როგორ შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი?
1 აპოლოსის მიერ გამოვლენილმა ენთუზიაზმმა შეიძლება გაგვახსენოს დღევანდელი თანაქრისტიანები, რომლებიც სამქადაგებლო მსახურებაში განსაკუთრებულ გულმოდგინებას ავლენენ (საქ. 18:24—28). მაგრამ შემდეგი რჩევა ყველას გვეხება: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აინთეთ“ (რომ. 12:11). როგორც ქრისტიან მსახურებს, რა დაგვეხმარება ენთუზიაზმის განვითარებასა და შენარჩუნებაში?
2 ცოდნით ანთებულნი: მას შემდეგ, რაც იესო თავის ორ მოწაფეს ეჩვენა და „განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“, მათ თქვეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა?“ (ლუკ. 24:27, 32). მსგავსად ამისა, განა ჩვენც არ გვიღვივის გულები აღფრთოვანებისგან, როდესაც ღვთის სიტყვის სიღრმეებს უფრო და უფრო ვწვდებით? ცოდნა კი რწმენას გვინმტკიცებს. რომაელების 10:17 გვიხსნის: „რწმენა მოსმენილის მეშვეობით მოდის“. როდესაც გვჯერა იეჰოვას დაპირებების, უბრალოდ, არ შეგვიძლია ნასწავლის შესახებ არ ვილაპარაკოთ (ფსალმ. 144:7; საქ. 4:20).
3 შეუძლებელია მხოლოდ უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე ღვთისადმი ძლიერი სიყვარულისა და მისდამი მსახურებაში ენთუზიაზმის შენარჩუნება. საჭიროა განვაგრძოთ ჭეშმარიტებაში ღრმად წვდომა და იეჰოვასადმი სიყვარულის განმტკიცება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მსახურება თანდათანობით შეიძლება მექანიკური გახდეს (გამოცხ. 2:4). ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, განვაგრძოთ ‘ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის გაღრმავება’ (კოლ. 1:9, 10).
4 შესწავლის ჩვევები: ამიტომ უნდა დავუკვირდეთ, როგორი ჩვევა გვაქვს განვითარებული შესწავლასთან დაკავშირებით. მაგალითად, შეიძლება „საგუშაგო კოშკში“ გახაზული გვაქვს სწორი პასუხები და კომენტარებსაც ვაკეთებთ. მაგრამ ვნახულობთ მითითებულ ბიბლიურ მუხლებს და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ შესწავლილი ცხოვრებაში? ბიბლიის ყოველკვირეული კითხვისას ვცდილობთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, დამატებით გამოვიკვლიოთ რომელიმე საკითხი და დავფიქრდეთ, რას გვასწავლის ბიბლიის მოცემული მონაკვეთი? (ფსალმ. 76:12, 13; იგავ. 2:1—5). ღვთის სიტყვაზე ‘ფიქრი და ამით დაკავება’ ძალიან სასარგებლოა! (1 ტიმ. 4:15, 16). ასეთი საფუძვლიანი შესწავლა სულიერად გამოგვკვებავს და ძალებს შეგვმატებს საიმისოდ, რომ „კარგი საქმეების მოშურნე“ ვიყოთ (ტიტ. 2:14).