-
ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ღმერთსსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ღმერთს
„ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12).
1. რა საზღვრები ჰქონდა ადამისა და ევას თავისუფლებას?
იეჰოვა ღმერთმა ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, ნების თავისუფლებით შექმნა. თუმცა ანგელოზებზე უფრო დაბალი მდგომარეობა ეკავათ, ისინი გონიერი ქმნილებები იყვნენ და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ (ფსალმუნი 8:5, 6). მაგრამ ღვთისგან მიღებული ასეთი თავისუფლება არ ნიშნავდა ნებართვას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ანგარიში ჩაებარებინათ თავიანთი შემოქმედის წინაშე და ეს ვალდებულება ყველა მათ შთამომავალზე ვრცელდება.
2. ვის მოსთხოვს იეჰოვა მალე ანგარიშს და რატომ?
2 ახლა, როცა ბოროტი სისტემის კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით, იეჰოვა მთელ დედამიწას მოსთხოვს ანგარიშს (შეადარე რომაელთა 9:28). მალე, უღვთო ადამიანებს იეჰოვა ღმერთის წინაშე მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება დედამიწის სიმდიდრეების დატაცების, ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა და, განსაკუთრებით, მისი მსახურების დევნისთვის (გამოცხადება 6:10; 11:18).
3. რომელი საკითხები იქნება განხილული?
3 ამ გამომაფხიზლებელი სურათის შემხედვარეები, სასარგებლოა, დავფიქრდეთ იეჰოვას სამართლიან დამოკიდებულებაზე თავის ქმნილებებთან წარსულში. პირადად ჩვენ როგორ გვეხმარება საღვთო წერილი, მოსაწონი ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენს შემოქმედს? რომელი მაგალითები შეიძლება იყოს სასარგებლო და რომლებს არ უნდა მივბაძოთ?
ანგელოზები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში
4. საიდან ვიცით, რომ ღმერთი პასუხს აგებინებს ანგელოზებს მათი ქცევისთვის?
4 იეჰოვას ზეციერი ქმნილებები, ანგელოზები, ისეთივე ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში, როგორც ჩვენ. ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნამდე ქალებთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად ზოგიერთმა ურჩმა ანგელოზმა ხორცი შეისხა. როგორც ნების თავისუფლების მქონე ქმნილებებს, ამ სულებს შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ღმერთმა პასუხი აგებინა. სულიერ სფეროში ურჩი ანგელოზების დაბრუნებისას იეჰოვამ არ დაუშვა, რომ მათ თავდაპირველი ადგილი დაეკავებინათ. მოწაფე იუდა გვეუბნება, რომ ისინი ‘საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ არიან შემონახული, რათა დიად დღეს განკითხულნი იქნენ’ (იუდა 6).
5. სად იქნენ ჩამოყრილი სატანა და მისი დემონები და რა ფასად დაუჯდებათ აჯანყება?
5 მმართველად ამ ურჩ ანგელოზებს, ანუ დემონებს, სატანა ეშმაკი ჰყავთ (მათე 12:24–26). ეს ბოროტი ანგელოზი აუჯანყდა თავის შემოქმედს და ეჭვის ქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესი მმართველობის კანონიერება. სატანამ ცოდვა ჩაადენინა ჩვენს პირველ მშობლებს, ხოლო ამან, საბოლოოდ, ისინი სიკვდილამდე მიიყვანა (დაბადება 3:1–7, 17–19). თუმცა ამის შემდეგ იეჰოვამ დაუშვა, რომ ზეციერ ეზოებში სატანას მისასვლელი ჰქონოდა, ბიბლიური წიგნი, „გამოცხადება“, წინასწარმეტყველებდა, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს ეს ბოროტი არსება ჩამოგდებული იქნებოდა დედამიწის მიდამოებში. ფაქტები ნათელყოფს, რომ ეს მოხდა მას შემდეგ ცოტა ხანში, რაც 1914 წელს იესო ქრისტემ სამეფო ძალაუფლება მიიღო. ბოლოს ეშმაკი და მისი დემონები საუკუნოდ განადგურდებიან. უზენაეს მმართველობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხის საბოლოოდ გადაჭრით აჯანყების გამო ანგარიში სამართლიანად იქნება გასწორებული (იობი 1:6–12; 2:1–7; გამოცხადება 12:7–9; 20:10).
ღვთის ძე ვალდებულია, ჩააბაროს ანგარიში
6. როგორ უყურებდა იესო მამის წინაშე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებას?
6 რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ღვთის ძემ, იესო ქრისტემ! როგორც ადამის თანასწორ, სრულყოფილ მამაკაცს, იესოს ძალიან უხაროდა ღვთის ნების შესრულება. მას აგრეთვე ახარებდა, რომ ვალდებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა იეჰოვასთვის კანონის შესრულებასთან დაკავშირებით. მის შესახებ ფსალმუნმომღერალმა სათანადოდ იწინასწარმეტყველა: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“ (ფსალმუნი 39:9; ებრაელთა 10:6–9).
7. სიკვდილის წინა ღამეს ლოცვისას, რატომ შეეძლო იესოს იოანეს 17:4, 5-ში ჩაწერილი სიტყვების წარმოთქმა?
7 სიძულვილით აღსავსე წინააღმდეგობის მიუხედავად, იესომ შეასრულა ღვთის ნება და წამების ძელზე სიკვდილამდე უმწიკვლო დარჩა. ამრიგად, მან გადაიხადა ადამის ცოდვით გამოწვეული სასიკვდილო შედეგებისგან კაცობრიობის გამოსასყიდი ფასი (მათე 20:28). ამიტომ, სიკვდილის წინა ღამეს იესოს გაბედულად შეეძლო, ელოცა: „მე განგადიდე დედამიწაზე: აღვასრულე შენი საქმე, რაც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი, შენ განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე“ (იოანე 17:4, 5). იესოს შეეძლო თავისი ზეციერი მამისთვის ამ სიტყვებით მიმართვა, რადგან ის წარმატებით აბარებდა ანგარიშს და მოსაწონი იყო ღვთისთვის.
8. ა) როგორ ცხადყო პავლემ, რომ საკუთარ თავზე უნდა ჩავაბაროთ ანგარიში იეჰოვა ღმერთს? ბ) რა დაგვეხმარება ღვთის მოწონების მოპოვებაში?
8 სრულყოფილი მამაკაცისგან, იესო ქრისტესგან, განსხვავებით, ჩვენ არასრულყოფილები ვართ. მიუხედავად ამისა, ვალდებულები ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ ღმერთს. მოციქულმა პავლემ თქვა: «შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან წერია: „მე ცოცხალი ვარ, — ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს» (რომაელთა 14:10–12). ამის გაკეთება რომ შევძლოთ და იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ, ჩვენი სიტყვებისა და მოქმედებების ხელმძღვანელობისთვის მან მოსიყვარულედ გვიბოძა სინდისი და თავისი ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია (რომაელთა 2:14, 15; 2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვას სულიერი საზრდოდან სრული სარგებლობა და ბიბლიით განსწავლული სინდისის მხედველობაში მიღება დაგვეხმარება ღვთის მოწონების მოპოვებაში (მათე 24:45–47). იეჰოვას სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა, სიმტკიცისა და ხელმძღვანელობის დამატებითი წყაროა. თუ სულიწმიდის ხელმძღვანელობის თანახმად ვმოქმედებთ და ბიბლიით განსწავლული სინდისის მითითებებს ყურს ვუგდებთ, ნათელვყოფთ, რომ არ ‘ვეურჩებით ღმერთს’, რომელსაც ყველაფრისთვის უნდა ჩავაბაროთ ანგარიში (1 თესალონიკელთა 4:3–8; 1 პეტრე 3:16, 21).
ერები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში
9. ვინ იყვნენ ედომელები და რა მოუვიდათ ისრაელებისადმი მოპყრობის გამო?
9 იეჰოვა პასუხს აგებინებს ერებს (იერემია 25:12–14; სოფონია 3:6, 7). განვიხილოთ მკვდარი ზღვის სამხრეთით და აკაბის ყურედან ჩრდილოეთით განლაგებული ძველი სამეფო, ედომი. ედომელები სემიტური ენების ხალხს მიეკუთვნებოდნენ და ისრაელების ახლო მონათესავეები იყვნენ. თუმცა ედომელების წინაპარი აბრაამის შვილიშვილი ესავი იყო, მათ ნება არ დართეს ისრაელებს, აღთქმული მიწისკენ მიმავალი „სამეფო გზით“ გასულიყვნენ (რიცხვნი 20:14–21). საუკუნეების განმავლობაში ისრაელისადმი ედომის მტრობა სასტიკ სიძულვილში გადაიზარდა. საბოლოოდ, ედომელებს პასუხი უნდა ეგოთ ბაბილონელების წაქეზებისთვის, რომლებმაც ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იერუსალიმი გაანადგურეს (ფსალმუნი 136:7). ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში ბაბილონელთა ჯარებმა მეფე ნაბონიდის ხელმძღვანელობით დაიპყრეს ედომი და ააოხრეს ის, როგორც იეჰოვამ განსაზღვრა (იერემია 49:20; აბდია 9–11).
10. როგორ მოექცნენ მოაბელები ისრაელებს და როგორ აგებინა ღმერთმა მოაბს პასუხი?
10 არც მოაბს დადგომია უკეთესი დღე. მოაბელთა სამეფო ედომის ჩრდილოეთით და მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა. სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, მოაბელებმა არ აღმოუჩინეს მათ სტუმართმოყვარეობა და, როგორც ჩანს, მხოლოდ გამორჩენის მიზნით უზრუნველყვეს პურითა და წყლით (მეორე რჯული 23:3, 4). ისრაელის დასაწყევლად მოაბის მეფემ, ბალაკმა, წინასწარმეტყველი ბალაამი დაიქირავა, ხოლო უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში ისრაელი მამაკაცების ჩასათრევად მოაბელი ქალები გამოიყენა (რიცხვნი 22:2–8; 25:1–9). მაგრამ ისრაელისადმი მოაბის სიძულვილი იეჰოვასთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მოაბი ბაბილონელთა ხელით გაუდაბურდა (იერემია 9:24, 25; სოფონია 2:8–11). დიახ, ღმერთმა პასუხი აგებინა მოაბს.
11. რომელ ქალაქებს დაემსგავსა მოაბელთა და ყამონელთა ქვეყნები და რას გვიჩვენებს ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღევანდელ ბოროტ სისტემასთან დაკავშირებით?
11 მხოლოდ მოაბს კი არა, ყამონელებსაც უნდა ეგოთ პასუხი ღვთის წინაშე. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“ (სოფონია 2:9). მოაბელებისა და ყამონელების ქვეყნები ისევე იქნა აოხრებული, როგორც ღვთის მიერ განადგურებული სოდომისა და გომორის ქალაქები. ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების ცნობების თანახმად, მკვლევარები აცხადებენ, რომ დანგრეული სოდომი და გომორი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სარწმუნო საბუთს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება გაშუქდეს, შეუძლია მხოლოდ განამტკიცოს ბიბლიური წინასწარმეტყველებები იმის შესახებ, რომ იეჰოვა ღმერთი დღევანდელ ბოროტ სისტემასაც მოსთხოვს ანგარიშს (2 პეტრე 3:6–12).
12. თუმცა თავისი ცოდვებისთვის ისრაელს პასუხი უნდა ეგო ღვთის წინაშე, რა იყო ნაწინასწარმეტყველები იუდეველთა მცირე ნაწილის შესახებ?
12 თუმცა იეჰოვა ყველანაირად წყალობდა ისრაელს, თავისი ცოდვებისთვის მას პასუხი უნდა ეგო ღვთის წინაშე. როცა ისრაელ ერთან იესო ქრისტე მოვიდა, უმეტესმა ნაწილმა უარყო ის. მხოლოდ მცირე ნაწილმა ირწმუნა და გაჰყვა მას. იუდეველთა ამ მცირე ნაწილისადმი პავლემ ზოგი წინასწარმეტყველება გამოიყენა, როცა წერდა: «ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასაც რომ ედრებოდეს, ნაწილი გადარჩება.“ რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივით და დავემსგავსებოდით გომორელებს“» (რომაელთა 9:27–29; ესაია 1:9; 10:22, 23). მოციქულმა მოიყვანა ელიას დროს მცხოვრები 7 000 ადამიანის მაგალითი, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე, და შემდეგ თქვა: „ასევე ახლანდელ დროშიც მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი“ (რომაელთა 11:5). ამ მცირე ნაწილს შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც პირადად იყვნენ ვალდებულნი, ანგარიში ჩაებარებინათ ღვთისთვის.
ანგარიშის ჩაბარებაზე პირადი ვალდებულების მაგალითი
13. რა მოუვიდა კაენს, როცა თავისი ძმის, აბელის, მოკვლისთვის ღმერთმა ანგარიში მოსთხოვა?
13 ბიბლიაში მრავალი შემთხვევაა იეჰოვა ღმერთისთვის ანგარიშის ჩაბარებაზე პირადი ვალდებულების შესახებ. მაგალითად, განვიხილოთ ადამის პირველშობილი ძის, კაენის, შემთხვევა. მან და მისმა ძმამ, აბელმა, მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას. აბელის მსხვერპლი მოსაწონი იყო ღვთისთვის, ხოლო კაენის — არა. როცა ძმის სასტიკი მკვლელობისთვის ღმერთმა ანგარიში მოსთხოვა, კაენმა უგულოდ უთხრა: „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ“. თავისი ცოდვისთვის კაენი გაძევებული იყო „ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“. მან გულწრფელად არ მოინანია თავისი დანაშაული, ის მხოლოდ დამსახურებულ სასჯელზე დარდობდა (დაბადება 4:3–16).
14. როგორ იყო ნაჩვენები ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულება მღვდელმთავრის, ელისა, და მისი ვაჟების შემთხვევაში?
14 ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულება აგრეთვე ნათლად არის გაშუქებული ისრაელის მღვდელმთავრის, ელის, შემთხვევაში. მისი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი, მღვდლებად მსახურობდნენ, მაგრამ „დამნაშავენი იყვნენ ადამიანებისადმი უსამართლობასა და ღვთისადმი უპატივცემლობაში და არანაირ ბოროტებას არ ერიდებოდნენ“, — ამბობს ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ეს ‘უგვანი’ მამაკაცები იეჰოვასაც არ სცნობდნენ, მკრეხელურად იქცეოდნენ და აღმაშფოთებელ უზნეობაში იყვნენ დამნაშავენი (პირველი მეფეთა 1:3; 2:12–17, 22–25). როგორც მამა და ისრაელის მღვდელმთავარი, ელი ვალდებული იყო, დაესაჯა ისინი, მაგრამ ის რბილად საყვედურობდა მათ. ‘თავისი შვილები ელიმ იეჰოვას ამჯობინა’ (პირველი მეფეთა 2:29). ელის სახლს დამსახურებული სასჯელი დაატყდა. ორივე ვაჟი მამასთან ერთად ერთ დღეს მოკვდა, ხოლო მათი სამღვდლო ხაზი, საბოლოოდ, სრულიად შეწყდა. ამგვარად, ანგარიში გასწორებული იყო (პირველი მეფეთა 3:13, 14; 4:11, 17, 18).
15. რატომ დაჯილდოვდა მეფე საულის ვაჟი იონათანი?
15 სრულიად განსხვავებული მაგალითი დაგვიტოვა მეფე საულის ვაჟმა, იონათანმა. დავითის მიერ გოლიათის მოკვლის შემდეგ ცოტა ხანში „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“ და შეკრეს მეგობრობის კავშირი (პირველი მეფეთა 18:1, 3). როგორც ჩანს, იონათანი მიხვდა, რომ ღვთის სულმა მიატოვა საული, მაგრამ ამას არ დაუსუსტებია ჭეშმარიტი თაყვანისცემისადმი მისი გულმოდგინება (პირველი მეფეთა 16:14). იონათანი არასდროს დაეჭვებულა დავითისთვის ღვთის მიერ მიცემულ ხელისუფლებაში. იონათანს ესმოდა ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება, ამიტომ, თაობებში მისი გვარტომობის გაგრძელებაზე თავდებობით იეჰოვამ დააჯილდოვა მისი პატიოსანი საქციელი (პირველი ნეშტთა 8:33–40).
ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება ქრისტიანულ კრებაში
16. ვინ იყო ტიტე და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ის კარგ ანგარიშს აბარებდა ღმერთს?
16 ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დადებითად ლაპარაკობს მრავალ მამაკაცსა და ქალზე, რომლებმაც კარგი სახელი მოიპოვეს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ბერძენი ქრისტიანი, სახელად ტიტე. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანობა მან პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მიიღო კვიპროსში. რადგან კვიპროსელი იუდეველები და პროზელიტები ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში იყვნენ, ცოტა ხანში ქრისტიანობას შეიძლება კუნძულამდე მიეღწია (საქმეები 11:19). მაგრამ ტიტე პავლეს ერთ-ერთი ერთგული თანამშრომელი აღმოჩნდა. ახალი წელთაღრიცხვით 49 წელს ის შეუერთდა პავლესა და ბარნაბას იერუსალიმისკენ მოგზაურობაში, როცა წინადაცვეთასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წყდებოდა. ტიტეს წინადაუცვეთლობამ წონა შემატა პავლეს მტკიცებებს, რომ ქრისტიანობაში ახალმოქცეულები მოსეს რჯულს არ უნდა დაქვემდებარებოდნენ (გალატელთა 2:1–3). საღვთო წერილი ადასტურებს ტიტეს შესანიშნავ მსახურებას და პავლემ ღვთის მიერ შთაგონებული წერილიც კი მისწერა მას (2 კორინთელთა 7:6; ტიტე 1:1–4). აშკარაა, რომ მიწიერი ცხოვრების ბოლომდე ტიტე შესანიშნავ ანგარიშს აბარებდა ღმერთს.
17. როგორი ანგარიში ჩააბარა ტიმოთემ და როგორ შეუძლია ამ მაგალითს, იმოქმედოს ჩვენზე?
17 ტიმოთე კიდევ ერთი გულმოდგინე პიროვნება იყო, რომელმაც იეჰოვა ღმერთს მოსაწონი ანგარიში ჩააბარა. თუმცა ტიმოთეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მან ‘წრფელი რწმენა’ გამოავლინა და პავლესთან „ერთად ემსახურებოდა სახარებას“. ამიტომაც შეეძლო მოციქულ პავლეს, ეთქვა ფილიპელი ქრისტიანებისთვის: „არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე [როგორც ტიმოთე], ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე“ (2 ტიმოთე 1:5; ფილიპელთა 2:20, 22; 1 ტიმოთე 5:23). ადამიანური სისუსტეებისა და სხვა ცდუნებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია წრფელი რწმენის გამოვლენა და ღვთისთვის მოსაწონი ანგარიშის ჩაბარება.
18. ვინ იყო ლიდია და რა სულისკვეთება გამოავლინა მან?
18 ლიდია ღვთისმოშიში ქალი იყო, რომელმაც, აშკარად, შესანიშნავი ანგარიში ჩააბარა ღმერთს. ის და მისი ოჯახის წევრები იმ პირველ ევროპელებს შორის იყვნენ, რომლებმაც ახალი წელთაღრიცხვით 50 წელს ქალაქ ფილიპეში პავლეს მოღვაწეობის შედეგად ქრისტიანობა მიიღეს. თიატირაში დაბადებული ლიდია, როგორც ჩანს, იუდეველი პროზელიტი იყო, მაგრამ ფილიპეში, შეიძლება, სულ რამდენიმე იუდეველი იყო, რომლებსაც სინაგოგაც არ ჰქონდათ. ლიდია და სხვა ერთგული ქალები მდინარესთან შეიკრიბნენ, როცა პავლე ელაპარაკებოდა. ამის შედეგად ლიდია ქრისტიანი გახდა და დაითანხმა პავლე მის თანამშრომლებთან ერთად, მასთან დარჩენილიყვნენ (საქმეები 16:12–15). სტუმართმოყვარეობა, რომელიც ლიდიამ გამოავლინა, დღემდე ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანია.
19. რომელი კეთილი საქმეებით ჩააბარა ქურციკმა შესანიშნავი ანგარიში ღმერთს?
19 ქურციკი კიდევ ერთი ქალი იყო, რომელმაც შესანიშნავად წარადგინა თავი იეჰოვა ღმერთის წინაშე. როცა ის მოკვდა, პეტრე იაფოში ჩავიდა და იქაური მოწაფეების თხოვნას მზადყოფნით გამოეხმაურა. ორმა კაცმა, რომლებიც პეტრესთან მივიდნენ, „აიყვანეს ზედათვალში. მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უკეთებდა, სანამ მათთან იყო“. ქურციკი გაცოცხლებულ იქნა. მაგრამ, მხოლოდ მისი დიდსულოვნების გამო უნდა გვახსოვდეს ის? არა. ის „მოწაფე“ იყო და, ცხადია, თვითონაც მონაწილეობდა მოწაფეების მომზადებაში. მსგავსად, დღეს მცხოვრები ქრისტიანი ქალებიც ‘სავსენი არიან კეთილი საქმეებითა და მოწყალებით’. ასევე, მათ უხარიათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება (საქმეები 9:36–42; მათე 24:14; 28:19, 20).
20. რა კითხვები შეგვიძლია, დავუსვათ საკუთარ თავს?
20 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერებმა და პიროვნებებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ უზენაეს უფალს, იეჰოვას (სოფონია 1:7). თუ ღვთისადმი მიძღვნილები ვართ, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ ვუყურებ ღვთის მიერ მოცემულ უპირატესობებსა და პასუხისმგებლობებს? როგორ ანგარიშს ვაბარებ იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს?“
-
-
დაე, მოიწონოს იეჰოვამ შენი ანგარიშისაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ოქტომბერი
-
-
დაე, მოიწონოს იეჰოვამ შენი ანგარიში
‘ამის გულისთვის გამიხსენე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო’ (ნეემია 13:22, 31).
1. რა ეხმარება იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნილებს მისთვის შესანიშნავი ანგარიშის ჩაბარებაში?
იეჰოვას მსახურებს ყველაფერი აქვთ მისთვის შესანიშნავი ანგარიშის ჩასაბარებლად. რატომ? როგორც დედამიწაზე მისი ორგანიზაციის ნაწილს, მათ ახლო ურთიერთობა აქვთ ღმერთთან. ის უმხელს თავის მსახურებს თავის მიზნებს, ეხმარება და სულიწმიდის საშუალებით სულიერ გამჭრიახობას აძლევს (ფსალმუნი 50:13; 118:105; 1 კორინთელთა 2:10–13). ამ განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით იეჰოვა მოსიყვარულედ ითხოვს თავისი მიწიერი მსახურებისგან ანგარიშს როგორც მათი პიროვნების, ასევე მისგან მიღებული ძალისა და სულიწმიდის დახმარებით შესრულებული საქმის შესახებ.
2. ა) რა მხრივ მოიპოვა ნეემიამ კარგი სახელი ღვთის წინაშე? ბ) როგორი მუდარით დაასრულა ნეემიამ თავისი სახელით წოდებული ბიბლიური წიგნი?
2 ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც ღვთის წინაშე კარგი სახელი მოიპოვა, იყო ნეემია, სპარსეთის მეფე ართახშასთას (არტაქსერქსე მხარგრძელის) ღვინისმწდე (ნეემია 2:1). ნეემია იუდეველთა განმგებელი გახდა და, მტრებისა და საშიშროების მიუხედავად, იერუსალიმის კედელი აღადგინა. ჭეშმარიტი თაყვანისცემისადმი მოშურნეობით მან წარმატებით გაატარა ღვთის რჯული ცხოვრებაში და დაჩაგრულებისადმი ზრუნვა გამოავლინა (ნეემია 5:14–19). ნეემია მოუწოდებდა ლევიანებს, რეგულარულად განწმედილიყვნენ, კარიბჭე დაეცვათ და შაბათი დღე წმინდად შეენახათ. ამიტომ, მას შეეძლო ელოცა: „ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!“ ღვთის მიერ ინსპირირებული წიგნი ნეემიამ აგრეთვე მსგავსი მუდარით დაასრულა: „ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე“ (ნეემია 13:22, 31).
3. ა) როგორ აღწერდი პიროვნებას, რომელიც სიკეთეს აკეთებს? ბ) საკუთარი თავისთვის რომელი კითხვების დასასმელად შეიძლება აღგვძრას ნეემიას ცხოვრებაზე დაფიქრებამ?
3 პიროვნება, რომელიც სიკეთეს აკეთებს, პატიოსანია და სხვების სასიკეთოდ სამართლიან საქმეებს ასრულებს. ნეემია ასეთი მამაკაცი იყო. მას ღვთისადმი მოკრძალებული შიში და ჭეშმარიტ თაყვანისცემაში დიდი მოშურნეობა ჰქონდა. გარდა ამისა, ის მადლიერი იყო ღვთისადმი მსახურებაში უპირატესობებისთვის და შესანიშნავი ანგარიში ჩააბარა იეჰოვას. მის ცხოვრებაზე დაფიქრებამ შეიძლება აღგვძრას, ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ ვუყურებ ღვთის მიერ მოცემულ უპირატესობებსა და პასუხისმგებლობებს? როგორ ანგარიშს ვაბარებ იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს საკუთარ თავზე?“
შემეცნება გვავალდებულებს, ჩავაბაროთ ანგარიში
4. რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს და რა გააკეთეს მათ, ვინც ‘საუკუნო სიცოცხლისათვის სწორად იყო განწყობილი’?
4 თავის მიმდევრებს იესომ ასეთი დავალება მისცა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ხალხი მოწაფეებად რომ გაეხადათ, უნდა ესწავლებინათ. ვინც ამგვარად ისწავლიდა და ‘საუკუნო სიცოცხლისათვის სწორად განწყობილი იქნებოდა’, იესოს მსგავსად მოინათლებოდა (საქმეები 13:48, [აქ]; მარკოზი 1:9–11). მისი ყოველი ბრძანების შესრულების სურვილი მათი გულებიდან გამომდინარე იქნებოდა. ღვთის სიტყვის ზუსტი შემეცნების მიღებითა და შესრულებით ისინი მიძღვნის საფეხურს მიაღწევდნენ (იოანე 17:3).
5, 6. როგორ უნდა გვესმოდეს იაკობის 4:17? აღწერე ამ მუხლის გამოყენება.
5 რაც უფრო ღრმავდება ჩვენი ბიბლიური შემეცნება, მით უფრო მტკიცდება ჩვენი რწმენის საფუძველი. ამავე დროს, ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულება იზრდება. იაკობის 4:17-ში ნათქვამია: „ვინც სიკეთის ქმნა იცის და არ იქმს, ეს ცოდვად ეთვლება მას“. როგორც ჩანს, ეს იმ აზრის დასკვნაა, რომელიც მანამდე ცოტა ხნით ადრე მოწაფე იაკობმა თქვა ამპარტავნობის შესახებ, რომელიც უპირისპირდება ღმერთზე სრულ დანდობას. თუ ადამიანმა იცის, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე მნიშვნელოვანს ვერაფერს ასრულებს, მაგრამ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ის ცოდავს. მაგრამ იაკობის სიტყვები შეიძლება აგრეთვე რაღაცის უგულებელყოფით გამოწვეულ ცოდვასთან იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ცხვრებსა და თხებზე იესოს იგავში თხებს ცუდი საქციელისთვის კი არ ედებათ მსჯავრი, არამედ იმისთვის, რომ ქრისტეს ძმებს არ ეხმარებიან (მათე 25:41–46).
6 ერთი მამაკაცი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიის საშინაო შესწავლას უტარებდნენ, აშკარად, იმის გამო აკეთებდა პატარა სულიერ წინსვლას, რომ სიგარეტის მოწევას ვერ წყვეტდა, თუმცა იცოდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. უხუცესმა სთხოვა, იაკობის 4:17 წაეკითხა. მუხლის არსის კომენტირების შემდეგ უხუცესმა თქვა: „თუმცა მოუნათლავი ხარ, ვალდებული ხარ, ანგარიში ჩააბარო და სრული პასუხისმგებლობა დაიკისრო შენი გადაწყვეტილებისთვის“. საბედნიეროდ, მამაკაცი გამოეხმაურა ნათქვამს, შეწყვიტა მოწევა და ცოტა ხანში მზად იყო იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად ნათლობისთვის.
ვალდებულნი ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი სამსახურისთვის
7. რა არის ‘ღვთის შემეცნებისთვის’ ჩვენი მადლიერების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება?
7 ჩვენ გულწრფელად უნდა გვსურდეს, ვასიამოვნოთ ჩვენს შემოქმედს. ‘ღვთის შემეცნებისთვის’ ჩვენი მადლიერების გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება არის მისი ძის, იესო ქრისტეს, დავალების შესრულება მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ამის საშუალებით ჩვენ სიყვარულს ვავლენთ ღვთისა და ჩვენი მოყვასისადმი (იგავნი 2:1–5; მათე 22:35–40). დიახ, ღვთის შესახებ შემეცნება გვავალდებულებს, ანგარიში ჩავაბაროთ მას და ჩვენი მოყვასი პოტენციურ მოწაფედ ჩავთვალოთ.
8. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი სამსახურისთვის პავლე ვალდებულებას გრძნობდა, ღვთისთვის ანგარიში ჩაებარებინა?
8 მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ კეთილი ცნობის გულწრფელად მიღებასა და მისადმი მორჩილებას მოაქვს გადარჩენა, მაშინ, როცა მისი უარყოფა შეიძლება დამღუპველი იყოს (2 თესალონიკელთა 1:6–8). ამიტომ ის ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებას გრძნობდა იეჰოვას წინაშე თავისი სამსახურისთვის. ფაქტიურად, თავიანთი სამსახურის დიდად დაფასების გამო პავლე და მისი თანამშრომლები იმასაც კი უფრთხილდებოდნენ, რომ ხალხს არ ეფიქრა, თითქოს თავიანთი სამსახურიდან ფინანსური მოგება ჰქონდათ. გარდა ამისა, გულმა აღძრა პავლე ასეთი სიტყვების სათქმელად: „თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ“ (1 კორინთელთა 9:11–16).
9. რა მნიშვნელოვანი ვალი აქვს გადასახდელი ყველა ქრისტიანს?
9 რადგან იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები ვართ, ‘აუცილებელი მოვალეობა გვაქვს, ვახაროთ’. ჩვენი დავალებაა, ვიქადაგოთ ცნობა სამეფოს შესახებ. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ღვთისადმი საკუთარი თავის მიძღვნის დროს მივიღეთ (შეადარე ლუკა 9:23, 24). გარდა ამისა, ჩვენ ვალი გვაქვს გადასახდელი. პავლემ თქვა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომ, რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ“ (რომაელთა 1:14, 15). პავლე მოვალე იყო, რადგან იცოდა, რომ თვითონ იყო ვალდებული, ექადაგა, რათა ხალხს გაეგო კეთილი ცნობა და გადარჩენილიყო (1 ტიმოთე 1:12–16; 2:3, 4). ამიტომ ის იღვწოდა თავისი დავალების შესასრულებლად და მოყვასის ვალის გადასახდელად. როგორც ქრისტიანებს, ჩვენც ასეთივე ვალი გვაქვს გადასახდელი. სამეფოს შესახებ ქადაგება აგრეთვე ძირითადი საშუალებაა ღვთისადმი, მისი ძისა და ჩვენი მოყვასისადმი სიყვარულის გამოსავლენად (ლუკა 10:25–28).
10. რის საშუალებით გააფართოვა ზოგიერთმა თავისი მსახურება?
10 ღვთისმოსაწონი ანგარიშის ჩასაბარებელი ერთი საშუალება ის არის, რომ მსახურების გასაფართოებლად ჩვენი უნარი გამოვიყენოთ. მაგალითად, ბოლო წლებში ბრიტანეთს მრავალი ეროვნული ჯგუფი მიაწყდა. კეთილი ცნობის ასეთ ადამიანებამდე მისატანად 800-ზე მეტი პიონერი (სამეფოს სრული დროით მქადაგებელი) და ასობით სხვა მოწმე სხვადასხვა ენებს სწავლობს. ეს მსახურებისადმი ძალიან აღმძვრელი ნაბიჯი იყო. პიონერმა დამ, რომელიც ჩინურ კლასს უძღვება, თქვა: „არასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ენას სხვა მოწმეებს ვასწავლიდი, რათა მისი საშუალებით სხვებისთვის გაეზიარებინათ ჭეშმარიტება. ეს ძალიან გამამხნევებელია!“ შეძლებდი, მსგავსად, შენი მსახურების გაფართოებას?
11. რა მოჰყვა ერთ-ერთი ქრისტიანის არაფორმალურ დამოწმებას?
11 ალბათ, თითოეული ჩვენგანი ყველანაირად შეეცდებოდა, გადაერჩინა ადამიანი, რომელიც იხრჩობა. მსგავსად, იეჰოვას მოწმეებსაც ძალიან სურთ, გამოიყენონ თავიანთი უნარი ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში დასამოწმებლად. არცთუ ისე დიდი ხნის წინ იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, და, ავტობუსში ქალს მიუჯდა და ბიბლიურ თემაზე გაესაუბრა. მოსმენილით აღელვებულმა ქალმა მრავალი კითხვა დაუსვა. როცა იეჰოვას მოწმე ავტობუსიდან ჩასვლას აპირებდა, ქალი შეევედრა, მის სახლში მისულიყო, რადგან კიდევ მრავალი კითხვა ჰქონდა. მოწმე დათანხმდა. რა მოჰყვა ამ შემთხვევას? მათ დაიწყეს ბიბლიის საშინაო შესწავლა და ექვსი თვის შემდეგ ის ქალი სამეფოს მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ცოტა ხანში ის თვითონ ატარებდა ბიბლიის ექვს საშინაო შესწავლას. რა აღმაფრთოვანებელი ჯილდოა სამეფოს მსახურებაში პირადი უნარის გამოყენებისთვის!
12. როგორც მსახურებს, როგორ შეგვიძლია სამქადაგებლო სამსახურში ჩვენი უნარის უფრო ეფექტურად გამოყენება?
12 როგორც მსახურებს, სამქადაგებლო სამსახურში ჩვენი უნარის უფრო ეფექტურად გამოყენება შეგვიძლია 192 გვერდიანი წიგნის საშუალებით, სათაურით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. 1996 წლის აპრილისთვის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტმა მოიწონა წიგნის, „შემეცნების“, გამოცემა 140-ზე მეტ ენაზე, ხოლო იმ დროისთვის უკვე გამოცემული იყო 30 500 000 ეგზემპლარი 111 ენაზე. ეს წიგნი დაიწერა ბიბლიის შემსწავლელთა დახმარების მიზნით, რათა საკმარისად შეისწავლონ ღვთის სიტყვისა და განზრახვების შესახებ, მიუძღვნან თავი იეჰოვას და მოინათლონ. რადგან სამეფოს მაუწყებლები ერთ პიროვნებასთან ბიბლიის საშინაო შესწავლას წლებს აღარ მოანდომებენ, ისინი შეძლებენ, მეტ ადამიანს ასწავლონ ან კარდაკარ და სხვა მსახურებაში მონაწილეობა გაზარდონ (საქმეები 5:42; 20:20, 21). ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების ვალდებულების შეგნებით, ისინი ღვთიურ გაფრთხილებებს ითვალისწინებენ (ეზეკიელი 33:7–9). მაგრამ მათი მთავარი მიზანია, განადიდონ იეჰოვა და, რაც შეიძლება, მრავალს დაეხმარონ, შეიცნონ კეთილი ცნობა ამ ბოროტი სისტემისთვის დარჩენილ მოკლე დროში.
ოჯახები შესანიშნავ ანგარიშს აბარებენ
13. რატომ უნდა ჰქონდეთ ღმერთზე დაიმედებულ ოჯახებს ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა?
13 თითოეული პიროვნება და ოჯახი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანობას იღებს, ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს და ამიტომ უნდა ‘ისწრაფოს სრულყოფისკენ’ და ‘მტკიცე იყოს რწმენით’ (ებრაელთა 6:1–3; 1 პეტრე 5:8, 9). მაგალითად, მათ, რომლებმაც წიგნი „შემეცნება“ შეისწავლეს და მოინათლნენ, უნდა გაიუმჯობესონ ბიბლიური შემეცნება შეხვედრებზე რეგულარული დასწრებითა და, ასევე, ბიბლიისა და სხვა ქრისტიანული პუბლიკაციების წაკითხვით. აგრეთვე ღმერთზე დაიმედებულ ოჯახებს უნდა ჰქონდეთ რეგულარული ოჯახური შესწავლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია, რომ ‘იფხიზლონ, იდგნენ რწმენაში, იყვნენ ვაჟკაცურნი და ძლიერნი’ (1 კორინთელთა 16:13). თუ ოჯახის თავი ხარ, განსაკუთრებით გადევს ვალდებულება, ანგარიში ჩააბარო ღმერთს, რადგან დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ოჯახი კარგად არის უზრუნველყოფილი სულიერი საკვებით. როგორც ნოყიერი ფიზიკური საკვები ხელს უწყობს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე აუცილებელია უხვი და რეგულარული სულიერი საკვები, თუ შენ და შენს ოჯახს გსურთ, ‘საღნი დარჩეთ რწმენაში’ (ტიტე 1:13).
14. რა გამოიწვია კარგად განსწავლული ისრაელი გოგონას დამოწმებამ?
14 ღმერთი მოიწონებს შენს ანგარიშს, თუ ბავშვებს, რომლებიც, შესაძლოა, გყავს, საღ სულიერ მითითებებს მისცემ. ასეთი სწავლება დაეხმარება მათ, როგორც იმ პატარა ისრაელ გოგონას, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველის, ელისეს, დღეებში სირიელებმა დაატყვევეს. ის სირიელთა ჯარის კეთროვანი სარდლის, ნაყამანის, ცოლის მოსამსახურე გახდა. თუმცა პატარა იყო, გოგონამ თავის ქალბატონს უთხრა: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისგან“. დამოწმების შედეგად ნაყამანი ისრაელში ჩავიდა, საბოლოოდ, შეასრულა ელისეს მითითება, შვიდჯერ განიბანა მდინარე იორდანეში და განიწმინდა კეთრისგან. გარდა ამისა, ნაყამანი იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. როგორი აღმაფრთოვანებელი უნდა ყოფილიყო ეს შემთხვევა პატარა გოგონასთვის! (მეოთხე მეფეთა 5:1–3, 13–19).
15. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა კარგი სულიერი მომზადებით უზრუნველყონ შვილები? მოიყვანე მაგალითი.
15 იოლი არ არის სატანის ძალაუფლებაში მყოფ, ზნეობას მოკლებულ ქვეყნიერებაში ღვთისმოშიში შვილების აღზრდა (1 იოანე 5:19, აქ). მაგრამ ტიმოთეს ბებია ლოისი და დედამისი ევნიკე ბავშვობიდანვე წარმატებულად ასწავლიდნენ მას საღვთო წერილს (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). შენს ბავშვებთან ბიბლიის შესწავლა, რეგულარულად ქრისტიანულ შეხვედრებზე მათი წაყვანა და, საბოლოოდ, მათთან ერთად მსახურება მომზადების ის ფორმაა, რომლისთვისაც ღმერთს უნდა ჩააბარო ანგარიში. უელსში მცხოვრები, დღეს უკვე 80 წლის ქრისტიანი და იხსენებს, რომ ოციანი წლების დასაწყისში მამამისმა თან წაიყვანა, როცა მთის გავლით ათკილომეტრიანი გზით (მთელი გზა 20 კილომეტრი) მეზობლად მდებარე ხეობის სოფელში მცხოვრებლებს შორის ბიბლიური ტრაქტატების გასავრცელებლად წავიდა. ის მადლიერებით ამბობს: „სწორედ ასეთი შემთხვევების დროს მამაჩემმა გულში ჩამინერგა ჭეშმარიტება“.
უხუცესები ანგარიშს აბარებენ — როგორ?
16, 17. ა) რა უპირატესობები ჰქონდათ სულიერად მოწიფულ უფროს მამაკაცებს ძველ ისრაელში? ბ) ძველ ისრაელთან შედარებით, რატომ მოეთხოვებათ უფრო მეტი დღევანდელ ქრისტიან უხუცესებს?
16 „დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება“, — თქვა ბრძენმა მამაკაცმა სოლომონმა (იგავნი 16:31). მაგრამ მხოლოდ ასაკი არ აღჭურავს მამაკაცს ღვთის ხალხის კრებაში პასუხისმგებლობისთვის. ძველ ისრაელში სულიერად მოწიფული უფროსი მამაკაცები მსაჯულებად და რჯულისკაცებად მსახურობდნენ, რათა მართლმსაჯულება შეესრულებინათ და მშვიდობა, წესრიგი და სულიერი სიჯანსაღე შეენარჩუნებინათ (მეორე რჯული 16:18–20). თუმცა იგივე ქრისტიანულ კრებაშიც სრულდება, ამ სისტემის აღსასრულის მოახლოებისას უხუცესებს მეტი მოეთხოვებათ. რატომ?
17 ისრაელი ‘რჩეული ხალხი’ იყო, რომელიც ღმერთმა ძველი ეგვიპტიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც თავიანთი შუამავლის, მოსეს, მეშვეობით რჯული მიიღეს, მათი შთამომავლები მიძღვნილი ერის წევრებად იბადებოდნენ და იეჰოვას მცნებები იცოდნენ (მეორე რჯული 7:6, 11). მაგრამ დღეს არავინ იბადება ასეთი მიძღვნილი ერის ნაწილად და ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობა იზრდება ღმერთზე დაიმედებულ და ბიბლიურ ჭეშმარიტებას კარგად გაცნობილ ოჯახებში. ხელმძღვანელობა, თუ როგორ იცხოვრონ ბიბლიურ პრინციპებთან შეთანხმებულად, შეიძლება განსაკუთრებით მათ დასჭირდეთ, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხანია, რაც „ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ერთგულ უხუცესებს იმ დროს, როცა ‘საღი სიტყვების ნიმუშს ეჭიდებიან’ და იეჰოვას ხალხს ეხმარებიან! (2 ტიმოთე 1:13, 14).
18. როგორი დახმარებისთვის უნდა იყვნენ მზად კრების უხუცესები და რატომ?
18 პატარა ბავშვი, რომელიც სიარულს სწავლობს, შეიძლება წაბორძიკდეს და წაიქცეს. ის გაუბედავია და მას მშობლებისგან დახმარება და დაწყნარება სჭირდება. მსგავსად ამისა, იეჰოვასადმი მიძღვნილი პიროვნება შეიძლება სულიერად წაბორძიკდეს ან დაეცეს. მოციქული პავლეც კი თვლიდა, რომ ღვთის თვალში სწორის და კეთილის გასაკეთებლად ბრძოლაა აუცილებელი (რომაელთა 7:21–25). ღვთის სამწყსოს მწყემსები მოსიყვარულედ უნდა დაეხმარონ ქრისტიანებს, რომლებმაც შესცოდეს, მაგრამ ნამდვილად ინანიებენ. უხუცესების მიერ მონახულების დროს, ერთმა მიძღვნილმა ქალმა, რომელმაც სერიოზული შეცდომა დაუშვა, თავისი მიძღვნილი მეუღლის თანდასწრებით თქვა: „ვიცი, რომ გამრიცხავთ!“ მაგრამ მას ცრემლები წამოსცვივდა, როცა გაიგო, რომ უხუცესებს აინტერესებდათ, თუ რა დახმარება სჭირდებოდა ოჯახის სულიერი აღდგენისთვის. რადგან ესმოდათ, რომ ანგარიში უნდა ჩააბარონ, უხუცესებს უხაროდათ, დახმარებოდნენ მომნანიებელ თანამორწმუნეს (ებრაელთა 13:17).
განაგრძე კარგი ანგარიშის ჩაბარება
19. როგორ შეგვიძლია განვაგრძოთ ღვთისთვის კარგი ანგარიშის ჩაბარება?
19 კრების უხუცესები და ღვთის სხვა მსახურები უნდა განაგრძობდნენ იეჰოვასთვის კარგი ანგარიშის ჩაბარებას. ეს შესაძლებელია, თუ ღვთის სიტყვას მივყვებით და მის ნებას ვასრულებთ (იგავნი 3:5, 6; რომაელთა 12:1, 2, 9). სიკეთის გაკეთება ჩვენ გვსურს განსაკუთრებით მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია (გალატელთა 6:10). მაგრამ სამკალი ჯერ კიდევ ბევრია, მუშაკნი კი კვლავ — ცოტა (მათე 9:37, 38). ამიტომ, მოდი, სამეფოს შესახებ ცნობის გულმოდგინედ გამოცხადებით სიკეთე გავაკეთოთ სხვებისთვის. იეჰოვა მოიწონებს ჩვენს ანგარიშს, თუ მიძღვნის თანახმად ვიცხოვრებთ, მის ნებას შევასრულებთ და ერთგულად გამოვაცხადებთ კეთილ ცნობას.
20. რას ვსწავლობთ, როცა ნეემიას ცხოვრებას ვუფიქრდებით?
20 ამიტომ, მოდი, მუდამ ვიუხვოთ უფლის საქმეში (1 კორინთელთა 15:58). და კარგი იქნება, თუ ჩავუფიქრდებით ნეემიას მაგალითს, რომელმაც იერუსალიმის კედელი აღადგინა, ღვთის რჯული გაატარა ცხოვრებაში და ჭეშმარიტ თაყვანისცემას მოშურნედ შეუწყო ხელი. ის ლოცულობდა, რომ იეჰოვა ღმერთს გაეხსენებინა ის, მისი კეთილი საქმეებისთვის. დაე, ასეთივე მიძღვნილი აღმოჩნდე იეჰოვასადმი, დაე, მოიწონოს იეჰოვამ შენი ანგარიში.
-