საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოტივაცია
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ოქტომბერი
    • მოტივაცია

      რაიმე საქმის შესასრულებლად სტიმული რომ გქონდეს, უნდა იცოდე, რაში წაგადგება ეს საქმე.

      რაში გამოგადგება სკოლაში სწავლა? ის სიბრძნეს შეგძენს, სიბრძნე კი, როგორც ბიბლიაში წერია, „იცავს კაცს“ (ეკლესიასტე 7:12). მაგალითისთვის წარმოიდგინე, რომ საშიშ უბანში უნდა გაიარო. რა გირჩევნია, მარტო წახვიდე თუ მეგობრებთან ერთად, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უსათუოდ დაგიცავენ? რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად. სკოლაში მიღებული ცოდნა და განათლებაც ძლიერი მეგობრებივით მუდამ მხარში ამოგიდგებიან ცხოვრების რთულ გზაზე. რა იგულისხმება ამაში?

      • განსჯის უნარი. სკოლა დაგეხმარება ისეთი თვისებების განვითარებაში, რომელთაც ბიბლია განსჯის უნარსა და გონიერებას უწოდებს (იგავები 3:21, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ეს კი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარს შეგძენს და სულ სხვის იმედზე არ იქნები.

      • ურთიერთობის უნარი. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, განივითარონ სულგრძელობა და თავშეკავება (გალატელები 5:22, 23). სკოლაში სხვადასხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობა უნიკალური საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს სხვების პატივისცემა და თანაგრძნობა — თვისებები, რომლებიც დიდობაში აუცილებლად გამოადგება.

      • პრაქტიკული განათლება. სკოლა გასწავლის სიბეჯითის ფასს, რაც შემდგომში სამსახურის პოვნასა და მის შენარჩუნებაში დაგეხმარება. გარდა ამისა, რაც უფრო ფართოვდება შენი მსოფლმხედველობის არეალი, მით უკეთ ეცნობი საკუთარ პიროვნებას და ხვდები, რა არის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი (იგავები 14:15). შედეგად, შეძლებ საკუთარი თვალსაზრისისა და მრწამსის „რბილად და ღრმა პატივისცემით“ დაცვას (1 პეტრე 3:15).

      დასკვნა: რადგან სკოლის განათლება ასე საჭიროა, იმაზე ფიქრი, რომ სკოლაში რაღაც-რაღაცები არ მოგწონს, კარგს არაფერს მოგიტანს. ნაცვლად ამისა, იფიქრე ზემოთ განხილულ სასარგებლო მხარეებზე. შესაძლოა, სხვა დადებითი მხარეებიც გაგახსენდეს, რომელიც აქ არ წერია.

      ნუ გადადებ. იფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს შენთვის სტიმულის მომცემი, რომ სკოლაში კარგად ისწავლო.

      კარგი მასწავლებელი ყოველთვის დაფასებულია!

      „სკოლაში ეკონომიკას გვასწავლიდა ერთი მასწავლებელი, რომელსაც ისეთი განათლება ჰქონდა მიღებული, რომ თავისუფლად შეეძლო რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციაში ემუშავა; მაგრამ ჩვენს ღარიბ უბანში სკოლის მასწავლებლად მუშაობა არჩია, თანაც ისეთ სკოლაში, სადაც მისი საგანი უმრავლესობას არ აინტერესებდა. მაგრამ ის ცდილობდა გაკვეთილი მარტივად და საინტერესოდ აეხსნა, თან იუმორის გრძნობასაც არ ივიწყებდა. ერთხელ დედაჩემი იმისთვის დაიბარა, რომ ეთქვა, თქვენმა შვილმა ტესტები კარგად ჩააბარაო. მახსოვს, როცა მოსწავლეებმა ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენს სკოლაში მუშაობაო, უპასუხა, რომ ჩემთვის ეს ყველაზე კარგი ადგილია, სადაც კი ოდესმე მიმუშავიაო. ის ყველანაირად გვიგებდა, ზრუნავდა ჩვენზე და ხშირად გვაქებდა. ის ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყო“ (რეიონი, შეერთებული შტატები).

  • ორგანიზებულობა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ოქტომბერი
    • ორგანიზებულობა

      თუ ცოტას მოინდომებ და ორგანიზებულობას ისწავლი, საერთო ჯამში ბევრი საქმე გაკეთდება — დროც მეტი დაგრჩება, ნაკლები სტრესიც გექნება და უკეთეს ნიშნებსაც მიიღებ.

      ახლა, მოდი წარმოიდგინე, რომ მაღაზიაში შეხვედი რაღაცის საყიდლად. მაგრამ ხედავ, რომ მაღაზიაში ყველაფერი არეულ-დარეულია და ნივთები უწესრიგოდ ყრია. რამდენი ხანი დაგჭირდება სასურველი ნივთის საპოვნელად? მაშინ უფრო ადვილად არ იპოვი მას, თუ ყველაფერი თავ-თავის ადგილას კოხტად და ლამაზად იქნება დალაგებული? რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან?

      შეადგინე გეგმა.

      „ერთხელ მთელი შაბათი-კვირა მეგობართან გავატარე და საერთოდ გადამავიწყდა საშინაო დავალებების მომზადება და სახლის საქმეების გაკეთება. ორშაბათს კი ძლივს დავითანხმე მასწავლებლები, რომ გაკვეთილები სხვა დროს გამოეკითხათ. ახლა უკვე გეგმას ვადგენ, რომ არ დამავიწყდეს, როდის რა მაქვს გასაკეთებელი“, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები 18 წლის ზაქარი.

      გეგმის ჩამოწერა დაეხმარა სელესტინსაც, პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონას. მან სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენა და თქვა: „ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, მათ შორის ის, თუ როდის მოვამზადებდი დავალებებს, როდის მოვემზადებოდი გამოცდებისთვის და როდის წავიდოდი მეგობრებთან გასართობად. ეს მეხმარებოდა პრიორიტეტების დადგენაში და იმაში, რომ ყველაფერი თავის დროზე მეკეთებინა“.

      რჩევა: ჩაწერე შენი გეგმა ბლოკნოტში, მობილურში ან კომპიუტერში შეიტანე.

      ნუ დაიზარებ.

      იოლია თქვა: „ამას მერე გავაკეთებ“. უმჯობესია, გასაკეთებელი მალევე გააკეთო; ეს განსაკუთრებით საშინაო დავალებებს ეხება.

      რჩევა: სახლში დაბრუნდები თუ არა, რაც შეიძლება მალე მიუჯექი საშინაო დავალებებს. სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი, ნურც ტელევიზორს ჩართავ და ნურც სხვა რამით გაერთობი.

      მოაწესრიგე ნივთები.

      გქონია ისეთი შემთხვევა, რომ სკოლაში მისულხარ და იქ აღმოგიჩენია, რომ რვეული, კალამი ან წიგნი სახლში დაგრჩენია? როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება? „ჩანთას ყოველთვის წინასწარ ვალაგებდი“, — ამბობს მიანმაში მცხოვრები ახალგაზრდა აუნგ მიოი მიატი.

      რჩევა: ჩანთა ყოველთვის სუფთა გქონდეს და ნივთები მოწესრიგებულად გეწყოს, რაც დაგჭირდება, ადვილად რომ იპოვო.

      დასკვნა. თუ მოწესრიგებული იქნები, არც ნივთები დაგრჩება სახლში და არც გაკვეთილებზე დაგაგვიანდება; შესაბამისად, სტრესიც ნაკლები გექნება და დრო სხვა რამეებისთვისაც გეყოფა.

      ნუ გადადებ. იფიქრე ერთ რომელიმე მხარეზე, რაშიც მეტი მოწესრიგებულობა გჭირდება. შემდეგ მშობლებთან ან მეგობრებთან ერთად იმსჯელე, როგორ გაუმჯობესდე ამ საკითხში.

  • ითხოვე დახმარება
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ოქტომბერი
    • ითხოვე დახმარება

      სხვების დახმარება არა მარტო სკოლაში სწავლის პერიოდში დაგჭირდება, არამედ მომავალშიც, როცა გაიზრდები.

      დაფიქრდი, ვის შეგიძლია სთხოვო, დაგეხმაროს სწავლაში?

      ოჯახი.

      „როცა დავალების მომზადებაში დახმარება მჭირდებოდა, მამა მიხსნიდა ხოლმე მასალას და შეკითხვებს მისვამდა. პასუხებს არ მეუბნებოდა; უნდოდა, მე თვითონ მომეძებნა“,a — ამბობს ბრაზილიაში მცხოვრები 18 წლის ბრუნა.

      რჩევა: პირველ რიგში, ჰკითხე დედას ან მამას, როგორ სწავლობდნენ იმ საგნებს, რომლებშიც შენ მოიკოჭლებ. თუ აღმოჩნდა, რომ კარგად სწავლობდნენ, შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ შენი მშველელები ამ საგნებში.

      მასწავლებლები.

      მასწავლებლების უმეტესობას უხარია, როცა ხედავს, რომ ბავშვი მთელი გულითაა მონდომებული. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ასეთ მოსწავლეებს.

      რჩევა: უთხარი შენს მასწავლებელს: „მინდა, რომ ეს საგანი უფრო კარგად ვისწავლო, მაგრამ მიჭირს. თქვენ რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?“.

      მეგობრები.

      შეიძლება ოჯახის სანდო მეგობარმა გაგიწიოს დიდი დახმარება. ასეთ შემთხვევაში სარგებელი ორგვარია. პირველი, იღებ საჭირო დახმარებას და მეორე, საჭიროების შემთხვევაში სხვებზე მინდობას სწავლობ. ეს თვისება აუცილებლად დაგჭირდება, როცა გაიზრდები. ფაქტობრივად, წარმატება ერთმანეთის მხარში დგომით მიიღწევა და არა პრობლემებთან მარტო ჭიდილით (იგავები 15:22).

      რჩევა: ჰკითხე მშობლებს, ვინ შეიძლება დაგეხმაროს სწავლაში.

      დასკვნა: ცუდი არაფერია იმაში, თუ დახმარებისთვის სხვებს მიმართავ.

      ნუ გადადებ. დაწერე შენთვის მისაბაძი ორი ან სამი პიროვნების სახელი. ახლა დაფიქრდი, რომელიმე მათგანს ხომ არ შეუძლია დაგეხმაროს დავალებების მომზადებაში?

      a შეიძლება აგრეთვე უფროსი და ან ძმა დაგეხმაროს ამ საკითხში.

      „ჩემი საყვარელი მასწავლებელი“

      „ძალიან მიყვარდა ერთი მასწავლებელი. მართალია, საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ ყველა პატივს სცემდა. უზომოდ უყვარდა თავისი საქმე. გაკვეთილზე ოთახში ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დადიოდა და ისე ხსნიდა მასალას, თან ჟესტიკულაციას იყენებდა. მსჯელობაში მთელი კლასი ჰყავდა ჩართული. თუ რაიმეს ვერ გავიგებდით, მშვიდად გვიხსნიდა, სანამ ბოლომდე არ გაგვაგებინებდა. სულ გვიმეორებდა, რომ შეკითხვების დასმა არ მოგვრიდებოდა. სიამოვნებდა, როცა რაღაცას ვეკითხებოდით. ერთხელ გვითხრა, რომ კითხვების დასმით მარტო იმას კი არ იგებდა, რა იყო კლასისთვის გაუგებარი, არამედ უკეთეს მასწავლებლადაც ყალიბდებოდა. ის თითოეული მოსწავლით პირადად იყო დაინტერესებული. ბუღალტერია, რასაც ეს მასწავლებელი გვასწავლიდა, ბევრმა მოსწავლემ აირჩია პროფესიად, იმ მოსწავლეებმაც კი, რომლებმაც მხოლოდ ერთი წელი ისწავლეს მის კლასში“ (ალანა, ავსტრალია).

  • ჯანმრთელობა
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ოქტომბერი
    • ჯანმრთელობა

      თუ გინდა, რომ სკოლაშიც წარმატებული იყო და ზოგადად ნორმალური ცხოვრებითაც იცხოვრო, ჯანმრთელობას უნდა მიაქციო ყურადღება.

      ჩვენი სხეული და ზოგადად სიცოცხლე ღმერთმა მოგვცა და რა თქმა უნდა, მას მოფრთხილება სჭირდება (ფსალმუნი 139:14). დავუშვათ, გყავს მანქანა. რა მოუვა მას, თუ არ მოუვლი? ერთხელაც იქნება და სადღაც გაჩერდები. იმავეს თქმა შეიძლება შენს სხეულზეც. როგორ მოვლას საჭიროებს ის?

      დასვენება.

      არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ადამიანი ღონემიხდილია, გათიშული დადის, გონებაარეულია და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. ამის საპირისპიროდ, სრულფასოვანი დასვენება ძალას და ენერგიას შეგმატებს. ეს ასევე ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ ზრდას, ტვინის უკეთესად მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს გუნება-განწყობილებას. თუ ძილს ამდენი სიკეთე მოჰყვება, ადექი და შენც დროზე დაიძინე!

      რჩევა: თუ შესაძლებელია, ეცადე ერთი და იმავე დროს დაწვე დასაძინებლად.

      კვება.

      მოზარდობის წლებში ადამიანი სწრაფად იზრდება. ბიჭები 10 წლიდან მომდევნო 7 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ იმატებენ წონაში. გოგონებიც სწრაფად იზრდებიან. სხეულის ზრდისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით „ნედლეული“ და ენერგია. ამიტომ შენს თავს დაუსვი შეკითხვა: კვებავ შენს ორგანიზმს სრულფასოვნად?

      რჩევა: დილით საუზმის გარეშე ნუ გახვალ სახლიდან. თუ სკოლაში ნაჭამი წახვალ, უკეთესი კონცენტრირების და მახსოვრობის უნარი გექნება.

      ვარჯიში.

      ბიბლიაში წერია, რომ ვარჯიში სასარგებლოა ორგანიზმისთვის (1 ტიმოთე 4:8). ვარჯიში გაგიმაგრებს კუნთებსა და ძვლებს, შეგმატებს ძალას, შეგინარჩუნებს ნორმალურ წონას, გაგიუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, გაგიძლიერებს იმუნიტეტს, შეგიმსუბუქებს სტრესს და აგიმაღლებს გუნება-განწყობილებას. ამასთანავე, ზოგჯერ ვარჯიშის დროს შეგიძლია გაერთო და გახალისდე კიდეც.

      დასკვნა. საკმარისი ძილი, სრულფასოვანი კვება და ზომიერი ვარჯიში — ეს ის საშუალებებია, რომლებიც ხელს შეუწყობს შენს ორგანიზმს, მუდმივად ფორმაში იყოს. ეს კი, თავის მხრივ, სკოლაში შენს სწავლაზეც აისახება.a

      ნუ გადადებ. ჩამოწერე გონივრული სავარჯიშო გეგმა. შეადგინე ყოველთვიური გეგმა ძილთან და კვებასთან დაკავშირებით და პერიოდულად შეიტანე საჭირო ცვლილებები.

      „როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, როდესაც სასეირნოდ მივდივარ, იქიდან ყოველთვის ენერგიით სავსე ვბრუნდები“ (ჯეისონი, ახალი ზელანდია).

      „ღმერთმა საკვები იმიტომ შექმნა, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამიტომ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევ, რას ვჭამ“ (ჯილი, შეერთებული შტატები).

      „კვირაში სამჯერ დავრბივარ. კვირაში ორჯერ კი ველოსიპედით ვსეირნობ ან გარკვეულ მანძილს ფეხით გავდივარ. ვარჯიში ძალებს მმატებს და სტრესს მიხსნის“ (გრეისი, ავსტრალია).

      a თუ გსურს, მეტი გაიგო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლია წაიკითხო წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • დაისახე მიზანი
    გამოიღვიძეთ! — 2012 | ოქტომბერი
    • დაისახე მიზანი

      როცა იცი, რას მოგიტანს განათლება, სკოლაში სწავლა უფრო აზრიანი და სახალისო ხდება.

      სკოლაში უმიზნოდ სიარული ჰგავს ისეთ რბოლაში მონაწილეობას, რომელსაც ფინიშის ხაზი არა აქვს. ბიბლიაში წერია: „უმიზნოდ არ გავრბივარ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (1 კორინთელები 9:26). თუ მიზანი გექნება დასახული, უფრო მეტად იქნები კონცენტრირებული მიზნის შესრულებაზე და უფრო ადვილად გადახვალ სკოლის მერხიდან სამუშაო მაგიდაზე. რა უნდა გაითვალისწინო მიზნის დასახვისას?

      როგორ აპირებ თავის რჩენას? ამ საკითხზე წინასწარ უნდა იფიქრო სერიოზულად. სადმე სამოგზაუროდ რომ მოისურვო წასვლა, ჯერ ცხადია, ადგილი უნდა შეარჩიო. მერე უნდა აიღო რუკა და აირჩიო, რომელი გზით წახვალ. მსგავსად უნდა შეხედო სკოლაში სწავლის პერიოდსაც. იფიქრე, რა პროფესიას გინდა დაეუფლო და შემდეგ აირჩიე, რა გზებით მიაღწიო ამ მიზანს.

      გაფრთხილება: ბევრ ახალგაზრდას იმდენად აქვს აკვიატებული ერთი რომელიმე კონკრეტული სპეციალობა, მაგალითად მუსიკოსობა ან ჟურნალისტობა, რომ სხვა სამუშაოს გაგონებაც არ უნდა. ამიტომ ისმის კითხვა: სად გადის ზღვარი?

      1.  დაფიქრდი შენს შესაძლებლობებზე. განიჭებს სხვების დახმარება სიამოვნებას? შეგიძლია მანქანის ან სხვა ტექნიკის შეკეთება ან სარემონტო სამუშაოების შესრულება? ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებში ხომ არ ერკვევი კარგად?

      2. რა არჩევანი გაქვს. შესაძლო ვარიანტებიდან რომლის შესრულებას უფრო შეძლებ? ნუ ჩააცივდები მაინც და მაინც ერთ „საოცნებო“ საქმეს; სხვებთან ერთად იმსჯელე რამდენიმე ვარიანტზე. რაც მთავარია, პრაქტიკულად შეხედე საკითხებს. დავუშვათ, სხვა ტერიტორიაზე მოგიწია გადასვლა, იქნება იქ იმის საშუალება, რომ განაგრძო შენი საქმე? ამ საქმის შესასწავლად უაზრო ვალების აღება ხომ არ მოგიწევს?

      3. როგორ შეგიძლია მიაღწიო. ახლა, როცა უკვე არჩეული გაქვს პროფესია, იფიქრე იმაზე, თუ რამდენად მოთხოვნადია ეს საქმე იქ, სადაც ცხოვრობ. ისეთ ვინმეს ხომ არ იცნობ, ვინც შესაძლოა დაგასაქმოს? იქნებ მისთვის გეთხოვა, ესწავლებინა ეს საქმე? პროფესიული მომზადების კურსებზე ხომ არ მიგიწვდება ხელი?

      რჩევა: ესაუბრე მშობლებს, მასწავლებლებს და უფროს მეგობრებს. ეძებე შესაძლო ვარიანტები გაზეთებსა და ინტერნეტში.

      დასკვნა. მიზნის დასახვა შენს განათლებას გარკვეულ მიმართულებას მისცემს.

      ნუ გადადებ. სანამ ჯერ ისევ სკოლაში სწავლობ, დაფიქრდი ზემოთ მოცემულ სამ მნიშვნელოვან საკითხზე. ფურცელზე დაწერე შენი მიზნები და მშობლებთან ერთად იმსჯელე მათზე.

      ალბათ შენიშნე, რომ ამ სტატიათა სერიაში იქ, სადაც საუბარი იყო სკოლაში კარგად სწავლაზე, ხშირად იყო ბიბლიური მუხლები მოყვანილი. იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც გამოსცემენ ამ ჟურნალს, სჯერათ, რომ ბიბლია „სასარგებლოა სასწავლებლად და შესაგონებლად“ (2 ტიმოთე 3:16). ის მართლაც პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სამსახურში, ოჯახში თუ სხვაგან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება