებო, დააფასეთ ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, გონივრულად გამოიყენეთ ის და მტკიცე საძირკველი ჩაუყარეთ თქვენს მომავალს. ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ახალგაზრდობაში თავისუფლების გონივრულად გამოყენება მომავლისთვის მოგამზადებს, როცა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა შესაფერისი სამსახურის არჩევა, დაქორწინება ან რაღაც პერიოდი დაუქორწინებლად დარჩენა“.

      21. რა დაგეხმარება, დარჩე „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ მიმყვან გზაზე?

      21 ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში, ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრებაც არასტაბილური და ხანმოკლეა. არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე (იაკ. 4:13, 14). გონივრული იქნება, თუ დარჩები გზაზე, რომელიც „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ ანუ მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანს (1 ტიმ. 6:19). თუმცა იეჰოვა არავის აიძულებს ამ გზაზე სიარულს. ეს ჩვენი არჩევანია. დაე იეჰოვა იყოს შენი „წილი“. დააფასე „ყოველივე კარგი“, რასაც ის გაძლევს (ფსალმ. 103:5). არასდროს შეგეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვას შეუძლია მარადიულად მოგგვაროს სიხარული და ბედნიერება (ფსალმ. 16:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება