-
იეჰოვას კურთხევებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბასაგუშაგო კოშკი — 2019 | ივლისი
-
-
მე, კლოდი და ჰაინრიხი ლუბუმბაშიში მისიონერული მსახურების დროს (კონგო, 1967 წელი)
დავალების მიღების შემდეგ რამდენიმე ბეთელელმა გვკითხა, რომელ ქვეყნებში გავაგრძელებდით მსახურებას. სხვების პასუხებზე მათ დადებითი რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ, როცა ვუთხარი, რომ კონგოში (კინშასა) უნდა მემსახურა, ჯერ გაჩუმდნენ, შემდეგ კი მითხრეს: „კონგო?! იეჰოვა იყოს შენთან!“. იმ პერიოდში ახალი ამბებიდან ვიგებდით, რომ კონგოში ომი მძვინვარებდა და ხალხი ერთმანეთს ხოცავდა. თუმცა არ მავიწყდებოდა „გალაადში“ ნასწავლი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. 1967 წლის სექტემბერში, „გალაადის“ დამთავრებიდან მალევე, მე, ჰაინრიხ დენბოსტელი და კლოდ ლინდსი კონგოს დედაქალაქ კინშასაში გავემგზავრეთ.
მისიონერობის დროს ნასწავლი გაკვეთილი
კინშასაში სამი თვის მანძილზე ფრანგულს ვსწავლობდით. შემდეგ გადავფრინდით ლუბუმბაშიში (ყოფილი ელიზაბეტვილი), რომელიც კონგოს შორეულ სამხრეთში, ზამბიის საზღვართან მდებარეობდა. დავბინავდით ქალაქის ცენტრში არსებულ მისიონერთა სახლში.
ვინაიდან ლუბუმბაშიში ბევრი დაუმუშავებელი ტერიტორია იყო, გვიხაროდა, რომ პირველები ვიყავით, ვისგანაც ადგილობრივები ჭეშმარიტებას ისმენდნენ. მალე იმდენი ბიბლიის შესწავლა გვქონდა, რომ ვეღარ ავუდიოდით. ჩვენ აგრეთვე ვუქადაგეთ მთავრობის წარმომადგენლებს და პოლიციელებს. ბევრი მათგანი პატივისცემით განეწყო როგორც ღვთის სიტყვის, ისე სამქადაგებლო საქმიანობის მიმართ. ხალხის უმეტესობა სუაჰილიზე საუბრობდა, ამიტომ მე და კლოდ ლინდსიმ ეს ენაც ვისწავლეთ. მალევე სუაჰილიენოვან კრებაში დაგვნიშნეს.
შესანიშნავი შემთხვევების მიუხედავად, არაერთ სირთულესაც შევხვდით. ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე შეიარაღებულ მთვრალ ჯარისკაცებს და აგრესიულ პოლიციელებს, რომლებიც შარს გვდებდნენ. ერთხელ მისიონერთა სახლში კრების მსვლელობის დროს შეიარაღებული პოლიციელები შემოიჭრნენ და ძმები განყოფილებაში წაგვიყვანეს. ღამის ათ საათამდე, სანამ გამოგვიშვებდნენ, ბინძურ იატაკზე ვისხედით.
1969 წელს მიმოსვლითი მსახურება დამავალეს. სარაიონო ზედამხედველად მსახურების დროს ზოგჯერ შორ მანძილებზე მიწევდა ტალახიან გზებზე სიარული და მაღალ ბალახებში გზის გაკვლევა, რაც აფრიკისთვის ჩვეულებრივი რამ არის. ერთ სოფელში კრუხმა თავის წიწილებთან ერთად ჩემი საწოლის ქვეშ დაიბუდა. არასდროს დამავიწყდება დილაუთენია როგორი შემართებით ატეხა კრიახი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა საღამოობით კოცონის გარშემო და-ძმებთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობდი.
ყველაზე დიდ სირთულეს ცრუ ძმები ქმნიდნენ, რომლებიც „კიტავალას“ მოძრაობას უჭერდნენ მხარს.b ზოგიერთმა მათგანმა კრებაში შემოაღწია და პასუხისმგებლობებიც კი მიიღო. საბედნიეროდ, ამ „წყალქვეშა კლდეებმა“ ვერ შეიყვანეს შეცდომაში ერთგული და-ძმები (იუდ. 12). დროთა განმავლობაში იეჰოვამ კრებას ჩამოაშორა ეს ხალხი, რითაც საოცარ ზრდას შეუწყო ხელი.
1971 წელს კინშასას ფილიალში დამნიშნეს, სადაც სხვადასხვა დავალებას ვასრულებდი. მაგალითად, ჩემს მოვალეობაში შედიოდა კორესპონდენცია, ლიტერატურის შეკვეთა და მსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ბეთელში ვისწავლე, როგორ გამეწია საქმისთვის ორგანიზება უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც გაუმართავი ინფრასტრუქტურა იყო. ზოგჯერ ჩვენ მიერ გაგზავნილი ფოსტა თვეების შემდეგ აღწევდა კრებებამდე. ფოსტა თვითმფრინავიდან ნავებში გადაჰქონდათ, რომლებიც კვირების მანძილზე წყალმცენარეებში გახლართული ერთ ადგილზე იდგა. თუმცა ამ და სხვა სირთულეების მიუხედავად საქმე მაინც კეთდებოდა.
გაოცებული ვიყავი, როგორ ახერხებდნენ ძმები დიდი კონგრესების ჩატარებას მცირე თანხებით. ისინი სცენის გასაკეთებლად ტერმიტების ბუდეებს იყენებდნენ, ხოლო კედლებისა და სკამების დასამზადებლად — აფრიკულ მაღალ ბალახს. შენობის კარკასს ბამბუკისგან ამზადებდნენ, სახურავსა და მაგიდებს კი — ლერწმის ჭილოფისგან. ლურსმნებს წვრილად გათლილი ხის ქერქისგან აკეთებდნენ. ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ამ და-ძმების გონიერება და ამტანობა. ისინი ძალიან შემიყვარდნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ მომენატრებოდნენ, როცა ახალი დავალების გამო იქაურობის დატოვება მომიწია?!
-