საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 იანვარი
    • რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?

      „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).

      1, 2. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ღმერთს მოთხოვნები აქვს მათდამი, ვისაც მოსაწონად სურს მისადმი თაყვანისმცემლობა?

      „ჩემი რელიგია სავსებით მაკმაყოფილებს!“ განა ამას არ ამბობენ ხშირად ადამიანები? მაგრამ, სინამდვილეში, კითხვა ასეთი უნდა იყოს: „სიამოვნებს ღმერთს ჩემი რელიგია?“ დიახ, ღმერთს მოთხოვნები აქვს მათდამი, ვისაც სურს თაყვანისცემით ასიამოვნოს მას. განა უნდა გვიკვირდეს ეს? სიმართლე რომ ვთქვათ, არა. წარმოიდგინე, რომ გაქვს მშვენიერი სახლი, რომლის სულ ახლახან განახლება ძვირი დაგიჯდა. დაუშვებდი, რომ ნებისმიერს ეცხოვრა იქ? რასაკვირველია, არა! ვინც არ უნდა ყოფილიყო მდგმური, მას შენი მოთხოვნების გაცნობა მოუწევდა.

      2 მსგავსად ამისა, იეჰოვამ ადამიანთა ოჯახს დედამიწა მისცა სახლად. მისი სამეფოს მმართველობით დედამიწა მალე „განახლებული“ იქნება — გადაიქცევა შესანიშნავ სამოთხედ. იეჰოვა შეასრულებს ამას. მან საკუთარი ძე შეწირა ამის განსახორციელებლად, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა. ნამდვილად, ღმერთს უნდა ჰქონდეს მოთხოვნები მათ მიმართ, ვინც იქ იცხოვრებს! (ფსალმუნი 113:24; მათე 6:9, 10; იოანე 3:16).

      3. როგორ შეაჯამა სოლომონმა, რას მოელის ღმერთი ჩვენგან?

      3 როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოთხოვნები აქვს ღმერთს? იეჰოვამ შთააგონა ბრძენ მეფე სოლომონს, რომ შეეჯამებინა ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოელის. იმ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ, რასაც ეძებდა — სიმდიდრის, სამშენებლო პროექტების, მუსიკალური ინტერესებისა და რომანტიკული სიყვარულის ჩათვლით — სოლომონმა შეიგნო: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).

      „მისი მცნებები მძიმე როდია“

      4–6. ა) რას ნიშნავს სიტყვასიტყვით ბერძნულიდან გადმოთარგმნილი სიტყვა „მძიმე“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის მცნებები მძიმე არ არის?

      4 „დაიცავი მცნებანი მისნი“. ძირითადად, სწორედ ამას მოელის ღმერთი ჩვენგან. ძალიან ბევრს ხომ არ მოითხოვს? არავითარ შემთხვევაში. მოციქული იოანე რაღაც ძალიან დამარწმუნებელს გვეუბნება ღვთის მცნებებზე, ანუ მოთხოვნებზე. მან დაწერა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).

      5 ბერძნულიდან გადმოთარგმნილი სიტყვა, „მძიმე“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ძნელს“. ის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რაც ძნელი შესაგუებელი ან რთული შესასრულებელია. მათეს 23:4-ში ის გამოყენებულია ‘მძიმე ტვირთის’, ადამიანის შექმნილი კანონებისა და ადათ-წესების აღსაწერად, რომლებსაც მწიგნობრები და ფარისევლები ხალხს აკისრებდნენ. თუ სწვდები იმ დასკვნას, რომელიც ხნიერმა მოციქულმა იოანემ გამოიტანა? ღვთის მცნებები მძიმე ტვირთი არ არის, არც მათი შესრულებაა ძალიან რთული (შეადარე მეორე რჯული 30:11). პირიქით, თუ გვიყვარს ღმერთი, მისი მოთხოვნების შესრულება გვაბედნიერებს. ეს ძვირფას შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული იეჰოვასადმი.

      6 ღვთისადმი სიყვარულის გამოსავლენად ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიცოდეთ, რას მოელის ის ჩვენგან. მოდი, ახლა განვიხილოთ ღვთის მოთხოვნებიდან ხუთი. ამის გაკეთებისას გვახსოვდეს, რაც იოანემ დაწერა: ‘ღვთის მცნებები მძიმე არ არის’.

      მიიღე შემეცნება ღვთის შესახებ

      7. რაზე არის დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა?

      7 პირველი მოთხოვნა არის ღვთის შესახებ შემეცნების მიღება. განვიხილოთ იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი იესოს სიტყვები. აღწერილია დედამიწაზე იესოს ყოფნის ბოლო ღამე. თავისი წასვლის გამო საღამოს უმეტესი ნაწილი მან მოციქულების მომზადებას დაუთმო. ის მათ მომავალზე, მარადიულ მომავალზე, ზრუნავდა. მან ცას მიაპყრო თვალები და ილოცა მათთვის. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით, მესამე მუხლში ვკითხულობთ: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ იღებდნენ შემეცნებას შენს შესახებ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ, და ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს შესახებ“. დიახ, მათი გადარჩენა დამოკიდებული იყო ღვთისა და ქრისტეს შესახებ ‘შემეცნების მიღებაზე’. ეს ჩვენც გვეხება. გადარჩენისთვის ჩვენ ასეთი შემეცნება უნდა გვქონდეს.

      8. რას ნიშნავს ღვთის შესახებ ‘შემეცნების მიღება’?

      8 რას ნიშნავს ღვთის შესახებ ‘შემეცნების მიღება’? ‘შემეცნების მიღებად’ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „გაცნობას, შეგნებას“ ან „სრულად გაგებას“. აგრეთვე დაუკვირდი, რომ თარგმანში „იღებდნენ შემეცნებას“, იგულისხმება, რომ ეს უწყვეტი პროცესია. ამრიგად, ღვთის შესახებ შემეცნების მიღება მის გაცნობას ნიშნავს, მაგრამ ზერელეს კი არა, არამედ ღრმა შეცნობას, მასთან გულისხმიერი მეგობრობის განვითარებით. ღმერთთან ხანგრძლივ დამოკიდებულებას მოაქვს არნახულად მზარდი შემეცნება მის შესახებ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მარადიულად, რადგან ჩვენ ვერასდროს შევიცნობთ იეჰოვას ბოლომდე (რომაელთა 11:33).

      9. რის სწავლა შეგვიძლია იეჰოვას შესახებ შემოქმედების წიგნიდან?

      9 როგორ ვეცნობით ღმერთს? ამ საკითხში დასახმარებლად არსებობს ორი წიგნი. პირველი შემოქმედების წიგნია. იეჰოვას შემოქმედების ნაყოფი — სულიერი და უსულო — გარკვეულწილად გვაგებინებს, როგორი პიროვნებაა ის (რომაელთა 1:20). განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. დიდებული ჩანჩქერის ხმაური, აღელვებული ზვირთების მძიმე დაცემა, ნათელ ღამეს ვარსკვლავებით მოფენილი ცის ხედი — განა ყოველივე ეს არ გვასწავლის, რომ იეჰოვა ‘ყოვლადძლიერი’ ღმერთია? (ესაია 40:26). ბავშვის სიცილი, როცა ლეკვის კუდის თამაშს ან ძაფის გორგალთან მოთამაშე კნუტს უყურებს — განა ეს არ გვიჩვენებს, რომ იეჰოვას, ‘ბედნიერ ღმერთს’, იუმორის გრძნობა აქვს? (1 ტიმოთე 1:11). გემრიელი კერძის გემო, მდელოში ყვავილების სასიამოვნო სურნელი, ნაზი პეპლის მკვეთრი ფერები, გაზაფხულზე ჩიტების ჭიკჭიკი, საყვარელი ადამიანის ალერსიანი მოხვევა — განა ყოველივე ამის შემხედვარეს, არ გვესმის, რომ ჩვენი შემოქმედის, სიყვარულის ღმერთის, სურვილია, დავტკბეთ სიცოცხლით? (1 იოანე 4:8).

      10, 11. ა) რომელ საკითხებს ვერ ვისწავლით იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ შემოქმედების წიგნიდან? ბ) რომელ კითხვებზე პასუხობს მხოლოდ ბიბლია?

      10 მაგრამ იმაში, რის შესწავლაც იეჰოვას შესახებ შემოქმედების წიგნიდან შეგვიძლია, საზღვარი არსებობს. მაგალითად: რა ჰქვია ღმერთს? რატომ შექმნა მან დედამიწა და დაასახლა მასზე ადამიანები? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? რა მოგველის მომავალში? ასეთ კითხვებზე პასუხისთვის უნდა მივმართოთ სხვა წიგნს — ბიბლიას, რომელიც იუწყება ღვთის შესახებ. მის ფურცლებზე იეჰოვა გვატყობინებს საკუთარი თავის შესახებ, მათ შორის საკუთარი სახელის, პიროვნებისა და განზრახვების შესახებ — გვატყობინებს ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვერანაირი სხვა წყაროდან ვერ მივიღებთ (გამოსვლა 34:6, 7; ფსალმუნი 83:18 აქ, [82:19, სსგ]; ამოსი 3:7).

      11 აგრეთვე, საღვთო წერილის საშუალებით იეჰოვა გვიზიარებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემეცნებას სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ. მაგალითად, ვინ არის იესო ქრისტე და რა როლს თამაშობს იეჰოვას განზრახვების შესრულებაში? (საქმეები 4:12). ვინ არის სატანა ეშმაკი? როგორ აცდუნებს ადამიანებს? როგორ შეგვიძლია ავარიდოთ თავი, რომ არ გვაცდუნოს? (1 პეტრე 5:8). ამ კითხვებზე სიცოცხლის გადამრჩენი პასუხების პოვნა შეიძლება მხოლოდ ბიბლიაში.

      12. როგორ ახსნიდი, რატომ არ არის მძიმე ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შემეცნების მიღება?

      12 ძნელია თუ არა მივიღოთ შემეცნება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ? რასაკვირველია, არა! შეგიძლია გაიხსენო, რას გრძნობდი, როცა პირველად გაიგე, რომ ღვთის სახელი არის იეჰოვა, რომ მისი სამეფო აღადგენს სამოთხეს დედამიწაზე, რომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მან თავისი საყვარელი ძე შესწირა და კიდევ სხვა ძვირფასი ჭეშმარიტებები? განა არ ჰგავდა ეს უცოდინარობის საფარის გადაწევასა და პირველად სიცოცხლეში საკითხების ნათლად დანახვას? ღვთის შესახებ შემეცნების მოპოვება არ არის მძიმე. ის სასიამოვნოა! (ფსალმუნი 1:1–3; 118:97).

      შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს

      13, 14. ა) რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება ცხოვრებაში ღვთის შესახებ შემეცნების მიღებისას? ბ) რომელი უწმინდური ჩვევებისგან მორიდებას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?

      13 როგორც კი ვეცნობით ღმერთს, ვხვდებით, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა შევიტანოთ. ამას მეორე მოთხოვნასთან მივყავართ. ჩვენ უნდა შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებით და მივიღოთ მისი ჭეშმარიტება. რა არის ჭეშმარიტება? ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ღვთისთვის, თუ რა გვწამს და რას ვაკეთებთ? აშკარაა, რომ დღეს მრავალი ადამიანი არ ფიქრობს ასე. 1995 წელს ანგლიკანური ეკლესია თავის გამოქვეყნებულ ცნობაში გამოთქვამდა აზრს, რომ წყვილის დაუქორწინებლად ცხოვრება არ უნდა ითვლებოდეს ცოდვად. «გამოთქმა „ცოდვილი ცხოვრება“ სახელის გამტეხია და არაფერს ეხმარება», — გამოაცხადა ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელმა.

      14 მაშ, „ცოდვილი ცხოვრება“ აღარ არის ცოდვა? იეჰოვა საკმაოდ გარკვევით გვეუბნება, რას ფიქრობს ასეთ ყოფაქცევაზე. მისი სიტყვა, ბიბლია, აცხადებს: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4). შესაძლოა, ლიბერალი მღვდლებისა და ეკლესიის მრევლის თვალში ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი არ წარმოადგენდეს ცოდვას, მაგრამ ღვთის თვალში ეს სერიოზული ცოდვაა! და ასეთივე ცოდვაა მრუშობა, სისხლის აღრევა და ჰომოსექსუალიზმი (ლევიანნი 18:6; 1 კორინთელთა 6:9, 10). ღმერთი მოითხოვს, რომ მოვერიდოთ ჩვევებს, რომლებსაც უწმინდურად თვლის.

      15. როგორ შეიცავს ღვთის მოთხოვნები სხვებისადმი ჩვენს მოპყრობასა და ჩვენს რწმენას?

      15 მაგრამ საკმარისი არ არის, მოვერიდოთ ჩვევებს, რომლებსაც ღმერთი ცოდვად თვლის. ღვთის მოთხოვნები ასევე სხვებთან ჩვენს მოპყრობას ეხება. ის მოელის, რომ ოჯახში ცოლ-ქმარს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ჰქონდეთ. მშობლებისგან ღმერთი მოითხოვს, რომ შვილების მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე იზრუნონ. შვილებს ის ეუბნება, რომ მშობლების მორჩილი იყვნენ (იგავნი 22:6; კოლასელთა 3:18–21). ხოლო რის თქმა შეიძლება ჩვენს რწმენაზე? იეჰოვა ღმერთს სურს, მოვერიდოთ ისეთ რწმენასა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც თავის დასაბამს ცრუ თაყვანისმცემლობაში იღებს ან ეწინააღმდეგება სუფთა ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიამ გვასწავლა (მეორე რჯული 18:9–13; 2 კორინთელთა 6:14–17).

      16. ახსენი, რატომ არ არის მძიმე, შევესაბამებოდეთ სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებულ ღვთის ნორმებს და ვიღებდეთ მის ჭეშმარიტებას.

      16 მძიმეა, შევესაბამებოდეთ ღვთის ნორმებს სწორ ყოფაქცევასთან დაკავშირებით და მისი ჭეშმარიტება მივიღოთ? არა, როცა კარგ შედეგებს განვიხილავთ — მაგალითად: ცოლქმრობას, რომელშიც ორივეს უყვარს და ორივე ენდობა ერთმანეთს, ნაცვლად ისეთი ცოლქმრობისა, რომელსაც ღალატი ანგრევს; ოჯახებს, სადაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლებს უყვართ და სურთ, ჰყავდეთ ისინი, ნაცვლად იმ ოჯახებისა, სადაც ბავშვები არ უყვართ, სადაც მათ უგულებელყოფენ და არ სურთ; სუფთა სინდისსა და კარგ ჯანმრთელობას, ნაცვლად დანაშაულის გრძნობისა და შიდს-ით ან სქესობრივი კავშირით გადამდები რომელიმე სხვა დაავადების შედეგად გაუბედურებული სხეულისა. უეჭველია, იეჰოვას მოთხოვნები არაფერს გვაკლებს, რაც სიცოცხლისგან სიამოვნების მისაღებად გვჭირდება! (მეორე რჯული 10:12, 13).

      გამოავლინე პატივისცემა სიცოცხლისა და სისხლისადმი

      17. როგორ უყურებს იეჰოვა სიცოცხლესა და სისხლს?

      17 როცა ცხოვრებას ღვთის ნორმებს უთანხმებ, უფრო აფასებ, თუ რა ძვირფასია სიცოცხლე სინამდვილეში. ამიტომ, მოდი განვიხილოთ ღვთის მესამე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა სიცოცხლისა და სისხლისადმი. იეჰოვასთვის სიცოცხლე წმინდაა. და ასეც უნდა იყოს, რადგან ის არის სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 35:10). წარმოიდგინე, რომ დედის მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლეც კი ძვირფასია იეჰოვასთვის! (გამოსვლა 21:22, 23). მაგრამ სიცოცხლეს სისხლი წარმოადგენს. ამიტომ, სისხლიც წმინდაა ღვთის თვალში (ლევიანნი 17:14). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ღვთის მოლოდინი, რომ ჩვენც მის მსგავსად ვუყურებდეთ სიცოცხლესა და სისხლს.

      18. რას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებით?

      18 რას მოითხოვს ჩვენგან სიცოცხლისა და სისხლისადმი პატივისცემა? როგორც ქრისტიანები, ჩვენ არ მივდივართ ზედმეტ რისკზე მხოლოდ სასიამოვნო განცდებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამიტომ ვრწმუნდებით ჩვენი მანქანებისა და სახლების უსაფრთხოებაში (მეორე რჯული 22:8). ჩვენ არც თამბაქოს ვიყენებთ, არც ბეტელის კაკალს ვღეჭავთ და არც ჩვევის გამომწვევი ან გონების ამრევი ნარკოტიკებით ვსარგებლობთ სიამოვნების მიღების მიზნით (2 კორინთელთა 7:1). რადგან ვუსმენთ ღვთის სიტყვას, ‘თავი შევიკავოთ სისხლისგან’, არ ვრთავთ ნებას ჩვენს სხეულში სისხლის გადასასხმელად (საქმეები 15:28, 29). თუმცა გვიყვარს დღევანდელი სიცოცხლე, ჩვენ არ შევეცდებით მის შენარჩუნებას ღვთის კანონის დარღვევითა და, ამგვარად, მარადიული სიცოცხლის პერსპექტივის საფრთხეში ჩაგდებით! (მათე 16:25).

      19. ახსენი, რა სარგებლობას ვიღებთ სიცოცხლისა და სისხლისადმი პატივისცემის გამოვლენით.

      19 ძალიან მძიმეა, მოვეპყროთ სიცოცხლესა და სისხლს, როგორც წმინდებს? სულაც არა! დაფიქრდი. მძიმეა, არ გვქონდეს ფილტვების სიმსივნე, რომელსაც თამბაქოს მოწევა იწვევს? მძიმეა, გავექცეთ გონებრივ და ფიზიკურ მიდრეკილებას მავნე ნარკოტიკებისადმი? მძიმეა, დავიცვათ თავი შიდს-ისგან, ჰეპატიტის ან სხვა რომელიმე დაავადებისგან, რომელიც სისხლის გადასხმის შედეგად გადადის? ნათელია, მავნე წესებისა და ჩვევებისგან თავის არიდება ჩვენთვის არის სასარგებლო (ესაია 48:17).

      20. როგორი სარგებლობა ნახა ერთმა ოჯახმა სიცოცხლესთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინებით?

      20 განვიხილოთ ასეთი მაგალითი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ დას, იეჰოვას მოწმეს, რომელიც ორსულობის დაახლოებით მეოთხე თვეში იყო, ერთ საღამოს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ მას მოესმა ექიმის ლაპარაკი, რომელიც ერთ-ერთ ექთანს ეუბნებოდა, რომ ორსულობა შესაწყვეტი იქნებოდა. რადგან ქალმა იცოდა იეჰოვას თვალსაზრისი ჯერ არ შობილი ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით, მან მტკიცედ უარყო აბორტი და ექიმს უთხრა: „თუ ცოცხალია, დატოვეთ!“ მას შემდეგ, დროდადრო, ის სისხლის დენით იტანჯებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მან ნაადრევად შვა ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელიც ახლა 17 წლისაა. შემდეგ ის ჰყვებოდა: „ყოველივე ეს ჩვენს ბიჭს ვუამბეთ და მას ძალიან გაუხარდა, რომ სანაგვეზე გადასაგდებად არ გაიმეტეს. მან იცის, რომ იეჰოვასადმი მსახურება ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც ცოცხალია“. ამ ოჯახისთვის სიცოცხლეზე ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინება მართლაც არ იყო მძიმე!

      იეჰოვას ორგანიზებულ ხალხთან მსახურება

      21, 22. ა) ვისთან მოელის ჩვენს თანამშრომლობას იეჰოვა? ბ) როგორ შეიძლება ღვთის ორგანიზებული ხალხის ამოცნობა?

      21 მხოლოდ ჩვენ არ გვიწევს ცვლილებების მოხდენა, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის ნორმებს შევუსაბამოთ. იეჰოვას ჰყავს დედამიწაზე ხალხი და ის მოელის, რომ ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვემსახუროთ მას. ეს მეოთხე მოთხოვნაზე მიგვითითებს. ჩვენ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას მის ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაც მისივე სული ხელმძღვანელობს.

      22 მაგრამ, როგორ შეიძლება ღვთის ორგანიზებული ხალხის ამოცნობა? საღვთო წერილში მოცემული ნორმების თანახმად, მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, ისინი ღრმა პატივისცემით ეპყრობიან ბიბლიას, განადიდებენ ღვთის სახელს, ქადაგებენ მის სამეფოზე და არ არიან ამ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი (მათე 6:9; 24:14; იოანე 13:34, 35; 17:16, 17). დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის ყველა ეს ნიშან-თვისება აქვს — იეჰოვას მოწმეები!

      23, 24. როგორ შეგვიძლია თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას ორგანიზებულ ხალხთან მსახურება მძიმე არ არის?

      23 ძალიან მძიმეა, ვემსახუროთ იეჰოვას მის ორგანიზებულ ხალხთან ერთად? რასაკვირველია, არა! პირიქით, ძვირფასი უპირატესობაა, გვქონდეს ქრისტიანი და-ძმებისგან შემდგარი მსოფლიო ოჯახის სიყვარული და მხარდაჭერა (1 პეტრე 2:17). წარმოიდგინე, რომ გადაიტანე გემის დაღუპვა და წყალში ჩავარდნის მომენტიდან ყველანაირად ცდილობ ზედაპირზე დარჩენას. როცა გრძნობ, რომ ვეღარ ძლებ, მაშველი ნავიდან ხელი გწვდება. დიახ, იქ სხვა გადარჩენილები არიან! მაშველ ნავში ნიჩბის მოსმით ახლა შენ და სხვები მიდიხართ ნაპირისკენ და გზადაგზა სხვა გადარჩენილები ამოგყავთ.

      24 განა ჩვენ მსგავს მდგომარეობაში არა ვართ? ამ ბოროტი ქვეყნიერების სახიფათო „წყლებიდან“ ჩვენ იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის „მაშველ ნავში“ ამოგვიყვანეს. ჩვენ ვმსახურობთ მასში და, ამავე დროს, მივიწევთ სამართლიანი ახალი ქვეყნიერების „ნაპირებისკენ“. თუ ცხოვრების სიძნელეები ჩვენს დაღლილობას იწვევს, როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი თანაქრისტიანებისგან დახმარებისა და ნუგეშისთვის! (იგავნი 17:17).

      25. ა) რა გვავალია მათდამი, ვინც ჯერ კიდევ ამ ბოროტი ქვეყნიერების „წყლებშია“? ბ) ღვთის რომელი მოთხოვნა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      25 მაგრამ, რის თქმა შეიძლება სხვებზე — გულწრფელ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ „წყალში“ არიან? განა არ გვავალია, დავეხმაროთ იეჰოვას ორგანიზაციაში შესასვლელად? (1 ტიმოთე 2:3, 4). მათ სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ ღვთის მოთხოვნები. აქედან გამომდინარეობს ღვთის მეხუთე მოთხოვნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის სამეფოს ურყევად ერთგული მაუწყებლები. ხოლო რასაც ეს მოთხოვნა ეხება, განვიხილავთ მომდევნო სტატიაში.

  • დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 იანვარი
    • დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები

      „ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16).

      1, 2. ა) რომელ ორმხრივ სამსახურში გვთხოვს იეჰოვა მონაწილეობის მიღებას? ბ) რა უნდა ისწავლონ გულწრფელმა ადამიანებმა, რათა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ?

      იეჰოვას კეთილი ცნობა აქვს კაცობრიობისთვის. მას სამეფო აქვს და სურს, რომ ყველგან ადამიანებმა გაიგონ მის შესახებ! ღმერთი მოითხოვს, რომ კეთილი ცნობის შეცნობის მომენტიდან ის სხვებს გავუზიაროთ. ამ სამსახურს ორი მხარე აქვს. პირველი — ჩვენ უნდა ვაუწყებდეთ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. თავის წინასწარმეტყველებაში „სისტემის აღსასრულის“ შესახებ, იესომ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:3, აქ, 14).

      2 ამ სამსახურის მეორე მხარე შეიცავს იმ ადამიანების სწავლებას, რომლებიც კეთილგანწყობით ეხმაურებიან სამეფოს შესახებ გამოცხადებულს. მკვდრეთით აღდგენის შემდეგ თავისი მოწაფეების დიდ ჯგუფს იესომ უთხრა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:19, 20). ყოველივე, რასაც ‘ქრისტე ამცნობდა’, მისგან არ იყო; ის ასწავლიდა სხვებს, რომ ღვთის მცნებები, ანუ მოთხოვნები შეესრულებინათ (იოანე 14:23, 24; 15:10). ამრიგად, ვასწავლოთ სხვებს ‘ყოველივეს დაცვა, რასაც ქრისტე ამცნობდა’, ნიშნავს დავეხმაროთ მათ, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები. გულწრფელი ადამიანები აუცილებლად უნდა ასრულებდნენ ღვთის მოთხოვნებს, რათა მისი სამეფოს ქვეშევრდომები გახდნენ.

      3. რა არის ღვთის სამეფო და რას შეასრულებს, რაც სამეფოს შესახებ ცნობას ასეთ კეთილად ხდის?

      3 რა არის ღვთის სამეფო? და რა უნდა შეასრულოს მან, რაც სამეფოს შესახებ ცნობას ასეთ კეთილად ხდის? ღვთის სამეფო არის ზეციერი მთავრობა. ის ძალიან ძვირფასია იეჰოვასთვის, რადგან მისი საშუალებით ის თავის სახელს ყოველგვარი სირცხვილისგან განწმენდს. სამეფოს საშუალებით იეჰოვა დედამიწაზეც ისევე შეასრულებს თავის ნებას, როგორც ზეცაში. სწორედ ამიტომ გვასწავლიდა იესო ლოცვას ღვთის სამეფოს მოსვლაზე და აღგვძრავდა, ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა (მათე 6:9, 10, 33). თუ გესმის, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იეჰოვასთვის, რომ სხვებს ვასწავლოთ მისი სამეფოს შესახებ?

      რთული, მაგრამ არა მძიმე

      4. როგორ შეიძლება თვალსაჩინოდ ვაჩვენოთ, რომ კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული ჩვენი მოვალეობა მძიმე არ არის?

      4 მძიმეა კეთილი ცნობის ქადაგება? სრულიადაც არა! მაგალითად: მამა ვალდებულია, უზრუნველყოს ოჯახი მატერიალურად. სხვაგვარად მოქმედება ქრისტიანული რწმენის უარყოფის ტოლფასია. მოციქული პავლე წერდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ, განა მძიმეა ეს მოვალეობა ქრისტიანი მამაკაცისთვის? არა, თუ ოჯახი უყვარს, რადგან ამ შემთხვევაში მას სურს მათზე ზრუნვა.

      5. თუმცა სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული მსახურება მოვალეობაა, რატომ უნდა გვსიამოვნებდეს მასში მონაწილეობის მიღება?

      5 მსგავსად ამისა, სამქადაგებლო მსახურება და მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა არის მოვალეობა, მოთხოვნა, რომელზეც თვით ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. პავლემ ეს ამგვარად ჩამოაყალიბა: „ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:16; შეადარე ეზეკიელი 33:7–9). მაგრამ, ჩვენ სიყვარული აღგვძრავს საქადაგოდ და არა უბრალოდ მოვალეობა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ღმერთი გვიყვარს, მაგრამ ამასთანავე ჩვენი მოყვასიც გვიყვარს და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, მოისმინონ კეთილი ცნობა (მათე 22:37–39). ეს მათ მომავლის იმედს აძლევს. ღვთის სამეფო მალე გამოასწორებს უსამართლობას, გააუქმებს შევიწროებას და აღადგენს მშვიდობასა და ერთიანობას — ყოველივეს იმ ადამიანთა მარადიული კურთხევისთვის, რომლებიც მის სამართლიან მმართველობას ემორჩილებიან. განა არ გვსიამოვნებს, დიახ, განა გული არ გვიფანცქალებს სიხარულით, რომ სხვებს გავუზიაროთ კეთილი ცნობა? (ფსალმუნი 109:3).

      6. რატომ წარმოადგენს ნამდვილ სირთულეს სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული მსახურება?

      6 ამავე დროს, სამქადაგებლო და მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს. ხალხი განსხვავებულია. ყველას განსხვავებული ინტერესები ან აღქმის უნარი აქვს. ზოგს კარგი განათლება აქვს, ამავე დროს სხვებს — ცუდი. წაკითხვა — ერთ დროს ყველაზე საყვარელი გართობა — ახლა, ხშირად, უსიამოვნო დავალებად ითვლება. თვისება, რომელიც „კითხვის შემძლე, მაგრამ ამის გასაკეთებლად უინტერესო ადამიანის თვისებად ან მდგომარეობად“ განიმარტება, იმ ქვეყნებშიც კი მზარდი პრობლემაა, სადაც მაღალი წიგნიერების დონით ტრაბახობენ. მაგრამ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთი განსხვავებული წარმოშობისა და ინტერესების მქონე ადამიანებს, ისწავლონ, რას მოითხოვს ღმერთი? (შეადარე 1 კორინთელთა 9:20–23).

      სხვების დასახმარებლად სათანადოდ აღჭურვილები

      7. როგორ აღგვჭურავს „ერთგული და გონიერი მონა“, რათა დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები?

      7 რთული დავალების შესრულება გაგიადვილდება, თუ სათანადო ხელსაწყოები ან აღჭურვილობა გექნება. ხელსაწყო, რომელიც დღეს გარკვეული სამუშაოსთვის განიკუთვნება ხვალ, განსხვავებული საჭიროებების გამო შეიძლება გადაკეთებული ან შეცვლილიც კი იყოს. მსგავს მდგომარეობაშია ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ჩვენი დავალებაც. წლების განმავლობაში „ერთგული და გონიერი მონა“ სწორედ საჭირო ხელსაწყოებით, კერძოდ, ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩასატარებლად განკუთვნილი პუბლიკაციებით, უზრუნველგვყოფს (მათე 24:45). ამრიგად, ჩვენ აღვიჭურვებით, რათა დავეხმაროთ ადამიანებს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები (გამოცხადება 7:9). მსოფლიო ასპარეზზე ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დროდადრო ახალი ხელსაწყოები გამოდის. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

      8. ა) რა ადგილს იკავებდა წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“ ბიბლიური განათლების მხარდაჭერაში? ბ) ბიბლიის შესწავლისთვის რა ხელსაწყო იყო გათვალისწინებული 1968 წელს და რისთვის იყო ის სპეციალურად გამიზნული? გ) როგორ დაეხმარა წიგნი „ჭეშმარიტება“ მოწაფეებად ადამიანთა მომზადებასთან დაკავშირებულ საქმიანობას?

      8 წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“ (ინგლ.) 1946–1968 წლებში ბიბლიური განათლებისთვის ძლიერ ხელსაწყოდ გამოიყენებოდა და დაახლოებით 19 250 000 ეგზემპლარის ტირაჟით 54 ენაზე გამოქვეყნდა. 1968 წელს გამოქვეყნებული წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ (ინგლ.) მრავალი წლის განმავლობაში ეფექტურად გამოიყენებოდა დაინტერესებულ ადამიანებთან ბიბლიის შესასწავლად. წინათ უჩვეულო არ იყო, რომ ზოგი წლობით სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან და არ ინათლებოდა. მაგრამ ეს ხელსაწყო შემსწავლელის ინტერესის გამოსაწვევად, მის გასამხნევებლად იყო გამიზნული, რომ გამოეყენებინა შესწავლილი. რა მოჰყვა ამას? წიგნი „იეჰოვას მოწმეები, ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) აცხადებს: „სამი სამსახურებრივი წლის განმავლობაში, დაწყებული 1968 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1971 წლის 31 აგვისტომდე, მოინათლა 434 906 ადამიანი — რიცხვი, რომელიც წინა სამი წლის განმავლობაში მონათლულთა რიცხვს ორზე მეტჯერ აღემატებოდა!“ გამოქვეყნების დღიდან წიგნმა „ჭეშმარიტებამ“ განსაცვიფრებელ ტირაჟს მიაღწია — 107 000 000-ზე მეტ ეგზემპლარს 117 ენაზე.

      9. რა განსაკუთრებული ნიშან-თვისება აქვს წიგნს „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და რა ძვრა მოახდინა მან სამეფოს მაუწყებელთა რიგებში?

      9 ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად 1982 წელს ძირითადი სახელმძღვანელო გახდა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. ამ ხელსაწყოს ერთვის 150-ზე მეტი ვიზუალური ილუსტრაცია, რომელთაგან თითოეულის აზრობრივი დასათაურება მოკლედ აშუქებს სურათის ყურადსაღებ აზრს. 1982 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“ (ინგლ.) აცხადებდა: «დაახლოებით 20 წლის განმავლობაში (1946 წლიდან 60-იანი წლების შუა პერიოდამდე), როცა ჩვენი ძირითადი სახელმძღვანელო იყო წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“, ჩვენს რიგებს სამეფოს 1 000 000-ზე მეტი ახალი მაუწყებელი შეემატა. შემდეგ სხვა 1 000 000 მაუწყებელი შემოგვემატა, როცა 1968 წელს გამოქვეყნების შემდეგ ძირითადი სახელმძღვანელო გახდა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ვნახავთ თუ არა მსგავს ზრდას სამეფოს მაუწყებლების რიგებში ჩვენი ახალი სასწავლო წიგნის, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, გამოყენებით? აუცილებლად, თუ იეჰოვას ნება იქნება!» ნათელია, ეს იეჰოვას ნება იყო, რადგან 1982-დან 1995 წლამდე სამეფოს მაუწყებელთა რიგებს 2 700 000-ზე მეტი ადამიანი შეემატა!

      10. რომელი ახალი ხელსაწყო იყო გათვალისწინებული 1995 წელს და რატომ უნდა შეუწყოს ხელი ბიბლიის შემსწავლელებს, გააკეთონ საკმაოდ სწრაფი სულიერი წინსვლა?

      10 „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა“, — თქვა იესომ (მათე 9:37). სამკალი ნამდვილად ბევრია. კვლავ ბევრია გასაკეთებელი. ზოგიერთ ქვეყანაში ბიბლიის შესასწავლად ადამიანებს სიებში ჩაწერა უწევთ. ამიტომ, ღვთის შესახებ შემეცნების უფრო სწრაფად გავრცელების მიზნით 1995 წელს ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ გამოაქვეყნა ახალი ხელსაწყო, 192-გვერდიანი წიგნი სათაურით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეს ძვირფასი იარაღი არ განიხილავს ცრუ დოქტრინებს. ის სავსებით ნათლად წარმოგვიდგენს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. იმედია, ის ხელს შეუწყობს ბიბლიის შემსწავლელებს, გააკეთონ საკმაოდ სწრაფი სულიერი წინსვლა. წიგნი „შემეცნება“, რომელიც 125 ენაზე 45 500 000 ეგზემპლარად გამოქვეყნდა და ახლა დამატებით 21 ენაზე ითარგმნება, უკვე მოქმედებს მსოფლიო ასპარეზზე.

      11. რომელი ეფექტური ხელსაწყო იყო გათვალისწინებული წერა-კითხვის უცოდინარი თუ ცუდად მკითხველი ადამიანების დასახმარებლად და როგორ დატოვა მან მკვეთრი კვალი ჩვენს მსოფლიო სასწავლო პროგრამაში?

      11 დროდადრო ‘ერთგული მონა’ გამოსცემს ხელსაწყოებს გარკვეული ან შემოფარგლული აუდიტორიისთვის. მაგალითად, რას ვიტყოდით იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც თავიანთი კულტურისა თუ რელიგიის გამო განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ღვთის მოთხოვნების შესწავლაში? 1982 წელს ჩვენ სწორედ საჭირო რამ მივიღეთ — 32-გვერდიანი ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ ეს უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია არის ეფექტური ხელსაწყო წერა-კითხვის უცოდინარი ან ცუდად მკითხველი ადამიანების სასწავლებლად. ის ძალიან მარტივი და ადვილად აღსაქმელი ენით სთავაზობს ბიბლიის ძირითად ჭეშმარიტებებს. გამოქვეყნების დღიდან ბროშურამ „იხარე სიცოცხლით“ მკვეთრი კვალი დატოვა მსოფლიო სასწავლო პროგრამაში. ბროშურა 105 100 000-ზე მეტ ეგზემპლარად 239 ენაზე გამოქვეყნდა, რის შედეგადაც საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ დღემდე გამოცემულ პუბლიკაციებში ყველაზე ფართოდ თარგმნილ პუბლიკაციას წარმოადგენს!

      12, 13. ა) რომელი ახალი საშუალების გამოქვეყნება დაიწყო ‘ერთგულმა მონამ’ 1990 წლიდან ფართო აუდიტორიის მისაღწევად? ბ) როგორ შეგვიძლია საგუშაგო კოშკის საზოგადოების ვიდეოკასეტების გამოყენება სამქადაგებლო მსახურებაში? გ) სულ ახლახან რომელი ახალი ხელსაწყო იყო გათვალისწინებული მოწაფეებად ადამიანთა მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად?

      12 დაბეჭდილი პუბლიკაციების გარდა, 1990 წლიდან ‘ერთგული მონა’ ფართო აუდიტორიის დასამოძღვრად უზრუნველგვყოფს ახალი საშუალებით — ვიდეოკასეტებით. მოხსენიებული წლის ოქტომბერში გამოიცა 55-წუთიანი ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“ — საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოცემული პირველი ვედეოფილმი. 35 ენაზე ხელმისაწვდომი შესანიშნავი და საინფორმაციო წარმოდგენა აჩვენებს მთელ მსოფლიოში კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული იესოს ბრძანების შემსრულებელი და იეჰოვასადმი მიძღვნილი ადამიანებისგან შემდგარ მსოფლიო ორგანიზაციას. ვიდეოფილმი განსაკუთრებით გამიზნულია მოწაფეებად ადამიანების მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად. სამეფოს მაუწყებლებს არ დაუკარგავთ დრო სამქადაგებლო მსახურებაში ამ ახალი ხელსაწყოს გამოსაყენებლად. ზოგი მას ხელჩანთით ატარებს და ყოველთვის მზად არის, აჩვენოს ან ათხოვოს დაინტერესებულ ადამიანებს. კასეტის გამოცემიდან ცოტა ხანში მიმომსვლელი ზედამხედველი წერდა: „ვიდეო XXI საუკუნის იარაღი გახდა, რათა მილიონობით ადამიანთა გულსა და გონებას მისწვდეს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს კასეტა მხოლოდ პირველი იქნება ვიდეოკასეტების გრძელ სიაში, რომლებსაც საზოგადოება გამოიყენებს სამეფოს საქმიანობის მხარდასაჭერად“. მართლაც, გამოქვეყნდა უფრო მეტი ვიდეოფილმი, მათ შორის სამნაწილიანი ფილმი სათაურით „ბიბლია — ფაქტებისა და წინასწარმეტყველებების წიგნი“ (ინგლ.) და „იეჰოვას მოწმეები მტკიცედ დგანან ნაცისტური თავდასხმის წინაშე“ (ინგლ.). იყენებ თუ არა მათ სამქადაგებლო მსახურებაში, თუ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ვიდეოკასეტები ხელმისაწვდომია შენს ენაზეa?

      13 სულ ახლახან, მოწაფეებად ადამიანთა მომზადების სამსახურის მხარდასაჭერად გამოქვეყნდა ახალი ხელსაწყო — ბროშურა სათაურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ რატომ გამოქვეყნდა ის? როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

      ახალი ხელსაწყოს განხილვა

      14, 15. ვისთვის არის განკუთვნილი ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“ და რას შეიცავს ის?

      14 ახალი პუბლიკაცია „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე სწამთ ღმერთი და პატივისცემით ეპყრობიან ბიბლიას. ამ ბროშურის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გალაადში განსწავლულმა მისიონერებმა და მიმომსვლელმა ზედამხედველებმა. ის ბიბლიის ძირითადი სწავლებების შემცველ სრულ სასწავლო კურსს მოიცავს. გადმოცემულია სასიამოვნო, უბრალო და გასაგები ენით. ამავე დროს ტექსტი გადაჭარბებულად გამარტივებულიც არ არის. მასში მხოლოდ „რძე“ კი არა, არამედ ღვთის სიტყვიდან ‘მაგარი საჭმელიც’ ისეა შემოთავაზებული, რომ ადამიანთა უმრავლესობამ შეძლოს მისი მიღება (ებრაელთა 5:12–14).

      15 ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან სამეფოს მაუწყებლები სწორედ ასეთ პუბლიკაციას ითხოვდნენ. მაგალითად, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პაპუა-ახალი გვინეის ფილიალი წერდა: „საპირისპირო რელიგიური სწავლებების გამო ხალხი დაბნეულობაში იმყოფება. მათ სჭირდებათ მოკლედ გადმოცემული ჭეშმარიტება, რომელსაც ბიბლიიდან რამდენიმე ტექსტი დაადასტურებდა და რომელთა შემოწმებასაც თავიანთ ბიბლიებში შეძლებდნენ. მათ სჭირდებათ ნათელი და კონკრეტული აღწერა იმის შესახებ, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან და რომელი წეს-ჩვეულებები და ადათ-წესებია მიუღებელი მისთვის“. ბროშურა „ღვთის მოთხოვნები“ სწორედ ის არის, რაც გვჭირდება, რათა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ისწავლონ ღვთის მოთხოვნები.

      16. ა) განსაკუთრებით ვის შეუძლია სარგებლობის მიღება ახალ ბროშურაში მოცემული უბრალო განმარტებებიდან? ბ) როგორ შეიძლება შენს უბანში მცხოვრებმა ადამიანებმა სარგებლობა მიიღონ ბროშურიდან „ღვთის მოთხოვნები“?

      16 როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს ახალი ხელსაწყო? უპირველეს ყოვლისა, ის შეიძლება ისეთ ადამიანებთან შესასწავლად იყოს გამოყენებული, რომლებსაც უჭირთ კითხვა ან არ არიან განწყობილი ამის გასაკეთებლადb. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება სარგებლობა მიიღონ ბროშურაში მოცემული უბრალო განმარტებებიდან. გამოცემამდე ამ პუბლიკაციის ეგზემპლარის გადახედვის შემდეგ, საგუშაგო კოშკის ფილიალებმა დაწერეს შემდეგი: „ბროშურა ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნის მრავალ კუთხეში, სადაც ადამიანები მიდრეკილნი არ არიან ფართო კითხვისკენ“ (ბრაზილია). „ემიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობა საკუთარ ენაზეც ვერ კითხულობს და ფრანგულსაც ჯერ ძლივს უმკლავდება. ეს ბროშურა შეიძლება დამხმარე სახელმძღვანელო იყოს ასეთ ადამიანებთან შესწავლის ჩასატარებლად“ (საფრანგეთი). ფიქრობ თუ არა შენს უბანში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებმაც შეიძლება სარგებლობა მიიღონ ბროშურიდან „ღვთის მოთხოვნები“?

      17. რა მეთოდით შეიძლება ახალი ბროშურის გამოყენება მრავალ ქვეყანაში და რატომ?

      17 მეორე: მრავალ ქვეყანაში, ადამიანთა განათლების დონის მიუხედავად, ბროშურა შეიძლება გამოყენებული იქნეს ღვთისმოშიშ ადამიანებთან ბიბლიის შესწავლის დასაწყებად. რასაკვირველია, უნდა შევეცადოთ, დავიწყოთ შესწავლა წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება შესწავლის დაწყება ბროშურით უფრო ადვილი იყოს. შემდეგ, შესაფერის დროს, შესწავლის გაგრძელება შეიძლება წიგნით „შემეცნება“, ჩვენი ძირითადი და უპირატესი სასწავლო დამხმარე საშუალებით. ბროშურის „ღვთის მოთხოვნების“ გამოყენებასთან დაკავშირებით, საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალები წერდნენ: „ბიბლიის შესწავლის დაწყება რთულია, ამიტომ, როგორც ჩანს, შესწავლის დაწყების უფრო უკეთეს შესაძლებლობებს მაუწყებლებს ბროშურა აძლევს“ (გერმანია). «ამგვარი ბროშურა ყველაზე ეფექტური იქნება ბიბლიის ახალი შესწავლების დასაწყებად, რომლებიც შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს წიგნით „შემეცნება“» (იტალია). «თუმცა იაპონელებს განათლების მაღალი დონე აქვთ, უმრავლესობის შემეცნება ბიბლიისა და მისი ძირითადი სწავლებების შესახებ ძალიან შემოფარგლულია. ეს ბროშურა ბრწყინვალე საფეხური უნდა იყოს წიგნისთვის „შემეცნება“» (იაპონია).

      18. რა უნდა გვახსოვდეს ღვთის მოთხოვნების შესრულების შესახებ?

      18 მთელ მსოფლიოში საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფილიალები ითხოვდნენ ამ ბროშურას და ბროშურის თარგმნა 221 ენაზე დადგინდა. დაე, ეს ახალი პუბლიკაცია სასარგებლო იყოს ჩვენთვის, რათა დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ, რას მოითხოვს იეჰოვა ღმერთი მათგან. ჩვენი მხრივ, მოდი გვახსოვდეს, რომ ღვთის მოთხოვნების შესრულება, მათ შორის ქადაგებასა და მოწაფეებად ხალხის მომზადებასთან დაკავშირებულ ბრძანებასთან შეხვედრა, გვაძლევს ფასდაუდებელ შესაძლებლობას, ვუჩვენოთ იეჰოვას, თუ რამდენად გვიყვარს ის. დიახ, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს მძიმე არ არის. ეს ცხოვრების საუკეთესო გზა არის! (ფსალმუნი 18:8–12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება